მოთხრობების ციკლი "მგონი, დავიღალე"

ადამიანის ფსიქოლოგია


PsychologyMoneyდიდი ხანი იყო, რაც 27 წლის თამთა მ… გვერდი „ადამიანის ფსიქოლოგიის“ მოყვარული გახლდათ. მას ჩვევადაც კი ექცა შემოსული შეტყობინებების წაკითხვამდე ჯერ გვერდის სიახლეების გაცნობა, აფორიზმებისა და დამაფიქრებელი ციტატების ღრმად გააზრება, და, რა თქმა უნდა, „დალაიქება“. ბუნებრივია, რომ ახლადგამოქვეყნებული მასალით აღფრთოვანების შემთხვევაში, როგორც ნამდვილ “ფეისბუქელებს” სჩვევიათ, თამთა საკუთარ კედელზეც აზიარებდა საყვარელი გვერდის მასალას ან მზრუნველობით უმისამართებდა მას ძვირფას მეგობრებსა და ნაცნობებს. სავარაუდოდ, თამთა იმ ტიპიურ მომხარებლებს განეკუთვნებოდა, რომლებისთვისაც „ფეისბუქი“ მხოლოდ გასართობი საშუალება არ არის: იმედია, ცოდნაცაა, დინამიკაც და ადამიანური განვითარების გზაც. თამთას გულის სიღრმიდან აწუხებდა, და მეტიც, ღრღნიდა მძაფრი სურვილი შეესწავლა ცხოვრება, ეკირკიტა ადამიანური ბუნების გამოცანებზე, დაუფლებოდა „ფს-იქოლოგიას“ (როგორც თვითონ წარმოთქვამდა ამ ტერმინს „ფს“-ზე რაღაც უცნაური აქცენტით და უფრო დიდებული უკიდეგანო შინაარსის მინიჭებით), და, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თავის კვლევაში რაღაც ახლისა და იდუმალისათვის მიეგნო.
ყოველ ორშაბათის სისხამ დილას თამთა სულმოუთქმელად ელოდა, რადგან გვერდის ადმინი კვირის დასაწყისში მკითხველს ახალ, ყოვლად ორიგინალურ ტესტს სთავაზობდა. ქალი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ „ყველას სჭირდება ფსიქოლოგი“, და რადგან ამის საშუალება „ამ ეტაპზე“ თავად მას არ გააჩნდა, ამიტომ ფსიქოლოგიური ტესტები მისთვის თვითჩაღრმავების და საკუთარ თავთან ყოფნა-დარჩენის არნახული შესაძლებლობა იყო.
დღესაც თამთამ შოკოლადი, ქაფქაფა ჩაი ლიმნითა და უგემრიელესი, არომატული ჯემით დაიმარაგა, მერე თავდაჯერებული მოძრაობით გახსნა სიგარეტის ახალი კოლოფი, მოიდგა საფერფლე, ძალიან კომფორტულად მოკალათდა საწერ მაგიდასთან, მოუძებნა პლანშეტს იდეალური ადგილი და დილის შხაპის მიღების შემდეგ ახალი სათავგადასავლო ტესტის მოლოდინში „ფეისბუქის“ სათაყვანებელი გვერდი ყოვლად იმედიანად გახსნა. მან თითო-ოროლა დიპლომატიური ღიმილაკი ფორმალურად გადაუგზავნა „გოგონებს“, რომლებიც კარგ და ნაყოფიერ კვირას უსურვებდნენ, სალამზე სალმით უპასუხა რამდენიმე დაუსრულებელ მაჩოს, ცოტა ხანს ისრიალა „ნიუსფიდებში“ და შემდეგ ვალმოხდილების განცდით „ადამიანის ფსიქოლოგიას“ მიაშურა.
ტრადიციისამებრ გვერდის ადმინს დილიდანვე ახალი ტესტი განეთავსებინა. თამთამ გადაავლო თვალი მრავალრიცხოვან კომენტარებს და მკითხველთა აზარტმა კიდევ უფრო დააინტრიგა. ტესტს ერქვა „ვის აჩუქებდი მილიონ დოლარს?“.
ტესტის ავტორი შემდეგს ბრძანებდა.
„წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გამოგეცხადათ ყოვლისშემძლე ანგელოზი. იგი აღგითქვამთ, რომ მომავალ ცხოვრებაში თანდათანობით ნებისმიერი რამე მოგეცემათ, აგისრულდებათ ყოველივე, რასაც მოისურვებთ, ოღონდ მანამდე უნდა გაარკვიოთ და დაასახელოთ იმ ერთადერთი ადამიანის ვინაობა, ვისაც ეხლავე და ერთნაირად აჩუქებდით მილიონ ამერიკულ დონარს… ანგელოზი გიწვდით პაკეტს ამ მილიონი დოლარით და უჩინარდება…“.
„მოიცა, რაოო?“ – თამთას ირონიულად ჩაეცინა. „ვის ვაჩუქებდი ეხლავე მილიონ დოლარს? რა პრიმიტიული კითხვაა, ადმინ, კაი რააა? სულ ეს არის?!“.
Giving money (with clipping path)თამთა ასეთ მიამიტურ და სასაცილო რამეს გვერდი „ადამიანის ფსიქოლოგიისაგან“ ნამდვილად არ ელოდა. პირველი აზრი, რაც თავში მოუვიდა, ის იყო, რომ ეს დაუნების ტესტი უფრო იქნებოდა, ვიდრე ზრდასრული და მოაზროვნე პიროვნებისა.
„რა თქმა უნდა, ჩემს დას ვაჩუქებ! სულ ეს არის დღევანდელი ტესტი? ამისთვის მოვემზადე?!“ – სერიოზულად აღშფოთდა თამთა.
თუმცა მან მალევე შეამჩნია, რომ ტესტს შენიშვნა გასდევდა. ადამიანი, რომლისთვის ეს მილიონი დოლარი უნდა ეჩუქებინათ, არ უნდა ყოფილიყო ოჯახის რომელიმე წევრი, მეუღლე, შვილი ან შეყვარებული. თამთას თავდაპირველად ეს დეტალიც უმნიშვნელოდ მოეჩვენა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ დავალების მარილი სწორედ ამ პირობაში იყო.
მან თვალები დახუჭა და შეეცადა თავისი წრის ადამიანები გაეხსენებინა.
თავისდა გასაკვირად ქალმა აღმოაჩინა, რომ საკმაოდ ცხადად ჰქონდა წარმოდგენილი თუ რას ნიშნავდა მისთვის მილიონი დოლარი, ანუ სრულიად არ გასჭირვებია ამ ცნების წარმოსახვა. შესაბამისად, მილიონის „ღირსი“ პირების წრის შეკვრა გონებაში საკმაოდ იოლადაც მოახერხა. სიტყვა „მილიონმა“ მთელს სხეულში მკაფიო და მკვეთრი განცდა შეუქმნა. თითქოს გამხეცებული ავატარი, ეგვიპტური ღმერთი სეთის მსგავსი განსხეულებული ნადირი, ქალის ნაცნობ-მეგობრებს აქეთ-იქით ისროდა და ცხოვრებისეული ბილიკებიდან ყველას აღგვიდა, სანამდე წინხედში სასურველ კანდიდატურას არ გამოააშკარავებდა. თამთას მოტივაციას ის აზრიც ამყარებდა, რომ ამ მილიონი დოლარის გაუცემლად, სავარჯიშოს პირობის თანახმად მილიონები თავად ქალს არაფრით ეღირსებოდა.
სულ მალე ამ ძნელად გასათავისებელი, საკმაოდ მარტივი წესის მიუხედავად, თამთამ მაინც გააცნობიერა, რომ მის შიგნით, ფსიქიკაში, „ადამიანურ ფსიქოლოგიაში“, თუ სადაც არ უნდა ყოფილიყო, ომის გამოუცხადებლად მის პირად მოტივებს სისხლისმღვრელი ბრძოლა გაეჩაღებინათ:
ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ!
ეს მოტივები ერთმანეთს მშიერი აფთრებივით დაერივნენ და ჯიჯგნა დაუწყეს.
– …ხო, ეხლა, ნათესავების თემა „სრაზუ“ იხურება-რა. სად მაქვს მაგათი თავი?! ყველაზე მეტს ეგენი ჩალიჩობენ ადამიანის ჩაძირვაზე – შურზე და „ვიგოდაზე“ არიან-რა ისე… სიყვარულითაც არავინ მიყვარს. მეზიზღებიან, ზოგადად!
შეყვარებულები?! შალო? არც ერთი წუთით არ არის ღირსი – ჩვეულებრივი ცხოველია. წავიდეს, გადეშენდეს! მიშო ხო საერთოდ, ფუჰ!
რაც შეეხება „დაქალობას“, ხო?…
ზანდა, ფიქრია, ლიკა – აი, სულ ესენი არიან, ვინც შემიძლია, რომ გამოვყო. სხვებთან ძირითადად დისტანციაზე ვარ, ყოველთვის. ესენი არიან – ჩემი სამი უახლოესი დაქალი. მეგობარი, ალბათ. ან რა არი მეგობრობა?! ლანდია ერთ მომენტში და მერე ამის გამო… ხო, მოკლედ… ისე, პირველ შემხვედრს მე მილიონ დოლარს ნაღდად ვერ ვაჩუქებ. ეგეც უნდა აღვნიშნო!
რატო? ნუ ვერც და არც ვაჩუქებ და „ვსიო“. ვერა რა! არ შემიძლია!
არც დამახსოვრებაზეა და არც აღიარებაზე…
რაში უნდა მივცე ეს ამხელა ფული?
რა ძაან მაგარი ადამიანია თუ რა???
„პროსტა“ რაში? ასე ავიღო და მილიონი დოლარი მივცე?! აფრენთ, ხალხო?! შანსი არ არის!
არა!
ვერ გაიგებს ადამიანი ამას და არც მე არ მინდა, რომ ასე ჩავაბარო ხელში ამხელა რამე.
ჩემთვის ვინმეს საერთოდ რამე უჩუქნია? მე არ მახსოვს. თუ რამე გაუკეთებიათ – ოჯახის წევრებს…
უცხოები… რავი ფსიქოლოგიაშიც ესე არ არის?! ყველა „ვიგოდაზეა“. „პროსტა“ სახელი აქვს სხვა-რა: ადამიანობა, ზრუნვა, სითბო!
ან უცხოს ასე ქუჩაში რაში უნდა ვაჩუქო, როცა ვიცი, რომ იმავე ვარიანტის შემთხვევაში ეს უცხო ასე არ მომექცეოდა? ის ვიღაცა, უცხო, ჩემთვის არავინ არ არის. საერთოდ არავინ არ არის!
მილიონ დოლარს კი არა და ას ლარსაც, ასე ანგარიშიდან რომ მქონდეს, არ მოვხსნი და არ მივცემ არავის. ხო, რა ვქნა, სიხარბეა თუ ღორობა, ალბათ, ესეა საჭირო. ადამიანები თავად არიან ღორზე უარესი არსებები!
რაც გინდა დაარქვან, არ შემიძლია!
money-mind-psychologyეხლა ზანდას რაც შეეხება! ზანდას მიმართაც არ მაქვს ეგ, ცრუ, რაღაც კეთილშობილება. არ შემიძლია, დედას ვფიცავარ! არ მიმიწევს გული მაგ ფულის მისაცემად. ხო, ბაზარი არ არის, რაღაც საწყალი გულისაა… აი რომ დაფიქრდე, რად უნდა ეგ მილიონი ზანდას? კი გამოიყენებს, რაღაცას გააკეთებს, აქვს ეს მომჭირნე და საქმიანი ხასიათი. მეც, 90 %-ით, ვიცი, დამაფასებს, მარა ძაან მაღლა წავა ჩემზე. არ შემიძლია. ამას ვერ გადავიტან! თან ხომ უჭირს, ხო?! ეს ძნ ეგეთი ფაქტორია, „იმენა“..!
უცებ ამხელა ნახტომი რომ გააკეთოს, ვიცი, რომ დამკარგავს. ნამდვილად რაღაც მოუვა! კი, ვუყვარვარ კიდეც და დიდ პატივსაც მცემს… რავი, თან ვერ ვხსნი რაღაცას, არ მინდა ზანდას ამბავში ბევრი ფიქრი. უბრალოდ, ფაქტია, ვერ მივცემ მაგ მილიონ დოლარს. არ მემეტება…
ფიქრია?! იქნებ ფიქრიას მივცე მილიონი დოლარი?! ხო, წეღანაც მაგ აზრმაც გამიელვა. მეთქი ფიქრიას?.. მარა მაგას ცხოვრება უკვე აწყობილი აქვს, დაალაგა სიტუაციები თავისებურად. ოჯახი ჰყავს, ქმარ-შვილი, ლამაზი ბავშვები – მეორე ბინაც იყიდეს და აკეთებენ. ჩემი ხელით არ მინდა, რომ მიუვიდეს ეს ამხელა სიმდიდრე. რა პონტში, ხო? ამხელა რაღაც რა პონტში უნდა ჩავაბარო ხელიდან ხელში? ხო, ვითომ მაგასაც ვუყვარვარ, მაფასებს, პატივს მცემს, პატარ-პატარა რაღაცეებს მჩუქნის, იმეტებს… მაინც მგონია, რომ დამიკიდებს მალევე. მიუხედავად იმისა, რომ მშრომელიც არის, ბევრი რამისთვის თავისი წვალებით მიუღწევია და აკეთებს, მაინც რაღაც პარაზიტი-ტიპია რა. თუ არ ვიცი…
ან ჩემი მხრიდან ეს რა გრძნობაა? მაგის აღზევება არ მინდა? ეს რა არის?! რაღაცნაირი გოგოა ეს ფიქრია! თან სულ ცდილობს გავლენის ქვეშ მომაქციოს, მიკარნახოს რაღაცეები; ფული თუ ექნება, ხომ სულ საერთოდ გათავხედდება. თან, „მომენტ“, ღმერთმა მისცეს თუ მართლა კაი ტიპია და იმსახურებს, რაღა ჩემი ხელით მიუვიდეს?!.
…ფიქროსი ყოველთვის რაღაც არ მევასება… ხო-რა, მიჭირს ამის თქმა, მარა მე არ ვთვლი, რომ ფიქრო იმსახურებს ჩემგან ამ მილიონი დოლარის ჩაბარებას. მაგასაც ყველაზე მეტი ერთი ხუთი ათასი ლარი ვაჩუქო, იმ შემთხვევაში ანგარიშზე ბლომად თანხა რომ მქონდეს.
ხო, ნუ ბოლოს ლიკუნა რჩება… ლიკუნა ბავშვობიდან მომდევს. ათასი რაღაც ზურგს უკან გაჭორვა მახსოვს მისგან, აფერისტული გათამაშებებიც. „მომენტ“, შარიც მქონია მისგან – ვიღაც ტიპებს „აჩალიჩებდა“ ჩემზე. მაგრამ!.. მაგრამ, მართალია, ლიკას მაგ მილიონ დოლარს არ მივცემ, თუმცა… სიმართლე რომ ვთქვათ, ლიკაზე ყველაზე ნაკლებად მეთანაღრება გული, როცა ვფიქრობ, რომ მილიონი დოლარი უნდა ვაჩუქო. ზანდაზე და ფიქრიაზე ესევე შინაგანი რაღაც პროტესტი დამეწყო, თუ უხერხულობა (მაპატიეთ, ბავშვებო!)… აი ლიკუნას მივცემდი ბოლო ვარიანტში მაგ მილიონს!..
თამთა სიგარეტს უკიდებს და ერთხანს ეთიშება საკუთარ ფიქრებს.
„მარა ლიკას პონტში ისაა, რომ გონება მეუბნება – არ ღირს, რადგან ამ გოგოსთვის მილიონის მიცემა იგივეა, რაც ადგე და ეს ფული ან დაწვა ან უნიტაზში ჩარეცხო, ან „პროსტა“ გადაყარო. ხო ნუ… ლიკუნა მაინც მარტოსული გოგოა, ბევრი დეპრესია გამოიარა. რა თქმა უნდა, მაგრად მეცოდება… კი, მკურნალობაც სჭირდება, მხარში დგომაც. მარა არა, არც ეგ არ შემიძლია. ლიკაც გამოირიცხება!
თან ერთი რამე ასპროცენტიანია: ეს ფული რომ მივცე რომელიმეს, ამ ხალხს დავკარგავ! ისედაც ვინ მყავს გვერდით, და ასე, მე თვითონვე, ჩემი ხელით ჩამოვიცილო? ისინიც დამკარგავენ. უეჭველი დამკარგავენ! მერე სულ მომერიდებიან, დამშორდებიან… ურთიერთობა აღარ ენდომებათ!
– აბა სხვა ვინ?.. – თამთა საგონებელში ვარდება და ზედიზედ მეორე ღერს აბოლებს.
გამოდის, რომ მას არავისთვის არ ემეტება მილიონი დოლარი. არც შემთხვევითი გამვლელისათვის, არც ნაცნობისთვის, არც ნათესავისა და არც მეგობრისათვის. თუნდაც იმ დანაპირების გათვალისწინებით, რომ ამ ქმედების სანაცვლოდ მიწიერ ბედნიერებას დაიმკვიდრებს.
– გამოდის რა? ააუუუუუ! რომ ხარბი და შურიანი ვარ?! და არ შემიძლია გაცემა?! ხო, მაგრამ რამდენის? მილიონის? როგორ მივცე ეს მილიონი დოლარი? ასე? უბრალოდ? ესეთი გრძნობა მაქვს, რომ ეგ რაღაც მე უნდა გამომეგლიჯოს სისხლხორცეულად! დაუნახავები არიან ადამიანები და რაში უნდა მივცე?!
maxresdefault„პროსტა“ არ შემიძლია! არადა იდიოტური პირობაა, რომ გინდა თუ არა უნდა მისცე ეს ფული, თუ გნებავს კარგად იყო.
„გიჟების ტესტია, ნაღდად! ჯერ არაფერი არ მაქვს, მერე უცებ ძალიან ბევრი მეძლევა და მეუბნებიან: „აი ამას თუ გასცემ, მხოლოდ ამის მერე შეიძლება იყო ბედნიერი“.
იდიოტიზმია სუფთა!
ანუ ამდენი ხანია ველოდები ამ ბედნიერებას და მეუბნებიან – „ხელი გაუშვი, გადააგდე და მერე მოგეცემა“.
დეგენერატობაა!
შემეშვით!..“
გაგულისებული თამთა პლანშეტს თიშავს და სუფთა ჰაერზე გადის.
სადღაც შორეულ წარმოდგენაში ბჟუტავს იმედი, რომ ტესტის პასუხი ამ ახლადაღმოჩენილი, “საზიზღარი”, პიროვნული მანკიერების საიდუმლოს აუხსნის.

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “ადამიანის ფსიქოლოგია

  1. არა აქვს და არ აძლევს და რომ ჰქონდეს, მაშინ ხომ საერთოდ არ მიცემდა.
    “რასაცა გასცემ შენია, რაც არა-დაკარგულია”, რუსთაველისეული ეს მცნება დიდი ხანია აღარ აღესრულება საქართველოში. უსიყვარულობა არის სათავე ყოველივესი. არ გაცემა არა მარტო ფულის, არამედ პურის, კეთილი სიტყვის, მადლის, სამსახურის და
    ა. შ.
    სამწუხაროდ ეს არის დღევანდელი საქართველოს და ქართველების სახე, მოყვასისადმი გაჭირვებაში არ დახმარება და ერთმანეთის უსიყვარულობა…

    Posted by ლია | აგვისტო 20, 2017, 7:33 PM

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 154,265 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: