მოთხრობების ციკლი "მგონი, დავიღალე"

მისალოცი ბარათი


happy_8_marchგანაცხადო, რომ ჭაჭურეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წლის 9 მარტს, ორშაბათს, ერთი ხეირიანი დაფა-ზურნა მიდიოდა (სხვა სიტყვებით, XXI საუკუნის ქართული პროვინციისათვის დამახასიათებელი ზეიმისშემდგომი ჭყიპინი და ალიაქოთი), ესე იგი არაფერი თქვა. გამგეობის სამსახურების თანამშრომლებს ზოგს ნაბახუსევზე ვერ მოესწრო და ვერ დაელია, ზოგი ისევ პოსტსაქეიფო ეიფორიაში იმყოფებოდა და ნეტარად იკრიჭებოდა. ზოგს, მაგალითად, სოციალურ ქსელში ჰქონდა თავი მეშვიდე მალამდე ჩარგული და ფოტოებს აზიარებდა, ზოგიც დასკუპსკუპებდა ამბების შესაკრებად და ჭორებად გასაფორმებლად. ზოგი ხორხოცით არჩევდა გუშინ ვინ რომელ რესტორანში რა „ზემფირა“ და „ბელიე როზი“ იმღერა.
იყვნენ ისეთები, ვინც იხსენებდნენ, რომ ცხელი კერძი მათ სუფრაზე სულ აგვიანებდა, „რესტორანი „კოშკი“ ბოლო დროს ჩავარდა მთლად“, „ზეზვამ მზიას „იმენა“ 8 მარტს სიყვარული აუხსნა და სახალხოდ ხელი სთხოვა „ასკაციან“ პურმარილზე“ და ა. შ. მრავალს ეს ნაღდი ქართული ამბები (ჯიგრის მოსაფხანი და თან მაიდენტიფიცირებელი), გულზე მალამოდ ესობოდა და ეხმარებოდა თავი ჯაყჯაყით მიმავალი ქართული ყოველდღიურობის ესკორტის, „სუხოი ამორტიზატორის“ მესამე ჭანჭიკად ან „რეზინად“ აღექვა. ოდითგანვე, საქართველოს მუნიციპალიტეტების თუ რაიონების გამგეობათა შტატები თითქმის ყველგან ერთი და იგივე თარგით იჭრებოდა (მათ შორის კონკურსების ჩათვლით); მეწარმეების და კომბინატორების მეუღლეები, შვილები ან „დაიკოები“, ლამაზი ჭაჭურეთებელები, ყველა ტიპის მაღალჩინოსანი „ძალოვანების“ მეორე ნახევრები, მინისტრების და დეპუტატების ახლო თუ შორეული ნათესავები და სხვა. გამონაკლისი არც ჭაჭურეთის მუნიციპალიტეტი ყოფილა; ყველა ის მოქალაქე, ვისაც „სიტყვა ეთქმოდა ჭაჭურეთში“ („ჭაჭურეთის სინამდვილეში“), ადგილობრივ გამგეობაში ღირსეულად იყვნენ წარმოდგენილები და არა მხოლოდ სიტყვებს ამბობდნენ, არამედ ქართველობდნენ და საქართველოს საქმეც ხეირიანად და სარფიანად სულ წინ და წინ მიჰყავდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ რთულ ორშაბათს გამგეობის ყველა განყოფილება სიტყვასიტყვით ბედნიერი იყო, თუნდაც იმით, რომ წინა დღე სრულიად საქართველოს ქალებს მიუძღვნა და ეს ხაზგასმით საზეიმოდ აღნიშნა, განსაკუთრებული კივილ-ჭყივილი მაინც ყველაზე დიდი – „კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების“ – სამსახურიდან ისმოდა. სამსახურის სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ საქმე პერსონალს უამრავი უნდა ჰქონოდა. ამიტომ, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ წინასაზეიმო აჟიოტაჟის გამო თანამშრომლებს, ალბათ, შემთხვევით, გამორჩათ გამგეობაში მომუშავე ქალებისათვის მისალოცი ბარათები დაერიგებინათ.
ორშაბათს, დილიდანვე სამსახურის უფროსმა ისიც აღმოაჩინა, რომ ეს ბარათები არა თუ გადაცემული, არამედ შეძენილი და შევსებულიც კი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, რამდენადაც შეძლო (მოხელის ემოციური სისტემაც ახლა რეზინის არ გეგონოთ! – ჯერ განცხრობაში იყოს და მერე უცებ გაავება მოუწიოს?! ჰერიჰა!) ქალბატონი უფროსი აღშფოთდა და ბრძანა: ყველა თანამშრომელი, ვინც იმ მომენტში კაბინეტებში იმყოფებოდა, საჩქაროდ უახლოეს მაღაზიაში წასულიყო მისალოცი ბარათების შესაძენად. გამგეობის სანიმუშოდ დარაზმული ქალთა ჯგუფი, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ 8 მარტის ნეტარების ტბაში დაცურავდა, ერთ-ერთი კოლეგის „ჯიპში“ ჩაჯდა, მივიდა საკანცელარიო მაღაზიაში და საკმაოდ ხმაურით დაიპყრო შენობის სივრცე. ცოტა არ იყოს გაოგნებული გამყიდველის თანდასწრებით, ჯგუფმა, დიდი ჭოჭHappy-8th-march-2მანის და ვიზუალიზაციის შემდეგ, როგორც იქნა, მისალოცი ბარათების რამდენიმე სახეობა შეარჩია. ღირსეულად განხორციელებული ეროვნული ვალდებულების განცდით, ჯგუფი კვლავ გამგეობაში დაბრუნდა და ქალბატონ უფროსს უპატაკა, რომ მისი ბრძანება შესრულებულია, ხოლო არაჩვეულებრივად მომხიბვლელი მისალოცი ბარათების კომპლექტი უკვე ადგილზეა. უფროსთან თავის გამოჩენის მიზნით თუ რაღაც გაუგებარი კოკობზიკობის მოტივით, ერთი თანამშრომელი უშუალოდ ბარათებთან „დარჩა“ და მათით აღტაცებული და ბედნიერი, ბარათებს ფერება და ლამუნი დაუწყო, თითქმის ისე, როგორც გიორგი მახარაშვილი გადაბუგულ ბერლინში ვაზს ფილმში „ჯარისკაცის მამა“ ადიდებდა:
„შენ აქ საიდან გაჩნდი, შენ ბარაქიანო, ჰა?“, „რა მარჯვენამ მოგიყვანა აქა, შე ჯიშიანო შენა?!“.
ქალბატონმა უფროსმა, მიუხედავად იმისა, რომ წარბები დაეღალა, მაინც არ დაუშვა (მან კარგად იცოდა ღორის ტილის ამბავი – ეს მართლაც ქართული მენეჯმენტის უძველესი სახელმძღვანელო!) და გულისწყრომით კიდევ ერთი სასტიკი ბრძანება გასცა.
– ეხლა კიდევ ყველა დასხდებით და სასწრაფოდ… შევსება დაიწყეთ! ერთ საათში მზად უნდა იყოს! არ ვიცი! თუ გინდათ, რომ სულ არ დამეკარგოს თქვენზე წარმოდგენა.
რასაკვირველია, საჯარო მოხელის უფროსის წარმოდგენა ა, თანამშრომლის შესახებ ხანდახან უფრო მეტია, ვიდრე საკუთარი წარმოდგენა. ამიტომ ამ უზარმაზარსახელიანი სამსახურის პერსონალი მიუხედავად დავალებების სიუხვისა, სასწრაფოდ დაფაცურდა, ერთბაშად მიესია და მისალოცი ბარათების შევსება დაიწყო.
შესანიშნავ მწერალ ოთხეულს შორის ამგვარი დიალოგიც კი წარიმართა.
– გოგო, როგორ დავწერო? „ქალბატონო მერი, გილოცავთ 8 მარტს“? ესე?
– არა, გაგიჟდიიიი? (ბოლო „ი“ ამ სიტყვაზე, მით უმეტეს, იწელება ხოლმე).
– ცოტა გაშლილად დავწეროთ. მაგალითად, „გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს“. „დღეს“ მერე მძიმე უნდა, ხოოო? „გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს“.
– აბა როგორ, ლალი?
– მოდი ასე ვქნათ. ყველამ ჩვენ ჩვენი ვარიანტი დავწეროთ და მერე ერთიდან ის ამოვიღოთ, მეორიდან ის, ანუ რომელშიც რაც იქნება კარგი…
– აუ, ვითომ არაფერია, მაგრამ რა რთულ დავალებებს გვაძლევენ! ერთ საათში როგორ უნდა მოვასწროთ ეს ამდენი მისალოცის შევსება! ჯერ ტექსტი დაწერე, მერე შეავსე ორმოცდაათი მისალოცი!
ასე იყო თუ ისე, „გოგოები“ ნელ-ნელა შეთანხმდნენ რაღაც ტექსტზე, მერე „გადაახედეს“ ქალბატონ სამსახურის უფროსს და ბოლოს ხალისიანად მიუსხდნენ ბარათებში ჩანაწერების შეტანას. რთული მარტივი გახდა და საქმეც ადგილიდან პატიოსნად დაიძრა.
ამასობაში განყოფილებაში, შემთხვევით თუ საქმიანად, მშრომელ ქალბატონებს ნინო შ*-მ შემოუღო კარი. თითქმის ყველა თანამშრომლისაგან ნინო სხარტი აზროვნებით, შეფასებებითა და ცხოვრებისეული მისწრაფებებით განსხვავდებოდა. ნინო ბევრს მოგზაურობდა, ათ წელიწადზე მეტი იყო, რაც მცირე ბიზნესს წარმართავდა, ფრიად კომუნიკაბელური, მხიარული, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული ადამიანი გახლდათ.
შემოსვლისთანავე ნინომ ლაღად გაუღიმა „მწერლებს“ და მოიკითხა.
– გოგო, აი, ნელიმ დაგვავალა „მისალოცების“ შევსება. 12 საათამდე უნდა მოვასწროთ. მერე აპარატის უფროსს უნდა აუტანოს ნელიმ და თან დაარიგონ… ნახევარი უკვე შევავსეთ… დავიღალეთ-რაა ამის შევსებით, თითქოს სხვა საქმე არ გვქონოდეს!
ნინოს ირონიულად ჩაეღიმა.
– ისე, გოგო, შენი მისალოცი არ დაგვიწერია, მგონი! აბა, ლალი, ნახე, არიიი ნინოს მისალოცი გამზადებული? მოდი ნახე რა კოხტა ბარათებია!!! სად იყო ჩემს ახალგაზრდობაში ეგეთები?! რა დროა, რა ლამაზ რამეებს ამზადებენ, ვგიჟდები უბრალოდ! ჩაყლაპავ, ისეთი მისალოცებია! მე მაგალითად, ვაპირებ ეხლავე, რომ მოვრჩებით, აი აქ, კედელზე, ჩემს მაგიდასთან უნდა გავიკრა. აი, ნაზიც იგივეს აპირებს…
– ნინოსი ჯერ არა შემივსია… აბა რანაირად? ანბანით მოვდევ…
– კარგი, კარგი. მიდი-მიდი, თორემ თუ დაგვაგვიანდა, ვეღარც ამოვალთ ნელის პირიდან.
მოულოდნელად ნინო დასერიოზულდა და მტკიცედ უთხრა.
– ჩემთვის არ შეავსოთ!
– რა, გოგოოო?
– რასაც ავსებთ… ჩემთვის არ შეავსოთ!
– რათა, გოგო! ნინო?!! რას ამბობ?! – გაოცდა ერთ-ერთი თანამშრომელი, სახელად ნათელა.
– ნახე რა ლამაზია?! სულ ორი წუთი მაცალე და გაგიმზადებ. – ჩაერთო ქალბატონი, სახელად ლალი.
– არ მინდა ეს მისალოცი! ხომ გეუბნებით!
– კაი, ნუ ხუმრობ ესე-რა! ნუ იცი ეგეთი რაღაცეები შენ კიდევ! ყველას უნდა მივცეთ მაინც…
– ჰოდა, ჩემთვის არ შეავსოთ. არ მინდა… – პრინციპულად იდგა ნინო საკუთარ პოზიციაზე.
– რათა, გოგოოო?
Happy-Women-Day-8-March-international-hd– თუნდაც იმიტომ, რომ 8 მარტის მისალოცს 9 მარტს არ უნდა მაძლევდნენ…
– კაი, ნინოოო, შვილო, რას ამბობ, ყველას ხო ეწყინება?! დაფიქრდი აბა?! აი შენი რა მიდის? ჩვენ არ ვავსებთ?! შენ ხომ არაფერს წვალობ?
– კარგი, ნინო, ნუ ხარ ეგეთი… არ შეიძლება სულ ასე! – გაწიწმატდა ლალი.
– შეიძლება!!! მე ჩემი გითხარით… მე ნუ შემივსებთ! – ხაზგასმით დასძინა ნინომ და ოთახი დატოვა.
– იჰ, ეს ვინ ყოფილა?! – ჩაიბუტბუტა ლალიმ. – ვერაფერს დაანახებ და ვერ ასიამოვნებ. ეს ჩვენი გამგებელი ამდენს შრომობს და წვალობს, ზედ აკვდება ყველაფერს, ყველაზე ადრე მოდის და ყველაზე გვიან ეგ მიდის შენობიდან… დასვენება მაგან არ იცის, და ჯანმრთელობას არ ინდობს! რაღა უნდათ ნეტა ამ ხალხს საერთოდ?!
– შენ ეგა თქვი? ეხლა ეს რა მანერა იყო? რისი თქმა უნდოდა ეხლა ამით?
– „არ მინდა მისალოცი ბარათი“! – დააჯავრა ნათელამ.
– ეგ ხო იგივეა, რაც სილა გაგაწნან სახეში…
– ოჰ, კაი-ერთი. ვიცი მაგის ამბავი. სუ ეს უცხოური რაღაცეები აგიჟებს. აზრები აქ იგეთი, „ამერიკაში უნდა წავიდე“-ო, „იმ კონფერენციაში უნდა მივიღო მონაწილეობა“-ო და რა ვიცი. თავისი სიმართლით გაუმარჯოს-რაა. ყველამ თავისი საქმისა თვითონ იცის, მე გამანებონ თავი-რა! მარა ეხლა კონკრეტულად ამ სიტუაციაში, ჩვენთან მართლა ძალიან ჩაიჭრა! ჩვენ ხომ ვწვალობთ, ვშრომობთ?! შენი რა მიდის-რა? მართალი უთხარი, შენ, ნათელა, მომეწონა, მაგრად უთხარ! აიღე-რა, გჩუქნიან, გამოართვი, როცა გაძლევენ – მისალოცია, ფულია თუ რაც არის…
საათის მეოთხედში ქალბატონი ლალი ქალბატონმა უფროსმა გამოიძახა და პირადად გვარიანად დატუქსა საქმის შეუსრულებლობისა და სამსახურებრივი გულგრილობის გამო. მენეჯერს აქამდე ვერ ეპატიებინა ლალისათვის „ბარათების საქმე“.
ინციდენტი ამაზე ამოწურულად შეიძლებოდა ჩათვლილიყო, რომ არა ერთი მისი სიქველი.
შუა დღეს ნინო შ**-ს სახლიდან დაურეკეს და რაღაც გადაუდებელი მიზეზის გამო ცოტა ხნით მოსვლა სთხოვეს. ნინომ შეატყობინა თავისი სამსახურის ხელმძღვანელს და უმალ ჩქარი ნაბიჯით გამგეობის შენობიდან გავიდა.
გზაში მისი მობილური ტელეფონი ისევ ახმაურდა.
რაოდენ დიდი იყო ნინოს გაოცება, როდესაც ტელეფონის დისპლეიზე უნიკოდით აბონენტის პრესტიჟული სახელი აინთო: „ნუგზარი გამგებელი“…
– ალო, ნინო! – დაყენებული ინტონაციით, ტემბრითა და მედიდურობით ჩასძახა გამგებელმა. მის ხმაში იყო რაღაც პაატა ბურჭულაძისეული, რაღაც – რაზბორკაზე მოკლული ქვემოჭალელი ქურდი „მიკლუხას“ ხრინწისა, რაღაც მეფრინველეობის ფაბრიკა „მამლაყინწას“ დირექტორის, და რაღაც – პატარა ბიჭისა, რომელიც ჭაჭურეთის ქუჩებზე თავის დროზე თანატოლების დაგოიმების პრაქტიკებს გადიოდა.
ნინოს ნამდვილად ვერ წარმოედგინა მიზეზი, თუ რატომ უნდა დაერეკა გამგებელს მისთვის, როდესაც ქალი უკვე დიდი ხანია უმცროსი სპეციალისტი იყო – შერისხული და ჩამოქვეითებული. ორ წელზე მეტი იყო მას არაფერს აკითხებდნენ, არ ეკითხებოდნენ, ამიტომ ნინოს გამგებლის ამჟამინდელი გამოხმაურება ნამდვილად უცნაურად მოეჩვენა.
– დიახ, ბატონო ნუგზარ, გისმენთ! – უპასუხა ნინომ და დავალების მისაღებად მოემზადა.
ნუგზარმა პაუზა დაიჭირა, თითქოს ამოისუნთქა და შეტევაზე გადავიდა.
– ნინო, ეს რა ხდება? ეს რას ნიშნავს?!
– რას, გულისხმობთ, ბატონო ნუგზარ?
– მისალოცი ბარათი უკან გადმოგიგდია… ჰაა? ეს რას ნიშნავს, ნინო? რით დავიმსახურეთ ეს, რომ შენი მისალოც ბარათებზე უარს გვეუბნები – ჩვენ, ჭაჭურეთის გამგეობას?! იმ ადამიანებს, რომლებსაც შენ ოჯახის წევრივით უყვარხარ!
– ბატონო ნუგზარ, უკან არაფერი გადამიგდია. მე ის ვუთხარ, რომ ნუღარ გაირჯებიან და 8 მარტის მისალოც ბარათს, რომელიც 6, ან თუნდაც 7 მარტს შეეძლოთ მოეტანათ, ნუ შემივსებენ ეხლა – 9 მარტს (!). ამჟამად უკვე ვერანაირ მნიშვნელობას ამ ბარათის ვეღარ ვხედავ, ბატონო ნუგზარ!
– ნინო, ეს რანაირი და სადაური სიჯიუტეა?! – გამწარდა ბატონი ნუგზარი. – ეგეთი რამე არსად გამიგია! რისი თქმა გინდა ეხლა შენ მაგით? სულ რამდენიმე საათით დააგვიანეს და ეხლა, რომ იტყვიან, შენ „მაზოლზე“ წიხლს აჭერ, თუ რა არის?! ხომ ხედავ, ხალხი ამდენს მუშაობს, დღეს და ღამეს ასწორებენ?! ყველაზე ადრე მოდიან, ყველაზე გვიან ეგენი მიდიან. და რა ეხლა, ვითომ – საბაბი უპოვე გასაქილიკებლად? გულით მოგილოცეს ამ ხალხმა, მთელი გულით! თან რა ლამაზი და ძვირფასი მისალოცები შეიძინეს, ყველამ აღტაცებით და სიხარულით მიიღო და შენ რა-ღა მოგდის?
– ბატონო ნუგზარ…
– არა, ნინო, ეს არის თავზე გადავლა! ეგრე არ ხდება! იცოდე რა! ეს მილოცვაა, ეს გულით კეთდება, ეს დაფასებაა! ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და მოსახლეობა ჩვენ გვიყურებს! ნუ შეურაცხვყოფთ ერთმანეთს ეგეთი რაღაცეებით…
– კი, ბატონო ნუგზარ, მაგრამ ეგ მისალოცი ეხლა უკვე არაფერში მჭირდება. თუმცა არც უკან მიმიგდია და არც არაფერი უხეშად არ მითქვამს. იცით თქვენ ჩემი ტაქტი და ზრდილობა! – უპასუხა ნინომ, რომელსაც საკუთარი სახლის დანახვამ ძალები გაუორმაგა.
“პახმელიაზე” გამოსული ჭაჭურეთის ხალხის რჩეული კიდევ ცოტა ხანს ჯუჯღუნებდა, მაგრამ იმასაც მიხვდა, რომ შექსპირს დამაჯერებლობით ვერასოდეს დაეწეოდა, ამიტომ ნინოს ტელეფონი ხაზგასმითი თავხედობით გაუთიშა და ისევ თავის უამრავ, საერო და საქვეყნო საქმეს მიუბრუნდა.

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: