მოთხრობების ციკლი "მგონი, დავიღალე"

შარვლები


Baby-products-110mm-baby-silica-gel-cross-hole-baby-standard-real-sense-of-font-b-artificial– ზურა, ნახე… ორი შავი შარვალი ვიყიდე. შენ რომელს მირჩევდი ჩასაცმელად – ეთერში გეუბნები-რა? ესენია, ნახე! – გიო უახლოეს მეგობარს „სკაიპით“ შენაძენს უჩვენებს. – აი ამაზე რას ფიქრობ? ხო, აი მე, თითქოს, ეს უფრო მომწონს, „პიერ კარდენია“ მაინც და რა ვიცი…
– ახლოს მოიტანე… აბა… მეორე?!
…გიოს ოფისიდან უხმობენ. ნინჩომ ერთად შეკრიბა წამყვანები და რაღაცას არჩევენ. ლილე ვულგარულად წამოწოლილა სამუშაო ოთახის დივანზე; ბოლომდე ამოწეული წელით, მოშიშვლებული მუცლით, უხერხულობის ყოველგვარი გრძნობის გარეშე იგი მოკლე ქვედაბოლოს ძაფებს თითებით ათამაშებს.
„სარტრიც“ აქ არის. იგი ტუჩების საცხით და სარკის დახმარებით ცდილობს საკუთარ ბაგეებიდან საოცრება შექმნას.
მუდამ იდუმალი დინა აზარტულად ტელეფონს შეექცევა და იმეორებს თავისთვის: “ოღონდ ეხლა არ დაჯდე!”.
მოშორებით მჯდომი თანამშრომელი-გოგონა მოჭადრაკესავით ეომება კომპიუტერის კლავიატურას. იგი გაბოროტებულია სამსახურებრივი დავალების გამოისობით. მან რეალობასა და მირაჟს შორის გამდინარე ზღვარიც კარგად იცის, მაგრამ ამჟამად პრინციპული საკითხები სწორედაც რომ “ვირტუალში” წყდება.
– მალე… – ამბობს ლილე. – ჩვენ ისეთებივე ვიქნებით… ზომბები, ანუ უწყინარები… მაგრამ მე მჯერა მომავლის, ოპტიმისტი ვარ! მხოლოდ მას გადაურჩენივარ მე პირადად. ასეა… ასე!
– „სარტრი“, შენ იწყებ, იცოდე. არ დაგავიწყდეს, დასაწყისშივე აღნიშნე, რომ… ნივთებს არ მოაქვთ ბედნიერება… მოდი-რა ახლოს! უნდა ჩაიწერო, კიდევ რაღაც-რაღაცეებია აქ გასავლელი! – სასცენარო ქაღალდებს ფურცლავს და მოუთმენლად ამბობს ნინჩო, ამ მინი-თათბირს სულისჩამდგმელი.
– გიოს ტანში ბურძგლავს ნინჩოს მოსრიალე სიხისტე.
– კი, ნინ… ე-ხა-ვე! – „სარტრი“ ვერ ელევა საკუთარი ტუჩების ბრწყინვალებას.
– …და რომ მოაქვთ, ამ დედანატირებ ნივთებს?! – ლილეს რეპლიკა სადღაც უსივრცობაში იკარგება. ნინჩო ოდნავ რეაგირებს თავის აქნევით.
– ჩემთვის იცი?!. ნივთები ნივთებია, ურთიერთობები კი ურთიერთობები… და უფრო მნიშვნელოვანია. – იძახის „სარტრი“ და ათვალიერებს თუ რა სიზუსტით აირეკლა ეს წინადადება მისმა სარკემ. ბაგეები აშკარად არ ემორჩილებიან „სარტრის“ შეუვალ სტანდარტებს.
– ეს, ალბათ, კომპლექსია! აბა სხვა რა არის? – ლილეს მშვენიერი წელი უფრო წინ იზნიქება. ჩანს, რომ ისიც უკმაყოფილოა საკუთარი თავით. მას ჩაბეჭდილი აქვს, რომ, როგორც ტელევარსკვლავს, ყოველწამიერ უფრო ღრმა აზრის გამოხატვა მართებს.
– ნუ სულელობთ! – ერთვება ნინჩო. – ლილე, შენ ხომ გახსოვს, როგორ შედიხარ?!
– ხო, მე უნდა ვილაპარაკო, რომ სულიერი ცხოვრების გარეშე ადამიანის ყოფნა შეუძლებელია. და „სარტრის“ ნათქვამს ვუპირისპირებ აზრს, რომ ადამიანს ჰაერივით სჭირდება ემოციები…, სიყვარული, რწმენა ღმერთის, სითბო, ზრუნვა სხვებზე. ხო ასეა? ანუ ვეუბნები, რომ ნივთიერი სამყარო კარგავს ფასს, როცა ადამიანს შინაგანი ფასეულობები ერღვევა.
– ლილე, გეხვეწები საბოლოოდ-ღა მათხოვე შენი ფანქარი… – მიმართავს „სარტრი“ პოეტურად. – ლილე, გამიგე იმის ფასი, რაც გითხარი?! აბა შემომხედე, ღიმილი ძნ ისეთი ხომ არ მაქვს?!
– კარგია… მერე გეტყვი, შემახსენე მართლა…
– თქვეენ! ლილე და „სარტრი“! თქვენ გეუბნებით! მსჯელობის შემდეგ, ეძახით გიოს და ამბობთ, რომ აი ის წარმოადგენს უკვე რეალურ ანალიზს მატერიალურის და სულიერის… და ბლა-ბლა-ბლა… – ნინჩო უყურებს გიოს მზერით, რომელიც მომართულ შუბის წვერზე გადაფარებულ ხავერდის ტილოს ჩამოჰგავს.
– გიო, შენც შეხვალ ამ დროს და იტყვი, რომ… სულიერი სამყარო, რომელიც ჩვენ სულიერი გვგონია, ხშირად შეიძლება იყოს ხელოვნური… და დანარჩენი, როგორც მოვილაპარაკეთ… შენ იცი. რამდენი დრო დაგვრჩა? გოგო, დროა უკვე! წავედით!
გიო დგება და ანგარიშმიუცემლად ოთახიდან გადის. იგი უახლოვდება და გვირაბის სიბნელეს უერთდება.
გარეთ მას ზურა ხვდება, რომელიც გონებადინდულ გიოს რამის მხოლოდ ჟესტების ენით კვლავ შარვლებზე ელაპარაკება.
თითქოს მეზობელი ოთახიდან ყოფილიყოს, გიოს ზურას ავტორიტარული რეკომენდაციების წიკწიკი ჩაესმის.
ზურა ტრადიციულად ასეთია; უმეტესწილად დამაჯერებელი, დიდაქტიკური, მნიშვნელოვანი!
– მეორე შარვალი უფრო მომეწონა.
გიოს ეჩვენება, რომ პასუხობს.
„აბა ის?! „პიერ კარდენია!“…
გრანდიოზული შემინული ფასადის კარი ავტომატურად იღება და მეგობრებსაც გასასვლელისაკენ მიეჩქარებათ.
გიოს ეჩვენება, რომ მისდა უნებურად რაღაც მაგნიტური ველის მსგავსი ითრევს.
ზურა ჩამორჩება…
გიო ვეღარ დაელოდება ზურას…
ერთი ნაბიჯი წინ, მეორეც.
მესამეზე გიოს თავბრუ ეხვევა, ცის კამარა იმღვრევა და გიოც შენობის კუთხესთან მიყუჟული წელში იხრება.
– რა გჭირს? – უახლოვდება ზურა მეგობარს.
– ცუდად ვარ… გული მერევა… – აღმოთქვამს გიო და გრძნობს როგორ დოლაბებივით ტრიალებს მისი გულ-ღვიძლი.
ცხოველი სპაზმი აწვება კარდიალური სფინქტერიდან საყლაპავი მილით მაღლა-მაღლა. გულისრევის იმპულსი ბნელეთის ღრუბელივით ეფინება თავის ქალას. უზარმაზარი ბურთი ტკივილის თუ აბობოქრებული საკვები მასისა ვერ პოულობს გამოსავალს და გამძვინვარებული აწყდება საყლაპავის სათავეს.
საფეთქლებს ჭიმავს აზრი, რომ ცოტაც და თუ გული არ აირია, მოწოლილი წნევის შედეგად ხორხი, გლანდები და ყელი სათამაშო ბუშტივით გასკდება.
გიოს მარჯვენა ხელის თითები უკითხავად პირის ღრუში, სასაზე მიიწევს…
მან იცის, რომ გადარჩენა მხოლოდ პირღებინებაშია!
გიო კიდევ უფრო ღრმად იყოფს ხელს, რომ გააძლიეროს გულისრევის სპაზმი და ამოარწყიოს შეგუბებული შხამი.
…ცერი და საჩვენებელი თითები რაღაცას ეხება.
გვერდიდან ზურას ხმა აგულიანებს:
„მიდი, გიო, აირიე!“.
თითებით გრძნობს, რომ ყელში რაღაც არის გაჭედილი.
იგი რამის თითებს ავლებს… ამ შემზარავ “რაღაცას”.
მთელი სიძულვილით და ზიზღით ეჭიდება…
და გამოათრევს პირიდან…
დარჩენილი ცნობიერება ცნობისმოყვარეობად იქცევა…
გიო დასცქერის ამ “რაღაც” შემკვრივებულ მასას, რომელიც ცოცხალივით განკუმშვას ლამობს.
„ეს რა არის, გიო?“ – იგი ვეღარ იგებს ვისია ეს კითხვა, მისი თუ ზურასი.
„ხისტი, ღია ფერის, გამჭვირვალე, მაგრად დაკუჭული ცელოფნის ნაჭერია! ეს რა არის?! რა უნდა აქ?!“
მას კიდევ ერთხელ აზიდებს და პირიდან კიდევ ერთი დაკუჭული ცელოფნის „პარკი“ ამოაქვს. შემდეგ კიდევ და კიდევ და კიდევ!
რაღაც ხმა ყორანივით დასჩხავის…
„იცოდე, შიგნით კიდევ ძალიან ბევრი ასეთი ჩატუმბული ცელოფანია“,
„მთელი შენი შინაგანი სამყარო ამ ცელოფანს წაუღია, ვითარცა ერთ უკიდეგანო, აყროლებულ ნაგავსაყრელს“,
„შენ გაჭამეს, გაყლაპეს ეს ცელოფანი, მზრუნველობით გამოგკვებეს ამ ცელოფნის „პარკებით“, შე უბედურო!“,
„შენი შიგნეულობა ცელოფანში გადახვეული ნაგვით გამოიძეკა“,
„ყველაფერი რასაც გეუბნებიან ადამიანები, ეს მათი სიტყვებია ეს „ცელო-ნაგავია“…
„შენი სამყარო უსარგებლო „ცელოფანია“ – გახევებული, გახეტებული, ჰერმეტული, ჩაკეცილი, დაუშლელი…“
ზურას კვლავაც ხელი უდევს გიოს მხარზე და დაჟინებით უმეორებს:
„მაინც იმ პირველ შარვალს გირჩევ!“
გიო გულს ირევს და თან ცდილობს გამოერკვეს, საიდან გაჩნდა მასში ეს ცელოფნური სანაგვე.

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: