მოთხრობების ციკლი "მგონი, დავიღალე"

რაინდობა თანამედროვედ


„თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.
ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე.
იყო საღამო, იყო დილა – პირველი დღე…“
წმინდა წერილი
(წმინდა წერილი, ძველი აღთქმა, დაბადება 1:1)

წმინდა წერილი

წმინდა წერილი

f7db7453-8927-4ec0-a810-240b166de5a6სკოლაში, შეიძლება, ოჯახებშიც, იმგვარად ჩაგვაგონებენ და წეს-ჩვეულებადაც გვიყალიბებენ, რომ როდესაც მობილურ ტელეფონზე შემომსვლელი ზარი ფიქსირდება, აბონენტს უთუოდ მართებს პასუხის გაცემა. ასეთ რაღაცეებს უფრო დაჟინებით ქოლ-ცენტრებში, ან კლიენტის ეფექტური მომსახურების სემინარებზე ითხოვენ.
უპასუხებ თუ დააიგნორებ,
არ უპასუხებ თუ არ დააიგნორებ,
ერთდროულად არც უპასუხებ და არც დააიგნორებ
– მთლიანობაში მაინც საინტერესო შეგრძნება უნდა იყოს –
მაინც გიწევს შენი შინაგანი შფოთვების ცარიელ ქვევრში ჩახედვა-ჩანათება.
გიწევს იმისათვის თვალის გასწორება თუ: რარიგ გწადია ერთობ მოსწყდე-გაითიშო ყოფიერებისაგან, როგორ გიკაწკაწებს კბილები მოუთმენლობისაგან, რომ ბაგეებიდან მორიგი უტიფრობა და სისულელე წამოროშო, როგორ გჭამს მოუსვენრობა გადატყორცნო ეგ შენი ქამელეონის ენა ფიზიკურ სიმაღლეზე სამჯერ უფრო მეტ მანძილზე და მერე უძირო და უსაფუძვლო რეფლექსს ჩაჰყვე-ჩაეთრევინო: „რეკავენ, უნდა ვუპასუხო, რა ვქნა აბა?!“.
ხომ მოგეხსენება, რომ ის “დამრეკი” უბრალოდ კი არ გირეკავს, არამედ მეოთხე ზარიდან მომთხოვნელობის ტონს ფორსირებულად უმატებს, შარდის ბუშტი და ნესტოები ერთდროულად ებერება (თუ შეგიმჩნევია, ზარსაც ეტყობა ხოლმე), რაღაცას ლამობს, საჭიროებს და გიგანტური კოლაიდერივით შენგან რომელიღაც ატომებს ისრუტავს, ელექტრონებს გაცლის, „გაიზოტოპებს“ და საბოლოოდ „რადაიქტურს“ გხდის!
თუ შეგიმჩნევია, „დამრეკთა“ („მრეკთა“ თუ „მრეკავთა“) დაუწერელი მოლოდინი და სურვილი პირადად შენ, სწორედ რომ შენ, გარდაგსახავს; ხან გამცრობს, ხან გაორკეცებს, ხან კი ყოვლად საშუალო არითმეტიკური ხდები. შენც წინდაწინვე იცი, რომ ადამიანურ სოციუმში რაღაცა მაინც პრანჭვა-გრეხვის გარეშე, ეგრევე, უნდა დათმო – უფრო მეტი რომ არ გაგიხდეს დასათმობი; ვიღაცას უნდა აჰყვე-გაჰყვე, რომ მერე იგი სადევნ-საძებნი არ გაგიხდეს.
ასეა თუ ისე, ამ ყველაფრის არც დაწერა დამჭირდებოდა და არც აღწერა, ნაზიკოს იმ დღეს უცხო ნომრიდან შემოსული ზარისათვის რომ არ ეპასუხა და თავისი ყოველდღიური საქმიანობა ყველაზე უფრო საშუალო ქართველი გოგონასავით კვლავაც გაეგრძელებინა. მოხდა ისე, რომ ვიღაც, ყოვლად უცხო, ჯიუტად, და, თანაც, პედანტური მოთმინებით შეიარაღებული, ექვსი წუთის განმავლობაში ნაზიკოს ტელეფონს აწრიალებდა და ყიზილბაშივით აწიოკებდა. ადამიანის მიერ გამოგონილ მრავალ ენათა შორის (პანტომიმა, პიქტოგრამები, მიმიკა და ჟესტიკულაცია, ინტონაციური სიგნალების მთელი კომპლექსი), ალბათ, სატელეფონო ზარები რაღაცით მორზეს ან საზღვაო სემაფორულ ანბანებს წააგავს. გვარიანი ღწვისა და მეცადინეობის შედეგად, წესით, შესაძლებელი უნდა იყოს, მხოლოდ სატელეფონო ზარის მეშვეობითაც „დამრეკის“, როგორც, ფსიქოლოგიური ტიპის დადგენა, ასევე ნაწილობრივი პიროვნული გაშიფვრაც. მაგალითად, რამდენ ზარს „უშვებს“, რამდენი ხნის ინტერვალით რეკავს ხელმეორედ, აყოლებს თუ არა მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ან რეკავს სახლისა თუ სამსახურის სატელეფონო ნომერზე, რა შორისდებულით ან სიტყვით იწყებს კომუნიკაციას („აააა“, „ბბბბ“, „გგგგ“, „დდდდდდ“, „ეეეე“, გაააამმმმაარჯობა“, „ალლლლლოუ“, „ხრხრხრ“ და ა. შ.). ამ ყველაფერს ისიც დავუმატოთ, რომ თავად კაც-აბონენტიც მობილური ქსელში ჩართვით უკვე ქმნის მოლოდინების საკუთარ ნაკადულს და თავადაც გააჩნია პირადი, თითქმის უტყუარი წინათგრძნობა, ვისგან უნდა შემოვიდეს ან შემოდის ესა თუ ის ზარი.
…როდესაც უცხო ნომრის ჭირვეულობა მართლაც არა უბრალოდ შემაწუხებელი, არამედ ბედკრულად თავგანწირული გახდა, ნაზიკომაც დასძლია შინაგანი უნდობლობა და უპასუხა. ხაზზე ასაკიანი ქალბატონი იყო, როგორც აღმოჩნდა მიმწოლიც, ალერსიანიც, მეურნეც, სიტხვაუხვიც და მზრუნველიც. თუმცა ეს ყველაფერი ნაზიკომ მოგვიანებით გაიაზრა, მანამდე კი მის სმენას ბადაგივით ტკბილი სალამი მოეფინა.
– ალო, ნაზიკო, შენ ხარ, გენაცვალე?
– დიახ. გისმენთ!
– როგორ ხარ, ნაზიკო, ჩემო სიცოცხლე?! რამდენი ხანია მინდოდა შენთან დაკავშირება და საუბარი, ჩემო მზეთუნახავო!
ბადაგი სანთელივით შემდგომი ათი წუთის განმავლობაში ღვენთავდა და თანდათან ნაზიკოს სამყაროს გამაბრუებელი ფერები ეფინებოდა.
– უკაცრავად, ვინ ბრძანდებით? – ძლივს-ღა იკითხა ნაზიკომ.
– ნაზიკო, გენაცვალე. მე ლია მ…-ძე ვარ. ეხლა შაბათს გნახე აბაშიძეებთან, ქორწილში… და სიმართლე გითხრა, აღტაცებული ვარ შენით. რა მიხვრა-მოხვრა! ეს ცეკვა, ხომ საუცხოო, ღვთით ბოძებული ნიჭი გაქვს! ტანადობა, თლილი თითები, ქალური მკერდი… საოცარი გოგო ხარ, ხომ გეუბნები – ქვეყნის თვალი ხარ!..
– გმადლობთ… – დაიბნა ნაზიკო.
1370642722_matx21– …მაგრამ ეს რომ გავიაზრე რა მომივიდა იცი?! თავს ანგარიშს ვეღარ ვაძლევდი… ესევე მივედი ნათელასთან და ვუთხარ: „გოგო, ეს ბავშვი ვინ არის?“-თქო. „მე რატომ არ უნდა ვიცნობდე, ესეთი ლამაზი გოგო, რომ შენს საახლობლოში არის და ტრიალებს“… ძალიან ვუსაყვედურე და რამის ბოდიშიც მოვახდევინე… – ჩაიკისკისა ქალბატონმა ლიამ. – ასე ხომ არ შეიძლება-თქო, მე ვუთხარ, განა მეგობრები არ ვართ?!
ნაზიკო იმდენად გაბრუვდა, რომ უკვე აღარ იცოდა – რა უნდა ეპასუხა დედის ასაკის ქალისათვის, რომელიც ურეკავდა და ფირდოუსივით უტკბილეს ხოტბას ასხამდა. ქალბატონმა ლიამ შეამჩნია გოგონას დაბნეულობა და უფრო კონსტრუქციულად განაგრძო.
– …ვეუბნები ამ ნათელას…, ქალო, იცი, რომ ჩემი ლაშასათვის სწორედ ასეთ გოგონას ვეძებ. და ერთი პირით არ უნდა მითხრა-მეთქი?! ნუ, შენც გამიგე, ნაზიკო, შვილო! თუ მეგობრობაა, მე ასე მესმის. და ახლა თუ მარტო ქორწილებში უნდა ვეახლოთ ერთმანეთს ან ეს ოქრო-ბრილიანტი და ლიტონი სიტყვები მივაყაროთ, მე ეს ახლობლობად არ მიმაჩნია. ხომ მეთანხმები?!
ქალბატონმა ლიამ ამოიოხრა, სოკრატული მეთოდის დაგვირგვინებას დაელოდა (როდესაც ადამიანს რამდენიმე „დიახ“ უნდა ათქმევინო და მერე განაგრძო მისი მოთაფვლა), და ისე, თითქოს ძალიან უჭირდა თემის ძირითად ნაწილზე გადასვლა, რამდენიმე ხანს შეყოვნდა.
– შვილო, ნაზიკო… მე სულ არ მაინტერესებს ვინ როგორ აგვარებს საქმეებს და ვინ რას იტყვის ჩემს საქციელზე. მაგრამ, მე მინდა, რომ ჩემს შვილს ძალიან ღირსეული და პატიოსანი ქალი უმშვენებდეს გვერდს. და მე თუ არ ვიზრუნე, ამას სხვა ხომ არ გააკეთებს?! ხომ ასეა?! და რატომ მინდა იცი, რომ სწორედაც ღირსეული და პატიოსანი ქალი ედგეს? იმიტომ არა, რომ მას ურთიერთობა და კომუნიკაცია უჭირს!!! ღმერთმა დამიფაროს!
ეს სასაცილოა უბრალოდ! იმიტომ მინდა, რომ ჩემი ლაშა თვითონაც შენისთანა არაჩვეულებრივი ადამიანია! აი ხომ გახსოვს „ვეფხისტყაოსანში: „…მისსა ნახავსა ნახული აღარა მოეწონების; თვალნი მჭვრეტელთა ვით მზისა ციაგსა, დაეღონების…“ თითქოს აცხადდა ეს სიტყვებიო!!! ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია! დრო ხომ მოვა და გაიცნობთ ერთმანეთს… მერე დამეთანხმები და გამიხსენებ; ეგრევე „ვეფხისტყაოსნის“ ტარიელი გაგახსენდება. სულ სხვანაირი ბიჭია! კაცია, კაცი! განა იმიტომ რომ ჩემი შვილია?! არა! შენ თვითონაც ნახავ, რომ საერთოდ სხვა ადამიანია…
ძალიან… ასეთი მოზომილი, ტაქტიანი, თავდაჭერილი, ზრდილი… ნამდვილი ჯენტლმენი! პოეზია უყვარს, ლექსები იცის – ცაში აგაფრენს… თან როგორი ემოციურია! აუუუჰ! გარეგნულად ისეთია, ნუ ერთი სული გაქვს… გინდა უყურო და უყურო.. იმიტომ კი არა, რომ ჩემი შვილია, ნაზიკო! არა, უბრალოდ ასეთი არისტოკრატია! მაღალი, ბრგე, მხარბეჭიანი, შავგრემანი, კლდესავით მამაკაცია. აი კლდე ხომ გინახავს? აი, მე მაგალითად, დოლომიტების მთებს ვადარებ… უი, სულ დამავიწყდა! რაც მთავარია! სპორტსმენია… ძიუდო კი არა და კიკბოქსინგი ხომ გაგია?! „კაადინსაც“ ეძახიან! ხომ გსმენია – ყველაზე-ყველაზე პრესტიჟული ტურნირებია ამ საბრძოლო სახეობებში… კარატე და რამე ესეთი სულ არაფერია მაგასთან შედარებით! ძაან ვაჟკაცური სპორტია. აი, მართლა მებრძოლებისა და დევ-კაცების ასპარეზი! ჰოდა, ეხლა ჩამოვიდა თურქეთიდან, ლაშა-რა… და ჩემპიონი მყავს, წარმოიდგინე! დედა ენაცვალოს, ოთხი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი დაუმარცხებია, მაგ გადარეულს და ყველა ნოკაუტით! ხო, გეუბნები, დედიკო, მართლა დიდი ვაჟკაცია, მართლა ძაან დიდი! და მთელი საძმაკაცოსა და სადაქალოს თვალის ჩინი და სიამაყეა. მთელს უნივერსიტეტს აბოდებს, ხომ გეუბნები! თან არ დაგავიწყდეს – იურიდიულზე სწავლობს. და ისე კი არა – როგორღაც… პროტექტორობით ან ფულებით… ჩვენ ეგრევე, როცა ჩაირიცხვა (და შენ ესეც უნდა იცოდე, რომ ლაშა თავიდან ბოლომდე თავისით ჩააბარა), ესეთი პირობა დავუდეთ… შვილო, დედიკო, მე ვუთხარ, ან ერთი აირჩიე ან მეორე… რომ რაღაც ცუდად არ გამოვიდეს-თქო… და მითხრა „დედა! მე ვივარჯიშებ კიდეც და ვისწავლი კიდეც! გჯეროდეს ჩემი!“..
ხან მიკვირს კიდეც, ეს ამერიკის პრეზიდენტივით შვილი თუ მე გავზარდე… შემომეხვევა ხოლმე, ჩამიხუტებს ამ დევივით მკლავებში და ვივსები, ვივსები, გულში ისეთი სითბო მეღვრება… ცრემლები წამომივა, მახსენდება, როგორი ერთი ბეწო-იყო… ჩემი ფიქრი, სიცოცხლე და სადარდებელი იყო: რა გზას დაადგება, როგორი ადამიანი აღიზრდება… და აი… ეხლაც მინდა, რომ ის სწორი გზა სწორად გაგრძელდეს.
გაფიცებ, სწორად გამიგე-რა, ნაზიკო! ხომ გესმის, შვილო ჩემი?
– კი, ქალბატონო, მესმის… – ჩაილაპარაკა ნაზიკომ.
– ხოდა, მინდა გთხოვო, რომ უბრალოდ ერთმანეთი გაიცნოთ. ჯერჯერობით გაისაუბროთ, მერე კი უფრო ახლოს გაიცნობთ, ალბათ, ერთმანეთს, ეს თქვენი საქმეა. ამაში ცუდი არაფერი ხომ არ არის? ახალგაზრდები ხართ, რა იცი რა ხდება! იქნება მოგეწონოთ ერთმანეთი, დამეგობრდეთ, უფრო სხვანაირად დაახლოვდეთ, იქნება ერთმანეთში აი ის სხვა რაღაც, სულის სიმები, აღმოაჩინოთ. თან მე ხომ ვიცი, რომ შენ და ლაშა… ძალიან პატიოსანი და წესიერი ბავშვები ხართ. შვილო, დამიჯერე, მე ხომ ცოტა მეტი მიცხოვრია, ცოტა მეტი ვიცი თქვენზე და უფლებაც მაქვს ბავშვები გიწოდოთ. თქვენნაირმა ადამიანებმა ერთმანეთი თუ არ ნახეს, და არ იპოვეს, არ აღმოაჩინეს, იცი, შეიძლება ბოლოს ისეთი (ნუ არ მინდა ვთქვა), მარა ვიღაც უზნეო დეგენერატებს გადაეყაროთ-რა… არ მინდა, ფიქრიც კი არ მინდა, მაგრამ, თქვენნაირ ლამაზ ადამიანებზე ნადირობენ, შვილო!.. ბოდიშს ვიხდი-რა, ზედმეტი მომდის, მარა ასეა. იმდენი რამე გამოვიარე, ნაზიკო, დედი, და ვნახე… პატიოსანმა ადამიანებმა ერთმანეთი უნდა იპოვოთ, დააფასოთ, ხელისგულზე ატაროთ, გენაცვალე!
ეს ცხოვრების კანონია… მე მინდა, რომ შენც ძალიან ბედნიერი იყო, შვილო. აი, ხომ ნახავ ლაშას, ხომ გაიცნობ და მიხვდები, რამდენად მართალი ვარ და ოდესღაც მადლობას მეტყვი…
– დიახ, ქალბატონო… – ნაზიკო გრძნობდა, რომ თავში არანაირი აზრი აღარ მოსდიოდა ანუ სრული ჰავაური ტრანსი დასდგომოდა.
– შენ რამე საწინააღმდეგო ხომ არ გაქვს, რომ გაიცნოთ ერთმანეთი? ეს ეხლა მე მის დაუკითხავად, ისე, ჩუმად, გირეკავ, თორემ მერე დანარჩენი თქვენი საქმისა თქვენ იცით. მხოლოდ შენ და ლაშამ უნდა გადაწყვიტოთ რა და როგორ… ისიც, ნახავ, როგორი არისტოკრატია – დახვეწილი, ძალიან აქტიური პირივნებაა. როგორ მინდა იცი, რომ ეს თქვენი ურთიერთობა აეწყოს და გამოვიდეს…
– კი, მესმის, ქალბატონო ლია… – უპასუხა ნაზიკომ და თან იგრძნო, რომ სხვა რამის თქმა ერჩია.
– გაიცანით, შვილო, ნაზიკო, ერთმანეთი… კარგი?! და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, იმეგობრებთ თუ არა. კარგი?! წინააღმდეგი ხომ არ ხარ?!
ნაზის რამე საწინააღმდეგოც რომ ჰქონოდა, მაინც ვერ შეძლებდა ამ ყველაფრის სიტყვიერ ფორმულირებას, ამიტომ, როგორც ხშირად იქცევიან ადამიანები ასეთ შემთხვევაში, ადგა და დათანხმდა.
– არა, არ მაქვს…
– მაშინ, შვილო, ეს ამდენი ლაპარაკი ისე რომ არ დამრჩეს, ჰაერზე რომ არ იყოს-რა, ხომ ხვდები… რაღაც უნდა მოვიფიქრო, რომ თქვენ დაგამეგობროთ… ისე ინტერნეტშიც არის ჩემი ლაშუკა. „ფეისბუქი“ შენც ხომ გაქვს?
– დიახ…
– იქ შეგიძლია მოძებნო, შვილო, ნაზიკო! ლაშა მოგელაძე. აბა ნახე, ჩემო მშვენიერო, თუ ახლოს ხარ კომპიუტერთან. თქვენ ახალგაზრდები სულ კომპიუტერთან ზიხართ – ახლა ისეთი დროა…
ნაზიკო მოჯადოებულივით ლეპტოპს მიუჯდა, გახსნა „ფეისბუქის“ გვერდი და საძიებო ფანჯარაში აკრიფა „ლაშა მოგელაძე“.
– ქალბატონო, აქ ძალიან ბევრს მიგდებს…
– როგორ თუ ბევრს?
– ნუ, ძალიან ბევრი „ლაშა მოგელაძე“ ყოფილა საქართველოში და რომელი იქნება? როგორ ვიცნო?! რამე დამახასიათებელი, ან ჩასაცმელი…
badr_hari_by_edylici-d4hot4u– ვაიმე, შვილო, ნაზიკო. ხომ გეუბნები, ყველაზე ლამაზი და ტანადი, რომელიც არის, ეგ იქნება ჩემი ლაშა, აბა ნახე… ხომ გაიცნობ, და დარწმუნდები, რა ბიჭია… და მერე გამიხსენე, ლია დეიდა-თქო, მადლობა შენ რა ოქროს ბიჭი შემახვედრე… ყველაფრით ოქროა: ვიზუალით, ვაჟ-კაცობით, სიბრძნით ტოლს არავის დაუდებს…
– დიახ, კარგით… ეხლა ვერ ვერ ვიგებ, უფრო სწორედ ვერ ვპოულობ… და ცოტა მოგვიანებით ვნახავ. – იმართლა თავი ნაზიკომ, თითქოს დაგებული ხაფანგიდან თავის დაძვრენას ლამობდა.
– კი, შვილო, ნახე მერე აუცილებლად. თქვენ ხართ ახალგაზრდები და თქვენი დროა ახლა… მე მეტს აღარ შეგაწყენ თავს და ლაშასაც აუცილებლად ვეტყვი, რომ შეგეხმიანოს, გაგიცნოს და იმეგობროთ. კარგი, ნაზიკო, ხომ თანახმა ხარ?
– კიი…
თანხმობა, რომელიც ნაზიკომ გამოხატა, რაღაცით თრგუნავდა და თან დისკომფორტის გრძნობას უქმნიდა. იგი ცოტა ხანს „ფეისბუქში“ ბუდარაობდა, მექანიკურად აკლიკებდა ლაშა მოგელაძეების ფართო ასორტიმენტს და ბოლოს დაღლილმა და რაღაცით გაღიზიანებულმა ყველაფერი ერთნაირად გამორთო და ტელევიზორს მიუბრუნდა.
ოცდაოთხმა საათმა ისე გაიარა, რომ ნაზიკოს დროდადრო ქალბატონ ლიასთან გასული საუბრის ფრაგმენტები რიკოშეტივით აუსხლტებოდა და, რა თქმა უნდა, თავს ამოყოფდა ხოლმე საოცარი ლაშას აღწერილობით. ნაზიკომ საკუთარი თავი იმაზე დაიჭირა, რომ ქალბატონმა ლიამ ამ ახოვანი ყმაწვილის წერილის მიღების მოლოდინი ჩაუსახა. მოლოდინი კი მოგეხსენებათ, საკმაოდ მაცდური და საშიში რამაა. მას შეუძლია ნებისმიერი პიროვნება დააბეჩაოს და გააბრიყვოს, მოკაკვოს მისი ნებისყოფის რკინა და მოუთმენლობის საცოდავ მსხვერპლად აქციოს. ნაზიკომ ისიც აღმოაჩინა, რომ ამ დღე-ღამეში, ალბათ, უკვე მეასედ, „ფბ“-ს საკუთარი გვერდი გულის თრთოლვით და რეფლექტორულად ხან ტელეფონიდან, ხან კომპიდან იმიტომ გახსნა, რომ ლაშას გამოგზავნილ ვირტუალურ მეგობრობას ელოდა. გაუცნობიერებლად, მას, ალბათ, სატელეფონო ზარის ან მოკლე ტექსტურ შეტყობინების მიღების ვარიანტიც უტრიალებდა აზრად. თუმცა ბედის ირონიით იმ დღეს „ფბ-კაცუნების“ სიმბოლოზე ციფრი „1“-ც კი არ ანთებულა! მაშინ როდესაც ყოველდღიურად უამრავი ბიჭი თუ მამაკაცი ნაზიკოს მეგობრად ამატებდა და გულისამაჩუყებელ შეტყობინებებს სწერდა, ამ საღამოს ეს უცხო რაინდები გაყუჩდნენ. თავის მხრივ კი აღთქმული ლაშა დუმდა, ინკოგნიტოდ რჩებოდა და ვგონებ, გამოჩენასაც არ ჩქარობდა.
გამთენიისას ნაზიკოს საკუთარი გონებიდან (კლუბის „ვიშიბალასავით“), ერთი უმართავი ფანტაზიის რამის წიხლისკვრით გამოგდება მოუწია. ამ საამურ ოცნებაში ლაშა და ნაზიკო ახლად შეუღლებულები იყვნენ და ნეფეს დედოფალი, საქორწინო მოგზაურობის ნაცვლად, მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულისათვის გადამწყვეტ ბრძოლაზე დასასწრებად მიჰყავდა („კიგბოქსინგი თუ „კაადინი“, თუ რას ეძახდა ერთი ლია???“ სხვათაშორის, ნაზიკომ შეისწავლა ეს „კაადინი“ „ვიკიპედიით“ და საკმაოდაც მოეწონა!). ნაზიკო ხედავდა, თუ როგორ იჯდა პარიზის აბობოქრებული სპორტის სასახლის წინა რიგებში და გული უფანცქალებდა ლაშას შერკინების მოლოდინში. ყმაწვილს რაღაც მსუბუქი ტრავმა მიეღო და ჯერ კიდევ გუშინ, თავად ნაზიკომ, ამ თლილი და საყვარელი თითუკებით, ქმარს მსუბუქი მასაჟი ჩაუტარა, თბილად შეუხვია და ძალიან-ძალიან მოეფერა. ბუნებრივია, ეს მხოლოდ უკონტროლო წარმოსახვები იყო, რომლებიც ბომბავენ ადამიანის ცნობიერებას, როცა გარესამყაროდან უცხოს ხელი რაღაც მეტისმეტად მგრძნობიარეს ხვდება. რა თქმა უნდა, ნაზიკო ამ ფანტაზიებს თავისგან შორს ერეკებოდა, თუმცა ეს ზმანებები მისი დაბარებულები არ ყოფილან და ამიტომ წასვლითაც გოგონას ნებას არ დასჯერდებოდნენ.
ყურადღებიანი მკითხველი, ალბათ, შეამჩნევდა, რომ ოცდაოთხი საათი შემთხვევით არ გვიხსენებია. ამ დროის გასვლის შემდეგ, ნაზიკოს მართლაც დაურეკა ლაშა…
-ს…




მ.
ანუ ეს კვლავ ქალბატონი ლია იყო!
მანდილოსანი დაინტერესდა „აბა რამე ხომ არ ხდებოდა (ან ხომ არ მომხდარა) ლაშასა და ნაზიკოს შორის“. როდესაც გოგონამ უპასუხა, რომ ლაშა არ შეხმიანებია, ქალბატონმა ლიამ უხეშად ჩაახველა. როდესაც ნაზიკომ თქვა, რომ სმს არ მიუღია, ქალბატონი ლია საეჭვოდ დადუმდა. და ბოლოს როდესაც, ქალიშვილმა უთხრა, რომ ვერ გაეგო, რომელია საძიებო „ლაშა მოგელაძე“ (რადგან, ვინც „ფბ“-ზე არის, ყველა ნორმალური გარეგნობის ბიჭია, თითქმის ყველა ახალგაზრდაა და არ აქვს მითითებული საქმიანობის სფერო), ღვაწლმოსილი მანდილოსანი შეშფოთდა და, ცოტა არ იყოს, შენიშვნაც კი მისცა ნაზიკოს.
– კარგი-რა, შვილო-ნაზიკო. ხომ იცი ეს ბიჭები როგორები არიან (ქალბატონმა ლიამ აღარ დააზუსტა თუ როგორები!)! მაგრამ ჩემი ლაშა ძალიან დაკავებულია და შეიძლება რაღაც მიზეზი ჰქონდა, თორემ გუშინვე დამპირდა, რომ აუცილებლად შემოვიდოდა და დაგამატებდა. იქნებ შენ რაღაც გამოგრჩა, ან წაშალე… შემთხვევით… ნუ რა ვიცი. ხომ ხდება, არა?! ძალიან გთხოვ, ყურადღებით იყავი და კიდევ ერთხელ გადახედე. რა იცი, რა ხდება, ან იქნებ მართლა ვერ შეამჩნიე…
მსუბუქი გაღიზიანება, რომელიც ზრდილობამ შებოჭა, ყელს მოადგა ნაზიკოს.
– ქალბატონო ლია…
– მესმის, შვილო, თქვენს ასაკში მეც ვყოფილვარ… – შეაწყვეტინა ქალბატონმა ლიამ, თუმცა აღარ გააგრძელა თუ რა იგულისხმა ნაზიკოსა და ლაშას ასაკში ყოფნასთან დაკავშირებით. – ამიტომ მე დღეს კიდევ გავარკვევ რა ხდება და ხვალ კიდევ დაგირეკავ… კარგი?
– კარგით!
მკითხველი, რასაკვირველია, უკვე უნდა მიხვედრილიყო, რომ გადაუდებელი და მნიშვნელოვანი საქმეებით დახუნძლული ლაშა (იგი მორიგი ტურნირისათვის ემზადებოდა!) ამ დღესაც ვერ დაეკონტაქტა ნაზიკოს. ხოლო ქალბატონმა ლიამ მომდევნო (ანუ საერთოდ ჯამში მესამე) დღეს კვლავ დაურეკა უკვე გვარიანად უკმაყოფილო გოგონას, გაარკვია საქმის ვითარება, მაინც, ახლა უფრო შედარებით მსუბუქად, წაკბინა, და შემდეგ გაუბა საუბარი ეზოს ყვავილებზე. როგორ უყვარდა, უვლიდა, რამდენი და სად ჰქონდა დარგულ-დათესილი ეს მაგნოლიები, პეტუნიები, ბეგონიები, ნარგიზები, იასამნები, ქრიზანტემები, ორქიდეები, ვარდები, ბუჩქები, ხეები და ა. შ. ყვავილების და, საზოგადად, მცენარეული სამყაროს შესახებ ქალბატონ ლიას ბევრი რამე გაეგებოდა და „პლიუს ამას“ სურდა, რომ მის „სარძლოსაც“ სცოდნოდა ესეთი დეტალები და გარკვეული ყოფილიყო იმაზე თუ რას ანიჭებდა უპირატესობას ცხოვრებაში, და რა სტილის იყო მისი მომავალი „მეორე დედიკო“.
მეოთხე დღეს ქალბატონმა ლიამ სრული აღშფოთება გამოხატა ლაშას უპატივისცემლობით ქალების მიმართ და თქვა, რომ ამას ასე არ დატოვებდა და ვაჟის ყოფაქცევას სერიოზული რეაგირება მოჰყვებოდა. ეს დღეს ამ არაორდინალურმა მანდილოსანმა მზეზე და მთვარეზე ისაუბრა. მან გამოკვეთა ადამიანის როლი პლანეტა დედამიწის ცხოვრებაში. ბევრი ილაპარაკა საერთოდ გრავიტაციაზე, მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მნიშვნელობაზე კაცობრიობისათვის და გაკვრით შეეხო ადამიან-მზეების საკითხს. ქალბატონმა ლიამ ნაზიკოს ამცნო, რომ ლაშა და მისი, აწ უკვე მესამე შვილი, ნაზიკო (რადგან უკვე შვილივით აღიქვამდა გოგონას და სხვაობის დანახვა უჭირდა), ერთმანეთისათვის როგორც მზე და დედამიწა ისე უნდა ყოფილიყვნენ; ხან ერთ გვერდი, ხან მეორე უნდა დაეთბოთ, ესაზრდოვებინათ და ერთმანეთის ამაგდარები ყოფილიყვნენ.
მეხუთე დღეს ქალბატონმა ლიამ ნაზიკოს გულიან ხუმრობაზე, რომ ლაშა რაღაც „ვეფხისტყაოსნი“-ს ტარიელივით არ ჩანს, იმალება და გოგონას უკვე რამის მითიური პერსონაჟი ჰგონია, მოაწყო ვრცელი ექსკურსი ლაშას ბავშვობაში. მან გაიხსენა ლაშას გატაცება ცხოველებით (საკუთარი ცხენი ჰყავს იპოდრომზე… და სოფელშიც ორ ულამაზეს ბედაურს უზრდის ბაბუამისი). ოჯახში ამჟამად კანი-კორსო ჰყავთ (რომელსაც უკვე უყვარს ნაზიკო!), ბავშვობაში კი უამრავი ძაღლი ჰყავდათ – ნაგაზი, პოინტერი, ბულტერიერი, ჩი-ხუა-ხუაც. ქალბატონი ლია გიჟდება კატებზე, თუთიყუშებზე, ზღვის გოჭებზე, კუებზე. ამასთან ერთად აკვარიუმი აქვთ – ზალის მთელი კედელი უკავია!
ნუ აი ყველა ცხოველი უყვარს ძალიან! და, რა თქმა უნდა, გიჟდება მტრედებზე… ბეღურებისა და ბულბულებისათვის კი აივანზე სპეციალური საკენკი მოაწყო. ეს დღე ქალებმა ძირითადად ცხოველებსა და ფრინველებზე საუბრებს დაუთმეს. ახსენეს „ნეტ გეო უაილდი“, ლომის პრაიდის ნადირობის სცენები, ის თუ რარიგ ელვისებრია გეპარდი. ისაუბრეს აგრეთვე დათვის ბელებზე, რომლებიც 2 კვირით პატარა ლაშიკოს მამის მეგობარმა მონადირეებმა მოუყვანეს. ცხოველებზე ლაპარაკმა „რძალ-დედამთილი“ (მომავალი შეგნებულად უკვე გამოვტოვე!) საკმაოდ დაახლოვა და მათ რაღაც სულ სხვა სითბო, ჰუმანიზმი და სივრცე აპოვნინა ერთმანეთში. ურთიერთობების ყინული იმდენად გალღვა და ქალბატონ ლიას იმდენად მოულბა გული, რომ დაჰპირდა: იგი ლია ლია არ იქნებოდა თუ ხვალვე, მეექვსე დღეს, ყველაფერს არ გააკეთებდა და ნაზიკოს აუცილებლად, უპირობოდ მოუვლენდა კაცს, ხატს ღვთისას და მისსა მსგავსსა, ანუ მოუხელთებელ ლაშას!
უსათაურომეექვსე დღე რაღაც კუთხით უდაოდ ფატალური იყო, რადგან ისტერიულად ატირებულმა ქალბატონმა ლიამ დაურეკა ნაზიკოს და აცნობა, რომ „კაცისქმნის“ ოპერაცია ჩაიშალა. ლაშა იმ დილით მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა და პარიზის „Palais omnisports de Paris-Bercy“-ში, სადაც თავის წონაში გადამწყვეტი ბრძოლის გამართვა ლეგენდარულ ბადრ ჰარისთან მოუწევდა. მეუღლესაც და დედასაც მან ქვეყანა და ნამუსი ჩააბარა, სრული გულშემატკივრობა დაავალა, რაც გულისხმობდა ერთმანეთს შორის უთბილესი ურთიერთობების შენარჩუნებას, სისტემატურ ლოცვას, სანთლების დანთებას… და, რა თქმა უნდა, ლაშას ოჯახში შეკრებას და პირდაპირი ეთერის დროს გუნდურ გულშემატკივრობას.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

2 thoughts on “რაინდობა თანამედროვედ

  1. სოსო ვინა ხარ შენ, მაგარია “მშვენიალური”დასასრული აქვს 😉 😁 😁

    Posted by Mariam (Maia) | ივნისი 30, 2016, 12:13 PM

  2. https://polldaddy.com/js/rating/rating.js🙂 გაუგონარი, მაგრამ გასაგებია :)))))

    Posted by მარიამი | მაისი 1, 2017, 9:23 PM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 148,638 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: