ციტატების მაგიური ძალა

ვსწავლობთ ცხოვრებას – იგავები


I

233„გასაჭირში მყოფმა რჩევისათვის ბრძენკაცს მიაკითხა.

– მე და ჩემს მეუღლეს რა ხანია უკვე ერთმანეთის მიმართ გრძნობა აღარ გვაქვს! ალბათ, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ მე ის აღარ მიყვარს, და იმასაც… როგორ მოვიქცე?

– გიყვარდეს!

– ხომ გითხარით, რომ გრძნობა აღარ გვაქვს ერთმანეთის მიმართ!

– ეს კარგი მიზეზია იმისათვის, რომ ის გიყვარდეს!

– კი მაგრამ როგორ მიყვარდეს, თუ არ „მეყვარება“?

– ემსახურე მას! უსმინე მას! დააფასე! თანაუგრძენი! იყავი მისთვის თავგანწირული! ჭეშმარიტი სიყვარულისათვის წინააღმდეგობა არ არსებობს, რადგან ზმნა „მიყვარს“ გრძნობას კი არა, მოქმედებას აღნიშნავს!!!“

II

„სანსკრიტის შემსწავლელი მეცნიერი აღტაცებული იყო იმით თუ რა ხმატკბილად მღეროდა ოსტატი ლექსებს სანსკრიტზე.

– მე ყოველთვის ვიცოდი, რომ არ არსებობს მთელს ქვეყანაზე ღვთაებრივის გამოსახვის უფრო შესატყვისი ენა, ვიდრე სანსკრიტი.

– თავს ნუ ისულელებ! – მიუგო ოსტატმა. – ღვთაებრივის ენა სანსკრიტი კი არა, მდუმარებაა.“

 

III

„საქმეზე მიმავალმა მგზავრმა ერთ-ერთი სახლის წინ გავლისას ასეთი სურათი დაინახა. სახლის აივანზე, სავარძელში, მოხუცი დედაკაცი ირწეოდა. მის გვერდით, მეორე სავარძელში, გაზეთის კითხვით გატაცებული, ქალის მხცოვანი მეუღლე იჯდა. ხოლო მათ შორის იატაკზე ძაღლი იწვა და ისე წკმუტუნებდა, თითქოს ტკივილი სტანჯავდა.

კაცს გაუკვირდა თუ რატომ წკმუოდა ძაღლი.

მეორე დღეს მას იგივე ადგილზე მოუწია გავლა. მგზავრმა კვლავ დაინახა მოხუცებული წყვილი სავარძლებში და ძაღლი, რომელიც მათ შორის იწვა და იგივე გულისგამაწვრილებელ ხმას გამოსცემდა.

გაოცებულმა კაცმა გადაწყვიტა, რომ თუ ხვალაც ძაღლი იწკმუტუნებდა, მაშინ ის აუცილებლად დაეკითხებოდა პატრონებს ძაღლის ასეთი მოქცევის მიზეზს.

მესამე დღეს მგზავრმა, თავისდა სამწუხაროდ, იგივენაირი სცენა იხილა; დედაბერი სავარძელში ირწეოდა, მოხუცი მამაკაცი თავის გაზეთს კითხულობდა, ხოლო ჩვეულ ადგილზე მოკალათებული ძაღლი კვლავ მწარედ წკმუტუნებდა.

კაცმა ვეღარ მოითმინა და იკითხა.

– უკაცრავად, ქალბატონო, რა მოუვიდა თქვენს ძაღლს?

– ძაღლს? – ჩაილაპარაკა დედაკაცმა. – ის ლურსმანზე წევს.

კაცი ცოტა არ იყოს შეცბა.

– კი მაგრამ, თუკი ის ლურსმანზე წევს და მას სტკივა, მაშინ უბრალოდ რატომ არ ადგება?

დედაბერს გაეღიმა და შემდეგ თბილად და ალერსიანად მიუგო.

– ესე იგი, მას იმდენად სტკივა, რომ იწკმუტუნოს, მაგრამ არც იმდენად, რომ ადგილიდან დაიძრას.“

IV

“18. სამი რამ მაოცებს და ოთხი რამ არის, რომ ვერ გამიგია: 19. ცაში არწივის კვალი, კლდეზე გველის კვალი, შუაგულ წყალში ხომალდის კვალი და ქალწულში კაცის კვალი…

21. სამი რამე არყევს ქვეყანას, ოთხი რამე ვერ აუტანია: 22. გამეფებული მონა, პურით გამძღარი არამზადა, 23. საძულველი ქალი, როცა გათხოვდება, და მონაქალი, რომელიც თავისი ქალბატონის ადგილს იჭერს.”

“იგავნი სოლომონისა”, თავი 30-ე (“ძველ აღთქმა” )

V

“რაბი ღმერთს სამოთხესა და ჯოჯოხეთზე ესაუბრებოდა.
„მე გაჩვენებ, რა არის ჯოჯოხეთი“ – უთხრა უფალმა და რაბი ოთახში წაიყვანა, სადაც შუაში დიდი მრგვალი მაგიდა იდგა. მაგიდის გარშემო შეკრებილი ადამიანები შიმშილით იტანჯებოდნენ და გაუსაძლის მჭმუნვარებაში იმყოფებოდნენ. მაგიდაზე უგემრიელესი, ცხელი, ხორცის კერძით სავსე, დიდი ქოთანი იდგა და ისეთი არომატული, რომ რაბის ესევე ნერწყვი მოუვიდა. მაგისთან მჯდომ თითოეულ სტუმარს გრძელტარიანი კოვზი ეჭირა. და, მართალია, კოვზის გული ქოთნის ძირს სწვდებოდა, მაგრამ ტარი იმდენად გრძელი იყო, რომ მჭამელს კოვზი პირთან ვერანაირად ვერ მიჰქონდა, და ამიტომ სასტიკი შიშმილისათვის იყო განწირული. რაბიმ დაინახა, რომ ამ ადამიანების წამება ენითაღუწერელი იყო.
„ახლა კი სამოთხეს გაჩვენებ!“ – უთხრა უფალმა.
და მეორე, მსგავს ოთახში წაიყვანა, სადაც შუაში ისეთივე დიდი მაგიდა იდგა, ხოლო მაგიდის გულში ისეთივე, ხორცის კერძით სავსე, ქოთანი იყო. მაგიდასთან მჯდომ ადამიანებს ისეთივე გრძელტარიანი კოვზები ეჭირათ, მაგრამ ყოველი მათგანი დანაყრებული ჩანდა და მშვენივრადაც გამოიყურებოდა; იცინოდა და მუსაიფობდა.
რაბიმ ვერაფერი გაიგო.
„ეს რთული არ არის, მაგრამ გარკვეულ უნარს კი მოითხოვს. – მიუგო უფალმა.
– ამ ოთახში, თუ ამჩნევ, ადამიანებმა ისწავლეს „ერთმანეთს აჭამონ“.”

„რაბისა და უფლის იგავი“

VI

“…40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი!
41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს – ორმოცდაათი;
42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი?
43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე…”

(„ახალი აღთქმა“, „ლუკას სახარება“, თავი VII)

VII

“…9. ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთს, რომლებსაც სწამდათ, მართალნი ვართო და სხვებს კი არად აგდებდნენ:
10. ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე.
11. ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ.
12. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.
13. ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს.
14. გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის.
რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება…”

„ახალი აღთქმა“, „ლუკას სახარება“, თავი XVIII

VIII

“…7. ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის…”

“ახალი აღთქმა“, „პავლე მოციქულის ეპისტოლე გალატელთა მიმართ“, თავი VI

IX

„ერთდროს მეფე ცხოვრობდა, რომელიც მოპარულის გადამყიდველებს უწყალოდ ხოცავდა, ხოლო თავად ქურდებს – ათავისუფლებდა. ყველა ჩიოდა, რომ მეფე არასწორად იქცეოდა.
მაშინ მბრძანებელმა ხალხი მოედანზე შეკრიბა, ვირთხები მორეკა და წინ საკვები დაუდო. ვირთხებმა საკვები მალევე დაიტაცეს და სოროებში გაზიდეს.
მეორე დღეს მეფემ ხალხი ისევ მოედანზე შეყარა და კვლავ ვირთხები მოიყვანა. მან ისევე, როგორც წინა დღეს, ვირთხებს საჭმელი დაუდო, თუმცა სოროები კი ამოუქოლა.
ვირთხები საკვებს დაეხვივნენ, ლამობდნენ სოროებში წაეღოთ, მაგრამ ხედავდნენ რა რომ სოროები ჩახერგილია, საკვები უკან მოჰქონდათ.“

ებრაული იგავი

X

ერთი სტუმართმოყვარე ადამიანი სამი დღის განმავლობაში მეგობარს სტუმრობდა. როცა წასვლა დააპირა სახლის პატრონმა მოუბოდიშა იმის გამო, რომ ისე ვერ მიიღო, როგორც მას შეეფერებოდა.
– ძალიან კარგი! – უთხრა სტუმარმა. – როცა შენ ჩემთან იქნები, მე უფრო კარგად მიგიღებ.
მალე ყოფილ მასპინძელს ამ მეგობართან სტუმრობის საშუალება მიეცა. თავისდა გასაკვირად, კაცმა სტუმრის დასახვედრად განკუთვნილი სამზადისი მეგობრის სახლში ვერაფრით ვერ შეამჩნია.
სახლის პატრონმა დაინახა რა სტუმრის დაბნეულობა – უთხრა:
– მე ხომ დაგპირდი, რომ უფრო უკეთესად მიგიღებდი, ვიდრე ეს შენ გააკეთე. შენ უცხოსავით მომექეცი, როდესაც მონდომებით ემზადებოდი ჩემი მოსვლისათვის, მე კიდევ ოჯახის წევრივით მიგიღე.

„ებრაული იგავი“

XI

ერთი ებრაელი დოვ ბერთან მივიდა და შესჩივლა, რომ უწესო აზრები და უხეირო ფანტაზიები აწუხებდა, რომლებიც ხელს უშლიდნენ კარგ და წმინდა საგნებსა და საქმეებზე ფიქრში.
დოვ ბერმა უთხრა:
– შენ რაბი ზეევთან უნდა წახვიდე.
რაბი ზეევი ქალაქიდან მოშორებით, ერთ-ერთ სოფელში, სამიკიტნოს ამუშავებდა. როცა კაცმა იქამდე ჩააღწია, უკვე გვიანი ღამე იყო. და რამდენიც არ აბრახუნა კარზე, არავინ გამოხედა.
ეს ღამე კაცმა სამიკიტნოს წინ გაატარა, რომელიც მხოლოდ დილით-ღა გააღეს.
მქადაგებლის რჩევის თანახმად, სტუმარმა აქ რამდენიმე დღით თავშესაფარი ითხოვა.
სამიკიტნოში ცხოვრების მთელი ხნის განმავლობაში, სამიკიტნოს პატრონი, რაბი ზეევი, სტუმარს არაფერს არც ეუბნებოდა და არც ეკითხებოდა; არც ბრძნულ დარიგებებს და არც მკაცრ შეგონებებს არ აძლევდა.
სტუმარს გამუდმებით ეფიქრობოდა თუ რისთვის გამოგზავნეს იგი ამ კუთხეში. ბოლოს, ვერ იპოვა რა პასუხი, ებრაელმა სახლში დაბრუნება გადაწყვიტა.
კარში გასვლისას კაცმა სამიკიტნოს მეპატრონეს მიმართა:
– მქადაგებელმა თქვენთან გამომგზავნა, და რისთვის – არ ვიცი.
რაბი ზეევმა მიუგო:
– მე გეტყვი რისთვისაც. იმისათვის რომ ერთი რამ გაიგო… როდესაც კაცი საკუთარ სახლში პატრონია, მაშინ დაუპატიჟებელი სტუმრები მასთან ვერ შემოვლენ.

„ებრაული იგავი“

XII

“ერთ წუმპეში ბაყაყები ამბობდნენ, არასოდეს გვინახავსო არწივის ფრენა.
ამის მიზეზი შემდეგი იყო: რამდენჯერაც დააპირა არწივმა აფრენა, ისეთი შხუილი შექმნეს მისმა ფრთებმა, რომ ელდანაცემი ბაყაყები წყალქვეშ გაუჩინარდნენ. შემდეგ კი, როდესაც ისინი თავს ამოჰყოფდნენ წყლიდან, არწივი უკვე ღრუბლებში იყო. ამის გამო ბაყაყები ამტკიცებდნენ, არწივმა საერთოდ არ იცისო ფრენა (სამაგიეროდ მათთვის ფრენის ხელოვნების მწვერვალი იყო ჭაობის ნემსიყლაპია, რომელიც ჭაობის ზედაპირს არ სცილდება და ამის გამო “გველისთავის მპარსველსაც” უწოდებს ხალხი).”

კონსტანტინე გამსახურდია

XIII

“ერთხელ ცირკის მხეცები ზოოპარკში ჩამოატარეს, სურდათ ენახათ, თუ ვით შეხვდებოდნენ მათ გალიაში დამწყვდეული თვისტომნი. ერთი ყველაზე სამაგალითოდ გაწვრთნილი ლომი თავის მოძმის გალიასთან შეჩერდა და უთხრა: “ეჰ, რარიგ მებრალები, ძმობილო, აქ ჩამწყვდეული, გაძვალტყავებულხარ, თვალებში შუქი ჩაგქრობია ნიადაგ ერთ ადგილას გდებით და გალიაში წრიალით. წამოდი ჩვენსას ცირკში, ჩვენი ბატონი კარგად გაჭმევს, არაფერს მოგაკლებს, საზოგადოებაც დიდი გეყოლება. აბა, აქ გდება რას მოგცემს, შენს სანატრელ უდაბნოში, ხომ იცი, მაინც არავინ გაგიშვებს, რახან აქ მოხვედი, სიკვდილამდე აქ უნდა გალიო დღენი შენნი”.
გალიის ლომმა კი მიუგო:
“ეჰ, ძმობილო, რარიგ გადაუგვარებიხარ კაცს, თავისუფლება მონობაზე რომ გაგიცვლია. ისევ ის მირჩევნია, აქ ვიჯდე მოწყენით, ვიდრე კაცის მონა ვიყო და მისი მათრახის ტკაცუნზე ვიხტუნო და ვიჯამბაზო. აქ ის მაინც ვიცი, რომ არავის მონა ვარ და იმასაც ვერავინ ამიკრძალავს, ხანდახან დავიქუხო გულდარდიანმა და უდაბნოს სევდა განვიქარვო, შენ კი ხმის ამოღებაც აკრძალული გაქვს, რათა შენმა გრუხუნმა ცირკის მაყურებლები და მომსახურენი არ შეაშფოთოს. ჩვენი მოდგმა მაინც გადაშენების გზაზეა დამდგარი, მალე ასპარეზი ლომ-ვეფვთა ნაცვლად ვირთხებსა და ტურა-მელიებს დარჩებათ, ასე, რომ, აქაც მშვიდობიანად დავლევ ჩემს დღეებს”.”

კონსტანტინე გამსახურდია “ორი ლომის ამბავი”

XIV

ერთხელ ერთმა მოწაფემ ოსტატს ჰკითხა:
– უკეთესობის ცვლილებებს დიდხანს უნდა ველოდო?
– კი, დიდხანს… თუ ლოდინს აპირებ! – მიუგო ოსტატმა.

XV

უბანში ორი ოჯახი ცხოვრობდა. ერთი წყვილი სულ ჩხუბობდა, მეორე კი – ყოველთვის მშვიდობაში და სიკეთეში ცხოვრობდა.
ერთ დღეს ქალი ეუბნება ქმარს.
– წადი ერთი გაიგე-რა, როგორ ახერხებენ ასე სიმშვიდეში ყოფნას!
მივიდა კაცი მეზობლის სახლთან, გაყუჩდა ფანჯრის ქვეშ და დაიწყო ყურადღებით მოსმენა.
აკვირდება – ყველაფერი თითქოს ისეა, როგორც მის სახლში. კაცი იდგა, იდგა ერთი საათი. ბოლოს წასვლა დააპირა და უცებ მსხვრევადი ჭურჭლის ხმა გაიგო.
„აუჰ, ეხლა რა იქნება! – გულღრძოდ გაიფიქრა მეზობელმა.
ქალმა ამოიხრა და სინანულით უთხრა მეუღლეს:
– მაპატიე ძვირფასო, დამნაშავე ვარ. ვაზა მაგიდის კიდესთან დავდგი ახლოს.
– რას ბრძანებ, საყვარელო, ეს მე ვარ დამნაშავე, ყურადღება ვერ მივაქციე.
…მოვიდა მეზობელი-კაცი სახლში და მეუღლე ეკითხება.
– რა იყო?! ამდენ ხანს არ მოდიოდი. გაიგე რამე?!
– ჰმ… გავიგე… – ჩაილუღლუღა ქმარმა.
– და რაო? რა ხდება?
– იქ ყველა დამნაშავეა. ჩვენთან კი ყველა – მართალი!

XVI

“ოთხი სანთელი”

ოთახში ოთხი სანთელი ენთო.
ისეთი სიჩუმე იდგა, რომ უნებურად სანთლების საუბარსაც კი გაიგონებდი.
ერთმა სანთელმა წარმოსთქვა:
– მე სიმშვიდე ვარ. სამწუხაროდ, ადამიანებს არ შესწევთ უნარი, რომ გამიფრთხილდნენ. ვფიქრობ, სხვა არაფერი მრჩება, თუ არა ის, რომ უბრალოდ გავქრე!
და სანთლის ალი ერთბაშად ჩაქრა.
აქვე მეორემ უპასუხა.
– მე რწმენა ვარ. მეც, სამწუხაროდ, არავის ვჭირდები. ადამიანებს ჩემს შესახებ გაგონებაც კი არ სურთ, ამიტომ აზრი არ აქვს ჩემს წვას.
თქვა თუ არა, სიომ დაუბერა და… ეს სანთელიც ჩაქრა.
დამწუხრებულმა მესამე სანთელმა მიუგო.
– მე სიყვარული ვარ. ძალა აღარ მყოფნის ვიწვოდე. ადამიანები არც მაფასებენ და ვერც მიგებენ. მათ სძულთ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად უყვართ – ახლობლები.
და ამის თქმაზე სიყვარულის სანთელიც ჩაქრა.
მოულოდნელად ოთახში ბავშვი შემოვიდა. დაინახა რა სამი ჩამქრალი სანთელი, შეშინებულმა პატარამ დაიყვირა და ატირდა.
– რას აკეთებთ? თქვენ უნდა ენთოთ! მე სიბნელის მეშინია!
– ნუ გეშინია, პატარა, და ნუ ტირი! სანამ მე ვიწვი, დანარჩენი სამი სანთლის დანთება შეგიძლია. და მაშინ ირგვლივ კვლავ ყველაფერი განათდება. მე – იმედი ვარ!

თანამედროვე იგავი

XVII

“არასოდეს ჩავარდე სასოწარკვეთილებაში. რაც არ უნდა მოხდეს, რარიგ ძნელიც არ უნდა იყოს, გახსოვდეს – უნდა გადადგა ერთი ნაბიჯი, და კიდევ ერთი. და თუ საჭირო გახდა, მაშინ კიდევ ერთი.
ეს ნაბიჯები იქ გაგიყვანს, საითაც შენი გული მიისწრაფვის. მთავარია, არ შეჩერდე, გადადგა ნაბიჯები მაშინაც, როდესაც ვერ ხედავ, სად უნდა წახვიდე. მაინც – იარე წინ!
მხოლოდ შენ ირჩევ, სად უნდა გაჩერდე, ამიტომ იმოძრავე, სანამდე იქ არ აღმოჩნდები, სადაც დარჩენას მოისურვებდი.”

ამუ მომი

XVIII

ერთი კაცი ომარ ხაიამს სახალხოდ შეურაცხყოფდა და აგინებდა:
– შე უღმერთო, შენა! ლოთი ხარ! ქურდობამდეც არაფერი გიკლია!
ამაზე ომარ ხაიამს უბრალოდ გაეღიმა.
ესოდენ არასასიამოვნო ამბის მოწმემ, მდიდრულად და კოხტად გამოწყობილმა ახალგაზრდამ, ჰკითხა ხაიამს:
– როგორ შეგიძლია მსგავსი დამცირებებისა და შეურაცხყოფის ატანა? ნუთუ არ გწყინს?
ომარ ხაიამს კვლავე ჩაეღიმა. და უთხრა.
– გამომყევი…
თავისდა უნებურად გამოპრანჭული ერისკაცი მალე ერთ ბინძურ საკუჭნაოში აღმოჩნდა. ხაიამმა კვარი აანთო და დამტვერილ სკივრში ყოვლად გამოუსადეგარი, ძონძად ქცეული ხალათი იპოვა. შემდეგ ეს ხალათი ახალგაზრდას მიუგდო და უთხრა:
– მოიზომე, მოგიხდება.
ახალგაზრდამ დაიჭირა გადმოგდებული ხალათი, შეათვალიერა და იქვე აღშფოთდა:
– რაში მჭირდება ეს ბინძური ნახმარი ხალათი? მგონი, ძალიან მაგრად მაცვია, ხოლო შენ კი, მგონი, გააფრინე! – და ხალათი უკან გადაუგდო.
– ხომ ხედავ, – უთხრა ხაიამმა. – შენ არ მოინდომე სხვისი ძონძეულის მოზომვა. ასევე არც მე დამიწყია იმ ბინძური სიტყვების მოზომვა, რომელიც იმ კაცმა მესროლა.
გწყინდეს ვისიმე შეურაცხყოფა ეს იგივეა, რაც იზომავდე ძონძებს, რომლებსაც ზედ გვაყრიან.

XIX

„თანამედროვე იგავი“

იყო ერთი პატარა, მახინჯი, უბედური და ღარიბი გოგონა, რომელმაც ოქროს თევზი დაიჭირა. თევზი გოგონას სამი სურვილის ასრულებას დაჰპირდა.
ბავშვი დაფიქრდა და უთხრა:
„მინდა, რომ ასეთი, დიდი-დიდი ყურები მქონდეს, რომ აქეთ-იქით ვაპარტყუნო, შემეძლოს ტრიალი და ყველაფრის მოსმენა.“
ოქროს თევზმა წამის გაელვებაში გოგოს სურვილი აუსრულა და აი მას უკვე დიდი ყურები გაეზარდა.
„კიდევ რა გინდა?“
„კიდევ მინდა გრძელი ცხვირი, რომ შემეძლოს აქეთ-იქით ვატრიალო და ყველაფერს ვუსუნო“. და აი გოგონას გრძელი-გრძელი ცხვირიც გაუჩნდა.
„კიდევ რას ინებებდი?“
„კიდევ მინდა კუდი, რომელსაც აქეთ-იქით, იქით-აქეთ დავაბზრიალებდი“.
„კარგი“ – უთხრა თევზმა და გოგონას მესამე სურვილიც აუხდინა.
„ეგ არის, გმადლობ!“ – თქვა გოგონამ და ოქროს თევზი წყალში გაუშვა.
დამშვიდობებისას თევზმა ჰკითხა:
„გოგონა, კი მაგრამ, რატომ არ მთხოვე რომ გადამექციე ლამაზ, მდიდარ და გონიერ გოგონად?“
ბავშვმა გაიკვირვა:
„და ნუთუ ეს შეიძლებოდა?“

ვად შლახტერი, რუსი ფსიქოლოგი

XX

„ერთ კაცს ხვადი კატა ჰყავდა. ყოველ ღამით ეს კატა სახურავზე გადიოდა და ისეთ ამბებს ატრიალებდა, რომ დაძინება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ერთი უძილო მარტის ღამის შემდეგაც გამწარებულმა პატრონმა კატა ვეტექიმს წაუყვანა და დააკოდინა.
იმავე ღამეს ფისო ისევ სახურავზე წაბრძანდა და ისეთი ამბავი მოაწყო, რომ იმ ღამეს უკვე მთელს უბანს აღარ ეძინა.
როდესაც კატა სახლში დაბრუნდა, პატრონმა ჰკითხა: „წუხელ რაღას-ღა აკეთებდი იქ?!!“, რაზეც ხვადმა კატამ თვითკმაყოფილებით უპასუხა:
„მე ამას ჭაბუკ კნუტებს ვასწავლიდი!“

ევგენი გილბო

XXI

ბრძენკაცმა მოწაფეს ასეთი კითხვა დაუსვა:
– რას ფიქრობ, რა არის ადამიანური სიცოცხლის ყველაზე დიდი ტრაგედია?
– ალბათ, ის, რომ კაცი საკუთარ კითხვებზე პასუხებს ვერ პოულობს? – უპასუხა შეგირდმა.
– არა, – თქვა ბრძენმა. – ადამიანის ტრაგედია იმაშია, რომ ის იმ კითხვებს ვერ პოულობს, რომელზედაც პასუხების გაცემა მართებს.

XXII

ბრძენი შეკრებილ მსმენელებს ანეკდოტს მოუყვა. დარბაზში ხარხარი ატყდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კაცმა იგივე ანეკდოტი წარმოთქვა. ახლა უკვე მხოლოდ რამდენიმე ადამიანს გაეღიმა.
ანეკდოტი მესამედაც რომ გაიმეორა, ამჯერად არავის აღარ გასცინებია.
კაცმა უთხრა:
– ერთსა და იმავე ხუმრობაზე მუდმივად არ გეცინებათ. მაშინ რატომ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას გამუდმებით ერთი და იგივე მიზეზით ტიროდეთ?

XXIII

ერთხელ ოსტატმა შეგირდებს თაბახის სუფთა ფურცელი აჩვენა, რომლის შუაში შავი წერტილი იყო დასმული და იკითხა:
– რას ხედავთ?
– წერტილს. – თქვა პირველმა მოსწავლემ.
– შავ წერტილს. – დაამატა მეორე მოსწავლემ.
– შავ მსხვილ წერტილს. – გამოეხმაურა მესამე მოსწავლე.
მაშინ ოსტატმა წარმოთქვა.
– თქვენ მხოლოდ წერტილი დაინახეთ და არავის დაუნახავს დიდი თეთრი თაბახის ფურცელი. აი სწორედ ასე ვმსჯელობთ ადამიანის შესახებ – მისი უმნიშვნელო ნაკლოვანებების მიხედვით.

XXIV

ბებერმა ინდიელმა შვილიშვილს ერთი ცხოვრებისეული სიბრძნე ამცნო.
– ყოველ ადამიანში ბრძოლა მიდის, რომელიც ორი მგლის შერკინებას წააგავს. ერთი მგელი ბოროტებას წარმოადგენს – შურს, ეჭვიანობას, სინანულს, ეგოიზმს, პატივმოყვარეობას, ტყუილს. მეორე მგელი კი სიკეთისაა და მშვიდობას, სიყვარულს, იმედს, სიმართლეს, სიკეთესა და ერთგულებას იცავს.
პაპის შეგონებით გულაჩუყებული ბავშვი წამიერად შეყოვნდა და შემდეგ იკითხა.
– და საბოლოოდ რომელი მგელი იმარჯვებს?
– ყოველთვის ის მგელი იმარჯვებს, რომელსაც შენ აჭმევ!

XXV

„ერთხელ კრეზემ ანარქასის ჰკითხა: „ვინ მიგაჩნია ამქვეყნად უმამაცესად?“.
– …ყველაზე ველური ცხოველები. – მიუგო ანარქასისმა. – რადგან ისინი თავისუფლებისათვის მამაცურად იღუპებიან.
კითხვაზე, თუ ვინ მიაჩნია ქვეყანაზე ყველაზე სამართლიანად, ანარქასისმა ამგვარადვე უპასუხა.
– სწორედ რომ ყველაზე ველური ცხოველები არიან ყველაზე სამართლიანები, რადგან მხოლოდ ისინი ცხოვრობენ არა კანონების, არამედ ბუნების თანახმად.
ისევ ისინი არიან უდიდესი სიბრძნის მატარებლებიც, რადგან ადამიანის ჭეშმარიტებას ბუნების ჭეშმარიტება ურჩევიათ.“

ძველბერძნული იგავი

XXVI

სიმა ნიუმ დაიჩივლა:
– ყველას ძმები ჰყავს, მხოლოდ მე არ მყავს ძმები.
ამაზე ცზი სიამ მიუგო.
– ახლავე გეტყვი ამის შესახებ რა მსმენია… სიკვდილი და სიცოცხლე ზეციური წყალობის შედეგია, გვარიშვილობაცა და სიმდიდრეც ცის კურთხევაა.
თუ კეთილშობილი ბატონი ხაზგასმით მოკრძალებულია, ხოლო ადამიანებს რიტუალის მიხედვით ზრდილობიანად ექცევა, მაშინ ოთხი ზღვის ფარგლებში ყოველი კაცი მისი ძმა იქნება.
და მაშინ რატომ-ღა უნდა შეწუხდეს ეს ბატონი იმაზე, რომ მას ძმები არ ჰყავს?

XXVII

ცის პროვინციის დიდმა მთავარმა კონფუცის იმის შესახებ ჰკითხა თუ რაში მდგომარეობს სახელმწიფოს მართვა. კონფუციმ უპასუხა.
– დაე ხელმწიფე ხელმწიფედ იყოს, მსახური – მსახურად, მამა – მამად და შვილი – შვილად.
– დიდებულია! – მიუგო მთავარმა. – ჭეშმარიტად, თუ ხელმწიფე არ იხელმწიფებს, მსახური არ იმსახურებს, მამა მამა არ იქნება და შვილი – შვილი, მაშინ თუნდაც პური გამაჩნდეს, შევძლებ კი მის დაგემოვნებას?

XXVIII

მოგზაურობისას, ერთი მთის მახლობლად, კონფუციმ საფლავი და მასთან მგლოვიარე ქალი დაინახა. მოწიწების ნიშნად კონფუცი ქალის ტირილს მდუმარებით უსმენდა. შემდეგ კი ქალთან მოსწავლე გაგზავნა.
– თქვენ ისე ძლიერ განიცდით, – უთხრა მოსწავლემ. – რომ მგონი ეს პირველი დანაკარგი არ უნდა იყოს თქვენთვის?
– ასეა. – უპასუხა ქალმა. – ოდესღაც ვეფხვის კლანჭებს ჩემი მამამთილი ემსხვერპლა. შემდეგ ვეფხვმა ჩემი ქმარი შეიწირა. და აი ახლა ამ კლანჭებისაგან ჩემი ვაჟიშვილი დაღუპა.
– რატომ არ გადასახლდებით ამ ადგილებიდან? – იკითხა კონფუციმ.
– აქ დაუნდობელი მთავრობა არ არის. – მიუგო ქალმა.
– დაიმახსოვრე, შეგირდო! – წარმოთქვა მაშინ კონფუციმ. – სასტიკი ხელისუფლება – ვეფხვზე მძვინვარეა.

XXIX

„ერთ-ერთი გასამხედროებული კლანის მასწავლებელი მოსწავლეებს ხშირად აიძულებდათ ბერებად ან მათხოვრებად გადაცმულიყვნენ, მოწყალება ეგროვებინათ ან თავი გლეხებად და ფაკირებად გაესაღებინათ.
– მტერი რომ მოატყუოთ, – ამბობდა მასწავლებელი. – თქვენ ადვილად უნდა შეგეძლოთ გარდასახვა და არ უნდა გეშინოდეთ ნებისმიერი ადამიანის თვალში სულელებად და საცოდავებად გამოჩნდეთ.“

დაოსური იგავი

XXX

“…ერთხელ, როდესაც მეფე გიერონი ესაუბრებოდა ერთ-ერთ თავის მტერს, უკანასკნელმა მიუთითა მეფეს სუნზე, რომელიც მისი პირიდან მოდიოდა. ცოტა არ იყოს თავზარდაცემული მეფე სახლში დაბრუნდა და მეუღლეს უსაყვედურა: „როგორ მოხდა, რომ შენ ამის შესახებ ჩემთვის არასოდეს არაფერი გითქვამს?“. დედოფალმა, ქალმა უბრალომ და სათნომ, უპასუხა: „ბატონო, მე ვფიქრობდი, რომ ყველა მამაკაცის სუნთქვა ასეთია“.
ამგვარად, ნათელია, რომ ნაკლოვანებების შესახებ, რომლებიც ცხადია და შესამჩნევი, ანუ სხვა სიტყვებით, საზოგადოდ ცნობილია, ჩვენ, მეგობრებსა და ახლობლებზე ადრე, მტრებისაგან ვიგებთ…”

პლუტარქე

© სოსო მიქელაძის თარგმანი და მომზადება

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: