ჩინეთიდან

რას ვფიქრობთ ჩინელების შესახებ


ჩინელების გარემოცვაში ყოფნამ, მით უმეტეს, მათ დედაქალაქში ცხოვრებამ შეიძლება უნებლიეთ უამრავი სტერეოტიპის წინაშე პირისპირ დაგაყენოს. სტერეოტიპიც ხომ სწორედ იმით არის სტერეოტიპი, რომ მასზე შეგიძლია ხანგრძლივად, ისე უბრალოდ, უქმად ყოფნისას თუ რიტორიკისათვის, ილაყბო და იმჭევრმეტყველო, ლამის ფილოსოფიური პრეპარირებაც კი მოახდინო. თუმცა საკმარისია ვინმე ან რაიმე, ოდნავ ან ირიბად, შენს შეხედულებებს შეეხოს, მაშინ მყისიერ აილეწები და აალდები, აბრიალდები და ცეცხლისმფრქვეველ ურჩხულად გადაიქცევი. ამიტომ სწორედაც რომ უცხო ქვეყანაში საინტერესო ხდება არა მხოლოდ უცხოტომელების (ამ შემთხვევაში ჩინელების) შესახებ ინდივიდის ეროვნულ ცნობიერებაში არსებული სტერეოტიპების გადამოწმება, არამედ პირადი (კერძოდ კი ჩვენი, „ქართული“) სტერეოტიპების გამოაშკარავება, მზის შუქზე გამოტანა, სიტყვასიტყვით გამოთრევა და მათ თვალებში ჩახედვა. ყველაზე უფრო მეტად იმ სტერეოტიპების ალაგებაა საჭირო, რომლებიც შენსავე ქვეყანაში ადამიანური ცხოვრებით ცხოვრებაში გიშლის ხელს.

მე პირადად ქართული ყოფის სტერეოტიპები გულ-მკერდში დამკვიდრებული ფიზიკური სიმძიმის, “შავი ქვის” სახით წარმომიდგენია. საქართველო და ქვეყანა ჩვენი – ერთი დიდი დარდის ლოდია, რომელიც გულზე და ჯიგარზე დაგვდებია. ამ ლოდს ჩემებრ ბევრისთვის ნაცნობი სახელი ჰქვია: „ეს შეუძლებელია“. – რა არის შეუძლებელი ქართველი ადამიანისათვის? (თქვენ მკითხეთ, ხო?) შეუძლებელია დამოუკიდებელი არსებობა, თემის მიერ თითების ქნევისა და ხელების სულში ფათურის გარეშე, შეუძლებელია თავისუფლება, აფრენა, სახელმწიფოებრივი კეთილდღეობა, შეუძლებელია ხანგრძლივი საზოგადოებრივი სტაბილურობა, მტრისათვის საკადრისი პასუხის გაცემა, შეუძლებელია ლიდერობა, სანამდე ცოცხალი ხარ და ა. შ.

ახლა, როცა აქ, ჩინეთში ვარ, ეს სულისმხუთავი “ქვა” თითქოს ცოტა მსუბუქი გახდა, რადგან „შეუძლებელზე“ ნაკლებს ვფიქრობ; უფრო მეტად ადგილობრივი სიმშვიდით ვივსები. და ამიტომ მოდით ისევ „ჯონ-გუო“-ს (როგორც ეძახიან თავიანთ ქვეყანას ჩინელები) დავუბრუნდეთ. პირველი სტერეოტიპი, რომელიც ჩინელების შესახებ სახალხოდაა დამკვიდრებული, თითქოს სტერეოტიპიც არაა. ეს არის ამოსავალი საბაზო განზოგადება, რომ ეროვნება მის მატარებელ ადამიანებს გარკვეულ საერთო სახასიათო ნიშან-თვისებებს ანიჭებს და ატყობს. ამ შემთხვევაში, ადამიანები, ალბათ, ყველაზე უფრო დიდ შეცდომას ვუშვებთ. ისევე, როგორც ძნელი და არასასურველია, “ერთ ტაფაში” ყველა ქართველის თავმოყრა და ერის ერთ ინდივიდად გაპიროვნება (მგონი ხშირად გვსმენია აზრები, რომ ქართველები მექრთამეები, მებრძოლები, ზარმაცები, მოღალატეები, მომღერლები, უგონიერესები და ა. შ. ვართ), ამდენადვე მართებული ვერ იქნება, ჩინელებზე მსჯელობა ისე, თითქოს ერთ კონკრეტულ ადამიანს ვახასიათებდეთ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მსოფლიო მასშტაბით ერთ ქართველზე მინიმუმ 350 ჩინელი მაინც მოდის. უეჭველია, რომ ჩინელები ჩვენგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, და, რა თქმა უნდა, ისინი ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგანაც. ჩინელები არიან მაღლები, დაბლები, საშუალო სიმაღლის და წონის, მსუქნები და გამხდრები, სათვალიანი და ლინზიანები, ახლომხედველები და შორსმხედველები, მეგობრულები და აგრესიულები, მიბრტყელებულსახიანები და კვერცხისთავიანები, გონიერები და ლამაზები, დარდიანები და მხიარულები, თაღლითები და პატიოსნები, მაოისტები და პროგრესულები, მაფიოზები და მარტოსულები და სხვა. აღსანიშნავია, რომ მათ ისევე უჭირთ ჩვენი, ევროპეიდების, სახეების გარჩევა, როგორც ჩვენ – მათი. ჩინელებს ისევე უყვართ ცხოველები, როგორც მრავალ ჩვენგანს. ჩემდა გასაკვირად პეკინის ქუჩებში ხშირად შეხვდებით მოქალაქეებს, რომლებიც მომცრო ზომის ძაღლებს/ლეკვებს ასეირნებენ. გუშინ, მაგალითად, პარკში, უსაყვარლესი სცენის მოწმე გავხდი, როდესაც ორი ქალბატონი კატების გუნდს სპეციალურად მათთვის მოტანილ საკვებს აჭმევდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთობ ეწინააღმდეგება სტერეოტიპს, რომ ჩინელები ყველანაირ შინაურ ცხოველებს ჭამენ. კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელიც დაუფიქრებლად შეიძლება გაგვახსენდეს ჩინეთში სტუმრობისას, ეს არის ევროპეიდის მენტალური უპირატესობა, ანუ ის, რომ ევროპეიდი ინტელექტუალურად აღემატება მონღოლოიდს, არის უფრო კრეატიული, მცდელი, პრაგმატული და რაციონალური. რა თქმა უნდა, უბრალო ჩინელი, რომელსაც არ აქვს წვდომა მსოფლიო მენტალურ „ქსელზე“, ცოტა დაჩაგრულად გრძნობს თავს თეთრკანიან, შედარებით მაღალი რანგის მქონე სტუმრის წინაშე. ამაში კი განსაკუთრებული წვლილი მაოიზმს, ძენ-ბუდიზმს, დაოიზმს და კონფუციანელობასაც შეაქვს. კულტურული დუღაბით გამყარებული ეს იდეოლოგიური მოძღვრებები უბრალო ჩინელს ემოციური თვითგამოხატვის რეგულარულ მართვას სთხოვენ. მკაცრი ასაკობრივი და თანამდებობრივი იერარქიები, სოციალური მორჩილების ინსტიტუტი, დათმენისა და უშფოთველობის იდეების დომინირება, აკნინებს მოსახლეობის ემოციებს და მნიშვნელოვნად აისახება მრავალი მოქალაქის პიროვნული თავისუფლების ხარისხზე. რა თქმა უნდა, დღესდღეობით საშუალო ანგლო-საქსი თავს დედამიწის მეპატრონედ გრძნობს და ყოველთვის ცდილობს ჩინელს ადგილი მიუჩინოს. თუმცა არის ერთი განსაკუთრებული რაღაც, რაც ჩინეთში ყოფნის დროს გამუდმებულად იგრძნობა – ესაა უმძლავრესი კოლექტიური არაცნობიერის ძალა. ჩინეთი ხომ უზარმაზარი ჭიანჭველეთია, სადაც ყველას აქვს მიჩენილი საკუთარი ფუნქცია, თუმცა საზოგადოდ თითოეული “ჭიანჭველი” უდიდესი ეროვნული და ზე-ეროვნული მისიის რეალიზებას ემსახურება. თუკი  „ჭიანჭველეთი“ რაიმე სახით საფრთხეს იგრძნობს, იგი შეიძლება მყისიერად დრაკონების სამეფოდ გადაიქცეს. ჩინელების თავდაჭერილობაც ხომ ხშირად დიდი კედლის მიღმა ყრუდ მგრგვინავ, მხვრინავ და მიძინებულ ვულკანს წააგავს. ამიტომ აქაც იბადება კითხვა – ვინ უფრო უპირატესია? ის, ვინც ახლა ბატონობს დედამიწაზე, თუ ის, ვინც შრომისა და ბრძოლისათვისაა შექმნილი, ფაქტიურად „გამოყვანილია“ მუშად, დამცველად, და ყოველთვის მზადაა „დედა-ჭიანჭველას“ რევოლუციურ მოწოდებას უსწრაფესად ხორცი შეასხას?

და ბოლოს, აუცილებლად მინდა შევეხო კიდევ ერთ სახასიათო სტერეოტიპს ჩინელების თაობაზე. ეს არის მოსაზრება, რომ ჩინელები ვაჭარი, ვაჭრუკანა ხალხია. მოგეხსენებათ, რომ აზიის ეს წამყვანი ქვეყანა თავიდან ბოლომდე დესპოტური მენტალობით არის გაჟღენთილი (რა შეიძლება ითქვას, თუნდაც ყველაზე წარმატებული ინტერნეტ-პროექტების, ფეისბუქის, იუთუბის, გუგლის, დაბლოკვაზე?!). შესაბამისად, აქ, ამ გეოეთნოარეალში საქმიანი და ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკების პროცესი რამის წმინდა და საკრალურ პროცესად იქცევა ხოლმე. ადამიანური კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროები (სიყვარული, უბრალო საუბარი, სექსი, გაყიდვები, ვაჭრობა, პიარი, სწავლა და ა. შ.) ემყარება კონსერვატიზმს, რიტუალებს, გრძელ, გაწელილ და მაღალფარდოვან სიტყვებს, განმარტებებს, წვრილმანებში შეჭრას. ამის თვალსაჩინო მაგალითია, ვაჭრობის პროცესი კომერციით დაკავებულ ჩინელთან (ტურისტები ამბობენ კიდეც, რომ პეკინში ყოფნისას აუცილებლად უნდა გასინჯო პეკინური იხვი, ნახო იმპერატორის სასახლე და ესტუმრო Yashow-ს ბაზრობას!). თუ, ვთქვათ, საქართველოში, ბაზრობაზე მომუშავე გამყიდველი გისახელებს საქონლის საწყის ფასს, შენ ავტომატურად ვარაუდობ, რომ საბოლოო გასაყიდი ფასი დასახელებულზე არაუმეტეს 25-30 %-ით ნაკლები თუ იქნება. შესაბამისად, ვაჭრობის პროცესიც ამდაგვარია – სწრაფი, პრაგმატული, რაციონალური და უფრო მეტად დაპირისპირებას ჰგავს. შენ ევაჭრები კონკრეტულად, ხისტად, წვრილმან თანხებზე, სათითაო თეთრისათვის და, ასე ვთქვათ, გიწევს რამდენიმე „უბანზე“ ტაქტიკური შეხლა-შემოხლა: რაღაცას „უაისნებ“, „უწუნებ“, „ანამუსებ“, „ემუქრები“ და ა. შ. (без названия)ჩინელების შემთხვევაში, ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც მათ კულტურაში. ისევე, როგორც ცისქვეშეთი დრაკონებს, ნახევრადლომებს, ვეფხვებს, გოლიათებს და სხვადასხვა უცნაურ არსებებს ეკუთვნის, ზუსტად ასევე ჩინელი გამყიდველი თავიდანვე საკუთარი მსოფლმხედველობის მითოსის ხიბლში გხვევს და გითრევს. დასაწყისში გასაყიდ საქონელს იგი რამდენიმეჯერ მაღალ თანხად გიფასებს, ბოლოს კი, შესაბამისი შევაჭრების შედეგად, საწყის ღირებულებას შესაძლებელია სამასი, ოთხასი, ხუთასი და ხან მეტი პროცენტიც კი მოაკლოს (ვთქვათ, ყიდულობთ “ბოტასებს”, გამყიდველი გეუბნება 1000 იუანს დასასრულს კი 150-მდე (!) ჩამოდიან!). საინტერესოა, რომ ვაჭრობის ეს პროცესი, თუ დააკვირდები (და “მასპინძელს” აჰყვები), უფრო მეტად რაღაც თეატრალიზებულ წარმოდგენას, შოუს წააგავს. ჩინელი გამყიდველი, როგორც წესი, ქალი, მაქსიმალურად იყენებს პლასტიკას, მიმიკის მთელ არსენალს, ღიმილს, მოძრაობებს, ბავშვივით ოხუნჯობს, გეთამაშება, ხშირად გეხება, გეალერსება, ან ზურგში გირტყამს, ხან შუბლზე ხელს გადებს (დე „სიცხე ხომ არ გაქვს?!“-ო), მკლავზე გეჭიდება, გებღაუჭება. რასაკვირველია, მას შეუძლია, ეს პროცესი ყოვლად პრაგმატულადაც აწარმოოს, ვთქვათ, თავიდანვე დაგისახელოს საბოლოო, მისთვის დასაშვები ფასი. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ჩინელების ვაჭრობის კულტურაში იმდენად ძვალ-რბილშია გამჯდარი ეს პრანჭვა-გრეხვა („არა-არა, „ჩემი ბოსი მომკლავს“, „შენ მითხარ ბოლო ფასი“, „ისე 1000, მაგრამ მხოლოდ შენთვის – 600“, „შენც მოუმატე ცოტა, მე ხომ დაგიკელი?!“, „შენ ცუდი ბიჭი/გოგო ხარ“, “ეს არ არის სამართლიანი!” და ა. შ.), რომ ხშირად ეს ყველაფერი თითქმის გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. გასაგებია, რომ ერთის მხრივ, შეიძლება არსებობდეს გარკვეული შანსი, რომ სტუმარს ეს ტრადიციული სავაჭრო სპექტაკლი, ამდენი “გამიშვი-დამიჭი” მოსწყინდეს და იგი მაღალ ფასსაც დათანხმდეს (რაც დღეს, ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, ნაკლებ სავარაუდოა). მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ჩინელებს, სწორედაც რომ მათი ბუნებიდან გამომდინარე, ეს სავაჭრო რიტუალი მოსწონთ. უფრო მეტიც – მათ ამ რიტუალზე აბოდებთ. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ჩინელი გამყიდველები უბრალოდ ვერ იტანენ რაციონალურ და ზუსტ მიმართვებს და მოლაპარაკებებს ფასის შესახებ („ბოლო ფასი ესაა და მორჩა! კარგი მაშინ წავედი!“). ნებისმიერი ბაზრობაზე (ჩვენებურად “სავაჭრო ცენტრში”) მომუშავე თითოეული ადამიანი ვაჭრობს და გევაჭრება. მისთვის ვაჭრობა არის თამაში, ფლირტი, სცენა, მოძრაობა, ემოციების გამოთავისუფლების შესაძლებლობა, რასაც იგი რეალობაში მენტალობის, კულტურის, იდეოლოგიური და რელიგიური წნეხის გამო თითქმის ვერ ახერხებს. როგორც ჩანს, ვაჭრობასა და მოლაპარაკებაში ეს ჩინელები (და ვფიქრობ, ძმანი მათნიც) ყველაზე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. ყოვლად გაზვიადებული საწყისი ფასები, რიტუალამდე მისული თანდათანობითი კომპრომისები, მოჩვენებითი შეუვალობა და სახალისო შევაჭრების პროცედურები (გამყიდველის კალკულატორზე მიმდინარე რიცხვითი დუელი ჯიხვის კლდეში დაშვებას მოგაგონებთ!), ვითომ ჩაყოლა, და საბოლოოდ „მოიგე-მოვიგე“ შედეგის დამკვიდრება, კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს ჩინელების უცნაურ, იდუმალ და განსხვავებულ ბუნებას, ადამიანური ყოფაქცევის მართვის ტექნოლოგიის ღრმა ცოდნას.

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 153,604 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: