მოთხრობები (2006 - 2015)

მიზერერე


ვატარებ ექსპერიმენტებს მოთხრობის პრელუდიისათვის. როდესაც პაუზა წელიწადნახევარს უტოლდება – ეს ლამის გმირობაა. იწყებ, შლი, გადაწერ, გლეჯ, იგინები. არაფერი გამოდის. არის ემოციები, უტყვი დარდიანობა… ნუ, ვერაფერს ჩასჭიდებ ხელს, როგორც კლდეში ჩაკიდული მთამსვლელი. არის რაღაც დავერბოვკებული აზრები, დავერბოვკებული სანუგეშებლად, მაგრამ არა რამის შესაქმნელად.
თუმც გავნაგრძობ სვლას და ვასახიერებ ახალ იდეებს, შედარებებს, აღწერილობებს, საკუთარი რეალობის ეპითეტებს. ვერავინ შემედრებოდა ამ საქმეში, თვით ფსალმუნმომღერალიც. ხანდახან აზროვნების სიშმაგით იმდენად დრამატული ვხდები, რომ ჩემი პროფესია ერთი დიდი გროტესკი მგონია.
ყოველი აღწერა ჩემს თითებში ცხოვრობს.
ვგრძნობ, როგორც ბრმა… თითების ბალიშების მიკროსკოპული ღარებით.
მოქანდაკესავით ვეხები იმას, რაც დავწერე.
გუშინ ქაღალდის ნაფლეთზე ასეთი ციტატაც ვიპოვე: „ის იყო თითქმის პეპელა, იგივე გამომეტყველებით, იგივე ხორთუმით, მომნუსხველი შეფერილობით, თუმც უსიცოცხლო, თითქოს კოლექციონერის ნემსზე წამოგებული… ენერგიის შხეფების გარეშე, რაც გასდევს ხოლმე ყვავილზე მისვენებულ ლამაზმანს…“
ნებისმიერი მოვლენა თვალების გამომეტყველებით შეგიძლია გადმოსცე და, ცხადია, ოდესღაც ადამიანები აქამდეც მივლენ.
შეგიძლია სამყაროსა და გალქტიკების ყველაზე ამოუხსნელ საიუდუმლოებსაც ჩასწვდე.
თუმცა სანამდე ჩვენს განკარგულებაში კომპიუტერი და მისი ბუზღუნა ქულერია – წარმოიდგინეთ, რომ უკვე აღარც კი ვახსენებთ ქაღალდსა და კალამს – ეს ყველაფერი საკმაოდ მაღალფარდოვანი და ბანალური იქნებოდა…
ეგზომ ძლიერ მიყვარს სიჩუმე. ჩემი საკუთარი სიჩუმე, როდესაც სევდიან მზერას მივაბჯენ კავკასიონის თეთრქუდა მწვერვალებს.
ვარ რა უბრალო კონსულტანტი, დროდადრო მიწევს მრავალი ადამიანის მოსმენა, მზად რომ არიან უსუსურად აქვითინდნენ პირდაპირ ჩემს თვალწინ.
და ყოველ დილას, სარკის წინ, ვამჩნევ რა ნაოჭების მომასწავებელ ხაზებს ჩემს უდარდელ სახეზე, მეფიქრება იმ გაკვეთილებზე, რომელიც ვერ ვისწავლე და განწირული ვარ ყოველთვის გავიარო, ყოველთვის თავიდან… ის გრძნობები, რომლებიც დავტუქსე და გავთელე და სიმსუბუქე, გულში რომ ავამღვრიე.
რა რთულია სწავლა და ამ ცოდნის გამოყენება, რა ადვილია ამ ცოდნის ამოცნობა და ხელის ჩაქნევა. და იქნება ირგვლივ და ამ ყველაფერში არის რაღაც ნიშანი, რომელიც აქამდეც უნდა შემემჩნია?
ვდგავარ სარკესთან და ოდნავ ჩახრენწილი ხმით ვკითხავ ხოლმე საკუთარ თავს: „ნუთუ ეს ყველაფერი მართლაც ასეა, როგორც ჩანს და როგორც მგონია?“.
უცებ ჩნდება წადილი გადავეშვა რევოლუციებში, მაგრამ შემდეგ გაიელვებს მორიგი აზრი, რომ ეგებ ეს ვიღაცის კომედიაა და რისთვის უნდა გადაიჩეხო მჭმუნვარებაში – იქნებ, ამ ყველაფერს არანაირი არც აზრი და არც შანსი არ გააჩნია?
ყოველი ნახევარი წლის შემდეგ ვცდილობ განვჭვრიტო ყოველი მომდევნო დღე, რადგან მრავალფეროვნება იშვიათი სტუმარია ჩემი ყოფიერების.
ბედნიერება? რამდენი ხანია არ მითქვამს საკუთარი თავისათვის, რომ „მე ეგზომ ბედნიერი ვარ!“. განსაკუთრებით ბოლო წლებში.
გული? – არა. არავის აღარ ერგება გული ჩემი, რომელმაც თვისება ბროლისა დაკარგა.
რწმენა?
რწმენა?
რწმენა, სასაცილოდ რომ აიგდეს, ჩემივე დახმარებით, თუმცა შემდეგ საკუთარ თავზე მაღლა აღმართეს, როგორც ბრძოლაში გარდაცვლილი სპარტანელი მებრძოლის ფარი. განა იგივე ადამიანები არ ვართ?
განა იგივე დროს არ ვცხოვრობთ ახლიდან და ისევ?
იგივე ადამიანები, რომლებმაც ვერ შევძელით ღალატის ვირუსისაგან თავის დაცვა და არიდება: ვერც ჩვენი, ვერც ჩვენი ახლობლების.
და რაღაც დროიდან უკვე აღარც კი იბრძვი სურვილისათვის იყო კარგი.. იყო ცოცხალი…
რთული დასაწყისია, ხო? ალბათ, წარუმატებელიც?
ასე იფიქრე, მითხარ, განა არა? მაშინ მოდი უფრო ღრმად ჩაიხედე შენს შიგნით და მითხარ სასწრაფოდ, რას ფიქრობ, როდესაც საკიდში გაყრილ ტუალეტის ქაღალდს დააცქერდები ხოლმე…
არ იცი?!
ალბათ, დროა, გითხრა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი… გახსენებაც მზარავს. რაღაც დამზაფვრელი სიმბოლოები, მატარებლების გუგუნი, საგზაო მოძრაობის ნიშნები… ორიათასმეიქსე წლის 21 სექტემბერი, 14 საათი 30 წუთი…
ეგზემპლარი ასეულ ათასობით „მერსედესიდან“, სადაც წინა სავარძელში მოვთავსდი. ჩემს გვერდით საჭესთან ზის ნინო, ჩემი კოლეგა, მეზობელი განყოფილების უფროსი.
ამბობენ, რომ ქალის სინაზე მის აღნაგობაში უნდა გამოიხატებოდეს. ეს თვისება იმდენად მკვეთრი და მნათი უნდა იყოს, რომ აფერკმრთალებდეს ნებისმიერ მოკაშკაშე რეალობას. უძრაობასა და გემივით დრეიფში მდგომი მგრძნობიარობა კი ქალის კიდევ ერთი ქმედითი იარაღია. თუმცა ნინო ამაოების გამაოგნებელ წნეხს საკმაოდ გმირულად იტანს, ბოროტი ენები ამბობენ, რომ მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, რასაც არც საზოგადოება და არც რელიგია ქალს არ უწონებს. ნინო, ოთხი შვილის დედაა, მეუღლეზე 15 წლით უმცროსი. იგი მაღალი, ქალი-ვამპის აღნაგობისაა, მაგრამ ხმა… მართლაც სირინოზის აქვს. გაკვირვებას იწვევს, რომ ასეთი მსხვილი ბიუსტი ასეთი ნაზ-ამურულ ხმოვანებას წარმოშობს. თითები გრძელი აქვს… ბოლო ფალანგებში ოდნავი მოხრილობა ემთხვევა დიდი ზომის ბალიშებს. პირისახით სასიამოვნოა, თუმცა იგივე ბოროტი ენები აღნიშნავენ, რომ ნინოს ცხვირის კოსმეტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული – ესეც ნინოს დოსიეს „დემო-ვერსია“.
ეს ქალი ხშირად, შემინდეთ ვულგარულობა, დაუკმაყოფილებელი დადის – მას მუდმივად რაღაც აწუხებს და მუდმივად რაღაც არ ჰყოფნის. პირადი პრესტიჟული ავტომობილი, დიდი კერძო სახლი, ბავშვები, საზღვარგარეთ დასვენება… მეუღლემ რაღაც კომპანიაც კი გადაულოცა… მაგრამ ნინო მაინც უკმაყოფილოა. ის ებრძვის ცხოვრებას, ვითარცა 12 გმირობის ჩამდენი მოუსვენარი ზეკაცი-ჰერაკლე.
ჩანს, ქალმა თავის თავს ღალატი აუკრძალა და ისიც ჩანს, რომ ნინოცა და მისი მეუღლეც, ორივე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ცდილობენ ქალის მოუთოკველი სექსუალური ინსტინქტისა და დაუკმაყოფილებლობის ჩახშობას ძვირადღირებული ნივთებით, ძონძით, მოგზაურობებითა და ბიზნესით… ბოროტი ენები ამას ყველაზე ადრე ხედავენ… ასაკში შესულმა მეუღლემ აიძულა ნინო უკანასკნელი შვილი ეყოლიებინა.
აი სიტყვა პრევენციის ზუსტი განსახიერება!
ნინოს აზრებიცა და სხეულიც მუდმივად რაღაც ოჯახურით უნდა იყოს დაკავებული… ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ერთი პრიმიტივი-გამომძიებლის ნიშანდობლივი ფრაზა, რომელიც ქმრის მიერ ნაჯახით აკუწული ცოლისა და მისი საყვარლის საქმეს იძიებდა. ერთ-ერთი დაკითხვის დროს, როდესაც მკვლელი აღსარებასავით ყვებოდა ინტიმურ ურთიერთობებზე მეუღლესთან, ახმახმა გამომძიებელმა ჩაავლო დამნაშავეს ხელი საყელოში და რამდენიმეჯერ მაგრად დაიქნია და დაუღრიალა: „ეი, შენ, ცხოველო! ცოლი უნდა „ჟიმო, ჟიმო, და ჟიმო!!!“.
არ ვიცი რა ხდება ნინოსა და მის მეუღლეს შორის, მაგრამ ამ ქალში პრანჭვა-გრეხვა აშკარად გამოსჭვივის. პირველი, რომ მას სურს თავი ოცი წლის სტუდენტად გაასაღოს, რაც ყველაზე ლიბერალურ მეუღლეებსაც კი აღიზიანებს. მეორე, რომ გაპრანჭვა და კეკლუცობა იმდენად სექსის დეფიციტს არ ასახავს, რამდენადაც თვისობრივად მაღალი დონის ალერსისა და გულის გახსნილობის სიმცირეს, გულწრფელობის არარსებობას საქორწინო პარტნიორის მიმართ…
…ჩვენს უკან „მერსედესში“ ორი სხვა მგზავრი იმყოფება: ბრაიანი და მზია. უკანასკნელი ჩვენ ისე წამოვიყვანეთ, ბრაიანს რომ არ მოეწყინა. მე კი აქ მხოლოდ და მხოლოდ ბრაიანის გამო ვარ, მისი თარჯიმნის რანგში.
აი დაბრძმედილი ბერიკაცი! წარმოშობით შოტლანდიელი, რომელმაც 13 წლიდან განიზრახა გამხდარიყო შეფ-მზარეული და ოცნებაც აისრულა. ახლა სადღაც ბრიტანულ კოლუმბიაში ასწავლის. ამბობს, რომ ახსოვს, როგორ ბომბავდა „ლიუფთვაფე“ ჩრდილოეთ ლონდონს, თუმც ბრაიანი მაშინ სულ ოთხი წლის იყო.
უცნაურია! უყვარს საკუთარი ქვეყნის შესახებ საუბარი. უყვარს კანადური საზოგადოების უპირატესობების აღნიშვნა… ამერიკულთან შედარებით.
…უსმენ, გიკვირს და განცვიფრებას ეძლევი შინაგანად. ეს როგორც მხეცურად მშიერი ადამიანის თვალწინ დაობდე ხინკალი ჯობია თუ მწვადი… ანდა პატიმრის წინაშე გაარჩიო, რომ კანარის კუნძულების კურორტები ყველას ჯობია ფეშენებელობისა და ფუფუნების თვალსაზრისით.
…რამდენიმე საათის წინ ნინო ოფისში შემოვიდა. ასე თუ ისე მყავს შესწავლილი და ვამჩნევ ხოლმე როდის არის გატაცებული საფიქრალით. მისი სახე ამ დროს მიწისფერი ხდება. ამჯერადაც ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს.
– ნიკო… მას ვეძებდი. არ იცი სად არის? – მეკითხება ნინო.
– არა. – ვპასუხობ უშუალოდ. თუმც ცოტა ხანში ვცდილობ გავარკვიო. – ნინო, შემიძლია რამით დაგეხმარო?
– კი. იცი, მინდა ბრაიანი რესტორანში წავიყვანო სასადილოდ. ვიფიქრე, იქნებ ნიკო დამეხმარება თარგმნაში.
საერთოდ, ეს… ჩემი სფეროა. ნიკომ არც თარჯიმნის, არც მთარგმნელის ინგლისური არ იცის, ამიტომ ნინოს მისი იმედი არ უნდა ჰქონოდა.
და მაშინ რატომ პირდაპირ მე არ მომმართა? ჩემთან ხომ პრობლემა არასოდეს არ ჰქონია?!
– კარგი, ნინო. მე წამოვალ! – ვეუბნები მტკიცედ.
– შენ ხომ დაკავებული ხარ?!
– არაფერია…
– კარგი, მაშინ გზაზე მზიას ავიყვანთ.
… შემდეგ ავტომობილში ჩვენ მოძრაობის წესების, მანქანის მართვის სტილის, მშვიდი, რელაქსირების მუსიკის შესახებ ვსაუბრობთ… რომელიც გეხმარება მრავალი სტრესი უფრო იოლად გადაიტანო. ეს არაფრისმომცემი, გულისამრევ-მონოტონური დიალოგია, როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ ვერ გადალახავენ სოციალურ როლებში გარედან შემოტანილ აკრძალვებსა და შეზღუდვებს და იძულებულები არიან გაცნობიერებულად და მონდომებით უკიდეგანო სისულელეები მოჩმახონ…
ბრაიანი მხიარულად გვიქნევს ხელს. ადგილობრივ რესტორნებში სამუშაო ვიზიტების დროს ის ყოველთვის იცმევს კანადელი შეფ-მზარეულის ეროვნულ სამოსელს – განიერ წითელ შარვალს და თეთრ პიჯაკს დაყენებული მხრებით. აგრეთვე სახელოებზე განთავსებულ ზოლებივით ჯიბეებით, სადაც ინახება გასტრონომიის პროცესის მნიშვნელოვანი მოწყობილობები – თერმომეტრი, შაქრის და მჟავიანობის დოზის საზომი და სხვა.
წააგავს რა კინომსახიობს, ბრაიანი საკმაოდ ნელა და აქცენტირებულად ლაპარაკობს, თითქოს თითოეულ სიტყვას საცერში ატარებს – რათა მისი სათქმელი ბოლომდე გაიგონ და მის მიმართვებსა და ხუმრობებს პიკანტურობა და სანელების მაგიურობა არ შემოაკლდეს, ისევე როგორც მის მიერ მომზადებულ ეგზოტიკურ კერძებსა და სადილებს… 14 საათი და 25 წუთი… მანქანაში მზია ჩავისვით და რესტორნისაკენ დავიძარით. ნინო ეშვება გზატკეცილით და წესით გზა კოსტავას ქუჩით უნდა განაგრძოს. მაგრამ აქ ის რატომღაც მარჯვნივ უხვევს, რათა გადათხრილ ქვაფენილს ასცდეს. ჩემი შინაგანი ხმა ლამის პროტესტს გამოხატავს: ნინოს მიერ ამორჩეული გზა ხომ არანაკლებ დანგრეულია…
თუმცა აქვე თავს ვიკავებ და მძღოლის ნებას ვენდობი, თანაც ჩვენ უკვე რამდენიმე წამია გადავკვეთეთ და დავშორდით გზაჯვარედინს. შენიშვნის მიცემას აზრი აღარ აქვს.
ჩვენ რესტორნისაკენ მივეშურებით, ნახევრადგაძარცვული და გაპარტახებული ქარხნის დასახლების გვერდის ავლით. ჩვენი „მერსედესიდან“ მოჩანს ქარხნის უსასრულო ბეტონის ღობე… ამის დანახვაზე მე და ბრაიანი ვიხსენებთ წუხანდელ საუბარს მეორე მსოფლიო ომის შესახებ, ბრიტანეთის წვლილს დიდი გამარჯვების საქმეში.
მართალია, ჩემი ყურადღება ბრაიანზეა გადასული, მაგრამ იმასაც ვამჩნევ, რომ ნინოს სახე უფრო რუხი გახდა, თითქოს მის სულში მღრღნელების გუნდი თარეშობს. აშკარად ეტყობა, რომ რაღაც ძლიერ აწუხებს. არ ვიცი, იქნებ ისიც, რომ ჩვენი საუბრის შინაარსი თითქმის არც ესმის?
– ასეთი იყო ეს ჩერჩილი – კაცი, რომელმაც კარიერა ომის წყალობით გაიკეთა. ომის გარეშე ის ხომ უბრალოდ უსახელო კაბინეტის უნიჭო მინისტრად დარჩებოდა!
– ქვეყნისათვის ეს უმძიმესი დრო იყო! ყველაფრის დაშლის, რაც მან საუკუნეების განმავლობაში დააგროვა; უფრო სწორედ გაძარცვა და იყაჩაღა! – სარკაზმით ვპასუხობ მე.
– და როგორი მტერი ჰყავდა ჩერჩილს ჰიტლერის სახით?
– კი, საოცარი ეპოქა იყო! საოცარი ადამიანები! საოცარი მოვლენები! – ვამბობ და ვბრუნდები უკან ბრაინის მხარეს თანხმობის ნიშნად.
მოულოდნელად ნინოს პანიკური თავზარდამცემი შეყვირებები მაიძულებს ერთბაშად შემოვტრიალდე. ჩემგან სულ ნახევარ მეტრში მჯდომი ქალი მიხმობს, თითქოს აქ არც ვყოფილიყავი, უფრო სწორედ დახმარებას ღაღადებს.
– გიო, მიშველე, გიო, მიშველე, ღმერთო! მიშველე, მიშველეთ, გიო, ვაიმე!
თავდაპირველად ვერც ვასწრებ გავერკვე, რა ხდება და რა აიძულებს ქალს ასე შემომძახოდეს. თუმც ჩემი დაბნეულობა მხოლოდ წამის მეათედს გრძელდება. ჩვენ ნელა მივგორავთ…
და ეს… პირველი, მაცდური შთაბეჭდილებაა.
სკოლის შენობასთან მიახლოებისას რვა-ცხრა წლის ბავშვების ჯგუფს ვამჩნევ. ამ ადგილას გზა ათი ან უფრო ნაკლები მეტრის სიგანემდე ვიწროვდება. გზის მეორე მხარეს შეკრებილ ბავშვებს ერთი დაუდეგარი ბიჭუნა წყდება და თავქუდმოგლეჯით სკოლის კარისაკენ მორბის.
..მერე უკვე ყველაფერი ისეთი სისწრაფით ხდება, რომ ჩემს ძალებს სრულიად აღემატება მოვლენების კონტროლი. ნინო ამუხრუჭებს, თუმც მისი გულამოსკვნილი ყვირილი წამითაც არ წყდება. იგი საჭეს ცოტა მარცხნივ აბრუნებს.
ახლაც კი უცნობია ჩემთვის აცნობიერებდა თუ არა თვითონ ის პატარა ბავშვი, რომ მანქანას გაურბოდა, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ეს საზარელი სურათი არასოდეს ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან.
ნინო ისტერიულად ბღავის და განწირულად ამუხრუჭებს, მძიმე ავტომობილი კი ისევ ინერციით სულ წინ და წინ მისხლტის. მანქანის საქარე მინაში პირდაპირ „მერსედესის“ ემბლემაში ვხედავთ, თუ როგორ მთელი სისწრაფით მიქრის ბიჭუნა.
კოშმარულად სასტიკი შეგრძნებაა!
არ იცი, მოასწრებს თუ არა ავტომობილი გაჩერებას. გეუფლება წინათგრძნობა, რომ აი ამ ერთი წამის გაელვებაში შეიძლება დაკარგო ყვალაფერი, რაც ცხოვრებაში გაგაჩნდა. და რაც მთავარია, უდანაშაულო ადამიანის თავისუფალი სუნთქვა… და არც ის იცი, სად გაჩერდება ეს წყეული მანქანა! ხდება რაღაც შეუქცევადად საზარელი რამ!…
…ავტომობილი არ გაჩერდა!
კოშმარი ცხადი ხდება. არასოდეს დამავიწყდება…
სისხლის გამყინავი ხმა! ბავშვის სხეულთან შეჯახების წამი და ის, თუ როგორ ამსხვრევს, თელავს, იქცევს სიცოცხლის გიჟმაჟობას წყეული რკინის მახინა საკუთარი საცეცების და მოუქნელი ფორმების საზელში.
სიკვდილი!
…ჩვენ გავიტანეთ… მოვცელეთ… და გა-ვია-რეთ კიდევ რაღაც მანძილი და გავჩერდით…
ნინო გადარეული ღრიალებს!
ტყვიის სისწრაფით ვენთები ავტომობილის სალონიდან. გონებაში საზარელი მოლოდინის სურათი დაფრიალებს – მოლოდინი დავინახო ბიჭუნას დასახიჩრებული სხეული…
„ფარში“! ან კიდევ რაღაც უფრო დამთრგუნველი, რაც ერთხელ ვნახე, როდესაც საგზაო-სტრანსპორტო შემთხვევას ავუარე გვერდით.
ვწვები გახურებულ ასფალტზე და მანქანის ქვეშ სივრცეს ვათვალიერებ. საშინელი გრძნობაა! და…
საოცარი…ც!
არც სისხლია… უფრო სწორედ მანქანის დაბალი დგომის გამო ქვეშ არაფერი არ ჩანს.
მხოლოდ მსხვერპლის დაჟინებული განწირულად-წყვეტილი შეკივლება, თითქოს იხუთებოდაო:
– გამომიყვანეთ აქედან! გამომიყვანეთ აქედან!
წარმოიდგინეთ რა შეუძლია დამართოს უბრალო მოკვდავს მეორე მოკვდავის ძახილმა დახმარების შესახებ?
სიგიჟის ერთ გუნდად ვიქცევი, ვავლებ ხელს მანქანის ფრთას და ვცდილობ მანქანა ავწიო. რამდენიმე გამვლელიც მეშველება და მეორე მხრიდან იგივე მოქმედებას ასრულებს. ერთი სული მაქვს ეს ავტომობილი გადავაყირავო… მთელი ძალით ვეჭიდები ფრთას, ვუყვირი გაჩერებული მანქანების მძღოლებს, რომ შემოგვიერთდნენ და დაგვხმარონ ამოწევაში. მაგრამ ტექნიკის, ან სულ მცირე, დომკრატის გარეშე, ამ ტონანახევრიანი მახინის, თუნდაც ათი სანტიმეტრით მიწისაგან მოწყვეტა ჩემთვის სულ უფრო რთული ხდება.
ძალები ნამდვილად არ გვყოფნის. ვამჩნევ რა ამ მცდელობების ამაოებას, ისევ მიწას ვერთხმები და ბამპერს ქვეშ ვიხედები. მაგრამ იქ… არაფერი და არავინ არ არის. მანქანის მეორე ბოლოს სინათლე მოჩანს.
და მაშინ, შეიძლება, თითქოს რაღაც ქვეცნობიერი იმედით აღვსილი შეკრებილი ხალხის მისამართით ვყვირი:
– სად არის ბავშვი? სად არის ბავშვი? სადაა ბავშვი?
არემარე უცხო ადამიანებით ივსება.
და ვხედავ, თითქოს სიზმარში, რომ ვიღაცას ხელში უჭირავს
„ეს“
ბავშვი!!!
წამით მოგვიანებით მესმის რაღაც ხმები და ბიჭუნას ტირილი, და ხორხისმიერი ფრაზები:
– ბიჭი კარგადაა… არაფერი ისეთი არ სჭირს! აქ არის! რამდენიმე ნაკაწრი აქვს! არაფერია, გაუვლის!
ბიჭუნას სახეზე, საფეთქლებზე დალურჯებები, ნაჭდევები აქვს, ხელები და მხრები კი მრავალგან გაქლეშილი აქვს. მისი ტანსაცმელი ძონძებადაა გადაქცეული.
…უცნობი მძღოლის ძლიერ მკლავებში ბიჭი შეპყრობილი ბარტყივით ფეთქავს. არანაირი მოტეხილება არ აქვს, არაფერი!
ის თითქოს უნიკუმია, რომელიც გამონაკლისივით გადარჩა სასაკლაოში. ნინო გულში იკრავს ბიჭუნას, კოცნის და ტირის.
ბიჭუნა წინააღმდეგობას უწევს და ცდილობს მიიმალოს.
– სახლში მინდა! გამანებეთ თავი! სახლში მინდა! – მოსთქვამს სიკვდილამდე შეშინებული ბავშვი. ახლა მას ყველას და ყველაფრის ეშინია. ეს ბრბო, შეძახილები, მასწავლებლები, ბედისწერა.
…მანქანაში, ამ წყეულ მანქანაში, ბავშვი არაფრით არ ჩაჯდება.
ნინო მანქანას იქვე, შუა გზაზე ტოვებს და მზიასთან და ბიჭის თანაკლასელებთან ერთად მიაცილებს ბავშვს სახლამდე.
…ახლაღა მახსენდება ბრაიანი. ის გაფითრებული დგას ბრბოში.
– ეს იესოა! – იძახის ბრაიანი თავისი ნახევრადირონიული ინტონაციით. – ქრისტეს გარდა ვერავინ ვერ შეძლებდა ასე მრთელი გამოსულიყო მასზე გადავლილი მანქანის ქვეშიდან. ის აღსდგა!
…ნინოს ავტომობილს მოშორებით ვაჩერებთ და ფეხით მივემართებით რესტორნისაკენ და გზაში მომხდარის დეტალებს ვარჩევთ…
ამ მოვლენის დანარჩენი ამბები უკვე ნაკლებადმნიშვნელოვანია. ნინოს მეუღლე, ცინიკურად მოპრუწული არარსებული ტუჩებით ახერხებს ბავშვის ძალზედ გაჭირვებული ოჯახის მოთაფვლას, და ისიც სულ რაღაც რამდენიმე ათეული ლარით.
…ნინო ორი დღე მონდომებით ლოცულობს, სანთლებს ანთებს და პატიებას შეღაღადებს.
ახლობლები საღამოს უკვე ხუმრობენ ამ ინციდენტის შესახებ, რომ ტყუილად არ ვვარჯიშობ, ხატოვნად აღწერენ, როგორ ავიტაცე მანქანა და ნახევარი წუთი მეჭირა ჰაერში ავტომობილის „პერედოკი“.
ასეა თუ ისე, მე ვფიქრობ, რომ ჩემმა თავგანწირულმა ძალისხმევამ მანქანა იმდენად მაინც მოსწყვიტა მიწას, რომ ბიჭუნამ შეძლო გამოეთავისუფლებინა თხელი სხეული რკინის ურჩხულისაგან.
ერთი კვირის შემდეგ თითქმის ყველა ივიწყებს ამ საშინელ ისტორიას.
კიდევ ათი დღის შემდეგ ნინო ერთხელაც იძულებული ხდება ბიჭუნას ექიმი მოუყვანოს, – ბავშვი გაცივდა!
მეუღლეები აღშფოთებას ვერაფრით მალავენ:
– ეს უკვე შანტაჟია! როგორ არ სცხვენიათ! ფულიც ხომ მივეცით – 100 ლარი დავუტოვეთ! გაიგეს, რომ პატარა ბიზნესი გვაქვს! ღმერთო, რა ხალხია!..“
ამის შემდეგ მეც ვივიწყებ ამ შემთხვევას, ხელისგულზე კი მცირედი ნაიარევი რჩება, მანქანის ფრთის მჭრელი კიდის დანატოვარი.
…მიზერერე…
ერთი კი ვიცი ნამდვილად… ღმერთმა ყველა შეგვიწყალა.
თითოეული: ნინო, მე, მზია, ჩვენი სულები, ეს ბრაიანიც კი!
არ მიყვარს ამ მოთხრობასთან მოსვლა. ბევრია აქ სასოწარკვეთილება, თუმც ჰეფი-ენდი აქვს. ხან მგონია, რომ ჩემი მოთხრობები შეიძლება ერთ რომანში ჩატიო – რომანში ადამიანის ძიებების შესახებ. და სულ არაა საჭირო ყოველ ჯერზე ახალ-ახალი რაღაცეები წერო.
…დრო, როგორც წყალი მოდის და ავსებს სიცოცხლის ჭურჭლებს და შემდეგ ასევე უკვალოდ იორთქლება!
…რამდენი ქართველი დაიღუპა ქერჩის სადესანტო ოპერაციის დროს მეორე მსოფლიო ომში, მხოლოდ იმის გამო, რომ ცურვა არ შეეძლოთ.
და ვის ახსოვს ისინი ახლა? ეს ბიჭები თავიანთ დღეებს იმ ჩაყვითლებულ ფოტოებზე ასრულებენ, სადღაც დანესტილ ალბომებში რომ ინახება.
რატო გადაარჩინა უფალმა ეს ჩვენი ბიჭუნა და რატომ გაგზავნა ყურეს ფსკერზე გერმანული ბატარეების ცეცხლის ქვეშ ის პირტიტველა ყმაწვილები?
იქნებ მათთვისაც ეს უკეთესი გადაწყვეტილება და წყალობა იყო?!
და ჩვენებრ, ისინიც იმეორებდნენ:
– შემიწყალე მე, უფალო!
მიზერერე მეი, დეუს!

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

One thought on “მიზერერე

  1. saintereso xedva gaqvt…siamovnebit visaubrebdi tkventan🙂

    Posted by maka melitauri | May 16, 2016, 11:48 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 2,375 other followers

  • 116,943 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Soso Mikeladze”

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

ლექსი “ფიცნი, ნათქვამნი ჩვენს შორის”

“მიყვარხარ”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: