მოთხრობების ციკლი "მგონი, დავიღალე"

“რაღაც სხვა”


„…(2). ევრისთევსმა ჰერაკლეს მეორე საგმირო საქმედ ლერნეის ჰიდრას მოკვლა მიუჩინა. ეს ჰიდრა, რომელიც ლერნას ჭაობებში გაიზარდა, საძოვრებზე და ნათესებზე გადადიოდა და მიმდებარე მიწა-წყალს მუსრს ავლებდა. მას უზარმაზარი სხეული და ცხრა თავი ჰქონდა, საიდანაც რვა მოკვდავი, ხოლო შუა, მეცხრე – უკვდავი იყო. ჰერაკლე საომარ ეტლზე ამხედრდა, რომლის მესაჭე იოლაოსი იყო და ლერნაში ჩავიდა. ცხენები იქვე დატოვა და ჰიდრას სადღაც ამიმონეს წყაროსთან, გორაკზე მიაგნო, სადაც ჰიდრას ბუნაგი იყო. ჰერაკლემ ცეცხლოვანი ისრებით გველეშაპი აიძულა თავშესაფრიდან გამოსულიყო და დაუნდობელი ბრძოლის შემდეგ ურჩხული შებოჭა. ჰიდრა გმირს ფეხზე შემოეხვია. ჰერაკლე კომბლით აცლიდა ურჩხულს თავებს, მარა ვერაფერი მოეხერხებინა, ყოველი ახალი თავის ნაცვლად უმალ ორი ახალი ჩნდებოდა. ჰიდრას საშველად ერთი უზარმაზარი ჭაობის კიბორჩხალა გამოძვრა და ჰერაკლეს ფეხზე უკბინა. ამიტომ ჰერაკლემ, მას შემდეგ, რაც კიბორჩხალას კომბლით გაუმკლავდა, თავად უხმო იოლაოსს დასახმარებლად. უკანასკნელმა ცეცხლი მოუკიდა ახლომდებარე ჭალის ნაწილს და ანთებული მაშხალებით გველეშაპს მოკვეთილი თავების სათავეს უწვამდა, რითაც ახალი თავების ამოსვლას აჩერებდა. ამ ხერხით ჰერაკლემ დაამარცხა ჰიდრას ახლადამოზრდილი თავები, ბოლოს და ბოლოს, გველეშაპს უკვდავი თავი მოკვეთა, მიწაში ჩამარხა და ამ ადგილს დიდი ლოდი დაადო… ჰერაკლემ ჰიდრას სხეული შუაზე გაკვეთა და თავისი ისრები მის ნაღველში ამოავლო. ევრისთევსმა განაცხადა, რომ ამ საგმირო საქმის შეტანა ჰერაკლეს მიერ ჩადენილ გმირობათა ათეულში არ შეიძლება, რადგან ჰიდრა მას მარტოს არ დაუმარცხებია, არამედ იოლაოსის დახმარებით…“
 
“რაღაც სხვა”
აპოლოდორი, „მითოლოგიური ბიბლიოთეკა“, წიგნი II

“რაღაც სხვა”

the_extortion_of_the_guardian__marian_kamenskyდიახ-დიახ!
ეს ის უცნაური, უფრო სწორედ, ამაზრზენი შემთხვევათაგანი იყო, როდესაც გწადია ეკზეკუცია ჩაატარო, დამნაშავე სამაგალითოდ დასაჯო და შენს მიერ განცდილი, დამდაგველი ემოციის საზღაური ტკივილი მიაყენო. ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ მსჯავრდებულის ფსიქოფიზიკურ ტანჯვასა და მონანიებას იმდენად საზიზღარი ამბები მოსდევს, იმდენი გულისამრევი დეტალი გეხსნება, იმდენად სკანდალური ძვრები და ბზარები ჩნდება ყველაფერში, რაც ურყევი და მარადიული წარმოგედგინა აქამომდის, რომ სრული სასოწარკვეთილება, პარალიზება გემართება, სიცარიელის მწველი ტკივილი ყველა უნარ-შეძლებას გართმევს, გრიფებისა და სხვა ლეშისმჭამელთა გემრიელ ლუკმად გაქცევს. მერე თითქოს სინანული (ან შიში, ანდაც საშინელი წუხილი) ჯალათის კარგადათვისებულ პროფესიას ხელიდან გტაცებს და თავად ხდება შენი მტანჯველ-მჯიჯგნელი. ოღონდ სიკვდილით კი არ გსჯის, არამედ ყველაზე დახვეწილი სისასტიკის იარაღებით გაწამებს. თითქოს შეგიქმნის წამიერ უსაფრთხოების, იმედისა და შვების გრძნობას, და შემდეგ ისე, ვითომ შენს გულ-მუცელში ჩასობილი ელექტრონული სკალპელი ეკაოს, შიგნიდან გკუწავს და გკეპავს, მილიმეტრ-მილიმეტრ გსერავს და ამით ნეტარებს. მხოლოდ იმას-ღა აფიქსირებ, რომ ყველაფერი, რაც ადამიანური რიდის, ნდობისა და კულტურის ნაწილაკებისაგან ოდესმე აგიგია, ერთიანად ქვიშის ციხესავით ჩამოგეშლება ხოლმე და ხელთ არაფერი გრჩება, მოუშუშებელი დარდისა და იარის გარდა. სხვისთვის განკუთვნილი ეკზეკუცია თავად შენი ეკზეკუცია ხდება, იმის გამო, რომ გაბედე და შენდაუნებურად ადამიანური კავშირების, ქცევებისა და იდეების ფარულ, უზარმაზარ რვაფეხებს დაეჯახე. გამოიწვიე უმახინჯესი ურჩხული, რომლის საცეცები საზოგადოებრივი ცხოვრების უმრავლეს სფეროს შემოხვევია, და თუკი ერთ რომელიმეს დაემუქრა საფრთხე, დანარჩენები (სხვა, მათ მიერ დაპყრობილი კუთხეებიდან) ყველა ძალასა და მომხრეს მოქაჩავენ იმ ერთის, გასაჭირში ჩავარდნილის, გადასარჩენად, რამეთუ ცხოვრების და საზრდოს მოპოვების ნირიც ასეთი აქვს: მოქნილ-შემპარავი, შემღწევი, მხუთავი, მშთანთქავი, ჩასაფრებული, დამგესლავი.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, ან შეიძლება ითქვას, ყველაფერი მაშინ გასკდა, როცა აღმოჩნდა, რომ სალომემ საუნივერსიტეტო სწავლის ქირის (ოთხი ათას ლარამდე) შეტანა დააგვიანა. ბოლო ჯამშიც ისე გამოვიდა, რომ მას მერე მომხდარი ხმაურიანი მოვლენების გამო გოგონა იძულებული შეიქმნა „აკადემიური შვებულება“ აეღო. თუმცა მანამდე ყველამ, მათ შორის მისმა მშობლებმა, იცოდა, რომ სალომე „სწავლობდა“. გოგონა მოწესრიგულად, პუნქტუალურად და რეგულარულად ესწრებოდა ლექცია-სემინარებს, დამატებით მეცადინეობდა უცხო ენაში, წარმატებით აბარებდა სასესიო გამოცდებს. სტუდენტური წლების გატარება მშვენიერ სალომეს საკმაოდ კეთილგანწყობილ და განვითარებულ „კურსთან“ უწევდა – გულთბილ და სანდომიან, პატიოსან გოგონებთან, წესიერ და „ოჯახში გაზრდილ“ ჭაბუკებთან ერთად. სალომე მხატვრული ლიტერატურითაც იყო გატაცებული. იგი ეცნობოდა, როგორც თანამედროვე ავტორებს, ასევე კლასიკოსებს, დადიოდა კინოში, მონაწილეობდა შემოქმედებით-ლიტერატურულ საღამოებში, დრამ-წრეების დადგმებში და თითქმის ისეთსავე ახალგაზრდულ ცხოვრებას ეწეოდა, როგორსაც ჩვენი საოცნებო დედაქალაქის დამამშვენებელი უამრავი ქალიშვილი მისდევს.
მეორეს მხრივ, რაგინდ საუცხოო სტუდენტიც არ უნდა ყოფილიყო სალომე, საჯარო სასწავლო დაწესებულებას მაინც თავისი მკაცრი რეგლამენტი და წესები გააჩნია. ამიტომ გოგონას მიერ გამოვლენილი გულგრილობით შეწუხებულმა საფინანსო განყოფილების წარმომადგენლებმა ვერაფერი გააწყეს რა პირადად სტუდენტთან, გადაწყვიტეს მის მშობლებთან დაკავშირება.
მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში სალომეს დედის, ქალბატონი მზიას, ტელეფონი რატომღაც არ პასუხობდა. საბედნიეროდ (სალომესათვის კი სამწუხაროდ), მესამე დღეს, ქალბატონი მზია სახლში აღმოჩნდა. მასა და უნივერსიტეტის წარმომადგენელს შორის საკმაოდ დაძაბული საუბარი შედგა.
ქალბატონი მზია „ასი პროცენტით“ დარწმუნებული იყო, რომ „მისმა სალომემ სწავლის ქირა უკვე დიდი ხანი იყო, რაც შეიტანა“. სასწავლებლის თანამშრომელი კი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ეს ასე არ ყოფილა, გოგონა რამდენიმეჯერ იყო გაფრთხილებული და შესაბამისი მითითებებიც მიეცა. სერიოზულად აღშფოთებული ქალბატონი მზია (რადგან თანხა მისი ოჯახისათვის მართლაც სახუმარო ოდენობისა არ ყოფილა) ჩაეძია, იქნებ რაღაც საბანკო შეცდომააო გაპარული. უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ამაზეც უპასუხა, რომ მათ სწორედ ახლა გახსნილი აქვთ ორგანიზაციის ინტერნეტ-ბანკინგის სისტემა და სალომე მ-შვილს უკანასკნელი ტრანსაქცია წელიწადნახევრის წინ განუხორციელებია. ქალბატონი მზია კიდევ უფრო გაანჩხლდა, რადგან ამგვარი ინფორმაცია ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა. მისი სალომე კარგად აღზრდილი, დამჯერი შვილი იყო და „ბავშვის“ რეპუტაციაში ეჭვის შეტანა დედას საერთოდ არ სურდა.
„გადარიცხვის ქვითარიც კი მოიტანა!“ – იხსენებდა გააფთრებული მზია.
ვითარება ყოვლად უჩველო გახლდათ და ამიტომ მზიაც საკმაოდ მყარად იდგა რწმენაში, რომ საქმე რაღაც საბანკო ლაფსუსთან ჰქონდათ. ორი ქალბატონის დაძაბული საუბარი ბოლოს იმ შეთანხმებით დასრულდა, რომ სასწრაფოდ საჭირო იყო ყველაფერი თავად სალომესთან გაერკვიათ. ამიტომ მზია, რომელსაც ჯერ საუბარი არ დაემთავრებინა უნივერსიტეტის თანამშრომელთან, უკვე მოუთმენლად კრეფავდა სალომეს ნომერს. გოგონა მეგობრებთან ერთად სადღაც პარკში ფეხით სეირნობდა და, ალბათ, ვერც კი წარმოედგინა რა მოელოდა. მზიას საკუთარი აღელვების ნამდვილი მიზეზი შვილისათვის არ გამოუშკარავებია, მაგრამ საკმაოდ მკაცრად სთხოვა სახლში მოსვლა. განსაკუთრებულ საფრთხეს მის მიმართვებს სიტყვა „გელოდები“ ანიჭებდა.
აფექტამდე მისული მზია, რომელსაც ვერაფრით ეპოვა მიმდინარე წლის გადახდის ქვითარი, კარში გამოჩენილ სალომეს განთქმული ქართული კითხვით, „რა ხდება?“-თი, დახვდა.
ქალის მძვინვარებას ერთი მეორეზე გამაოგნებელი ეჭვების კორიანტელი აშმაგებდა: რომ ფული საერთოდ დაიკარგა, სალომემ ფული შემთხვევით დაკარგა, რომ შესაძლებელია მოხდა რაღაც საბანკო შეცდომა და ეს ძიძგილაობა ბანკთან უამრავ ენერგიას, დროს და ძალას წაართმევდა. რა თქმა უნდა, მზიას საკუთარ თავზეც მოსდიოდა ბრაზი; რომ ეს ფული თავად არ შეიტანა, ენდო ამ „თითისტოლა ბავშვს“ – ისიც განსაცდელში ჩააგო და საკუთარი ოჯახიც დანაკარგის წინაშე დააყენა. ამასთან ერთად რაღაც მძიმე და ბნელი, რაშიც თავის თავთან გამოტყდომაც კი უჭირდა, მზიას სულს შორიდანვე გაუგონარი სიმძიმის ძალით აწვებოდა.
money-laundering1დედის დამოკიდებულება შვილისადმი უფრო მძაფრი და სასტიკი გახდა, როდეს სალომემ კითხვაზე თუ „რატომ ეუბნებიან უნივერსიტეტიდან, რომ ფული შეტანილი არ არის?“-ო, გარკვეული და მკაფიო პასუხი ვერ გასცა. გოგონამ დაუფიქრებლად განაცხადა, რომ ეს რაღაც პროგრამული შეცდომა უნდა იყოს, მერე ვარაუდი გამოთქვა, რომ ეს რაღაც უნივერსიტეტში არსებული საკადრო გადაადგილებების გამო ხდებოდა, შემდეგ არხეინად დაჰპირდა დედამისს, რომ ყველაფერს ხვალვე „დეტალებში“ გაარკვევდა. ბოლოს კი გოგონამ ცხვირი ჩამოუშვა და თქვა, რომ თავადაც ძალიან ნერვიულობდა და აქამდე იმიტომ არ ამბობდა არაფერს, რადგან არ იცოდა, როგორ მოიქცეულიყო.
დაკვირვებული დედის თვალი და, უფრო მეტად კი, მეურვის გაალმასებული ბუნება გრძნობდნენ, რომ თანხის დაგვიანება, მხოლოდ უნივერსიტეტის ბრალი არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ მომდევნო ხუთ წუთში მზიას თავდასხმების სიმძაფრემაც ერთიათად იმატა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სალომე ცხარე ცრემლით ატირდა, წამოხტა, საკუთარ ოთახში ჩაიკეტა, საიდანაც მისი დაუსრულებელი, გულამოსკვნილი ქვითინი გაისმოდა.
– ძალიან ცუდად ვარ, აღარ შემიძლია… დამანებეთ ყველამ თავი! დამანებეთ! თავი უნდა მოვიკლა! აღარ შემიძლია მეტი…
მზია, რომელმაც საკუთარი სიავის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი ამოანთხია, მეტ-ნაკლებად აცნობიერებდა, რომ ფული მართლაც არ მისულა უნივერსიტეტის ანგარიშამდე. მაგრამ რა ბედი ეწია ამ ფულს – ეს საკითხი მის ცხელ გულს მოსვენებას არ აძლევდა. და რასაც უფრო მეტს ფიქრობდა საკუთარ დაუდევრობასა და თანხაზე, რომელიც, როგორც ჩანს, უკვე კარგა ხნის დაკარგული იყო, მით უფრო მწარდებოდა და მზად იყო გაენადგურებინა და მოესპო ყველა და ყველაფერი, რამაც მისი ნერვული სისტემა ამ საზიზღარ მდგომარეობამდე მოიყვანა. სალომეს შესაფერისად დასჯის დაუოკებელი სურვილი აწვებოდა და ახჩობდა მზიას; ეს შინაგანი ტკივილი, რომელიც დედას შანთავდა, შვილსაც უპირობოდ უნდა გაეზიარებინა!
„თუ ფული დაკარგა – ფიქრობდა მზია. – ეს სრული უზნეობაა და ოჯახის გაწირვაა… და ამისათვის… ეს დეგენერატი სათანადოდ, აუცილებლად უნდა დაისაჯოს!!!“
„თუკი რამე იყიდა – ტელეფონი იქნება თუ ტანსაცმელი თუ სამკაული, თუ რაც არ უნდა იყოს – მით უმეტეს დაგვიკიდა, და, მით უმეტეს, ეკუთვნის კარგი სასჯელი!!!
„და თუკი ვინმე შეყვარებულთან ან სადაქალოში ხარჯავდა, კაფეებში იქნება, თუ რესტორნებში, ათჯერ უფრო საზიზღარი დეგენერატი ყოფილა. მე და მამასისი დღეს და ღამეს ვასწორებთ, არაადამიანურად ვშრომობთ და ეს ასე უნდა ქარს ატანდეს ჩვენს ნაწვალებს?! ეს მართლა არაადამიანი! ეს რა გველი გამიზრდია, ღმერთო! ეს რა ნაძირალა! ყველაფერი გაუკეთო და ასე დაგიბრუნოს?!..“.
ერთი მეორით წაქეზებულმა პროვოკაციულმა აზრებმა და განსაკუთრებულმა ემოციურმა ფონმა, მზია იმ თავშეუკავებელ მდგომარეობამდე მიიყვანეს, როცა ქალი მზად იყო სალომეს ოთახის კარი უროთი დაელეწა, რათა ჯერ გაეგო, თუ სად წავიდა სწავლის ქირისათვის გადადებული ფული, და მერე, ყოველგვარი მოწყალების გარეშე, შვილი ჩადენილი დანაშაულისათვის მთელი სიმკაცრით დაესაჯა.
გაუგონარი მუქარებითა და შეურაცხყოფებით, ყვირილითა და ბრახუნით, ქალმა, სულიერად დაცემული სალომე, აიძულა კარი გაეღო. გოგონა ლოგინზე პირქვე იწვა და სულმოუთქმელად ტიროდა. დედის ცნობიერებაში მსუბუქი ჩრდილივით შიშმაც გადაირბინა – ხომ შეიძლებოდა, რომ ესოდენ მძიმე განცდებზე სალომეს მართლაც რამე მოსვლოდა. ერთ წამს ქალი იმის გამო შეკრთა, რომ მისი დარდი უფრო ჯალათის წუხილს ჰგავდა, რომელსაც არ სურს მსხვერპლი დროზე ადრე გარდაიცვალოს, ამიტომ სულ ზრუნავს და ელოლიავება.
– ეხლა დროზე ადექი… წადი წყალი დალიე, პირი დაიბანე და მოდი… ძალიან გამწარებული ვარ და ველოდები – ზუსტად უნდა მითხრა რა უყავი იმ ფულს… წადი ეხლა. დროზე! – მზიას ტონში იმდენი სიძულვილი და მბრძანებლური ენერგია იყო, რომ გოგონა ნელ-ნელა მორჩილად წამოდგა და აბაზანაში გალასლასდა.
დედა მოუსვენრად შეუდგა სალომეს ოთახის ჩხრეკას, ყვიროდა და თან პირზე მომდგარ გაუთავებელ შენიშვნებს აყოლებდა. თუ ფული დაკარგული იყო, ეს კიდევ დიდი არაფერი პრობლემაა, ყველაზე მტკივნეულად მას ეს დამანგრეველი განხიბვლა ეჩვენებოდა.
„მისმა პირმშომ გაბედა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც, ფული – ყველა დროის და ყველა საზოგადოების ნდობის ფაქტორი – სულ სხვა მიმართულებით წაიღო“.
„მისი შვილი, მისი აღზრდილი შვილი, არასაიმედო გამოდგა! ღმერთო!.. “
უკანასკნელ აზრს მზია ჭკუიდან გადაჰყავდა.
როგორ შეეძლო ამ „ერთი ბეწო ბავშვს“ დედის ნების წინააღდეგ წასვლა, ოჯახის, მშობლების ავტორიტეტზე გადაბიჯება, ამ თანხის საკუთარი სიამოვნებისათვის გამოყენება?
ნუთუ ასე წარმოედგინა მზიას ხვალინდელი დღე? რომ შვილი მას ფულებს მოჰპარავდა, მოატყუებდა, გადააგდებდა? რომ დედა-შვილს შორის ყველაზე მთავარი, ნდობის ხიდი ჩაიშლებოდა, გაცამტვერდებოდა? რომ ვიღაც ან რაღაც მისი შვილისათვის – ოჯახზე, მშობლებზე უფრო მნიშვნელოვანი გახდებოდა?…
სალომე მზიას მესამე დაძახებაზე-ღა დაბრუნდა. ქალმა მისთვის ფანჯრის გადასწვრივ სკამი დადგა.
6a00d8341c562c53ef0148c715802c970c-350wi– აქ დაჯექი… შენ გეუბნები! – უბრძანა მზიამ. – ნერვები აღარ მაქვს… ეხლა მოდი პირდაპირ მითხარ, სად არის ფული, სალომე?
-…არ შემიძლია…
– გოგო, შენ გეუბნები, მითხარ, ფული სად არის?!
სალომეს ქვედა ყბა ჩამოეწია, ჯერ კანკალი დაეწყო და შემდეგ კვლავ ტირილი ამოუშვა.
– რას ბღავიხარ? მითხარი, რა უყავი ფულს? ადამიანი არ ხარ?! სხვა კი არაფერი მაინტერესებს. სად წაიღე ფული?! ეგ მაინც მითხარ… და გაჩუმდი, ნუ ტირიხარ ასე საზიზღრად, ისედაც ნერვები დაწყვეტაზე მაქვს! – სრულად ამოხეთქა მზიას ჯავრმა.
თავისთავად სიბრაზე არ გვაძლევს საშუალებას ჰაერში გაბნეული შხამის აქროლადი ნაწილაკები ვიყნოსოთ და ავკ-კარგი ერთურთისაგან გავარჩიოთ. ჩვენი აშვებული შინაგანი სიავე ერთი რაკი იპოვის გამოსავალს, სიცოცხლის წყაროსავით იღვრება და მოსჩქეფს. მზიაც სწორედ ამ კონდიციამდე იყო მისული. გაჭირვება, მომქანცველი შრომა ყოველდღიური სარჩოსათვის, გადაღლა, ტყუილი, უიმედობა, ღალატის ტკივილი, იმედგაცრუება – ეს ყველაფერი ერთმანეთში გადაზავებული შვილის მისამართით ყოველგვარ სისულელეს ათქმევინებდა. სალომე კი მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაზებს ავტომატურად იმეორებოდა: „არ შემიძლია… მაპატიე, დედა, ღმერთო, მაპატიე! არ შემიძლია… ცუდად ვარ! მიშველეთ… ძალიან ცუდად ვარ!“
რამდენიმე ხანში მზიას აპოკალიპტური აფექტი თითქოს შენელდა და ისევე მოულოდნელად მოთავდა, როგორც აღმოცენდა. თითქოს ყველაფერი ერთობ ჩაცხრა, გადაიშალა და დედის გონებამდე მივიდა აზრი, რომ შეტევით და დაშინებით სალომესაგან სიმართლეს ვერ გაიგებდა. სადღაც უკუგდებული, განდევნილი საღი აზროვნება თანდათან მშობლიურ კედლებს დაუბრუნდა, დედურმა გრძნობამ გამოიღვიძა და თითქოს თვალიდან მტვერი ჩამოიბერტყა. სწორედ მაშინ ქალის ადამიანობა შვილის სიტყვებმა („მიშველეთ! ძალიან ცუდად ვარ!“) უმძაფრესად გაჩხვლიტა.
ისევე, როგორც სეტყვა-ქარიშხლიან და ჭექა-ქუხილიან ამინდში გზის დანახვაა წარმოუდგენელი, და უფრო მეტიც, ცისარტყელის გამოჩენაა მოულოდნელია, ასევე ცოტა არ იყოს გასაოცარი ხდება ხოლმე ის გონების სინათლე, რომელიც კაცს აფექტის შემდეგ დაუდგება. მზიაც ამ გარდასახვით გამოწვეულ გაოცებას ვერ ფარავდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ვიღაცამ „ტვინი“ (სწორედ რომ ტვინი) ერთობ ასოთხმოცი გრადუსით შემოუბრუნა და თვალს გადაფარებული პირბადე ახსნა. მას, ქალსა და დედას, საიდანღაც გაახსენდა, რომ სალომე არაჩვეულებრივი გოგონა და შვილი იყო: ტანადი, ლამაზი, ერთგული, მოსიყვარულე და ალერსიანი, მზრუნველი და შრომისმოყვარე, ბეჯითი და მოაზროვნე, და რაც ყველაზე მთავარია, ნაზი, ქალური, სანდომიანი და ოდნავ მოკეკლუცო. ანუ ისეთი, როგორსაც მრავალი ქართველი დედა დღევანდელობაში ინატრებდა და ეთაყვანებოდა. ამ ფიქრებს კი თავისთავად მეტად ბუნებრივი კითხვები მოჰყვებოდა. ასეთი რა უნდა მოსვლოდა ამ მშვენიერ ქალიშვილს და რას უნდა დაეყვანა იგი ამ დონემდე? რას უნდა დაკნინებინა ეს ბავშვი იმდენად, რომ მას არც ფული შეეტანა ბანკში და თავი ეგზომ მძიმე გარჩევის მსხვერპლად გაეხადა? სალომემ ისიც შესანიშნავად იცოდა, რომ საკმაოდ მკაცრი მშობლები ჰყავდა. თუმცა მათი კონსერვატიულობის და მთელი რიგი უმნიშვნელო უცნაურობების მიუხედავად, დედ-მამა არაფერს აკლებდნენ გოგონას და უფროსი შვილის სურვილებსა და მოთხოვნილებებს ხაზგასმითი პატივისცემით ეკიდებოდნენ. მზიას და სალომეს დედაშვილობა ხომ საერთოდ – ყოველთვის სუფთა, გამჭვირვალე და რაღაც კუთხით სანიმუშოც იყო…
„ასეთი სერიოზული რა უნდა დამართნოდა ამ თითისტოლა ბავშვს, რომ ამ დონის შეცდომაში შევიდა და… მართლაც იქნება რა განსაცდელის წინაშე იდგა, ან ახლა რა დონეზე უჭირდა სულიერად?“
სინანულის ნაპერწკლებმა მზიას სხეული დაუსუსხეს. მან მუხლებში სისუსტე იგრძნო, მოეშვა და ლოგინზე დაჯდა. ცოტა ხანში ქალმა სევდით და შემრიგებლობით სავსე ტონით თქვა.
– შვილო, დედი, ხო იცი როგორ მიყვარხარ, მითხარი რა მოხდა, გაფიცებ… ხომ იცი, როგორ მიყვარხარ და შენც ხომ გიყვარვარ, დე?! ხომ ხედავ მეც როგორ ცუდად ვარ და როგორ ვნერვიულობ… რა მოხდა, სალო, დედი, ჩემი პატარა?!
გოგონა თვალს არიდებდა და შეჩვენებულივით იმეორებდა.
– დედა, ძალიან ცუდად ვარ… შენ არ იცი რა ცუდად ვარ. მირჩევია მოვკვდე… – ამ სიტყვებზე მზიას ცრემლები წამოუვიდა და შვილი გულში ჩაიკრა.
– რატომ, შვილო? რატომ, სალომე? რატომ, ჩემი პატარა, სულელი გოგო, რა მოხდა, გეხვეწები მითხარ… მოიხსენი ეგ ტვირთი…
– არა, არ შემიძლია.. არ შემიძლია… მაპატიე, მაპატიე… – ატირდა დედის გულზე ქალიშვილი.
– მითხარ, გენაცვალე, დედი და მოგეშვება… რა იყო, როგორ მოხდა? არაფერს არ გეტყვი, გეფიცები, შვილო. რა მოხდა ასეთი? შენ ხომ ასეთი კარგი გოგო ხარ… ჩემი სიამაყე ხარ, ჩემი სიცოცხლე ხარ… მოხდა და მოხდა… მე ისევ ძალიან მიყვარხარ. ისევე, როგორც ადრე… ყოველთვის! და ვერაფერი დადგება ჩემი გრძნობის წინაშე…
– მძულს ჩემი თავი… მეზიზღება ყველა… – გულამომჯდარი აქვითინდა სალომე. – მეზიზღება ყველაფერი, დედა!
– შენი ჩემი პატარა „სალო“ არ ხარ?! შენ ჩემი „სალო“ ხარ და ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ… დაგეხარჯა ის ფული, შვილო?
ტირილით და სლუკუნით შეპყრობილმა სალომემ ფანჯარაში გაიხედა. გოგონამ იგრძნო, რომ მის თვალწინ თანდათან რაღაც ბინდი ეშვებოდა – სულ ცოტაც და საიდუმლოც ეთქმევინებოდა.
– კი… დამეხარჯა…
– სად, შვილო? – ჰკითხა მზიამ და თავზე ხელი გადაუსვა.
– გოგოებთან…
– ვინ გოგოებთან, სალომე? მითხარ, ჩემო პატარა… მე ხომ უნდა ვიცოდე… ეს ამბავი ჩვენს შორის დარჩება… არც მამა გაიგებს და არც ვასო… ვისთან ერთად დახარჯეთ ფული, სალომე?
– კატოსთან, ნეკოსთან, თიკუნასთან… – თქვა სალომემ.
უკანასკნელ ორ გოგონასთან, რომლებიც ბოლო წლებია სალომესთან ამხანაგობდნენ, მზიას თითქმის არასოდეს არ ჰქონია რაიმე საპრეტენზიო. ესენი ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდები იყვნენ, რომლებსაც ყოფითი ზრდილობიანი სიტყვა-პასუხი და უბრალო მანერები ახასიათებდათ. მათ იმდენად ყოველდღიური, მოწესრიგეული იმიჯი ჰქონდათ, რომ დაქალის დედაზე მუდამ ღირსეული და საიმედო „ბავშვების“ შთაბეჭდილებას ახდენდნენ. ეს ახალგაზრდები სალომემ კატოს მხრიდან გაიცნო და, როგორც მზია ვარაუდობდა, დიდი სულიერი სიახლოვე „ამ ბავშვებთან“ არც ჰქონია.
აი კატო კი!..
კატო საშუალოზე მაღალი, პუტკუნა, მსხვილძვალა, ოცდაერთი წლის გოგონა იყო. მზიას ღრმად სწამდა, რომ თუ კატოს რამე ღირსება საერთოდ გააჩნდა, ეს თვისებები ამ ჩამოანათვალით სრულიად შემოიფარგლებოდა. პირველი, რაც მზიას ყველაზე მეტად აფრთხობდა, ეს კატოს ველური გამოხედვა იყო. კატოს თვალებიდან არც უბრალოდ მაცდური, არც ორპირი, არც შურიანი ადამიანი არ იყურებოდა. ეს იყო რაღაც სულ სხვა (!) განზომილების ქმნილება! მზიას მწარედ აგონდებოდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კატოს მზერამ სიტყვასიტყვით ბნედა დასცა და ფეხისგულებამდე გამსჭვალა. ამ ნორჩი გოგონას თვალებში უსაზღვრო ბოროტება იყო ჩაგუბებული, ოღონდ უბრალო, დარდ-დარდ შეგროვილი ბოღმა კი არა, რასაც ხშირად დაინახავ ქართულ ქუჩაში, საზოგადო ტრანსპორტში ან სადმე სამსახურში. ეს იყო ადამიანი-მტაცებლის მეთოდური ბოროტება, რომელიც აღარ კლავს საკუთარი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, რადგან ევოლუციურ კიბეზე ეს ფაზა დიდი ხანია განვლო. ეს იმ რაღაც იშვიათი ჯიშის ადამიანი იყო, რომლის არსებობის წყარო სხვა (უბრალო, კეთილი და მიმნდობი) მსხვერპლი-ადამიანების ძრწოლა, უსუსურობა და მათი დამცირებით გამოწვეული ტკვილი იყო. საკუთარი დემონური უპირატესობის უღრმესი განცდა ამ მხეც-კაცის იერში თითქოს ყბების მიმიკას ხდიდა წამყვანს. ეს მხეცი ორგანიზმის ყოველი უჯრედით გრძნობს და აცნობიერებს საკუთარ უზარმაზარ უპირატესობას საცოდავი თანამოძმეების მიმართ, არაფრად უღირს სიტყვასიტყვით აფატროს, გაბრდღვნას, დაფლითოს თითოეული მათგანი. მტაცებლური კოდი და ირგვლივმყოფი, მიამიტი ადამიანების ცოცხლად შთანთქმის უნარში დარწმუნებულობა იმდენად მძლავრია, იმდენად ღრმა საწყისებიდან მოედინება, რომ თუკი ვინმე გზააბნეული გადაეყრება, მხეცით მყისიერ ინუსხება და ემონება. კატოსნაირ ადამიანსა და მის მსხვერპლს შორის ისეთივე სალი ფსიქოლოგიური ვერტიკალი იქმნება, როგორც სადისტსა და საწამებლად გაკოჭილ მსხვერპლს შორის.
დიახ, დიახ!
სწორედაც რომ სადისტის გიგანტური უპირატესობის გრძნობა ასულდგმულებდა კატოს და განსაზღვრავდა მის ყოველ მომდევნო ნაბიჯს. ოდესღაც ამ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში გაჭედილი და ჩარჩენილი, თითოეულ გარშემომყოფთან, განსაკუთრებით კი თანატოლებთან, კატო ამგვარად ურთიერთობდა. ყოვლისშემძლეობისა და ყველაფრის უფლების უსასრულო რწმენა, რომელიც კატოს მზერიდან იღვრებოდა, ზოგიერთებისათვის, ვისაც თვითგადარჩენის ინსტინქტი შედარებით მაღალი ჰქონდა, პანიკის მომგვრელი ხდებოდა და ისინი გოგონას წრეს დაუყოვნებლივ ეცლებოდნენ. კატოს ჰიპნოტური ზემოქმედების ქვეშ უფრო ის, მშვიდი და მიმნდობი ტიპის, ადამიანები ექცეოდნენ (რომლებსაც, მაგალითად, გულის სიღრმეში სტაბილურად გააჩნიათ ყოვლად უსაფუძვლო მრწამსი, რომ, სანამდე ჯალათი-სადისტი ხელში საწამებელ იარაღს აიღებს და მსხვერპლს საშინელ ჭრილობას მიაყანებს, მანამ აუცილებლად რაიმე ზებუნებრივი ძალის დესპანი გამოჩნდება, რომელიმე სუპერმენი ან ბეტმენი, და ტანჯულს დაიხსნის).
კატო მოზარდი ბიჭივით იცმევდა. დემონსტრატიულად ატარებდა დანებს, ჯაჭვებს, ცარიელ ვაზნებს, „სპიცებს“, სამაჯურებს, საბრძოლო ბეჭდებს, კასტეტებს, რითაც თითქოს საყოველთაო დომინირების ნების დაფიქსირება ეწადა. გოგონას რუხი ფერის თვალების გამომეტყველებას კიდევ უფრო მეტად შავი და მიწისიფერი ტანისამოსი ამძაფრებდა. როდესაც კრიტიკული პერიოდები არ ჰქონდა, უშვერი სიტყვებით საუბარი, პიროვნების შეურაცხმყოფელი შედარებები, აგრესიული მიმართვები კატოს არსენალის ყველაზე ყოფითი იარაღები იყო.
მაშინ როდესაც კატოს გარეგნობას ბოლომდე იღებდა და ინდივიდუალიზმის მკაფიო გამოვლინებად აღიქვამდა სალომე, მზიასათვის ეს ყველაფერი საშინლად გამაღიზიანებელი იყო. დედა-შვილს შორის უსიამოვნებისა და ჩხუბის ძირითადად საგნად ხან კატოს ფიზიკური იერი, ხან მისი შეურაცხმყოფელი მანერები, ხან სამარცხვინო სიტყვა-პასუხი, მსჯელობა და შეფასებები გადაიქცეოდა ხოლმე. დაბრძმედილ მზიას შვილის მეგობრის დაუსრულებელი მამაკაცური ტანსაცმელიც, ცხოველური მიმიკაც, ყოველთვის გათვლილი და ანგარებიანი სვლებიც აღაშფოთებდა. თუმცა ზოგადად რაიმე კონკრეტული ბრალდების თქმა-დასაბუთება, გააზრება, მზიას არ ხელეწიფებოდა. ერთადერთი წვრილმანი, რომელიც მზიამ შეამჩნია და, საუბედუროდ, ცხელ კვალზე აღარ მიჰყოლია, სალომეს ფსიქოლოგიური ცვლილება იყო. მისი ქალიშვილი დღითიდღე სულ უფრო რბილი, თვინიერი და მჩატე ხდებოდა. კატოს გამო დედა-შვილს შორის მომხდარი რამდენი წაკინკლავების და ერთი საშინელი ჩხუბის შემდეგ სალომემ ყოფაქცევა შეიცვალა და ამიერიდან სულ დათმობების ენით ესაუბრებოდა მშობელს. გოგონამ თითქოს რაღაც უცნაური დაძაბულობა მოიხსნა, უფრო გულჩვილი, დამჯერი, ყურადღებიანი, თბილი და გულისხმიერი გახდა. მზიას ძლიერ ეამებოდა სალომეს კაპიტულაცია, მაგრამ ხანდახან რაღაც საშინლად ქეჯნიდა; როცა უნებლიეთ შეამჩნევდა, როგორ ეპირფერებოდა საკუთარი შვილი, როგორი უფრო პრანჭია გამხდარიყო და უმართავი, „უდროოდ ახურებული“ ქალის მზერით აშტერდებოდა გარესამყაროს.
– კატოსთან? – გაამახვილა ყურადღება მზიამ. მან იგრძნო, რომ ძარღვებში მთვლემი სიავე, სადღაც ძალიან-ძალიან შორს შეტოკდა და თვალები გაახილა.
– კი… – კანკალით წარმოთქვა სალომემ. – კატოსთან, ნეკოსთან და თიკუნასთან ერთად…
მზიამ სათანადო მოთმინება გამოიჩინა და რამდენჯერმე (რადგან სალომე დუმდა) გაიმეორა კითხვა თუ სად დახარჯეს მათ ასეთი დიდი ფული?! გამოუვალი მდგომარეობა იმიტომ ითვლება ასეთად, რომ არჩევანი გერთმევა; სალომეც ხვდებოდა, რომ ახლა თუ არა, ხვალ მაინც მოუწევდა სიმართლის თქმა იმის შესახებ, თუ სად წავიდა ამხელა თანხა, რა უქნეს მას „სამმა პატარა გოგომ“.
– არ ვიცი! – თქვა მან და თითქოს წუთიერი შვება განიცადა, რადგან ის, რაც უპასუხა, სრული სიმართლე იყო.
– რააა? როგორ თუ არ იცი? ოთხი ათასი ლარი დახარჯო და არ იცოდე სად?! სალომე, რა ხდება??? საერთოდ ვეღარ გცნობ! – ტონს მოუმატა მზიამ, უფრო სწორედ კი რამის ყვირილზე გადავიდა.
– არ ვიცი, დედა… არ ვიცი!
– აბა ვინ იცის? ნუ მაგიჟებ! – არ ეშვებოდა მზია. – შენ ეხლა მართლა ჭკუიდან უნდა გადამიყვანო და მომკლა! დროზე მითხარი ეხლა, რაში დახარჯეთ ეს ფული, სანამდე… ეხლავე სამივე დამიბარებია აქ… თან მამაშენი და ვასოც მომიყვანია… და მერე ვნახოთ ვისი გაიტანს!
– არა, დედა გეხვეწები… გეხვეწები, გაჩერდი, ძალიან ცუდად ვარ… არა, რა! – რამის მუხლებში ჩაუვარდა სალომე.
– აბა ერთი საათია, გთხოვ, აქეთ მე გეხვეწები მითხრა, სად დახარჯეთ ფული!..
რესტორანში იყავით? სადმე წახვედით? რა მოხდა – რატომ გინდა ჭკუიდან შემშალო, სალომე?! ასეთი რა დაგიშავე, რატომ მექცევი ასე? რა შეგცოდე, შვილო, ასეთი?! – მზიას აღარაფერი აკლდა წინა აფექტისათვის გადაეჭარბებინა. – გეუბნები, მითხარ, რომ ცოტა მაინც დავმშვიდდე და შენ კიდევ უფრო მიმატებ?!.
– არ შემიძლია, დედა… როგორ გითხრა?! არ შემიძლია – გესმიიიის! – შეჰყვირა გულიანად სალომემ.
– რა არ შეგიძლია?
– გითხრა!…
– რატომ? რა არის ასეთი???
აი აქ მზიას აფექტი კიდევ ერთხელ საპნის ბუშტივით გასკდა.
მან იგრძნო როგორ დაუჩხვლიტეს რაღაც საზიზღარმა ვერცხლისფერმა ნემსებმა მთელი სხეული და ერთიანად ძალა გამოაცალეს. ქალმა ის-ღა მოახერხა, რომ ყრუდ თქვა. „რაც არ უნდა იყოს, მოიკრიბე ძალა და მითხარ. მირჩევია ეხლა და შენი პირიდან გავიგო, ვიდრე სხვისი, საიდანღაც და როდესმე… ეხლავე მეტყვი თუ არა და…“
– რატომ არ შეგიძლია მითხრა? – ისევ ხისტად და იმპერატიულად დასჭექა მზიამ.
– იმიტომ, რომ არ შემიძლია… – უპასუხა ხმადაკარგულმა სალომემ. თუმცა მის ინტონაციაში დანებება და გარდაუვალთან შეგუება იკითხებოდა.
– კარგი… ჯერ მაშინ სხვა კითხვაზე გამეცი პასუხი…
– რაზე?.. – დახარა თავი გოგონამ.
– რას ნიშნავს, რომ არ იცი სად დახარჯეთ ფული?! – თქვა მზიამ.
– იმიტომ რომ არ ვიცი…
– ანუუუუუ…? – მზიას ტონში კვლავ სასტიკი მუქარა გამოჩნდა.
– არ ვიცი, იმიტომ რომ…
– იმიტომ რომ?
– იმიტომ, რომ მე არ დამიხარჯავს…
მიუხედავად იმისა, რომ მზია რაღაც მტკივნეული პასუხისათვის ემზადებოდა, მან ისიც იგრძნო, რომ საშინელმა ჭვალმა ბეჭი და მარცხენა მხარი გაუკავეს. ტკივილით შეწუხებული ქალი შეიჭმუხნა, დარჩენილი ძალ-ღონე მოიკრიბა და მაინც განაგრძო ეს საშინელი დაკითხვა.
– აბა ვინ დახარჯა?!.
– არ ვიცი! – სალომე დედამისს ერთი შეხედვით სრულიად გაუაზრებელ პასუხებს სცემდა.
– მოიცა ვერ გავიგე… ფული შენ არ დახარჯე და არც ის იცი ვინ დახარჯა?! ესეა?!
– კი… არ ვიცი…
– და შენ შენი ფული სად წაიღე არ იცი? შენი სწავლის ქირა სად წაიღე? არ იცი? დებილი ხარ?! – აკივლდა მზია.
– კი, დებილი ვარ… მე ჩემს ფულს ვერ ვუ-პა-ტრო-ნე… სხვებ-მა და-ხარ-ჯეს… – დამარცვლით თქვა სალომემ.
– ვინ სხვებმა, ადამიანო? ვინ? – მოჰკიდა ხელი მზიამ კისერზე და ცოტა შეაჭანჭყარა.
– მათ…
– ვინ მათ?
– გოგოებმა… – თქვა სალომემ.
– რომელმა გოგოებმა? კატომ და იმ სხვებმა?! – სიმწრისაგან მზიას რამის ფარდა მოეწყვიტა, რომელიც შემთხვევით მის სიახლოვეში აღმოჩნდა.
– კიიიიიიიი… მაგათ მივეცი ფული…
– რააააა? რას ამბობ?! ესე პირდაპირ აიღე და მთელი ფული მიეცი??? – გაცოფდა მზია.
– არა… არ შევიტანე და ნაწილ-ნაწილ ვაძლევდი… – უპასუხა სალომემ, რომელსაც ეგონა, რომ ეს ყველაფერი უთუოდ ესიზმრებოდა და მიღმიერ ხმას ელაპარაკებოდა. ალბათ, ამგვარი ოინბაზური ილეთით გოგონა ცდილობდა აღსარების სიმწარე შედარებით უმტკივნეულოდ გადაეტანა.
– ნაწილ-ნაწილ აძლევდი შენი სწავლის გადასახადს? მერე რამ გაგაგიჟა, სალომე? რა ხდებაა? ვაიმეე… ნუ დამტანჯე, ბოლომდე მითხარ, გამარკვიე სიმართლეში, ერთი რაკი დაიწყე, მითხარ რაც არის და როგორც არის, ნუ მომკალიიიი! რა გახდი ბოლოს და ბოლოს, გამარკვიე ამ სიმართლეში, ერთხელ და საბოლოოდ!
– რა სიმართლეში, დედა?! – სალომემ ნელ-ნელა შემოაბრუნა სახე და მშობელს გაცრეცილი, გაყინული მზერით შეხედა. ერთი სისხლისა და ხორცის ადამიანებმა, ორივემ უმალ ამოიცნეს ერთმანეთის უშინაგანესი ზრახვები. ისევე, როგორც ერთი მხარე იყო მზად სრული სიმართლის ამოსათქმელად, ასევე მეორეც – აზარტულად ლამობდა, თუნდაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, ეს მტკივნეული ამბავი ბოლო წერტილამდე გაეგო.
– რატომ მიეცი მთელი ფული „გოგოებს“? რატომ მიეცი ნაწილ-ნაწილ? რატომ არ დაგიბრუნეს? რატომ დახარჯეს? ვინ არიან საერთოდ ეგენი შენთვის შენს ფულს რომ ასე აძლევდი? შენი მტრები არიან, რით ვერ ხვდები?! რა ხალხია საერთოდ, გამარკვიე? რატომ მიეცი ეს წყეული ფული, სალომე? რატომ?..
– იმიტომ რომ… – სათქმელმა თითქოს გამოიარა გული, საყლაპავი და სადღაც ხორხთან გაქანება დაკარგა.
– იმიტომ რომ…
emotsionalnyj-shantazh-i-borba-s-nim– იმიტომ, რომ მაჟანტაჟებდნენ… – თქვა სალომემ და ცრემლი ჩაყლაპა.
– რააააააააააააააააააა? – წამოხტა ადგილიდან მზია. – ვინ გაშანტაჟებდა?! დროზე მითხარ, ნუ მაგიჟებ, ჩქარა, ეხლავე მითხარ! ვინ???
– კატო!!!
– შეეენ? ეგ ნაძირალა… ხომ ვიცოდი რა ნაბიჭვარიც არის! ო, ღმერთო! სულ მაგაზე არ გვქონდა ჩხუბი?! სულ მაგას არ გეუბნებოდი? აულ არ გაფრთხილებდი – რომ მოერიდე მაგ გოგოს?! სულ არ გეუბნებოდი – ეგ არ არის ნორმალური ადამიანი-მეთქი!.. მოიცადე, მაგ ნაძირალამ შენ რაზე უნდა დაგაშანტაჟოს, მაგ ადამიანის არამსგავსმა?! ოჰ, ერთი ხელში ჩამივარდეს, თვალები უნდა ამოვთხარო ჩემი ხელით! აი ამ ხელებით!!!
– შენ რაზე დაგაშანტაჟა, სალომე?! რაზეეეე?!! – ყვიროდა მზია. მაგრამ აფექტი აღარ იყო. ეს ის ტიპიური ვითარება გახლდათ, როდესაც ადამიანი გამოდის მდგომარეობიდან, მაგრამ თან რაღაც მახრჩობელ დაუცველობას გრძნობს. მისი აბობოქრება უკვე მომხდარ ფაქტზეა, შესაბამისად, ვერც სივრცეს იკავებს და იმავე ნახვრეტიდან იფუშება, საიდან მოცულობას იძენს და იბერება.
– ფოტოებზე…
– რაააა ფოტოებზეეეე?- ხმის კანკალით ჰკითხა მზიამ.
ცოტაც და ახლა იგი მგელივით აყმუვლდებოდა. მისი წარმოსახვიდან და საბავშვო კოშმარებიდან ერთი მეორეზე უმსგავსი წინათგრძნობები წამოიშალა. „ეს რა დღე გამითენე, ღმერთო! რა ფოტოებიიი?!“ ცოტაც და მზიას სინანული შეიპყრობდა იმის გამო, რომ ამ თემას საერთოდ შეეხო, სათოფეზე გაეკარა, საერთოდ ახსენა.
– ცუდ ფოტოებზე, დედა… – დაკარგული ხმით თქვა სალომემ.
– რა იყო იმ ფოტოებზე? – ქალმა ზუსტად იცოდა, რომ მას, მზიას მ-შვილს, საერთოდ არ სურდა იმის გაგება, რა იყო იმ წყეულ ფოტოებზე, არც არაფერი აიძულებდა ეს კითხვა დაესვა, ინერციაც კი არ ყოფილა, მოლოდინის ინერციაც კი! მაგრამ ვიღაცამ, ალბათ, მის შიგნით მობინადრე სიცარიელემ, მაინც იკითხა.
– მე ვიყავი…
– ღმერთო, ღმერთო, ღმერთო!..
ჯერ არ შეუტყვია მზიას ის თავისი „სრული სიმართლე“ და სულიერად უკვე გაშხლართული ეგდო. მას აღარც სიმართლე სურდა, აღარც ტყუილი, ერჩია ეს თემა ამ ადგილზევე გაეჩერებინათ. წელებზე ფეხებს დაიდგამდა, ყველა ნათესავს და ახლობელს შემოუვლიდა, ფეხებს დაუკოცნიდა ყველაზე შეძლებულებს, უფროსს შეეხვეწებოდა, მაგრამ ამ დათარსულ ოთხი ათას ლარს როგორმე თვითონ იშოვიდა. ოღონდაც ეს მომენტი არ დამდგარიყო, ოღონდ საქმე აქამდე არ მისულიყო. მან გაიაზრა, რომ რაღაც ყოვლად სამარცხვინო უნდა გაეგო და იქვე უმალ საკუთარი ხასიათიც გაახსენდა; პირველი შთაბეჭდილება იმდენს არაფერს უშვრებოდა, რასაც ფაქტისშემდგომი განცდები, რომლებიც ყველაფერს ღერღავდნენ და სპობდნენ მის სულიერებაში.
– მე ვიყავი… მე, დედა… მე… – სალომეს ლამაზ ლოყაზე კურცხალმა ჩამოისრილა.
– ვაიმე, შვილო… ვაიმე!
– მართლა ვაიმე, დე… მე ვიყავი… – გონებადაბინდულივით ამბობდა სალომე.
– რა იყო ფოტოებზე, სალო? – ჩურჩულით თქვა მზიამ და თავი მხრებში ჩარგა.
– მე ვიყავი, დე…
– მერე რა? აქ რა არის ასეთი, დე, სიხარულო?! – თქვა მზიამ ისე გულუბრყვილოდ, თითქოს ყველასათვის უნდოდა მიეცა შანსი – კატოსთვისაც კი!
– მე ვიყავი… მთვრალი…
– მერე რა მოხდა?! ვინ არ დამთვრალა, შვილო? – თავისქნევით იკითხა მზიამ, თითქოს უარყოფდა იმ ყველაფერს, რაშიც მონაწილეობდა, თითქოს ცდილობდა სიზმრიდან გამოღვიძებას და ცხადში მობრუნებას.
– მარტო მთვრალი არ ვიყავი… – ოხვრით მიუგო სალომემ.
– აბა რა იყო, შვილო? რატომ მაწამებ ასე – მითხარი… – მზია უკვე მიმხვდარიყო ერთ რამეს. თუკი ერთი საათის წინ, როდესაც სალომეს სატანჯველად „ემბავუდის“ სკამი ოთახის ცენტრში დააბრძანა და თავად ლამობდა საოჯახო ჯალათის როლის შეესრულებინა, ახლა უკვე სალომე, ყოფილი მსხვერპლი, აღსაყდრებულიყო: ჯალათის ჯალათად!
– შვილო! გეხვეწები… რა იყო იმ ფოტოებზე ასეთი…
კითხვები, რომლებსაც მზია თავის შვილს უსვამდა, თითქოს არსაიდან იბადებოდნენ, თითქოს სულ სხვა რაღაც ძალის, ფენომენის მიერ იყო ნაკარნახევი. თითქოს ეს რაღაც აქ, ამ ფიზიკურ სამყაროში არ სულდგმულობდა, და ამიტომ არც კი წუხდა იმით, თუ რა ზიანი მიადგებოდა დედის გულს.
სალომემ კიდევ ერთხელ დედას სახეში სიბრალულით შეხედა, აზომა თავით ფეხებამდე, პირი იბრუნა, ჰაერი ჩაიგუბა და ცოტა ხანს თავს იკავებდა…
მერე ამოიოხრა და თქვა.
– მე, ნეკო და თიკუნა ვართ… შიშვლები… სე-ქ-სი გვაქვს…
ალბათ, მიწა რომ გამსკდარიყო, ცა რომ დაქცეულიყო, ბირთვული ომი რომ დაწყებულიყო, მზია ასე ერთბაშად, ელვის სისწრაფით ვერ იგრძნობდა იმ სრულ დემორალიზებას, რაც სალომეს აღიარებაზე დაემართა. ქალმა ისტერიული ქვითინი ამოუშვა – ეს მისგან დამოუკიდებლად ხდებოდა – სინამდვილეში სულის თითოეული კუნჭული უცახცახებდა და ეშლებოდა. მომხდარი მზიას ყოველგვარი წარმოდგენის ზღვარს სცდებოდა. მისი ფიქრით, ეს ყველაზე თანამედროვე და ცივილიზებული ადამიანის წარმოდგენის ზღვარსაც უნდა გასცილებოდა. ცხრამეტი წლის ქალიშვილი, პატიოსნებისა და სათნოების განსახიერება, დაშანტაჟებული იყო ფოტოებით, რომლებზედაც აღბეჭდილია, როგორ ეძლევა იგი ლესბიურ ორგიას უახლოეს დაქალებთან ერთად. მზია ერთბაშად ყველაფერს კარგავდა: შვილს, ნდობას („სალომესადმი, ადამიანებისადმი“), დედობრივი ზრუნვის ხალისს, ცხოვრების აზრს. ქალს დაეუფლა განცდა, რომ მის მიერ დაწერილ ცხოვრების ნახატს ვიღაცა, სასტიკი და ყოვლისშემძლე, იდგა და საბავშვო საშლელებით ღვარძლიანად შლიდა და სიცოცხლის ზედაპირს აცლიდა.
– კი, სექსი გვაქვს… – განაგრძო სალომემ, რომელსაც დედამისი ესოდენ მოტეხილი აქამდე არასოდეს უნახავს. გულიდან ამ სიბინძურის გამოდევნა გოგონას უსათუოდ სიამოვნებდა. იგი ხვდებოდა, რომ ამიერიდან ამ საწამლავს ბოლო თუ არ მოეღებოდა, ძალას მაინც წაერთმეოდა და აღსასრულიც მოახლოვდებოდა. ამ აღსარებით სალომე მზიასაც სასტიკ სამაგიეროს უზღავდა – ისე, არაფრისათვის და, ალბათ, ყველაფრისათვის.
– შეიძლება არც გვაქვს… მე აღარ მახსოვს… ძალიან მთვრალი ვიყავი… მახსოვს, რომ ბევრს ვიცინოდით… ვგიჟობდით… ჭკვაზე გადავდიოდით… კატომ თავისთან დაგვპატიჟა და ვისკი იყიდა… მანამდე… მე სუპერმარკეტში წამიყვანა და ყველაფერი ჩემი სურვილით აარჩია… თან მიღიმოდა და მეკითხებოდა – „აბა რას გესიამოვნება ამ საღამოს, ძვირფასო?“… ხელიხელჩაკიდულები დავდიოდით მთელი დღე…
1292775690_EEEFE0F1EDE0FF20E6E5EDF9E8EDE0საღამო ძალიან მაგარი იყო, ყვავილებით, მაისის მარწყვით… რომანტიკა იყო, იმდენი სანთელი ვიყიდეთ, რომ ანთებულ ნათურებზე მეტად ისინი ანათებდნენ… არასოდეს დამავიწყდება… ვიცეკვეთ ჯერ, მერე სადღეგრძელოები ვთქვით… მერე სკამებზე ავედით, მაგიდაზე… და იქ ვთქვით კიდევ რაღაც სადღეგრძელო… ხო, სიყვარულის… მერე ტორტი დავჭერით… მერე?! მერე… გოგოები ერთმანეთს ვეცეკვებოდით… მახსოვს, ისეთი მთვრალები ვიყავით, ერთმანეთს სულ სიყვარულს ვუხსნიდით… ლექსებით!.. გიჟებივით ვიმეორებდით როგორ გვიყვარს და ვაფასებთ ერთმანეთს, რა მაგარი ადამიანები ვართ! ა-რ-ი-ან!!! რა მაგარია მათთან ერთად ყოფნა და ცხოვრება!.. ჰაჰაჰაჰა! დებილობა! ძალიან დავითვერი და სულ ვეხვეოდი გოგოებს და რას ვეუბნებოდი, არაფერიც აღარ მახსოვს. მერე… კატომ ფოტოაპარატი მოიტანა და სანთლის შუქზე რომანტიული ფოტოების გადაღება შემოგვთავაზა…
სალომემ დედას გახედა – სურდა დარწმუნებულიყო და ეხილა ქალის შეძრწუნებული, გაშავებული თვალები, შეუჩერებელი კანკალი – და განაგრძო.
– რამდენიმე ფოტო ისე უბრალოდ გადავიღეთ… მერე ნეკომ ზემოდან გაიხადა… და რამდენიმე ფოტო ასე გადააღებინა კატოს… მე არ გამკვირვებია, ცნობისმყოვარეობით ვუყურებდი… მერე კატომ დააძალა თიკუნას, რომ მასაც გაეხადა, გოგონები ერთად დააყენა და ისე უღებდა სურათებს…
მერე კიდევ ვისკი დაასხა, ახლა უკვე დიდ ჭიქებში, და გვიბრძანა ყველას ბოლომდე დაგვეცალა… არ ვიცი, მგონი, ამ ბოლო ჭიქაში რაღაც ჩამიყარა… ამის მერე ყველაფერი არეულად მახსენდება… იმ ღამეს კატოსთან დავრჩით… ყველა…
მეორე დღეს ისე ავდექით, არაფერი გვახსოვდა… მხოლოდ დადებითი… მაგარი ქეიფის და დაუვიწყარი დროსტარების ამბავი ჩაგვყვა… არც მეორე დღეს, არც მესამე დღეს, ფოტოების შესახებ არაფერი ვიცოდი… საშინლად მტკიოდა თავი და დასვენებას ვნატრობდი… კატო შეცვლილი მომეჩვენა, სულ ჩემსკენ იწევდა, ზომაზე მეტად თბილ „სმს“-ებს მწერდა, მირეკავდა და საათობით რაღაც უაზრობებს მეუბნებოდა…
ერთ კვირაში საკუთარ სახლში წამიყვანა – შენთან საქმე მაქვსო… იქ კი… იქ კი… იქ კი ფოტოები გამიხსნა და მაჩვენა… რატომღაც დიდად არ გამკვირვებია… არ ვიცი, რაღაც მახსოვდა თუ მისგან უკვე ყველაფერს ველოდი, ვერ გეტყვი?! სულ ვგრძნობდი ამ გოგოს უცნაურ და არაბუნებრივ ჟინს, ჩემი მართვისა და დაუფლების ცხოველურ ლტოლვას… ვგრძნობდი, რომ რაღაც ასეთი მოსალოდნელი იყო მისგან… მაშინ მითხრა, რომ რასაც მეტყოდა, ყველაფერი უნდა შემესრულებინა, თუ არა და „ფბ“-ზე, და საერთოდ ყველგან, ამ ფოტოებს ატვირთავდა, ყველა ახლობელს დაუგზავნიდა და ქვეყნის მასხარას გამხდიდა… თან ისე გავაკეთებო, რომ ვერავინ გაიგებს ვინ არის ფოტოების ავტორი… ამ ყველაფერს ისეთი ტონით მეუბნებოდა, ისეთ საშინელ ზეწოლას ახდენდა, რომ მეგონა, მარტო კი არ მაშანტაჟებდა, მოკვლით და განადგურებით მემუქრებოდა…
– ცოტა ხანში მისი გავხდი… ნუ… საყვარელიც… – ამოიოხრა სალომემ. – ეგ დიდი არაფერია… ანუ არც ისეთი… როგორ ვთქვა… არც ისეთი საშინელი რამე ყოფილა… ხან დადგებოდა ხოლმე, რამე უსირცხვილო, დამცირებულ პოზაში და მთხოვდა გამერტყა, მეწვალებინა, ტკივილი მიმეყენებინა… ეგ არაფერი… იმასთან შედარებით, რომ… მოახლესავით მხმარობდა… არა, დალაგებას და დასუფთავება-დარეცხვამდე არ მიდიოდა საქმე, ნამდვილად… უარესობა იყო… მავალდებულებდა დამეწერა მისთვის სემინარები, მეთხოვებინა ტანსაცმელი… გავყოლოდი სადმე შეხვედრებზე, დავხვედროდი უბანში… მაგის ესკორტის ქალი ვიყავი… როცა ერთად იკრიბებოდნენ… მაგისნაირები… ქალები! იქ ნებავდა ვყოლოდი… გვერდით, ყოველთვის… რამდენჯერმე წამიყვანა…. ნეკო და თიკუნაც ასე ჰყავდა გაწვრთნილები ნებაზე… დაჭერილები… როგორც კატა თაგუნიას, ისე გვათამაშებდა… როგორც მარიონეტებს, ისე გვექცეოდა… ხან ერთით კაიფობდა, ხან მეორით, ხან ყველას შეგვყრიდა და, პირდაპირ კი არ დაგვავალებდა რამეს… ისე გვეტყოდა ხოლმე, თბილად და ალერსიანად, „სასხვათაშორისოდ“…
ბოლოს შემომაპარა, რომ ფული მესესხებინა, რაღაცაზე ძალიან მჭირდებაო… თან მითხრა, რომ ჩვენი დაახლოება უნდა ავღნიშნოთ და მაიძულა რესტორანში სუფრა მეკისრა… მერე კიდევ მთხოვა ერთხელ… მერე კიდევ… კიდევ… და ბოლოს მითხრა, რომ სწავლის ქირა სჭირდებოდა და ფულს მალევე, რამდენიმე დღეში, დამიბრუნებდა… უმნიშვნელო პროტესტი როცა გამოვთქვი… ეგრევე საშინელი დღე დამაწია, გამიხსნა ფოტოები, კვლავ მაჩვენა (ახლა ტელეფონში ჰქონდა გადატანილი) და მითხრა, რომ ეხლავე დაუძახებდა კურსელებს და აჩვენებდა, ან იქვე „ბლუტუსით“ ყველას დაუგზავნიდა…
მეც მივუტანე… აბა რა-ღა უნდა მექნა? ვისთან უნდა მივსულიყავი?!
შენთან?! თუ მამასთან?
გულის სიღრმეში კი ვიცოდი, რომ ეს ამბავი ბოლო-ბოლო დიდხანს ვერ დაიმალებოდა… და ვიცოდი, ბოლოს მაინც მე გამამტყუნებდით და დამსჯიდით…
ან ამ ტალახს რაღა ჩამორეცხავდა… ან ეხლა რაღა მომაცილებს!..
– … სასწავლებელში იციან მაგის ამბავი?!.. – თავს ძალა დაატანა და იკითხა მზიამ.
– კი… ამბობენ, რომ ადმინისტრაციიდან ვიღაც მფარველობს…
– ქალი?
– კი… ვიცი ვინცაა… იქ სუფრაზეც ჰყავდა, ერთხელ რომ წამიყვანა… ვიღაც გავლენიანი ქალები იყვნენ კიდე… სულ ვიღაც მაყუთა ტიპების ცოლები… ფულიც აქვთ, მაგარი ზურგი აქვთ… თან ტელევიზიით გამოდიან, ოჯახზე… მორალზე ინტერვიუები აქვთ სულ… ეგენიც ვნახე… იქ…
გოგონას სათქმელი თითქმის დასრულებული ჰქონდა, როდესაც მოულოდნელად სახლის ტელეფონი აზრიალდა. სალომე გონს მოეგო, წამოიმართა, ტელეფონს მოჰკიდა ხელი და უცებ ზიზღით მოისროლა.
– ის არის…
a1902590959_10მზია უმწეოდ იჯდა და ფიქრობდა, სადამდე შეუღწევია ყოვლისშემძლე რვაფეხას მეტასტაზებს! სასულე, ყელი, ცხვირი, თვალები საზოგადო ცხოვრებისა უჩინარი და უსუნო საწამლავით იყო სავსე. ქალს შეგრძნება ჰქონდა, რომ ქვეყნის ყოველ უჯრედს, რგოლს არა ერთი, არამედ უამრავი, მცირე თუ დიდი სოციალური გველეშაპი, სისხლსა და ბარაქას სწოვდა. წვრილ-წვრილი ჯგუფები, დაჯგუფებები, გაერთიანებები, უსახური პარტიები, „სასტავები“, კანონმორჩილი თუ თავზეხელაღებული უმცირესობები, უბრალოდ უმრავლესობები, რომლებიც თუნდაც იმის გამო მოითხოვდნენ დაუსჯელობას, რომ უმრავლესობებს წარმოადგენდნენ, და ისეთი უმრავლესობები, რომლებიც უმცირესობობების სახელით ინიღბებოდნენ, ყოვლად თავზეხელაღებული ინდივიდები, რომლებსაც ყველა დროში საზოგადოების ხორხზე ებიჯათ ფეხი და მისი ფილტვებზე შემორტყმულ მხუთავ რკალს ერთმანეთს ანდერძით გადასცემდნენ – ეს ყველა მომცრო თუ დიდი ერთეული საზოგადოებრივი ფსევდომორალის მიღმა ორმაგ და სამმაგ ცხოვრებას ეწეოდა. და რაც უფრო ჩამორჩენილი იყო სოციუმი, და რაც უფრო მიუტევებელი იყო კაცი კაცისადმი, მით უფრო იზრდებოდა ალბათობა, რომ კატოსნაირი ბოროტი და მოხერხებული ადამიანები დანარჩენებს გათელავდნენ და დაიმონებდნენ.
საჭიროების შემთხვევაში რვაფეხები ყველგან გამონახავდნენ საკუთარ ადვოკატს, ყველგან გააბითურებდნენ მოწინააღმდეგეს, ხოლო ასეთ უიღბლო ბავშვს გაჩენის დღეს დააწყევლინებდნენ. რვაფეხების წევრების დიდი ნაწილი დაუწერელი წესისამებრ სულ საზოგადოებრივი აზრის შემოქმედთა რიგებში მიილტვოდა და მოხერხებულად შეეძლო უბრალო მოქალაქის ამოსვრა და პიროვნული გაბათილება. მზია კარგად ხვდებოდა, რომ ასეთ ხალხს კონკრეტული სექსუალური ორიენტაცია, იდეოლოგია, ანტიპათია, შური ან სიძულვილი არ აერთიანებდა. ამგვარ ადამიანებს დაუნდობელი სოციალური ხროვის შესაქმნელად და უბრალო თანამოძმეების გასათელად ძალაუფლებისადმი ავადმყოფური სწრაფვა და გარშემომყოფთა საყოველთაო დამორჩილების ნება ამოძრავებდათ.
საბედნიეროდ, ყველა შიშთან ერთად მზიას გულში, ოდნავ შესამჩნევად, დედობრივი ინსტინქტიც ღვიოდა. ეს იყო ფიქრი იმისა, რომ შვილს დაცვა, ზრუნვა, თავგანწირვა და გადარჩენა ესაჭიროებოდა. იქვე ხილვასავით მსუბუქი, მეგზური ემოციაც მოსდევდა; უბრალოდ გონი, უბრალოდ მოქმედება, უბრალოდ გრძნობა ან ლოცვა საკმარისი არ იყო.
საჭირო იყო რაღაც სრულიად სხვა…
„რაღაც სხვა! მაინც რა?“ … – პულსირებდა დედის ცნობიერება. „რაღაც სხვა! რაღაც სხვა!“

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: