სხვადასხვა

გილოცავ, სოსო! (დაბადების დღის მილოცვა საკუთარ თავს)


გამარჯობა, მეგობარო!
რა გითხრა? ან რა შეიძლება ითქვას?
არაფერი, და მგონი, ყველაფერი…
რამდენი წელი გავიდა, რაც გიცნობ, რაც ვიცნობთ ერთმანეთს…
ვმეგობრობთ, ვკამათობთ, ვერ ვძლებთ ერთმანეთის გარეშე, ვმტრობთ ერთმანეთს და ყველაფერს ფიქრების ქაოსად ვაქცევთ… ხანდახან დიდ საქმეებსაც ვაკეთებთ. ვაოცებთ სამყაროს, სპექტაკლებში ვაცხოვრებთ ადამიანებს და საკუთარ თავებს… მერე ყველაფერს ვაგდებთ, მერე უეცრად ჩნდება ჩავარდნები, მერე უცებ დავკარგავთ საერთო ენას, კავშირს გარშემომყოფებთან, უზენაესთან…
ალბათ, არავის ისე ხშირად არ მოულოცავს შენთვის დაბადების დღე, როგორც მე. ალბათ, არავინ არ შეხვედრია შენთან ერთად ამ დღეს ისე ხშირად, პირისპირ, მარტოობაში, როგორც მე… არავის მიუღიხარ და არ უარყვიხარ ისე მონდომებით, როგორც მე.
დიახ… მე ვიცოდი ყველა შენი ცოდვა, შენი სისუსტე და შენი მარტოსულობა, ყველა შენი ღირსება, სიხარული და იმედი, მიზანი და ოცნება. მე ვხედავდი, როგორ იზრდებოდი, როგორ ეცემოდი, როგორც გქოლავდნენ, როგორ ლახავდი ღალატის ტკივილებს, ზიზღს და უარყოფის საშინელებას… ვხედავდი, როგორ ცდილობდი საუკეთესო უფრო მეტად უკეთესი გამხდარიყავი. ვხედავდი, როგორ გამოხვედი 90-იანებიდან, როგორ გამოხვედი 2000-ანებიდან და ვხედავ, როგორ მიათრევ ზურგით 2010-ანების ამაოებას.
სწორედ მე ვარ მოწმე იმის, როგორ განაგრძობდი გზას მაშინ, როდესაც შენი არავის აღარ სჯეროდა. დიახ, ჩემო მეგობარო… მრავალი რამ, რასაც ვგეგმავდით, არ გამოვიდა. ბევრმა რამემ უბრალოდ აზრი და ფასეულობა დაკარგა, ბევრი რამ გამოცანად და თავისებურად მოტივადაც დარჩა…
დღეს მრავალი ადამიანი რაღაცას გისურვებს; ჯანმრთელობას, სიყვარულს, ხვავს, ბარაქას, მადლს, მრავალ შენაძენს, ფულს, მშვიდობას, ღიმილებს…
ვიღაც გამოგიგზავნის მოსალოც-ფოტოს, ვიღაც ფორმალურად ორიდე სტრიქონს გაღირსებს, ვიღაც მოახერხებს და მართლა გულით, თბილად მოგწერს. ზოგი გამოგიგზავნის სმს-ს, უკვე ძველმოდურად, ვიღაც გაგიხსენებს, მაგრამ საერთოდ არაფერს მოგწერს… ვიღაც სიტყვასიტყვით დაიმორცხვებს, ვიღაც გაგიხსენებს ცრემლით და მიხვდება, რომ შენი დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია… იქნება ისეთი, ვინც მთელი დღის განმავლობაში მოგიგონებს, ხოლო ვიღაცას, ვინც დიდხანს ელოდა ამ დღეს, სულ მცირე რაღაც დააკლდება, რომ შეგეხმიანოს და აღიაროს თავისი განცდები.
მთელი დღის განმავლობაში შენ მიიღებ სხვადასხვა მილოცვებს, გაიცინებ მრავალჯერ. შეტყობინებების კითხვისას დაინახავ, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ შეუძლიათ გრძნობა და ამ გრძნობების გადმოცემა. შენ გააცნობიერებ, რომ არც ისე ამაოდ გიცხოვრია; ან იქნება სრულიადაც ამაოდ, რადგან აღმოაჩენ, რომ ადამიანები ვიღაც სულ სხვა პიროვნებას ულოცავენ ამ ზეიმს, ისეთს, ვისაც ისინი შენში ხედავენ ან სურთ დაინახონ…
შენ დატკბები ადამიანების ყურადღებით, იქნები ბედნიერი და ჩამტკბარი თუნდაც რამდენიმე საათის განმვლობაში. და სადღაც გულის კუნჭულში შენთვის შენიშნავ, რომ ბედნიერად ყოფნა განსაკუთრებული მიღწევების გარეშეც შეიძლება…
გიცნობ რა ყველა დანარჩენზე უფრო უკეთესად, და ვაცნობიერებ, რომ შენი ბედნიერება, სიკეთე და კარგად ყოფნა ძირითადად ჩემზეა დამოკიდებული, პირველ რიგში მინდა გისურვო უდიდესი ცხოვრებისეული შთაგონება… დიახ, შთაგონება, ჩემო კარგო! მის გარეშე ხომ არაფერი ადამიანური არ არსებობს. ამ სურვილზე შეიძლებოდა მთელი ეს წერილიც დაგვესრულებინა, რადგან შთაგონება ეს როგორც სულია უფლისა, სული, რომელსაც იგი ადამიანს შთაბერს და ამ ჩანაბერით მთელ ყოფას ატანინებს.
მე ვკისრულობ ვალდებულებას ვმართო შენი ცხოვრება, ყოველთვის ვმართო იგი შენთან შეთანხმებულად და მშვიდობით.
მე ვკისრულობ ვალდებულებას ყოველთვის ვხედავდე, მესმოდეს და ვიაზრებდე იმ უზარმაზარ რესურსებს, რომლებიც შენთვის იხსნება, ყოველთვის ვიყენებდა მათ შენი ინტერესების სასიკეთოდ, რომ მომავალში ტკივილი, სინანული და იმედგაცრუება უმცირესი იყოს, ხოლო ყოველი წამი იყოს გასხივოსნება და არა არ-ყოფნაში დაშვება.
მე ვკისრულობ ვალდებულებას ყოველ ნაბიჯზე შეგიქმნა სტიმულები, ყოველთვის ხელს გიწყობდე და წინსვლისაკენ გიბიძგებდე, გატკბობდე პროცესით და გარდასახვის სიხარულით.
მე ვკისრულობ ვალდებულებას შეგიქმნა მრავლად სიკეთე, აგავსო მადლით, რომელიც წმენდს სულს.
მე ვკისრულობ ვალდებულებას მიყვარდეს ჩემი, ჩვენი სამყარო – შენი აზრები, შენი გზები, შენი შეცდომები, შენი მარტოობა, სისუსტე თუ ძალა…
ყველაფერთან ერთად მინდა გისურვო სულის ყველაზე მცირე ნაწილაკით მიისწრაფვოდე სინათლისაკენ, ყოველთვის აღწევდე თავს იმ სიბნელეს, რომლითაც აღივსო წუთისოფელი.
გპირდები უფრო ხშირად გისმინო შენ, ბუნებას, ვარსკვლავებს, მზეს და ქარს…
გპირდები უფრო მეტი ვიმოგზაურო, გაცილებით მეტად ვიცხოვრო ჩემი სიყმაწვილით, ახალგაზრდობით, მწამდეს იმის, რამაც აქამდე მომიყვანა, უფრო მეტად ვენდობოდე ცხოვრებისეულ გზებს და ყოველთვის მეტი ვაკეთო, ვიდრე შემიძლია და ვიდრე წარმომიდგენია.
მე ვკისრულობ ვალდებულებას ყოველთვის ვიცხოვრო ჩემი ინტუიციით, ვაცნობიერებდე ყველგან და ყველაფერში ჩემი პიროვნების მასშტაბს, უფრო მწამდეს ჩემი გრძნობების, ვიდრე მოვლენების, უფრო მეტად მივდევდე თავისუფლების იდეალს, ვიდრე საზოგადოებისათვის თავის მოწონებას.
მე გპირდები გავუღიმო ჩემთვის ნათქვამ უარებს, ვუშვებდე გარეთ სულის სილამაზეს და ვუშვებდე შიგნით სამყაროს სილამაზეს, მიხაროდეს წვრილმანები, ახალი ადამიანები, შეხვედრები და შესაძლებლობები, ვასწავლიდე და ვსწავლობდე ყველასგან.
და როდესაც თუნდაც მცირედს ამ ყველაფრიდან განვახორციელებ, ნატვრის საჭიროებაც გაქრება – რადგან ყველაფერი უბრალოდ იქნება.
გილოცავ, ჩემო ყველაზე ძვირფასო ადამიანო, დაბადების დღეს!
დაე იგი ნამდვილად დასაწყისი იყოს…
ახალი სიცოცხლის! სიცოცხლის საზღვრების გარეშე!

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

კატეგორიები

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 6,023 other subscribers

  • 283,686 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“ქართული” (რგოლი, 2018)

“ნეტავ” (კლიპი, 2018)

“წლები და გზები” (კლიპი, 2018)

“გაუღე ეგ გულის კარები სიყვარულს” (კლიპი, 2018)

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: graporapo@gmail.com;
Skype: ronini2375