მოთხრობები (2006 - 2015)

მე შენ ისე ძალიან მიყვარხარ


ATTENTION EDITORS: PICTURE PACKAGE 'BRAZIL MONKS' MESSAGE OF HUMILITY' WILL IMMEDIATELY FOLLOW THIS ADVISORY– თუ შესწრებიხართ ოდესმე სავსემთვარეობისას ზრდასრული მგლის პირველ ყმუილს? გახსენდებათ რაიმე მსგავსი? გინდათ მოგიყვეთ, როგორ გადამხდა ეს ამბავი?! – მსგავს შესავალს, ალბათ, უფრო მეტად ცხოვრებისგან გამობრძმედილი ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც როგორც თავისი გულისნადების, ასევე, რატომღაც, სისუსტის გამხელაც სურთ.

ჩემი მოსაუბრე მართლაც მრავალ საქებარ სიტყვას იმსახურებდა. მაღალი, ბრგე და წარმოსადეგი მამა პავსანიუსი, რიტორიკის დიდოსტატი, ფრანცისკანული ორდენის ბერი გახლდათ, თუმცა ანაფორა მხოლოდ თვალწარმტაცი შტრიხი იყო ამ ბუმბერაზის სხეულისათვის; ასკეტური სულისკვეთება მთელს მის ფიზიკურ აგებულებას სიცოცხლის დაუცხრომელ ჟინს სძენდა. თუნდ საერო კაბა სცმოდა, მაინც მიხვდებოდით, რომ თქვენს წინაშე სასულიერო პირია იდგა. თხემით ტერფამდე ეს კაცი ჭეშმარიტი არისტოკრატი იყო, მბრძანებლური ჟესტიკულაციით, შეპასუხებასა და დაუმორჩილებლობას ყოვლად მიუჩვეველი. მამა პავსანიუსი სიტყვებს ხან ნელა, დამარცვლით, წარმოსთქვამდა ხოლმე, ხანაც წინადადებებს ბოლო ჟამის გრიგალივით ატრიალებდა.
– ეს არ გახლავთ ამბავი ყოვლისშემძლე ავკაცებზე ან დაუმარცხებელ გმირებზე. უბრალოდ პროვინციული… ნახევრადლეგენდაა. – წარმოსთქვა ბერმა, როდესაც ჩვენ გრაფი ვალენბერგის მისაღებ დარბაზს გამოვცდით. – იცით, სამყაროში მრავალი რამ არის ლამაზი. ეგებ ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა, შეიძლება ლამაზად ჩაითვალოს! მაგრამ აღტაცება და უნარი, ხელთ იპყრო ეს სილამაზე – შემდეგ კი დროებასა და მანძილზე მემკვიდრეებს გადასცე – ეს ყველაზე ძნელია. ამიტომ ქვეყნად ასე მრავლად არის ტკივილი და გაუტანლობა.
ხელოვანთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კრიტიკოსთა… ცოცხლებიც კი უფრო ცოტანი ვართ, ვიდრე გარდასულები… მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ისტორია, რომელსაც თქვენ ახლა მოისმენთ – ეს ლამაზი და თანაც სულისშემძვრელი ამბავია. უფრო იმიტომ, რომ თავად მე, არაერთი განსაცდელის მნახველს, ეს ამბავი არასოდეს მტოვებდა გულგრილს. ამ ისტორიაში მე უფრო მეტად უმწეო კაცი ვარ, ეჭვებითა და ჩავარდნებით დახუნძლული, ვიდრე ბედისწერასთან მებრძოლი მოძღვარი.
მამა პავსანიუსის თითებში ინკრუსტირებული ბოკალი ციმციმებდა, ხოლო მეწამული ღვინის ციალი მინის ხაფანგში – ძველისძველ მოგონებებში სპირალისებრ ჩაძირვას წააგავდა.
– ახლაც ვერ გამიგია, რა მაწევს გულზე ლოდად იმ მოვლენებიდან მოყოლებული? ლამის შემოვაბერდი ამ ჩემს მცდელობებს ვყოფილიყავი უფლის ხატი; მაგალითი მათთვის, ვინც არასრულყოფილებას ვერ სძლია. ხშირად, ლოცვებისა და მონასტრული საქმეების მოთავების შემდეგ, ვჯდები და იმ ყველაფერს ვიხსენებ, რასაც ჩემს თვალწინ გაუვლია… დავბერდი, მგონი, რადგან მოვლენების გამოტანა მეხსიერების სარდაფიდან ენითაღუწერელ სიამოვნებას მანიჭებს… ისიც მსმენია, რომ ზოგიერთებს, ვინც პირადად მიცნობენ, ჩემი მემუარების კითხვა უჭირთ. ისინი კითხვისას თურმე ისეთ უხერხულობას გრძნობენ, თითქოს შიშველს მხედავდნენო…
– ცოცხალი არსებისთვის სიწმინდის რაობა განმარტებას არ საჭიროებს… – მამა პავსანიუსმა ტონი იცვალა, თითქოს მიმანიშნებდა, რომ მისი მონათხრობი სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა. – სიწმინდეს, სიხალასეს ყურადღებით არ უნდა დააშტერდე, რადგან იგი უმალვე გაქრება. მე ვფიქრობ, რომ ამ დროს იმ სულიერი სამეფოს სიო დაჰბერს ხოლმე, რომელსაც შემოქმედი ყოველთვის მიუწვდომელს, ხელუხლებელსა და წაურყვნელს გვიტოვებს.
არ დაილევა იმ ადამიანების მოდგმა, ვინც გამუდმებით გულუბრყვილოდ სვამს კითხვას: რატომ ვირჩევთ ჩვენ, ბერები, ასკეტის გზას?! რატომ მივუძღვენ მე უკაცრიელობას, თვითგვემას საკუთარი თავი? რა შინაგანი ძალაა, რომელიც ხელის სახეში ძგერებით ადამიანებისაგან განზე მწევს? ერთი სიტყვით ვუპასუხებდი მათ – „ასეა საჭირო“!
ახლაც, მრავალწლიანი სულიერი ბრძოლებისა და ხანგრძლივი გამოცდების შემდეგ, მე არ შემიძლია, ზუსტად განვსაზღვრო რა არის ადამიანური სიმაღლის საზომი? როგორ და რატომ გიგდებს ყურს ის, ვისაც მოსმენა შეუძლია? ან რა კავშირი არსებობს სიტყვებს, ერთი ბედისწერით დაკავშირებულ არსებებსა და ადგილს შორის?
ეს ამბავი ზუსტად თოთხმეტი წლის წინ მოხდა. აგვისტოს მცხუნვარე შუადღეს კავალერისტების რაზმი, ჩორთით მიაცილებდა და გზას უკვალავდა მდიდრულად შეკაზმულ კარეტას წინა კვირას ძლიერი ქარიშხლისგან წაქცეულ ხეთა შორის. არსებული ბილიკი ცხენების ჩლიქებით ძირისძირობამდე იყო გადათხრილი და მხოლოდ ეს თუ ანელებდა კავალკადის სვლას.
ჭლექით დასნეულებული ჩვიდმეტი წლის არიადნა, კიდევ ერთხელ გაცივდა და ლოგინად ჩავარდა. როგორც მისმა სულიერმა მოძღვარმა, მე საჭიროდ ჩავთვალე გოგონას მამის, გრაფ სტოკჰოლმისათვის, გულითადი თხოვნით მიმემართა, რომ ბავშვი მონასტერში გადაგვეყვანა. ეს იყო ყველაზე გამოუვალი ვითარებისათვის შემონახული გადაწყვეტილება. მამისაგან რამის დაფარვა უკვე სულმდაბლობა იქნებოდა. მის ქალიშვილს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სუფთა მთის ჰაერი და განდგომილების ის ატმოსფერო, რომელიც მხოლოდ მონასტერში სუფევს. შინამოსამსახურენი კი დაჟინებით ჩურჩულებდნენ, რომ ყველაფერი გაცილებით უფრო უიმედოდ იყო, ვიდრე მათი ბატონი ფიქრობდა.
ვაჟკაცური შემართებით გამორჩეული სტოკჰოლმი ახალი დაბრუნებული იყო გემთსაშენიდან, სადაც გრანდიოზულ ხომალდს კაზმავდა შორეული ლაშქრობისათვის და საქმის მიმდინარეობითაც საკმაოდ კმაყოფილი ჩანდა. მამა პეტრეს დამწუხრებულმა სახემ, გრაფი ერთობ დაადარდიანა. იგი ჩვენს დიაგნოზს ერთხანს თავჩაქინდრული და დაღვრემილი ისმენდა. შემდეგ კი, როგორც ენერგიულ ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე, ეჭვები მოისროლა, სიცოცხლის ჟინის ჩქეფა შემოეძალა და ბრძანება გასცა ცხენებისათვის სასწრაფოდ უნაგირები დაედგათ და მონასტერში გასამგზავრებლად საგრაფო კარეტა მოემზადებინათ. ამის მერე სტოკჰოლმმა ფეხმარდი ჭაბუკივით საფეხურებზე აირბინა და არიადნას ოთახისაკენ გასწია.
ჩვენს გოგონას უდარდელად ეძინა სარეცელზე, რომელიც შუა აღორძინების დროის უცნობი ოსტატის დაუფასებელ შედევრს წარმოადგენდა. სარკმელი ფართოდ იყო გამოღებული. ოთახში ვეღარც ყვავილებს და ვერც კედელზე ჩამოკიდებულ ნახატებს ვეღარ ნახავდით. მამა პეტრეს განკარგულებით, რომელიც მთელი საგრაფოს უებარი მედიკოსი გახლდათ, მსახურებს ინტერიერი შეძლებისდაგვარად სადად მოეწყოთ. ამიტომაც ოთახში შესულებს მხოლოდ საწოლი, შიშველი კედლები, ნოხი, ჯვარი და… იატაკზე გართხმული, ნამძინარევი, ცოცხალი მგლის ლეკვი დაგხვდებოდათ. და ისიც მხოლოდ გოგონას დაჟინებული მოთხოვნის წყალობით-ღა დატოვეს.
ეს ლეკვი პრინცი კარლის ძვირფასი საჩუქარი გახლდათ.
yakushima_forest1სამიოდე თვის წინ, როდესაც უფლისწული გზად კრემსისასკენ უღრანი ტყის ლაბირინთს სძლევდა, მისი ჯარისკაცები შემთხვევით უზარმაზარი მგლების ცხელ კვალს გადააწყდნენ – ნაფეხურები თითქოს ტოტებით შენიღბულ ბუნაგში იკარგებოდა.
პრინცის გაგულისებულმა ადიუტანტმა ანაზდეულად ესპადრონი იშიშვლა, მიმდებარე ბუჩქნარს მამაცურად ეძგერა და ჩეხვა დაუწყო. ყველასთვის მოულოდნელად, წამის ერთ გაელვებაში, ეს უშიშარი მებრძოლი ღონიერი და გამძვინვარებული მამალი მგლის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ტევრში ჩასაფრებული ნადირი მტრის მოახლოებას მოთმინებით ელოდა და უფლისწულის ერთგულ ჯარისკაცს თავგანწირული სიძულვილით ეძგერა.
თანმხლებმა რაზმმა გოლიათი-მგელი ხმლებით უმალ ნაკუწებად აქცია, თუმცა დასახიჩრებული ცხოველის ხახიდან ძლივძვლივობით გამოყვანილი ადიუტანტი უკვე სისხლს აღებინებდა და აგონიაში იყო; მხეცის ეშვებს პრინცის მსახურის სახე, ყელი და გულ-მკერდი ნაფლეთებად ექცია.
ამგვარი უბედურების მომსწრე ჯარისკაცები ჯერაც გონზე არ იყვნენ მოსულები, როდესაც ვიღაცამ მეორე რუხი ცხოველის ჩრდილი შენიშნა. ეს ძუ მგელი იყო. იგი ხეებს შორის მალულად მიილტვოდა და ერთი სული ჰქონდა ლეკვები უსაფრთხო ადგილზე გადაეყვანა – დაობლებული ნაშიერები რამენაირად სიკვდილისაგან ეხსნა. რაზმის გამოჩენისთანავე დედა-მგელი ჩუმად გამოძვრა ბუნაგის მეორე გამოსასვლელიდან და შესაშური სიფრთხილით, პირით ხუთი ლეკვი გადმოიყვანა. მაგრამ ბოლო გზაზე, ვერ მოასწრო რა რამდენიმე ნაბიჯის გავლაც კი, ულმობელი ჯარისკაცების ალყაში აღმოჩნდა. გააფთრებულმა ძუ მგელმა  გარდაუვალი სიკვდილის შემბოჭველი სიახლოვე იგრძნო და ხრინწიანი ხმით დაიღრიალა.
უფლისწულმა ცხენი ცხოველისაკენ გააჭენა, თუმცა მაშინვე შენიშნა, რომ გაშმაგებული ძუ მგლის წინაშე მამაცი საბრძოლო ბედაურიც კი ყალყზე შედგა.
პრინცმა სადავეები მოქაჩა და ადგილზე გააშეშა ოთხფეხა მეგობარი, მარჯვედ ჩამოქვეითდა და ოჟები მეორე ადიუტანტს გადასცა.
კარლი მკვირცხლად მიუახლოვდა და გაავებულ ძუ მგელს თვალი გაუსწორა.
„ფრთხილად თქვენო უდიდებულესობავ! ლეკვები ჰყავს! – დაიძახეს ჯარისკაცებმა და მუშკეტები მომართეს.
– აი ესაა თვალები! – თქვა პრინცმა.
შემდეგ გაიშალა, შემობრუნდა და უკუსვლისას ხისტად ბრძანა.
– ცეცხლი!
ტყე მუშკეტების გრიალმა შეძრა, რის შემდეგაც ძუ მგელი ლეკვებითურთ სისხლიან ნარჩენებად გადიქცნენ.
რომელიღაც ჯარისკაცმა ბოროტად გადმოაფურთხა:
– ეშმაკმა დალახვროს! რა საზიზღარი არსებები არიან! ასე უნდათ მაგათ!..
როდესაც ადიუტანტს მარხავდნენ, ჯარისკაცები პირველყოფილური შეძრწუნებით იშმუშნებოდნენ, პირჯვარს იწერდნენ და სულ ერთმანეთს ეკითხებოდნენ.
– ასე როგორ უნდა მომხდარიყო? პოლტავასთან გადარჩა, ბრესლაუსთან შეტევებს უძღვებოდა? და ასე უაზროდ მგლის მსხვერპლი როგორ უნდა გამხდარიყო? რა უბედურებაა?!
გულდაწყვეტილი პრინცი კუნძზე იყო ჩამომჯდარი და ტოტით მიწაზე გასაახლებელი ციხესიმაგრის ფორტიფიკაციის გეგმებს ადგენდა. ტიტული და წარმოშობა არ აძლევდა მას უფლებას სრულად გამოეხატა ერთგული ქვეშევრდომის სიკვდილთან დაკავშირებული გულისწყრომა. მალე კარლმა ჯარისკაცებს შორის რაღაც ჩოჩქოლი შეამჩნია და პირველივე, ახლოს მდგომი, მსახური გაგზავნა შეეტყო თუ რა ხდებოდა რაზმში.
– ბუნაგში კიდევ ერთი მგლის ლეკვი დარჩენილა და ჯარისკაცები კამათობენ, რა უყონ… – სირბილით დაბრუნდა მსახური.
– მომიყვანეთ… – ბრძანა უფლისწულმა.
ჯარისკაცების ჯგუფიდან მუჯლუგუნების კვრით წინ ერთმა ტანდაბალმა ოფიცერმა წამოიწია, მის ხელში ნაცრისფერი, ბოხოხა. ბეწვის გუნდა ლაპლაპებდა. ზიზღისაგან ოფიცერმა მგლის ლეკვი ლამის მიწაზე დაანარცხა, მაგრამ უმალ გაიაზრა, რომ ეს შეიძლება პრინცის შეურაცხყოფად ყოფილიყო აღქმული.
– სულ რამდენიმე დღისაა, ჯერ კიდევ თვალები არ აუხელია. ეტყობა მხეცმა სულ ახლახანს იმშობიარა.
კარლმა ლეკვი ქეჩოთი ასწია, რაზეც დაობლებული არსება საცოდავად აწკმუტუნდა. ლამობდა რა ეგრძნო მშობლიური არომატის ტონები, მგლის ნაშიერმა პრინცის ხელებს მონდომებით დაუწყო სუნვა.
– აი, ეშმაკი, როგორ ინაზება, ანგელოზად უნდა თავის მოჩვენება! – წამოიყვირა რომელიღაც ჯარისკაცმა.
ნუთუ მართლა გრძნობდა ეს საცოდავი ლეკვი, რომ მხოლოდ საკუთარი უსუსურობით შეეძლო გამოეტაცა ადამიანებისაგან სიცოცხლე?
ხელებს, რომლებმაც დედ-მამა მოსპეს, შვილი ეპყრათ.
ამ ხელებმა ლეკვს ნესტიანი ცხვირზე მოუღიტინეს.
პრინცმა წარბშეკვრით თვალი გადაავლო დახოცილი მგლების გროვას, რაზეც ერთი უსიამოვნო ამბავი გაახსენდა.
ისე მოხდა, რომ ულანების ორ ოცეულთან ერთად, კარლმა თავზეხელაღებული ყაჩაღების დიდი ჯგუფი შეიპყრო. ეს ხალხი წლების განმავლობაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს უწყალოდ ძარცვავდა, საქონელს ართმევდა, აწიოკებდა და ჟლეტდა.
გათავხედებულმა ავაზაკებმა უფლისწულის რაზმს შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს, იმგვარად რომ სისხლისმღვრელი შეტაკების შემდეგ კარლმა თავის რაზმში სრულიად დაუგეგმავი დანაკარგი მიითვალა – რამდენიმე მეომარი დაიღუპა და ათამდე კი მძიმედ იყო დაჭრილი.
განრისხებულმა უფლისწულმა ბრძანა ტყვეები ადგილზევე, სასამართლოს გარეშე, დაეხვრიტათ. განაჩენის აღსრულებამდე, კარლის მსტოვრებმა კიდევ ერთი, კბილებამდე შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი მოათრიეს, რომელზეც ავაზაკების მეთაური იფიცებოდა, რომ ეს მისი ვაჟი იყო, მაგრამ მათთან სულ ერთი კვირა გაეტარებინა და არც არავისთვის არაფერი დაეშავებინა.
– ის მაინც დაინდეთ, თქვენო უდიდებულესობავ! – მუხლმოდრეკილი ევედრებოდა ყაჩაღების მესვეური.
ახლა, როდესაც კარლი მგლის უმწეო ნაშიერის რბილ გვერდებსა და ნეკნებს უმზერდა, მას რატომღაც ის ჭაბუკი გაახსენდა. აღსარების დროს კარლს არაერთხელ უთქვამს, რომ მსგავს გადამწყვეტ ვითარებაში, მოვლენების ცენტრში მყოფი ადამიანების თვალებში იგი რაღაც არაამქვეყნიურ მოძრაობებს ხედავს ხოლმე… რითიც ეს არსებები სამარადჟამო დაღს ასვამენ მის სიცოცხლეს. სდევნიან, მოსვენებას აღარ აძლევენ, ძილსა და ცხადს უმწარებენ.
პრინცი სასტიკი, თუმცა კეთილგონიერი მმართველი იყო. მრავალი სამხედრო კამპანიის უშუალო ორგანიზატორი და მონაწილე, პრინცი ახლა ორ ცეცხლს შორის იყო ჩავარდნილი. რისთვის უნდა დაეტოვებინა ცოცხლად ეს ჭაბუკი, თუ სამართლისა და გამოძიების გარეშე დანარჩენების დასჯას აპირებდა?
იმ დღეს კარლმა თავს უფლება მისცა შეცდომა მოსვლოდა…
მან უხმო ადიუტანტს (სწორედ იმას, რომელიც მომავალში გოლიათმა-მგელმა დაგლიჯა) და ყრუდ, მკაცრი ინტონაციით უთხრა: „გუსტავ, თქვენ თვითონ მოაგვარეთ. ჩემთვის სულერთია…“
ყაჩაღ-ყმაწვილს ჩხრეკის დროს რაღაც ძვირფასეულობა უპოვეს და ცხელ გულზე, სისასტიკეში პრინცის მიბაძვით, ჭაბუკი იქვე, პირველსავე მუხის ხეზე ჩამოახრჩეს.
ბოლო წუთამდე, ამ ბიჭს, რომელიც ჯარისკაცების პედანტურ სამზადისს შეწყალების იმედით უცქერდა, ვერაფრით წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა ასე უსამართლოდ დასჯილიყო.
იგი არაბუნებრივად ყელმოღერებული და ნირწამხდარი ერთსა და იმავეს დუდუნებდა:
– მე უდანაშაულო ვარ, პრინც!
უბედური იმდენად მალე დაიხრჩო, რომ ჯარისკაცებს ისიც ეგონათ თვალთმაქცობსო, და ორჯერ გულში ტყვია დააჭედეს.
რა საკითხავია და პრინცი ცხოვრების ამ თავს ყოველთვის უხალისოდ ფურცლავდა. იგი გამოცდილი მეომარი გახლდათ, მაგრამ ჯალათი არასოდეს ყოფილა; სძაგდა დაუნდობლობა, მით უმეტეს ტყვეების მიმართ. მთელი მისი სიცოცხლე სისუსტეებთან ბრძოლის ნიშნის ქვეშ წარიმართა. სწორედ ეს სამარცხვინო ეპიზოდი კარლს იმას აგონებდა, რომ მზაკვრულმა ავზნიანობამ იმ დღეს იგი პირქვე ოსტატურად დაამხო…
ბოლოსდაბოლოს კარლი მგლის ლეკვის ჭვრეტას მოეშვა და მისთვის დამახასიათებელი დამთრგუნველი მზერით ქვეშევრდომებს შეხედა.
– თქვენ გინდათ, მოკლათ ეს არსება, კაპრალო? – ჰკითხა კარლმა ოფიცერს, რომელიც ღვარძლიანად იფშვნეტდა ხელებს. – თქვენ, დანარჩენებსაც?
პრინცმა თვალი შეავლო შემოკრებილ ჯარისკაცებს და მათ შორის ისინი შენიშნა, რომლებიც ავაზაკების ბანდასთან საბედისწერო ანგარიშსწორებაში მონაწილეობდნენ.
– როგორც თქვენ ბრძანებთ, თქვენო უდიდებულესობავ! – გუნდურად დაიღრიალეს მეომრებმა. – ის მაინც ვერ გადარჩება აქ. ძალიან პატარაა და დედის გარეშე მოკვდება.
კარლმა წარბი ასწია. ჩანდა, პრინცს არ აკმაყოფილებდა ხარბი ადამიანური პასუხი. მოულოდნელად მბრძანებლის არწივისებრი თვალები რაღაც აზრით აინთო.
– ამ ლეკვს მე ჩემს ნათლულს წავუყვან. დაე მგელმა კრავთან ერთად იცხოვროს! – განაცხადა კარლმა მრავალმნიშვნელოვნად.
ერთი დღის შემდეგ პრინცმა მგლის ლეკვი არიადნას ჩამოუყვანა. გზაში უფლისწული პატარას ძროხის რძით, საკუთარი ხელით, კვებავდა და ანაზდეულად სახელიც გამოუნახა. მან ჭყვიტინა, ნაცრისფერი ბეწვის გროვას ფელიქსი, ანუ „ბედნიერა“, უწოდა. ადამიანური გაგებით, მგლების ოჯახის გაჟლეტვის შემდეგ, ლეკვი მართლაც და იღბლიანი ვინმე გახლდათ. ჩემი მონათხრობით კიდევ დარწმუნდებით, რომ სახელოვანი უფლისწული კარლი არაფრით შემცდარა, რადგან მისმა კეთილშობილებამ სრულიად გადაასხვაფერა განწირული გოგონას სიცოცხლე.
უცნაურად შემართულმა პრინცმა არიადნას ჯანმრთელობის წვრილმანები გამოჰკითხა, შემდეგ დაუყვავა და მოეალერსა.
– მგონი ჩემი წასვლის დროა, არიადნა. და… სხვა საჩუქრებთან ერთად, რასაც შემდეგ მსახურები გადმოგცემენ, ერთი უცნაური არსებაც უნდა გაგაცნო. აი ისიც!
პრინცი წამით გაუჩინარდა ოთახიდან და უმალ ფელიქსი შემოაბრძანა, რომელიც მის ხელისგულზე ზანტად იზმორებოდა.
– ეს ნამდვილი მგლის ლეკვია. იქნებ დამეგობრდეთ?! – იხუმრა კარლმა.
საოცრად გახარებულმა არიადნამ ტაში შემოჰკრა და პრინცს ყელზე მოეხვია. გოგონას ხმის გაგონებაზე ლეკვმა არიადნასაკენ გაიწია და ლამობდა დრუნჩი მის თბილ და ნაზ სახეში ჩაემალა.
ფელიქსის ბუნებრივმა სუნმა არიადნას ფოთლოვანი ტყე, ფრინველთა სილაღე, მცენარეთა მდუმარე სისპეტაკე მოაგონა და ერთობ მოხიბლა. ლეკვი იმდენად ნათელი და უწყინარი იყო, რომ მის მიერ არიადნას თითების მხეცური ლოკვაც კი ერთ მიუწვდომელ მშვენიერებად მოჩანდა.
ამის შემხედვარე უფლისწული თავადვე შეძრა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორემ.
არიადნამ დარდი და სნეულება თვალის ერთ დახამხამებაში დაივიწყა და უძვირფასესი საჩუქრის მოვლას შეუდგა. უბედურ ფელიქსზე ზრუნვამ გოგონას მაშინვე გადაავიწყა პირადი უგუნებობა. არიადნამ ლეკვი მეზობელ ოთახში შეასახლა, მოუფინა იატაკი თბილი ბეწვის ნოხებით და მსახურებს სთხოვა საგრაფოს საუკეთესო რძე მოეტანათ.
„ოღონდ გადარჩეს!“ – ფიქრობდა არიადნა და მხურვალედ სთხოვდა უფალს. – ოღონდ გადარჩეს! ახლა!“
აი სწორედ ეს გახლავთ ადამიანური ბუნების უცნაურობა!
ჩვენ იმაზე ვლოცულობთ, რამაც შეიძლება გაგვანადგუროს.
თუმცა იმას კი ვივიწყებთ და უარვყოფთ, რამაც შეიძლება დაუმარცხებლად გვაქციოს.
…ორ დღეში არიადნა მგლის ლეკვის წკმუილმა გამოაღვიძა.
გოგონა მიუახლოვდა, რათა შეწუხებული ცხოველისათვის რძე შეეთავაზებინა და ამ დროს განსაცვიფრებელი სურათის მოწმე აღმოჩნდა. მგლის ნაშიერს თვალები აეხილა და მისთვის მოულოდნელად ყველაფერი ერთი ხელის მოსმით უხერხული და არამყუდრო გამხდარიყო.
არიადნა იატაკზე წამოწვა და სახე ფელიქსის დრუნჩთან მიიტანა; ორი ტანჯული არსება გაოცებული შეჰყურებდა ერთმანეთს. მეტწილად ხომ სწორედაც რომ გაკვირვებაა ჩვენი სიცოცხლის არსი.
მას შემდეგ არიადნას ლეკვის ლოგინზე დაწვენა დასჩემდა და ორი შერეკილი ქმნილება ერთი მეორეს მდუმარედ და მეცნიერულად სწავლობდა. მგელი ცხვირს იშველიებდა, არიადნა – კი სინაზეს. გოგონა რაღაცას ეჩურჩულებოდა, ლეკვი კი – სევდიანი და გამჭოლი ლურჯი თვალებით არნახულ ანგელოზს უცქერდა.
თანდათან ფელიქსს სულ უფრო მეტად მოსწონდა არიადნას საწოლზე ჩაძინება.
იგი მთქნარებით მიცუნცულდებოდა ხოლმე გოგონას საწოლთან, და ძლივს სწვდებოდა რა კიდეს, მაინც მამაკაცური შეუპოვრობით ჰერკულესის ტორით სარეცლის რკინის ნაწილებზე აფხაჭუნებდა.
გრაფი სტოკჰოლმი მგლის ლეკვს დიდად გულზე არ ეხატებოდა. ეს კაცი რაღაცნაირი – სულ მოღუშული დაიარებოდა და ფელიქსის მიმართაც სულ მიკერძოებული იყო. ამ დიდებულის შემოსვლისას მგლის ლეკვი უნებლიეთ ყურებს ცქვეტდა ხოლმე და თავისდაუნებურად უსიამოვნებისათვის ემზადებოდა.
– არიადნა…- დაბალი ხმით თქვა გრაფმა, როდესაც რბილი და დამაჯერებელი ნაბიჯით ლეკვის ადგილმსაყოფელს შემოუარა. – თავს როგორ გრძნობ?
გოგონამ თვალდახუჭულმა უპასუხა:
– არ ვიცი, მამა, მგონი, უკეთესად.
ეს არიადნას ჩვეული პასუხი გახლდათ. დათრგუნულ გრაფს აზრმა გაუელვა, რომ ყველაფერი სულ სხვანაირად არის და ამდენ ხანს იგი უბრალოდ თავს იტყუებდა.
მგლის ლეკვმა, გაიგონა რა არიადნას ხმა, ახლოს მოცოცდა და მამაშვილის უკიდეგანო სევდას გულუბრყვილოდ გაუსწორა თვალი. ცხოველური ყურადღებით ფელიქსი ნამდვილად გულშიჩამწვდომი იყო – ერთ ციდა გამოუსწორებელ მტაცებელს მაინც უდიდესი ადამიანური იერი დაჰკრავდა.
გრაფი სტოკჰოლმი გულდამძიმებული ჩამოჯდა საწოლის კიდეზე.
– შენ მას ადამიანის ენა ასწავლე, შვილო. ახლა კარგად ვხედავ. – თავის ქნევით თქვა გრაფმა. – მაგრამ სულ არ ზრუნავ შენს ჯანმრთელობაზე.
სტოკჰოლმს ხმა უწყდებოდა.
„ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გადაგიყვანოთ მონასტერში. დრო არ ითმენს და მამა პავსანიუსიც მტკიცედ ითხოვს. იქ დიდი ხანია გელოდებიან, ყველაფერი მომზადებულია… ისეთი სილამაზეა – ყველაფერს გადაგავიწყებს! გთხოვ, ნუ შემეწინააღმდეგები, მოახლეებს დავუძახებ და ისინი ჩაცმასა და ბარგის ჩალაგებაში დაგეხმარებიან. არიადნა…“
ყველაფრისდა მიუხედავად სტოკჰოლმმა არიადნას დაყოლიება მხოლოდ ერთ რამეზე ვერ შეძლო – გოგონა არაფრით დათანხმდა, რომ მგლის ლეკვი აქ, სასახლეში, რომელიმე მსახურის მეთვალყურეობის ქვეშ დაეტოვებინა.
„და ჩემი წასვლის შემდეგ თქვენ მას გალიაში ჩასვამთ! არა! მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ვუღალატო მას.“ – თქვა არიადნამ.
…უდარდელი ფელიქსი გოგონამ კარეტაში აიყვანა და გვერდით მოისვა, რადგან წამითაც არ სურდა მასთან განშორება.
გრაფის სიტყვაზე პრინცის ამალის მრავალმა ახალგაზრდა აზნაურმა სურვილი გამოთქვა, არიადნას თან ხლებოდნენ, რომ ეს გამგზავრება ხანმოკლე და სახალისო მოგზაურობად ექციათ. ამ უცნაურმა კავალკადამ გეზი ფრანცისკანული მონასტრისაკენ აიღო, რომელიც სტოკჰოლმის სასახლიდან რამდენიმე საათის სავალზე იყო. რაზმს წინ ტანადი ფრანგი შევალიე მიუძღვოდა. მას უკან ახმახი გერმანელი ბარონი ფონ შტაუფენი და რამდენიმე მარდი ჭაბუკი მისდევდა. ასეთ ესკორტზე მეფის ოჯახიც კი არ იტყოდა უარს. არიადნას კომპანიას ახალგაზრდა ესპანელი ოფიცერი უწევდა, რომელსაც არიადნა სიგიჟემდე უყვარდა. ეს სამხრეთელი თავადი გასულ ღამეს შორეული სევილიიდან ჩვენთან მესამედ ჩამოვიდა. არიადნას კარეტის კარდაკარ რომ ემგზავრა ტემპერამენტიანი ესპანელი თავისნაირ მგზნებარე ტაიჭს ხან დეზებს სცემდა და ხანაც ულმობლად ლაგამს უჭერდა.
– პაბლო, ადამიანებს რატომ არ უყვართ ასე ძლიერ მგლები? – იკითხა არიადნამ კეთილგანწყობით.
– ო, არიადნა, ძვირფასო არიადნა! – გაიცინა იდალგომ. – თქვენ გინდათ სამყაროს საიდუმლოებები შეიტყოთ? მაშინ ეხლავე გეტყვით. ადამიანებს მგლები იმიტომ არ უყვართ, რომ ეს ცხოველი თავისი შინაარსით არის მოურჯულებელი, დაუმორჩილებელი არსება, პიროვნება, ქარიზმა, სული სიმედგრისა. როგორც წესი, მგლები ადამიანებს თავს არ ესხმიან, ერიდებიან, თავისთვის ცხოვრობენ – ოჯახებად, ხროვებად, ზეცნებითი ერთგულების სამეფოებში. მგლებს მრავალჯერ უხსნიათ ადამიანები სიკვდილისაგან. მაგრამ კაცის მოდგმას ყოველთვის იმდენად პანიკურად ეშინია ყველაფრის – ამოუცნობის და ახლის – რომ სწადია გამუდმებულად ხელთ ეპყრას ყოფითი უსაფრთხოების სადავეები… და ამიტომ სახიფათოდ მიაჩნია ნებისმიერი საგანი, მოვლენა და არსება, რისი მოთვინიერება, დამონება და მიზიდვა ვერ შეძლო, რაც ვერ გაბლანდა საკუთარ ჯაჭვებში.
– ის ისეთივე ცოცხალია, როგორც ჩვენი „სევილიანა“! – დაამატა შეყვარებულმა ესპანელმა და ხელი მგლის ლეკვისაკენ გაიშვირა, რომელიც ცნობისმოყვარედ იცქირებოდა ფანჯარაში.
არისტოკრატთა რაზმი ტყეს მიუახლოვდა და მასთან ერთად ათასობით გემრიელი სუნი ფელიქსს ყნოსვას უღიზიანებდა. ამდენი იდუმალი წინათგრძნობა არასოდეს დაუფლებია იღბლიან მგლის ლეკვს!
– რაო, პატარა არამზადა? – თქვა არიადნამ და ხელში აიყვანა ლეკვი. – სირბილი მოგინდა? მალე, უფლის წყალობით, იპოვი შენს ბედნიერებას.
– არიადნა, რით მოხიბლეთ ასე? – იკითხა ესპანელმა. – მხოლოდ წმინდა ფრანცისკმა შეძლო მგლის მოთვინიერება!
– უბრალოდ კარგად, ხშირად და გემრიელად ვაჭმევთ, სენიორ პაბლო. – უთხრა არიადნამ და ზურგი ბალიშს მიაყრდნო.
ერთ საათში ისინი უკვე დანიშნულების ადგილს მიადგნენ.
მონასტრის სამოახლო არიადნას სიხარულით ხვდებოდა. საოცარი გოგონას ამბავი მთელს საგრაფოს მოედო. ის მხოლოდ მემამულე-აზნაურის შვილი არ ყოფილა. მდაბიოთა შორის ქალიშვილის სათნოებამ არიადნას სახელი მოუხვეჭა.
მგზავრობით დასუსტებული გოგონა აბატმა ხელში აიტაცა და ღიმილით მიმართა:
– წმინდა წერილი, სუფთა ჰაერი და ლოცვები მალე დაგიბრუნებს ჯანმრთელობას, შვილო ჩემო!
გამომშვიდობების წინ არიადნამ პაბლოს, რომელიც ცხენის ნავარდით მოუთმენლად ელოდა რაიმე ნიშანს სატრფოსაგან, ხელი დაუქნია. ბედნიერების მწვერვალზე მყოფმა პაბლომ ტაიჭს შოლტი გადაუჭირა და წამის ერთ გაელვებაში გაუჩინარდა.
შემიძლია გითხრათ, რომ არაჩვეულებრივად კარგად დამამახსოვრდა არიადნას პირველი დღე მონასტერში. გოგონას, ტაძრის კუთვნილი, წყაროს გვერდით აშენებული პატარა სახლი დაუთმეს, ყველა პირობა შეუქმნეს, მოახლე-ქალი მიუჩინეს და თვით აბატმა მკაცრად გააფრთხილა მსახურები, არ შეეწუხებინათ ქალიშვილი და მისი ნებისმიერი ახირება უსიტყვოდ აღესრულებინათ.
ფელიქსს გარეთ, სახლის პარმაღზე უნდა ეცხოვრა, ხისაგან გამოჩორკნილ ყუთში, სადაც ისევე, როგორც არიადნას სამყოფში სიგრილე და სიმშვიდე სუფევდა.
წამოსვლისას მე არიადნა დავლოცე, პირჯვარი გადავსახე და მშვიდი ძილი ვუსურვე. მოკრძალებული ჟესტით მან კარის ზღურბლზე შემაყოვნა და მკითხა:
– მამა პავსანიუს, რას ფიქრობთ, უკეთ ვიქნები?
მე, როგორც მოძღვარს, რაღაც უბრალო, თუმცა დამაჯერებელი და იმედისმომცემი უნდა მეთქვა.
– მჯერა, რომ მალე აუცილებლად მომჯობინდები, შვილო ჩემო, მაგრამ ჩემი რწმენა არაფერია იმასთან შედარებით, რაც აქ გელის.
„ისე ვიყავი კი ამაში ნამდვილად დარწმუნებული?“ – შეიძლება მკითხოთ.
ვიყავი და არც ვიყავი…
თუმცა ჩვენ, სამღვდელოებას, ნატვირთი გვაქვს რა უფლის შუამავლის როლი, უნდა გვესმოდეს, რომ იმედი ის ერთადერთი რამ არის, რისთვისაც ამოგვარჩიეს. და ეს, ჯერ კიდევ ყველაფერი არაა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ეს იმედი აღმაფრენად ვაქციოთ. თუ არა და ვის რად არგია ჩვენი წოდებები, ანაფორები, წიგნები, იგავები და დისპუტები?
…დილით გრაფმა შვილს სოფლის მევიოლინე მოუყვანა, რათა გოგონა როგორმე გუნებაზე მოეყვანათ. მევიოლინე უხვად დაასაჩუქრეს და მუსიკოსიც მთელი საათი გულმოდგინედ უკრავდა.
– შეიძლება ხემს შევხედო? – იკითხა არიადნამ, როდესაც მუსიკოსმა ინსტრუმენტის შეფუთვა დაიწყო. – არასოდეს მინახავს ახლოდან.
– კი, ქალბატონო, ინებეთ, ძუის ნარჩევი ბეწვისაგან მზადდება.
– და ასე იბადება ბგერა? – გაკვირვებული არიადნა მოუქნელად უსვამდა ხემს. – და მე რატომ არ გამომდის? ასეთი მძიმე ბგერებია… თქვენი სულ სხვაა. ბატონო მუსიკოსო, თქვენ რომ უკრავდით ვიოლინო თითქოს ცოცხლდებოდა.
– ჩემი მასწავლებელი ამბობდა, რომ ხემიანი მუსიკალური საკრავის კარგად ფლობა იგივე ქრისტეს მცნებებია. ჩვენი სარწმუნოების პრინციპები იმდენად ცხადი და უბრალოაო, რომ ბევრმა ჩვენზე უკეთ უწყის, როგორ გვმართებს მათი აღსრულება… თუმცა მხოლოდ ერთეულები უკრავენ ვიოლინოს სიყალბის გარეშე.
– ახლა, ბატონო მუსიკოსო, მეტისმეტად სუსტად ვარ, რომ მუსიკა შევისწავლო. მაგრამ სიხარულით კიდევ არაერთხელ მოვისმენდი თქვენს დაკვრას. გთხოვთ, კიდევ მობრძანდით.
პასუხად მევიოლინემ არიადნას მინიატურული „სონატინა“ მიუძღვნა.
„ალბათ, ამას გულისხმობდა მამა პავსანიუსი!“ – გაიფიქრა არიადნამ, ტკბებოდა რა შუაგულ ტყეში კამერული მუსიკის ჰანგებით.
კონცერტის დასრულებისთანავე გოგონა იმ მიდამოს 1266დასათვალიერებლად გავიდა, სადაც ჩემი რეკომენდაციით უახლოესი ექვსი თვე უნდა გაეტარებინა. მონასტრის სანახები ხორცშესხმული სასწაულების სამყარო გახლდათ. მე არც ლანდშაფტების და არც ზებუნებრივად გაცისკროვნებული პეიზაჟის აღწერა არ ძალმიძს, მაგრამ იქაურობა მართლაც აღთქმული მიწაა ბუმბერაზი ხეებით, ხრამებით და მწვანეში ჩაფლული ლოდებით.
საძმოს ხელით აშენებული სახლის უკან, ამ მიტოვებული სამოთხის ყველაზე ხმაურიანი წარმომადგენელი, წყარო, მორაკრაკებდა. ხანდახან ისეთი სიჩუმე ჩამოვარდებოდა ხოლმე, წყალს რომ არ ეხმაურა – ალბათ, კაცი უბრალოდ დაყრუვდებოდა. ეს წყალი მხოლოდ სიყრუის უბედურებისაგან არ გვიცავდა; რაღაც მარილების შემცველობის გამო გემრიელი, ცივი და სამკურნალოც იყო. ასე გვითხრა სამეფო მეცნიერებათა აკადემიის პროფესორმა, როდესაც ხუთიოდე წლის წინ ადგილობრივ ბუნებას სწავლობდა.
განტოტების შედეგად, ბოლოს მაინც ერთ მდინარედ შეკრებილი წყაროს წყალი ოვალური ფორმის წყალსატევში ჩაედინებოდა, რომლის სიგრძე ორას ფუტს არ აღემატებოდა. გუბურას შუაში საძმოს ძალისხმევით თავის დროზე მომცრო კუნძულიც აღმოცენდა – იქ ფანჩატური წამოვჭიმეთ, სავარძლებითა და მისასვლელი ხიდით. ნაპირ-ნაპირ ეშხიანი ტირიფებიც გავაშენეთ, მარცხნივ კი ბოლო წლებში საუცხოო ხეივანი წამოგვეზარდა, რომლის სათავეში ეულად ტირიფების წყვილი იწონებდა თავს. ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ამ ხეებს ოსტატური სხვლის წყალობით შეყვარებული ქალ-ვაჟის იერი მიანიჭა.
მონასტრის შემოგარენი არიადნას მართლაც ძალიან მოეწონა, მაგრამ მშობლიურ სახლთან კავშირი მასში ნოსტალგიური გრძნობების მოზღვავებას იწვევდა.
– ფელიქს, ეს რამდენიმე თვე როგორმე უნდა გადავიტანოთ… – გაუმხილა მან თავისი დარდი მგლის ლეკვს და ცრემლი შეიმშრალა. – გახსოვს რა მხურვალედ ვლოცულობდი, რომ გადარჩენილიყავი? და შენც გადარჩი, ახლა კი დაიარები, თითქოს ეს ტყე შენი სამფლობელო ყოფილიყოს. გახსოვს?! შენ გადარჩი, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ ამასაც გადავიტანთ. ერთად! რას ფიქრობ, შე პატარა არამზადა?
თუმცა ფელიქსი იმდენად იყო გატაცებული ახალი საარსებო გარემოს შესწავლა-ამოცნობით, რომ თვალშისაცემი უყურადღებობა გამოამჟღავნა არიადნას სიტყვების მიმართ. ლეკვი ხან დასკუპსკუპებდა, ხან სველ მიწაში თათებს ტკეპნიდა, ჰაერში ისროდა და შემდეგ გადარეული, თავქუდმოგლეჯილი აქეთ-იქით აწყდებოდა გუბურას ნაპირებს. ფელიქსის მხეცური ინსტინქტი ძალუმად გაჰკიოდა, რომ ტყეცა და არიადნაც მისი სიცოცხლის ყველაზე დიდი სიხარულია: აი ესაა ყველაფერი, რაც მას სჭირდება ამ ცხოვრებაში.
– ფელიქს, შენ არასოდეს არ ხარ გვერდით, სულ სადღაც ხარ! ნუთუ მე ასე გექცევი? – დაუძახა არიადნამ მგლის ლეკვს.
სრულიად უნებურად ისე გამოვიდა, რომ წადილმა, როგორღაც დრო გაეყვანა-მოეკლა, არიადნას საკუთარი პიროვნების კვლევისაკენ უბიძგა. გოგონას განკარგულებაში იშვიათი მანუსკრიპტები, ბერების ჩანაწერები, კარტი, სამაგიდო თამაშები იყო. და მის სამსახურში იყო სამეფოს ყველაზე თვალსაჩინო და სახელმოხვეჭილი თეოლოგებისაგან შემდგარი მონასტრის საძმო გახლდათ.
დილაობით, არგანით შეიარაღებული არიადნა, ფელიქსის თანხლებით სახლის გარეშემო დასეირნობდა, თან იმავდროულად მკაცრად იცავდა ჩემს მითითებებს და გაკვალულ ბილიკებს არ შორდებოდა. გოგონა მაყვალს, ფოთოლს, რკოს აგროვებდა. თანაც სწავლობდა ციყვების სამყაროს, რომლებსაც ტევრის არემარე ხტუნვითა და ქროლვით ჰქონდათ აკლებული. ფელიქსი კი ყველაფერს სუნავდა, ყოველ ბორცვსა და ბუჩქს; იმავდროულად საუკეთესო მცველზე ერთგულად ზვერავდა შემოგარენს და არიადნას ჩორთით ფეხდაფეხ მისდევდა.
საღამოობით ისინი ფანჩატურში სხდებოდნენ. არიადნა თევზებს პურს უფხვნიდა, ხოლო თევზების სითამამით განრისხებული ფელიქსი კბილებს ბოროტად აკრაჭუნებდა. იგი მეტად ტკბილად დააგემოვნებდა ამ წყლის არსებებს, პირველყოვლისა, როგორც არიადნას ყურედღების ყველაზე თავხედ გამტაცებლებს.
გრაფი სტოკჰოლმი შვილს ყოველ კვირას სტუმრობდა. დღეგამოშვებითაც ხან მსახურს, ხან მთავარმმართველს იმის საკითხავად აგზავნიდა, თუ რა სჭირდებოდა არიადნას. ჩვენც, მონასტრის საძმოს, გრაფი საკვებს, ჭურჭელსა და სამეურნეო ნივთებს გვიბოძებდა ხოლმე.
ერთი თვის თავზე, თუ არ ვცდები, გრაფი ცოტა ადრე ჩამოვიდა და არიადნას გამოჯანმრთელების გამო მეტად გახალისდა.
მამა-შვილი მეოცნებეებივით ტირიფების ხეივნის ჩრდილში მიაბიჯებდნენ. შემდეგ სტოკჰოლმმა შვილს საზეიმოდ ლენტებით შეფუთული ყუთი გადასცა.
– ეს რა არის? – იკითხა არიადნამ და მოუთმენლად დაიწყო ბაფთის გაშლა.- საჩუქრებს არ მაკლებ!
– აი ამიტომ მყავხარ ასეთი არაჩვეულებრივი… – გაეღიმა გრაფს.
– ეს პალიტრაა, ეს რაღაა? საღებავები… რისთვის? მე და ხატვა, მამა?!
– მე კი მჯერა, რომ შესანიშნავი იდეაა.
– …მაგრამ, ხომ იცი, ხატვა არ გამომდის. – უპასუხა არიადნამ მოწყენილად.
– და ვის გამოსდის ერთბაშად? – დიდსულოვნად მიუგო გრაფმა. – ჩვენ ყველაფერს ვსწავლობთ. შენ სიარული გიჭირდა და შეძელი, ლაპარაკი არ შეგეძლო და ისწავლე. თუ რაღაც არ არის, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ვერ იქნება, არიადნა. შენ არ არსებობდი და დედამ გშობა. მე არ ვიცოდი, რომ ამგვარი ბედნიერება შეიძლებოდა მქონოდა და ამ სიხარულის შესაცნობად ღმერთმა შენი თავი მაჩუქა.
ამჟამად ჩემი მიზანია, რომ შენ სამყაროს ფერთა-წერას მიჰყვე. პალიტრა მოგიტანე… რადგან უნდა იცოდე, რომ თუკი ვცხოვრობთ და ერთმანეთისაგან ვანსხვავებთ ფერსა და ელფერს, სივრცეთა ხვეულებსა და ნაპრალებს, მაშ ჩვენ ყოფის იდუმალ აზრსაც ჩავწვდომივართ.
მე ყველაფერი ჩამოგიტანე – მოლბერტი, ფუნჯები, ფანქრები, ტილოები. უბრალოდ დამიხატე ეს ტყე, ხეები, ეს სახლი და წყარო, ეს წყალსატევი – ყველაფერი ისეთი, როგორსაც და როგორადაც ხედავ და გამოგდის. და შენ იგრძნობ, რომ გამოგდის იმაზე უფრო უკეთესად, ვიდრე მოელოდი. შენ შეგიძლია, შენ გრძნობ, ამიტომ საოცარი მხატვარი იქნები. მე მჯერა!
გრაფმა შვილი თბილად ჩაიკრა გულში.
თავაწეული ფელიქსი მისთვის ძვირფას ადამიანებს ცნობისწადილით აკვირდებოდა და იმას ფიქრობდა, რომ სინამდვილეში სტოკჰოლმი არც ისეთი ცუდი ვინმე ყოფილა.
არიადნამ შეხედა და იხუმრა:
„ნახე, მამა, ფელიქსი ძაღლად რომ დაბადებულიყო, ჩვენს საუბარზე, ალბათ, მიწას კუდით აუტეხდა ცემას“.
იმ დღიდან არიადნა ტყის ხატვას საოცარი შთაგონებით შეუდგა და მოოქროვილი სექტემბრის ტევრიც უმალ გარდაისახა.
შემოდგომაც მომნუსხველი დაგვიდგა და თითქოს გოგონას წინაშე პოზიორობით და მისი მაამებლობით ეს გახევებული სივრცე ყოველ საათში ფრანტივით სამოსს იცვლიდა – ყველაზე უფრო წარმოუდგენელ და სასწაულმქმედ ფერებსა და ფორმებში გვევლინებოდა.
preview-4567-krasnii_osennii_les-1920x1080-fon-stola.comოქროსფერი, ცეცხლისფერი, წითელი ვაშლის ფერი, ლალისა და ბადახშისფერი ტყე!..
სიყვითლით კი ეს თვითდატყვევებული და ნარცისადქცეული ხეთა სამეფო მხოლოდ მზესა და არიადნას პალიტრას თუ ჩამოუვარდებოდა.
მე და არიადნამ რამდენჯერმე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა და რანაირად უნდა ეხატა.
თანდათან გოგონამ საკუთარი მეთოდიც აღმოაჩინა – როგორ გაეცნობიერებინა თუ რა სურდა და რა უნდა აესახა ტილოზე.
მის ნახატებში, ოდნავი მინიშნებაც კი არ ყოფილა ფერწერული სკოლის დახვეწილობაზე და იქიდან მაინც სიცოცხლის ჰიმნი იღვრებოდა, გულის სამყოფს ელამუნებოდა.
ამ ღვთიურ ადგილას, ყველაზე მიკროსკოპულსა და უმნიშვნელოშიც კი ძნელი იყო მშვენიერების განსახიერებას არ გადაჰყროდი. თუმცა საქმეც ის იყო თუ როგორ უნდა ეჩვენებინა ხელოვანს, რომ ამ სამყაროსთან შეხმატკბილებულად თანაცხოვრობდა?

ვიქტორიას ღვთაებრივი ყვავილი მთელი არსებით ზეცისაკენ იღწვოდა, გვიმრის მოხატულფოთლიანი ბარდი გონებას ადუნებდა. მუხებთან აღმოცენებული, თეთრი ხალებით გადაპენტილი ვარდისფერი მარმარილოს ლოდები შემოდგომის სხივებში ნებივრობდნენ. უწყინარ აბლაბუდებში, ისე როგორც საზაფხულო ჰამაკში, ზომაზე მეტად გათამამებული კრაზანები ეკიდნენ. უამრავი სახეობის ჩიტი საღამოობით იკრიბებოდა და თითქოს სიის მიხედვით გადაძახებას ატარებდა ხოლმე. ნაკადულების კლაკნილზე პრანჭვით ისლის რაყა ირუჯებოდა.
ჩიტების ჰანგზე არიადნა ტყის ყვავილების ფერხულებს ნაკადულს ატანდა და წყლის ზედაპირზე პომპეზურ აღლუმს მართავდა.
…მართლა ღირს ასეთი რაღაცეები დასახატად.
ერთხელ არიადნამ და ფელიქსმა უკიდეგანო მღვიმეს მიაგნეს, სადაც სინესტე და სიბნელე ცხოვრობდნენ. გამოქვაბულის ქვესკნელიდან მიწის ყრუ ოხვრა-კვნესა და ავბედითი სუნთქვა გაისმოდა.
ერთხელ კი მოუსვენარი ფელიქსი წკმუტუნით მოქანდა და არიადნას კაბის ქალთაზე დაუწყო ქაჩვა, რომ გოგონა დაეყოლიებინა გაჰყოლოდა მნიშვნელოვანი აღმოჩენის მოსანახულებლად. სახლიდან ოდნავ მოშორებით, ჩამოცვენილი ფოთლების ფენიდან ხარ-ირმის რქები იყო ამოშვერილი.1254606444_1
– აქ ირმებიც გვსტუმრობენ, თუმცა ძირითადად შვლების სილუეტებს ვამჩნევთ ხოლმე. – მისცა არიადნას განმარტება მოახლემ, რომელიც ხანდახან ეხმარებოდა გოგონას ფერწერული საგნების გადატანაში. – გასულ წელს, მამა იოსებმა და მამა ლავრენტიმ, აქ დედა-შვილი ფურირმების ჩონჩხები იპოვეს. ისე მგელიც მრავლადაა, მაგრამ, გაგიკვირდებათ, და ადიმიანს საერთოდ არ ერჩის. უფალი გვმფარველობს!
წყალსატევიდან ხუთი წუთის გზაზე ქოხი იდგა, სადაც მოხუცი ჰილდეგარდების წყვილი ცხოვრობდა. კვირაში ორჯერ არიადნა ამ ხალხს სტუმრობდა.
ჰილდეგარდებთან გოგონას გახურებული ღუმელი, ცხელი კვერის სუნი და მოხუცების საუბრის თავისებური, მიკიბულ-მოკიბული მანერა ხვდებოდა, რომელიც მარტივსა და აშკარა მოვლენასაც სრულიად ბუნდოვნად აქცევდა ხოლმე.
ჰილდეგარდებს, უცნაურობით ესოდენ მათთვის შესატყვისი, მგელთან ერთად მოსეირნე, მშვიდი და დიდებული წარმოშობის გოგონა, მალევე შეუყვარდათ.
ცოლ-ქმრის სახეებიდან სიბერის მოღუშულობა ერთბაშად ქრებოდა, როდესაც არიადნას ხმა ამცნობდა, რომ მათ თავად სიყმაწვილე ესტუმრათ და მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ზეთს, კანფეტსა და სხვა გემრიელ სასუსნავს მოართმევს.
– თქვენ მდიდრები, მემამულეები არასოდეს ამზადებთ საჭმელს, არ ხარშავთ და ყველაფერს მზამზარეულს მიირთმევთ. ამიტომ არც იცით, რამდენი უნდა იწვალოს ადამიანმა ღუმელთან. – ჩლიფინებდა დედაბერი ჰილდეგარდი და თან ბარდას სუფს კოვზის კაკუნით ურევდა.
– …დღე-დღეზე მამა პავსანიუსის გადაწყვეტილებას ველოდები. და შემდეგ სახლში დავბრუნდები. თქვენც ჩვენთან წაგიყვანთ და ისე იცხოვრებთ, რომ გაჭირვება აღარ გექნებათ. – უთხრა ერთხელ მორიდებით არიადნამ.
დედაკაცი არიადნას წინადადებაზე უკმეხად შეიშმუშნა.
მხოლოდ კოვზის გახშირებული სრიალით მიხვდებოდი, რომ ქალი ღირსეულ პასუხს ეძებდა. ჩამოვარდნილი მდუმარება ამეტყველებულმა ფიქრებმა გაარღვიეს.
– მე არ განვიცდი გაჭირვებას… ეს შენთვისაა გაჭირვება, ძვირფასო. მართალი გითხრა, მე, ალბათ, ვერასოდეს მოვშორდები აგერ იმ ტირიფების ხეივანს; მონასტერს, აი იმ გუბურას…
– ამ ღარიბულ ქოხს, ამ ღარიბულ ქოხს… – გაიმეორა ჰილდეგარდმა. – ჩემს ახალგაზრდობას.

დაუფარავი გაღიზიანებით შეპყრობილმა ქალმა არიადნას გაალმასებული მზერა სტყორცნა, რათა თავისი უპირატესობა ცხადად ეგრძნო.
გოგონას პასუხად თვალები აუწყლიანდა.
– ჩემი გაჭირვება – ეს ის არის, რაც ამ ცხოვრებაში დამრჩა. – მონანიებისა და შემრიგებლური ტონით დააზუსტა ჰილდეგარდმა. – იქნება ამაშიც უფალმა რაღაც აზრი ჩადო, რადგან მომცა?!
ისე, არ ჯობია, სუფი გასინჯო და მითხრა რა დავამატო?
– რა ლამაზი ხალი გაქვს, პატარა ქალო! – თქვა ჰილდეგარდმა და არ დაელოდა არიადნას პასუხს, რომ შერიგება სრულფასოვანი ყოფილიყო. – დედის ხელები გექნება…
ამასობაში მარტინმა დაიძახა და დედაბერმაც არიადნა მეუღლის სახელოსნოში გაიყვანა. რაც თავი მახსოვს, ეს კაცი მეთუნეობით იყო დაკავებული.
– აუარებელი საქმე მაქვს; მონასტრის ჭურჭელი, ახლომდებარე სოფლები – ყველას მოსწონს ჩემი ნაკეთობები. – მისალმების ნაცვლად დაიწყო მარტინმა. – ყოველდღე ოცი დოქი მაინც ამომყავს. ადრე ეს ჩემთვის ხელოვნება იყო, ეხლა – უბრალოდ ხელობაა.
ახალგაზრდობაში ვერ გამეგო, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი – ადამიანებისათვის თუ საკუთარი თავისათვის? თითის ერთი გადამეტებული შეხებით ყველაფრის გაბითურება შეიძლებოდა; აი თითქმის ისევე, როგორც ხელოვნების სხვა დარგებშია.
მაშინ რიღასთვის ყველა ეს მცდელობა, თვითგვემა, ძიებანი, ხელოვანება?
მოდი ისიც ვაღიაროთ, რომ თითოეულ ჩვენგანს უკვდავება და მარადიულობა: ნებისმიერი ნაბიჯი ამ ქვეყნად სწორედ ასეთი აზრებით არის ნაკარნახევი. ვთქვათ, შვილი. ის ხომ ჩვენი მეგზურია დროში?! მაგრამ კაცი არ მინახავს ამქვეყნად, რომ ყველაზე უფრო მეტად არ სურდეს შთამომავლობას მემკვიდრეობის სახით საკუთარი ხელები დაუტოვოს. დარწმუნებული ვარ, რომ ხელები ადამიანის სულია; ის, რასაც კაცი სინამდვილეში წარმოადგენს. ძველი მოაზროვნეები ასეთად თვალებს ასახელებდნენ. არც უარვყოფ, მგონი თვალებიცა და ხელები ერთი მეორეს ისე ავსებენ, ვითარცა ცა და მზე.
– კარგი ახლა, შენი ბებრული ფილოსოფიით ბავშვს მთლად ნუ აურევ გონებას. – აბუზღუნდა დედაბერი. – ჯობს, ახალი ქოთნები გვაჩვენო.
საღამოს, არიადნას გაცილებისას, ქალმა გოგონას თავშალი მოახვია და წყალსატევთან წუთით შეაყოვნა.
– მომეცი შენიშვნა, რომ დედაკაცმა ჯენიმ ამ თვეში ლაპარაკს მოუხშირა. მარტინი მიკრძალავს ამდენ ლაქლაქს. ის მეუბნება, რომ სიტყვები ხელს გვიშლის ადამიანებად ყოფნაში.
მე კიდევ მიყვარს ლაპარაკი. მიყვარს სიტყვები, ჩემთვის მათ ისეთი სიმყუდროვე მოაქვთ – სახლებივით არიან. სიტყვებში ხომ იმდენი სხვადასხვა არსება, ისტორია და მოგონება სახლობს! აი იქ, გუბურასთან, ადრეც მინდოდა შენთვის მომეყოლა, მე და მარტინი პირველად შევხვდით ერთმანეთს. ორმოცი წლის წინ! რატომ ორმოცი? ოცდათვრამეტი… ოცდათვრამეტი წლის წინ. ის მოხუცებული გრაფის მამულში, შენს დიდ პაპასთან მუშაობდა…
შვიდჯერ შევხვდით. მარტინი ამბომბდა, რომ რაღაცნაირად უჭირდა ეთქვა ჩემთვის: „მე შენ მიყვარხარ“ ან უბრალოდ „მიყვარხარ“.
ჯენი უხერხულად გაიკრიჭა, შემდეგ წყალსატევის ზედაპირს ჩააშტერდა, მერე დაიხარა, მიწა დაფშვნიტა და განაგრძო:
– რამდენი წელი გავიდა მას მერე – ღმერთმა საუკუნე მოგცეთ მხოლოდ ბედნიერებისა და სიხარულის – და სულ ცოტა ხნის წინ მარტინი გამომიტყდა, რომ მისთვის მეტისმეტად უმნიშვნელო იყო ეთქვა: „მე შენ მიყვარხარ“! ხო, მართლა, იმასაც ამბობდა, რომ საკუთარი ხმისა სცხვენოდა, ხმის კანკალისა და უხერხულობის.
რა? გიკვირს? ჰოდა, როდესაც მარტინი ჩვენს რიგით მეშვიდე პაემანზე მოვიდა, მას მოხდენილი შავი სერთუკი ეცვა. აი იქ, იმ მუხასთან დამსვა, თავი მუხლებზე დამადო და დამიჯერებ?!
ყველაზე ჰაეროვანი, ხავერდოვანი, ლაღი და სამყაროსშემძვრელი ხმით თქვა, რა ვიცი ასეთი ბგერა მას მერე ძეხორციელისაგან არც კი მსმენია:
– ჯენი, მე შენ ძალიან მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, ჯენი!
შემდეგ კი, როცა ჩვენ ვიქორწინეთ, მარტინმა აგერ ის ტირიფები დარგა გუბურასთან. მთელი ცხოვრება მარტინი ამ ორ ტირიფს მუსაიფით გატაცებული შეყვარებულების ფორმას აძლევდა. ხომ ჩანს კიდეც? ესაა ყმაწვილი, რომელსაც სატრფოს მუხლებში ჩაურგავს თავი. მარტინის ჩანაფიქრი იმ ერთადერთი, განუმეორებელი და ცეცხლოვანი საღამოს ხსოვნის პატივის მიგება იყო, როდესაც ჩვენ სიყვარულმა შეგვაერთა. როდესაც ზეცაში განთებული ფრინველები ვიყავით, არსებები, ვინაც მიზიდულობის ძალა გადალახეს და არასრულყოფილების მტანჯველი ტვირთი უფსკრულში მოისროლეს.
– არიადნა, ეს ტირიფები თუ შეგინიშნავს აქამდე?
834138743მე ახლა ისე ვჟონგლიორობ მოგონებებითა და წლებით, როგორც მარტინი თავის დროზე თამაშ-თამაშით, გაუჭირვებლად მართავდა პაპათქვენის კარ-მიდამოს. ოოო, მარტინი მართლაც დიდ ბრძენკაცია! რა დამავიწყებს იმას, რომ ერთხელ, როდესაც ძალიან გაგვიჭირდება… მეორე შვილი მოგვიკვდა, თქვენმა პაპამაც სასახლეში სხვა მმართველის აყვანა მოისურვა, ჩვენ მთლად ულუკმაპუროდ დავრჩით. და რა უნდა მექნა?
მახსოვს, გულის მოსაოხებლად როგორ გამოვედი სახლიდან… არა, თვითმკვლელობის შესახებ არც მიფიქრია, როგორც დღეს ახალგაზრდებს სჩვევიათ, თავს თუ უბედურება დაატყდათ.
წყალთან როცა გამოვედი რაღაც შინაგანმა ძალამ წამაქეზა ტირიფებისათვის შემეხედა… სიმართლე გითხრა, ეს ნამუშევარი მანამდე ყოველთვის მარტინის ახირება მეგონა და ხეების დანახვისას ხშირად მეცინებოდა კიდევაც… თუმცა ახლა შეყვარებულ ტირიფებს რაღაც სრულიად სხვა განცდით შევხედე და დანახული სურათიც ჩემს მზერას ერთობ გასხვავებულად წარმოუდგა.
გოგონა-ტირიფი თავგანწირულად გადაფარებოდა მუხლმოდრეკილ კავალერს. ქალიშვილის ტალღისებრი ხელები ვაჟკაცის სახეს ავდრისა და მტრებისაგან საიმედოდ იცავდნენ, კულულა თმებით კი ნეტარებით ეფერებოდნენ.
და მეც გამეფიქრა – რისი თქმა უნდა ამით გამჩენს?
რა ვერ გაიგე ამ ცხოვრებაში, ჯენი, ვკითხე მე საკუთარ თავს?
ამ ტირიფებმა ყველაფერი გამიმარტივეს…
საოცრებაა – ჩვენი ახირებები ძალებს გვმატებს!
არა, ფელიქს? შენ როგორ მოზრდილხარ, უქნარა! – დასძინა ჯენი ჰილდეგარდმა. – ატყობთ, არიადნა? მალე დამსხვილდება და ტყეშიც გავარდება საწანწალოდ და სანადიროდ.

ბებერ ჰილდეგარდს არაფერი შეშლია. ფელიქსი დღითიდღე უფრო და უფრო მშვენდებოდა და ტანმაღალი, მეტად ღონიერი მგლის იერს იძენდა. ლეკვში სულ უფრო მეტად ქურდული და მტაცებლური ჟინი ვლინდებოდა. ფელიქსი ხან სამზარეულოდან ძროხის ბარკალს იტაცებდა, ხან ჰილდეგარდების ქათმებისკენ გაურბოდა თვალი, ხან სიავით უღრენდა რომელიმე ძმას. ბოლო დროს მას იშვიათად-ღა ეძინა სახლის პარმაღზე და სულ უფრო მეტად სახლის შემოგარენში დაწანწალებდა, საკვებსაც მხოლოდ არიადნას მიწვდილს მიირთმევდა. თებერვლიდან ფელიქსი თავაწყვეტილ სირბილს, სახლიდან ხშირად და ხანგრძლივად გასვლას დაეჩვია, შინ კი ქანცგამოლეული ბრუნდებოდა.
არიადნა იწყენდა ხოლმე, როცა ფიქრობდა, რომ მგელს დიდი ხნით ვეღარ დააკავებდა. უცხო ადამიანების აზრსმოკლებული კითხვები ფელიქსის შესახებ თითქოს გოგონას უარესი დღისათვის ამზადებდნენ. ერთხელ საუბრისას მას ასეთი რამ წამოსცდა:
„მამა პავსანიუს, განა შესაძლებელია ვინმე სამუდამოდ შენს გვერდით ამყოფო, ისე რომ მასში ის ყველაზე ძვირფასი არ მოკლა, რასაც აღმერთებდი?“
ასე იყო თუ ისე, ამგვარი საფიქრალის შემოტევისას არიადნა თავს ფერწერას აფარებდა. ყოველ დილით იგი ბანაკს წინასწარ ამორჩეული პეიზაჟის წინ სცემდა და ჩამუქებული, ფოთოლდაცვენილი ტყის მონახაზის ხატვას იწყებდა. თუკი გარეთ ძლიერი ყინვა იყო, გოგონა თიხისაგან ადამიანების ფიგურებს ძერწავდა და გამოსაწველად მარტინთან მიჰქონდა. არიადნას სულიერი ძალა ნაყოფიერი შრომის, გონებრივი ჯაფის, ბიბლიის კითხვის, უფალზე, ბედისწერაზე, სამყაროში ადამიანის ადგილზე ფიქრისა და საუბრების წყალობით სანთელივით ენთო.
მალე სრული თავაშვებულობით ზამთარიც შემოგვესწრო, ღამის ყინვებითა და წყალსატევზე გადაფაფხული ყინულოვანი საფარით. სუსხიანი ჰაერი არიადნას ჯანმრთელობას მხოლოდ აკაჟებდა, ამიტომ გრაფმაც გადაწყვეტილება მიიღო, გოგონა ჩვენთან მთელი ზამთრის განმავლობაში დაეტოვობინა.
დეკემბრის თვეში, მწუხრის ლოცვის შემდეგ, დიდი თოვა დაიწყო.
თეთრად გადაპენტილი არემარე ფელიქსისათვის ნამდვილ გამოცხადებად იქცა. მგელი გადარეული დახტოდა ნამქერებში და უხმობდა არიადნას ასეთივე ეგზალტაციით მიეღო ეს სასწაული.
– ფელიქს, ფელიქს! ეს რა არის? შეგიძლია მითხრა? ფელიქს, გიკვირს, ხო? და მგონი ყველაფერი იცოდი?! – გაჰყვიროდა არიადნა და სახეზე ალმური ასდიოდა, როდესაც ტირიფების ხეივანში მირბოდა.
ბერები მონასტრის ბილიკებს აუღელვებლად ასუფთავებდნენ. ასკეტებშიც კი ეს ბედნიერი წყვილი ღიმილსა და მიწიერი ყოფის ტკბილ ემოციებს აღვიძებდა.
არიადნამ დათოვლილ ქალ-ვაჟს, მარტინის ტირიფებს, შეხედა. გამეფებული თეთრი ფერის სიჭარბეშიც კი ისეთი ჩახვევები და ლაზათიან ფორმათა თამაში იყო წარმოჩენილი, თითქოს ჰილდეგარდის შედევრს ერთი სწორუპოვარი მხატვარი მფარველობდა.
…თებერვლის დასასრულს, როცა ზამთარმა უკან დაიხია ერთ მზიან დღეს მე და არიადნამ მამა ოსიას მონახულება განვიზრახეთ. ეს ბერი უკვე რამდენიმე წელი ახლომდებარე მთის მწვერვალზე განმარტოებით ცხოვრობდა.
დილაუთენია ჩვენ მთის ფერდობს შევუყევით. ადრიანი გაზაფხულის სურნელით ჩამტკბარი ჰაერი სიხარულით სუსხავდა ფილტვებს და არიადნაც საოცარი ლაშქრობის მოლოდინში იმყოფებოდა. გვერდიგვერდ არისტოკრატის ღირსებით ფელიქსი მოგვდევდა.
144197648– მას თავმომწონეობის ჟამი დაუდგა… მე შენ გაჩვენებ, გაიძვერა. – უთხრა არიადნამ, მივარდა ფელიქსს და გვერდებზე გვარიანად შემოულაწუნა.
ფელიქსი თვალთმაქცურად გაანჩხლდა და უმალვე ქვეყნის დასალიერში გაენთო, შემდეგ სასწრაფოდ მობრუნდა; თან სულ უზარმაზარი წრეებით გარშემო გვევლებოდა, სანამდე დაუძლურებული სადღაც მდელოსთან არ დაგხვდა. მე არიადნა სახედარზე შევსვი, რომ ბავშვი მოგზაურობით დიდად არ გადაღლილიყო.
ადამიანის წარმოსახვა ვერასოდეს მოიაზრებს იმგვარ ხალვათ მიდამოს, რაც ჩვენ მთის თავზე ვიხილეთ. ქვემოთ, ვით ფიქრი კაცისა, გრეხვითა და ზლაზვნით ჭეშმარიტებისაკენ ველის მდინარე მიიწევდა. მთის ქედებს ოხშივარი ასდიოდათ, მწვერვალი კი ისე ბზინავდა, თითქოს უჩინარ ხელოვანთა ჟიური თეთრი ფერის კონკურსს აწყობდა.
– არიადნა, გახსოვს წმინდა წერილიდან: „წარმოშვა მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით“? – შევახსენე მე.
– „და იხილა უფალმე, რომ ეს კარგია“… დაამატა არიადნამ, თუმცა მისი ყურადღება მთლიანად მთის პანორამის თვალწარმტაცი პეიზაჟების თვალიერებით იყო დაკავებული.
განდეგილი კლდეში გადასულ, მომცრო აივანზე, ზეზეულად დაგხვდა. მას თითქოს სითბოსა და სიყვარულით მოქარგული ქათქათა კვართი ემოსა და მზრუნველობას, სიმშვიდესა და ალერსს ასხივებდა.
მამა ოსიამ გოგონას ხელი გაუწოდა და მერე გულში ჩაიხუტა.
– შვილო, ჩემს სამყოფელშიც კი, რომელიც მიწიერ ფუსფუსს ემიჯნება, შენი ამბები ხშირ-ხშირად აღწევს.
მოხიბლული არიადნა მუხლებზე დაეშვა.
„თითქოს რაღაც სულისშემხუთველი ძალა გავიდა ჩემიდან.“ – მიყვებოდა შემდგომ არიადნა.
– მამა პავსანიუს, თქვენ ყოველთვის ახერხებთ ჩვენს გაკვირვებას. – მომიბრუნდა განდეგილი და ჩემი სალამიც ღირსეულად მიიღო. – ყოველი ვიზიტისას რაღაც ახალი და ისეთი, რაც სხვა არაფერს არ წააგავს. გოგონა და მგელი – პირდაპირ კელტური ლეგენდიდან მოტანილი ამბავია.
როგორც იესო ბრძანებს: „ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი, თქვენ ხელახლად უნდა იშვათ-მეთქი. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს, მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან იშვება…“
მაშ ვენდოთ იმას, რაც მოდის არსაიდან, რადგან ამას ნივთიერ სამყაროსთან არ აქვს კავშირი!
– წლების მდინარეები ჩაივლის და შენ სრულყოფილებისაკენ წახვალ. – ქადაგებდა მარტოსული. – და ვინ უარყო, რომ მდინარე შეიძლება ზღვად, ხოლო ზღვა სამყაროდ იქცეს?
– და მას მერე რაღა იქნება, წმინდა მამა?
– შემდეგ? შემდეგ ისე იქნება, როგორც მანამდე. არაფერი ახალი, რადგან ეს „მერე“ უბრალოდ არ არის, ის არავის სჭირდება.
– მამაო, უფალი მხოლოდ ნახევარ ნიჭს მაძლევს… სად ვეძებო ის დანარჩენი? – არ ეშვებოდა არიადნა. – ისე ძლიერად მინდა ბუნების, მცენარეების, ცხოველების, ადამიანების სილამაზის საიდუმლოს ჩაწვდომა და ამ ყველაფრის აღბეჭდვა. და ნიჭის აი ეს მეორე ნაწილი… სად არის? მას ვერ ვპოულობ საკუთარ თავში…
განდეგილმა არიადნას თავზე ხელი გადაუსვა და მამობრივი მზრუნველობით გაუღიმა.
– უფალზე გინდა შემომჩივლო, შვილო ჩემო?
მამა ოსიამ ქვემოთ გადაშლილ ველს გადახედა და წარმოთქვა.
– შთაგონების გარეშე როდესაც ხარ, შეხედე სამყაროს, რომელმაც შემოქმედის შესახებ იმდენი არ იცის, რაც შენ, თუმცა მაინც მისდევს და ემორჩილება.
ბავშვი ცაზე ოცნებობს და ფრანით ხელში გარბის, ბარტყი შიმშილისაგან შვებას მოელის, როდესაც დაბერილი ნისკარტით უკანმობრუნებულ დედას ხედავს, მგელი სავსე მთვარეზე ყმუის. ქმნა ხანდახან მზადყოფნას ნიშნავს…
შენ კი ყველაფერი გაქვს, რაც ცხოვრებაში გესაჭიროება. გამხნევდი, შვილო ჩემო! – დასძინა მტკიცედ მამა ოსიამ.
განდეგილის სამფლობელოდან ჩვენ სიხარულითა და კმაყოფილებით აღვსილები მოვდიოდით. არიადნა საკუთარ მოლბერტზე ოცნებით, მე კი – ფიქრით სულიწმიდაზე, რომელიც ყველაფერს პირუკუღმა აბრუნებს, რაც რთულად და წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა.
– რა იგულისხმა, როცა თქვა „მერე აღარ არისო?“ – მკითხა ჩაფიქრებულმა არიადნამ.
– მთელი ცხოვრება ჩვენ იმის ძიებაში დავბორიალობთ, რაც აქვე, ჩვენს ცხვირწინაა, ჩვენს ხელთაა, ჩვენს გონებაშია…
ღმერთს უფრო იმის გამო ვუყვარვართ თუ რაზე შეგვიძლია უარის თქმა, ვიდრე იმისა – თუ რას მოვისურვებდით.
…მომდევნო კვირას ჩვენი ესპანელი, იდალგო პაბლო, გამოჩნდა, რომელიც არიადნას ახლა უკვე არც ისეთი მოუსვენარი მოეჩვენა.
– თქვენ ამ ზღაპრული ტყის დედოფალი ხართ, არიადნა! – აღტაცებით განაცხადა მგზნებარე იდალგომ და გოგონას ხელზე ეამბორა. – უფრო მშვენიერი გახდით: ეს არაჩვეულებრივი კულულები, ეს თვალები. ყველაფერს ვფიცავარ, ნამდვილი ფერია ხართ!
– რამდენი ხანია თქვენს შესახებ არაფერი გვსმენია, პაბლო. მამამ თქვა, რომ სპარსეთში წახვედით.
– კი, ძვირფასო არიადნა, ოთხ თვეში მთელი ევროპა გადავკვეთე, მისი სილამაზე მოვიტაცე და ისევ აქ დავბრუნდი, რათა თქვენ მენახეთ. – თავი ვერ შეიკავა პაბლომ.
იდალგომ არიადნას რაღაც იშვიათი, ძვირადღირებული წიგნი მოართვა, სადაც ხატოვნად იყო მოთხრობილი საჰარის თვალუწვდენელ უდაბნოზე, აფრიკაზე და იქ მობინადრე ბერბერულ ტომებზე. წიგნი აგრეთვე გვამცნობდა თაჯ-მაჰალის თაობაზე, მავზოლეუმზე, რომელიც დიდმა ფადიშაჰმა შაჰ-ჯაჰანმა უდროოდ გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნის საპატივსაცემოდ აღაზევა. აქვე მოყვანილი იყო რაჰათ-ლუჰუმის რეცეფტი, ხოლო თავში „ძველი საბერძნეთის ღმერთები“ არიადნას ყურადღება ცერბერმა, დიდეშვებიანმა და ვეებერთელა ძაღლმა, მიიპყრო.
– ის აედოსის სამეფოს, ანუ საიქიოს, შესასვლელს იცავს! – ჩაერთო პაბლო და თვალებში ჩახედა არიადნას.
ახალგაზრდებმა მთელი საღამო ფანჩატურში გაატარეს. გადახდენილი ამბების თხრობისას პაბლომ სიტყვა მოულოდნელად შუაზე გაწყვიტა, ჯიბიდან პატარა ტყავის ქისა ამოიღო და გაშალა. იქ აღმოსავლური ორნამენტებით მოხატული და მარგალიტის თვლებით გაწყობილი მძივი იდო.
– არიადნა, გეფიცებით! მე თქვენსკენ, ქარში და ავდარში, უდაბნოებსა და მთებში, მიწისძვრებსა და ქარიშხალში მოვქროდი. ვაპობდი ყოველივეს, რაც ცდილობდა ჩემთვის გზა გადაეღობა! თქვენთვის და საკუთარი თავისთვისაც მე მსურდა დამემტკიცებინა რაოდენ ძლიერ მიყვარხართ. მე აღმოვაჩინე და კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ, როდესაც გიყვარს, ცადაზიდული მთების დალაშქვრაც კი არის შესაძლებელი…ხვალ საომარ კამპანიას ვუერთდები და თუკი ცოცხალი დავბრუნდი, მაშინ ვერავინ შემაჩერებს, რომ თქვენზე ვიქორწინო.
უხერხულობისაგან არიადნა ერთობ აილეწა და კეთილშობილი იდალგოს მხურვალე სიტყვას თავდახრილი ისმენდა.
ფელიქსი პაბლოს ნაბიჯითაც არ დაახლოვებია. მგელი იდალგოს არც უღრენდა და არც კბილებს უკრაჭუნებდა, თუმცა ნადირის ზემომართული წარბები და გაფაციცებული ნაბული მის ყოვლად შეურიგებელ მტრულ დამოკიდებულებას გამოსახავდა.
დაძაბულობისაგან ახალგაზრდა მგელი სულ კრთოდა და თვალს არ სწყვეტდა არიადნას.
შეკაზმულ ცხენთან მდგომ პაბლოს ხელებით არიადნას მაჯები ეპყრა და სატრფოს ამგვარად ემშვიდობებოდა. იდალგომ გოგონა დასავით გულში ჩაიკრა, ცხენს შემოახტა და გაკურცხლა.
დილის ლოცვის შემდეგ ნირწამხდარმა გოგონამ გვერდით გამიხმო:
– ეს სიყვარულია, მამა პავსანიუს? ის, რაც მომდის?
– კი, თუ სული ისე გტკივა, როგორც არასდროს… ეს სიყვარულია. რადგან არ არსებობს განთავისუფლება ტანჯვის გარეშე.
არიადნა სკამზე ჩამოჯდა და გულამოსკვნილი აქვითინდა.
მისმა სლუკუნმა ფელიქსის ყურადღება მიიპყრო. მგელი დამძიმებული ნაბიჯით მოლასლასდა და არიადნას ზუსტად ისევე დააშტერდა, როგორც იმ დღეს, როცა თვალები აეხილა. ფელიქსი ადამიანების შინაგანი განწყობების არაჩვეულებრივი მცოდნე იყო და კაცის გუნების ყოველ ნოტს თავის მგლურ ენაზე აწყობდა.
„თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი“, როგორც ეს მოურჯულებელი და ახოვანი მტაცებელი ახლა, როცა ინსტინქტების დაჭიმულობა და მათი ამოფრქვევის ტრაგედია ზღვრამდე მივიდა. ფელიქსის დაუოკებელმა, მხეცურმა ჟინმა, მისი წინაპრებისა და შთამომავლების ბრძოლებმა და განსაცდელებმა თითქოს მგლის დამატყვევებელ თვალებში ერთბაშად თავი მოიყარეს.
ფელიქსის სამკუთხა ყურები ცდილობდნენ არიადნას სულის უმნიშვნელო რხევებიც კი მიეტაცებინათ. ამ ცხოველის გარეგნობას მე დამასკოს ფოლადის გაშიშვლებულ მახვილს შევადარებდი, რადგან ეს, ყოვლად საზარელი ფიზიონომია ფარულ და იშვიათ ადამიანურ ემოციებს იტევდა.
გრძელფეხებასა და მასიურს, საქებრად მხარბეჭიანს, მსხვილი ბეწვეულით შეფუთულსა და წინამძღოლად დაბადებულ ფელიქსს, მთელი თავისი სიდიადით, მაინც არ შეეძლო ჩაწვდომოდა არიადნას ტრაგედიის გარდაუვლობას. რაღა ფელიქსი, და ადამიანიც კი, რომელიც გარდაუვლის ცნებას ბავშვობიდანვე ეგუება, დღენიადაგ ლამობს ეთაღლითოს საკუთარ თავს და იმ ზეციურ ძალას, რომელსაც სიცოცხლე მოძრაობაში მოჰყავს…
და დამსახურებულადაც ხელთ მხოლოდ დამსკდარი და ფერფლადქცეული გრძნობები რჩება…
ღმერთო ჩემო! ეს გოგონა შვილივით მყავდა და მისი თითოეული კურცხალი სულს მიდაგავდა. იგი არასოდეს არ სვამდა კითხვებს საკუთარი განწირულობის შესახებ. კრინტიც კი არ დაუძრავს სიკვდილზე…
ამდენი ხნის შემდეგაც კი, შემიძლია ვთქვა, რომ არიადნას შინაგანმა სილამაზემ ზეციური ძალები იმდენად მონუსხა, რომ მათ ეს გოგონა მხოლოდ ერთი რამისათვის აცოცხლეს – ეჩვენებინა სხვებისათვის, რისკენ უნდა მიისწრაფვოდნენ ოდენ…
დაუძლურებული არიადნა მე სახლამდე მივაცილე. დამშვიდობების წინ გოგონა ჩამაცივდა.
– მამა პავსანიუს, რატომ? რატომ შეურია უფალმა ჩემს ცხოვრებაში ამდენი მშვენიერი, კარგი და ამდენი მტკივნეული ერთმანეთს?
– შვილო ჩემო, მას ისე ძლიერ უყვარს არიადნა, როგორც არც ერთ ცოცხალ არსებას არ ძალუძს.
არიადნას სახე გაებადრა.
იგი შემპირდა, რომ მათეს სახარებიდან ორ თავს წაიკითხავდა და ადრე დაწვებოდა.
ღამე არიადნა მოახლე ქალმა გააღვიძა.
– ქალბატონო, თქვენ სიზმარში ბოდავდით, წყალს ხომ არ ინებებდით?
ჯერ კიდევ გონებაში გაბლანდული სიზმრის გამო გრძნობათა სიმრავლე აიშალა. ბაგეს რაღაც უცნაური სიტყვები ეკვროდა – „გულახდილი“ და „თანაბარმნიშვნელოვანი“.
არიადნა გადაბრუნდა და ძლივს ჩაეძინა, რადგან სახლის გარშემო ოთხფეხა ნადირის სირბილის ხმა არ წყდებოდა.

ატეხილი აურზაურითა და აივნის იატაკის დაუსრულებელი ჭრიალით შეწუხებული არიადნა დილაუთენია მგლის გასასეირნებლად ადგა, მაგრამ ფელიქსი აღარსად ჩანდა.
„რატომ? ეწყინა?“ – სინდისმა გულში თავისი მწარე ნესტარი ჩაასვა.
ფელიქსი კი იმ დღეს არ მოსულა, არც მეორე დღეს, და მხოლოდ მესამე დღის მზის ჩასვლისას აივანზე გამხეცებული, აჯაგრული მგელი შემოვარდა, სულს ითქვამდა და თან კარზე ბინძური ტორით აფხაჭუნებდა.
– ფელიქს! – დაიყვირა არიადნამ და ამ ძახილში ყველაფერი იყო. ბედნიერების კულმინაცია, აღტაცება, პატიების თხოვნა, სიხარული. – დაბრუნდი! მე კი მეგონა, რომ დამივიწყე! იცი, როგორ გელოდებოდი, პატარა გარეწარო! გინდა არასოდეს აღარ დაგიძახებ ასე?!
არიადნა მეცხრე ცაზე იყო, მისი ლოცვები აღსრულდა, უფალმა მისი „ბედნიერა“ დააბრუნა. აი ეს კი მართლა ბედნიერება იყო!
გოგონა მგელს ძლიერად იხუტებდა, მონდომებით გულში იკრავდა, ხელს არ უშვებდა და დრუნჩზე ეფერებოდა. ფელიქსი კი ზორბა სხეულით არიადნას ხელისგულებს ეგლასუნებოდა, სახესა და თითებს ხარბად ულოკავდა.
მგელს უკვე უღრანი ტყისა და სახიფათო ნადირის უცნაური სუნი უდიოდა. მის თვალებში რაღაც ველური და ადამიანური გაგების ჩარჩოებს ყოვლად გაცდენილი ელვარებდა.
არიადნა სახლში შევარდა, რომ ფელიქსისათვის რამე სასუსნავი გამოეტანა, თუმცა მობრუნებულს მგელი ადგილზე აღარ დახვდა.
უკანმოუხედავად მხეცი ტირიფების ხეივნის ბილიკებს კვეთდა, მერე თანდათან რბენის სიჩქარეს მოუმატა და ბოლოს ტყეში ელვისებურად შეიჭრა.
ხეთა მწკრივებში ოდიოზური რუხი ფიგურები აირივნენ.
ხროვამ წაიყვანა ფელიქსი…
ეს კი მისი წრფელი, მგლური დამშვიდობება გახლდათ…
გაოგნებული არიადნა თვალს არ აცილებდა მიმავალ ფელიქსს. გოგონას ვერ გაერკვია რა ძალა არიდებდა ერთმანეთს ამ მონათესავე სულებს – გათავისუფლებულ ადამიანსა და გაადამიანებულ ნადირს? რა ძალას ეწადა არიადნა მარტოობისათვის გაეწირა, დაეტოვებინა გოგონა ყველაზე პირუთვნელი და ერთგული მეგობრის გარეშე?
უშველებელი ტალღებივით სული ცოდნამა და გაგებამ გადარეცხეს; რომ აი ეს ტკივილი „თანაბარმნიშვნელოვანია“ სიტყვისა „არასოდეს“.
..მამა პავსანიუსმა დარდიანად ამოიოხრა. ერთხანს დუმდა და შემდეგ განაგრძო.
– მას შემდეგ არიადნას ფელიქსი აღარ უნახავს. გოგონა მგელს მთელი თვე ელოდა. ადამიანების სიტყვებში არიადნამ იმედი ვერ ჰპოვა. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე მე ჩემი მხრიდან გამოვუცხადე, რომ მგელი საკუთარ ტომს დაუბრუნდა და ასეთი რამ არიადნას მხოლოდ უნდა ახარებდეს.
დედაბერ ჯენის სამძიმარიც კი არ უთქვამს.
„შვილო, ის საშიში გახდებოდა. ნამდვილი მხეცი დადგა!“
გრაფი სტოკჰოლმი კი ყოვლად გულდაწყვეტილი ჩანდა.
ეს ხომ ასეთი შვილის მამა იყო.
– ის აუცილებლად დაბრუნდება, ძვირფასო. – ამშვიდებდა გრაფი არიადნას. – აუცილებლად დაბრუნდება. აი ნახავ! ის ხომ უკვე ნახევრად ადამიანია. როგორ უნდა იცხოვროს შენს გარეშე?! გინდა მანამდე ირლანდიური ნაგაზი მოვიყვანოთ. გთხოვ, ნუ დარდობ ასე. ან გინდა, კიდევ ასეთივე მგლის ლეკვს მოვაყვანინებ?
როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ფელიქსი დაბრუნებას აღარც აპირებდა, არიადნას კი სხვა ოთხფეხა მეგობრის გაჩენაზე გაფიქრებაც არ სურდა.
გოგონა კიდევ თვენახევარს ელოდა ფელიქსის დაბრუნებას და ბოლოს, ერთ მშვენიერ დღეს, მისი მოთმინებისა თუ თვინიერების ფიალა ერთბაშად აივსო და მან გულახდილად გამოთქვა, რაც აწუხებდა და რასაც ფელიქსის უმადურობაზე ფიქრობდა.
– უხერხულია მგელზე უფრო მეტი იფიქრო, ვიდრე პაბლოზე.
„მამა, სახლში წამიყვანე. ძალიან გთხოვ. მე ისე ძალიან მინდა სახლში! აღარ შემიძლია აქ მეტად გაჩერება. მე ისე ძალიან მინდა სახლში!“ – თქვა არიადნამ მოკრძალებულად.
მრავალი თვეებისა და საათების, ფიქრისა და ლოცვის, კათარზისისა და სულიერი აღმასვლის შედეგად ამ წმინდა ადგილთან განასკვული სისხლხორცეული კვანძი მყისიერად გაცამტვერდა.
გაცილების დროს არიადნა სულმოუთქმელად ტიროდა. გოგონას სულიერი მდგომარეობისათვის შეიძლებოდა უკიდურესად გულდამძიმებული გვეწოდებინა.
– არიადნამ საკუთარ თავში სურვილს ვერ სძლია, მამა პავსანიუს. მე ვერ დავაშოშმინე ჩემში ფელიქსის დასაკუთრების წადილი. და ამიტომ უფალმა მისი თავი წამართვა. რამდენი სურათი დამრჩა დასახატი. ზაფხული მოდის!
„ხანდისხან განშორება ადამიანისათვის შეწევნაა. აუცილებლად რაღაც მოგეცემა სანაცვლოდ… არ დაივიწყო უფალთან საუბრის შესახებ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისათვის.“
არ ვიცი, რა მჭირდა, თუმცა იმ მომენტში ვერაფერი ვთქვი უფრო დამამშვიდებელი და იმედისმომცემი.
მონასტრის საძმოს საჩუქრებით დატვირთულმა გრაფის კარეტამ ჩვენი სამფლობელო დატოვა და მას უკან ამ ადამიანური დრამის ბოლოსწინა მოქმედების ფარდაც დაეშვა. მალე მონასტრის აბატმა ლაიფციგს, ადგილობრივი უნივერსიტეტის გამოსაცდელ კომისიაში მიმავლინა. თბილი ამინდების მოყვარულები თვლიან, რომ მათი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წუთები სწორედ წელიწადის ამ პერიოდში ვითარდება. თვითონაც არ ვიცი რა ვთქვა ამდაგვარ მტკიცებაზე. დარჩენილი გაზაფხულის დღეები და ლამის მთელი ზაფხული მე არიადნასა და მგელზე ფიქრში გავატარე. მხურვალედ ვლოცულობდი და ილუზიით ვცხოვრობდი, რომ არიადნა მარადიულად იარსებებდა, მგელი კი გოგონას სამყაროს ახლიდან დაუბრუნდებოდა. ვცდილობდი ხშირ მიმოწერაში ვყოფილიყავი გოგონასთან და მისგან სიახლეები შემეტყო.
არიადნა მპასუხობდა, რომ უკეთ არის და დღითიდღე სულ უფრო მშვენივრად გრძნობს თავს; ხატავს და ხატავს და ხელები სულ ზეთის საღებავებით აქვს მოსვრილი. თურმე სერიის დაწერაც კი განეზრახა, ხოლო მამამისმა დედაქალაქიდან დიდოსტატი მხატვარიც გამოიწერა. პაბლოს შესახებ სამხედრო კამპანიის დაწყების დღიდან არაფერი არ ისმოდა. გრაფი სტოკჰოლმი ისევ რაღაცას აშენებდა და მორიგ დიდებულ გემს უშვებდა გემთსაშენიდან, პრინცი კარლი კი საზღვაო ომის გამალებულ სამზადისში იმყოფებოდა…
ეჰ, რა გითხრათ, ძალიან კარგად მესმოდა, რომ არიადნა საკუთარ ტკივილს სრულად ვერასოდეს გამოხატავდა – მისი ნახატები და თვალები ხანდისხან თუ გაააჟღერებდნენ ხოლმე გოგონას მტკივნეულ განცდებს…
აგვისტოში გრაფი სტოკჰოლმის სასწრაფო გზავნილი მივიღე.
„მამა პავსანიუს, გთხოვთ, ჩამოდით, რაც შეიძლება მალე! საქმე არიადნას ჯანრმთელობას ეხება.“
გული ამიჩქროლდა. სასწრაფოდ დავეთხოვე უნივერსიტეტს და კრემსისაკენ თავგანწირულად გავეშურე – არ ვზოგავდი არც ცხენებს და არც ფულს.
არიადნა სრულიად ჯანმრთელი დამხვდა, თითქოს ხალისიანადაც გამოიყურებოდა, მაგრამ მის არაჩვეულებრივი თვალებიდან მომაკვდავი ადამიანი შემოგეფეთებოდა.
უხერხულობის გასაფანტად მან საკუთარი ტილოები დამათვალიერებინა. ზოგი მეტისმეტად გულუბრყვილო იყო, თითო-ოროლა კი – ჭეშმარიტად გულისგამგმირავად ემოციური.
– რისთვის გიყვებით ამ ყველაფერს, მამა პავსანიუს?! მივდივარ… მივხვდი, თქვენ ამას მიმალავდით, და თვალისჩინივით მიფარავდით. მაგრამ ეს მე მინდა წავიდე… და ისეთივე ველურად გავიღვიძო, როგორადაც ფელიქსი იქცა, სახლისა და წოდების გარეშე. ჩემი სურვილები და ფერები არ გაღარიბებულან. თქვენთვის პირადად მინდოდა მეთქვა, რომ… სიტყვები არ მყოფნის…მაშინ გამოვიქეცი მონასტრიდან, იმ უსაშველობიდან…
ყოველთვის ვმარცხდებოდი: ფელიქსი წავიდა, პაბლო უგზო-უკვლოდა დაიკარგა სრულიად უაზრო ომში, ახლაც უფალს თავისთან მივყავარ. ჩანს, უიღბლო ვარსკვლავზე გავჩნდი.
მაშინ მონასტერში ზღვარზე ვიყავი… უბრალოდ საკუთარი თავის მიტოვება, მიგდება და წასვლა მინდოდა. ყოველთვის ვაზვიადებდი ყველაფერს: ჩემს ოცნებებს, ქვიშნარში აგებულ ციხე-კოშკებს, ურთიერთობებს. მაგრამ აღარც ამას აქვს აზრი.
ძალიან ვნანობ, თუკი გაწყენინეთ, მამა პავსანიუს, ან თუ რამით ვერ გავამართლე თქვენი იმედები. საოცრად მიხარია, რომ დამეხმარეთ ჩემი სიამაყე გადამელახა და იმ მშვენიერ მიწა-წყალზე იმდენ ხანს მეცხოვრა. ჩემში მართლაც ჩაიღვარა ნათელი იმისა, რისთვის ვცხოვრობთ და რისთვის შეგვიძლია ცხოვრება… თავისუფლებისათვის! იმ სიყვარულის გამოვლენის თავისუფლებისათვის, რაც შიგნით გვაქვს, გვავსებს და გვასულდგმულებს.
და მივხვდი, რომ სადაც არ უნდა იყოს, სირცხვილის გარეშე მოვკვდები – მიწაზე, ცაში, ოთახში – გარდაცვალების სირცხვილის გარე. ხათრი და სირცხვილი – ცოცხლების საქმეა.
კიდევ ცოტა ხანს დარჩით ჩემთან, მამა პავსანიუს. თქვენ ხომ ყველაზე კარგად მიცნობთ!
ხვალ, ალბათ, ამაზე აღარც ვისაუბრებ. თუ პაბლო დაბრუნდა, უთხარით, რომ მასში ყოველთვის კეთილშობილ რაინდს ვაფასებდი და ბედნიერი ვიქნებოდი მისი მეუღლე გავმხდარიყავი…
– როცა მონასტერში იქნებით, როცა ეს იქნება… – არიადნას თვალები ცრემლებით აევსო. – მიპოვეთ იქ. მე ახლაც იქ ვცხოვრობ, ჩემს ფელიქსთან ერთად…
ყოველ სისხამ დილით ვიღვიძებ და მგონია, რომ იქ ვარ, ჩვენს ძველ, პატარა სახლში.
აი ავდგები, გავალ სასეირნოდ, იქ კი, პარმაღზე, ერთგულად ჩემი პატარა არამზადა დამხვდება.
„გვიპოვეთ იქ!“
მე სარკმელში გავიხედე, რომ გრძნობებს არ ავყოლოდი. სასახლის ეზოში ბრწყინვალე გრაფი სტოკჰოლმი ბრძანებებს გასცემდა. კაცი, რომელიც მთელს სამეფოში ოდნავ გადაბრუნებულ სიტყვასაც კი არავის არჩენდა, იმ ხომალდის ჩონჩხს წააგავდა, რომელმაც უკვდავება ჰპოვა. მაგრამ მხოლოდ ჩონჩხს… ან სასოწარკვეთილ ფრინველს, რომელიც თავისი სხეულით ბუდეს სრულიად შემოევლო, თუმცა კი ბარტყების დაცვა უფრო ჭეშმარიტი, და, მაშასადამე, უფრო მეტად სასტიკი კანონებისაგან აღარ ძალუძდა.
…არიადნა ორ დღეში, საკუთარ სახელოსნოში, გარდაიცვალა.
ბოლო წუთამდე მას ხელიდან ფუნჯი არ გაუშვია. ბებერი მოახლე-ქალი დასტიროდა, რომ ამგვარად ის ადამიანები მიდიან, რომლებსაც ღმერთი ყველაზე მეტად ამოარჩევს ხოლმე.
შვილის სიცოცხლის ყოველ წუთს დახარბებული გრაფი სტოკჰოლმი, ცდილობდა ნებისმიერი თავისუფალი მომენტი არიადნას გვერდით გაეტარებინა. დილით მან პრინცი კარლის დასახვედრად გაკურცხლა, რომელიც ნათლულის მოსანახულებლად საგენგებო ვიზიტით მობრძანებოდა. სამწუხაროდ, მათ სულ რაღაც ნახევარი საათით დააგვიანეს.
რა გითხრათ და საოცრად აუტანელი იყო ასეთი დიდებული ადამიანის ყურება, რომელიც უფლისწულის მხარზე ბავშვივით ქვითინებდა!
არიადნას დაკრძალვის შემდეგ მე ნაჩქარევად, სასოწარკვეთილებისა და სიმწრისაგან თავის დასაღწევად, მონასტრისაკენ დავიძარი.
კარიბჭესთან მამა იოანე მომეგება:
– მამა პავსანიუს! იქ, ტირიფებთან, ფელიქსია… გასულ ღამეს ყმუოდა, არ გაჩერებულა.
მამა პავსანიუს, დაშვებაც არ მინდა. ეშმაკისგანაა? იცით, მხოლოდ მაშინ დადუმდა, როდესაც მთვარე ღრუბლებს მოეფარა.
მთელი მწუხრის ლოცვა, მე აფორიაქებული ვუსმენდი ჩემი აზრებისა და გულისცემათა ჭიდილს. იმდენად გულდამწვარი ვიყავი არიადნას სიკვდილით, ხოლო აღელვებული გონება იმდენად ებღაუჭებოდა ამ ლირიული ისტორიის თითოეულ წვრილმანს, რომ არც მოთენთილობაზე მიფიქრია და არც იმაზე, რომ რაღაც ფორმით მაინც შინაგანი გლოვა უნდა შემენარჩუნებინა.
თერთმეთი საათი იყო, როდესაც ვეღარ გავუძელ ცდუნებას და წყალსატევისაკენ იმ იდუმალი ოცნებით გავეშურე, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი არ თქმულა არიადნას ისტორიაში, იმედით, რომ ფელიქსს დავინახავდი. მგლის შიში არც მქონია და მსგავსი რამ ფიქრადაც არ მომსვლია…
აგვისტოს მთვარიანი ღამე იდგა და ჭრიალა ბოგირით, სადაც თითოეული ფიცარი ჩემთვის ესოდენ ნაცნობი იყო, მშვიდი ნაბიჯით კუნძულისაკენ გავემართე.
ფელიქსის მბზინვარე ბეწვი და მბრძანებლური მიხვრა-მოხვრა თავად აპოლონსაც კი მოხიბლავდა. ჩემს წინაშე ყოვლად გამობრძმედილი, შთამბეჭდავი ზომებისა და შემაძრწუნებელი ცეცხლისმფრქვეველი მზერის მქონე არსება იდგა.
მგელმა, რა თქმა უნდა, მყისეულად მიცნო, მაგრამ მას მე არ ვჭირდებოდი.
ჩემს დაძახებაზე ფელიქსი ოდნავ შეკრთა, თუმცა კვლავაც ფანჩატურის გამოსასვლელში დარჩა გაშეშებული. სულ მალე ფელიქსმა წამოიყმუვლა, შემდეგ მეორედ და ასე ყოველ ნახევარ წუთში, რითმულად, ზებუნებრივი და ტყვიის ზუზუნივით გამჭოლი ხმა ამოუშვა ფილტვებიდან.261124464
არემარე მისტიური ფლიუდების ნაქარგებად, უთქმელი გრძნობების ნაპერწკლურებად იქცა.
წყარო ყრუ გუგუნით აჩუხჩუხდა.
ტენიანი ჰაერისა და ჭინჭრის სურნელმა გონება გააპო.
სივრცე ნიავმა გაარღვია და შეყვარებული ტირიფების წყვილი ერთმანეთს ჩაახუტა.
…და იყო მთვარე; ვით ნორჩმა ბალერინამ გედების ცეკვაში, აჭრილი ღრუბლებიდან არიადნას სულმა გამოცურა.
– ვუუუუუ! ვუუუ! ვუუუუ! – ყმუოდა უსაშველო დარდით აღვსილი ფელიქსი. – ვუუუუუ! ვუუუ! ვუუუუ!
და მომეჩვენა, როგორ უთმობდა იგი საკუთარ გულს მთვარეს.
– მე შენ ისე ძალიან მიყვარხარ! მე შენ ისე ძალიან მიყვარხარ!

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

Trackbacks/Pingbacks

  1. Pingback: ხელის გაშვების ნიჭი | სოსო მიქელაძე - July 24, 2014

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: