წარმატების შესახებ

შექმენი საკუთარი წარმატება – 2 (7)


Bald Eagle in Flightმოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, წარმატებისათვის თანამებრძოლებო

ჩვენს თვალხატულა ქვეყანაში მიმდინარე უგვანო (და იქნება თვალხატულა) პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ, შეიძლება ცოტა არ იყოს წარმატებაზე ოცნებებიც და, საერთოდ, არსებობის სურვილიც გაგიქარწყლდეს. არავინ გარკვევით და დარწმუნებით არ იცის პოზიტიურია ეს ყველაფერი თუ ნეგატიური. ქვეყანა მისდევს დინებას და შესაბამისად მოქცეულია რექციული წრეში. თამაშდება ვიღაცის მიერ ჩაფიქრებული სცენარი და სანახაობები ნამდვილად არ გვაკლია!

ძნელია ქართველობა – მაშასადამე, ძნელია ევროპელობა!

* * *
ის საკითხები, რასაც ამ ფორუმში შევეხეთ – საბოტაჟი, თვითშეფასება, აღქმა, წარმატება, კარიერის შექმნა, ბიზნესი, ჩემო ბატონო, და ასე შემდეგ, მინდა სრულიად მოვიცვა. გადმოგცეთ ის, რაც ესოდენ მაწუხებს…

აღარც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ხან მიფიქრია, პირდაპირ კითხვები დამისვას ვინმემ ანუ მისცეს აუდიოინტერვიუს სახე, შემდეგ კი ეს ყველაფერი გაშიფროს და წიგნად აქციოს. თუმც მჯერა, რომ ინფორმაცია, რომელიც თავს მისიებს, ნელ-ნელა ჩამოყალიბდება გარკვეულ ძლიერ იდეოლოგიად – წარმატების სკოლად – ქართველი ერის გადარჩენის პროგრამად. გადარჩენაში, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ ფიზიკურ ასპექტს, მადლობა ღმერთს, – აქ, შიგნით საქართველოში ეროვნული ნიშნის მიხედვით არ დაგვდევენ. თუმც ჩვენ მტრებს ისეთი კარგი “მეხუთე კოლონა” ჰყავთ საქართველოში, ნეტავ ამაზე კარგი რა უნდა ინატრონ?

ბავშვობისას (აღზრდის ნირი იყო ამდაგვარი) მეგონა ქართველს ქართველი ისე უყვარს, არ გაიმეტებს, არ გაწირავს-მეთქი. ძალიან დიდ ხანს ასეთი ილუზიით ვცხოვრობდი (გეცნოთ, ალბათ, პატერნი?!).

რამდენი ადამიანი შეეწირა ამ ილუზიას! ღმერთო! გასული ათწლეულები სულ ამ ტრაგედიების არ იყო? საქართველო დაიხლიჩა ორ ნაწილად. ის, ვინც მზად იყო სხვა ქართველისათვის შეეხედა, როგორც საცდელი ცხოველისათვის, ამოტივტივდა საზოგადოების სათავეში და… “საცდელი ცხოველები”, რა თქმა უნდა.

“ბითლზები” მღეროდნენ, ალბათ, ჩვენთვის ქართველებისათვის, ALL YOU NEED IS LOVE – ყველაფერი, რაც გვჭირდება, ქართველებს დღეს, სიყვარულია – ერთმანეთის ძალა და პოზიტივი ვიგრძნოთ, დავინახოთ, სულ პოზიტივს უნდა ვგრძნობდეთ ერთმანეთისაგან, დაუსრულებელ პოზიტივს, ერთმანეთის ძალის რწმენას.

თუ შემამჩნიეთ (ჩემი ტრენინგის მონაწილეებსაც “ვუკრძალავ”), ვერ ვიტან “ანდაზებს” – ტრაფარეტული იდეების სადემონსტრაციო ტრანსპარანტივით თრევას ჯიბით თუ ტვინით და ყოველ უადგილო თუ შესაფერის სიტუაციებში გამომზეურებას (მაგალითად, შემთხვევა – კაცს რაღაც შეეშლება და ვერ გამოუვა ცხოვრებაში, და მისი “კეთილისმოსურნე” მიჯრით დაახლის: “ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი!”).

მაზიდებს იდეებზე – “ვაჩუქოთ ერთმანეთს სითბო, სიყვარული, მოვეფეროთ ერთმანეთს, ვესროლოთ ერთმანეთს ყვავილები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენი იყოს ჩვენი ქვეყანა, ხელი მოუმართოთ ერთმანეთს!” და ასე შემდეგ. მაზიდებს! ფუჰჰჰჰჰჰ!!!!! რატომ? იმიტომ, რომ ვინც მისდგება და ამ იდეებს მოუხშირებს, ქვეშეცნეულად თუ კარგად გააზრებულად სხვაგან უმიზნებს და ერთი სული აქვს ხალხი კვლავაც იდეალებით დაატყვევოს და კიდევ ერთი საპარლამენტო, საპრეზიდენტო, სამოსამართლეო, სადეპუტატო თუ რაიმე ვადა დაირტყას. მაზიდებს ამ ერთმანეთთან “ფლირტაობის”, “ხვევნა-კოცნა” და “მტლაშა-მტლუშის” იდეებისაგან. რატომ? ვინაიდან ამის გაჟღერების შემდეგ, რაც თავი მახსოვს, ჩვენს საშინაო პოლიტიკაში იწყება უწყალო ხოცვა-ჟლეტა, საქართველოს მერმისის სრული გადასანსვლა, ბოზობის აპოთეოზი! რამდენი ქართველი გააყოლეს საიქიოს გზას ამ “სიყვარულის” სახელით ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად , ქვეყანა რაღაც მარაზმში ჩააგდეს და ახლა გამოსავალი ისღა დაგვრჩა ისევ ეს ყბადაღებული ფრაზები სიყვარულზე, შერიგებაზე, გვერდით დგომაზე, მოღალატეებთან “ინტიმზე”.

ამაზრზენია!!! თქვენ იტყვით იდეები რა შუაშია თუ ადამიანები არ ვარგანან? ბოლო ჯამში იდეებთან არაფერი ხელი არ მაქვს. ის ვიცი, რომ კეთილი ხალხი, რაც ამ იდეებში აზრია, აკეთებს და ახორციელებს ჩუმად, მშვიდად და კოხტად და არ დაეძებენ პიარ-ტექნოლოგებივით შთამბეჭდავ მეტაფორებს. გაიხსენეთ იესომ რა თქვა.
ახალი აღთქმა, მათეს სახარება, თავი XV

…7 თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა:
8 “ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან.
9 ამაოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან.”
…10 მოუწოდა იმ ხალხს და უთხრა: “ისმინეთ და შეიგნეთ.
11 ადამიანს ბილწავს არა პირში შემავალი, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს.”

ჩვენს ჯგუფში სიყვარულის თემა შემთხვევით არ გავხსენი. მინდა ვასწავლოთ ერთმანეთს სიყვარული. მინდა ერთმანეთში ღმერთი დავინახოთ…

თქვენს მონა-მორჩილს ადრე ეს ძალიან მიჭირდა – დამენახა ჩემს მოყვასში თუ მტერში ღმერთის ძალა, ღმერთის გამოვლინება.
არ დაგიმალავთ, ცხოველებში უფრო მიადვილდებოდა ეს საქმე. ცხოველები ალერსიანები, მოსიყვარულეები არიან, სულ ლამობენ რაღაც ისეთი გააკეთონ, რომ გაგახალისონ და გაგამხიარულონ. თანაც მათი გონიერება აღგაფრთოვანებს, მათი მოძრაობების პლასტიკა, დახვეწილობა გაოცებს, ისინი არ ცდილობენ თავი მოგაჩვენონ საოცარ არსებებად, იღებენ საკუთარ თავს და არ ებრძვიან ყოველ წამს. არ ყოყლოჩინობენ შენთან საკუთარი სრულყოფილებით. არ სძულთ საკუთარი თავი, ჰაერ-წვეთოვანი გზით სიძულვილს არ ავრცელებენ, არ აქვთ იდეოლოგია და ტყვიამფრქვევის სიწრაფით არ ისვრიან ათასგვარ მკრეხელობებს!

საკუთარი თავის მიმართ შიში (საკუთარი თავის დაკარგვა), შეფასებები და შედარებები უნდა მოვიხსნათ (ეს ასე ხელაღებით და სიტყვასიტყვით არ გაიგოთ). სიყვარულს სწავლა უნდა. რადგან სიყვარული უბრალოდ უნარ-ჩვევაა. სიყვარული შრომაა – სერიოზული, დამღლელი, რომელსაც ხშირად უმადურობით გამასპინძლება ემუქრება.

ადამიანების სიყვარულს მართლაც სწავლა უნდა. მაგალითი ამისათვის თვით უფალია, რომელმაც ისე შეიყვარა ადამიანი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე. უფალი, ვინაც ურიცხვ ცოდვას შეგვინდობს ყოველდღე.

სიყვარულს სწავლა უნდა და არა ლამაზ და თავბრუდამხვევ სიტყვებში გახვევა. სიყვარული ყოველდღიური მოზომილი ყოფაქცევაა, მზეა, თქვენს შიგნით, რომელიც ადამიანებს ათბობს და სიცოცხლეს უნათებთ. სიყვარული თავგანწირვაა და ღიმილია, მილიონი რომ ღირს. მილიონი სასიხარულო განცდა!

გაიხსენეთ რას იმიზეზებს მრავალი პატრიოტი – მე საქართველო მიყვარს, ის ზოგიერთი “არამზადა ქართველი” კი არა! ერთი კარგად გამარკვიეთ, თქვე დალოცვილებო, რას გულისხმობთ ამ საქართველოში? “კარგ” ქართველებს, კავკასიონის ხედებს, ცირკთან მდგომ მანდილოსნებს, ოლიმპიურ ჩემპიონებს, ლიდერებს, მოსავლიან მიწებს, საქართველოს ისტორიის წიგნებს, ილია ჭავჭავაძეს თუ ილია მეორეს და კიდევ რას აღარ?…

ყოფილხართ ხორნაბუჯის ციხეზე? გიწვალიათ ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლაზე? გიგრძვნიათ სიამაყე, როდესაც ხელში აგიტაცებენ იმის გამო, რომ ქართველი ხართ? გინახავთ როგორ ტირის დედა დაკარგულშვილს საქართველოში? რა გაგიკეთებიათ კონკრეტულად საქართველოსათვის? საქართველოს გულისთვის?

სწორედ ახლა, ამ ძნელბედობის ჟამს. რატომღაც მინდა გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები სამოქალაქო საზოგადოებაზე. იყო დრო, როდესაც ვმუშაობდი კახეთის განვითარების სტრატეგიული გეგმის შექმნაზე, ვწერდი რაღაც ნაწილს – სხვათაშორის ჩემი მშვენიერი კახეთის ხედვაც მე მეკუთვნის ამ გეგმაში – როგორი უნდა იყოს 2015 წლამდე კახეთი (დღეს დავდებ “იდეების” თემაში).

მეამაყება, რომ ჩემი ვარიანტი პირწმინდად აიღეს და ჩადეს ამ გეგმაში. ისიც ვიცი, რომ დღეს ჩემს გარდა მისი განმხორციელებელი არავინ არ არის. ლეღვის ფოთოლივით არ ვიფარებ შეუხადავ თავმდაბლობას, ვინაიდან ჯერ არ მინახავს ადამიანი ერთდროულად ისეთი ენთუზიაზმი, ხედვა, ცოდნა, სისტემა და ლტოლვა ჰქონდეს, როგორც მე მაქვს კონკრეტულად ამ გეგმის განსახორციელებლად. კახეთის ნიჭიერი ადამიანები დაფანტული ცხვრებივით არიან და სჭირდებათ არა მხოლოდ ლიდერი (მე ვიტყოდი“მამა”, “მწყემსი”), არამედ რეალური პროგრამა.

ლიდერების დეფიციტი იწვევს «быдло»-ს აღზევებას. არ ვიცი რა შესატყვისით გადმოგცეთ ეს სიტყვა (რუსეთის ერთ-ერთი უნიჭიერესი ექსპერტის მოსაზრებით ეს არის მოსახლეობის კატეგორია, რომელიც “მძ…რში” ცხოვრობს, სავსებით კმაყოფილია ამით, და თუ მოინდომებ მისი ცხოვრების შეცვლას, თავს გაგიტეხავს!). ძლიერი, შემოქმედებითი ადამიანების ჩასაძირად, ნებისმიერი პროგრესული თუ ტოტალიტარული ხელისუფლება წარმატებულად იყენებს ამ კატეგორიას (რომში მას ლუმპენ-პროლეტარიატს ეძახდნენ, ასეთები იღებდნენ ზამთრის სასახლეს, ბასტილიას, აწყობდნენ მხეცობის მწვერვალად აღიარებულ “წითელ ტერორს”, რუანდის გენოციდს და ასე შემდეგ).

ერთი ქართველი საკმაოდ საღად მოაზროვნე ჩინოვნიკთან გახსნილ საუბრებში, მახსოვს როგორ შეაფასა მან «быдло»-ს რაოდენობა საქართველოში – “სადღაც მოსახლეობის ნახევარია”-ო. ასეა თუ ისეა, მოსახლეობის სიმცირეც რეალური პრობლემაა საქართველოში, თვითმმართველობის მინიმუმიც და ხალხში ძვალსა და რბილში გამჯდარი კერპომანიაც. ამას მიუმატეთ ანტროპოლოგიის პოსტულატი – მთელი მოსახლეობის ფსიქოლოგიურ ზრდას არც აზრი და არც ღირებულება არ აქვს. ყველა თუ მენეჯერი გახდა, საქმის შემსრულებელი ვინ იქნება? (გაითვალისწინეთ, რომ ეს ტენდენცია ისედაც გვაქვს ქართველებს!).

კვალიფიციური კადრის მოძებნა ახლაც კი ჭირს და მერე სულ მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან უნდა ვერეკებოდეთ. ანგარიშგასაწევია ის საუკუნეების განმავლობაში აპრობირებული გარემოება, რომ საზოგადოება იქმნება გარკვეული იდეოლოგიის, სისტემის, კლასის ინტერესების გასატარებლად (სახელმწიფოს, მაგალითად). და სახელმწიფოს ინტერესებში ნაკლებად შედის ქართულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპარეზს ყაყაჩოებივით მოეფინნენ ქარიზმატული ლიდერები. ურბანიზაციის შენელებაც და შიდა მიგრაცია (შიდა მიგრაცია აქ ძალიან ხმამაღლა ჟღერს – თბილისში გადასვლა, ესეც შეგნებული პროცესია. საქართველო ლერნეის ჰიდრა ხომ არის ყოველ დაჩაგრულ ლიდერზე ათი ახალი გაჩნდეს? არც რამე სკოლა გაგვაჩნია, არც წახალისება, არც მხარდაჭერა, და არც. ტრადიცია არ გაგვაჩნია! ტრადიცია გვიყვარდეს საქართველო, ვაშენოთ საქართველო.
რას ვგულისხმობ? ვგულისხმობ ინვესტირებას მაღალი ეშელონების ჩინოვნიკების ჯიბეში კი არა – ხალხში.
ინვესტიციას ქართველ ერის განვითარებაში! განათლება, ინოვაცია, ახალი ტექნოლოგიები, გეოპოლიტიკური სტრატეგიები, კრეატივის ამაღლება მოსახლეობაში.

კიდევ მძულს ფრაზა -“შენ თუ შენ თავს არ მიხედე, არავინ არ მოგხედავსო!” ერთი შეხედვით მართალია, შენს თავს უნდა მიხედო, აბა?! როგორ შეიძლება ხელისუფლებამ იზრუნოს შენზე? რა სისულელეა? ან ვინმემ კიდევ? რა დებილი ხარ?! კი, ბატონო,სამოქალაქო საზოგადოებაში კერძო ინიციატივა ძალიან დაფასებულია, თუმც ჟღერს ეს აზრი მაინც ძალიან ჯუნგლურად (ამ იდეის გამავრცელებლებს სულ მინდა მოუყვანო ჯუნგლების მეფე ვიჯაი – ჩემი ბავშვობის კინოგმირი). მაგრამ იქნებ სულაც მაუგლის ცნობილი დევიზიც არ დაგვავიწყდეს – “მე და შენ ერთი სისხლის ვართ!”…
დღეს, შემინდეთ, დიდად “ტრიპაჩობაზე” გადავედი (თუმც მისი აღმატებულების სტილი არ გეგონოთ – თამაში ტყუილის ზღვარზე, სრული სინამდვილეა!) და გასული ზამთრის ერთი ძლიერი ეპიზოდი მინდა გავიხსენო. თქვენც დაგაფიქრებთ და მეც ვისიამოვნებ კიდევ ერთხელ.

ქათქათა, ფაფუკი თოვლის ბოლო ბედი მოგეხსენებათ – ამაზრზენი ყინულია! იგი მოქალაქეებს მრავალ არასასიამოვნო თავგადასავალს უქმნის. სწორედ ერთ ასეთ დღეს თელავში მანქანით მივდიოდი – აღარც მახსოვს ზუსტად – რაღაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე. როდესაც ყოფილი ლეგენდარული ტირიფის ადგილს მიუახლოვდი, სადაც გზა “საუკუნოვანი არქტიკული” სისქის ყინულით იყო დაფარული, შევანელე, რადგან გზაც ვიწროვდებოდა. ამ ადგილას არც თუ იშვიათად თითქმის ნიშნეული რაღაცეები ხდება – ადრე ამერიკელ მეგობართან ერთად ვიპოვეთ რვა უპატრონო ლეკვი და მასთან სახლში გადავიყვანეთ (შემდეგ ეს ლეკვები ძველი სახლის კედელზე დავხატე გარგარის ყვავილის, ლეოპარდის და პირველი ფოთლის ფონზე – როგორც სიმბოლო ყველაზე დიდი, ლაღი, სუფთა და სიცოცხლისმომგვრელი ინსტინქტებისა და მოვლენების).

ტირიფიდან ცოტა მოშორებით მოლიპულ ყინულზე დავინახე პირაღმა წაქცეული ასაკიანი ქალბატონი – დაუფიქრებლად “ბებოს” კვალიფიკაციას რომ მისცემდა კაცი. მოხუცი სასოწარკვეთილად იქნევდა ხელებს, წამოდგომას ცდილობდა და ვერ ახერხებდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ბებოს რაღაც ჰქონდა მოტეხილი, ვინაიდან აშკარად ძალა არ ყოფნიდა წამოწეულიყო და რამენაირად გადაელახა ეს უსუსურობის განცდა.
პირველი რაც ვიფიქრე (პირველი აზრი მაინც ყოველთვის ადამიანურია, ოღონდ მართლა პირველი და არა შენ რომ პირველი გგონია კაცს) – დავეხმარო-თქო. თუმც ჩემს მდგომარეობას ის ართულებდა, რომ მანქანა უნდა გამეჩერებინა შუა გზაზე, ყინულზე, რაც სისწრაფით მომავალისათვის, ძნელი იქნებოდა… შეუქმნიდა პრობლემებს სხვა მანქანებს (არ იყო გამორიცხული ვიღაც დამჯახებოდა ზურგიდან, ამ ყინულზე მანქანის დამორჩილება-დაამუხრუჭება იოლი ამბავი ხომ არ იყო?!). თანაც გაჩერებისას თვით ჩემი ავტომობილი შეიძლება მოცურებულიყო და ვიღაცას შეჯახებოდა.

კიდევ ისიც გამახსენდა, რომ მეჩქარებოდა და თუ ბებოს მიხედვა დასჭირდებოდა (სასწრაფო დახმარება), შეხვედრაზე დავაგივანებდი. ყველაფერთან ერთად გადაწყვეტილება გაჩერება-არგაჩერების შესახებ სწრაფად უნდა მიმეღო, სანამ ბებოს გავცდებოდი – ორ-სამ წამში. ამისდა მიუხედავად გონებაში გამიელვა რამდენიმე აზრმა – ეს ჩემი საქმეა, მანქანის მძღოლის? ხომ არიან გზაზე ქვეითად მოსიარულეები, რომლებიც მიეხმარებიან მოხუცს? ზედმეტ “კეთილშობანობას” ხომ არ ვთამაშობ და უარეს პრობლემებს ხომ არ შევქმნი?
როდესაც მივიხედ-მოვიხედე, სხვა ქვეითად მოსიარულეები საპირისპირო ტროტუარებზე მომავალნი, ამ მხარეს მოშორებით მყოფნი, არ ჩქარობდნენ საშველად წამოსვლას.
ეს იყო ჭეშმარიტების მომენტი, აშკარად ჩემი გამოცდა! მხოლოდ ჩემი! …სხვათაშორის საოცრად დამთრგუნველი, რაღაცით მსგავსი სიტუაცია, ადრეც მქონია (შემთხვევა აღვწერე რუსულ მოთხრობაში “Miserere”, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ სოსო მიქელაძის ვებ-გვერდზე).

ეს იყო ჭეშმარიტების მომენტი; უსწრაფესი, დახვეწილი, ზეციური ძალების მიერ საოცრად კარგად დადგმული…

მანქანა შუა გზაზე გავაჩერე.
შიში იმისა, რომ სხვა მანქანა დაეჯახებოდა ჩემსას იყო, მაგრამ მთელიყურადღება ბებოზე მქონდა გადატანილი.
მისი თვალებიც თითქოს ჩემთა მსგავსად, კითხვის ნიშნებით იყო სავსე.
ფეხზე დავაყენე წამში და დაჟინებით ვეკითხებოდი.
-აბა ხომ ყველაფერი კარგად არის? რამე ხომ არ გტკივა?
-არა, შვილო, ღმერთმა დაგლოცოს. მაღაზიაში წამოვედი…
-სახლში წაგიყვან, წამოდი. ნუ დადიხარ ამ ყინულებზე!
-არა, არა, შვილო, კარგად ვარ…ღმერთმა დაგლოცოს!
როცა მანქანაში ჩავჯექი, ცხადად ვიგრძენი რა არის ღმერთი. სად იყო ღმერთი… აზროვნების რა არეში! სხეულის რომელ წერტილში! და მადლობის ლოცვა ვთქვი. მადლიერებისა, რომ გავაკეთე სწორი არჩევანი, სწორედ მოვიქეცი!
100 %, 1000 %-ით ვიცოდი, რომ გავაკეთე ის, რაც ღმერთს სურდა და ვიგრძენი როგორ გაუხარდა, როდესაც მე სწორედ მოვიქეცი! მე ვიგრძენი ღმერთის სიხარული!
…მთელი ზამთარი ეს ეპიზოდი მახარებდა და სიამაყით მავსებდა, რომ ვეზიარე ჭეშმარიტებას, რომელიც მარტივი, უბრალო, ნაზი, ლაღი და ახლოა…
და ამიტომ არის ეგზომ რთული მასში ცხოვრება!

ბოლოს, კვლავ დავუბრუნდები ფრაზას – “შენ თუ შენ თავს არ მიხედე, არავინ არ მოგხედავსო!” მოიცადეთ, აბა ვინ ვის უნდა მიხედოს? ეს ნიშნავს რომ ძლიერები იხსნიან პასუხისმგებლობას! ეს ნიშნავს იმას, რომ სუსტები მზად არიან თავისი თავი აღიარონ არარაობებად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ყოფიერება “სიბანძეთ” ვაღიაროთ, ჩვენი საქართველოს იდეა ფეხქვეშ გავთელოთ, უარვყოთ ჩვენი რესურსები, ჩვენი საუნჯე!

ეს ნიშნავს რომ უნდა დაივიწყო სიყვარული; ქართველს და ზოგადად საქართველოს მოქალაქეს უყურებდე, როგორც ნივთს, რომელსაც აქვს თავისი დანიშნულება, ვარგისიანობის ვადა, და მერე უნდა უძახო მიშას გრძელი ხელებით დამონტაჟებულ ნაგვის ურნებში.

ეს ნიშნავს, რომ არ უნდა ენდო არავის და იცხოვრო, როგორც ნადირმა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეარჩინო შენი ახალგაზრდობის ენერგიით “ძღომა”, შენი შვილების მომავლის ტუალეტის ქაღალდივით ხმარება, ეს ნიშნავს იმას, რომ ისევ დაუწყებ შენს საკუთარ თავს ანგარიშსწორებას, თავდასხმებს, “რაზბორკებს”. ეს ნიშნავს, რომ გაკლია რწმენა იმისა, რომ ქვეყანაზე, საქართველოში კერძოდ, კარგი ადამიანების რაოდენობა არ არის მცირე და ყოველთვის გამოჩნდება ჯგუფი პიროვნების, ვინც შენს სასარგებლო წამოწყებას მხარს აუბამს. ეს ნიშნავს, რომ ურწმუნო ხარ და არ შეგიძლია სხვა ადამიანებთან მუშაობა, სინერგია. ეს ნიშნავს რომ უბრალოდ საბოტაჟს ეწევი))!!!

და, რაც მთავარია, ეს ნიშნავს, რომ გაკლია რწმენა უფლისა, როგორც მოსეს. მინდა თქვენთვის მოვიტანო ერთი ფრაგმენტი ბიბლიიდან:
ძველი აღთქმა, გამოსვლა, თავი IV
1 და თქვა მოსემ: “არ დამერწმუნებიან და არ მოისმენენ ჩემს ხმას, რადგან მეტყვიან, არ გამოგცხადებიაო უფალი.”
2 და თქვა უფალმა: “რა გაქვს ხელში?” თქვა “კვერთხი”.
3 და თქვა “დააგდე მიწაზე” და დააგდო ის მიწაზე და იქცა გველად, და გაიქცა მოსე მისგან.
4 და უთხრა უფალმა მოსეს “გაიწოდე ხელი და დაიჭირე იგი კუდით”. და მან გაიწოდა ხელი და გადაიქცა კვერთხად მის ხელში.
5 ეს იმისთვის, რათა ირწმუნონ, რომ გამოგეცხადა შენ უფალი, მათი მამების ღემერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა.
6 და უთხრა მას უფალმა კვლავ: “ჩაიყავი ხელი უბეში”. და მან ჩაიყო ხელი უბეში და, როდესაც ხელი უკან გამოიღო, აჰა მისი ხელი თოვლივით იყო კეთრისაგან.
7 და უთხრა: “ისევ ჩაიყავი ხელი უბეში”. და ჩაიყო მან ხელი უბეში. უკან გამოიღო ხელი უბიდან და აჰა, დაუბრუნდა მას თავისი ხორცის ფერი.
8 “და თუ არ დაგერწმუნებიან და არ მოისმენენ პირველი სასწაულის ხმას, მეორე სასწაულის ხმას მაინც დაერწმუნებიან.
9. და თუ არ დაერწმუნებიან ამ ორივე სასწაულს და არ მოისმენენ შენს ხმას, აიღებ მდინარის წყლიდან და დაღვრი ხმელეთზე. და ეს წყალი, რომელსაც ამოიღებ მდინარიდან, სისხლად გადაიქცევა ხმელეთზე.”
10 და უთხრა მოსემ უფალს: “გევედრები, უფალო! მე არ ვყოფილვარ კაცი ენამჭევრი არც გუშინ, არც გუშინწინ, და არც მაშინ, როცა შენ დაელაპარაკე შენს მსახურს, რადგან ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.”
11 და უთხრა მას უფალმა: “ვინ მისცა ბაგე კაცს ან ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, ან მხედველს ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?”
12 და ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან, და გასწავლი, რაც უნდა თქვა.”

ALL YOU NEED IS LOVE – ყველაფერი, რაც გვჭირდება ქართველებს დღეს, სიყვარულია – ერთმანეთის ძალა და პოზიტივი ვიგრძნოთ, დავინახოთ, შევასხათ ფრთები.

სტატიის დასასრულს მინდა შეგახსენოთ რა გვაქვს პოზიტიური, რის გამოც შეიძლება ერთმანეთი გვიყვარდეს (ვისაც არ გეზარებათ, გთხოვდით, განავრცოთ ეს საკითხი ფორუმზე სიყვარულის თემაში).

დავაკვირდეთ ერთმანეთში ამ დადებით თვისებებს და ასეთი გულგრილები აღარ ვიქნებით და სანამ გავწირავდეთ ერთმანეთს, როგორც ჭიანჭველებს, რაღაც იდუმალი ძალა გამოგვაფხიზლებს და შეგვაჩერებს.

– გვაქვს ულამაზესი, უძველესი ენა, საოცრად ხატოვანი, მეტყველი, მოხდენილი, სიტყვაკაზმული, შემართების ძალის მქონე, რწმენის შთამნერგავი და რანაირი აღარ…
-ლამაზი და სასიამოვნო იერის მქონე ხალხი ვართ, ზოგადად (კოხტა გოგო-ბიჭები. თუ ცოტა შინაგან მდგომარეობას და თავისუფლებას მივხედეთ, გარეგნობა მერე იკითხეთ! მერე ისეთი ბავშვები უნდა წამოვიდნენ!
-მაღალი შინაგანი კულტურა გაგვაჩნია – ვეძებთ ტაძრისაკენ მიმავალ გზას (თუ არ ვადგავართ ყოველ შემთხვევაში). გვწყურია ჭეშმარიტება და ვიღებთ მას. ცოტა წინასწარმეტყველები ვერ გვიქაჩავენ, თვარა
-მაღალაღქმადი ერი ვართ ინოვაციების მიმართ.
-გვყავს ნიჭიერი მომავალი თაობა (რომელთა გონება არ არის გადატვირთული ზედმეტი აკრძალვებით).
-გვყავს ბევრი კარგი ადამიანი (100%-ით დარწმუნებული ვარ), რომლებიც ჭეშმარიტების მომენტში სწორ გადაწყვეტილებას იღებენ, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთისათვის თავის გაწირვა, ხელისმომართვა, სიყვარული და აღმშენებლობა.
-ჩვენი მიწა-წყალი ულამაზესია, ჩვენი ჰაერი, წყალი, საკვები – ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

– ჩვენ გვაღიარებენ მეზობლები, ჩვენ ვართ ძალა, რადგანაც გვებრძვიან და ცდილობენ დაგვთრგუნონ.

ჩვენშია ძალა! ჩვენ ვართ ძალა! ჩვენითაა ძალა! ამინ!

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 154,265 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: