მოთხრობები (2006 - 2015)

მაჩო და მარია


“ესე არს პირველი მოთხრობა დაწერილი “გუგლ-დოკში”, ანუ ინტერნეტში, რაც მოწმობს, რომ აღარც კი ვკადრულობთ კალამსა და ფურცელს და ხელი გადაგვიყვია-შეგვიყვია კომპიუტერში და სადღაც ამერიკაში ვწერთ და ვბეჭდავთ.
ვაიმე, სადამდე მივიდა ტექნიკა, Боже мой?!..
ჩვენს დროში კალკულატორი “MK-54” და ფერადი ტელევიზორი “ივერია” რაღაცა გვეგონა.
ხალხო, რა ხდება, თქვენ აზრზე ხართ?!”
“მაჩო და მარია”
“ყოვლად ყოფითი ეპიგრაფი გენიოსთა ციტატის ნაცვლად”
“მაჩო და მარია”

608268_480x360_01ის, რომ ეგეთი სიგიჟე-სიგოიმე ისტორიები მას ბირკასავით ებღაუჭებოდა ან კიდევ მისი პიროვნება თავადვე ანდამატივით იკრავდა – გიომ დიდი ხანია იცოდა.
ეს კურიოზიც მის თავს სულ ახლახანს მოხდა. ანუ, ამბავი ხომ დატრიალდა და გიო ხომ სულით “აჟრიალა” და “აწიოკა”, მერე კაცსაც ეგრევე ყველა ძარღვ-ნერვში დაუარა გადაწყვეტილებამ, რომ ამ ფათერაკის შესახებ ჩემთვის უნდა მოეყოლა.
სრულიად აღელვებულმა დამირეკა!
ჯერ რიგიანად იხოხმავა და მერე მითხრა, “მოდი ძმურად დაწერე”-ო და რამე მთხრობად აქციეო. “გთხოვ, ნუ გადადებ-რა!”. ეხლავე დავცხოთ, მეც შეგეშველებიო, მივაყოლოთ და ბევრი ფიქრის გარეშე ჩამოვაყალიბოთო.
ასე რომ ის, რასაც ამჟამად კითხულობთ, თავიბოლო მიუმატე-გამოაკელი, 1 საათის ისტორიაც კი არ იქნება:
“ადგილიდან ცხელ-ცხელი რეპორტაჟია იმის შესახებ, რომ ცხოვრება უმოწყალო აბორდაჟია!”
საერთოდ გიო სულ სხვა ტიპია. მაღალი ზნეობისა, ხან მსუბუქი იუმორით, ხან სარკაზმით; კაი “ტონკი” რაღაცეებს ამუღამებს ხოლმე. მაგალითად, სულ ღადაობს, რომ მაგარი სახელი აქვს.
“მე იმ კატეგორიის სახელი მქვია,”- აცხადებს გიო. – რომელსაც მიუმატებ დაბოლოება “უშ”-ს და თავს “მაგრა კომფორტულად” იგრძნობ”.
“არის თუ არა ამ რჩეულ სახელთა კოჰორტაში რამე სხვა გამაერთიანებელი, გარდა “უშ”-ის შეთვისების უნარისა, რა მოგახსენოთ, მაგრამ გული სხვანაირად ფეთქავს და კრთის, როცა ვინმე გიო-ს მაგივრად გეტყვის: “გიუუუშ!”.”
მეც პირადად ნაუცბადევად დიდად არ მახსენდება საკუთარი სახელებიდან რომლები ირთავენ ამ “უშ”-ს… ბექა, ნიკო, კახა, ვაკო, თიკო, ვეკო, ქეთი, კეკო, კატო (კატიუშა – როგორია, ჰა?). მაგალითად, სახელ “ნოდოს” ან “ჯემალს” “უშ”-ს ვერაფრით მიუმატებ. ახლა “ლელა-ზე” შეიძლება “უშკები” მიუკუდაბზიკო, ისევე როგორც “ნათია”-ზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, გიოს თქმისა არ იყოს, ეს “უშკები”, “კუშკები” ან “კაშკები” და “კაკაშკები” რაღაც ნამდვილად უკვე ზედმეტობაა-რა, ხალხო!
სუფთა ენობრივი “კაკაშკები” გამოდის, პირზე ამოსული ჭიებისა არ იყოს.
“სადაც საჭიროა და რა ტემპითაც საჭიროა – ისედაც უკითხავად მიგვაქანებენ.”
გუშინწინიდან ამინდი რომ აირია-გადაირია და კახეთის მადლიან კაბადონსაც ცივი ჰაერის მასები, ანტიციკლონი თუ გამოიმასქნებული ციკლოპი უნამუსოდ გადაეფაფხა, გიოსთვისაც სახლიდან გარეთ გასვლა ისეთი საამო, როგორც ჩავლილ პაპანაქება ზაფხულს, ნამდვილად აღარ იყო. ცივი გამჭოლი წვიმა, წრიული ნიავი კაცსაც და ცხოველსაც თავშესაფრისაკენ ერეკება ხოლმე. გიოს ეს ორი დღე თავი სახლიდან არ გამოუყვია და სანაცვლოდ კონსულტირების საიტის მასალების წერა-მოგროვებაზე ერთგულად და ნაყოფიერად წაიმუშავა. ჯერ პირველი ცივი დღის დილის ვარჯიში გააცდინა, შემდეგ – საღამოს ფიტნეს-პროგრამაც მიაყოლა და გამოტოვა…
დღეს გარიჟრაჟზე ძლივს, თავისდა გასაკვირად, საკმაოდ ბედნიერს გამოეღვიძა, თავი წამოყო და იქვე წვიმის გუგუნმა, თითქოს მოჰამედ ალის ზეციურმა “მე”-მ, სულიერი აპერკოტით კვლავ ბალიშზე მიანარცხა. იქვე სიზარმაცემაც ყურის ლოკოკინებში თავისი შხამიანი წვეთებიც ჩააწკრიტა (“შენ დიდებულო ადამიანო, მეტი დასვენება გმართებს. თავს გაუფრთხილდი!”)…
ცოტა ხანში არაფრისგან მოთენთილი, გადაღლილი, იგი დიდებული და “ბუდასებური”, შენელებული ფილმის კადრივით ფეხათრევით მიადგა სამზარეულოს, შეუდგა ყავის ქილის ძიებას. რახარუხით დახსნა ყველა კარადა – ისეთი მნიშვნელოვნობით ვითომ საქართველოს ყველაზე-ყველაზე “სამოქალაქო საზოგადოების” დავალებით ევროასოცირების ხელშეკრულების საიდუმლო მუხლებს ეძებდა, ან კიდევ თითქოს საქორწინო ჯვრისწერის ცერემონიალის დაწყებამდე სიდედრის ნაბოძები ბეჭედი დაკარგა.
თან ისე იშმუშნებოდა ვითომ ძალიან უნდოდა ეს “რასტვარიმი” და ერთი ყლუპი “ნესკაფე” მისთვის 1000 სინათლის წლის ნირვანას უტოლდებოდა.
მერე სანამდე “ჩაიდანი” სისინებდა და უსტვენდა, გიო ერთი კაი ნახევარი საათი სახლის ხან ალთას და ხან ბალთას მოკლე ნაბიჯით ზომავდა.
ბოლო-ბოლო ფანჯარასთან ნირწამხდარი მილასლასდა…
buddha_tmბუდასებრმა ლიბრმა მდუმარებით ამცნო:
“აი გუშინ-გუშინწინებში ასეთი იყო საღამოს მწუხრი, დღეს კი თავად დღე უნდა იყოს ასეთი ფერისა.”
ნუ, გიოს ბუდას კიდევ ბევრი სიბრძნის თქმა შეეძლო, რაც უბრალო ხალხს უთუოდ გამოადგებოდა. მაგრამ ჯერ ერთი ისაა, რომ ხალხიც შტერობს და ბუდას ნაცვლად გუდას უგდებს ყურს (ანუ ფულის გუდას ვგულისხმობ), თან გიოს ბუდასაც პიარ-მენეჯერი ვერ უქაჩავს და რაღაცას სულ აკლებს.
ისე, თავად გიოც სხვა ტიპია, ძაან აზრზე მოსულიც, მაგარი განათლებული და ფსიქოლოგიურიც, რაც ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში, სრული ზედმეტობაა.
ხო! ნუ ფაქტია, რომ ესმის კაცს ცხოვრება, სულ კითხულობს-რა! როცა არ კითხულობს, ადამიანებს კითხულობს – აი ასე პირდაპირ გადაშლილი წიგნივით – შეხედავს და… კაცის შინაარსიც იცის, სარჩევიც, თემაც და იდეაც და ერთი კაი “კრიტიკის წიგნივით”, სკოლაში რომ გვქონდა, ასე გაგირჩევს პიროვნებას თავისი მოტივებით, წარსული ბიოგრაფიით და მომავალში რაც ელოდება იმასაც დააპროგნოზებს.
მე თვითონ ვყოფილვარ მომსწრე – შეუხედავს და უთქვამს. “შენ მარცხენა თირკმელში ენერგია გეცლება, შარშან იშიაზი გქონდა მაგის გამო….”. ან კიდევ ეტყვის:
“ეგოიზმი ჭარბობს შენში – ამიტომ კუჭის პრობლემები გაქვს, გასტრიტი აიკიდე, მალადეც შენ, საშუალო სტადიაზე ხარ უკვე. თუ ასე გააგრძელე შეიძლება პანკრეასის ჯირკვალი ჩაითრიოს. დაუმეგობრდი შენს “მე”-ს…”
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის საქართველოში “კაი ტიპობა” და ზედმეტი ადამიანობა ზედმეტობა – ორი სიტყვით გეტყვით:
ჯერ ად-რე-ა!”.
ეხლა, მაგალითად, თქვენ ეს კომპიუტერული ტექნიკა, “ჟიდკაკრისტალიჩესკი” ტელევიზორები, ანტენები, “აიფონები”, რობოტები, ჯიპები, ჯინსები, ტყავის შარვლები და თანამედროვე რაღაც-რუღაცები რომ შუა საუკენეების საქართველოში გადაიტანოთ – ვინმეს რამეში გამოადგება? არა, სერიოზულად იფიქრეთ – გამოგადგებათ?!
ყველაზე კარგ შემთხვევაში – ცნობისმოყვარეობით მოგეპყრას ქართველი?!
“აიფონი” დაჯდება, რობოტს სამეურნეო ნაწილებად დაგიშლიან – გუთანს გააკეთებენ ან ცოლისა და ბავშვების დასასჯელ იარაღს. მადლობა უნდა თქვათ, იმ ხალხს თუ რამეს გააგებინებთ – ქართველები კი ერქმევათ, მაგრამ ან თქვენ არ აღიარებთ მათ ქართველებად, ან ისინი არ მიგიღებენ თავიანთ ჯურისად. ბოლოს ისე მოხდება, რომ ერთ-ერთი მხარე თქვენგან შეეცდება მეორე იმ სოფლიდან თუ დასახლებიდან ან გაიპინტრიშოს ან უბრალოდ მოსპოს.
რაღა დავამატო? ზუსტად იგივე ხდება ეხლა – ერთში ერთი! როცა ძაან აზრზე მოსული ხარ, თავიანთი ჯურისა არა ჰგონიხარ – ან წიხლს ამოგკრავენ და საცა საჭიროა მიგაბრძანებენ ან კიდევ დაგაკლავენ შენს სხვანაიორბას. მაააშ!
დამიჯერეთ, რომ ამ ქვეყანაში ეგეთი რაღაცეები ჯერჯერობით საკმაოდ ადრეა-რა!
ძაან ადრეა,
ძაან ადრეა,
ძაან ადრეა!
ძნ!
თააააან:
ღმერთი არ გაგიწყრეთ და თქვენი შვილების ცოდვაშიც არ ჩადგეთ, ეგეთებად არ დაზარდოთ!
…მოკლეეედ… როგორც უკვე გითხარით, გიოს დილის ვარჯიშის გაცდენა მოუწია. რა არის ეხლა მისთვის ეს ყოველდღიური დილის ვარჯიში და რისგან შედგება? ნახევარსაათიანი გარბენი ძუნძულით, შემდეგ – გაწელვითი მოძრაობები, თვალის სავარჯიშოების შესრულება, “რეიკი” (არის ასეთი სპეციალური სუნთქვითი ტექნიკა), ტანვარჯიშის ხიდი და სწრაფი სიარული…
ხო-და, “ნესკაფეს” წრუპვაში და ნირვანის ხმობაში გიო ფანჯრიდან აზრგაცლილი იყურება.
წვიმს და წვიმს, სამყარო სველდება და სველდება, დედამიწა იშხაპება და იშხაპება.
თან ისე უბრალოდ კი არ სცრის – რასაცა ჰქვია ძვლამდე ატანს, ეგაა.
ცივა, ჟამური ამინდია, გიო ბოლო-ბოლო ამ ვარჯიშს თავს ხომ არ შეაკლავს? ამიტომ რავი, არ მიდის… და თითქოს ეგრევე გულზეც ეშვება… მარა თან იმასაც გრძნობს, კახურად რომ ვთქვათ, მიჰქარავს რაღაცას.
“უნდა წავსულიყავი, რადგან “დიდებულ” ადამიანს ეგეთი რაღაცეები არ უნდა აშინებდეს და არც შეჰფერის”. – ეკაიფება გიო საკუთარ თავს და იქვე “წაუტვიტებს”.
შეიძლება დაიღალეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ გიო მაგარი პირდაპირი კაცია. დაუნდობლად გულწრფელი და თავის თავს ყველაფერს პირში ახლის – ფროიდი, იუნგი და კრიშნამურტი ისვენებენ, როცა გიო სიმართლის უფსკრულს ხახაზე გადაჩეხავს ხოლმე. კარგად და ძირისძირობამდე აქვს “გაიასნებული”, რომ მისი ეს სავარჯიშო ენთუზიაზმი შემთხვევითი როდია. სადაც გაიხედებიო, მეუბნება, ყველგან ნევროზი გულაობს, სახალხო-სასცენო ცემა-ტყეპა და ხოცვა-ჟლეტა-თავისმოჭრა მიდის. ათეულობით ლოკალურ ომს პონჩიკებსა და ორცხობილებივით ამერიკული ზეთით წვამენ-აცხობენ.
ყველგან სროლაა,
საქციელზე დატ…ვნა,
ბირთვულ ზამთარზე ყბედობს ინტერნეტი,
ხან გლობალურ აციებაზე წივილით გვისიებენ თავებს,
ხან გლობალურ დათბობით გვაშინებენ:
“არქტიკა სახლში დაგადგებათ”-ო.
გამძლეობაზე და ამტანიანობაზეა ყაყანებს მთელი მეცნიერობა!
– ვაბშე რა ხდებააა? აზრზე მოსულა ვინმე?!!
ისე, გიო ხშირად ქართულ ენაზე ანტიჩინურ სტატუსებს პოსტავს-რა. ამბობს, რომ სანამდე ჩინელებზე სულგაყიდული ქართველები იპოვიან და დევნას დაუწყებენ, მანამდე არ შეწყვეტს თავისი პროტესტის დაფიქსირებას. მერე კიდევ ან ჩინელები გაადამიანურდებიან ან ერთმანეთს დაერევიანო.
ამასწინ ფბ-ზე დაპოსტა:
“იქ სადღაც სულ 5-6 ათას კილომეტრში ეს დედა…ული ჩინელები დღეში მარტო 60 ათას ძაღლს კლავენ და ჭამენ, იქ, სადღაც სამხრეთში, აფრიკის ბავშვები უწყლოობით ან მოწამლული წყლით იხრჩვებიან, თქვენ კიდევ აქ ტონობით დასალევ წყალს ზედ იმხობთ. ეხლა კიდევ ვითომ წაკითხული წიგნებით კუდაბზიკობთ, მერე, ალბათ, სახელმწიფოების რუკებს ჩამოიხევთ-ჩამოიფხრეწავთ თავზე! თუმცა თქვენი ქვეყნის რუკა ისედაც წამოიხიეთ…სხვა თავზე!..
“გეტკინათ თუ გეწყინათ?!🙂
ასეა, როგორც ყოველთვის “პალაჟენიეს” სუბლიმაცია და ოლიქარგატი სტ…ნავს!” – დასძენს გიო.
მოკლედ… ნუ, რავიცი-ახლა… გიო უსაქმოდ არასოდეს არ არის ხოლმე, საწერი უამრავი აქვს – მარტო მისი “ფბ-სტატუსები” რად ღირს? მერე პროექტები, რომანი “საბას” კონკურსისათვის, სამეცნიერო სტატიები სოციოლოგიაში, მონოგრაფია, საკონფერენციო ნაშრომები და,სულო და გულო, შრომობს და შრომობს კაცი; წერს და წერს, წერს და ამომწმებს, წერს და თავისსავე დაწერილს ასწორებს, ზოგიერთებივით სხვისას კი არ ითვისებს?! ამას მივუმატოთ გიოს საჯარო გამოსვლები, ლექციები, ვარჯიში, მუშაობა კლიენტურასთან, საკონცერტო გამოსვლები.
და ამიტომ უსინდოსობა იქნება არ ვაღიაროთ – ეს კაცი მართლა დიდებული კაცია! თანაც საოცრად თავმდაბალი და შინაურული ტიპიცაა.
დღეს კი სავარჯიშოდ არ წავიდა და ძლიერ წუხს…
ისაუზმა და გააფთრებული საწერ მაგიდას მიუჯდა. ერთი ხმლის მოქნევით სამი სტატია მიაჩათლახა: “სულის წყვდიდი”, “ჩვენი ხმა”, “შეტაკების მზაობა”.
იმდენად გადაეშვა წერაში, რომ ფანჯრიდან გახედვაც არ გახსენებია.
ჰგონია, რომ თქეშია და “კატებითა და ძაღლებით წვიმს”. ხომ გახსოვთ ეს გამოთქმა დამწყებთა ინგლისურიდან? მგონი, თვითონ ინგლისელები საერთოდ არ ხმარობენ მაგ ფრაზას?!
“It is raining cats and dogs!”
ჩვენ კიდევ დებილებივით მთელი ბავშვობა გვამეორებინებდნენ:
“ით იზ რეინი-ინგ ქქქეეეეეთს ეეეეენდ დოოოოოგს!”.
საქართველოში მასწავლებლები რომ მასიურად აფრენენ, ეს ქვეყანას, დამეთანხმეთ, აშკარად ეტყობა.
“კატებითა და ძაღლებით წვიმს?!” “კატებითა და ძაღლებით წვიმს?!” ხო, არაააა?!
“კაი ერთი! – ხმამაღლა მსჯელობს გიო თავის “ფბ-სტატუსში”. – ისე თუ ამჩნევთ, რომ თუკი ადრე გვაჩმორებდნენ, ეხლა გვაზომბობენ?!”
დღევანდელი საქართველო ეს არის საუკუნის მატჩი: “ჩმორი ვს ზომბი”…
მოკლედ, ვეღარ მივაღწიეთ გიოს ამბის მოყოლამდე-რა.
ასე ზის გიო და “გრაფომანობს” (მას “ვციტირებ” და სხვანაირად არ ძალმიძს!).
და სანამ კლავიატურაზე თითების წკაპაწკუპით, ხავსიანი უძრაობით წელს იავადმყოფებს, დილიდან უკვე მეორედ ეხმიანება და მოსდის ძველი ძმაკაცი, რომელსაც ბოლო დროს, მავანთა მსგავსად, ერთი და იგივე ისტორიების პათოლოგიურად რეგულარული გამეორება დასჩემდა. ეს ძმა-ბიჭი საკმაოდ ხშირად სტუმრობს ხოლმე გიოს – უმიზეზოდ, ნუ, როგორც ძმა-ბიჭებს ზოგადად სჩვევიათ.
ნუ გიოს იდეაში კაი აურა აქვს, ამ ძმაკაცსაც ჟანგბადივით სჭირდება სუფთა აურის ვიბრაციები. ხო ახლა, ვის არ სჭირდება? სადაც გაიხედები ხალხს – თვითონ ვერც გრძნობს – იმდენად დაბინძურებული ჩაკრები აქვს, შეიძლება გესლით წამში გაგაქროს. ეს გიოს “ძმაც” ყოვლად უშინაარსო რაღაცეებს ამბობს ხოლმე (რასაც ქუჩის აკადემიის ტერმინოლოგიით “..ლეობა” ეწოდება). ამასთანავე ყოველთვის თითქმის ერთდსადაიმევე აზრებს იძახის, ერთსადაიმევე სიტყვებს, ერთი და იგივე წყობით, სულ ერთი და იგივე სტუდენტური დროებიდან.
გიომ უკვე იცის ხვალ რა აზრი უნდა თქვას ამ ადამიანმა, ზეგ და კვირის თავზეც.
ჰო გასაგებია, რომ ეს კაცი ახლა უბრალოდ ერთი პიროვნებაა და მთელი “შაჰ-ნამე” და “ვეფხისტყაოსანი” ვერ გახდება!
ვერ “გაკაცორკესტრდება”!
მაგრამ, გიოს, ასეთი განათლების პატრონს, დღესაც კი ვერ დაუდგენია, რას უნდა ნიშნავდეს, როდესაც მამაკაცს, ძალიან უყვარს – ხან შესავლით, ხან ნაუცბადევად, ხან ჰაი-ჰარად – იმის მოყოლა, რომ “ერთხელ პაპამისმა დღეობაში 17 ქალი აცეკვა!”?
“აი ეს რა არი? – კითხვას სვამს გიო. – ეს რას უნდა ნიშნავდეს? რა პაპა, რის პაპა, რაღა დროს პაპაა? ხალხს დედა და მამა აღარ ახსოვს და რამის თვითწარმოებად ინდივიდებზე გადადის მსოფლიო და ამან პაპაო?!
რა 17 ქალი, რის 17 ქალი? რა ცეკვა რის ცეკვა? ხალხმა სექსი გადააფასა და ამან ცეკვაო!
ან რა 17, რის 17, რომელ კაბალაში და ნუმეროლოგიაში დაიჩემა ეს რიცხვი – მესმის 5, 7, 10, 12, 41 ან რამე ასეთი აერჩია! 17-იო!
ხალხმა კიევში ავტომანქანების სახ-ნომრებზე ამაყად “პუტინხუიულო” დააწერინა – ამან კიდევ 17 ქალიო!
თვითონ ეს “17” ნეტავ ამ კაცს, ამ დალოცვილს რა ჰგონია? პაპის პატივისცემაა? რელიქვიაა ოჯახური? სხვა რომ ყოფილიყო, შეიძლება, რიცხვისათვის ყოველ მოყოლაზე წაემატებინა. ეს კიდევ ვირივით შეჯდა ამ “ჩვიდმეტზე” – ჩვიდმეტი, ჩვიდმეტი, ჩვიდმეტი, ჩვიდმეტი ქალი აცეკვაო!..
ჰოდა, ნუ კაი… 17-ს თავი რომ დავანებოთ, კიდევ ერთი ამბავია…
ესე იგი რა მოხდა! გუშინ გიოს ეს ძმაკაცი ხანგრძლივი ყოყმანის, ჭოჭმანის და დარიგებების შემდეგ ვინმე სხეულით ქველმოქმედ ქალბატონს ესტუმრა. ახლა “სხეულით ქველმოქმედს” ამ კეთილშობილ არსებებს პირადად მე იმიტომ ვეძახი, რომ ვერანაირი ანაზღაურება ვერ აუნაზღაურებს მათ იმ ღვაწლსა და ამაგს, რაც ამ უსახელო გმირ-ქალებს ქართველი ერისა და საზოგადოების წინაშე გააჩნიათ.
“სრული სერიოზულობით გეუბნები!” – მიდასტურებს გიო. – ჯერ მთელი ინფორმაცია მაგათთან ილექება და მთელი “ორგანოები” მაგათით მუშაობენ, როგორც ელიტარულებით, ასევე საცირკოებით. მერე კიდევ, ესენი რომ არ ყოფილიყვნენ – მტრედების სახურავებზე დევნა, ძაღლებისა და კატების წვიმა, ჭაბუკების მიერ ჩიტების, ხვლიკებისა და კოღოების დაპეპვლის ფაქტები მერე გენახათ. და ეხლა თუ ძაღლების ჭამის წინააღმდეგ მიდის საერთოპლანეტარული კამპანია, მერე მსოფლიოში წავიდოდა ხელმოწერების შეგროვება ქართველების სისასტიკის დასაოკებლად…”
მოკლედ, იმ კეთილმა ქალმა გიოს ძმაკაცი ხორციელად ხომ დააპურა, თანაც “ინსტრუმენტიც” დიდად შეუქო.
“ბიჭო, რა ხდებაო, ეს რა ამბავიაო? ქალიშვილი შენს შემდეგ ორი თვე ფეხზე ვეღარ დადგებაო!”
გაბედნიერებული ვაჟკაციც გიოს სისხამ დილითვე ეახლა და ეს ქებაი საკვირველი სპარსული დასტანივით მოახსენა, თითქოს გიო კაი ერთი ლარი ფლინტი მყავდეს…
“ნუ ვიღაცისათვის ხომ უნდა ეთქვა! – იღიმება გიო. – გაიაზრე! დიდი გონება სხვაა, სიმაღლეც არი-რა ერთი კაი რამე, ფულიც და ძალაც ხომ დიდებულია, მარა როცა… ის… დიდია, კაცსაც თავი ლიდერთ-ლიდერი ჰგონია.
მგონი პავიანებიდან მოდის ეგ ამბავი. ეგენი არკვევენ მასე ვინ არის ხროვის წინამძღოლი. დასხდებიან ერთმანეთის წინ ორი ზორბა ხვადი-პავიანი… და აწვალებენ და აწვალებენ, იზელავენ და იზელავენ, წელავენ და წელავენ. ტომის სხვა მაიმუნებიც ამ არჩევნებს დიდი ინტერესით შეჰყურებენ – ბოლოს ვისაც ყველაზე დიდი გამოადგება, იმას აღიარებენ მამამთავრად. დემოკრატიული არჩევნებია რა!”.
…ჰოდა, ისევ გიოს ძმაკაცს დავუბრუნდეთ!
დილით ხომ აღუწერა ვაჟმა გიოს თავისი მოგზაურობა ქართულ “განმუხტვეთში”, ეხლა კიდევ მეორედ წაადგა თავს; ეტყობა ქალის ხოტბას სხვაგან ვერსად ყვებოდა და კიდევ უფრო მეტი რაღაც სჭირდებოდა.
ახლა გიოს პავიანივით ხომ არ აჩვენებდა? ამიტომ მისი არსება რაღაც სუბლიმაციისმაგვარს ითხოვდა – ისტორიების მეათასედ მოყოლა კიდევ მაგის სპეციალობა გახდა.
“კაცებს მაგრად გვევასება პენისების დემონსტრირება – – აღწერს გიო თავის ფბ-ს. – ბავშვობაში…
მერე ეს ჩვევა რაღაცაში გადაგვარდება ხოლმე. ერთი ძეწკვს ამარიაჟებს, მეორე – “ბაბაჩკას”, არიან ისეთები – იარაღის ლულას ზელავენ ან ხელჯოხის სიმბოლოური სიგრძით ნავარდობენ.
კაცის ხელში ყველაფერი ნივთიერი “ფალოსიზაციას” განიცდის.”..
გიოს ძმაკაცმა ხორხი დაიღადრა გიო-გიოს ძახილით და ვერაფრით რომ ვერ გააგონა, შემტევად და ჰონორით დაურეკა.
– აეეე, მე ვარ, ჩამო დაბლა!
გიო უნებლიეთ აღშფოთდა და ეგრევე უკმეხად მიახალა:
“სად მცალია, ბიჭო, შენთვის, ვმუშაობ!”.
ნაწყენმა და გასხივოსნებულმა ძმაკაცმა ესევე დატოვა არემარე.
რატომ გასხივოსნებულმა?
იმიტომ, რომ მჭმუნვარებას და წყენას მეტი ცოდნა მოაქვს სამყაროს შესახებ, ვიდრე ლხინსა და ბედნიერებას. თან გიოს ახსოვდა ერთი შემთხვევა ძენ-ბუდიზმიდან, როდესაც მასწავლებელმა მოწაფეს სილა შემოჰკრა და უკანასკნელიც უმალ გაცისკროვნდა.
ძმა-ბიჭი რომ უხეშობით გაისტუმრა, გიოს გული ოდნავ მოულბა, ჯავრმა გადაურა და ძველი პრინციპიც გაახსენდა – როგორცვე რაღაც ცოტა უსიამოვნო ხდება, ეგრევე ხოლმე ამაში დადებითის ელემენტებს ეძებს.
წამოდგა გიო, გადაიხედა ფანჯარაში, ბეჭები გაშალა, დაისვენა, ამოისუნთქა.
“იფ, რა კაი ყოფილა დასვენება, წვიმასაც გადაუღია. ვა, ამინდიც გამოსწორდა. სტადიონზე შეიძლება წასვლა!” – გაიფიქრა გიომ.
მერე ისევ ფეისბუქს მიუჯდა, თუმცა რაღაცნაირად ისიც იცის, რომ უთუოდ სავარჯიშოდ უნდა წავიდეს.
დახედა საათს – ოთხია.
“აი ერთ სტატიასაც მოვუღებ ბოლოს და წავალ” – ფიქრობს გიო.
კვლავ წერას შეუდგა. თემაც კაი ძარღვიანი დახვდა, “აკრძალვები და ტაბუები”. შესავალიც საკმაოდ ეფექტური გამოუვიდა. გაიხსენა რამდენად თავისუფალია კატა და რა ადვილად შეუძლია ძალიან ახლოს იცხოვროს ადამიანთან, თუმცა მისი ადამიანური წესებით თავს არამც და არამც არ შეიბოჭავს. აი, “ცაწკალი” ძაღლი კიდევ მაინც რაღაცნაირად ადამიანივით მიჩმორდება ხოლმე და მოკლედ ძნ “ცაწკალია”-რა…
მერე საათი ისევ თვალში მოეჩხირა.
“უნდა ადგე!” – შემოსძახა რაღაც შინაგანმა ხმამ, ალბათ ბუდამ.
რა გაეწყობა?!
გიო მსწრაფლ დგება, პოულობს სპორტულ ტანისამოსს, გამოსაცვლელ მაისურს, ქუდს, თვალში ჩასაშვებ წვეთებს და მანქანით სტადიონისაკენ იძვრება.
fit4უნივერსიტეტის საფეხბურთო მოედანთან მიახლოვებისას ხვდება რა ძალიან უყვარს აქაურობა, აქ მისვლა და ამ ჰაერის შეთვისება: ნეტარებაა, განმუხტვაა, დამუხტვაა, ნირვანაა, ბუდას გალაღებაა. საოცარი ნაკადები ჩამოქროლილი ცივის მთიდან, ნაძვნარის ენერგია და ველი, მოვარჯიშეთა სიმცირე და სიმშვიდე მის სულს არაჩვეულებრივად ამშვიდებს და ასაზრდოვებს. თან ასეთი განცდა აქვს, რომ იქ საფიქრალიც სხვანაირად მოდის და ფიქრიც აზრიანად მიმდინარეობს – მსუბუქად, ადვილად, გამოსავლიანად; იხსენებს, აწყობს-ალაგებს, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს აუღელვებლად და დინჯად ელამუნება.
გიო სპორტულ ზედა კოსტიუმს საკალათბურტო ფარის მზიდი კონსტრუქციის მილზე ჰკიდებს. შემდეგ ფეხით რამდენიმე წრეს სიამოვნებით ურტყამს. ფიქრში საკუთარ თავს უახლოესი პროექტების თაობაზე არსებული კითხვებით სეტყვავს.
გრძნობს, რომ გრილა, მაგრამ საამოდ.
ერთი წრეც და სირბილს დაიწყებს. მერე საკუთარი თავით ბედნიერების გრძნობაც წამოუვა – გიო ხომ იმას აკეთებს, რასაც ბევრი მის ასაკში უკვე ვეღარ აკეთებს.
მოიცა – აღარ თუ ვეღარ?
ალბათ, უფრო “აღარ” აკეთებს! უფრო სწორედ?!
არა, მაინც “ვეღარ” აკეთებს!
ცხოვრებაში რომ იტყვი “აღარ” ეს იმას ნიშნავს, რომ “ვეღარ”!
…გიო ტელეფონს იმარჯვებს, ტაიმერს 32 წუთზე ინიშნავს და… წავიდა.
მისი, ძუნძულით გასარბენი, დისტანციის ათვლა იწყება.
პირველი სამი წრე, თითქმის ერთი კილომეტრი, მშვენივრად მიდის.
დაღლას არ გრძნობს – სუნთქვა სტაბილური, განწყობილება შესანიშნავია. თუმცა რატომღაც მეხუთე წრეზე რაღაც სიძნელის შეგრძნება მატულობს. კუჭის თავთან ნაცნობი დაძაბულობა ჩნდება.
ეგრევე “კატის” სუნთქვის ტექნიკას მიმართავს, ცდილობს გარეთ გამოიტანოს ყოველგვარი სპაზმი, რაც დიაფრაგმაში ან ფილტვებშია ჩასაფრებული.
გარედან ეს სასიამოვნო მოსასმენი არ უნდა იყოს, მაგრამ გიო ინსტინქტურად ხროტინებს და ხრიალებს.
მერვე წრეზე, ანუ გასარბენი დისტანციის თითქმის ნახევარზე იგი არც დაღლილია, არც ბედნიერი.
“არი-რა!“
უბრალოდ იცის, რომ ეს გზა მისი გასავლელია, თუმც მაინც რაღაცნაირად ეამაყება, რომ ტიტულოვანი ამერიკელივით ცოტა ხანში ექნება სრული უფლება წამოიძახოს:
“მე ეს შევძელი”.
“შენ ეს შეგიძლია, იფიქრე, გაიღიმე!”
გიო შორიდანვე ხედავს, რომ რამდენიმე ათეულ მეტრში სტადიონის სარბენ ბილიკზე ვიღაც პირმშვენერი, სანდომიანი, გრძელთმიანი და, რაც მთავარია, ქერა, აშკარად, “სლავური” წარმოშობის ქალიშვილი შემოდის.
გოგონას შემობრძანება და სირბილზე გადასვლა ერთია, ისე რომ გიო დაწევასაც ვერ ასწრებს. ამიტომ ყველაფერი დანარჩენის შესრულება – გოგოს შესწავლა და მისით გატაცება – გიოს მოძრაობაში მოუწევს.
“ბუდასებრი” ლამაზმანს ზურგიდან მისდევს და სწორედ ამ ხედიდან გოგოს ეშხი და მშვენება ერთობ გულსავსედ ეფინება და ატყვევებს ქართველ ვაჟკაცს. ქალის თმების ზღაპრული სამყარო საათის ისრის მიმართულებით სივრცეში დიდ ყვითელ ორომტრიალს ხაზავს და აზვირთებს.
ერთ რამედ ღირს ეს სანახაობა!
12819_05597_Maria_Sharapova3ყველაზე დახვეწილი მათემატიკოსის გონებით გათვლილი აღნაგობითი პროპორციების მქონე ულამაზესი რუსი ასული, ჩოგბურთელი (ამას გიო ცოტა მოგვიანებით შეიტყობს), არაფრით ჩამოუვარდება მარია შარაპოვას. უბრალოდ ეს ქალიშვილი ოდნავ დაბალია და შარაპოვაზე ცოტა თხელი. მაგრამ ტანადი და ჯიშიანია! საოცრად საყვარელი გამომეტყველება, გამობურცული ტუჩები, თლილი და ნაზი თითები აქვს!
გიომ უკვე იცის, რომ “მარია” ქალაქის სტუმარია.
რატომ?
ნუ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენთან ასეთ ქალს “თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე გაბრღდვნიან”. არა?!
ხო, ახლა, ადგილობრივებს რა არ ბრდღვნიან?!
და საერთოდ ყველაფერს, რაც მოძრაობს, გრძელი თმა აქვს, პატრონი არ ჰყავს… ან შეიძლება აღარ ჰყავდეს…
გიო უკლებს ხრიალს და ამერიკული უნივერსიტეტის ნაკრების სპორტსმენივით ლაღად და ხალისით დარბის.
არც “მარია” მირბის განსაკუთრებული სისწრაფით. წყვილი რაღაც მოკრძალებულ დისტანციას ინარჩუნებს – ვგონებ, ასიოდე მეტრს.
გიოს დენ მილმანის რომანი ახსენდება, “მშვიდობიანი მეომრის გზა”. ერთ ეპიზოდში მასწავლებელი, სახელად სოკრატე, იმისათვის, რომ მოსწავლე ტრამვის შემდეგ ფეხზე წამოაყენოს, წინა მორბენლად მთის ბილიკზე მშვენიერ გოგონას წაუმძღვარებს. ქალის მიზიდულობა ბიჭს ძლიერ ტკივილებსა და ორგანიზმის წინააღმდეგობას ალახინებს.
გიოც ესე უბერავს-რა – მარიას შარავანდედი მამაკაცს წარღვნასავით ისრუტავს.
პირველ ორ წრეზე რუსი ჩოგბურთელის ვნებისაღმძვრელი სუნამო გიოს ცხვირში უღიტინებს. მარიას თითქოს მთელი პარიზი და ლონდონი წამოუღია, ზიუსკინდის გრენუიდან დაწყებული პარფიუმერიის ყველაზე ამპარტავანი და დახვეწილი მეტრების ჩათვლით.
რამდენიმე წამში გიო ნე-ტა-რებს! ბუდა ასეთიც შეიძლება იყოს!
მას თავი NatGeoWild-ის ლომთა პრაიდის დარბაისელი ხვადთა-ხვადი ჰგონია, რომელსაც არსად ეჩქარება, რადგან იცის, რომ
ყველა ძუ მისია,
ყოველი ნადავლი მისია,
და ყველა შვილიც მისია,
და საერთოდ ყველაფერი
თ-ვ-ი-თ-ო-ნ   ა-რ-ი-ს!!!
გიო ნეტარებს!
უკვე იცის, როგორ უნდა გაიცნოს მარია. რა შეიძლება და რა უნდა უთხრას:
ა) სავარჯიშოდ ამოსულ ქალს; ბ) პროვინციული სახელმწიფოს პროვინციული ქალაქის სტუმარს; გ) ჯანმრთელი ცხოვრების წესის მოყვარულს; და ბოლოს დ) “მარია შარაპოვას”, სუპერვარსკვლავს.
გიომ იცის, რომ გოგო მოწყენილია, აბა საქართველოში, თბილისშიც კი, თუ არ დალიე “რესტორანში”, მერე რესტორანში, და მერე მესამეში, და მერე მეოთხეში, მერე სადღაც არ იცეკვე, ანუ კიდევ დალიე: სხვა რაა გართობა, ან საერთოდ რაა მამული?!
იცის გიომ კარგად – მარიას სახეზეც აწერია – გართობის “ლომკა” აქვს. აბა ამ სიცივეში ეს “სიტურფე” უნივერსიტეტის გადაყრუებულ მოედანზე სარბენლად რატომ უნდა მოდიოდეს?
ამას რას უწოდებდა პაპა ზიგმუნდი?
ყველაფერი იცის გიომ, ამიტომ არის გიო “ბუდასებური”!
იცის, რა უნდა უთხრას თავის მარიას და ისიც იცის, რას ეტყვის მარია პასუხად!
ჯერ გაუღიმებს ან თავიდან ნიშნის მოგებით რაღაც ფრაზას ძაღლივით მიუგდებს, მერე ცოტა თავს დაიფასებს. მერე ეტყვის, რომ ეჩქარება ან “შემთხვევით” ვიღაც დაურეკავს და ლაპარაკში ჩაებმება.
Maria-Sharapova-4იცის რა გიომ საქმე!!!
როგორ უნდა დაიწყოს, სად რა უნდა თქვას, სად პაუზა ჩაარტყას და სად ხიოს ფსიქოლოგიური. ბოლო-ბოლო მისი ერთი პროფესია სცენარისტობაა და მამენტ შეუძლია ტრანსვესტიტის ცხოვრება ისე აღწეროს, რომ კაცი (კაცი კი არა, ვინც არის) 2024 წელს ამერიკის პრეზიდენტი გახადოს (ისე, “ვაბშე”, მგონი ეგ სცენარი უკვე არსებობს!).
…კიდევ ნახევარი წრეც და გიო მართლა გრძნობს, რომ მილმანის გმირივით მაგარ ჯანზე მოდის.
ამასობაში კი, მარიას გამოჩენიდან არ არის გასული რა ხუთიოდე წუთიც, გიოს ესმის, რომ გოგო ვიღაცას ხმამაღლა ეძახის თუ რაღაცას ეუბნება.
გიო დაბურძგლა!
გახედვა არ სურს, თუმცა აქაც რა გაეწყობა – რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს.
თავს მძიმედ მარცხნივ ეწევა და მოშორებით ორი ჭაბუკის ფიგურას ამჩნევს, რომლებიც სტადიონზე შემოდიან.
“ბუდასებურს” დიდი ხანია უკვე ასეთ რაღაცეებზე გული აღარ სწყდება. მარა მაინც…
ადრეც მითხრა:
“კარგს ისე ვიღებ, როგორც სიურპრიზს, ცუდს კიდევ, როგორც ამ საზოგადოების კანონზომიერებას.”
უნდა თუ არ უნდა, გიოს იმ აზრთან შეგუება მოუხდება, რომ ეს გოგო და ეს ბიჭები ერთი კომპანიაა…
გიოს კი ისღა დარჩება, რომ მოთმინებით ფინიშის გზა ეძიოს.
ოდნავ დაფილოსოფოსებული (სოლომონივით, რომელმაც ჯერ 800 მდედრი იმასქნა, მერე კი ყველას ამცნო, რომ ქალის მკვლავები მახეა და ამაოა ეს ყველაფერი) მოწყენილი გიო სირბილს განაგრძობს.
…მეთორმეტე წრე…
ჰოოო, აი ეს მეთორმეტე კი უკვე მართლა გაჭირდა.
აი, რას ნიშნავს თვითშთაგონება!.. სადღაა ძალების მოზღვავება?
ახლა უკვე “ბუდასებური” უარყოფითი ფიქრების მხეცობებს თავგანწირულად ეკვეთება.
სტადიონზე გოგონასთან მოსული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ველოსიპედზე ამხედრებულა და გიოს ასიოდე მეტრში რიხით ეწევა. მეორე ყმაწვილიც, რომელსაც თავზე კაპიუშონი აქვს წამოცმული, მოსვლისთანავე გიოს ფორსირებული სპრინტით მისდევს. სულ მალე გიოს მისი არეული სუნთქვა აყრუებს და სტადიონის ოვალის მოსახვევში ეს ვაჟიც გიოს ასწრებს.
ჩვენი გმირი იმას-ღა ახერხებს, რომ ყმაწვილის კოსტიუმს შეავლოს თვალი. ფართე ზურგზე ინგლისურენოვანი წარწერაა დატანებული, “ძიუდო”, და კიდევ რაღაც ჩახუჭუჭებული აზრი, რისი აღქმითაც გიო თავს აღარ იტვირთავს. უცნობი ვაჟი ქარის სისწრაფით მიილტვის წინ და წინ – გამარჯვების ნიშნულისაკენ.
აჩქარებული გულისცემა არ აძლევს გიოს საშუალებას, ბიჭების გამოჩენის გამო სული და გონება უკმაყოფილებას დაუთმოს.
ასე ამგვარად ოთხი, სინამდვილეში სულ სხვა მოტივაციით, დამუხტული ადამიანი დაჰქრის და დაძუნძულებს: გიო, მარია და ეს ბიჭები.
“ძიუდომენი” ორ წრეში რჩება დისტანციას. იგი უთუოდ დაღლილ, დაუფარავი ქოშინით მიემართება საკალათბურთო ფარისაკენ.
გიო შორიდან ათვალიერებს “ძიუდომენს” (ისე ამდენი ნაირსახოვანი ეპითეტი მხოლოდ და მხოლოდ გიოს წარმოსახვაში შეიძლება იშვას!), თუმცა აფორიაქებული ორგანიზმი მაინც არ უტოვებს შესაძლებლობას ფეხმარდი აქილევსის შესახებ შინაარსიანი დასკვნა ამოაკვარახჭინოს.
101571242_large_i_copy_picture_from_movie_arrow____by_aenaluckd62l7si“ძიუდომენი” ეკიდება ფარის ქვეშ მოწყობილი კონსტრუქციის ძელს და სწრაფად იზიდება. აიწევა ერთი ხუთი-ექვსჯერ, მერე სხარტად დაეშვება მიწაზე და “ატჟიმანიებს” აკეთებს. მერე ისევ “ტურნიკი”, მერე ისევ “ატჟიმანიები”, მერე ისევ “ტურნიკი”, მერე ისევ “ატჟიმანიები”. სულ ასე აკეთებს, სულ, არანაკლებ 20-ჯერ!
გიოს დისტანცია უკვე თანდათანობით დასასრულს უახლოვდება…
მეთოთხმეტე წრე… და ესეც მეთხუთმეტე.
ჭაბუკი კი იზიდება და იჟიმება, იზიდება და იჟიმება, იჟიმება და იჟიმება!
“აი ყოჩაღ! ესმის საგანი!” – თავისთვის ბუტბუტებს გიო.
ის აზრიც უტრიალებს, რომ მარიას კარგი კავალერი აურჩევია. ცოტა კი ის აკვირვებს, რატომ არაფერს ეუბნება ამ მორბენალ მშვენიერებას “კაცი-ძიუდო”, “კაცი-აქილევსი”, “კაცი-სპრინტი”.
“მარა, ნუ ალბათ, ხელს არ უშლის”-თქო, იქვე ეფიქრება გიოს.
“ძიუდომენის” “აზიდვაატჟიმანიების” ყურებით დაღლილი გიო ახლა მეორე “მაჩომენს” შესცქერის. ეს ახალგაზრდა გიოს რაღაც უფრო არასპორტულ ტიპად მოეჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ბრენდული ველოსიპედით მოგრიალდა, თან საწუთროს დომინანტური მხრებითა და ბანგვალა თავით მიაპობდა. გარდა ამისა, ეს მაჩო ჯერ ხომ მარიას სირბილის დაბალ ტემპს ძლივს აჰყვა, ცოტა ხანში კი ოხვრით და წელის ზელვით გაჩერდა და ისევ ველოსიპედისაკენ გაეშურა ზლაზვნით.
“ეს რაღაა?!” – ფიქრობს დაეჭვებული გიო. – ერიჰა!”
გიო აკვირდება და ხედავს, რომ მაჩო რაღაც ძაან სოფლის “ბირჟავიკის” იერს ტოვებს. გიოს ლექსიკონისა არ იყოს თანამედროვე “ზეზვაა” (ანუ ქართველი პიტეკანტროპი). ოღონდ უბრალოდ ზეზვა კი არა, “ნეოლიბერალური ზეზვაა”. რაღაც შუალედურია: სამოქალაქო საზოგადოების აზრზემოსულ ლიდერიც არი და თუ საჭირო გახდა შავ სამყაროშიც სიტყვა ეთქმის. ჰყავს “ბეენვე”, ველოსიპედი და აცვია მაისური წარწერით “იკერ კასილასი”, გულზე კიდევ “ლელას” დედის ნაჩუქარი “თითის სიმსხო” (ცერა) ოქროს ძეწკვი ჰკიდია. პლიუს, მაჩო-ზეზვამ “ბეენვეს”-ს ყველა წარმოებული მოდელი ფირმის დაფუძნების დღიდან იცის, მიმიქარავს “ბეენვეს” კონსტრუქტორები. თვითონ ეხლა კი 2004-იანით დადის, მაგრამ 2017-ის რელიზზე ოცნებობს. “აიფონზე” ნაკლებ ტელეფონს ხომ არ აღიარებს, და, საზოგადოდ, მანქანებზე და ტელეფონზე აქვს სერიოზული სუბლიმაცია. საერთოდ კიდევ, როდესაც საკუთარ თავს ახსენებს, ორივე ხელს მტევანში მაქსიმალურად ხრის და თითებს გულ-მკერდისაკენ იშვერს: “მე”, “ჩემი”, “ამ”, “ჩემიდედა”…
“ბუდასებური” წუხს!
უკანასკნელ წრეს გიოც სინათლის სიჩქარით ლახავს, გახვითქული ანელებს სვლას და შემდეგ უკვე სწრაფი სიარულით განაგრძობს მოძრაობას.
გიო უახლოვდება საკალათბურთო ფარს, სადაც კოსტიუმი და გამოსაცვლელი მაისური დატოვა. თან მარიასაც ათვალიერებს, თან აქილევსსაც და მაჩო-ზეზვასაც.
ჩვენი გიოს მახვილ მზერასა და გონებას სწადია ამოიცნოს – რა საერთო არსებობს ამ სამ ყოვლად არასაერთო ადამიანს შორის.
“ალბათ, სტუმრად არის ამათთან… ახლობლები იქნებიან!”
მგზნებარე “ძიუდომენი” კი არაფრით არ ჩერდება და თავაწყვეტილად ისევ ხან ტარზანივით ტურნიკს ეცემა, ხან დაეშვება, “ატჟიმანიებს” აკეთებს, ხან მოედანს მამაკუცურ ოხშივარს უქშენს. გიოს მისვლისთანავე ვაჟს რატომღაც წარბი აუთამაშდება.
გიო “ძიუდომენს” თვალებში რბილად აშტერდება, სწადია შეიტყოს რა ჯურისა და საქმის კაცია ეს მაჩო.
“ე-ჰეი! – გიოს ყოვლად ჰუმანური, ბუდასებრი გონებაც კი ატყობს. – “არაფერი მაჩოა!”
თითქოს ამის უარსაყოფად “ძიუდომენი” კვლავ ტურნიკს გრეხავს და მერე ისევ გატაცებით იჟიმება.
გიო მშვიდად იცვლის, ოფლს იმშრალებს და ბილიკს მიჰყვება, შემდეგ მოასფალტებულ მონაკვეთზე ფეხის კუნთების გაწელვით ვარჯიშებს ასრულებს. თან, რაღა დაგიმალოთ: ერთის მხრივ ძალიან უნდა, რომ მარიას გულისყურით შეხედოს, და, მეორეს მხრივ, ამის გაკეთებაც ეუხერხულება.
მზეთუნახავის ცქერა იმიტომ უნდა, რომ მარია თავად ქალადქმნილი სილამაზეა, ანგელოზია კახეთის მიწას ჩამობრძანებული.
…არ უნდა კიდევ იმიტომ, რომ ერთია ქალური სილამაზე და მეორე კიდევ საქართველო! ხო-ხო, საქართველო!
ხო, აბა რააა?!
“საქართველოა ხორცშესხმული ამ ორი პატარა ბიჭის სახით, რომლებიც გოგოს მცირედ ამალას შეადგენ (კარგადაც ჯდება, დუშეშივით-რა: ქართველები – ფავორიტი-გენერლები, რუსი მანდილოსანი – “იმპერატრიცა”!). ალბათ, რაღაც თავისი ლამაზი, რომანტიული სამყაროც ექნებათ. ამიტომ რა ადამიანობაა დარღვევა და შეჭრა?!”
გიოს ისიც უტყდება, რომ ბიჭების “მაჩოობის” ამბავი უცებ გასკდა და კავკასიელი მაჩოები კი არა – ჩვეულებრივი ქართველი “მაჩვები” აღმოჩნდნენ.
…მარია აგერ უკვე რამის მეათე წრეს დარბის და საერთოდ არ ეკონტაქტება ბიჭებს. გიო ასკვნის, რომ შარაპოვას ყურსასმენები უკეთია და თავით ფეხებამდე საკუთარ სტიქიაშია ჩაძირული.
“ბუდასებური” გრძნობს, რომ მისი ადრენალინი რატომღაც უმართავად მაღლა-მაღლა მიიწევს.
“რაღაც აქ ისე არ არის!”
“რაღაც ხდება!”
“დიდებული ადამიანი აქ რაღაცას მოიმოქმედებდა!”
“ახლა რაღაც ხდება!”
“ახლა რაღაც წყდება, ბიჭო, გიო!”
მარია კიდევ ერთ, მორიგ, წრეზე ეწევა ფეხით მოსიარულე გიოს.
ჩვენს გმირს გრილი ნიავი ევლება და უსიამოვნოდ კრუნჩხავს – დადგა ჯერი თვალების სავარჯიშოების შესრულებისა.
გიო სინკარებისაგან შემდგარ კედელთან ზურგით დგება და თვალების წრიული, დიაგონალური, ჰორიზონტალურ-ვერტიკალური მოძრაობებით ხალისობს. იმავდროულად გიოს ეჭვი უღრმავდება, რომ ბიჭებსა და გოგოს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.
სულ 2 წუთიც და იგი ყველაფერს დაადგენს, ყველაფერს დაალაგებს, ყველაფერს დაახარისხებს და მერე გასაკეთებელსაც გააკეთებს!
მას მხოლოდ 2 წუთი სჭირდება, მეტი არც უნდა!
მხოლოდ 2 წუთი და მარია მისი ლომისებრი აურის ტალღებში ჩაიძირება.
მარია გიოსკენ იღებს გეზს, მაგრამ გზაში რაღაც აყოვნებს.
ჩანს, რომ მარია სირბილს მორჩა…
და აი! გიოსათვის სანუკვარი სარბიელიც ხსნილია!
გორდიუსის კვანძი ისევ ძაფად იქცევა!
და მარიაც უეჭველად გიოსი იქნება…
ეს მაჩო-ბიჭები კი, როგორც ვითარებიდან ირკვევა, მარიას უბრალოდ ერთ-ერთ უმშვენერეს ფეხთაგანზე ჰკიდია.
გიოს მოესმის გოგონას კისკისი და ტკბილმოუბარი, “სულსხვანაირი”, თავისუფალი და თამამი რუსი ქალის მეტყველება.
– არ ვსუნთქავ პირით, ცხვირით ვსუნთქავ…
თქვენ როგორ ხართ? რა ამბებია მანდ?
რა ვიცი… აქ რა?
maria-sharapova-7– მოწყენილობაა. წვიმს უკვე მესამე დღეა. ყველა თამაში გააუქმეს! ჩემთან მეორე სეტიდან წვიმა წამოვიდა და შემაწყვეტინეს მატჩი. ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ტურნირიც საერთოდ გააუქმონ. ერთი იმის იმედი-ღა მრჩება, რომ იქნებ ის მოგებული სეტები ჩამითვალონ… პროგნოზი ისეთია, რომ კიდევ ორი დღე წვიმაა მოსალოდნელი… კი, კი, მაგარი მოწყენილობაა!..
გიოს ეჩვენება, თითქოს მარია მისკენ მოემართება და სიარულით აპირებს კიდევ ერთი წრე დაარტყას მოედანს.
და აი სწორედ ამ დროს, ზენიტში მყოფი, უძლეველთა და დაუმარცხებელთა პრაიდის მამა, ფიასკოს განიცდის! მარია ანაზდეულად სტადიონის ტერიტორიიდან უჩინარდება, მისი მშვენიერი ხმოვანება სულ უფრო და უფრო მილევადი ხდება – თვალის დახამხამებაში კი საერთოდაც იკარგება.
გიო და მაჩოები, სამი ხელმოცარული პავიანი, ერთობ დაბეჩავებულები, სტადიონზე ერთი მეორის შემყურედ რჩებიან.
მხოლოდ ახლა-ღა სრული ყურადღებით ათვალირებს “ბუდასებური” “მაჩომენებს”.
მხოლოდ ახლა-ღა წყვეტს ფიქრს, ფიქრისათვის შეუფერებელი ადგილით, და თავის სამეფო იარაღს – მედიტაციას მიმართავს.
გიო ყმაწვილებს “აქ” და “ახლა”-ს მეთოდით მენტალურად უტევს და თან თავს მარადიულ ქართულ კითხვასაც უსვამს.
ეს უკანასკნელი სხვადასხვა ეპოქისა და თაობების ენობრივი შეუთავსებლობის მიუხედავადაც კი – ქოცებისათვის, ნაცებისთვის, ბოლშევიკებისათვის, ინტელიგენციისათვის, კინტოებსათვის, ბაგრატიონებისათვის, თავადებისათვის, ერისთავებისათვის, დიაოხასა და კოლხისათვის, ზეზვასა და ლელასთვისაც კი, ვერბალურად ასე შეიძლება იყოს ფორმულირებული:
“რა გვჭირს-ტო???”
გიოს თვალში “ძიუდომენი” საშუალო სიმაღლის პირხმელი ჭაბუკია, დარდიანი ტარიელის გამომეტყველებით და ყოვლად გულმიუსვლელი ყვითელი შარვლით. “ძიუდომენი” გაბოტილი დგას (აი ფრედი მერკურის რომ უყვარდა კონცერტზე “We will rock you”-ს სიმღერა – აი ისე!) და დროდადრო “ბუდასებრს” სიავით გამოხედავს ხოლმე. ყმაწვილი ამ წყეულ “ატჟიმანიებს” როგორც იქნა მორჩა, ცოტა დამწუხრებულია, რომ თავისთვის საქმეს ვერ პოულობს და, შესაბამისად, მეგობრის ველოსიპედის საბურავსაც ფრუსტრაციაში ხელს რითმულად უკაკუნებს (აი “ფიფა ვორლდ ქაპ – 2010” ხომ გახსოვთ? იქ შაკირას “ვაკა-ვაკა”-ს გარდა იყო მაშინ მეორეც, ჰიმნის პონტში. კაი საცეკვაო არი-რა და მომღერალიც გვეუბნება: “ვენ აიგეროლდა”-ო “აივილბი სტრონგა”-ო. ანუ რომ გავიზრდები, უფრო ძლიერი გავხდები!-ო”).
მეორე მაჩო უფრო “უდარზეა” და მონდომებით სახტუნაოზე ვარჯიშობს.
“რა გვჭირს?” – კითხულობს კიდევ ერთხელ თავისთვის გიო და აბსტრაგირების მცდელობას მიმართავს.
რა გვჭირს ქართველობას? რატომ გვჩვევია ასე ერმანეთისათვის სულ ხელისშეშლა?”
101571241_draw_him_again__by_aenaluckd5qh91uორი იმედგაცრუებელი მაჩომენი კვლავაც წარამარა მისკენ გაავებულ მზერებს სტყორცნის. შანსი რომ მიეცეთ, გიოს მარიას საპატივსაცემოდ დაკლავდნენ.
აზრების დუელი აპოგეის აღწევს!
რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მაჩოები ასე გლობალურად-გიოსებურად არ ფიქრობენ, მაგრამ მათაც ვერ გაუგიათ ეს რა “მაჩვობა” დაემართათ და რანაირად მოხდნენ ასეთ იდიოტურ ვითარებაში!
სამი ქართველი, ტესტოსტერონით გაძეძგილი “ქობინი”, დგას ასე ზეზეულად და ხუთი წუთია ერთმანეთს რაღაცას ვერაფრით პატიობს და შიგ გულ-ღვიძლში ვერ ინელებს; ვერც ერთმანეთს უნდობენ და ვერც ცხოვრებას და, რა თქმა უნდა, ვერც საკუთარ ბედოვლათ გონებას.
“რა გვჭირს ქართველობას?” – კვლავაც გლობალისტობს გიო.
“მე ჩემს ფანტაზიებში წავედი, ვითომ “კაცობა” გამოვიჩინე, ბალღებს გული არ ვატკინო-თქო და მათი ქალისაკენ არ გავიხედო-თქო.
და, მაგის დედა ვატირე (ისე “ბუდასებრს” ეს ფრაზა არ ეკადრება – რაზეც 天體佛-სგან იგი მალე საკმაოდ მართებულ შენიშვნას მიიღებს)…ახია ჩემზე, ამდენს რომელი ჭკუათმყოფელი მამაკაცი ფოქრობს!”
ამათ კიდევ, – განგრძობს გიო ანალიზს. – ეტყობა მოჰკრეს თვალი გზაში მომავალ მარიას, კვალდაკვალ გასაცნობად მოჰყვნენ და აქ მე დავხვდი…
ვაი, თქვე საცოდავებო!
მერე, ალბათ, ჩემი თანდასწრებით საუბრის დაწყება ეუხერხულათ. თან “ზიჩისეულ” სიფათებზე ეტყობათ, რომ რუსულიც არ იციან.
“ვაიმე, საქართველო!”
“ვაჰ დროებანი, ვაჰ ზნეობანი!
ო, დიდო რომო!”
“ამიტომ ადგნენ და რაც გამოსდით ხეირიანად – იგივეს მიჰყვეს ხელი.
რა გამოსდით???
რა და ეს “პითეკანტროპობა”, “ვარჯიშ-ატჟიმანიები”, “ტარზანობა” და “კინგ-კონგობა”, ხტუნაობა, “შორით ბნედა”, “შორით კვდომა”, ფიზმომზადება და პაპუასებივით ჯუნგლებში სირბილი.
კიდევ კარგი, პავიანების მეთოდს არ მიმართეს!
მარა ამათ ჩემი დასაცინი რა სჭირთ, ჰა?
აბა მე ვიმსახურებ გაქილიკებას და ღადაობას, თორემ ესენი ჯერ სადა ხარ, ნამდვილ მარია შარაპოვამდეც მივლენ და შეიძლება ზედ მარია პუტინაც მიაყოლონ
(აქ გიომ სიღრმისეული ბოდიში მოიხადა და შენდობა ითხოვა იმ ადამიანების წინაშე, ვისაც “ვოვკა” ისტორიული მასშტაბის პიროვნებად მიაჩნია და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების “დათბობას” მიესალმება!).“
“მე ის მინდა გავიგო – მე თავად სად შევცდი?!!” – ფიქრობს დაღვრემილი გიო.
– გონება არ დავატანე სიტუაციას?
ან, რა დამემართა, ეს ჩიპოლინოს ყვითელი შარვალი დროულად რატომ ვერ შევამჩნიე, ჰე ბიჭო?!!
რატომ შევიქმენ ეს ქართულად ცრუ-ვარაუდები? რააა?
ის, რომ, მაგალითად, გოგო მარტო ვერ იქნებოდა ამოსული სავარჯიშოდ და აუცილებლად ვინმე უნდა ხლებოდა თან? ეს სიგოიმე რამ მაფიქრებინა?
ან დროულად რატომ ვერ მივხდი, რომ ეს ორი “მაჩვი” ასეთი გოგოს კავალერები ვერ იქნებოდნენ?
ან რატომ ერთხელ მაინც არ გავუღიმე მარიას, როცა მოვრჩი სირბილს, როცა იხვი დონალდივით დავაბოტებდი?
რაღაცით მაინც მიმენიშნებინა, რომ მომწონს, რომ აღფრთოვანებული ვარ მისით?
ხო, ისე, მართლა რა კარმული გამოცდა შეიძლება ჩამეფლავებინა ამ კურიოზით?
ან იქნება სულაც წარმატებით გავიარე – არც ავღელდი და აგერ ამ მარცხით ზღვა-საფიქრალიც გამიჩნდა?!
ისე მართლა, რა, რა, რა უნდა მესწავლა ამ ამბით?
ალბათ, ის, რომ შენს გვერდით შეიძლება ხატადქმნილი სილამაზე ვარჯიშობდეს, შენ კი ამასობაში ინფანტილურად დამალაობას ეთამაშებოდე:
“ჭიტაააა!”,
(არა, უბრალოდ “ჭიტა” ეხლა მთლა ვერ ჯდება დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქის თვითშეგნებაში,
ჯობია “ჭიიიი-ტა-ააა”, “სტუკ, მარია, სტუკ, დაგასტუკეეეე!” და ა. შ.). გარდა ამისა შეიძლება იზიდებოდე და იჟიმებოდე, მერე ისევ იჟიმებოდე და იზიდებოდე, სახტუნაოთი დასკუპსკუპებდე, პედლებს “ატრუალებდე”, დაცუნდრუკებდე, მოუსვენრობისაგან წუხდე და მაინც ვერ იგებდე ვისია ეს ქალი, ღვთაებათა დარი:
ა) იმ მოზრდილი მაჩვის, “ძიუდომენის”, ბ) “ზეზვა-მენის”, გ) შენი, თუ დ) კიდევ ერთი, გამობრძმედილი სხვა “მაჩვ-კერატასი”, რომელიც სცენაზე საერთოდ არ ჩნდება ხოლმე (მუხის ძირში ზის, რკოს “უგაზავებს”, ერთ ადგილს იფხანს და მაინც “მარიების” არმია მისკენ მიცუნცულებს!)?!
“ხოოოოო, მოიცა-მოიცაააა, მოიიიიიიიცა!’ – გიოს თითქოს გონება უნათდება.
“ეს “მაჩვ-კერატა” მხედველობაში როგორ ვერ მივიღეთ-ჰა?!
იგი ახლა მუხის ძირისა რა გითხრათ, და მგონი სადღაც სასტუმროს ელიტურ ოთახში საწოლზე, რომ იტყვიან, გდია, კოტრიალობს, “ბორჯომს” ყლაპავს, ნაბახუსევზე ბრონტოზავრივით აბოყინებს და ამ მიზეზით ქალის სტადიონამდე გამოცილებაც კი არ ინება.”
“Ну и вино! Прям кабана свалит!” – დაახლოებით ასეთი რაღაცით იმართლებს “კერატა” თავს მარიასთან.
უნდა ითქვას, რომ ეს რუსი მაჩო საკმაოდ კარგად ამუღამებს, რომ საქართველო უმეტესად “ძიუდომენების”, “ზეზვამენებისა” და “გიოებისნაირი” მამრებისაგან შედგება. ცალკ-ცალკე ყველა მაგარია თავის პონტში; “ძიუდომენი” მაგრად დარბის, იზიდება და იჟიმება, ჩხუბობს და კაი-ბიჭობს სხვა ქართველებთან. თავის ამპლუაში “ზეზვამენიც” მაგარი შეუცვლელია – მომავალში, ალბათ, კომპანია “ბეენვე” (თუ BMW) დროდადრო კონსულტანტად დაუძახებს საჰაერო ბეენვეების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით.”
…გიოზე კიდევ თქვენც კარგად იცით. ამდენი ტვინისაგან საკუთარ თავს ისეთ ვარაუდებს, წვრილმანებსა და იმგვარ ალტერნატიულ რეალობას უხატავს – შიგ სიცოცხლე მოგინდება, მარა რა ყრია?!
…ჰოდა ეს სამი განსხვავებული სახასიათო ქართველი ერთმანეთს დღენიადაგ ხელს უშლის, საქმეს უფუჭებს, წინ უხტება და ზურგს ულახავს. “მაჩვ-კერატას” კიდევ ეს ამბავი ალილუიასავით აქვს ათვისებული. კარგად აცნობიერებს, რომ მაჩოებისათვის განკუთვნილი მარიასნაირი ბედის საჩუქრები ისევ მას დარჩება, “დაჟე” იმ შემთხვევაში მარია სულ მარტოდმარტო რომ გაგზავნოს სავარჯიშოდ, თვითონ კი ნომერში ლოგინზე გადაიშხლართოს და მთელი საათის განმავლობაში ტელევიზორის პულტი ღიპით აცეკვოს.
…კერატას წარმოდგენაზე გიოს სიცილი უტყდება და თითქოს უცნაური ხილვაც სტუმრობს.
“ბუდასებრი” ხედავს, როგორ შედის მარია თავის “ლუქსში” და ზეციური ღიმილით ჰკოცნის და ევლება ორადგილიანი საწოლის ცენტრში ლანდრასის ჯიშის კერატივით გადაფაფხულ ორმეტრიან მამაკაცს – მეოთხე მაჩოს!
მათი რუსული დიალოგი გიოს სმენაში ცხადად შემოედინება.
– რაო, მარია? როგორ ირბინე, ძვირფასო! ხომ არ წვიმს?! ცივა?!
– ყველაფერმა კარგად ჩაიარა, Вань! ვანაში შევდივარ… – ეუბნება ბედნიერი მარია და თან კარადაში გამოსაცვლელ ქვედა თეთრეულს ეძებს.
– ხოოო? იყო ხალხი?… – “კერატა” ლოგინზე ირწევა და დომინანტისათვის დამახასიათებელი პირველობის ხმებს ავრცელებს.
– კი, ორი ბიჭი და ერთი მამაკაცი ვარჯიშობდა…. – ირონიულად ეცინება მარიას.
– მერე? რამე ხომ არ გითხრეს? – მაჩოს მუცელზე დასვენებული პულტი რამდენიმე მოუსვენარ მოძრაობას აკეთებს.
– რა უნდა ეთქვათ? გამხეცებით ვარჯიშობდნენ! ტემპერამენტს ხომ დაოკება უნდა? კავკასიელები არიან მაინც!
– მე ვიცი მაგათი კავკასიელობა! – ამბობს მაჩო-კერატი. – ისეთი ველურები არიან, რომ თავიანთი სურვილისა და აზრის ჩამოყალიბება ელემენტარულ სიტყვებად უჭირთ… ამიტომ სათქმელს ადვილად ვერ ამბობენ… ვერა! ხო-ხო! ნუ, უჭირთ ლაპარაკი და აზროვნებაც უჭირთ! – კერატი მეცხრე ცაზეა, რომ მარიამ, მის პონტში, სამივე ადგილობრივ მაჩოს ერთად დაადო და მიაჩოხანა.
– ხო, ვანიუშ! თითქოს უნდოდათ კიდეც დალაპარაკება, მაგრამ თავიდანვე თითოეული მათგანი ისეთი შორს დადგა, მგონი, საკუთარი თავის ეშინოდა, პირველ რიგში… და არც იმ საკუთარ თავს უშვებდა ჩემამდე და მგონი, არც ეგ საკუთარი თავი უშვებდა ახლოს, გასაცნობად რომ მოსულიყო!
მოკლედ, ძნ წინააღმდეგობრივი ხალხია! – მარიას ხმა წყლის შხეფების ფონზე ძლივს-ღა ისმის. – ძაან დაძაბული ხალხია! ძალიან! – გულიანად კისკისებს მარია.
– ხო, ხო! – ღრუტუნებს კერატა ძლიერების განცდით და მექანიკურად პულტით ტელეარხებს ასდევს და ჩასდევს. – ეგენი სულ მასე არიან. აგერ მაგათ გადაცემებს არ ვუყურებ მთელი დღე?! იმდენად ველურები არიან, რომ ერთმანეთს არასოდეს არაფერს დააცდიან და არც შეარგებენ.
მაგათ მასწავლი? თან ამ სადღეგრძელოებივით დაუსრულებელი ფიქრი იციან. ფიქრობენ, ფიქრობენ, ფიქრობენ, ფიქრობენ! სულ ფიქრობენ!
ეხლაც შეიძლება შენზე ფიქრობენ, საღამოსაც, თავიანთ უსასრულო სადღეგრძელოებში გახსენებენ, ხვალაც მოყვებიან შენთან შეხვედრის ამბავს, იოცნებებენ და ისევ იფიქრებენ და ათი წლის შემდეგ, დამიჯერე, ისევ შენზე იფიქრებენ…
უჭირს ხალხს-რა მოქმედებაზე გადასვლა!
ერთი რამე რომ გააკეთონ – ხუთი წელი უნდა იფიქრონ და კვერცხები იზილონ…
– კარგი, სიხარულო, წავედი…
– ხო, ეგრეა! ეგ-რე-ა!!! – მაჩო-კერატა ხელს იმ ღიპზე ისვამს, სადაც გუშინ რამდენიმე ლიტრმა ქართულმა ღვინომ მარადიული განსასვენებელი ჰპოვა.
უცებ მარია აბაზანიდან იხედება და დასძენს:
– არ ვიცი, რა გითხრა… მაგრამ, მგონი, მაინც ძალიან საყვარლები არიან!
“შარაპოვას” ზურგს უკან კარი უაპელაციოდ იხურება.

This slideshow requires JavaScript.

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “მაჩო და მარია

  1. “კატის” სუნთქვის ტექნიკა როგორია?🙂

    Posted by Eka | September 29, 2015, 6:35 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: