წარმატების შესახებ

“ფიქრები საჭესთან” (გაზაფხული, 2009 წელი)


66096_2წუხელ საინტერესო ისტორიულ მასალებს ვეცნობოდი; საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყება, 1924 აგვისტო-სექტემბრის სისხლიან რეპრესიები… რა გაეწყობა, მეტისმეტად სევდიანი და ვაჟკაცური ისტორიაა. იქაც მარტოობა, უსაშველობა, უპატრონობა!.. და თავგანწირვა!

არ მინდა პირდაპირ თანამედროვეობას მივახტე, მაგრამ სიყრმეშიცა და ზრდასრუობაში სულ ყოველთვის მაკვირვებდა ეს ქართული თუ ზოგადქართული არატოლერანტობა რიგითი ქართველის მიმართ.
რატომ არ უყვართ ქართველებს რეალობაში ერთმანეთი? რატომ განსხვავდება მათი სიტყვები სუფრასთან და საქმეები სინამდვილეში? რატომ ვართ სულ სათამაშოები რაღაც ავიზნის და მანკიერების ხელში? რატომ უნდა ვიყოთ სულ ვიღაცის მარიონეტები – მონღოლების, სპარსელების, რუსების, თურქების, „დემოკრატიის გამავრცელებლების“? და თხემით ტერფამდე ეს გაუტანლობა რატომ უნდა გვშანთავდეს – სურვილი ერთმანეთის გათელვის, გამოყენების და შემდეგ ზიზღით თავიდან მოცილებისა.

ახლაც ძალიან რთული ვითარება შეიქმნა. ვინ? როგორ? რანაირად? რა საშუალებებით? თანაც ეს პოლიტოლოგების დაუსრულებელი ყაშყაში, რომ საქართველო დაიშალა და უფრო მეტად დაიშლება. და იქვე ეს თვითდაბრმავების პოზიცია – ყველაფერი კარგად არის, ჩვენ რა გვიჭირს, აგერ აშშ-ს და ევროპას შეხედეთ!

ხშირად მეუფლება სურვილი გადავახვიო მთელი ეს “ფილმი”, ან ავდგე და დავტოვო დარბაზი. მაგრამ სად უნდა გაექცე ამ მშვენიერ მიწა-წყალს? ამ სუფთა, ჯერ კიდევ სუფთა ახალგაზრდებს, ვინც ელის სწორ გადაწყვეტილებებს. სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს! და შთამომავლებს, რომლებიც დგანან და ჩვენს მოქმედებებს განიხილავენ. ბჭობენ, გვაკრიტიკებენ, და მგონი ძალზედ იშვიათად თუ შეგვაქებენ ხოლმე.

* * *
დღეს კაჭრეთში და შემდეგ საგარეჯოში ვიყავი. სასიამოვნო მზიანი დღე იყო. საოცარია, როგორ უწყობენ ადამიანები საკუთარ განწყობილებას მეტეოპირობებს.
საგარეჯოს ქუჩებში მომღიმარი მხიარული ახალგაზრდობა დადიოდა. თითქოს ადამიანები და მზე ერთმანეთით ხარობდნენ. ბევრს ვერც კი წარმოუდგენია რა ენერგია აქვს მზეს! მგონი, მზე ყველაფერია: სიხარულიც, გულიც, სატრფოც დედამიწისა. და ეს მზე გულით უნდა ვატაროთ სამარადისოდ, მაშინაც კი, როცა ის ცაზე არ მოჩანს. იმისათვის, რომ ხანდახან მაინც ღამის ცაში ვარსკვლავები შევამჩნიოთ და ვუყუროთ.

საგარეჯოში ჩავედი, რათა გასულ კვირას აქ ჩემს მიერ ჩატარებული სამდღიანი ტრენინგის მონაწილეებისათვის სერტიფიკატები გადამეცა. ყოველთვის სასიამოვნოა ნიჭიერი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, მით უმეტეს ქართველების. კიდევ უფრო დიდი ფასეულობაა ჩემთვის ქართველობის ამ ნაწილის ლტოლვა შეცვალოს საკუთარი თავი და იყოს მაღალპროდუქტიული, ლაღი და წარმატებული.
მოხიბლული ვარ ამ ტრენინგის მონაწილეებით, მათი სურვილით გაიზარდნენ, როგორც პიროვნებები, გახდნენ უფრო ეფექტური და ღირებული პერსონები საზოგადოებისათვის. ეს არის ახალგაზრდობა და ეს არის ახალგაზრდობა!

ამჟამად მათ გონებას სწორი საკვები უნდა მივაწოდოთ. მათ აზროვნებას ადექვატური საჭიროებები და პრობლემები უნდა შევთავაზოთ გადასაწყვეტად. არა ტელესერიალების ქეისები, გამანადგურებელი სამოქალაქო დაპირისპირების ფაქტები, თვითდათრგუნვის იდეები, მათი შესაძლებლობების შეზღუდულობის მოძღვრებები და სხვა. არა, არავითარ შემთხვევაში!

ამ ადამიანებს უნდა ჩავუნერგოთ აზრი, რომ ყველაფერი შეუძლიათ, ყველაფერი, რასაც მოინდომებენ და მივცეთ ამის დანახვის და დაჯერების შესაძლებლობა! დავარწმუნოთ, რომ ყველაზე გრანდიოზული იდეების ხორცშესხმა შეუძლიათ! და ეს ახლავე უნდა მოვიმოქმედოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში 10 წელიწადში უარეს მონებს და უარესად გაუბედურებულ მოსახლეობას მივიღებთ!

* * *

პიროვნების ხარისხს იმ იდეების ხარისხი განსაზღვრავს, თავში რაც უტრიალებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იფიქრებს ადამიანი ღვთიურზე, იქნება ახლოს ღვთიურთან, იფიქრებს სულიერ სიმტკიცეზე – იქცევა ამ თვისების განსახიერებად; იფიქრებს მარცხზე – პირველი აუტსაიდერი იქნება საკუთარ სამეზობლოში. იფიქრებს გველობაზე – თვითონაც ვერ გაიგებს რანაირად ჩაუვარდება ეშმას მკლავებში.

ჩემი კრედოა – ჩვენ ახალგაზრდობას რეალური და სწორი საქმეები უნდა მივცეთ შესასრულებლად. თუ გვინდა ქვეყნის პატრონები მივიღოთ.

მინდა ვთქვა, რომ ეს ტრენინგები არა მხოლოდ ტრენინგის მონაწილეებს ეხმარებათ. მეც მეხმარება დავინახო თუ ვისთან მომიწევს თანაცხოვრება, როდესაც ჩემი სიცოცხლის მზე ზენიტიდან ნელ-ნელა ჰორიზონტისაკენ დაეშვება.
ამიტომ ვიცი, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ესენი თავისუფალი ადამიანები იყვნენ. რომ მათ საქართველოში უფრო მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემის და უბრალოდ უსაფრთხოების გრძნობის დამვკიდრება შეძლონ.

* * *
imagesღორს რომ უთხრა ღორი ხარო, არ მგონია ეწყინოს. ადამიანებს სწყინთ ასეთი ტიტულის ბოძება. და არც ერთი “ადამიანი” არ იტყვის რომ სინამდვილეში ღორია. ახლა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ კაცი და ღორი თავისი ხორცის შემადგენლობით დღესდღეობით თითქმის არ განსხვავდებიან (ღორის შინაგან ორგანოებს ადამიანის ორგანიზმი მშვენივრად ითვისებს), ხოლო წარსულში, როცა ქრისტემ ღორის კოლტი კლდეში გადაუშვა, მაშინ, საერთოდ, ხორცი კაცისა და ღორისა ერთი და იგივე იყო. აქვე თავში მომივიდა ერთი მეტად განაწყენებული კაცის გოდება ადამის მოდგმაზე: “ადამიანი ასჯერ უფრო დიდი ღორია, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ”.
მინდა შევეკამათო “სიბრძნის სიმფონიით” და ჰუმანური აპოლოგიით და ვუთხრა: “არა, რას ბრძანებთ, ბატონო, ადამიანები ისეთი კეთილშობილები არიან, მათში იმდენი სილამაზეა, იმდენი მშვენიერება, იმდენი სინათლე!”
და ენა კბილებს ედება. სხვათაშორის კომუნისტური მითის ნგრევის მორიგ მიზეზად სწორედ ესეც ითვლება. ახალი წყობის დამკვიდრების მომხრეებს ადამიანებზე უფრო მაღალი წარმოდგენა ჰქონდათ, ვიდრე ადამიანები სინამდვილეში
იყვნენ.

* * *
გაზვიადება იყო ის ყველაფერი, გაზვიადება ადამიანური პატიოსნების და კეთილშობილებისა! და ჩაიფუშა კიდეც სამარცხვინოდ! განა დიდი ხანია რაც ადამმა ცნობადის ხილი იგემა, კაენმა საკუთარი წარმატებული ძმა, აბელი, განგმირა, იერუსალიმში ყაჩაღის ნაცვლად ქრისტე აცვეს ჯვართ?!! სულ ახლახანს იყო ოსვენციმი, ჰოლოკოსტი, პოლპოტის რეჟიმი! ნუთუ ძალიან შორს წავიდა ადამიანი საკუთარი სათნო თვისებებით? ნურას უკაცრავად!

ზოგადსაკაცობრიო თემებზე რა ვთქვა მეტი?! საქართველოა ჩემი ტკივილი. არა იმიტომ, რომ ალტრუისტი ვარ. უბრალოდ დღეს აქ ვარ, ამ ხალხით ვცხოვრობ, ამ მზით და ზეცით, ამ მიწით, მალე რომ იფეთქებს სიცოცხლის მწვანე ზეიმით. ადამიანებმა კი არ იციან როგორ უშველონ საქართველოს. ეს ძალიან, ძალიან, ძალიან რთული ამოცანაა!

* * *
ახლა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რეპლიკა გამახსენდა ჩემი ტრენინგების ჩატარებაზე: “ნუთუ ასეთი საჩქაროა?”.
არა, ბატონო, ამ ქვეყანაში არაფერია საჩქარო. არც განვითარება, არც წინსვლა. არაფერია საჩქარო! რად უნდა ავადმყოფს გამოჯანმრთელება? რად უნდა ქართველს თავისუფლება? მონობასაც წარმატებით ირგებს! ვიყოთ ამ მდგომარეობაში კიდევ დიდ ხანს. და ვაშენოთ გზები და მოვაასფალტოთ. მაინც რუდუნებით ვითმენთ და ვითმენთ.
იშვიათს სურს, რომ ქვეყანაში “ღორების” რაოდენობამ იკლოს და ადამიანების – იმატოს. რაღაც ისეთი შეგრძნება მეუფლება ღორიც კმაყოფილია და ადამიანიც.
თუმც არიან ღორკაცებიც და კაცღორებიც, მუტანტები და ჰიბრიდებიც. გაოგნდები ვინ არის ეს დიდი ექსპერიმენტატორი, ასეთი თავდადებით რომ ასახიჩრებს ადამიანების ზნეს? ბრალი იმას და, თუ ასეთი ძლევამოსილია, ადამიანური მაინც განავითაროს ჩვენში, რაღა ღორულს ავითარებს?

* * *

დღეები ერთმანეთს ჰგავს, დღეები ერთმანეთს არა ჰგავს. შეხვედრები, აზრები, მოხეტიალე შინაგანი ტკივილი, ადამიანები, მოვლენები, პატარა სიხარული და წარმატებები – შემოიქროლებენ დღის მონაკვეთში და ისევ უჩინარდებიან.

საფიქრალი აყალიბებს მოფიქრალს. რას მიაწვდი მწყურვალ გონებებს, უდიდესი მნიშვნელობის საქმეა. მისიაა, მერწმუნეთ!

* * *

ვასილ კლუჩევსკიმ მშვენიერი ალიტერაციით აღწერა მსოფლიო ისტორია. რამდენიმე ტრენინგი ამ ფრაზითაც დამიწყია და მიკითხავს მონაწილეებისათვის. რა იგულისხმა თქვენი აზრით ისტორიკოსმა, როცა თქვა: “მონები, მონები, მონები და არაფერი მონების გარდა – აი კაცობრიობის ისტორია“.
ბევრ მონაწილეს არ აქვს პასუხი, რას ნიშნავს მონა. ან ჩვეულებრივ მოსახლეს რაში სჭირდება იცოდეს რა არის მონა?! ეს რომ გააცნობიეროს მერე თავში გველივით შემოსისინდება აზრი: “მე? მეც მონა ხომ არ ვარ? ჰა? მართლა, მონა ვარ? არა, ვაიმეეეე… ისინი კი, აი ვალიკო, მიშა, პეტრე, პავლე, ცისნამი, ისინი აშკარად მონები არიან. მაგრამ მე? მეც? ნუთუ მეც?!!!”

განა რით ვიგებთ კაცის მონურ სულს? პირველი იმით, რომ რა წამს უჭირს, ეგრევე ბორკილს ეძებს ხელ-ფეხზე დაიდოს და საყელოც მოირგოს. სულ ბატონი, მბრძანებელი, მეფე ენატრება. ვიღაც ავტორიტეტული, ვინც ეტყვის: “წადი მარცხნივ, მერე 20 ნაბიჯი პირდაპირ, მერე დაბლა, მერე, ეხლა ტუალეტში შედი, ეხლა დაწმინდე, ეხლა ფეიერვერკზე წადი, ეხლა ინერვიულე, ეხლა იომე”.

მონას თუ რამეს ეტყვი, ასევე იჯერებს და მზად არის ინერვიულოს ან იმხიარულოს. მისი “აგდება” ძალზედ ადვილია. მოისმენს ერთი ორ ადგილას – “ეს ნაბოზარი რუსები რას გვიშვრებიან, ეგ ნაბიჭვრები, დამპყრობლები. რუსეთი ამ დროის სატანაა! უჰ, მაგათი დედები!”. და წავიდა-წავიდა, სიძულვილის ტალღა.

გამოვა აჟიტირებული ნახევარი-ორატორი, იპოვის საქართველოს უბედურებათა მთავარ დამნაშავეს პრეზიდენტის სახით და ადამიანური სიძულვილის კურსი იქეთ დაიძვრება.

ახლა ეთერს ჩაიგდებს მისი აღმატებულება და ფოლადისებრი არგუმენტებით (ვენაცვალე, რა სფიჩრაითერები ჰყავს!) ახსნის რამდენად კარგად ვართ, რომ არ ვწევართ მიწის ქვეშ ერთნახევარი მეტრის სიღრმეზე და არ წარმოვადგენთ ჭიების და ჭიაყელების საუზმეს. მერე გაიგებ და ჩააშტერდები კადრებს როგორ გააუპატიურა ვიღაცამ ბავშვი, რძალმა იმრუშა მამამთილთან, გაკოტრდა LB ბანკი, ვერაფრით გაბედნიერდა მეზობელი ელო და რა?
რააა?
არაფერი.
გგონიათ, რომ თავის დროზე მონებს რამე სხვა, უკეთესი საფიქრალი ჰქონდათ? ნურას უკაცრავად!

ისინი თავისუფლებაზე მაინც ოცნებობდნენ! ჩვენ რაზე ვოცნებობთ?
რაზე?
ნეტა თავისუფლებაზე მაინც ვიოცნებოთ! ღმერთო, ღმერთო! ნეტა თავისუფლებაზე მაინც იოცნებოს ქართველმა! თვითონ აირჩიოს თავისი საკუთარი ბედი, საკუთარი მომავალი!
ნეტა ტვინი არ გვქონდეს ასე ვერაგულად მოწყობილი!

* * *
17089_originalმართლა ნეტავ თავისუფლებაზე მაინც ვოცნებობდეთ! ყველა სიტუაციაში თამადას არ ვეძებდეთ, პარაზიტარიზმი არ გვაწუხებდეს და აღმშენებლობითი ჭეშმარიტი სული თუ ვირუსი, თუ რაც გინდათ უწოდეთ, შეგვეყაროს!
ბოლო ჯამში, როგორც ყოველთვის იმედი ისევ ახალგაზრდებზე და, საერთოდ, ჩვენს ბავშვებზეა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი მონები არ იყვნენ. პირველ რიგში იაფფასიანი ამბიციების მონები.
და უფრო მეტიც, მეტიც – ისინი ლიდერები უნდა გახდნენ. ათი, ოცი, ასი, ათასი ძლიერი და საუკეთესო ლიდერი.
იცოდნენ მართვა, ჰქონდეთ საკუთარ ოფლითა და მიზანსწრაფვით მოპოვებული გამოცდილება.

9…არის კი თქვენს შორის ისეთი კაცი, საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? 10. ანდა თევზი სთხოვოს, მან კი გველი მიაწოდოს?
(„მათეს სახარება“, თავი VII, იესოს ქადაგება მთაზე).

© SM, სოსო მიქელაძე

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

No comments yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,376 other followers

  • 117,463 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: