მოთხრობების ციკლი "მგონი, დავიღალე"

პარანოიდალური ბოდვა


„…თუნდაც იმიტომ, რომ პარანოიკი ხარ,
ნუ იფიქრებ, რომ არ გითვალთვალებენ!..“
პარანოია
„ნირვანა“, „ტერიტორიის მონიშვნა ძაღლურად“

პარანოია

paranoiaგურამი, საშუალო ასაკის, მოხდენილი გარეგნობის და უზომოდ დარდიანი გამომეტყველების მამაკაცი, თავჩაქინდრული იჯდა ღვაწლმოსილი ფსიქიატრის, გელა ფარნაოზიშვილის, კაბინეტში და ყოვლად აღელვებული ჯერ თითებში კალმისტარს ატრიალებდა, მერე ერთლარიანი მონეტის წიბოს სკამის ფეხს უკაკუნებდა, მერე თავს უპაუზოდ აკანტურებდა, თითქოს შუბლით რაღაც წარმოსახვითი ზღუდის გარღვევას აპირებდა.
– თუნდაც მქონდეს, ექიმო, და რა გიკვირთ? ამ ქვეყანაში… ამ ქვე-ყა-ნაში! გიკვირთ, რომ ადამიანს პარანოიდალური სინდრომი სჭირდეს?
– მისმინეთ, გურამ. ეს სახუმარო ამბავი არ არის… – შეაწყვეტინა გურამს ფარნაოზიშვილმა. – თქვენვე დაგღლით ეს ავადმყოფობა… გადაგიყოლებთ! ამ დროს ადამიანს, წესისამებრ უსაფუძვლოდ, ჰგონია, რომ მას სდევნიან, მასზე ნადირობენ, ებრძვიან; „ვიღაცეები“, „მტრები“, საიდუმლო ორგანიზაციები უთვალთვალებენ, აკვირდებიან, უწყობენ, ამასხარავებენ, შეითქმებიან და დასცინიან, ყველანაირად სარგებლობენ მისი რესურსებით. ყოფილა შემთხვევები, რომ პაციენტის მონაყოლი შეიძლება იმდენად რეალური გეგონოს, რომ ვერც განასხვაო სიმართლისაგან… და ყოფილა შემთხვევები, როდესაც პაციენტის ეჭვები გამართლებულა…
– მეც ეგ მინდოდა მეთქვა, ექიმო. აი ჰემინგუეი ავიღოთ! სულ აცხადებდა, გაჰყვიროდა, რომ უსმენდნენ, მერე თავი მოიკლა… მანამდეც ხომ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა! ყველა ხომ გაიძახოდა გაგიჟდაო?! და ახლა-ღა აღიარა „ეფბიაიმ“, რომ მართლა მიმდინარეობდა მოსმენებიო! კარგით-რა, ექიმო! – ცხარობდა გურამი.
ადამიანი და შემთხვევა ვერ ვნახე სუფთა მოტივებით! ვერ ვნახე! – წამიერი პაუზის შემდეგ პათოსით განაგრძო გურამმა. – თქვენც ხომ ძალიან კარგად იცით, რომ ცხოვრება სწორედაც რომ ბოდვაა?! ავადმყოფის… არა ავადმყოფის კი არა, სწორედ რომ ანგელოზის ბოდვაა…
დამცინეთ, გამამტყუნეთ – მაგრამ ყველა მე მიჩალიჩებს, ბატონო გელა, მეეე!
საერთოდაც ადამიანები… ყველა ხომ ტყუილზე ჩალიჩობს, ექიმო?! ფროიდი იყო თუ ვინ ამბობდა, რომ ადამიანის თქმული ყველაფერი ტყუილია, ტყუილი! თქვენ ამდენი პაციენტის მამა-მარჩენალი, ვერ ხედავთ განა, რომ ასეა?
შეთქმულების თეორიისაც მჯერა! რატომ არ უნდა მჯეროდეს?! აბა რის მჯეროდეს? აბა რის დავიჯერო, ბატონო გელა? იმის, რომ სიკეთე იმარჯვებს?! იმის, რომ შეიძლება სკოლა დაამთავრო… და „სწავლა, სწავლა, სწავლა“… იმ შეთითხნილი ბელადის ყალბი ლოზუნგის მიხედვით შენი ხალხი სათაყვანო ადგილზე მიგაბრძანებს? კარგით რაა! ჩვენმა ხალხმა ყველაზე მეტი სასაფლაოში ჩაგაბრძანოს ზარ-ზეიმით. ნუ დაივიწყებთ, რომ ეს ის ხალხია, ექიმო, რომელმაც „ერის მამა“ ძაღლურად მიასაკლავა, თავის „პოეტ-მგოსანს“ ვალებში ამოხადა სული, და… არ დაგავიწყდეთ ამ ერის „სულირების წყარომ“ (ვაჟას ვგულისხმობ), მთელი ცხოვრება სადღაც ტყე-ღრეში გაატარა. ასეთი ხალხის მჯეროდეს? რამე შეიცვალა?! არაფერი შეცვლილა, ბატონო გელა!.. ან ეს რა თემაა, საერთოდ?!..
თამამად დამიძახეთ გიჟი, თუნდაც თქვენ, ბატონო გელა! მე ვგიჟდები, კი, მერე რა?!
დაე გავგიჟდე! დაე გავგიჟდე! მირჩევია, ექიმო!
მარა, ხომ უკვე გითხარით, რაც უფრო ეჭვი შევიტანე ყველაფერში – მით უფრო მეტი სიმწარე ვნახე! კი არ ვნახე, და-ვი-ნახე!
და სიმწარე კი არა, სიმართლე დავინახე, ექიმო, ჭეშმარიტება!
…სიმწარე და სიმართლე ერთი და იგივე ყოფილა…
რაც უფრო ეჭვი შევიტანე, აღმოჩნდა, რომ მით მეტად ვწვდები სიმართლეს. ანუ იმას, რომ ყველაფერი კულისებში ხდება, საბნის ქვეეეშ ხდებაააა; სადღაც, სადღაც, სადღაც და არა იქ, სადაც უნდა ხდებოდეს. არაადამიანურად ხდება ეს ყველაფერი, პროფესორო! არაადამიანურად იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანები ადამიანები არ არიან. ადამიანები ადამიანები არასოდეს ყოფილან და ესე იყო დასაბამიდან. (ნიცშე გაიხსენეთ. „სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი – აი ადამიანის ისტორია!“) არა-ადამიანურად ნიშნავს „არა ისე“, როგორც გვეუბნებიან და გვიქადაგებენ, რომ „უნდა იყოს“ და „არიან“.
ეჭვიანობის მანია მაქვს? უნდობლობის? ჰმ! მერე რა? დაე იყოს… თუნდაც ასე…
გურამი ერთ წუთს შეყოვნდა. მისი ემოციები თითქოს რაღაც სამიზნეს ეძებდნენ.
– მე ყველაფერს ეჭვქვეშ ვაყენებ! ადამიანების ერთგულებას, ადამიანების პატიოსნებას. ყველას, უკლებლივ! არავინ გაბედოს და თქვას, „ერთი ბინძური ღორის გამო…“ და რაღაც ამის მსგავსი!.. აი ეს დაყოფა „ღორებად“ და „პატიოსნებად“ ერთ-ერთი მახეა, ბატონო გელა, მახე. სად არიან პატიოსნები, ბატონო გელა?! კარგით რააა! არიან? თქვენც ხომ იცით, რომ არ არიან და ეს მირაჟია? ალბათ, ათასი ნაძირალა მოდის აქ, თვენს კაბინეტში, ჯდება ამავე სკამზე, სადაც მე ვზივარ ამჟამად, და თქვენთან სულს ითქვამს, მონანიებას ითხოვს იმისათვის, ვის რა საძაგელი ბოროტება დააწია?!
და უდიდესი ბოროტება იცით რა არის, პროფესორო?! მე მგონი, ადამიანის ხმარებაა ბოროტება… და ეს „ყველა და ყველაფერი“ ჩვენს გარშემო, ამ საყოველთაო კრიზისში იმიტომ არის შესული, რომ „ყველა და ყველაფერი“ საყოველთაო ურთიერთხმარებაზეა გადასული. ყველა ერთმანეთს ხმარობს: უსაზღვროდ, გაუაზრებლად, დაუფარავად. ყველამ იცის ეს, მაგრამ ვერავინ ვეღარ გრძნობს, რომ ხმარობს და ეხმარინება. იცით რა გრძნობაა, როცა „გხმარობენ“?
ეს, თქვენ რომ უწოდებთ ავადმყოფობას, „პარანოიას“ – მას მერე გავითავისე ეს „ხმარების“ გრძნობა. და მძულს ყოველი ადამიანი… ყოველი ადამიანი… ყოველი კაცი, ვინც ჩანასახშივე ამ განზრახვით მოემართება ჩემსკენ. ამ ეჭვიანობამ თვალი ამიხილა, როგორც სოკრატეს… მასაც ხომ სულ უჩალიჩებდნენ და უჩალიჩებდნენ, ექიმო.
ეს ავადმყოფობა ჩემი კურთხევაა, ბატონო გელა, ღვთის კურთხევა. მეც რომ ვეხმარინო, კიდევ ერთხელ, მეც ხომ იძულებული ვიქნები იგივე ჩემი საქციელი გავამართლო სხვათა მიმართ?..
პაციენტის ემოციურ პიკს ექიმი თითქოს არ პასუხობდა და არ იზიარებდა.
გურამმა იგრძნო, რომ ფსიქიატრი არ ჩქარობდა მისი მონოლოგის შეწყვეტას ან კორექტირებას.
– აი, გუშინ, ვიჯექი და მთელი ღამე ერთ ამბავზე ვფიქრობდი. – თქვა მოულოდნელად გურამმა. – მთელი ღამე… ისედაც არ ვიცი, ყველა მე რატომ მიჩალიჩებს რაღაცას, ბატონო – ყველა მასშტაბში, წვრილმანად, მსხვილად, დაგეგმილად. ყველა! და ის რაღაც, მე როგორ უნდა მომსვლოდა? ასე რატომ უნდა გავეწირე იმ ვიღაც არაადამიანს?! ოჰ, „რა ცოტაა ადამიანი“, რა ცოტაა, ბატონო გელა, რა ცოტა!!! თქვენ მაინც ხომ იცით?!
გურამმა სახეზე ხელები აიფარა. პროფესორმა ფარნაოზიშვილმა ოლიმპიური სიმშვიდით ბლოკნოტში რაღაც მოინიშნა და გურამს მიმართა.
– და რა არის, რაც ასე ძალიან გაღელვებთ იმ ამბავთან დაკავშირებით?
გურამმა წამიერად მოთოკა შემოწოლილი ემოციები, მოისმინა რა ფსიქიატრის კითხვა და შემდეგ გაალმასებულმა გახედა.
paranoia-ben-yassa– რაააა? ექიმო, სიტყვასიტყვით მი-ხმა-რეს! გამომიყენეს… რომ გამომიყენეს, ეს ხომ მაცოფებს და მაგიჟებს; რომ ვერ მივხვდი – ეს ხომ მით უმეტეს! და… მეშინია, ექიმო! მეშინია, უნდა გამოგიტყდეთ!
– რის?
– ადამიანთა ვერაგობის! ყველაზე მეტად ამისი უნდა გეშინოდეთ! სხვა რისი? ეს მთავარია, რისაც მეშინია. ყოველთვის! და უფრო მთავარი ის არის, რომ ეხლაც მეშინია ყველა იმ გარემოების, რაც მაშინ ოდნავ შემეხო და რასაც გადავურჩი და ავცდი.
შეიძლება დაგებადოთ ბუნებრივი კითხვა – მაშინ რამ გადამარჩინა?! იმან, რომ უფრო მეტად ჩემი გაწირვა იმ ადამიანებს უბრალოდ არ სჭირ-დე-ბო-დათ!
გამწირეს იმ დონეზე, რა დონეზეც აწყობდათ!..
ამ სიტყვების შემდეგ ფსიქიატრის კაბინეტში ისევ სიჩუმემ დაისადგურა.
ექიმმა პაუზა დაიჭირა და მერე წარბის ოდნავი მოძრაობით ანიშნა გურამს, რომ უფრო მეტ კონკრეტულობას ელოდა მისი მონაყოლიდან.
პაციენტმა ამოიოხრა და თქვა.
– საქმე ეხება ბიზნესმენ „ჯუმბერას“ და მისი ორი „პადელნიკის“ მკვლელობას, რომელიც ათი წლის წინ სოფელ ხვიჩიანში მოხდა. სამივე მამაკაცი „ჯუმბერას“ სახლის ეზოში ნოემბრის სუსხიან საღამოს ჩაცხრილეს…
გურამმა კიდევ ერთხელ ამოიოხრა და ხმის ოდნავი კანკალით განაგრძო.
– …და მე უნდა ისიც გითხრათ, რომ ამ დროს, ყველაზე მეტი ასიოდე მეტრში ვიმყოფებოდი მკვლელობის ადგილიდან… გამომიყენეს, შემიტყუეს: სცენარის მიხედვით იქ უნდა ვყოფილიყავი, სწორედ იქ, იმ სახლში…
– ვინ და როგორ, გურამ? – ფარნაოზიშვილი მიხვდა, რომ საუბარი მისი კლიენტისათვის რაღაც მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა.
– იმ ქალმა… ჩემმა საყვარელმა… ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ის ამ დონის ძუკნა გამოდგებოდა. ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ იგი ასეთ „სასტავებთან“ იყო კავშირში. რავი, ვერაფერს წარმოვიდგენდი, ბატონო გელა… „ჯუმბერას“ მკვლელობა ძალიან მაღალ დონეზე გადაწყდა და იყო დაკვეთილი… ბატონო გელა, ეს მკვლელობები ასევე გაუხსნელი დარჩება და მხოლოდ მამა ზეციერმა, მკვლელებმა და ორგანიზატორებმა იციან რა და როგორ… მეშინია კიდეც ხმამაღლა გამოვთქვა ჩემი ეჭვი ვინ შეიძლება ყოფილიყო გარეული ამ ყველაფერში. ცხონებული“ ჯუმბერა“ ძალიან გავლენიანი კაცი იყო… დიდი ავტორიტეტით, გავლენით სარგებლობდა ხალხში, საერთოდ ყველა დონეზე – ხელისუფლებაში, ქუჩაში…
გუშინ ვფიქრობდი, მხოლოდ ერთ რამეზე – მე რაში ვჭირდებოდი იმ ნაძირალა-ქალს? რაში დასჭირდა, რომ მკვლელობის ღამეს იქ ვყოფილიყავი, მასთან ერთად, და ღამე ჩემთან კოტრიალში გაეტარებინა? რატომ დასჭირდა?
ამ ქალის უდანაშაულობის ვარიანტს ესევე ვაგდებ, ექიმო. იმიტომ, რომ უბრალოდ ამდენი დამთხვევა წარმოუდგენელია. ან ვაფრენ, ან თქვენ გამირკვიეთ და გამარკვიეთ, მართლა თუ ვაფრენ?! უბრალოდ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს მოგიყვებით და თქვენ განსაჯეთ, პარანოიაა, დამთხვევაა თუ…
ეს ქალი, მე როგორც ვიცი, უპატრონო იყო… სიტყვასიტყვით!
ნუ როგორ თუ უპატრონო?!
როგორც თვითონ მიყვებოდა, მამამისი სადღაც დასავლეთში ცხოვრობდა თავისთვის, დედა – სადღაც შორიახლოს ერთ-ერთი რაიონულ ცენტრში, მეორედ, თუ მესამედ იყო გათხოვილი. ბავშვობივე გოგონა გასაზრდელად ბებიამისს მიაგდეს. ბებიასეული სახლი, ზუსტად „ჯუმბერას“ სახლს ემიჯნებოდა; ნუ თუ არ ემიჯნებოდა, ერთი ცარიელი პატარა ნაკვეთი ყოფდა… ეს ქალი (ჩემი საყვარელი), რა გითხრათ, რომ წამოიზარდა, თავის სარჩენად ხან ვის მიეკედლებოდა, ხან ვის. იყო დრო იყო დაქალებთან ცხოვრობდა, მერე დაამუღამა, რომ ასაკში შესულ მზრუნველობას და პატრონობას მოკლებულ ქალებთან შეიძლება თავშესაფრის მოძებნა. ეს დედაკაცები ინახავდნენ, აჭმევდნენ-ასმევდნენ, აცმევდნენ. რა გესწავლებათ, ეგრეა ქვეყანა მოწყობილი – ბებრებს ქონება აქვთ, ძალა არ აქვთ, ახალგაზრდებს ფული და ჭკუა არ აქვთ, სამაგიეროდ ჯანი და ღონე მოსდევთ. ბოლოს რაღაცაზე ორივე მხარე თანხმდება, უგებენ ბოლო-ბოლო რა ერთმანეთს. დიდი ცოდვაა ეს ქვეყანა, ბატონო გელა, დიდი, ძალიან დიდი, რომ ვერ წარმოიდგენთ ისეთი! და რა ბედნიერია ისიც, ვინც მხოლოდ ამ ქვეყნის ნაწილს ხედავს!
ეს ქალი რომ გავიცანი ოცდაორი წლის ვიყავი და მალე სასიყვარულო ურთიერთობა გავაბით. ძირითადად მაგისი ინიციატივა უფრო იყო, რადგან მე მორცხვიც ვიყავი და გაუბედავიც… დიდი არაფერი, რომ გითხრათ… არც სექსით იყო გამორჩეული, რომ გითხრათ, არც გარეგნობით… გამომწვევად კი იცვამდა და ძალიან წვალობდა ხალხის ყურადღება რომ მიექციე… ბევრია ეხლა ასეთი ქალი… დახტიან წინ და უკან კალიებივით… არც მე არ მიყვარდა, სიმართლეს გეტყვით. მეგონა, უკეთესს ვნახავდი მომავალში. თვითონაც რაღაცნაირი უბედური, შესაცოდი პიროვნება იყო. ახალგაზრდა კი იყო და თავის ამ უგზო-უკვლო უპატრონობას თითქოს ჩქმალავდა, მაგრამ მის გვერდით როცა კი ვიყავი, რაღაც გამუდმებული დისკომფორტი მეწყებოდა… შეცოდების თუ რაღაც უსაშველობის…
მეცოდებოდა! მეგონა, რომ ძალიან დაუცველი იყო. არა ასე პირდაპირ კი არ მაგრძნობინებდა. ხომ გეუბნებით ახალგაზრდა იყო, ხალისობდა კიდეც და იღიმებოდა-იცინოდა ბევრს. მაგრამ მაინც რაღაც ძალიან საცოდავი მეჩვენებოდა… პრანჭია მანერები ჰქონდა რითაც, მგონი, ცდილობდა დაემალა თავისი… რა ქვია, ამას?! მგონი, სასოწარკვეთილება – მარტოობის და საზოგადოების მხრიდან მიუღებლობის გამო… საზოგადოება ასეთებს მაინც არ მიიღებს… არასოდეს! ეხლა ვინც არის საზოგადოების თავში, მათ შორის მრავალი ასეთი უპატრონოა სხვათა შორის, პროფესორო! მარა მსგავსება, მგონი, მარტო ეგ უპატრონობაა!
დანარჩენში კი ეს „უპატრონოები“ იმ კალიბრის სისაძაგლეებს სჩადიან…
Paranoia_by_AdoCეს ქალი, დიანა ერქვა… მე რაც გამიკეთა, რაღაცით კი უახლოვდება იმ სხვა ნაძირალების ნამოქმედარს… მაგრამ მაგათ კოჰორტაში ადგილს მაინც ვერ დაიმკვიდრებდა, რადგან გარეწარი იმიტომ არის გარეწარი და წმინდანიც წმინდანი, რომ საქმეს, რომელიც მის ბუნებას ახასიათებს, ყოველწუთიერად აკეთებს და სჩადის, ჩვეულებად აქცევს. ამ მხრივ კეთილად ყოფნა უფრო ადვილია, რადგან დღეს „სიკეთე“, „ადამიანობა“ ცოტა გაუფასურებული ცნებაა. მაშინ როდესაც ყოველწუთიერი ბოროტების ჩადენას ნამდვილად დიდი ვაჟკაცობა უნდა, ექიმო. უმრავლესობა ნაძირლებს ხომ ბოროტება სიკეთისაკენ მიმავალი გზა ჰგონიათ?! და ამ გზის ბოლოში სულ ღმერთი ელანდებათ!..
…ერთი წელი გვქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, ცხელ-ცხელი და თითქოს ვნებიანი მე და ამ ქალს… რა გითხრათ, ეხლა ვიაზრებ, რომ დიანას თვალში პატარა და გამოუცდელი ბიჭუნა ვიყავი…
მერე… მეც მალე დავკარგე მის მიმართ ინტერესი და მსუბუქ ზიზღში გადამივიდა. რაღაც აკლდა ამ დიანას, რაღაც არ მსიამოვნებდა, რაღაც განმიზიდავდა მისგან. ალბათ, ისევ ის, მისი შინაგანი „საცოდავი“ რაღაც… არ ვიცი. მე ისევ სიტყვა „უპატრონობას“ გამოვიყენებდი… ან შეიძლება, რაც მსურდა, ის მივიღე და ბოლომდე ამოვწურე. მისი „შარმი“ უკიდურესად ხანმოკლე გამოდგა. ან შეიძლება მამაკაცური სიხარბით მეგონა, რომ წინ უამრავი ლამაზმანი მელოდა და საკუთარი სარეცლის გასაზიარებლად მიხმობდა. სიგიჟე!
ოქტომბერში დავცილდით და, მერე ერთი წლის განმავლობაში ეს ქალი ხან საიდან, ხან როგორ, და ხან ვისი პირით მიკავშირდებოდა. სისტემატურად მიგზავნიდა სასიყვარულო გზავნილებს, როგორც ახლა იტყვიან… მაგრამ მე გადამჭრელად უარს ვამბობდი ურთიერთობების აღდგენაზე…
არ გიზიდავს ადამიანი და არ გიზიდავს. ხომ ასეა?! მით უმეტეს სექსი ხო აღარ გინდა და აღარ გინდა! მერე შემოდგომით, ასე მემართება ხოლმე, დეპრესიასავით დამეწყო. ქალები, ვინც მყავდნენ, ერთნაირად შემომეფანტნენ. იქ სამსახურშიც, რაღაც უსიამოვნებები დაიწყო და სიცარიელეც, სეტყვის ღრუბელივით, მჭმუნვარებით გადამეფარა. ვგრძნობდი, რომ სადღაც ვიჩეხებოდი, ან რაღაც სრულიად ახალი იწყებოდა… კარგი იყო თუ ცუდი, არ ვიცოდი, იმას კი ვგრძნობდი, რომ ეს სიახლე სათავეს დიდი წყვდიადიდან იღებდა… მთლიანობაში ძალიან დათრგუნულად ვიყავი და ამ დიანასთან დაშორების შემდეგ მთელი ნახევარი წელიწადი არავინ მყავდა… ვგრძნობდი, რომ ვიხუთებოდი და ჰაერივით ვიღაც მჭირდებოდა… უბრალოდ სექსისთვის… უბრალოდ ადამიანური საუბრისათვის… ისედაც, მგონი, რაღაც გარდატეხა მინდოდა დამდგარიყო ჩემს ცხოვრებაში… გარდატეხა, რომელიც არაფრით დგებოდა…
ნოემბერი იქნებოდა, დიანამ თავად დამირეკა და რაღაც აქამდე გაუგონარი სითამამით და გამომწვევად მომახალა.
– კარგი, ბიჭო, რას იძაბები?! აქვე ვარ, შემომიარე, ასმათთან ვრჩები დღეს. ვილაპარაკოთ, შენთან თან საქმე მაქვს… რაღაც უნდა გითხრა!
ასმათი ერთი მკითხავი იყო, რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობდა, სულ რაღაც ნახევარ კილომეტრში, „კორპუსის“ ბინაში. ამბობდნენ, რომ კარგად „იხედებოდა“, მაგრამ მთლიანობაში ცოტა არ იყოს „გიჟსაც“ ეძახდნენ, რადგან, რაღაც მხრივ, დროდადრო შეურაცხადივით იქცეოდა ხოლმე… კი, რაღაც კუთხით მომხიბვლელიც და სექსუალურიც იყო, თუმცა ულევი აგრესიაც ჰქონდა… ამიტომ ჩემში წინააღმდეგობრივ გრძნობებს იწვევდა ეს ასმათი – სექსუალურ ინტერესსაც, მიზიდულობასაც და თან რიდსაც და საფრთხის გრძნობასაც…
სამ დაკაკუნებაზე კარი ასმათმა გამიღო და კარგი ძველი ძმაკაცივით ესევე ზურგი მაქცია და შინაურულად მომაძახა – „შემოდი-შემოდი!!!“. წამში ოთახიდან დიანა გამოჩნდა, ჩემსკენ წამოვიდა, თბილად მომეხვია, სავარძელი მომიდგა, ფერხთით დამიჯდა, ჩემი ხელი სახეზე დაიდო და თვალებში დამიწყო ყურება… მითხრა, როგორ მოვენატრე, როგორ იტანჯებოდა უჩემობით და რა „ცუდი ბიჭი“ ვარ, რომ არ ვნახულობდი მას ამდენ ხანს… ეჰჰჰჰ!
გურამმა მძიმე ამოიოხრა.
– ხომ იცით, ექიმო?! როცა მამაკაცს ქალი დიდხანს არ ჰყავს, მას შეიძლება ყველანაირი ტყუილი აყლაპო. მეც ეს ჩავყლაპე… ამ ქალმა პაემანი ისე დამინიშნა, თითქოს ისევ ის დრო ყოფილიყოს და ისევ ისეთივე ურთიერთობებში ვყოფილიყავით… ძველი დრო!.. ძველი რა… უბრალოდ ერთი წლის წინ მის სახლში ვხვდებოდით ხოლმე ღამღამობით. თითქმის მივიპარებოდი ხოლმე ხვიჩიანის ზემო უბნის ერთ ძველ სოფლის სახლს, სწორედ „ჯუმბერას“ მეზობლად… აქედან „ჯუმბერას“ სახლი, როგორც უკვე გითხარით, ძალიან კარგად ჩანდა… მთელი ეზო, კარ-მიდამო, სახლის შესასვლელი, გასასვლელი, ალაყაფის კარიდან ჩამომავალი ბეტონის ბილიკი…
– იცით… როდესაც ქართულ სინამდვილეში ქალი და მამაკაცი შეხვედრაზე თანხმდებიან… – თქვა გურამმა მას შემდეგ, რაც ინსტინქტურად ჯიბე მოიქექა და შეკრთა. მან შენიშნა, რომ დღევანდელ სეანსზე რამის უკვე მეხუთედ მისი ხელი სიგარეტის კოლოფისაკენ მიიწევდა. – ხშირად მამაკაცი უფრო მართალია (!) თავის მოტივებში, ვიდრე ქალი; გინდა შეურაცხმყოფელად და გინდა დისკრიმინაციულად ჩამითვალონ ეს ნათქვამი! ქართულ სინამდვილეში გეუბნებით, პროფესორო! მამაკაცმა იცის ან ესმის, აღიარებს და ხშირად აფიქსირებს კიდეც, რომ სექსი უნდა… ქალი, კი, თუკი იგი, ჩვენი საზოგადოებრივი საერთო თვალთვალის და ლოგინებში ჭყეტის ზღვარს გადალახავს, ბარიერს გადავა, და აი ამ საზოგადოებრივ წნეხსაც ერთბაშად დაიკიდებს, მარტოოდენ სექსის მოსურნე აღარ არის, ექიმო! ვაი, რომ აღარ არის! დამერწმუნეთ, რომ იგი უფრო მეტს ფიქრობს, უფრო შორს იხედება, უფრო მეტ რამეს იაზრებს და უთვალავ ვარიანტებს თვლის, და ამიტომ ძალიან საშიში და უსინდისო ხდება…
…გავაგრძელო, ხო?
ამჟამად ვერ ვიხსენებ ზუსტ დროს, რომელზედაც შევთანხმდით, რომ უნდა შევხვედროდით. რა თქმა უნდა, ჩემი ეჭვების დასასაბუთებლად ეს მნიშვნელოვანია. ეხლა ასე მგონია, რომ საღამოს ათი საათი დავთქვით. ის კი კარგად მახსოვს, რომ როდესაც ეს ყველაფერი გავაანალიზე (და სხვათა შორის, ძაააალიან ბევრჯერაც, ბატონო), სულ მახსენდებოდა ჩვენი საუბრის ერთი უცნაური მომენტი… ეს პატარა ინციდენტი, ასე დავარქვათ, კიდევ უფრო ამყარებს ჩემს ეჭვებს.
შთებეჭდილება-მოგონება და იმ ქალის ხმა ახლაც ჩემს ყურებში ისმის.
წამოსვლისას მე, ისე, შემთხვევით და დაუფიქრებლად, ვიკითხე.
– ანუ ზეგ, ხუთშაბათს, 10 საათზე, ხო??
– რა ხუთშაბათს, ხვაააალ! – რამის შემომკივლა დიანამ.
Social Paranoia 2დღესდღეობით, სხვადასხვა მოვლენისა და ფაქტის შეფარდების შედეგად, უკვე კარგად ვხვდები, რომ ესოდენ უცნაური რეაქცია, ზუსტად იმით იყო გამოწვეული, რომ დაგეგმილი ოპერაციის დრო ხუთშაბათი კი არა ოთხშაბათი, ათი საათი იყო. და თუკი მე პაემანზე მისვლის დრო ამერეოდა, ეს ყველაფერსაც აურ-დაურევდა და გააფუჭებდა…
თუ არ ვცდები, წამოსვლისას, დიანამ კიდევ ორჯერ გამიმეორა: „არ დაგავიწყდეს, ხვალ გელოდები!“ და მაკოცა.
რა გითხრათ, მე არაფრის ეჭვი არ გამჩენია. იმ სახლშიც ხშირად მივსულვარ, არც ეს ქალი მეგონა რამე კრიმინალურ სინდიკატში გარეული, რადგან მას აზროვნებაც სულ არ ჰქონდა შესაბამისი… საკმაოდ ნელა და სუსტად აზროვნებდა… ნუ სწორედ აზროვნება და ეჭვიანობა, რომ ვერ ჰქონდა, განვითარებული, ალბათ, მაგაზე გააბეს, „დაავერბოვკეს“ და დაიქვემდებარეს. და ისიც, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა… და დიდი ხნის განმავლობაში არც იყენებდნენ…
ისე, პროფესორო, მოდით მოვლენათა სვლას ზუსტად მივყვები, რათა მართლა სრულიად შეშლილი არ გეგონოთ და დაგიმტკიცოთ, რომ შეთქმულების მსხვერპლი გავხდი.
მეორე დღეს, ან ოთხშაბათს, როცა მოსაღამოვდა, აბაზანას მივაშურე, მოვწესრიგდი, ჩავიცვი, გავემზადე… სახლში ჩემს გარეთ გასვლას რაღაცნაირი დაძაბულობით შეხვდნენ. მეც თვითონ მეტისმეტად და უცნაურად უხერხულად ვიყავი. გარეთ ძალიან ციოდა… ამიტომ სად მივდიოდი ასეთ უჟმურ ამინდში, ჩაბნელებულ სოფელში (შევარდნაძის დრო იყო!) და რისთვის, მას შემდეგ, რაც სახლში განვუცხადე, რომ უნდა დავრჩენილიყავი – რა თქმა უდნა, ვერ ავხსენი…
ათის ნახევარზე სახლიდან ფხიზელ მდგომარეობაში მაშინ დასალევად, ან საქეიფოდ არ გადიოდნენ… მახსოვს, რომ წამოსვლისას უხეშად მივაძახე, რომ „დავიგვიანებ და კარი დაკეტონ“.
ღამის ქუჩებში მეცხრე წელიწადი სულ საშინელი სიბნელე იყო! თუ არ ვცდები, საღამოს თერთმეთზე მოდიოდა ხოლმე შუქი. ყველაფერი ჩაბნელებული გახლდათ, გარდა საღამოობით, სანთლისა და ლამფის შუქზე მომუშავე ერთ-ორი მაღაზიისა და ჯიხურის…
დიანას სახლამდე ოცი წუთის გზა იყო, შეიძლება ცოტა მეტიც…
მე ჩქარი ნაბიჯით მიყვებოდი აღმართს, თითქოს ამ სისწრაფეში ვცდილობდი უსიამოვნო განცდები გონებასთან არ მიმეშვა. გასავლელი ერთკილომეტრიანი, მოასფალტებული გზის მონაკვეთი და ბოლოში პატარა გორაკი მრჩებოდა. ვგრძნობდი, რომ სიარულში ნაბიჯს სულ უფრო მეტად ვუჩქარებდი. მინდოდა დროულად მივსულიყავი სითბოში და ადამიანურ გარემოში, მინდოდა ეს საშინელი სუსხი და სიცივე სადღაც შორს დამეტოვებინა.
როცა დიანას სახლამდე რამდენიმე ასეული მეტრი-ღა უნდა გამევლო (ანუ მივადექი ერთ საკმაოდ დიდ გზაჯვარედინს, სადაც გზის ზემო შტო სწორედ დიანას სახლისაკენ ადიოდა, დანარჩენები – კი ხვიჩიანის სხვადასხვა უბნებში), ამ დროს სრულიად მოულოდნელად, გზის გადასწვრივ, სიბნელიდან ვიღაც მაღალი მამაკაცის ფიგურა წამოიწია და შემომძახა.
– სიგარეტი არ გაქვს?
– არა! – ვუპასუხე მე და სწრაფად გადავუხვიე.
შიში არ დამეუფლა. მაგრამ მომდევნო დღეებში და ყოველთვის, როდესაც ამ შემთხვევას ვააანალიზებდი, ეს უცნაური შეხვედრა, ჩემს ეჭვს კიდევ უფრო აღვივებდა.
რა უნდოდა იქ, იმ საშინელ სიცივეში, მამაკაცს, ერთ ადგილზე გაშეშებულს?
რისთვის უნდა მდგარიყო იმ გზაჯვარედინზე? ვის ელოდა? მე?.. ან უფრო ზუსტად, ნუთუ მხოლოდ მე?
დიანას და, შესაბამისად, „ჯუმბერას“ სახლამდე სულ რაღაც სამასამდე მეტრი იყო დარჩენილი. მე ვფიქრობ, რომ ეს ვიღაც აკონტროლებდა სიტუაციას, აკონტროლებდა „პერიმეტრს“ (როგორც ეხლა იტყვიან ხოლმე)… რადგან ძირითადი სამანქანე და ქვეითი მოძრაობა „ჯუმბერას“ უბანში სწორედ ქვემოდან ზემოთ, ანუ ამ უცნობის მხრიდან მიმდინარეობდა.
Escaping_Paranoia___Recreated_by_blue_vonყოველგვარი დაეჭვების გარეშე მე ის დარჩენილი მანძილი იმავე ტემპით გავიარე და ეს-ესაა ვაპირებდი დიანას ეზოში შესვლას (ამას კი ყოველთვის ჩუმად და უხმაუროდ ვაკეთებდი, რათა მეზობლებს არ დავენახე), რომ უცბად, ეზოს კარის გამოსასვლელში, თავად დიანას გადავაწყდი. მას ხელში „ვედრო“ ეჭირა, მგონი, ორიც, და წყალზე მიდიოდა. ეს ქალი დღის ამ პერიოდში და ასეთ ვითარებაში, ასეთი ომახიანი და ენერგიული მგონი არასოდეს მინახავს. ან სად მიდიოდა ამ წყვდიადში, რა წყალი აუტყდა?!
მაგრამ, ექიმოოოოო!… ყველაზე სასწაული ის იყო, რომ, როდესაც მე და დიანა ერთმანეთს შევეჩეხეთ, ჩვენგან ცოტა ზემოთ ვიღაც მამაკაცი იდგა… და სიგარეტს ეწეოდა. ისე ბნელოდა, რომ მისი სახე არ ჩანდა. უბრალოდ მისი სილუეტი მახსოვს, მისი „ბიჩოკი“, რომელიც საოცრად ელვარებდა და კაშკაშებდა… ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ უცნობი მოწევის პროცესში სიგარეტს ძალიან ღრმად „ქაჩავდა“. ასე კი, ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც მწეველი, ნერვიულობს ან მეტისმეტად აღელვებულია…
კი, დღეს მართლაც მგონია, რომ ის მამაკაცი ძალიან ნერვიულობდა. ან ყოველი შემთხვევისათვის რაღაცას ძალიან განიცდიდა.
და კიდევ!
შეხედვისთანავე ვიგრძენი მისი ქედმაღლური თუ ზიზღნარევი გამოხედვა. ხომ არ ჩანდა, მაგრამ ვგრძნობდი – მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა.
– მოხვედი, გურამ?! – მომესალმა დიანა. – მიდი, შედი და მოვალ ეხლავე.
სიტუაცია იმდენად იდიოტური იყო, რომ მე არაფერი არ მრჩებოდა თუ არა პირდაპირ სახლში შევსულიყავი. ჩემზე უფრო ეჭვიანი, ანუ ყველაზე ჩვეულებრივი, ჯანრმთელი ქართველი მამაკაცი, ჯერ ხომ საერთოდ არ მოვიდოდა აქ, და მეორე, შიგნით ქალის გარეშე არ შევიდოდა. მე კი უხერხულობამ შემიპყრო იმის გამო, რომ ეს ვიღაც მამაკაცი მხედავდა და, რასაც ჰქვია, თვალებით მჭამდა.
მოგვიანებით, როდესაც ხან ის ვიფიქრე, ხან ეს, სხვადასხვანაირად ვიხსენებდი, და გადავხარშე ამ ქალთან დაკავშირებული უამრავი გარემოება, ცხადად წარმომიდგა ერთ რამ. ეს ქალი ჩემს ვიზიტებს, ჩემს სახელს, ვინაობას სულ მალავდა. ასეთ დროს გარეთ საერთოდ არ გამოდიოდა, კარში არ მხვდებოდა და ჩვენს ურთიერთობებს, ხომ გეუბნებით, აფიშირებას არ უწევდა. ჰოდა, ეხლა, ნამდვილად გასაოცარი იყო, ვიღაც უცხოს თანდასწრებით ჩემი სახელის ხმამაღალი ხსენება. მას ხომ შეეძლო ეთქვა „მიდი მოვალ“, ან „წყალს ავიღებ და მოვალ“? მაგრამ მან თითქოს განზრახ თქვა, „მოხვედი, გურამ?!“.
დამიჯერეთ, ეს იყო რაღაც ნიშანი!
კი, გეთანხმებით, მე არ მაქვს არანაირი მტკიცებულება ამისა, მაგრამ… არაფერი შემთხვევით არ ხდება, ბატონო ექიმო. ეს მესამე ფაქტი გახლავთ, რამაც დამაეჭვა (ოღონდ მომდევნო დღეებში, რა თქმა უნდა! ჰა-ჰა!). ვიღაც მწეველი, რომელიც რამის დიანას, ანუ ჩათვალეთ, „ჯუმბერას“ კართან სასტიკ სიცივეში მკვლელობამდე ოცდაათი წუთით ადრე დგას და ნერვულად ეწევა. რას იტყვით? თუ, ვთქვათ, ეს „ჯუმბერას“ და დიანას კიდევ ერთ კარის მეზობელი იყო, მაშინ, ეს დალოცვილი, რაღა ქუჩაში იდგა და რაღა იქ ეწეოდა? ხომ შეეძლო შესულიყო სახლში და საკუთარ ეზოში მოეწია? და არა აქ, სადაც ასე უწუწუნებდა!
ან საერთოდ რისთვის უნდა ეწეოდე ნორმალური ადამიანი შენი სახლის წინ, ექიმო? მკვლელობამდე ნახევარი საათით ადრე?!.
როგორც უკვე გითხარით, სხვა არაფერი დამრჩენოდა და აზრადაც არ მომსვლია, ამიტომ საჩქაროდ სახლში შევედი. დიანას ანთებული ლამფა და კარგად გახურებული ღუმელი ჰქონდა დატოვებული. ცოტა ხანში ისიც მოვიდა წყლით სავსე სათლით… კარი გადაკეტა, წყალი ღუმელზე შედგმულ ქვაბში ჩაასხა და საბანაო ტაშტი შემოიტანა.
– ვერ მოვასწარი, სიხარულო, ბანაობა… მთელი დღე ასმათთან გავატარე… ეხლა უცებ გათბება წყალი და ხომ დამისხამ, არ დამეხმარები?! ან მიდი, თუ გინდა, დივანზე წამოწექი სანამდე, იქნება შუქიც მოვიდეს ეხლა.
დიანა მომიჯდა, ცოტა მომეფერა, მერე ისევ წამოდგა და საბანაოდ დაიწყო მზადება.
წყალი არ დამისხამს და არც მომსურვებია, თვითონვე რაღაცნაირად და როგორღაც მოაბა თავი. უბრალოდ „მთხოვა“ მისკენ არ გამეხედა.
ჩემთვის ესეც დამაეჭვებელია ახლა, ექიმო! გიჟი ვარ, რა თქმა უნდა, ასი პროცენტით! საერთოდ, ყველაფერი დამაეჭვებელია, დიანას ყოველი ქცევა, ნუ შემეკამათებით-რა, და ნუ გამაღიზიანებთ ამით კიდევ უფრო!
და დამეთანხმეთ, რომ თუ ადამიანი რაღაცას აწყობ, სხვას უჩალიჩებ, ყოველი შენი საქციელი გამსჭვალულია მცდელობით, რომ გადაფარო, გადაიტანო ყურადღება სხვა რამეზე, მით უმეტეს ვნებიანზე და მწვავეზე…
თქვენ, მაგალითად, რას უწოდებდით და როგორ ახსნიდით ამას?
დაუნიშნო პაემანი საყვარელს დიდი ხნის განშორების შემდეგ და მოწესრიგებული არ დახვდე?
საყვარელი მოგადგეს და მაშინ დაიწყო პირადი ჰიგიენის მოწესრიგება?!
არ ვიცი… ამას არც ერთი ქალი არ აკეთებს, ბატონო! რატომ არ იყო გამზადებული იმ რომანტიული შეხვედრისათვის, რომელიც ასეთი გულის ფანცქალით დამინიშნა? ამ შეხვედრაზე მეტი და მნიშვნელოვანი რაღა ჰქონდა ნეტავ იმ დღეს?
ამიტომ მე თვითონვე გიპასუხებთ. უდაოდ კარგად იცოდა, რომ ამ გათამაშებული ბანაობით შიგნით ოთახში დამაკავებდა. ქვეცნობიერი ინტერესიც გამიმძაფრდებოდა, იმ ავადსახსენიებელ სიცივესა და სიბნელესაც მოვერიდებოდი და ოთახის ფარგლებს სულ არ გავცდებოდი.
ბანაობის დროს დიანა რაღაცეებს შეუჩერებლად მელაპარაკებოდა და მეც ცალყბად ვეპასუხებოდი. ეხლაც მახსოვს, რომ თითქოს რაღაც მძაბავდა; ეს სიბნელე, შუქ-ჩრდილები, უცნაური მამაკაცების დანახვით შექმნილი მძიმე გაუცნობიერებელი შთაბეჭდილება. რაღაც თითქოს გულზე მაწვებოდა და მაფორიაქებდა…
სიმართლე გითხრათ, ახლა ვეღარც კი ვარჩევ, იქ სინამდვილეში რაღაცას ვგრძნობდი, თუ ფაქტისშემდგომი მოვლენების დრამატიზირების მცდელობა მაქვს. მაგრამ მახსოვს, რომ რაღაც ყველაფერი იყო არაბუნებრივი – დიანაც, ის ღამეც, ჩემი ქცევებიც… ამ წუთში შიში უფრო მეტია, რაღაც ძრწოლის განცდა, თრთოლვა.
თითქოს ისიც მახსოვს, რომ რაღაც წიგნი ავიღე ხელში და იმას ვათვალიერებდი, სანამდე დიანა წყალს ივლებდა.
ის, თუ რა და როგორ მოხდა შემდგომ რამდენიმე წუთში, დეტალურად ამის აღდგენა მიჭირს. არადა სწორედ ეს ნიუანსებია ყველაზე მნიშვნელოვანი. იმაში, თუ რანაირადაც იქცევა შეთქმული დანაშაულის მომენტის დადგომამდე, იკვეთება ამ ადამიანის მოტივებიც და, ალბათ, უფრო ადვილია მისი დამნაშავეობის დადგენაც. როგორც მახსოვს, მოვლენები დაახლოებით ასე განვითარდა.
დიანა წავიდა და ლოგინში ჩაწვა, მეც მასთან მივედი, ვაკოცე და ალერსი დავიწყეთ.
Killerმახსოვს, რომ ტანსაცმელი ჯერ ბოლომდე არ მქონდა გახდილი… ნუ, რაღაც მეცვა (შარვალი, საროჩკა), ანუ მთლიანად არ ვიყავი გახდილი. მოფერება რომ დავუწყე, კოცნა, ხვევნა, სულ რამდენიმე წუთში გარეთ ოთხი-ხუთი ცალ-ცალი გასროლის ხმა გაისმა. იარაღის სროლა არც ისეთი იშვიათი მოვლენა იყო იმ დროს, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ექიმო. როდესაც მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობ, გგონია, რამდენიც გინდა ისროლონ, შენთან ამას კავშირი არ აქვს. ვერც კი წარმოიდგენ, რომ ეს ტყვია შეიძლება ადამიანისათვის იყოს განკუთვნილი (არადა, რომ დაუფიქრდე, გააცნობიერებ, რომ ტყვიას ადამიანისათვის ასხამენ! ადამიანი ადამიანისათვის, ბატონო გელა! რა საშინელებაა, არა!). ამიტომ მე ამ სროლას ყურადღებასაც კი არ მივაქცევდი და ჩემს ქალბატონთან ლოგინში სასიყვარულო კოტრიალს და ფერებას გავაგრძელებდი, რომ არა მისი უეცარი რექცია.
ის წამოხტა და მაღალი ხმით დაიწყო მოთქმა!
– „ჯუმბერა“ მოკლეს! „ჯუმბერა“ მოკლეს!
– რა „ჯუმბერა“? როგორ? – ცოტა არ იყოს გაკვირვებით ვიკითხე მე.
– ნაღდად „ჯუმბერა“ მოკლეს, ხომ გეუბნები! აი ნახავ! – იმეორებდა მოქოქილივით დიანა და თან რატომღაც ლამფა ჩააქრო.
– რა ხდება? შენ რა იცი, რომ მოკლეს? – მისი დაძაბულობა მე გადმომედო.
(დამიჯერეთ, ბატონო პროფესორო, რომ ერთ-ერთი საშინელი რამე, რაც არსებობს, ბუნებაში ეს არის ქალის პანიკა).
– „ჯუმბერა“ მოკლეს, ვიცი!
ამასობაში მეც ავდექი, მოვძებნე ჩემი ტანსაცმელი, ჩავიცვი და ფანჯრიდან გარეთ გავიხედე. რაღაც ხომ მაინც უნდა გამეკეთებინა, ექიმო?!
და იქვე ჩამესმა დიანას განწირული შეძახილები, უკვე მეორედ…
– გურამ! ნუ იყურები! არ გაწიო ფარდა! გურამ! არ გადაწიო ფარდა! არ გახვიდე-მეთქი!
ამ ქალს აქამდე ასე არასოდეს მოუმართავს ჩემთვის; ამ ტონით, ინტონაციით, ამ მომთხოვნელობით, ასე დამაჯერებლად. მის ხმაში არც თუ უსაფუძვლო შიში, მრისხანება და საფრთხე შევიგრძენი.
– მოდი, დაწექი!
გარედან ჯერ ერთი ქალის და შემდეგ სხვების კივილი, წივილი, კვნესა ატყდა…
გურამი ერთხანს გაჩუმდა და ისევ მძიმედ ამოიოხრა.
– მალე მანქანების ხმაურიანი მოძრაობაც დაიწყო… მთელი ღამე წინ და უკან დარბოდნენ… შუქი არ მოსულა და სრული სიბნელე იყო… უეჭველი რაღაც უბედურება დატრიალდა… მაგრამ დიანამ ყველაფერი გააკეთა, რათა თავის ცხელ კოცნებში, ვნებაში, ფერებაში ჩავეთრიე.
ფუჰჰ! ეხლა მეზიზღება ეს ყველაფერი… მგონი, მაშინაც იმ სიბნელეშიც როცა თვალებში ჩავხედე, რაღაც სულ სხვა რამე, გამომშრალი ფიტული, თავის ქალა დავინახე!
მომეჩვენა თუ რა ვიცი, როგორც ყოველთვის ვაფრენდი!..
სულ „მგონი“-ებით გიყვებით, მაგრამ ესეც მახსოვს. როცა გარეთ ძალიან დიდი მოძრაობა იყო, ამასობაში ჩვენ ვითომ-სექსი გვქონდა, და თან ვიცოდი, რომ მეორე დღეს მთელს სოფელს ამ ამბავზე უნდა ეგაგანა…
ბოლოს ის მახსოვს, რომ დიანას სახლიდან ღამის ოთხ საათზე გამოვედით.
ირგვლივ, სამარისებური სიჩუმე იყო.
„ჯუმბერა“ და მისი მეგობრები, მთელი მათი საახლობლო საავადმყოფოში იბრძოდნენ გადარჩენისათვის…
სახლში „დანგრეული“ მოვედი, გამოვიძინე… დილით მითხრეს, რომ „ჯუმბერა“ მოკლესო…
არ ვიცი, რა გითხრათ… ეს სიგიჟეა, შიზოფრენია…
თითქოს მართალიც ვარ, და თითქოს ჰაერზე რაღაცეებს ვბოდავ. როგორც სუფთა „პარანოიკი“…
ამ დიანას მას მერე საერთოდ, აღარ გავკარებივარ.
საერთოდ!
Paranoia_by_ValentinaKalliasგაღვიძებისთანავე დავიწყე ფიქრი, რომ დიანა ამ დაგეგმილი მკვლელობის რაღაც ნაწილი იყო. როგორც მახსოვს, ამ ამბის მერე, დიანასაც აღარ გამოუთქვამს მეტად ჩემთან შეხვედრის სურვილი. მერე მეც სულ ჭირის დღესავით ვერიდებოდი.
რამდენიმე თვის თავზე ასმათის სახლთან შემხვდა. მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე იყო შემოსკუპებული, ჯინსები ეცვა და თეძოების რხევით, გამომწვევად მოაბაკუნებდა.
როცა გამისწორდა (თუ არც გამისწორდა და შორიდანვე), მომაძახა:
– გურამიკო, როგორ ხარ?! (ასე ჩემთვის არასოდეს მოუმართავს!)
– კარგად…
– კარგად უნდა იყო, კარგად… – გამიღიმა მან ორაზროვნად და გაიარა…
ეჰჰჰჰ!
ექიმი ფარნაოზიშვილი კლიენტს უსმენდა და თავის ბლოკნოტში ჩანაწერები შეჰქონდა. პროფესიონალური ალღო კარნახობდა, რომ გურამს კიდევ რაღაც აქვს სათქმელი.
– რამე ხომ არ გამოგრჩათ? ან კიდევ რამე ხომ არ არის, რისი დამატებაც გსურთ?
– იცით რა მინდა ვთქვა, ექიმო. სულ მაწუხებდა აზრი, მეეჭვებოდა: მე რისთვის ჩამრთა ამ ყველაფერში ამ ქალმა? რა აზრი ჰქონდა დამატებითი ადამიანის ჩაკვეხებას ისედაც ძალიან საშიშ საქმეში? …რომლის არც ყოფნა და არც არყოფნა ამ სიტუაციაში თითქოს არაფერს ისეთს არ ცვლიდა? ძალიან მნიშვნელოვანია შევაჯამო ჩემი არგუმენტები, რადგან სხვა შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულად თქვენ მართლა გიჟად მოგეჩვენოთ, ეჭვიანობით შეპყრობილ პარანოიკად.
იმის თქმა მსურს, რომ თუკი დავადგენ და დავრწმუნდები, რაში შეიძლებოდა დავჭირვებოდი (მე, ერთი უბრალო, სოფლელი, ახალგაზრდა ბიჭი), მაშინ მტკიცებულებებსაც მოვუძებნი მეხსიერებაში, მთელი შემდგომი ფიქრი-მსჯელობაც ამას დაემყარება და ასე აიკინძება. არა, ბატონო ექიმო?
გურამმა ექიმს გახედა და მისი თავის დაქნევით გამხნევებულმა განაგრძო.
– რაში ვჭირდებოდი მე, იქ, მკვლელობის ღამეს, ამ ქალს, მის ბანდას, თუ ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ?! რაში? სერიოზული გამოძიება რომ ჩაეტარებინათ, ჩემიდან ხომ შეიძლება, მათზე ძალიან ადვილად გასულიყვნენ? არ ვიცი…
ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი, ექიმო! რა აღარ ვიფიქრე. ერთადერთი რაც ამჟამად მგონია ისაა, რომ ამ დიანას სახლი ამ „ხალხისათვის“ დაზვერვის საუკეთესო ადგილს წარმოადგენდა. დიანას სახლის ფანჯრებიდან მშვენივრად მოჩანდა „ჯუმბერას“ ეზო-ყორე, სახლის შესასვლელი. აქედან შესაძლებელი იყო მთელი დაკვირვებების ჩატარება, „ჯუმბერას“ წასვლა-მოსვლის, გადაადგილების გრაფიკის შედგენა, ოპერაციის დაგეგმვა. აქ შეიძლებოდა იარაღის შეტანა, მიმალვა, ჩასაფრება. და რა ვიცი, რა აღარ!..
ვერ ვფიქრობ… მაგრამ მთავარი ვარაუდი ის მაქვს, რომ დიანას სახლი რაღაცაში იყო გამოყენებული. ამიტომ ამ ქალისათვის (პირველ რიგში), და მერე მისი სახლისათვის, „ალიბი“ უნდა შეექმნათ (ხომ გითხარით, რომ ამ სახლში დიანა თითქმის არ რჩებოდა ხოლმე)! და რა უნდა ყოფილიყო იმაზე კარგი ალიბი თუ არა პირტიტველა, მიამიტ ბიჭუნასთან გატარებული ვნებიანი ღამე? (…მეც წავალ-წამოვალ და ისევ ამ გამოძიებას მივადგები, რომელიც, რა თქმა უნდა, მალევე ჩიხში შევიდა, რადგან, ვფიქრობ, ამით დიდი ხალხი იყო დაინტერესებული)…
მარა მოდით ვთქვათ, ვინმეს სერიოზულად რომ მოეკიდა ხელი ამ საქმისათვის და დიანა „გამოეჩხრიკა“ (ყველა, ვარიანტში მეტად საეჭვო პიროვნება), ამ შემთხვევაში გამოდიოდა, რომ ქალი სრულიად „სუფთა“ იყო. თუ წინა დღეებში მის სახლში რომელიმე მეზობელი რამე მოძრაობაზე მიუთითებდა, მაშინ დიანა მოწმესაც მოიყვანდა – ანუ მე. გესმით, ექიმო?! – სარდონიულად ჩაიცინა გურამმა.
– მკვლელობის ღამეს მე ხომ ნამდვილად ვიყავი დიანასთან ერთად, შესაბამისად, სხვა დღეებშიც, ამ ისედაც ცარიელ სახლში სხვა ვინ უნდა ყოფილიყო?!
ანუ, ჩემით ეს ქალი ყველა ინსტანციასთან „იპრავებდა“ სიტუაციას. ღამე საყვარელ მამაკაცთან ერთად გაატარა, ერთ უბრალო, პატიოსან ყმაწვილთან და ახლა ხდება საშინელი, დაუსაბუთებელი ბრალდებების მსხვერპლი?! გამოძიება მაინცდამაინც მას რომ მისდგომოდა, დიანა იმდენად კარგად და მშრალად გამოვიდოდა წყლიდან, მეტი რომ არ შეიძლება…
სხვა რაღა ვთქვა, ექიმო?! მე თვითონაც ვგრძნობ, რომ მტკიცების ამ ხაზს დამაჯერებლობა არ აქვს… შეიძლება არ ირწმუნოთ, დაეჭვდეთ, მაგრამ მაშინ კიდევ ერთხელ (მაპატიეთ, რომ გაღონებთ ამდენი გამეორებით, მაპატიეთ) ყველა იმ ფაქტებს ჩამოგითვლით, რასაც გაუთავებელ ეჭვებამდე მივყავარ. და მერე თქვენ თქვით საბოლოო სიტყვა!
Paranoia_by_WAZA_LOOპირველი ის არის, რომ დიანამ თვითონვე დამირეკა და დამინიშნა შეხვედრა დიდი ხნის დაშორების შემდეგ. დამინიშნა სწორედ რომ მკვლელობის ღამეს! როდესაც მე პაემნის დრო და თარიღი შემეშალა, დიანამ უცნაური ჰონორით რამდენიმეჯერ გამიმეორა, რომ არ დამვიწყებოდა და მასთან სწორედ ოთხშაბათს, 10 საათზე მივსულიყავი.
მეორე, მკვლელობის ღამეს, სანამ დიანას სახლამდე მივაღწევდი, გზაჯვარედინზე შემხვდა მამაკაცი, რომელიც გზის პირზე იდგა. ანუ გამოსულიყო სუსხსა და სიცივეში, ჩრდილს და სიბნელეს ამოფარებულიყო. აღსანიშნავია, რომ უცნობმა სიგარეტი მთხოვა, რაზეც მე უარი ვუთხარ. აღიარეთ, რომ მკვლელობამდე ნახევარი საათით ადრე ასეთი გარემოება, რა თქმა უნდა, მეტად საეჭვოა და მტკიცებულებას უტოლდება. ყველანაირი უფლება მაქვს, მქონდეს ეჭვი, რომ ამ კაცმა ჩემი ვინაობა გადაამოწმა. ფილმებშიც ასეა, წიგნებშიც და რეალობაშიც, ექიმო!
მესამე, როდესაც დიანას სახლამდე მივედი, ცოტა მოშორებით, „ჯუმბერას“ სახლის მიმართულებით, კიდევ ერთი მაღალი მამაკაცი იდგა და ეწეოდა. გარეთ გამოსულ დიანას სულაც არ მოერიდა ამ ადამიანის და პირდაპირ სახელით მომმართა (მაშინ როდესაც ჩვენს კავშირს ყოველთვის ფარავდა და ყოველთვის საუბრობდა, რომ ყველაზე პატიოსანი და სათნო ქალი იყო!). დაგეგმილ მკვლელობამდე ოცი წუთით ადრე, რამის დანაშაულის ადგილზე, ადამიანის სახელის თქმა, დამეთანხმეთ, რაღაც სიგნალს უნდა უტოლდებოდეს. ქალი, რომელიც მალავს თავის სასიყვარულო ურთიერთობებს, უცხო მამაკაცის თანდასწრებით მისული საყვარლის სახელს ასე ჰაიჰარად არ გაასაჯაროვებს. თუნდ ისიც დავუშვათ, რომ ეს კაცი მკვლელი არ ყოფილა და მართლა მეზობელი იყო (რაც საკმაოდ ძნელად დასაჯერებელია), მაინც ერთ დასკვნამდე მივდივარ. ქალის მიზანი შემდეგი იყო. ამ „მეზობელს“ დანამდვილებით უნდა სცოდნოდა და დაემახსოვრებინა, რომ დიანასთან სწორედაც ვინმე გურამი მივიდა.
და მეოთხე, ექიმო… სროლისთანავე, დიანამ თქვა, რომ „ჯუმბერა“ მოკლეს. საიდან უნდა სცოდნოდა მას, რომ „ჯუმბერას“ ემუქრებოდნენ, რომ ასეთი დაუნდობელი მტრები ჰყავდა, რომ მოკვლას უპირებდნენ თუ ა. შ.? საიდან? მაშინ ხალხი სულ ისროდა, თოფს, „იარაღს“, მაგრამ ამხელა კაცის მკვლელობა თავში აზრად ეგრევე როგორ უნდა მოგივიდეს თუ სულ ამ ფიქრში არ ხარ?!
საიდან ასე ხელაღებით და პირდაპირ? „მოკლეს“-ო!..
რა ვიცი, მგონი ეგ არის, რაც მინდოდა მეთქვა. მეტს ვეღარაფერს ვიტყვი…
და, რაც მთავარია, რომ არ დამავიწყდეს…
ამ ქალის კვალი ერთი-ორ წელიწადში სრულიად გაქრა. სრულიად, ექიმო!
ამბობდნენ, სადღაც შორეულ სოფელში გათხოვდაო, ვიღაც ასაკიან კაცს გაჰყვაო.
მერე ვიღაცეებს ეს ოჯახი დაუყაჩაღებიათ; ქმარი გაკოჭეს, ფული წაართვეს, ეს დიანა კიდევ სახლიდან გაათრიეს. ერთი ადგილობრივი ქალი მიყვებოდა: „საშინლად წიოდა, როცა მიათრევდნენ“…ზოგმა დაღესტანში გადაიყვანესო, ზოგმა – შეიძლება მოკლეს და სადმე ტყეში მიაგდესო. მას შემდეგ არაფერი მსმენია დიანას შესახებ…
გურამმა თავზე ხელები დაიდო და დადუმდა.
გაბრუებული პროფესორი ფარნაოზიშვილი თავისთვის აღიარებდა, რომ კიდევ ცოტა ხანიც და გურამის პარანოიდალური ლოგიკის ღრუბელი ექიმის მიუკერძოებელ გონსაც დაიქვემდებარებდა.

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: