მოთხრობები (2006 - 2015)

ცოდნა არცოდნა (მოთხრობა)


…რადგან იცნობდე სხვას სრულყოფილად ნიშნავს საკუთარ თავის იცნობდე…
შექსპირი, „ჰამლეტი“  (მოქმედება V, სცენა მე-2-ე)
  

ეს ამბავი შორეულ 2006 წელს მოხდა, იმ დროს, როდესაც საშუალო ქართველი კაცი გულალალი რწმენებით, ანთებულობითა და წმინდა ქართული “ოცნებმეიქიკინგით” ქვეყნის მომავალს ჰორიზონტზე ამოკაშკაშებულ პოლიტიკურ ძალაზე აგებდა, პარტიაზე სახელად „ნაციონალური მოძრაობა“.

ჯერ არ ამორეცხილიყო მოსახლეობის მეხსიერებიდან ქვეყნის პრეზიდენტის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ელვისებრი შეჭრის სცენა, ლიდერის 154077-imran-abbas.jpgსხვისთვის მოდუღებული ჩაის მითვისება-მირთმევა. ჯერ კიდევ გიზგიზებდა ეკონომიკური ბუმის მოლოდინი და საზოგადოებრივი აღმავლობის ჭეშმარიტი თუ შთაგონებული განცდა. ქართულ პოლიტიკურ კაბადონზე დემოკრატიის ირაო ჯერ კიდევ ქრესტომატიად და სახრავი-საპობ შესაქცევად იყო მოაზრებული „გარდიანის“, „თაიმსისა“ თუ „ვოშინგთონ პოსტის“ მკითხველებისათვის.
ის დრო გახლდათ, როდესაც ჯერ კიდევ რეცხავდნენ „მოაზროვნე“ ინტელიგენციას და უბოდიშოდ ძეკავდნენ ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და სპილენძის ახალგაზრდობით საჯარო სამსახურების ვერტიკალებს.
ქართული ყოფიერების ხორცსაკეპიც ჯერ კიდევ მკვდრად იყო გაჭედილ-დაჭაობებული საშუალო ასაკის მოქალაქის ქონიანი ბედით.
2006 წელს ჯერ კიდევ ზენიტისაკენ მიისწრაფვოდა საუნების ბიზნესი და ორსიმბარათიანი მობილური ტელეფონები. ამბობდნენ, რომ ქვეყანაში ეპოქალური ძვრები მიმდინარეობდა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების არხებით ქართველების ღრუბელივით მოწყურებულ ცნობიერებაში რუდუნებით ტუმბავდნენ შეხედულებებს, რომ ყველაფერში პირველყოვლისა თავად პიროვნებაა დამნაშავე, მისი ანაქრონიკული ინერტულობით, სიზარმაცით და აპათიით და მხოლოდ უკანასკნელ რიგში ამ ტრაგედიაში ბრალი ურჩხულთა ურჩხულისებრ სისტემას მიუძღვის.
ჯერ კიდევ მყარდებოდა რწმენა, რომ პრეზიდენტი და მისი გუნდი საქართველოს ისტორიული შანსი იყო. ჯერ კიდევ შორს იყო შვიდი ნოემბრის ქართულად სასტიკი ანგარიშსწორება, პირწმინდად წაგებული აგვისტოს ომი და ჯერ კიდევ ბევრს ეგონა, რომ შავი სამყაროსათვის მიყენებული დარტყმა უპასუხოდ დარჩებობდა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ მეტოქეს ხელ-ფეხი წელსუკან შეუბოჭეს.
ჯერ კიდევ მრავალ პოლიტიკოსს გულუბრყვილოდ წარმოედგინა, რომ ეკლესიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოთამაშის ბერკეტებს საშვილიშვილოდ წაართმევდნენ.
იქვე ზოგიერთ ახლადაღმოცენებულ სტრატეგოსს ისიც ესიზმრებოდა, რომ „ჩარეცხილი“ თაობისადმი მოქცევის საზღაური შეიძლება ჩახშობილიყო მრავალსართულიანი მშენებლობებით, თანამდებობრივად დასაქმებული სტუდენტობის ყიჟინით და ფინანსური სამსახურების მიერ აღმოჩენილი ლარების მადნეულით.
ჯერ ისევ ოცნების საგნად იყო ქცეული გაზი, გზა, წყალი, ელექტრონერგია, ინტერნეტი ყოველ ქართულ ოჯახთან. ჯერ კიდევ ემბრიონივით პულსირებდა განათლების სისტემის რეფორმა, ხელისუფლების მახვილი და ერთდროულად ხელისუფლების უდიდესი ჩავარდნა, რადგან სწორედ აქ დაიბუდა რევოლუციის ყველაზე მწარე ფიასკომ. სწორედ ამ სისტემამ სათანადოდ ვერ გამოზარდა ის ამომრჩეველი, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა მმართველი პარტიის იდეური ესტაფეტა 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში.
ჯერ კიდევ ცდილობდნენ გარკვეულ რეგიონალურ და განვითარებით სტრატეგიებში მოექციათ ქართველთა ქვეყანა და ჯერ კიდევ ვერ გაერკვიათ როგორ უნდა დაეყოთ სა-ქარ-თველო: საათაბაგოებად, რეგიონებად, სადროშოებად, ფედერალურ სუბიექტებად, მხარეებად?
მაღალნი ამა ქვეყნისანი ჯერ კიდევ სავსე იყვნენ ილუზიით, რომ პიარი მარადიული თემაა, ხოლო პოლიტიკური ძალა კი – ეფემერული. მაშინ გაფიქრებაც არ ენებათ იმაზე, რომ თუ ერთსადაიმავე ილეთს ერთი და იგივე მოწინააღმდეგესთან იყენებ, – როგორც დიადი ნაპოლეონი ბრძანებდა – არ უნდა გაგიკვირდეს, რომ თავად ემსხვერპლო მეტოქის მიერ ოსტატურად განხორციელებულ ამავე ფანდს. ორიანებით დაწყებულ და დაბოლოებულ წელიწადს ეს ცხადად დადასტურდა…
თუმცა 2006 წელს საქართველოს მოქალაქეებს ჯერ კიდევ მიამიტად წარმოედგინათ, რომ ენების ცოდნა და ჰარვარდი პოლიტიკური კრიზისების მენეჯმენტისა და პრევენციის უალტერნატივო საშუალებაა, ხოლო მამათის მონატრება ცუდად გარითმული ჰორორის უგემოვნო მცდელობა იყო.
ეს ის დრო არის, როცა მძღოლები უკანმომდგარ „პატრულის“ ეკიპაჟის „ყიყინზე“ ავტომობილის საჭეზე ხელების დაწყობას სწავლობდნენ. მოქალაქეები უაზრო ბუზღუნით ეგუებოდნენ ტოტალურ სატელეფონო მოსმენების ფაქტებს, თვალთვალს და დასმენებს, გაგენდერებული მდედრის საყოველთაო დაწინაურებას. ბავშვები ანბანივით ითვისებდნენ რუსების სიძულვილს, და ამასთანავე, ტრადიციული დემოკრატიის ეროვნების მატარებელი მოქალაქეებისადმი ლოიალობასა და უსაფუძვლო სასიყვარულო ლტოლვის გაღვივებას.
რაც მთავარია, მთავრობა უზრუნველყოფდა სხარტ და უკონტროლო ცვლილებებს პოლიტიკურ და სოციალურ სისტემაში, ფეის-სახეების კალეიდოსკოპურ ცვლას, აღმშენებლობას, თავზეხალაღებულ პროპაგანდას და ყოვლისმომცველ მედია-ბოლს, იმდენად ყოვლისმომცველს, რომ ზეციური საქართველო, თავის მეფე-დემიურგებით, ყოველდღიური თათბირის რეჟიმზე იყო გადასული, გადაღლილი ფეტიშებისა და კერპებისათვის კოცონების ხრჩოლებით.
მკითხველის საბედნიეროდ, ის ამბავი, რომლის მოყოლასაც ვაპირებ, უფრო ცინცხალი იქნება, ვიდრე ქართული პოლიტიკის მატიანე. თუმც ამ მოთხრობაში ბევრმა შეიძლება საკუთარ თავთან, მეზობელთან ან სულაც რომელი ცნობად სახესთანაც კი იპოვოს მსგავსება.
მოდით წარმოვიდგინოთ, რომ კარზე 2006 წლის ადრიანი გაზაფხული დგას. ამასთან ერთად წარმოვიდგინოთ 25-27 წლის ასაკის მამაკაცი და დავარქვათ მას რაიმე გამორჩეული ქალაქური სახელი, გუგა, მაგალითად. ბატონი გუგა, – და ბატონი იმიტომ იგი ჩვენი თხრობის მომენტისათვის უკვე მეორე წელია სტაჟიორის სტატუსით უხელფასოდ მუშაობს ეკონომიკის სამინისტროში – არის საშუალო სიმაღლის, მხარბეჭიანი, მამაკაცური გარეგნობის, ცისფერთვალება და მიმზიდველი ქართველი დარდიმანდი. გუგას იმდენად უყვარს დალევა, რამდენადაც მას ამაში ხელს უწყობს მისი კომპლექცია, ფინანსური შესაძლებლობები და საძმაკაცო. მამაკაცი კარგად უკრავს პიანინოზე და ასევე მშვენივრად მღერის მეორე ხმას „ჩაკრულოში“, „ზამთარსა“ და ლირიულ მეგრულ სიმღერებში. გუგას ცეკვაც გამოსდის, მაგრამ, როგორც მრავალ ქართველ მზეჭაბუკს, მასაც, შეზარხოშების გარეშე, ძნელად თუ წარმოუდგენია საკუთარი თავი „განდაგანას“ ტეხილებში, მაშინ როდესაც ბევრჯერ, პირდაპირი მნიშვნელობით, თავი აღმოუჩენია კარაოკე-ბარებში, ზეფალცეტური რეგისტრის მიდამოებში.
გუგას „კრილომიჯეჯყილი“ „რავჩიტირი“ ჰყავს, და ის ქაოტურად კითხულობს „სიდჰართჰას“, ნიცშეს „მორალის გენეალოგიას“, ოშოს, ლაო-ცზის, თიმოთი ლირს, ტომ პინჩონს და ყველაფერს, რასაც ურჩევენ ეზოთერიკოსი-მეგობრები. გუგას აქვს საფრთხეებისა და შარების გენერირების და ამ ფათერაკებში ჩავარდნის ახალგაზრდული უნარ-ჩვევა, თუმც ინტუიციისა და, უფრო მეტად, რაღაც წარმართული გაგების წყალობით, ჩვენი ყმაწვილი დაბრკოლებათა უმრავლესობას ჩვეულებისამებრ თავს „სუფთად“ აღწევს.
სამსახურში, როგორც ნებისმიერ სტაჟიორს, გუგას საშუალებას აძლევენ ნარნარად იტივტივოს მსოფლიო ქაღალდის წარღვნის უკიდეგანო სამანებში. გუგა ისეთ საქმეებს ასრულებს, რაც მიდ-ლეველის ქართველ ჩინოვნიკების აბსოლუტურ უმრავლესობას ეკისრებათ, ანუ, საბოლოო ჯამში, არაფერს. რამდენიმე ხანში თუ მომენტალურად არა, ამ რანგის ჩინოვნიკის ნამუშევარი კარგავს ღირებულებასა და შინაარს. ყველაზე გონებაგახსნილი ჩინოვნიკები დანიშვნიდან სულ ცოტა ხანში სწვდებიან ამ მარტივ ჭეშმარიტებას, მაგრამ ახლა, „ვარდების რევოლუცია“ სულ სამი წლის მომხდარია. ცხადია, რომ დემარშებსა და ფრონდირებას თითქმის არავინ ამჯობინებს კაცურ პურმარილებს, ახალნასწავლ სიტყვა „ალაფურშეტებს“, და, რაც მთავარია, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის „ბატონოს“ წოდების ფუფუნებას.
დროდადრო გუგა ამაყად დადის რაღაც, სწორედ რომ რაღაც, თათბირებზე. ამ ხმამაღალი ინტრიგისა და სახელწოდების ღონისძიებებზე საგანგებოდ ირჩევა საქართველოს ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების მრუდი, ლარის დევალვაციის საჭიროება, „მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფორმირების კერების კონსერვაციის პრობლემატიკა“, გლობალური სანავთობო ბაზრების მიერ შექმნილი „ძაბრების“ საკითხები და სხვა. თათბირებზე ზოგს ეძინება, ზოგს ყბის სპაზმი ემართება, მაგრამ ახალგაზრდები მაინც აჭყეტავენ თვალებს დიაგრამებზე, რადგან ფიქრობენ, რომ მრუდებს თავიანთი მაგიური გავლენები აქვთ კაცისა და ერის ბედისწერაზე.
დროდადრო გუგას უფრო უბრალო შეხვედრებშიც უწევს მონაწილეობის მიღება. მაგალითად, მას მოსწონს, როდესაც, როგორც სამინისტროს წარმომადგენელს, განყოფილების უფროსი აგზავნის თბილისისა და რეგიონალურ არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრებზე. აქ საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე სისხლისამჩქრობელი დისკუსიები იმართება. პატარა თუ დიდი მასშტაბის მამულიშვილები ერთმანეთს მაჯას უსინჯავენ სამეწარმეო კრედიტების ხელმისაწვდომობაზე, სოციალ-ეკონომიკური გარემოს ლიბერალიზაციაზე, პოლიტიკური მმართველობის დონეებზე და სხვა.
ამჟამად ეკონომიკის სამინისტრო გუგას შიდა ქართლის სხვადასხვა რაიონიდან ჩამობრძანებული წარმომადგენლების მრგვალი მაგიდის მოსაწყობად აგზავნის. შეხვედრის თემა უაღრესად „საჭირბოროტო, აქტუალური, ზემნიშვნელოვანი, გადაუდებელი, კრიტიკული ფუნქციონალობის, გენერალური, ეროვნული მნიშვნელობის და გადამწყვეტია“! – გუგას უფროსი გულმოდგინედ ჟონგლირებს სინონიმებით. ვაჟს კი აჟრიალებს, როდესაც წარმოიდგენს თუ რა პასუხისმგებლობის საქმეში რთავს მას განყოფილების ხელმძღვანელი!
– აი, ცოტაც და ეს თავად ჩვენ გავხდებით ქართული ისტორიის მწერლები, ჩემო გუგა!
„რეგიონის ეკონომიკური პრობლემატიკა!“ აი ეს უკვე ნაღდად საქმეა! და ეს ყველაფერი გუგამ თავისი ფასილიტაციური მუშაობით უკან თბილისში უნდა ჩაიტანოს. მოგვიანებით კი, გაივლის რა გუგასეული ინფორმაცია მრავალ გენიალურ ქართულ ტვინს, პრეზიდენტისა და სხვა სოციალური არქიტექტორის მაგიდაზე საბოლოო სახით დაიდება „კავკასიური მონაკოს“, ან თუ გნებავთ, საქართველოს „შვეიცარიად“ ტრანსფორმაციის მოკლევადიანი სუპერრეალური გეგმა.
გუგამ იცის, რომ აქ შეცდომები დაუშვებელია, შეცდომა შეიძლება კარიერის ფასადაც დაუჯდეს. მართალია, მას, როგორც საშუალო ქართველს, ცოტა არ იყოს „ახატია“ კარიერაც და თავისი ქვეყანაც, მაგრამ ზედაპირზე ის მაინც საშუალო ქართველია – უყვარს მელექსეობა, თავისმოტყუება, ქეიფი, საქართველოსა, სალოცავებისა და ბავშვების სადღეგრძელოებზე ფეხზე წამოდგომა და ბოლომდე გადაკვრა, წარსულის განდიდება და აწმყოზე ჯიჯღინი. თუმც მისი სათნო ყმაწვილკაცობა, გამოხატული პატიოსნებასა და უფროსებისადმი მოწიწებაში, აიძულებს მას იყოს ხაზგასმით ზრდილი ადამიანებთან.
შეხვედრებისათვის კოხტად გაწყობილ ოთახში შესვლისთანავე გუგა ქალბატონებს დაყენებული ქალაქური ინტონაციებითა და ხავერდოვანი ბგერით, ხვალინდელ დღესასწაულს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რვა მარტს, ულოცავს.
გუგას გამოსვლა სიამოვნების ჟრუანტელს ჰგვრის ქალბატონებს და ეს საშუალო და გაურკვეველი ასაკის პუდრ-პომადირებული არსებები, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დასაშვები, ან უფრო ზუსტად, შესაძლებელი, კეკლუცობით იკრიჭებიან.
თითოეული მათგანი თავისი რაიონის ქალი-ლიდერია, მაგრამ არწივისებრი პროფილით, სიმაღლით, პირხმელი იერით, შემტევი ხასიათითა და სინკოპირებული პაუზებით, მაინც ქალბატონი ნარგიზი გამოირჩევა. გასულ შეხვედრაზე მან რამდენიმეჯერ მიანიშნა გუგას, რომ მისი რაიონი, მეფეთკარი, ნამდვილად მოკლებულია ცენტრალური ხელისუფლების მზრუნველობას და ასე გაგრძელება უბრალოდ იქ მცხოვრები მოსახლეობის ღალატიც არის, ყოველგვარი ეროვნულობის ფეხქვეშ გათელვა და უარყოფა.
ახლა ქალბატონი ნარგიზი ასეთი ინიციატივით გამოდის.
– ბატონო გუგა, გოგოებო, ბატონებო. რანაირად გამომივიდა, ცოტა ლექსად, არა? ყველას მინდა მოგმართოთ ერთი სასიამოვნო ნიუანსით! მე და მეფეთკარის გამგეობა ხვალ, 8 მარტის აღსანიშნავად, ვეპატიჟებით ჩვენი რაიონის გამოჩენილ ქალბატონებსა და გოგონებს საგანგებო წვეუელებაზე, ანუ ბანკეტზე. ჩემო კარგებო, ამ ღონისძიებაზე, ჩვენი მეგობრობის, საერთო ქართული საქმის აღსანიშნავად, მე მინდა, რომ ახლა თქვენც დაგპატიჟოთ. დამიჯერეთ, რომ მთელი გულით გეპატიჟებით ყველას; სუფრა არის უმაღლესი, ცოცხალი მუსიკა, რაიონის გამგებელი, ჩვენი ინტელიგენცია, ანსამბლი. ჩვენი მეფეთკარელების ქეიფი ხომ საქვეყნოდ არის განთქმული!
– ქალბატონო, ნარგიზ! ვერ შეგპირდებით… ისე დიდ მადლობას მოგახსენებთ.
– არა, ბატონო. რა მადლობა? უბრალოდ მე სუფთა გულით გეპატიჟებით. რომ წამობრძანდეთ და მართლაც დაუვიწყარი დრო გაატაროთ.
– კარგით, მაგრამ ცოტა უხერხულია, ქალბატონო!
– აბა?! აბა?! ბატონო გუგა! ახლა რატომ ამბობთ ისეთ რაღაცას?! მე მთელი გულით გეუბნებით-გეპატიჟებით; ღირსეულ ხალხს, ნამდვილ ქართველებს. ისე-რა ღონისძებას გაკადრებთ? ეს მართლაც გრანდიოზული ღონისძიება იქნება, მთელი მეფეთკარის სახელოვანი ხალხი მოდის ამ ბანკეტზე, ბატონო გუგა.
– იცით, ქალბატონო ნარგიზ, მე ძალიან მიყვარს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სტუმრობა. და მით უმეტეს ქართულ პურმარილზე მისვლა.
– ხოდა, ბატონო გუგა, ახლა თქვენ თვითონვე სცემთ პასუხს თქვენს ეჭვებს. კარგით-რა! პურმარილი უმაღლესია! დასაქორწინებელი ვაჟკაცი ბრძანდებით, რა გაჩერებთ სახლში?
– კარგი! – ეცინება გუგას. – ვეტყვი ჩემს კოლეგებს… იქნებ ვინმეს მოვანდომო. ახლა, მთლად მარტო ხომ ვერ წამოვალ? – გუგა ორჭოფობს და ვერ იღებს გადაწყვეტილებას. აშკარაა, რომ სამინისტროში ყოფნის ერთი წელიწადი მტაცებლურ-საქეიფო ინსტინქტის განვითარებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
– ნუ, ბატონო გუგა, წამოიყვანეთ, თქვენი ახლობლები, ნათესავები, ვისთანაც ერთად გაგიხარდებათ ჩვენთან ყოფნა. ჩვენ შემთხვევითი ხალხი არ ვართ, ბატონო გუგა, ნახავთ, რომ მართლა ძალიან მოგეწონებათ.
ნარგიზის სიტყვამოსწრებული იწილ-ბიწილო კიდევ კარგა ხანს გრძელდება, ხოლო გუგას ნატიფ ქედზე ისე, როგორც სარკეზე, აისახება მისი, ვითომ დაფარული მსჯელობა. გუგას რომანტიკულ ნატურას თავგადასავლები, მოგზაურობები და გულისდაპყრობები სწადია.
შეხვედრის მეორე დღეს, რომელიც სამინისტროს ოფისებში მოწყენილად სულელურ ატმოსფეროში მიილევა, გუგა ცალკ-ცალკე მიმართავს ოფისში მჯდომ თანამშრომლებს.
– ბიჭო, წამოდი-რა?
– სად?
– მეფეთკარში, მაგარი ბანკეტი უნდა იყოს.
– აუუუუუ, სააად, ტოოო? მეფეთკარში? ეგ სადაა, ტოო? რა მინდა იქ-ტოო?
– ბიჭო, გაგვისწორდება, წამო-რა…
მოლაპარაკება მოლაპარაკებაზე იშლება, რას გააწყობ ისეთ ადამიანთან, რომელიც დღეში სამჯერ მინისტრს და მის მოადგილეებს „ლაივში“ ხედავს და ესალმება. ძალიანაც რომ უნდოდეთ, სისტემა იპინტრიშებს, თავს თუ არ დაიფასებენ, ამიტომ ოფიციალური მიზეზები არ დაელევათ. ზოგს ფეხი სტკივა, ზოგს ცოლი და შვილი არ უშვებენ, ზოგი კინოში მიდის, „ტკბილ ნოემბერს“ უნდა უყუროს, ზოგს მისტიური საქმე აქვს, ზოგს – პაემანი, ზოგს – სამუშაო და „სასკაიპო“ საზღვარგარეთ მყოფ ნათლიდედასთან.
თუმც გუგას შეუპოვრობამ იცის, რომ მეფეთკარში მას რაღაც განსაკუთრებული ელოდება. ოშოს, გურჯიევისა თუ რამაკრიშნასგან, ახლა ზუსტად ვერც იხსენებს, მან ერთდროს ერთი კარგი თეზისი აითვისა. თურმე მომავალი ცხოვრება, უკვე მომხდარია, ხოლო მერმისის ეს მოვლენები, ჩვენ ახლაც, ყოველწუთიერად გვერდით დაგვტრიალებენ და ჯიუტად გვიბიძგებენ ესა თუ ის გადაწყვეტილება მივიღოთ. ასეთ წუთებში უბრალოდ საჭიროა თავისებური ყურადღების გამახვილება, ანუ ინტუიციური სულისკვეთება. გუგა მთელი სიგრძე-სიგანით აცნობიერებს, რომ ახლა სწორედ ის მომენტია. მას ისე ძალიან უნდა წასვლა, რომ ეუფლება შეგრძნება თითქოს სურვილმა ხორცი შეისხა და ფისოს თათივით გულის არეში უღიტინებს.
აკავშირებს რა ცხოვრების ყველაზე დინამიურ წუთებს ასეთ განცდებთან, გუგა ხვდება, რომ წილი ნაყარია და ის ყველაფერს იზამს, რომ მეფეტკარში წავიდეს. ერთადერთი დაბრკოლება ის ხდება, რომ ბანკეტზე იგი დალევას აპირებს, მაგრამ საჭესთან მთვრალი ჯდომა მისთვის მიუღებელია, თორემ აქამდე მარტოც დაუფიქრებლად წავიდოდა.
გონების ენერგიული ბრეინშტურმინგის მეოხებით გუგა ბოლოს საკმაოდ გონებამახვილურ გადაწყვეტილებამდე მიდის და მძღოლობის შესანიშნავ კანდიდატს პოულობს.
ვაჟი ბიძამისს, მამის ძმას, ურეკავს და ითანხმებს მეფეთკარში, სარვამარტო ბანკეტზე წასასვლელად. გუგას ბიძა დიმიტრი ხალასი, დარბაისელი ქართველია, მრავალ სუფრა და რუსქალგამოვლილი, მოქეიფე, გულით მეფაიტონე, ყოფილი სასიქადულო მოცეკვავე და წარჩინებული მთხრობელი. ასე რომ მასთან ერთად გამოჩენა თბილისშიც კარგი ტონია, არაფერს ვამბობთ მეფეთკარზე.
ამიტომ არაუგვიანეს 5 საათისა, ორი, ევროპულად გამოწკეპილი ქალაქელი ვაჟბატონისაგან შემდგარი ეკიპაჟი, „რავჩიტირით“ 100 კმ/სთ სიჩქარით მეფეთკარისაკენ იღებს გეზს; დანიშნულების პუნქტი რესტორანი „ნიკალა“.
– ქალბატონო ნარგიზ, მე და ბიძაჩემი მოვდივართ. – გახალისებული გუგა მასპინძელს უკანასკნელ ამბებს აცნობს. – ალბათ, ერთ საათში ვიქნებით. სად უნდა მოვიდეთ?
– თქვენ გაგახარათ ღმერთმა! როგორი საამაყო სტუმრები მოდიხართ, ბატონო გუგა. რომ შემოხვალთ მეფეთკარში, რესტორანი „ნიკალა“იკითხეთ. ან დამირეკეთ და მანქანით დაგხვდებით.
ბიძა-ძმისწული კარგა ხანს ღვინოზე, პურმარილებზე და ფულზე მუსაიფობენ.
ბიძა დიმიტრი დასძენს:
– იცი რა არის, მანდ მეფეთკარში რუსები იყვნენ ბლომად. სამხედრო ბაზა იყო. და ბოზებიც ბევრნი არიან. ხო-რა, ეგრეა.
არაორდინარული თავგადასავლის მოლოდინში ჩვენს გმირს გული უფანცქალებს, თვალწინ ქერათმიანი ფერიებისაგან შემდგარი ქალთა არმია ეზმანება, მერე ახსენდება საკუთარი სტატუსი, სამინისტრო, მერე ისევ ბანკეტი სრულიად უცხო ადამიანებში, ყოვლად და ყველასგან გადავიწყებულ მეფეთკარის რაიონში, რომელიც ცენტრმა არა უბრალოდ გაყიდა, არამედ ჩველებრივად დაიკიდა.
დაახლოებით ერთ საათში ქალაქელების ეკიპაჟი უკვე რესტორან „ნიკალას“ მისადგომებთანაა. პარმაღზე მათ ქართლის დედასავით ზეაღმართული, სახეგაბადრული ქალბატონი ნარგიზი ეგებება.
– ბატონო გუგააააა! გვეღირსააააა! როგორ მანერვიულეთ-რა?! ჩვენ სულ ახლახანს დავსხედით. მაგრამ მე ორი ადგილი მაინც შევინახე სპეციალურად გამგებლის სუფრასთან. ყველაზე საპატიო ადგილებია.
– ბიძაჩემი, ქალბატონო ნარგიზ, გაიცანით. – ამბობს გუგა, მას შემდეგ რაც თავისუფლდება ნარგიზის მკლავებიდან.
– სასიამოვნოა. აი ესეც ჩემი ქალიშვილი, თქვენც გაიცანით ბატონო გუგა. ხომ უნდა იცნობდეთ. ვაჟიც მყავს, ის პოლიციის აკადემიაში სწავლობს. ეხლა ამ მშვენიერ გოგოს აქ რა უნდა? თბილისში, „იესემში“ სწავლობდა. აგერ ის კიდევ მამამისია. ისიც უზომოდ ნასწავლი, მერე გაგაცნობთ… მაშ ეს გოგო უნდა გასათხოვარი მყავდეს? მაგრამ ისეთია, სახლიდან ვერ გაიყვან! სულ სწავლობს და სხვა არაფრის გაგონება არ სურს! წიგნებიდან თავს არ იღებს, ჩარგავს თავს წიგნებში და ზის! ოჰ, დედა მოუკვდეს! ჩემი ბრალია, სულ სწავლას და მაღალ ნიშნებს, და პატიოსან ცხოვრებას ვასწავლიდი! ეხლაც სულ ვეუბნები მამა-შვილს, ესე ვერ იცხოვრებთ-მეთქი, ცოტა თუ არ მიდექით-მოდექით. ხომ იცით?! აი, გენაცვალე, ეხლა, თქვენ აქეთ დაბრძანდით.
– გელა, ვალერი, მიაქციეთ ჩვენს თბილისელ სტუმრებს ყურადღება. – უბრძანებს ქალბატონი ნარგიზი ნიშნის მოგებით გამგეობის თანამშრომლებს. – მეც შემოგეხმიანებით, ბატონო გუგა. იგრძენით თავი, როგორც საკუთარ ოჯახში, აი, მთელი გულით გთხოვთ, ისიამოვნეთ ჩვენი სტუმარ-მასპინძლობით. დღეს ბევრი სიურპრიზიც გვექნება. აბა თქვენ იცით!
ნარგიზის წასვლის შემდეგ გუგა თვალს ავლებს ხალხით გადაჭედილ საბანკეტო დარბაზს. დაახლოებით 500 კაცი თითქოს გამადიდებელი ლინზებით ვაჟის ფიზიკურ იერს აშტერდება. სტუმრები მაღალი სიხშირით გამომცდელ მზერებს სტყორცნიან გუგას მისამართით და შემდეგ ჭიანჭველის ჟინით გონებაში ამუშავებენ მიღებულ მონაცემებს. შეიძლება ითქვას, მეფეთკარის ელიტის კოლექტიური გონი მუხლჩაუხრელად თუხთუხებს გუგას ბუნების ამოსაცნობად.
ჩვენს გმირს კი ამასობაში მოსწონს სივრცე და დარბაზის მორთულობა. მის დაკვირვებულ თვალს არ ეპარება და ის თავისთვის აღნიშნავს:
„ამ ხალხსაც კარგად უსწავლია თავის დროზე „შუშანიკის წამების“ საზეპიროები“.
მართლაც, დედანი და მამანი ცალკ-ცალკე აპირებენ პურისჭამას, დამსწრე საზოგადოება გამოხატულად გენდერული პრინციპის მიხედვით არის გადანაწილებული.
თუმცა, როგორც ყველგან, ეს დანაწილება მეტისმეტად პირობითი, დროებითი და არამდგრადია და მხოლოდ საწყის შეთრობამდე მოქმედებს. იგივე, ვთქვათ, „დედათა“, უცხო მოყმის გამოჩენა მათი მზერების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საკმაოდ ძლიერ აღაგზნებს.
გუგას ხვადური ბუნება არჩევს, რომ სტუმართა შორის დიდად მოსაწონი გენდერული მასალა წარმოდგენილი ნამდვილად არაა, თუმც მან ისიც იცის, რომ ნაკლებმიმზიდველ ქალბატონებს უფრო ძლიერი სექსუალური სურვილები ამოძრავებთ.
„ალბათ, ამიტომ, – ფიქრობს გუგა. – მეც მეუფლება ისეთი შეგრძნება ვითომ მთელი დარბაზი დაფეთებული ქალური ხურუშით არის დაელექტრიზებული. რაც, რაღა დასამალია, და სწორედ ჩემი გამოისობით მოხდა.“
გუგა მამაკაცთა საზოგადოებასაც აკვირდება, ძირითადად ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ვაჟკაცებს, რომელთანაც ერთად ამ საღამოს ქეიფი და დროსტარება მოუწევს. ამ ხალხის გარეგნობა პასუხია იმისა, რატომ აინთო ქალთა ნახევრის მზერათა ბროლი ასე ერთბაშად გუგას გამოჩენისთანავე. მოწყენილი, ჟამური ფერები, უღიმღამო, პროვინციულად მომდგარი, ვითომ გამოსასვლელი ტანსაცმელი, ტეტიურად ჩიხური ღარიბი მიმიკა და ჟესტიკულაცია, ღრეტული მოსაზრებები. რაიონის გამგებელიც კი სულ „აე, ბიჭო“-ებით ელაპარაკება თანამშრომლებს.
– აე, ბიჭო, გიო, ხო გააფრთხილე ყველა, კიდევ გადაურეკე და გადაამოწმე!
– ხვალ ხიშლაში ყველა მივდივართ უმიზეზოდ; ხანძრის ჩაქრობაში უნდა დავუდგეთ გვერდით. ეხლაც აქ ბევრი არ უნდა დავლიოთ! – განუმარტავს გამგებელი გუგას და ბიძა დიმიტრის. – განსხვავებულს ხომ დალევთ, პატივცემულო გუგა?
– კი-კი, სიამოვნებით. – გუგას უნდა, რომ „სამინისტროული“ დისკურსი აღაზევოს. – რა ხანძარია? რაღაც მითხრეს, მგონი. მეგობარმა დამირეკა საგანგებო რეაგირების დეპარტამენტიდან. ხიშლა აქედან 60-70 კმ იქნება, არა?
– კი, მე არ ვარ ნამყოფი. მე თვითონ თბილისელი ვარ, აქ მოვალეობის შემსრულებლად ვარ. ეხლა მწვადებს მოიტანენ და სიმღერასაც შეგისრულებთ ჩვენი მთვარისა. თქვენ არ იცით, რა მომღერალი გვყავს, ბატონო გუგა?! აი, ჯერ ეს ჩვენი რაიონის სახელობის ყანწი დალიეთ, ბევრი არა, სულ 400 გრამი ჩადის, გენაცვალე.
ყანწდალეულ და რიგიანად შეზარხოშებულ გუგას სმენას ერთობ ბალღამად ეფინება ტკბილი ინტრო სიმღერისა „საქართველოს მანანებო“. ვაჟი ღირსების ორდენოსანი კაველერის არისტოკრატიზმით იქით ბრუნდება, სადაც ცოცხალი ბენდი განთავსდა. მცირე ავანსცენაზე ყაყაჩოსფერ მოსასხამში გამოწყობილი ახალგაზრდა ფრონტმენი-ქალბატონი გადმომდგარა. ექსტრავაგანტული გარეგნობის მომღერალს მუხლზემოთ საკმაოდ მაღლადმომდგარი შავი ტყავის ჩექმა ამშვენებს, გრძელი მუქი თმა და გამომწვევი დეკოლტე.
მიუხედავად იმისა, რომ ქალი შორიდანვე არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას ტოვებს, გუგას მაინც უფრო მეტად მისი სიმღერა აღაფრთოვანებს. ქალი ლაღად გრძნობს თავს დაბალ რეგისტრში, ინსტრუმენტალური სოლოს შემდეგ კი აკეთებს მისამღერის ერთოქტავიან აწევას, რის შემდეგაც მისი გულამოსკვნილი ემოციურობა ჭკვას აკარგვინებს ყოველ მსმენელს.
გუგა იმდენად გადარეულია მომღერლისადმი გაღვივებული ლტოლვით, რომ მოუთმენლად ელოდება ცეკვების გამოცხადებას და თან მწყურვალი მგზავრივით ეძალება ღვინოს.
გვერდული მზერით ის ამჩნევს, როგორ ეარშიყება ქალბატონი ნარგიზი ბიძამისს საქართველოს „სხვანაირი ცხოვრებისა და ჩვენ ახალგაზრდობის წლების“ თემის გავლით, სარგებლობს შემთხვევით და სთხოვს რამე საცეკვაო დაუკრან.
ნარგიზი მეფე დავითის მალემსრბოლივით ენთება გუგას ნების შესასრულებლად.
ვიღაც უნებლიეთ რთავს მერაია ქერის „I give my all”-ს. დარბაზი წყვილებად იშლება.
გუგა ფეხაკრეფით, რომ ბარბაცი არ შეეტყოს, დგება ადგილიდან და გამჭოლი მზერით, რომელშიც სულ უფრო ნაკლებია სამინისტროს სტაჟიორისა, და სულ უფრო მეტი ქართველი ჰერაკლესი, მთვარისას ადგილსამყოფელისაკენ მიემართება.
გულისშემძვრელი მუსიკის ტალღებში იგრძნობა როგორ გაყუჩდა რესტორან „ნიკალას“ დარბაზი! მთელი მეფეთკარის დედათა მოდგმა მწყერივით ინაბება, იგი ერთბაშად შეიპყრო საკითხავმა თუ ვის აირჩევს სამინისტროდან ჩამობრძანებული თვალისჩინი-ვაჟბატონი.
აი გუგა გასცდა ერთს, მეორეს, მესამეს, მეოთხეს. იგი კარგად ხვდება, რომ რაღაც არნახულად თამამ ნაბიჯს დგამს მეფეთკარის ისტორიაში, უმსხვრევს რა გულს ადგილობრივ ლამაზმანებს, რომლებიც ამაღამ კიდევ ერთხელ თავს ჩარგავენ მეფეთკარულ ბალიშებში და უბედობას დაიგოდებენ.
გუგა ტორეადორივით მთვარისას წინ აღიმართება და სთხოვს ეცეკვოს.
მთვარისა არ ელოდება მოვლენათა ასეთ განვითარებას ან ცდილობს გარშემომყოფებს აფიქრებინოს, რომ სახტადაა დარჩენილი გუგას წინადადებით.
თუმცა რამდენიმე წამში იგი გუგას რკინის მკლავებში ექცევა.
– აი, მართლა! საოცრად ლამაზად მღერით! აღტაცებული ვარ! – ამბობს გუგა სხაპასხუპით. – თქვენი ფანი ვარ!
– უიმე, გმადლობ! მე ვიცი, რომ პროფესიონალი ვარ, მაგრამ თქვენი შეფასება. სულ სხვა რამაა…
– თქვენ მართლა არაჩვეულებრივად მღერით, გულშიჩამწვდომად, აგიჩუყდება კაცს გული, დამბურძგლა-რა, დედას ვფიცავარ! – გუგას სული ეხუთება ქალის სუნამოსაგან. მას ასევე ქალის სხეულის უცენზურო სიახლოვე გონს ურევს. ქალი თავისი უხვი მკერდით გუგას მკერდს ეკვრის, ხოლო ვაჟის სახე ქალის თმები ეფერება.
– ვგიჟდები პროფესიულ შესრულებაზე, ადამიანებზე, ვინც ცხოვრობს თავის ხელოვნებაში. თქვენ ასეთი ბრძანდებით!
– თქვენც მისდევთ მუსიკას? მღერით?
– დიახ… ოჯახში ვმღერით ხოლმე ხალხურებს. იცით, თქვენი სახელი მინდა ვიცოდე…
– მთვარისა.
– სასიამოვნოა. მე გუგა მქვია. ხანდახან ვუკრავ კლავიშზე, მაგრამ თქვენ მართლაც ღვთაებრივი ნიჭი გაქვთ, მთვარისა. და შემიძლია უსასრულოდ გისმინოთ და თავი სამოთხეში მეგონება.
– მაგრამ, წარმოგიდგენიათ, რომ ბევრს ვერ ესმის ეს, გუგა? იცით, რა ძნელია? – სევდამორეული ხმით ამბობს მთვარისა.
– შეიძლება, მაგრამ თუნდაც ეს შესრულება ერთ სიცოცხლედ ღირს… თქვენ ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ. კარიერა, სიმღერა, მომავალი.
– წინ? – მთვარისა ცოტა ტორტმანებს ამ სიტყვაზე.
– რა? არა? მთავარი მაინც ხომ სურვილი, დიდი სურვილი და რწმენაა.
– ეჰჰჰჰ, კი, მაგრამ… თქვენ შეიძლება ეგ თქვათ, მაგრამ ჩემთვის უკვე…
– უკაცრავად, მაგრამ ვერ ვიგებ?! რატომ ამბობთ ასე, მთვარისა? მუსიკოსს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა. გაიხსენეთ ცნობილი მუსიკოსების ბედი, ვერ მეტყვით ისეთს, რომელსაც არ ჰქონია დასაწყისში პრობლემები. ამსტრონგი, რეი ჩარლზი, „ბითლზები“. ახლებიც ავიღოთ, აი სიტყვაზე, „ნიქლბექი“. ამასწინ ამოვიკითხე, რომ 4 წელი თურმე სულ რადიოებში დადიოდნენ და თავიანთ სიმღერების გაშვებას ეხვეწებოდნენ და შემდეგ ერთგულ მსმენელებს სთხოვდნენ, რომ ემესიჯებინათ მათ სასარგებლოდ. ასეთია ნიჭიერი კაცის ცხოვრების განთიათი, მთვარისა.
– კი, ჩვენ გვქონდა ადრე ანსამბლი… „ნატვრისთვალი“, ასე ერქვა. მაგრამ 10 წელი იარსება და უსახსრობის გამო დაიშალა. ძნელია მუსიკოსობა, როცა სულით მღერი და არავინ გისმენს. დღეს საქართველოში ნამდვილი მუსიკა და ხელოვნება აღარ ფასობს.
– მაინც მგონია, რომ თქვენი ნიჭის ადამიანს დიდი ოპტიმიზმი უნდა ჰქონდეს, მთვარისა. ეხლა ვფიქრობ და მგონი შემიძლია კარგი კომპოზიტორები გაგაცნოთ და ანსამბლებთანაც დაგაახლოვოთ.
– იცით, რა?! ჩემს ასაკში, ალბათ, მუსიკოსები უკვე აღარ რისკავენ.
– რატო ახსენებთ ასაკს ასე ხშირად, მთვარისა? – კითხულობს გუგა გაოცებით.- ცოტა უხერხული შეკითხვაა, მაგრამ რამდენი წლის ხართ?
– უიმეეეე…- მთვარისა ოდნავ ფითრდება და უფრო მეტად ეხვევა გუგას. – ნუ მკითხავთ.
– არა, რატო?! მითხარით-რა. რა არის აქ დასამალი?
– თქვენი აზრით? რამდენის ვიქნები?
– ვფიქრობ, მაქსიმუმ 26-28 წლის. – პასუხობს გუგა, მაგრამ თან გრძნობს, რომ ცოტა გადააჭარბა.
– კარგით-რა, გუგა! – საყვედურობს მთვარისა. – ასე ხუმრობა არ შეიძლება.
– რას გულისხმობთ?!
ბედიის ირონიით ამ ფრაზაზე მუსიკა წყდება და გუგა იძულებული ხდება მაგიდასთან დაბრუნდეს.
ყმაწვილის სითამამით შეგულიანებული მეფეთკარელი გოგონები და ქალბატონები რიგრიგობით იწვევენ გუგას საცეკვაოდ. საყოველთაო აღიარებით გაქეზებული ნასვამი გუგა სულ ერთმანეთში ურევს შალახოს, ქართულისა და ტანგოს ილეთებს. გაცხოველებულად მუშაობს მეფეთკარელების ფოტოაპარატი და აღელვებულ გუგას ორიგინალურ ქორეოგრაფიულ იმპროვიზაციებზე იჭერენ.
ბოლოს ქანცგაწყვეტილი გუგა, იხელთებს თუ არა შესაძლებლობას, ისევ მთვარისასკენ ენთება.
– მოდით თქვენობით ნუღარ ვისაუბრებთ, მთვარისა.
– კარგი, გუგა.
– ვერ ვმალავ ჩემს ემოციებს. რა ტკბილად მღერი! მინდა მეგობრები ვიყოთ. და ყოველთვის! არ დავკარგოთ ერთმანეთი, არასოდეს, მთვარისა! რაც არ უნდა მოხდეს.
– ჩვენ მეგობრები ვართ ისედაც. ხელოვანი ადამიანები სულიერი მეგობრები არიან, გუგა.
– მინდა დაგირეკო და შენი ცოცხალი სიმღერა მოვისმინო ხოლმე. შენი სიმღერა მიბრუნებდეს სიცოცხლეს, როგორც გაზაფხული, როგორც ყვავილობა ვაზისა, როგორც დედის ხმა, როგორც შვილის პირველი ტიტინი.
– იცი, მართლა ბევრს უთქვამს, „შენი სიმღერა ენერგიას მაძლევს“-ო.
– გეფიცები, საქართველოში ცნობილი მომღერალი უნდა გახდე, მთვარისა. დამიჯერე, შენთვის სულაც არაა ძნელია.
– გუგა, შენთვის ადვილია სათქმელად.
– კაი-რა?! შენ რაღა გიშლის ხელს, მთვარისა?
მთვრალი გუგა ყოველგვარი დელიკატურობის გარეშე ჩააცივდა მთვარისას. მის აზროვნებას სულ უფრო ძლიერ ახშობს ქალის მომაჯადოებელი სურნელება და უფრო მეტად, მისი ავხორცი სხეულის სხეულზე სრიალი.
– ასაკი.
– უკვე მეორედ ამბობ ამას.
– …თან განათხოვარი ვარ. შვილი მყავს.
გუგა არაფერს არ იმჩნევს, რაშიც მას ბახუსიც ხელს უწობს. მამაკაცების უმრავლესობას ქალის ამგვარი განცხადებები ქვეცნობიერად, უკუცნობიერად თუ სადღაც, ფსიქიკის გაუმჟღავნებელ სიღრმეებში, უდაოდ ძლიერ სიამოვნებთ. რა თქმა უნდა, საჯაროდ ისინი ზოგადსაკაცობრიოდ იშმუშნებიან და იჭმუხნებიან. აი, ვთქვათ, როგორც ჯორჯ ბუში-უმცროსი კონგრესში, როდესაც ერაყში შეჭრის აუცილებლობასთან დაკავშირებით მრავალსაათიან სიტყვას წარმოთქვამდა.
თუმცა სინამდვილე ისაა, რომ ყოველი ქმარსდაშორებული ქალი, მამაკაცების დიდ ნაწილს, მათი სექსუალური ინსტინქტის პრიმიტიულობიდან გამომდინარე, პოტენციურ ტროფეუმად წარმოუდგენია; ისე, თითქოს ქალმა ეს, განქორწინების შესახებ, გადაწყვეტილება სწორედ უცხო კაცისადმი უსასრულო სიყვარულის გამო მიიღო.
გუგა ცოტა არ იყოს სათქმელს ვერ პოულობს. ერთის მხრივ, მთვარისა უკანასკნელი წინადადებით ამცნობს ვაჟს, რომ მხარდაჭერისა და მამაკაცური მზრუნველობის გარეშე, დეპრესიაში იმყოფება. მეორეს მხრივ, იგი გუგას უფრო მეტი აღვირახსნილობისა და თავშეუკავებლობისაკენ მოუწოდებს. თუმცა ბუნებით რომანტიკოსი, გუგა, სულ სხვანაირად აგრძელებს თამაშს და კვლავ ემუდარება მთვარისას არ შედრკეს სულიერი არჩევანის გზაზე. ის იმდენად იფლობა ცრუ და უადგილო ოპტიმისტურ რიტორიკაში, თითქოს ვერ გრძნობს, როგორ მონდომებით ეხახუნება მის მკერდის ძვალს ქალის მკვრივი ძუძუები. თითქოს ვერც იმას გრძნობს როგორ, საპარადედ დარაზმული ჯარისკაცებივით, ეწყობიან მის გონებაში აზრები იმის თაობაზე, რომ მთვარისასთან ეხლა იგი წესით სხვაგან და სულ სხვა ვითარებაში უნდა იყოს.
– მთვარისა, მთავარია გწამდეს საკუთარი თავის, საკუთარი ნიჭის და ყველა პრობლემას გადალახავ! მე მჯერა, რომ შენთვის ეს არაფერია.
– გმადლობ, გუგა. შენ კარგი ადამიანი ხარ!
– დამიჯერე-რა!
– კარგი.
– რამდენი ხანი უნდა იყო კიდევ აქ? უჩემოდ არ წახვიდე-რა. ჰა, მთვარისა? დამიტოვე შენი მობილურის ნომერი.
– კარგი, გუგა. – უღიმის მთვარისა და უფრო ძლიერ ეკონება გუგას. მუსიკის ბოლომდე ისინი ჩუმად და შეხმატკბილებულად ცეკვავენ.
გუგა ფერდაკარგულ და წახდენილ სუფრასთან ჯდება და თანამეინახეებთან უღიმღამო დიალოგში შედის.
მთვრალი მეფეთკარელები ვაჟკაცურად ეკვეთებიან ინფლაციისა და რეგიონალური განვითარების საკითხებს.
სტუმრის სითამამით გაგულისებული გამგეობის თანამშრომლები არ ინდობენ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომლის განსახიერებაა გუგა, და გულღრძოდ აპელირებენ არათანაბარ ეკონომიკურ განვითარებაზე.
მხოლოდ ბიძა დიმიტრის ჩარევა თუ ახშობს უკმაყოფილების ლოკალურ კერებს.
გუგას ვიღაც მხარზე ნაზად ეხება.
– მთვარისა, მიდიხაარ?
– კი, გუგა. – ქალი აშკარად შეწუხებულია. – დავიღალე, თავი ამტკივდა. ეს ჩემი ტელეფონის ნომერია, გუგა, დამირეკე, როცა გექნება სურვილი.
– კარგი, მთვარისა, დიდი მადლობა. აუცილებლად დაგირეკავ ამ დღეებში.
გუგას ისეთი შეგრძნება აქვს, ვითომ ქალმა სული და გული ამოაცალა და უკანმოუხადავად მიაქვს.
ღვინოც ვერ ახჩობს კაცის აზვირთებულ ხვაშიადსა და მონატრებას. ვერც განსხვავებულ სასმისებს, ვერც სიმღერებს და ვერც ვნებააშლილ ქალბატონებთან გიჟურ ცეკვებს ვერ ძალუძთ მშვენიერი მთვარისას სახის განდევნა ვაჟის ფიქრებიდან.
– ეგ კარგ გოგო ნახე, ისე, ხომ იცი?! – ეუბნება ბიძა დიმიტრი გუგას, როდესაც ისინი ღამის 2 საათზე გზატკეცილით ბრუნდებიან თბილისში.
– კი, მენატრება უკვე. – ოხრავს გუგა.
– ჰოდა, ჩააკითხე. დამიჯერე, რომ ძალიან მოეწონე.
მომდევნო დღეებში გუგა მონუსხული და გზააბნეული დადის სამინისტროს დერეფნებსა და ოფისებში. ის ხეტიალობს შენობის ფლიგელში, სადაც მეფეთკარის რეკონსტრუქციის გეგმა საგანგებოდაა გამოფენილი. მას დროდადრო ცხადში ესიზმრება მთვარისას ნაზი კანი, შეხება, და მთვარეულივით უმისამართოდ იღიმის.
გუგა დაჟინებით უყურებს მინისტრის მესამე მოადგილის წითელ კაბას და მხოლოდ თვალების სევდიანი გამომეტყველება იხსნის მას სამსახურეობრივი გაფრთხილებისაგან.
შუქნიშანზე გაჩერებული, ის თვალს არ აცილებს ვიღაც გოგონას და მხოლოდ კისრის მიხვრა-მოხვრით ამსგავსებს მას მთვარისას. გუგასთვის მოძრაობაც, ადამიანების საუბრები და გადალაპარაკებაც, ყველაფერი, სივრცეში გაადგილებითი, კარგავს ტემპს და თითქოს წებოვანი კინოსლაიდების მოზაიკა ხდება. ის ოცნებობს მთვარისას კოცნაზე, მისი თითების სითბოზე, ხავერდოვან ხმაზე, სუნამოზე, რომელიც ატყვევებს ვაჟის მხეცურ საწყისს და ფერხთით სცემს ყოველგვარ სიშმაგეს და უძლეველობას.
რაც უფრო მეტს ცდილობს, რომ თავი შეიკაოს მთვარისაზე ფიქრისაგან, მით უფრო ითრევს გუგას სასიყვარულო აზრების მორევი. ქალის გამომწვევი შავი თვალები, ალერსიანი ხელები, ვნებიანი მკერდის შეხება აშფოთებს ვაჟის ყმაწვილურ სულსა და ხორცს. გუგასთვის მთვარისას სახეში ნაზი, პირშვენიერი და იმავდროულად აწყვეტილი არსებები ერთიანდებიან.
ხანდახან გუგას უფუჭდება განწყობა იმის წარმოდგენით, რომ ვაითუ მთვარისამ უარყოს მისი სასიყვარულო გრძნობა.
გუგა იჩემებს რაღაც მუსიკალურ კომპოზიციას და გამუდმებით უსმენს.
ორი საღამოს განმავლობაში ის სეირნობს მტკვრის სანაპიროზე და აცნობიერებს, რომ გულის სიტყვებში ბარათიშვილის პოეზია იჭრება.
ბოლოს, ბანკეტიდან მესამე დღის საღამოს, გუგა ხელის კანკალით კრეფს მთვარისას სატელეფონო ნომერს.
– მე ვარ, მთვარისა. სულ მენატრება მას შემდეგ შენი სიმღერა… უკვე ვითვლი დღეებს როდის მომეცემა შენი ნახვის საშუალება.
– მეც მენატრები, გუგა. მე კი სულ მეფიქრებოდა როგორ იმგზავრეთ, მინდოდა მომეწერა და მომერიდა. საკმაოდ ნასვამები იყავით…
– კარგად, კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ბიძაჩემს ახლობლები ჰყავს საპატრულო დეპარტამენტში, რომ გავეჩერებინეთ, პრობლემა არ იქნებოდა. შენ მითხარ როგორ ხარ?
– ეჰ… გუგა, ხომ მალე ჩამოხვალ? – კითხულობს მთვარისა გულის ფანცქალით და ამით უფრო ამძფრებს ვაჟის გაუსაძლის სულიერ ტკივილს.
– კი, ამ შაბათს აუცილებლად ვაპირებ, აუცილებლად. – გუგა ჰაერში აკავებს ფრაზას „მინდა გნახო“. – თქვენთან გამგეობაში მაქვს საქმე.
– მნახე, გუგა. ისე არ წახვიდე.
– კი, მთვარისა.
სანატრელ შაბათამდე გუგა ორჯერ კიდევ ურეკავს თავისი მწველი ტრფობის ობიექტს.
– არ მინდა ხოლმე შენი შეწუხება, მაგრამ, შენს თავს ვფიცავარ, ხელი თავისით პოულობს ნომერს.
– დაქალებთან ერთად ვართ. და შენც შემოგვესწარი.
ტელეფონში გუგას მანდილოსნების კისკისი და ხმამაღალი საუბარი ესმის.
– გოგოები ამბობენ, ხელოვან ადამიანებს გაუმარჯოს შენი თამადობითო. მე კიდევ ვიტყოდი ნამდვილ ქართველ ვაჟკაცებს გაუმარჯოს, შენი თამადობით, ჩემო გუგა. დაუფიქრებლად შემიძლია ვთქვა, რომ შენში ნამდვილი მამაკაცურობა და აღზრდა იგრძნობა და ძალიან მიხარია, რომ გაგიცანი. შენ გაგიმარჯოს, ვაჟო!
ასეთი ამაღელვებელი სიტყვების შემდეგ, რომლებიც, სავარაუდოდ, მკვდარსაც კი გააცოცხლებდნენ, მთელი გუგას სულიერი სამყარო პრეისტორიულ ქაოსში ექცევა. ახლა კაცის მთელი ძალ-ღონე იმისკენაა მიმართული, რომ როგორმე გადააგოროს შაბათამდე დარჩენილი ორი დღე. მტკვრის სანაპირო, როგორც ყოველთვის მის სამსახურშია, და ტალღების ხმაურით ისმენს ჭაბუკის ფეხისხმას, ფიქრებსა და გულის მურაზს.
შაბათს, დილით, ლონდონელი დენდივით გამოპრანჭული გუგა, თავდაპირველად საკუთარი იმიჯის გამოსაცდელად, მეზობლის სამძიმარზე მიდის, იზიარებს ჭირისუფლების მწუხარებას და უბოდიშებს:
„მეფეთკარში მაგზავნიან სამინისტროდან, მაპატიეთ, რა ძია სიმონ, ვერ დავრჩები!“
შემდეგ მეგობრების წყალობით სადღაც საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანძურიდან გუგა შოულობს სიგარეტ „Camel”-სა და კონიაკ “Hennessy”-ს, ორივეს ლიმიტირებული სერიიდან.
Bankoboev.Ru_obvorazhitelnaya_krasotka_na_foto_v_temnyh_tonahგამგზავრებამდე ჩვენი გმირი კიდევ ერთხელ უკავშირდება სატრფოს.
– მთვარისა, ისევ მე ვარ. სად ჯობია, რომ შევხვდეთ? შენთვის სად და როგორ იქნება უფრო მოსახერხებელი?
– როგორ თუ სად? ჩემთან სახლში მოდი. ჩემთან, გუგა. ასე ჯობია, ქუთაისის ქუჩა # 32.
გუგა მცირეოდენ უხერხულობას გრძნობს მთვარისას შემოთავაზების გამო.
– შენთან, მთვარისა?
– კი-კი, აბა რა? მოდი, გუგა, დაგელოდები. რომელი საათისთვის იქნები? ცოტა ხნით სახლიდან გასვლას ვაპირებ. ნუ სულ ცოტა ხნით, ყველაზე მეტი ერთი საათით. ნებისმიერ შემთხვევაში, სამის შემდეგ მე სახლში ვარ და გელოდები.
გუგა ისევ გაურკვევლობაშია მთვარისას ასეთი შემხვედრი წინადადებით.
ვინ დახვდება ოჯახში? ოჯახის წევრები?
როგორ აღიქვამენ ისინი უცხო მამაკაცის გამოჩენას მათ გარემოში?
ალბათ, მისი ურთიერთობა მთვარისასთან ყავის დალევითა და მცირეოდენი არაფრისმთქმელი დიალოგით შემოიფარგლება?
იქნებ საერთოდაც სისულელე იყო ასე ჰაიჰარად გამგზავრება და ჯობდა მთვარისას თბილისში გამოპატიჟება?
თუმც ქალის ხილვის წყურვილი იმდენად სულისშემხუთველია, რომ მთელი მგზავრობის განმავლობაში ვაჟი მოსალოდნელი შეხვედრის წარმოსახვაზეა გადართული.
რომელი ფათერაკების მაძიებელი ან რომანტიკოსი არ ყოფილა ასეთ მდგომარეობაში? როცა შეუცნობელი და იდუმალი, ვნებითა და ჟინით გიზიდავს, გითრევს, აბუჩად გიგდებს და არჩევანს არ გიტოვებს; გეძახის საკუთარი სიმამაცის გამოსაცდელად, სასურველი ქალის უბრალოდ მოსანახულებლად, ფიქრისა და ოცნების დასაპურებლად, ფრთების გასაშლებად, ქვესკნელისა და ყოველდღიურობის მისატოვებლად. და თუნდაც ყველაფერი ამაო იყოს, თავისთავად ეს წადილი და ეს ნეტარება უკვე მარადისობას გულისხმობს!
…საღამოს ხუთისათვის გუგას „ჯიპი“ მთვარისას სახლთან ჩერდება.
– მგონი შენს ქუჩაზე ვარ, აი 32 ნომერიც… – ამბობს გუგა.
შემდეგ მის ხედვის არეში, გზის გადასწვრივ, ჯიხურთან მდგომი მთვარისა ჩნდება, რომელსაც მხარით მობილური ტელეფონი უკავია, და, სიხარულისაგან გაბრწყინებული, ირივე ხელით ესალმება დაგვიანებულ სტუმარს.
გუგა შორიდანვე ამჩნევს, რომ ქალი საშინაოდ არის გამოწყობილი. კიდევ რამდენიმე წამიც და ვაჟი გრძნობს თუ როგორ, მისგან სრულიად დამოუკიდებლად, ჩქარდება მისი გულისფეთქვა.
მიუხედავად გუგას მთვარისასადმი მძლავრი ეროტიული ლტოლვისა, ვაჟი ვერ მალავს ელდასა და შეცბუნებას. მშვენიერი ქალბატონის უმჭიდროვესი შავი „ელასტიკები“ და ტანზე ზუსტად გამოყვანილი ჭრელი ბლუზა გულახდილად უყვებიან მთელ სამყაროს მანდილოსნის ვნებიანი მკერდისა და სხეულის ჭეშმარიტ ზომებისა და ფორმების შესახებ. გრძელი გაშლილი თმა გუგას იმ ჯადოსნურ საღამოს ახსენებს, როდესაც ამ საოცრებას იგი მხურვალედ იკრავდა გულისპირზე.
„მგონი, ჩემზე პატარაც უნდა იყოს! მე კიდევ 30 ხარ-თქო. რა ტეხავს?!“ – ფიქრობს გუგა.
– როგორ ხარ, მთვარისა? რა ლამაზად გამოიყურები! – ეუბნება აღმაფრენით გუგა და წრფელი ქართული გულღიობით კოცნის ქალს.
– მოდი, შემოდი, მანქანა აქვე გააჩერე. არაა პრობლემა. ხელს არავინ დაადებს. – ლაღად პასუხობს მთვარისა.
– ეს ჩემი სახლია, მობრძანდიიიიით. აქეთ… აბა როგორ ხარ? ძალიან დაიღალე მგზავრობით? დამღლელი გზაა, ხო?
– არა, არც ისე. – გუგა მცირედ უხერხულობას გრძნობს, რადგან არ იცის რა ხდება შიგნით.
– მოკლედ, ჩემო გუგა, უგემრიელესი კერძები გავამზადე შენს დასახვედრად. ხომ გიყვარს ჩაქაფული, სოკო? წიწილი ჩქმერულად? თან იცი, რა გემრიელად ვამზადებ?.. ეხლა, ერთ წამს, მოიცადე, რა გვინდა კიდევ? სულ ათი-თხუთმეტი წუთი მჭირდება. ხომ გშია? ეს რა არის? კონიაკი? ვა რა მაგარია! თან რა ძვირფასი ჩანს!
– კი, ათწლიანი დაყენების კონიაკია, სულ ხუთი ბოთლია შემოსული საქართველოში, ისიც დიპლომატიური საჩუქრების ხაზით, მსოფლიოში კი 100 ბოთლია სულ ასეთი ჩამოსხმული.
– რა კარგი ბიჭი ხარ, რომ იცოდე! მეც კი მაქვს სასმელი. ნუ, ღვინო ხომ მაქვს გლეხური, ლიქიორიც, ცოტა ამარეტოც მაქვს. მაგრამ… ვაიმეეეე, რააა! ყავა დამავიწყდა მეყიდა და პური. ეს ჩემი მეხსიერება ბოლოს მომიღებს! ერთხელაც გავალ, ვიყიდი და სულ 2 წუთში აქ ვარ. კარგი? მერე სუფრა გავშალოთ და ვივახშმოთ.
მთვარისას საოცრად თბილი და კეთილგანწყობილი თვალები ეფერება ვაჟს.
– კარგი? არ მოიწყინო, ხო, გუგა?
– არა, მაგრამ ნუ წუხდები-რა, გთხოვ.
– არა, არა, მეტი არაფერი არ თქვა ამის მსგავსი. მოიცადე, მუსიკას და ტელევიზორს ჩაგირთავ, არ მოიწყინო. და სულ ორიოდე წუთიც არ მინდა და აქ ვარ…
მთვარისა გადის ოთახიდან, გუგაც დაძაბულობის მოსახსნელად ჯერ უსმენს მისი ნაბიჯების ხმას, შემდეგ კი თითქოს იძულებით ათვალიერებს ოთახის გარემოს. მის წინაშეა ხანდაზმული, მაგრამ კარგად შენარჩუნებული საბჭოთა დროის ინტერიერი. მაშინ, დაუწერელი წეს-ჩვეულების თანახმად, რაიონებისა და სოფლების მცხოვრებლები სტანდარტული ორსართულიანი სახლის ზედა ნაწილს განსაკუთრებული დღეებისათვის კეტავდნენ და იქ არავის უშვებდნენ. ხოლო თვითონ ოჯახი კი, ხან წლიდან წლამდე, პირველ სართულზე ბინადრობდა. გაკრიალებული და ხელშეუხებელი მეორე სართული ხშირად იმდენად საკვირველი სანახაობა არის, როგორც უნატიფესი, ხალასი ნიჭის ბავშვი ვიგანდარა თანატოლებში, ან კიდევ უკიდეგანო ტალახში გაფურჩქნული ლოტოსის ყვავილი.
მთვარისას ოთახებსაც დიასახლისის პედანტური მომთხოვნელობა და სისუფათავის მიმართ შეუვალობა ატყვია.
80-იანების პოპულარულ შპალერის ყვავილოვან სახეებში, ყოველ მაგიურ კვანძშიც კი იგრძნობა, რომ ვიღაც წარსულში საკმაოდ დიდხანს ზრუნავდა და ინახავდა ამ გარემოს წაუბილწავს.
ტელევიზორის მაგიდის გვერდით ტრელიაჟია მოთავსებული, რომელიც ერთდროულად შირმის მოვალეობასაც ასრულებს. სარკის წინ უამრავი ძვირფასი უცხოური წარმოების ნელსაცხებელი, გელი, ქალის სუნამოები, აქსესუარები და ბიჟუტერია არის დაწყობილი. აქვეა მთვარისას საკონცერტო გამოსვლების ამსახველი ფოტოები. ცალკე სადგამზე წამომართული “მუსიკალური ცენტრის” გვერდით გუგა აუდიო-დისკების მდიდარ კოლექციას ავლებს თვალს. ბობ მარლი, დევიდ ქოვერდეილი, ლუჩანო პავაროტი, ქეთი მელუა, ანსამბლი „ივერია“. ბოლოს მისი არჩევანი ენიო მორიკონეს კომპოზიციებზე ჩერდება…
– ხომ ვიცოდი, რომ მართლა კარგი გემოვნება გაქვს! – ამბობს დაბრუნებული მთვარისა.
– მაგარია! ვაფანატებ „ერთხელ ამერიკას“ მუსიკაზე.
– მე „პროფესიონალის“ მუსიკაც ძალიან მიყვარს.
– ბიჭო, გუგა. მოდი ახლა შენ ის მითხარ – სალათს წიწაკა როგორ გავუკეთო – საშუალოდ თუ კარგად? ბლომად, ხო?
გუგა გულუბრყვილოდ იცინის.
– მიყვარს მწარე საჭმელები. მწარე მირჩევია.
– კარგი, გენაცვალე. იმედია არ მოიწყინე?! ხომ არ გცივა? ზამთარში აქეთ ვარ ხოლმე. ის ოთახები გამოკეტილი მაქვს. მოიცადე უცებ ღუმელსაც დავანთებ. და მომენტალურად ჩათბება.
– არა-არა. მშვენივრად ვგრძნობ თავს. – ამბობს გუგა, თუმც მან რამდენიმე წუთია უკვე განიზრახა ნათელი მოჰფინოს საკითხს მთვარისას ოჯახური მდგომარეობის შესახებ. რაგინდ რთულიც არ უნდა იყოს, გუგამ წერტილი უნდა დაუსვას შინაგან დისკომფორტს; არცოდნას თუ რამდენი კაცი ცხოვრობს ამ სახლში, ვინ არიან ისინი, რა დამოკიდებულებები აქვთ ერთმანეთთან.
– მთვარისა, ოჯახის წევრები… ოჯახის წევრები როდის დაბრუნდებიან?
– ოჯახის წევრები? – მთვარისას სანდომიან სახეს სევდას ერევა. – დედაჩემი შარშან დაიღუპა.
– უი, ბოდიშს მოვიხდი, არ მინდოდა.
– არა, ეს ხომ ცხოვრების კანონია… ყველანი მოკვდავნი ვართ. მაგრამ ძალიან დამწყვიტა გული მისმა გარდაცვალებამ.
– შენი ბავშვი? მაშინ, მგონი, მითხარი „შვილი მყავს“-ო.
– ბავშვი? – მთვარისა ხარხარებს. – ა, ხო! შენ არ იცი და არც მითქვამს?! ჩემი „ბავშვი“ ჯარშია!
– როგორ თუ ჯარში?
– ჯარში-რა. ხომ იცი ჯარი?! კაცია უკვე ჩემი შვილი, თან თავისი ოჯახი ჰყავს. გორში მსახურობს, კომანდოს ბატალიონში ოცმეთაურია, დედა ენაცვალოს. შენ ისიც არ იცი, ხო, რომ „პატალააც“ გვყავს, ექვსი თვისაა, ისეთი საყვარელია. ვა-ტა-ტა-ტა, ბებოს ქალობა, აგერ ნახე მისი სურათი მიდევს… აგერ სერვანტის თავზე.
– რაააა? მოიცა, მეხუმრები? – გუგას მიმართვაში დაუფარავი პროტესტი გამოსჭვივის.
– რა არ გჯერა? რა არის აქ დაუჯერებელი?
– მე შენ ასე 28-30 წლის მგონიხარ.
მთვარისა მომხიბვლელად ღიღინებს.
– 27 წლის ჩემი ბიჭია, აჩიკო. 27 წლის!
– მოიცადე და შენ თვითონ რამდენის ხარ?
– მე კი ორმოცდა ოთხი წლის…
– რააა? რას ლაპარაკობ, მთვარისა!!! – ელდანაცემი გუგა გაოცებისაგან პირს აღებს.
გაოგნებულ ვაჟს უკვე ვეღარ გაურკვევია თუ რა უფრო აღაშფოთებს. ის, რომ პაემანზე რამის დედის ასაკის ქალთან მობრძანდა? ის, რომ ამ ქალს „წითელი ბერეტი“ შვილი ჰყოლია, რომელიც, მართალია, ცალკე ცხოვრობს, მაგრამ შეიძლება რომანტიზმით გატაცებულ წყვილს თავზე ნებისმიერ წუთს წაადგეს? ის, რომ რაღაც ბანალური ინტრიგის ყულფში ძვრება? ან თუნდაც ის, თუ როგორ და რანაირად უნდა აერიოს ჭკუათმყოფელ მამაკაცს 28 და 45 წლების მანდილოსანი ერთი მეორეში?
– გეფიცები, მართლა ძალიან პატარას გავხარ. – ბუტბუტებს ნირწამხდარი გუგა.
– კი, ბევრს ეშლება ჩემი ასაკი. ქალისთვის კი ამაზე დიდი სახალისო ნეტავი რა უნდა იყოს?! შენთვის რამე პრობლემას წარმოადგენს ჩემი ასაკი? მე, მაგალითად, არ მადარდებს… მოდი ერთ წამს, ეს მაგიდა აქეთ გადავდგათ. სულ რამდენიმე წუთი და ყველაფერს მოვიტან. შენ არაფერზე არ შეწუხდე.
– არა, რა პრობლემა უნდა იყოს?! უბრალოდ, სხვას რომ ეთქვა, ვერანაირად ვერ დავიჯერებდი. თან ბებიაც ყოფილხარ! მაინც ახლა… შენი თანატოლები სულ სხვანაირად გამოიყურებიან. ნუ შეიძლება ასაკი რაღაცნაირად არ გამკვირვებოდა, მაგრამ თან შვილი, ასეთი დიდი, თან შვილიშვილი!
– კი, ადრე გამათხოვეს. თხუთმეტი წლის ვიყავი და მალევე დავფეხმძიმდი. სად მქონდა ჭკვა, არ იტყვი?! ეჰ, მაინც რა არის ახალგაზრდობა და თავქარიანობა?! – აცხადებს მთვარისა უმშვენიერესი ღიმილით პირზე. – არაუშავს, ეხლა მე და შენ კარგად ვივახშმოთ და ვიქეიფოთ.
გუგას თანხმობა ზმუილს ემსგავსება. ის ფორმალურად ეკითხება მთვარისას.
– და ეხლა რაიმე ანსამბლში მღერი, მთვარისა?
– კი. თან გამგეობაშიც ვმუშაობ. უფრო სწორედ, ძირითადად გამგეობაში ვარ. ინფრასტრუქტურის სამსახურში უმცროსი სპეციალისტად ვითვლები. სულ მინდა თავი დავანებო, მაგრამ მხოლოდ ანსამბლით, კონცერტებითა და ქორწილებით არაფერი გამოდის და ფინანსები ვერ მყოფნის. ამ საჯარო სამსახურში კი ერთმანეთს სულ ექიშპებიან, ძირს უთხრიან. დავიღალე, გაგიჟდება ნორმალური ადამიანი-რა! ყველას პატრონი ყავს, დაცუცუნებენ ვირთხებივით, საქმეებს აწყობენ. ნუ დღევანდელობაში ეგაა მთავარი, ხომ იცი-რა?! Сам знаешь!
– შენ ის მითხარ, – აგრძელებს მთვარისა. – პური როგორი გიყვარს? შოთიც მაქვს და „ფურნისაც“.
– თუ შოთი გაქვს, ეგ მირჩევია. – გუგა მთლად დაბნეულია. მაგრამ მთვარისას ფიზიკური სიახლოვე და მისი სხეულის ფლუიდები აღაგზნებს გუგას მოთმინებას.
– ჩვენ ყველაფერი გვაქვს, ბატონო. ყველაფრით მომზადებული დაგხვდი! ეხლა ღვინოსაც ჩამოვასხამ, ესეც იყოს-რა, და დავსხდეთ. მოდი ხელებიც დაიბანე და დაჯექი. მეც მოვალ, სანამდე შენ ხელებს დაიბან. ცხონებული დედაჩემი რომ ყოფილიყო მეჩხუბებოდა: „რა წესია სტუმარს, რომ ამდენს ალოდინებ“-ო.
გუგა მორიდებულად იკავებს ადგილს გემოვნებით გაწყობილ, სავსე სუფრასთან. მაგიდას ბროლეულის ბოკლები, სათვალიო სერვიზი, რუდუნებით გაწყობილი ზაკუსკეული და ლანგარებში გადმოღებული კერძები არნახულ მშვენებასა სძენს. ვაჟს მართლაც გვარიანად მოშიებია, რასაც კერძების იერსახე და საჭმელების ცხვირში გაჭედილი ოხშივარი ამძაფრებს.
– რა კარგი ბიჭი ხარ, რომ იცოდე, გენაცვალე! მესტუმრე და ჩემი სახლიც გაცოცხლდა! – ეუბნება მთვარისა. – აბა ნახე რა გემრიელი ჩაქაფული მოგიმზადე. მწვანილი, ტყემალი, წყალიც კი ჩემი ეზოსია. მაშ! ტყემალი შარშან მოვადუღე. ერთი 20 „ბანკა“ ჩემს დას გავუგზავნე. ჩემს აჩიკოს ნუღარ გამახსენებ! ისე უყვარს, გიჟდება! სულ მეუბნება: „დე, ტყემალი არ მომაკლო-რა!“. ხორციც… იქით უბანში ცხოვრობს, ბართლომე ჰქვია, ყასაბია-რა… იმას ვთხოვე, თან სულ მეფიქრებოდა, მარხვაზე, ხომ არ არის-თქო გუგა.
– ძალიან გემრიელია. რა მაგარი ადამიანი ხარ, მთვარისა!
– აბა რა! – ოხუნჯურად თვალს უკრავს ქალი. – თან დალიე… მოიცადე დაგისხა. მართლა, წყალს რაც შეეხება. ჩვენ თან, «колодец», გვაქვს. აუ ქართულად როგორ არის? ა, ხო, „ჭა“! ხო, გამახსენდა, სიტყვებიც მავიწყდება ხოლმე. აზრზე ხარ, ეს რა მჭირს?!
– მოდი ერთ სადღეგრძელოს ვიტყვი.
– აბა რა?! შენ ხარ აქ თამადაც და ბატონიც!
– მე მინდა შენ გაგიმარჯოს, ჩემო ძვირფასო მასპინძელო. აი შენი სილამაზით, მართლაც ღვთით ბოძებული მუსიკალური ნიჭით, მშვენიერი და მართლაც უტკბესი ხმით. მინდა დავლოცო ეს შენი ნამდვილი ქართული მანდილოსნობა. გინდაც აი ის, რომ ასე გემრიელად ამზადებ. ეს ნამდვილად ძალიან დიდი ნიჭი, სიკეთე და კურთხევაა. იმისაც ვიტყოდი, რომ ჩვენი გაცნობაც, ალბათ შემთხვევითი არ არის, და დიდი მეგობრობის საწინდარია. ამიტომ შენ გაგიმარჯოს, მთვარისა, და უფალს ვევედრები ძალიან მალე მიგეღწიოს შენი მიზნებისათვის.
– გმადლობ, გუგა! – თავშეკავებით პასუხობს მთვარისა და უჭახუნებს ბოკალს კონიაკის სირჩას. – რომ დალევ, გენაცვალე, აბა ესეც გასინჯე. ნუ ზიხარ მორცხვად-რა, გაფიცებ ყველაფერს. ტაბაკა, ჩემი რეცეფტია, ასეთს მართლა ვერსად ვერ დააგემოვნებ.
– რა გითხრა? – იმშრალებს ტუჩებს გუგა. – მართლა ძალიან ძალიან გემრიელია. სერიოზული მომზადებაა! ჩემს საახლობლოში გურმანად ვარ ცნობილი, მარა ესეთი რაღაც ჯერ არსად არ შემხვედრია. შენ ვინ ყოფილხარ! უნივერსალი!
– მარტო ცხოვრებამ ასე იცის. ნუ, ადრეც კარგი მზარეული ვიყავი. ეხლა მეორე წელია უკვე მარტო ვცხოვრობ ამ სახლში. ხომ გითხარი, დედა შარშანწინ გარდაიცვალა, მამა – ბავშვობაში დაიღუპა. მთელ მეფეთკარში განთქმული პროვიზორი იყო, ფარმაციის სპეციალისტი, «профессионал», რომ იტყვიან. მე და დედა წლები ერთად, ასე მყუდროდ ვცხოვრობდით…
მეც თანდათან მივეჩვიე ამ წყეულ მარტოობას! – განაგრძობს ხმამაღლა ფიქრს მთვარისა. – და რაღაცნაირი ჩვევა დამჩემდა, იცი? ნებისმიერ დეტალს, ნიუანსს ვცდილობ თავისი ფასი დავადო. მაგალითად, საჭმელს ვამზადებ, ისე უნდა შევკაზმო, რომ ყველამ დაიმახსოვროს, რომ ეს ჩემი გამზადებულია. აი, სიმღერაც. დღეს ხომ ყველა მღერის. ტელევიზორში რამდენი და რა კონკურსი აღარ ტარდება? მაგრამ ეგ ხომ სიმღერა არ არის. “Cлон на ухо наступил!»-რა! მაგრამ მაგათ ხომ არ იციან რა არის სიმღერა? სული! ხელოვნება! იციან? ესეთი რაღაცეები დღეს ვის ესმის? ეს ხომ იშვიათს შეუძლია, ნუ ჩემი აზრით-რა.
მთვარისა ოხრავს და აღელვებული მობილურ ტელეფონს სწვდება.
– მიირთვი, გენაცვალე, დალიე, ნუ ხარ მორცხვად-რა. გუგა, მეწყინება, იცოდე!
– მოდი ჩვენი მეგობრობის სადღეგრძელო ვთქვათ.
– მოდი.
უზმოზე გადაკრულ საკოლექციო ფრანგულ კონიაკს გუგა საკმაოდ მამაცურ განწყობაზე მოჰყავს. ის ახლა ლამობს საუბარი უფრო უშუალო ტონში წაიყვანოს. ვაჟი რამდენიმე მხიარული ამბითა და ორაზროვანი ნაკვესებით დაძაბულობის უკანასკნელ ნარჩენებს აქარწყლებს.
იგი ქალისაგან სიახლოვის მზაობას და უფრო ცხოველ მოქმედებებზე გადასვლის მოთხოვნას შეიგრძნობს.
– მოდი რამე მუსიკა ჩავრთოთ. – გუგა თავდაჯერებულად იცქირება “მუსიკალური ცენტრის” მიმართულებით და გუნებაში აღნიშნავს, რომ მეოთხე სირჩამ უკვე სულ ჩამოანგრია ის, რითაც ამაყობენ მისი მშობლები – უფროსებისადმი ხაზგასმითი რიდი და ზრდილობა.
– რა გინდა, გენაცვალე? რას მოისურვებ? – ეუბნება კეკლუცად მთვარისა. მისი მზერა საათის მეოთხედია უკვე, რაც სირიუსის ვარსკვლავივით მოელვარე ხდება.
– რამე ვალსისმაგვაარი… ნელი რამე, რა ვიცი.- კადნიერად პასუხს გუგა. – გინდა მორიკონე იყოს.
– ერთს დავლევ და ვიცეკვოთ. კარგი? – ამატებს გუგა და ვითომდა მალულად აკვირდება როგორ იცვლება მთვარისას სახის გამომეტყველება. – კიდევ ერთხელ… მინდა შენ გაგიმარჯოს! ბევრს არ ვიტყოდი და ვისურვებდი, რომ სევდა და გულგატეხილობა საერთოდ უკვალოდ გაქრეს შენი ცხოვრებიდან.
გუგა დგამს დაცლილ სირჩას მაგიდაზე, აყოლებს ლიმონათს და ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ ბოლომდე იშლება ბეჭებში.
შემდეგ ის დგება, მიიწევს ქალისაკენ და ნაზად ხვევს ხელებს წელსა და მხარზე. მთვარისა ნათელ ღიმილით ეპასუხება გუგას.
ორი მონუსხული ადამიანის სხეული ერთმანეთს მშვიდი ბლუზის თანხლებით ეხუტება. გუგა გრძნობს, რომ გადაამეტა სასმელი და ამის გამო თაბრუც ეხვევა. მაგრამ ესეც კი ხელს ვეღარ შეუშლის გუგას მოიმოქმედოს ის, რაც ამდენი ხანი არ ასვენებდა: აკოცოს და მოეფეროს ამ სანატრელ არსებას.
ვაჟი თითქოს სათქმელს იზოგებს, სანამდე თავდავიწყების ზღვაში შესცურავდეს.
– შენი საგრიმიოროა, ხო, მთვარისა? – უჩვენებს გუგა ტრელიაჟზე, რომელიც გადაჭედილია ქალის პარფიმერიით.
– რა? რატო?
– ნუ, ხომ ხარ მსახიობი და ყველა მსახიობს აქვს თავისი საგრიმიორო. თან ეს წინ ამდენი კოსმეტიკა, კრემები… ჩვენი ყოველი დღეც ხომ სცენაა?!
– ხო, რაკი ბრძანებ, იყოს საგრიმიორო! – იცინის ბედნიერი მთვარისა.
თითოეული მათგანი სიახლოვის უცნაურად ამაღელვებელი გრძნეულებითაა შეპყრობილი. გუგა უფრო გაბედულად და ჟინით იკრავს და იზიდავს მთვარისას თავისაკენ და სახით ქალის თმებში ყვინთავს.
მთვარისა ვაჟს მხარზე ადებს თავს. ორივე თითქოს ერთსისხლ და ერთხორც არსებობენ.
– სიხარულო, დღეს ხომ დარჩები?
– კი, თუ შეიძლება… – ამბობს გუგა, რომელსაც ზომაზე მეტად სიამოვნებს ქალის აღგზნებულობა და მისით გატაცება. ვაჟი ნაზად და წყვეტილად კოცნის ქალის მშვენიერ ბაგეებს. მთვარისა მძიმედ და ვნებიანად სუნთქავს, ხოლო მისი ტუჩები თანდათან ეფლობიან გუგას უძირო ამბორში.
– ვგიჟდები შენს ტუჩებზე, თვალებზე. ჩემო ცისფერთვალება ანგელოზო!
– არა, მე უფრო ვგიჟდები შენზე! მთლიანად შენზე.
– ძალიან მინდიხარ, ჩემო სიხარულო… ერთი რამ მინდა გთხოვო… მოდი, თუ დარჩები, მანქანა ეზოში შემოიყვანე. მე უცბად მაგიდას ავალაგებ… და დავწვეთ! სულ 5 წუთი, სიხარულო.
– ვერ გელევი, არ შემიძლია! – გუგა ჯმუჯნის ქალის ძუძუს და თითქოს საკუთარი გულისცემა ესმის თითისწვერებში.
– სულ 5 წუთი, სიხარულო, და ჩვენ ვერაფერი დაგვაშორებს, ჩემო ვაჟკაცო… წადი, და რაც შეიძლება მალე დაბრუნდი. წადი, დროს ნუ კარგავ… და გელოდები, რაც შეიძლება ჩქარა დაბრუნდი. მთელი ღამეა ჩვენი! და დღე! და შემდეგი ღამე!
გახელებული გუგა აწყვეტილი გარბის ოთახიდან გარეთ, შემდეგ სიმწრით აღებს ეზოს დიდ კარს და მანქანას შიგნით აგორებს. მისთვის ყოველი წამი დაბრკოლება ხდება, ყოველი მომდევნო წუთი წართმეული მოფერება, თითოეული ამოსუნთქვა მთვარისას გარეშე – დაკარგული სამოთხე.
ორ წუთში იგი ისევ აივანზე არბის და ქალის ოთახში იჭრება.
– იქ „სპალნაში“… გაშლილია. – ამბობს მთვარისა ისე თითქოს მისი ვნების ცეცხლი ცოტა მინავლდა. – დაწექი, მიდი, ახლავე მოვალ. მიდი, ჩემი სიხარული!
გუგას მკლავები უკითხავად ევლებიან ქალის სხეულს და თითქოს ლამობენ მცხუნვარე ალერსით სიცოცხლე ამოაცალონ. მთვარისას განსაცვიფრებელი ქალური ფორმები კაცის ბუნებაში პირველყოფილურ გამხეცებას აღძრავენ.
თავზეხელაღებული გუგა ტანსაცმელს ხდის და ახევს მთვარისას. მაგრამ ქალი კიდევ ერთხელ ჯიქურ უსხლტება ვაჟს ხელიდან.
– დაწექი, ჩემო სიცოცხლე. მოვდივარ.
ორი წუთის შემდეგ წყვილის შლეგური სასიყვარულო თამაში-ბრძოლა მთვარისას ლოგინში ინაცვლებს. ვაჟის მწველი კოცნებით გონებადაბინდული ქალი ძლივს ახერხებს შუქის ჩაქრობას, მაშინ როდესაც გუგა აგლეჯავს მას თხელ ვარდისფერ ხალათს და სიფრიფანა პენიუარს.
ვაჟი კანკალებს და ჰაერს ყლუპებად უშვებს ფილტვებში. ყოველი მოძრაობა და შეხება აახლოვებს მას სანეტარო ფინალთან. მთვარისა მისრიალებს ვაჟის მკლავებში და დამპყრობლურად ისრუტავს მის ტუჩებს. მამაკაცი ვნებააშლილი უკოცნის ქალს კისერსა და ზურგს. მშიერი ჩვილივით ის გამხეცებული სრესავს ქალის ძუძუებს და ღონიერი ხელისგულის ყოველი უჯრედი ჯადოსნური ნეტარების ჟრუანტელით ეხმიანება.
მთვარისას სუნამოსაგან გუგას სურვილი თითქოს ასმაგდება. სხეულთა ორომტრიალი, თეძოების, წვივებს, მხრების და ხელების აღრევა უსასრულო სიგიჟეში გადადის. წყვილის შეუკავებელი სექსუალური ძალა კბილებში იყრის თავს, როცა ისინი ერთმანეთს ტუჩებს, ყელსა და კერტებს ახევენ.
„მინდა! ჩქარა, გთხოვ!“ – ემუდარება უკიდურესი ეგზალტაციით შეპყრობილი მთვარისა. – გთხოვ, აღარ შემიძლია!“
… რამდენიმე წუთში ლოგინზე გართხმული ვნებადაცლილი წყვილი, ქშინავს და სულს ითქვამს.
– ეს რა იყო! მართლა ჭკვა გადამეკეტა! – ამოსთქვამს გუგა. როგორც მამაკაცმა მან ყველაფერი აუცილებლად სიტყვების დონეზე უნდა დაიყვანოს.
– ჩემი გიჟუნა ხარ. – იღიმება მთვარისა.
– რა საოცარი კოცნა გცოდნია. ასეთი რამე არავისთან არ მიგრძვნია. – აღიარებს გუგა.
– ჰმ! კოცნა ჩემთვის რაღაც სხვა რამეა.
– როგორი ლამაზი მკერდი გაქვს! – ამბობს გუგა და ქალს მკერდზე ეფერება.
– კი, ბევრ პატარა გოგოს არ აქვს ჩემნაირი მკერდი. გენებია! ბებო მყავდა უკრაინელი. ულამაზესი ქალი იყო. ორმოცდაათი წლის ასაკშიც უამრავი მთხოვნელი ჰყავდა. მის მკერდზე ლეგენდები ახლაც დადის მეფეთკარში.
– ყველაფრის შეგრძნება დავკარგე. ეს რა იყო?! შენი ბრალია. აღარ მახსოვს ვინ ვარ, საიდან ვარ შენთან. მხოლოდ შენთან მინდა, შენი მოფერება, ალერსი და შეხება. – ამბობს გუგა და ჰკოცნის მთვარისას ვნებიანი გაბმული კოცნით.
– ვისია ეს ზღაპრული ტუჩები? – ტკბილად ეხუმრება მთვარისა. – ისეთი ტკბილი და მიმზიდველი ხარ, თავს ვერ დაგანებებს ადამიანი, სანამ ძაან მაგრად არ ჩაგკოცნის.
– კიდევ მინდა… – მოსულელო ღიმილით აცხადებს გუგა.
– რა უნდა ჩემს გიჟ-ბიჭს? აბა ზუსტად მითხრას?
– სეეეეექსი!
– რა სექსი, პატარა? – დასცინის ქალი. – პატარებისათვის სექსი არ შეიძლება.
– რაღა პატარა, ჰმ?
– შენ ჩემი სიხარული ხარ. სი-ხა-რუ-ლო! სი-ხა-რუ-ლო! – ჩურჩულით მიმართავს მთვარისა.
ალბათ, ორი საყვარლის სინაზესა და ლტოლვას ვერავინ გაიგებს, თუკი იმავდროულად ასეთივე ძლიერი ემოციებით თავად არ იქნება დამონებული.
– გიყვარს, როცა გეფერებიან, სიხარულო, ჰა მითხარ?!
ჰმ!
– გიჟუნა?!
– ჰმ!
– არ დამიმალო?!
– კი, ძალიან…
– როგორ გიყვარს?
– ძალიან მიყვარს. თან შენი კოცნა სხვანაირია. შენი სხეული კი თითქოს მხოლოდ „სუფთა“ ვნებას ასხივებს. ცხოველად მაქცევ!
– გიყვარს აქ რომ გეფერებიან? – ეუბნება ნაზად მთვარისა, თუმც მისი ხელი მტკიცედ ევლება გუგას სიამაყეს.
– აჰჰჰ, კიიი…- მორცხვად ლუღლუღებს ვაჟი.
– კარგი, სიხარულო. აბა დაწექი მშვიდად. – მზრუნველი ძიძასავით აწვენს მთვარისა საყვარელს ზურგზე. – ასე მოგწონს?!
– ასე? – ქალი უკოცნის მამაკაცს მკერდს, გულისპირს, მუცელს და ნელნელა ქვემოთ მიიწევს.
განუცდელი შეგრძნებების მძლავრი ნაკადი ტვინს მილიარდობით ნამსხვრევად ანაწევრებს. ქალი ველური სიცხოვლით ისრუტავს ვაჟის ენერგიას, ხოლო მისი სათუთად დამუშავებული ფრჩხილები მამაკაცს მკერდს უხოკავს. გუგა ვერ აცნობიერებს თუ როგორ ყვირის, რადგან მთვარისას ენა ყველაზე ინტიმურ ადგილებში აღწევს და იქაურობისათვის ყინულოვანი ცეცხლით პლანეტარული მასშტაბის აფეთქებას ამზადებს. სასიყვარულო ორალური აქტის აპოთეოზში მთვარისას და გუგას კვნესა არემარეს აყრუებს.
მთვარისა გონმიხდილ ვაჟკაცს იხუტებს, თვალებში ჩაჰყურებს და შიშველი კერტებით ღაწვებზე ელამუნება…
– ხომ კარგად ხარ, ჩემო სიხარულო? – უღიმის მთვარისა დაკარგულ გუგას.
– წყალს მოვიტან და სიგარეტს. კარგი? წვენს ან რამეს ხომ არ მიირთმევ, ჩემო გიჟო-ბიჭო? – მთვარისა ავაზას გრაციით დგება საწოლიდან.
– კი, წყალი მინდა. – პასუხობს მისავათებული გუგა.
– შენ არ ეწევი, სიხარულო, ხო? – მიმართავს თითქოს წამის გალვებაში უკანდაბრუნებული მთვარისა საყვარელს და თან პატარა ტუმბო-მაგიდაზე სინით მოტანილ საფერფლესა, სანთებელას, წვენსა და მომცრო ჭიქებს ალაგებს.
girl-wallpaper-model-sexual-beautiful.-superშემდეგ მთვარისა სიგარეტს უკიდებს და ნახევრადშიშველი ლოგინზე იშხლართება. ამ არაჩვეულებრივი სილამაზის ქალბატონს აღაგზნებს სუნამოს, ალკოჰოლის, ოფლის სუნებისა და ძვირფასი სიგარეტის ბოლის ნაზავი. ის პირით თითო-თიოთოდ კვამლის რგოლებს უშვებს და ტკბება იმის შეგრძნებით, როგორ მართავს სასიყვარულო აქტის მეორე მოქმედებას ბოლის დემონი, მიილტვის რა მის ფილტვებში და შიგნეულობის ისეთ ბნელ კუთხე-კუნჭულში აღწევს, რომელსაც ვერცერთი მამაკაცის ხელი და ბაგე ვერ მისწვდებოდა.
ექოდ მას გუგას მონაყოლი ჩაესმის.
– ფეხბურთს მივდევდი. დალევასაც რამდენიმე წელია მივეჩვიე.
– ხო, ჩემი აჩიკოც სულ ვარჯიშობს, ათლეტური ტიპაჟია. – აწყვეტინებს მთვარისა.
– რამდენი წელია, რაც მსახურობს?
– ბოლო 3 წელია, რომ წავიდა. არ უნდოდა. მაგრამ სამსახურსაც რომ ვეღარ შოულობდა, რაღაც ხომ უნდა ეკეთებინა?! მეც მინდოდა რაიონს გარიდებოდა. სულ შარში იყო. სულ ჩხუბები, კრიმინალები, „რაზბორკები“. ნუ ასე მირჩევია. თან მე ჩემი ცხოვრება მაქვს, იმას – თავისი.
– რძალმა შეცვალა რამით თქვენი ურთიერთობები? – თავისდაუნებურად გუგა ცოტა უტაქტო კითხვას სვამს.
– არა, რატომ რძალმა?! ერთმანეთთან ძალიან კარგად ვართ ორივე. მაგრამ, ხომ იცი, შენი კუთხე მაინც შენი კუთხეა. მე წესრიგი, შრომა, სიმყუდროვე და სიმშვიდე მიყვარს. ის კიდევ ახალგაზრდაა, ხან რაღაც დაეზარება, ხან იქ არ დადგამს, ხან დაღვრის, დაამტვრევს, ხან ქმართან კურკური უნდა. მოკლედ, ყველასათვის ასე აჯობებს.
– ხო, გეთანხმები, ხელოვან ადამიანს სხვა სამყარო აქვს და ბევრისათვის გაუგებარი. და მარტოდ ყოფნა არ გიჭირს?
– არა, Почему же?! Совсем даже! იცი? სულ ტელევიზორი მაქვს ჩართული. გოგოებიც მოდიან, ხან მეზობლები, თან სულ ვმუშაობ, ვფუსფუსებ. Друзья, знакомые, скучать не приходится-რა.
– კონცერტებიც გაქვთ?
– უფრო მეტად ბანკეტებზე და ქორწილებში დავდივართ ხოლმე. იცი, ძალიან ვიღლები, მაგრამ საქართველოში მუსიკოსების ბოლო „планка” ეგ არის. ქორწილი, ნუ მაქსიმუმ, ბარი, ძვირადღირებული რესტორანი და „ვსიო“. ნუ, «болото»-რა. ისე, ცოტა შენს შესახებაც მომიყევი, სიხარულო.
მთვარისა უყურებს დამშვიდებულ გუგას და ნაზად, მაჯების ზედაპირით ეფერება ვაჟის ტუჩებს.
სიგარეტი, საყვარელი მამაკაცი, გაზაფხულის თბილი ღამე – რა უნდა იყოს ამაზე ტკბილი?
– რა მოგიყვე? რა ვიცი. ისეთი, არაფერი მაქვს მოსაყოლი. – იძახის გუგა.
– არ მგონია შენ არ გქონდეს მოსაყოლი, ჩემო სიხარულო! სი-ხა-რუ-ლო! რა ტკბილი ხარ, რომ იცოდე!
– იცი, ხან მეც ვერ ვიგებ, რისთვის ვარ იქ, სადაც ვარ. რას ვაკეთებ, რას ვამბობ?! მოგსვლია რამე ასეთი?
– კი, მესმის, საჯარო სამსახური, რუტინა, ეს ბიუორაკრატიული „პადხალიმაჟი“ ხელოვანის საქმე ნამდვილად არაა. თან შენ მაინც სხვანაირი ხარ. რაღაც სხვანაირი.
– კი, არ მიყვარს საჯარო სამსახური. უფრო სწორედ ვერ ვიტან… – პოეტური განწირულობით ამბობს გუგა.
– სამინისტროში ხარ, ხო, სიხარულო?
– კი, ეკონომიკის სამინისტროში ვარ.
– დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხარ, მგონი, ასეა?
– არაა, ვინ თქვა?
გუგა გულუბრყვილო სიცილით ბჟირდება. შემდეგ, სულისმოთქმისთანავე, მხიარულად მიმართავს მთვარისას.
– ეს რა მაგრად გამაცინე!!! ვინ მოიგონა?
– არააა? მეხუმრები, ბიჭო? – მთვარისას ინტონაციაში აშკარა დაძაბულობა და განგაშის ნიშნები შეიმჩნევა.
– არა, რას ლაპარაკობ?! რა დეპარტამენტის უფროსი?! მაგას იმდენი ჩალიჩი უნდა! ვინ თქვა? ვინ გითხრა?
მთვარისა იდაყვებზე იწევა და მოშიშვლებული მკერდი მას გაანჩხლებულ ამორძალს ამსგავსებს.
– და აბა სამინისტროშიაო? „რეგიონალური ეკონომიკის მართვის დეპარტამენტში მუშაობს“-ო? ასე თქვეს!
– არა, არა, სიხარულო, რას ამბობ! სტაჟიორი ვარ და ერთ რაღაც პატარა პროექტში ვმუშაობ პარალელურად.
– რააააა? – მთვარისა ამ პასუხზე უფრო მეტად ელდანაცემი რჩება.
– ხო, რა მოხდა? რამე მ-ო-ხ-დ-ა? ამით რამე იცვლება?!!
– აბა, ორივეო? ბიძამისიც და ეგეცო სამინისტროში მუშაობენო? ნარგიზმა ასე თქვა! ნარგიზმა თქვა – აი იმ ქალმა, ვინც დაგპატიჟათ იმ ბანკეტზე! ზუსტად ასე გვითხრა გოგოებს! მთელი ხალხი იქ იყო!
– არანაირად! შენ თავს ვფიცავარ! ბიძაჩემი საერთოდ სამინისტროსთან არანაირად კავშირში არ არის. ორი მარშრუტკა და სამარშრუტო ხაზები აქვს თბილისში. მეც უბრალოდ სტაჟიორი ვარ სამინისტროში. მეთოთხმეტე თვეა ველოდები და ველოდები, რომ მიმიღებენ შტატში. სულ მპირდებიან, დავიღალე, რომ იცოდე როგორ ამოვიდა ყელში-რა!
– აუუუუუუუ, ვაიმეეეე, ღმერთოოოო!
მთვარისას განწირული შეძახილი, ყმუილი, ბღავილი აზანზარების ფანჯრის მინებს.
იგი ზეზეურად დგება და შემდეგ ისევ პირით ლოგინზე ეცემა. მის სახეს მძაფრი სულიერი ტკივილის გრიმასა ასახიჩრებს. ქალი თლილ თხელ ხელებს სახეში ირტყამს და გულამოთქმით გოდებს…
ნეტარებადარღვეული და დამუნჯებული გუგა გაუგონარი შინაარსის სცენის მოწმე ხდება. მისი თავბრუდამხევი გარეგნობის საყვარელი დგას და გულდამწვარი ტირის:
– მე ხომ არაფერში ბედი არ მაქვს! მე ხომ არაფერში საერთოდ ბედი არ მაქვს!

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

2 thoughts on “ცოდნა არცოდნა (მოთხრობა)

  1. დიდი სიბრძნეა კაცისა ცნობა…

    Posted by khatuna | May 13, 2013, 7:08 pm
  2. არაწრფელი გრძნობების დანარცხებაა

    Posted by Mariam (Maia) | June 29, 2016, 1:24 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,524 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: