მოთხრობების ციკლი "მგონი, დავიღალე"

“მოაზროვნეთა კლუბის” პრეზენტაცია


Septemberწმინდა ქართული ფუსფუსით და ენთუზიაზმით შექმნილი აჟიოტაჟის პირობებში, პირველი სააქტო დარბაზის კედლებში, სტუდენტების ჯგუფი „მოაზროვნეთა კლუბს“ აფუძნებდა. გასულ კვირას ისინი სასწავლებლის ერთ-ერთმა ლექტორმა სახელდახელოდ შეკრიბა, კლუბის შექმნის იდეა შესთავაზა და უმოწყალო „ტვინის შტურმის“ გამოყენებით ყოველკვირეული შეხვედრების პროგრამა და თემატიკა შეადგენინა. სტუდენტების შემართება იმდენად ძლიერი და გადამდები აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ახალგაზრდამ დაუფიქრებლად გამოთქვა მზადყოფნა თავად მოემზადებინა კლუბის პირველი სამუშაო დღის სადებიუტო თემა. ლექტორი გაბრიაძე იძულებულიც კი შეიქმნა თავად ჩარეულიყო და მსურველთა მგზნებარება უფრო რაციონალური კალაპოტისაკენ წარემართა. მან პირველი დღის თემა რამდენიმე მდგენელ საკითხებად დაყო და ყველაზე უფრო აქტიურ სტუდენტებს შორის გადაანაწილა. მომავალი თანაკლუბელები შეთანხმდნენ, რომ პრეზენტაციები „პოუერ-პოინტში“ მომზადდებოდა, ხოლო მოხსენებების საერთო ხანგრძლივობა 40 წუთს არ გადააჭარბებდა.
ლექტორმა გაბრიაძემ იდეით ანთებულ ახალგაზრდებს ურჩია, რომ კლუბის პირველი პრეზენტაციისათვის სასწავლებლის ხელმძღვანელობა დაეპატიჟებინათ და ამ საქმის წარმატებით დაგვირგვინებისათვის საკუთარი კავშირების გამოყენება შესთავაზა. სტუდენტებს გაუხარდათ, რომ ერთის მხრივ რაიმე შემოქმედებითის გაკეთების შესაძლებლობა მიეცათ და მეორეს მხრივ, საკუთარ ნაშრომს უნივერსიტეტის დირექტორის ან კანცლერის წინაშე წარმოაჩენდნენ.
დათქმულ დღეს აუდიტორია, რაგინდ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, „მოაზროვნე“ სტუდენტებით გადაივსო. მათ წინდაწინვე მოიტანეს და გააწყეს ციფრული პროექტორი, ლეპტოპი და სპეციალური ეკრანი, განალაგეს სკამები და კიდევ ერთხელ შეთანხმებულად გაიარეს დღის წესრიგი.
დათქმულ დროს კარში ქალბატონი დირექტორის ბარაქიანი ფიგურაც გამოჩნდა, რომელსაც ფეხდაფეხ მისი მუდამ პრეტენზიული, ასევე მძიმეწონოსანი ქალბატონი მოადგილე მოსდევდა. ორივე ქალი იმ საოცარ ქართულ ტიპაჟს განეკუთვნებოდნენ, რომლებიც იგავ-არაკებს ყვებიან ხოლმე ქართული საზოგადოების წინაშე მათი პირადი ამაგისა და ღვაწლის შესახებ; აგრეთვე ავრცელებენ უსათუო ცნობებს მათ მიერ მიღებული უდიდესი განათლების თაობაზე და, რაც მთავარია, ყველაფრით ცდილობენ შექმნან საზოგადოებრივი აზრი, რომ ყოვლად „ქართულები“ არიან და „მარად და ყველგან“ თავიანთ ქვეყანასთან იმყოფებიან. თხრობის მოტივი მოითხოვს ხაზი იმასაც გაესვას, რომ მოადგილე ქალბატონი თავის თავზე სიტყვასიტყვით „ადიუტანტის“ მოვალეობებს კისრულობდა. მაგალითად, როდესაც დირექტორს არ ჰყოფნიდა ენერგია პრევენციული დარტყმების განსახორციელებლად ან ვითარების გამაჯანსაღებელი აგრესიის გადმოსანთხევად, მოადგილე დრაკონივით მოშანთავდა ხოლმე არემარეს და დარღვეულ კანონმორჩილებას უმალ აღადგენდა ხოლმე. ხელქვეითებისათვისაც გასაგები ხდებოდა, რომ ირიბად თუ მიზანმიმართულად ცეცხლს თავად დირექტორი აფრქვევდა. ეს უკანასკნელი კი, ერთის მხრივ, კმაყოფილი იყო, რომ მისი ქვემდგომი ასე თავგამოდებით ემსახურებოდა, მეორეს მხრივ, „განტევების ვაცს“ კვებავდა და ასაზრდოებდა (ანუ რამე ცოტა სამარცხვინოდ და უხეიროდ რომ წასულიყო, პასუხისმგებლობას უცბად მოძალადე თანამშრომელს გადააბრალებდა). ხოლო რაც შეეხება თავად „ადიუტანტს“, ამ ქალბატონს ფრიად მოსწონდა მის საქმიან უფლებამოსილებებში დამკვიდრებული დაუსჯელობა (რაზეც, სხვათა შორის, მისი თანამემალეების მნიშვნელოვანი ნაწილი ოცნებობს, ღმერთს შეჰღაღადებს და, ხშირად, რათომღაც ამას რომ ვერ იღებს, მისი ყრუ ათეიზმის წინაპირობაც ხდება). „ადიუტანტს“ ძლიერ ხიბლავდა ცეცხლი, რომელიც ინთებოდა მისი „ლამაზი და სწორი საქციელების“ შემყურე დირექტორის თვალებში. თანაც ქალბატონი „ადიუტანტი“საომარ მოქმედებათა თეატრს თუნდაც იმიტომ უტევდა ესოდენ ომახიანად, რომ ჯერ ერთი იარაღის საჟღარუნოდ და „ჰკა მაგას“ პირველშეძახილობისათვის დანიშნეს ამ ადგილზე, მეორე კი – მისი ღრმა რწმენით, იგი დიად ქართულ კულტურას და ერის მომავალს ემსახურებოდა. ეს უკანასკნელი კი ნამდვილად „რკინის ხელს საჭიროებდა“!
შემოსვლისთანავე დირექტორმა და მისმა მოადგილემ ღიმილებით დააჯილდოვეს სტუდენტები, შემდეგ კვლავ ხელმძღვანელობის სახეები დაიბრუნეს, მიიხედ-მოიხედეს, ცოტა იწრიალეს და ბოლოს პრეზენტაციის საყურებლად თუ მოსასმენად დარბაზის ყველაზე წარუმატებელი ადგილები დაიკავეს. ეტყობოდათ, რომ „დრო ცოტა ჰქონდათ“ და მალე გასვლას აპირებდნენ – დირექტორის ხელში ბლოკნოტი და მობილური ტელეფონი მეტად საეჭვოდ იწონებდნენ თავებს.
კრება ლექტორმა გაბრიაძემ გახსნა და სტუდენტებს კლუბის დაფუძნება და კლუბის მუშაობის დაწყება მიულოცა. როგორც მან განაცხადა, ეს მართლაც ისტორიული დღე იყო სასწავლებლის ცხოვრებაში. გაბრიაძემ მადლობა გადაუხადა სტუდენტობას გამოჩენილი აქტიურობის, შემართებისა და ენთუზიაზმისათვის. შემდეგ ლექტორმა სთხოვა პრეზენტატორებს მათ მიერ მომზადებული მასალები დამსწრე საზოგადოებისათვის გაეცნოთ.
დღის თემა „სუიციდი“იყო.
ლექტორი გაბრიაძე სასიამოვნოდ გაოცებული აღმოჩნდა ახალგაზრდების მიერ მომზადებული პრეზენტაციებით. სტუდენტების ნაშრომებში წარმოდგენილი იყო თვითმკვლელობის ძირითადი მიზეზები, ტიპები (ალტრუისტული, თავის გაწირვა, ევტანაზია და სხვა), რისკის ფაქტორები (სოციალური, პიროვნული, ფსიქოლოგიური), სახეობები, სუიციდენტის ყოფაქცევა თვითმკვლელობამდე, სუიციდის პროფილაქტიკა. საინტერესო იყო, რომ წამყვანებს დამატებითი მუშაობის წყალობით იმდენად კარგად ჰქონდათ გადანაწილებული საკითხები ერთმანეთს შორის, რომ მათი გამოსვლები არ იმეორებდნენ, არ ეწინააღმდეგებოდნენ, არ უშლიდნენ ერთმანეთს, არამედ პირიქით, წარმოდგენას საკითხის შესახებ ავსებდნენ და ამთლიანებდნენ.
student-presentation-nccსაკუთრივ სტუდენტები საკმაოდ კმაყოფილები იყვნენ თავიანთი ნამუშევრით და იმით, რომ მტკივნეულ სოციალურ თემას თამამად და ჟინით შეეხნენ; დამოუკიდებლად იმუშავეს გარკვეულ, აქტუალურ ინფორმაციასთან – მოიძიეს, შეადარეს, გააანალიზეს, საჯაროდ საკუთარი სამოქალაქო პოზიციები და ხედვები გამოხატეს.
ამ საერთო ამაღელვებელ ფონზე გაბრიაძემ შეამჩნია, რომ დირექტორი და მისი „ადიუტანტი“, ცოტა არ იყოს, არ იზიარებდნენ სტუდენტების ხალისსა და ენერგიას. პრეზენტაციების მიწურულს, დირექტორმა ლექტორს ანიშნა, რომ გასვლას აპირებდა, თუმცა მანამდე სტუდენტებისათვის რაღაცის თქმა სურდა.
– ძალიან კმაყოფილი ვარ, ბავშვებო, რომ თქვენ ამდენი იშრომეთ და იმუშავეთ! ეს ძალიან დასაფასებელია და მე მინდა მადლობა „მოგიხადოთ“ (მას სულ უჭირდა ერთმანეთისაგან განესხვავებინა მადლობის „მოხდასა“ და „გადახდას“!). მაგრამ აუცილებლად მინდა გითხრათ… – დირექტორი შეიჭმუხნა და არნახული სევდა აღიწერა მის ფიზიონიმიაზე…
– ასეთი სევდიანი თემა რატოოოოომ, ბავშვებო?! – შესძახა ქალბატონმა ხელმძღვანელმა. – რატომ შეარჩიეთ? თქვენ ხომ ახალგაზრდები ხართ და მეტი ოპტიმიზმი და სიხარული გმართებთ?! უფრო ხალისიანი თემები შეარჩიეთ-რა, ძალიან გთხოვთ!
დირექტორის მართებულ ტირადას საპასუხოდ სტუდენტების ოდნავ შესამჩნევი პროტესტი მოჰყვა, რაც ყრუ გუგუნით გამოიხატა.
„ადიუტანტმა“ მყისიერ იგრძნო, რომ მისი მახვილის ჩარევა სწორედ აქ და ახლა იყო საჭირო, რათა მართვის სისტემას საფრთხე არ შექმნოდა.
– ხო!!! – წამოიწია გაალმასებული „ადიუტანტი“ და ლაზერივით გამჭოლი სოპრანოსავით დააკაკანა. – აბსოლუტურად მართალს გეუბნებათ ქალბატონი დირექტორი, ბავშვებო (!). ახალგაზრდები ხართ და, საერთოდ, რად გინდათ ასეთი თემები? რა სარგებელია?! „უამ-რა-ვი“ საკითხია, რომელზედაც შეგიძლიათ იმსჯელოთ?! კი, ბავშვებიც არ ხართ, მაგრამ მოდით რა ნუ დავითრგუნებით და ისედაც რთულ ცხოვრებას ძალად ნუ გავირთულებთ. ახალგაზრდები ხართ, ყველაფერი წინ გაქვთ; რამდენი ფერია, ემოცია, პოზიტივი ცხოვრებაში, რამდენი არაჩვეულებრივი აღმოჩენა კეთდება მსოფლიოში ყოველდღიურად!
ამაზე ილაპარაკეთ! თქვენი კლუბის მიზანი ხომ ისაა, რომ სტუდენტობა ლამაზად და აზრიანად გაატაროთ?! ასე არ თქვით?! კარგით-რა, რას გაძლევთ ეს მიზეზების ჩამოთვლა, თვითმკვლელის ყოფაქცევის განხილვა? მერე რა ამით? აი ჩაატარეთ ეს პრეზენტაციები და მერე?
ხომ ხედავთ ყველა დავფიქრდით, დავდარდიანდით?..
თან ეს თვითმკვლელობა ხომ არ არის ისეთი რაღაც ყოველდღიური და მნიშვნელოვანი მოვლენა?! უფრო დადებით რაღაცეებზე იფიქრეთ, ოპტიმისტები იყავით. თქვენთვისვე უკეთესია! თქვენთვის! არ გინდათ ეს დარდიანი თემა-რა, ძალიან გთხოვთ!
ამ გამოსვლებს მეტი დამაჯერებლობა რომ ჰქონოდა, მაღალჩინოსნებმა მალევე დატოვეს აუდიტორია.
ლექტორმა გაბრიაძემ ერთხანს პოლემიზირება დააპირა, მაგრამ რატომღაც თავი შეიკავა. მთლიანობაში კლუბის მუშაობის პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა…
სამწუხაროდ, სულ რაღაც ორ კვირაში სასწავლებლის ერთ-ერთმა სტუდენტმა თავის მოკვლა სცადა – მამისეული თოფი გულის არეში დაიხალა. ჭაბუკი კომაში ჩავარდა და ექიმებმა იგი “აპარატზე” მიაერთეს.
სასწავლებლის შესასვლელში ამ სტუდენტის სამკურნალო თანხების შესაგროვებლად კარგა ხნის განმავლობაში „დახმარების ყუთი“ იყო დამონტაჟებული… სასწავლებელს საკუთარი სტუდენტისათვის ოფიციალური ფულადი დახმარების გაღების უფლება არც ჰქონდა და, როგორც ბრძანებდნენ, არც სათანადო სახსრები გააჩნდა. ყმაწვილი თვითმკვლელობის მცდელობიდან ერთი თვის თავზე გარდაიცვალა.

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on ““მოაზროვნეთა კლუბის” პრეზენტაცია

  1. ხშირად ხდება ხოლმე ასე. ერთეულები გრძნობენ , რომ რაღაც მოქმედებაა აუცილებელი, რაღაც სამუშაოა ჩასატარებელი სერიოზული საფრთხეების ასაცილებლად, მაგრამ თითქმის ყოველთვის დაბრკოლებებს აწყდები ამ დროს…მერე კი ხდება ის რაც ხდება :((((

    Posted by Eka Beradze | December 24, 2015, 10:14 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: