წარმატების შესახებ

შექმენი საკუთარი წარმატება – 2 (17)


რომ იცოდეს მკითხველმა, როგორ მეზარება ეხლა წერა! დროის, განწყობილების და მთვლემარე ქვეყნის გუნებით დაინფიცირებულობის გარდა, მოტივაციის დეფიციტი ყოველთვის დამდევს და მაწუხებს ახალი წლის შემდეგ. ტყუილად არ შემოიღეს ფსიქოლოგებმა ტერმინი – პოსტახალწლური დეპრესია smile.gif
მეზარება არა მხოლოდ იმიტომ, რომ არაფერი არ მომდის თავში და უბრალოდ მეზარება. მეზარება ფიქრი, ვიზუალიზაცია, სიტყვების, აზრებისა და განცდების შეწყობა. მეზარება ფოკუსი გადავიტანო ჩემს შინაგან სამყაროზე, გამოვიწვიო შთაგონება. ამასთანავე კარგად ვაცნობიერებ, რომ ყველაზე დიდ პრობლემას მაინც ის წარმოადგენს, რომ ცოტა მეუხერხულება და მეტიც, მეშინია ამ თემასთან მიკარება, რომელიც კორიფეების სტიქიაა. მეშინია ისიც, რომ ესოდენ სერიოზულ საკითხს უბრალოდ სამი-ოთხი თაბახის ფურცელი დაუთმო და “ბასტა”, მაშინ როდესაც ნიცშემ ამას ლამის თავისი არსებობა შესწირა, ფროიდმა კინაღამ უგულუბელყო, ფრომმა კი “თავისუფლებიდან გაქცევა” უწოდა. არც ისაა გამორიცხული, რომ ვერც მე და ვერც ისინი, ვისთვისაც ვწერ – ჯგუფის წევრები, ტრენინგის მონაწილეები და სხვა – ამ მასალებს, ვერ გაიგებენ, კითხვები გაუმრავლდებათ და “გასხივოსნების” ნაცვლად მათ გადატვირთულ გონებაში მორიგი გაურკვევლობა წარმოიშობა. თანაც თუ შენიშნეთ, თითქმის ერთდროლად ქვეყნდება ჩემი რუსულენოვანი ციკლი «Создай Себя», რაც მიქმნის ალტერნატივას იმ ენაზეც გადმოვცე მთელი ეს ჭირ-ვარამი. თუმც ქართულ სამყაროში ასეთი სტატიის შემოტანა უფრო მომგებიან და სასარგებლო საქმედ მიმაჩნია. რუნეტში ამდაგვარი საკითხები მეტ-ნაკლებად იხილება და დაინტერესებულ პირს ადვილად შეუძლია მოძებნოს.
წერაში ისევე, როგორც ცხოვრებაში,ერთ-ერთი ყველაზე ძნელი საქმე მაინც დასაწყისის განასკვა არის. თუ ეს შეძელი, მერე უკვე აზარტი არ გაძლევს მოსვენებას, რომ ბოლომდე არ მიიყვანო დაწყებული. იმ შემთხვევაშიც თუ შესავალი არის ისეთივე სწორხაზოვანი და მოუხათრებელი, როგორც წინამდებარე სტატიაში. თუნდაც უბრალოდ გამოხატავდე იმას, რასაც განიცდი და გაწუხებს. თუნდაც უბრალოდ აბრაკადაბრა მიდიდოდეს ტექსტში, მთავარია მკითხველმა იგრძნოს არაორდინარულობა, “მუღამი”, საერთო სიახლოვე მის მისწრაფებებსა და ნაფიქრალთან.
ასეა თუ ისეა, დროა გამოვაცხადოთ, ვინ იქნება ჩვენი დღევანდელი შოუსა თუ შეხვედრის სტუმარი.
მისი უდიდებულესობა ძალაუფლების ინსტინქტი საკუთარი პერსონით. მივესალმოთ მას! მქუხარე აპლოდისმენტები!!!
– ეს რაღაა? რა არის ძალაუფლების ინსტინქტი? რისთვის მჭირდება? ან რას ნიშნავს? – იკითხავს რომელიმე თქვენთაგანი.
– რას ბრძანებთ?!! არ იცით? – შემოგხედავთ ზიზღნარევი გამომეტყველებით თქვენს გვერდით აზრთა ბრბოში მდგომი უცხო პიროვნება. – არ იცით?!
ისე მართლა, რა ვიცით მის შესახებ? ძალიან ცოტა. ჩვენ ყოველთვის გვიმალავენ რეალობას, რადგან იგი სიმართლეა, რომელიც შედარებით მართალია, რადგან ყოველი რეალობაც ხომ შედარებითია?
ძალაუფლების ინსტინქტს, ისევე, როგორც სექსუალურს, ყოველთვის გვიმალავდნენ, აკნინებდნენ, აბიაბრუედნენ, კლავდნენ, წამლიდნენ, როგორც ყველაზე საშინელ პარაზიტს, ენითაღუწერელ საფრთხეს. და დღეს შედეგად ადამიანებს აღარ რჩებათ სურვილები! ნამდვილი სურვილები! სურვილებიც კი გახდა: რეზინის, კომპიუტერული, “ადნაკლასნიკური”, ნეილონის, “მოკრი ასფალტის”, “ჩინური” და რა აღარ! რაც ყველაზე მტკივნეულია, ეს სურვილები გახდა ყალბი! სხვისი! გაიაზრეთ – ჩვენი სურვილები სინამდვილეში სხვისი სურვილებია!
ნებისმიერი გამოვლინება ძალაუფლების ინსტინქტის ძირშივე იკვეთებოდა – მშობლების, ოჯახის, თემის მხრიდან. ბუნებრივი სურვილი დაგემორჩილებინა გარშემომყოფნი, იცვლებოდა სუროგატული პროგრამით ყოფილიყავით “მისაღები” საზოგადოებისათვის – კარგები.
მაგრამ მაინც რა არის ძალაუფლების ინსტინქტი? რაში დაგვჭირდა მისი და წარმატებულობის ერთმანეთთან დაკავშირება?
ძალაუფლების ინსტინქტის დაქვეითება იწვევს აპათიას, ცხოვრებისეულ განხიბლულობას, თავდაჯერებულობის, თვითრეალიზაციის, საკუთარი თავის გამოხატვის დეფიციტს და სხვა. ძალაუფლების ინსტინქტი ეს არის მეფე და იმპერატორი, რომელიც ბინადრობს თქვენს ფსიქოლოგიაში. რასაკვირველია, იგი უფრო დიდ პატივშია შორეულ ბავშვობაში. იმ დროს, როდესაც თქვენ არავისთან არ იყავით ანგარიშვალდებული, როდესაც თქვენი სურვილები და ნატვრები სრულდებოდა უპირობოდ ბიოლოგიური და ზეციური მშობლების მხრიდან, როდესაც თქვენი ნება იყო უზენაესი კანონი ვიღაცისათვის. როდესაც თქვენ იცოდით, რომ მოსწონდით და გაღიარებდათ ყველა, ვინც კი გხედავდათ და გიახლოვდებოდათ. როდესაც თქვენ გინდოდათ და ეს ნება არ განიხილებოდა, გჭირდებოდათ და იღებდით დაუკითხავად! თქვენ თამაშობდით სათამაშოებით, არ აცდენდით სტრატეგიულ და ინტელექტუალურ მოძრავ თამაშებს, დარბოდით და იმალებოდით, იბრძოდით და იმორჩილებდით თანატოლებს, თამამად კარნახობდით მათ საკუთარ ნებას. ასწავლიდით მშობლებს და ისინიც გიჯერებდნენ.
თუმც თუ დავაკვირდებით ზრდასრულ და სხვა ადამიანებს, სოციალიზაციის პროცესის შედეგად ჩამოყალიბებულ საშუალო მოქალაქეებს, ძალაუფლების ინსტინქტი მათში მოქცეულია ფსიქიოლოგიური ბლოკების ცხრაკლიტულში. სურვილი იმბრძანებლოს ჯერ ისევ დიდია, მაგრამ მოკლე, ეფემერული და ძირითადად რეალიზებული “ჯიპის”, თურქული ширпотреб-ის, სხვა მსგავსი სათამაშოების ყიდვით, ამ ნივთების საჯარო დემონსტრირებით და საკუთარი შვილების “დრესიროვკით”. კარიკატურულ ჭეშმარიტებად იქცა მასობრივი მოვლენა – პიროვნება მოუთმენლად უჯდება ჩქაროსნულ ინტერნეტს, მოუთოკველი თრთოლვით ავლებს ხელს მაუსს, კრეფავს რომელიმე სოციალური ქსელის აქაუნთის პირად მონაცემებს, ხსნის საკუთარ პროფილს ან ონლაინზე უცქერს ჰოლივუდის უკანასკნელ ბლოქბასტერს და თავი მეცხრე ცაზე ჰგონია.
ძალაუფლების ინსტინქტი ითრგუნება პირველი, თუმც დაბადებიდან იღვიძებს პირველი და კვდება უკანასკნელი. მიუხედავად უმძლავრესი ბლოკირებისა ძალაუფლების ინსტინქტი ადამიანში იმდენად ცხოველუნარიანია, რომ კაცი სამყაროს მბრძენებლად აქცია და მისცა ბიძგი მისი ინტელექტის ტოტალურ პროგრესს. (სწორედ ემოციური სისტემა, რომელსაც კვებავს ინსტინქტები და ღირებულებები, ქმნის პიროვნების გადაწყვეტილებების სერიას, რაც საბოლოო ჯამში აყალიბებს ხასიათს და ბედისწერას. ემოციური და ზოგადად მენტალური მდგომარეობა განაპირობებს კაცის მიღწევების რაობას). ეს ცხადყოფს, რომ ადამიანში მბრძანებლობის ინსტინქტი ძალიან ძნელი ჩასახშობია. ერთი ცნობილი მოაზროვნე იძახის, რომ სწორედ ამ ინსტინქტმა წამოაყენა ადამიანი ოთხიდან, გაშალა ზურგში და დააყენა პირისპირ პლანეტის მილიონობით საიდუმლოს წინაშე. ფიზიკის კანონების თანახმად, აცხადებს მეცნიერი, უბრალოდ შეუძლებელია ადამიანური სხეული, რომელსაც გააჩნია ორი საყრდენი წერტილი, გაჩერდეს და არ გადავარდეს. უდიდესი ენერგეტიკა, რომელიც აჰყვება ხერხემალს, უნარჩუნებს ადამიანს ვერტიკალურ მდგომარეობას. ხოლო ბიონერგეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ალექსანდრე ლოუენი აცხადებს, რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია სრულიად ვერტიკალური მდგომარეობის შეკავება, რაც განპირობებულია ძლიერი ზურგისმიერი ენერგეტიკული ნაკადებით. ცხოველთა სამყაროში მხოლოდ ლომი და დათვი მხოლოდ ცოტა ხანს, შესაბამისად ნადირობის ან დაზვერვის პერიოდში, იღებენ ვერტიკალურ პოზიციებს. დიდხანს არც ერთსა და არც მეორე ცხოველს ორ ფეხზე დგომა და სხეულის ვერტიკალური მდგომარეობის შენარჩუნება არ შეუძლია.
თუ გაიხსენებთ, საშუალო ადამიანს არ სურს იყოს წამყვან თანამდებობებზე, ემალება პასუხისმგებლობასა და რისკებს, თავიდან ირიდებს დაპირისპირებებსა და კონფლიქტებს, სანამდე ეს ყველაფერი ძალიან-ძალიან მტკივნეულს არ შეეხება, ან სანამდე შეუძლებელი არ გახდება ამ ყველაფრის მოთმენა. ეს გასაკვირიც არ არის მეცხრამეტეს ბოლოს და მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში მხეცური მოვლენების აღზევების ფონზე – ტერორი მეფის წინააღმდეგ, წითელი ტერორი, მსოფლიო და სამოქალაქო ომები, დამოუკიდებლობის დაკარგვა, “ხალხის მტრის” ხატი, უძრაობის ხანა, წართმეული ტერიტორიები, მხედრიონობა, ლიდერების და ცნობილი ადამიანების თავზეხელაღებული მკვლელობები და სხვა. შიში, გლობალური შიში შესისხლხორცებულია უბრალო ქართველ მოქალაქეში, რომელსაც დამოკლეს მახვილივით მუდმივად სდევს ოჯახური ტრადიციული აკრძალვები და მუხრუჭები.
ძალაუფლების ინსტინქტის სიმცირე საშუალო მოქალაქეს ისეთსავე ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია, როგორც ის, რომ ხეებმა სამეტყველო ენა არ იციან. ამ თვალისაზრისით, რა თქმა უნდა, კავკასიის მაცხოვრებელი უფრო წინ დგას, ვიდრე ახლო საზღვარგარეთის. ჩვენს რეგიონში ხშირი კონფლიქტური გარემოებები აძლიერებს პიროვნების საბრძოლო მზაობასა და შესაბამისად ქმნის ძალაუფლების და ძალის გამოყენების მუდმივი და თანამიმდევრული პრეზენტირების საჭიროებას. ანუ კონფლიქტის პროვოცირებისა და წარმართვის ტექნოლოგიები კავკასიელისათვის უკეთ არის ცნობილი. გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ მთელი პლეადა ქართველი და კავკასიელი პოლიტიკოსების გასული საუკუნის ოციანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობდა სსრკ-ს პოლიტიკის შექმნაში.
მაგრამ ამისდა მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც განიცდის დიდ ზეწოლას მასში ძალაუფლების ინსტინქტის შესანელებლად. თუ ადრე ეს პროცესი მოსახლეობაში კომუნისტური აღზრდის და ცრუიდეალების ჩაპროგრამებით ხორციელდებოდა, დღეს ეს ინსტინქტი იგივენაირად კნინდება “დემოკრატიის” შეგრძნების თავს მოხვევით – საზღვარგარეთ გასვლის უფლების მიცემით, ახალი ცხოვრებისეული მრწამსით, ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების პროცედურების გამარტივებით, ღირებულებებისა და ცხოვრების წესის ქადაგებით. სხვანაირად რომ ვთქვათ, მოსახლეობას სთავაზობენ რიგ ვირტუალურ სამყაროებს. აქ ინდივიდუმს შეუძლია საკუთარი თავის “მაქსიმალური” სიმბოლური რეალიზება და ისეთი გარემოებების შექმნა, სადაც იგი იქნება სულთანიც, მინი-გმირიც და ა.შ. ეს ვირტუალური სამყაროები არის სოციალური ქსელები, იგივე მაღალი თურქული მოდა, მეორადი თუ პირველადი ჯიპები, საზღვარგარეთ მოგზაურობები, იქ ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობები, დამაკმაყოფილებელი ხელფასები, ხელმისაწვდომი სექსი ყველა ალტერნატივით და სხვა.
იკმაყოფილებს რა გარკვეულ მოთხოვნებს ინტელექტუალურ დონეზე, პიროვნება ექცევა ილუზიაში, რომ იგი სამყაროს მართავს და ყოვლისშემძლეა, უგულებელყოფს აზრს, რომ ის უბრალოდ მატრიცაშია და ეფექტურად არის მართული. იგი ნაკლებად აქცევს ყურადღებას, რომ ახორციელებს არა თავის უშინაგანეს მოთხოვნილებებს, არამედ იმ პირების სურვილებს, ვინც უკვეთავს თავის გუნდს ასეტ შედეგებს, მოსახლეობის ასეთ განწყობილებებს, ასეთ ილუზიების. მთლიანობაში პოლიტიკის შემოქმედი სწორედ იმდაგვარ პროცესებს წარმართავს, რომ ჯამში მიიღოს აპათირებული, ნახევრადდეპრესირებული, ყველანაირად დაკოდილი, გარკვეული პროფილით ფორმირებული მოქალაქე.
თუ დააკვირდებით, ადამიანების უმრავლესობა არ იწყებს მოქმედებას, სანამდე რაღაც ძალიან აუტანელი ან გადაუჭრელი პრობლემები არ შეექმნება. იგი დაცოცავს თავის მონაჩმახ სამყაროში, სანამდე მას არ გამოაფხიზლებენ გესლიანი და შეურაცხმყოფელი შენიშვნით, სანამდე იგი არ დაავადდება მსუბუქი ან უკურნებელი სენით, სანამდე არ გაასწრებენ ცხოვრებისეულ რბოლაში ყველაზე დიდი ავაზაკები და ნაძირალები, სანამდე არ დაასახიჩრებენ, არ დააყაჩაღებენ, არ ატკენენ იმდენად ძლიერად, რომ რაღაც მომენტში ეს ტკივილი მისთვის მამოტივირებელი ფაქტორი გახდეს. ბევრისათვის შეურაცხყოფა და ახლო ადამიანების ღალატიც კი არ არის საკმარისი კატალიზატორი, რომ დაიწყოს ზრუნვა საკუთარი პიროვნების განვითარებასა და დახვეწაზე, არსებული მდგომარეობის მიზეზების ძიებაზე.
ჩვეულებრივ მოქალაქეს არ აქვს მდგრადი სურვილი ამაღლდეს, გაიყოლოს სხვა ადამიანები, ასწავლოს მათ, შექმნას ბიზნესი, იშოვოს ფული, ბრძოლით დაიცვას საკუთარი ინტერესები და იყოს პირველი, ხოლო სხვებმა შეასრულონ მისი ნება-სურვილი. საკუთარი თავის შესახებ წარმოადგენა საშუალო ინდივიდს ცნობიერებაში იმდენად დამახინჯებული აქვს, რომ პირად ინიციატივას ძირითადად სხვისი ხელქვეითობა ურჩევნია. წესისამებრ, ამ საშუალო მოქალაქეში ღრმად არის ჩანერგილი დანაშაულის გრძნობა ძალაუფლების ინსტინქტის გამომჟღავნებისათვის. უბრალო ადამიანი იმდენად დარწმუნებულია, რომ მისი ნება და სურვილი რაღაც ბინძური, საძაგელი და მანკიერია, რომ ცდილობს რაც შეიძლება უფრო მეტად აერიდოს აზრებს ძალაუფლებაზე, ცხრაკლიტულს კიდევ ერთი წყვილი ბუნკერი დაამატოს. იგი ფიქრობს, რომ სასტიკად დასჯიან ბუნებრივი სურვილისათვის ჰქონდეს ელემენტარული ძალა, თუნდაც ძალაუფლება საკუთარ თავზე, თუნდაც განსხვავებული მოსაზრებები (37-მა წელმა კარგად ამოურეცხა ტვინი წინაპრებს და ისტორიული მეხსიერებით გადმოეცათ შთამომავლებს!). ხოლო თუკი დაიწყებს ბრძოლას საკუთარი იდეების გასატარებლად, აპრიორი განწირულია სასტიკი მარცხისათვის, რადგან თვალწინ მუდმივად უტრიალებს სამარცხვინო განადგურების სურათები და გაბითურების მოლოდინი. ამიტომ ბრძოლის გამოუცხადებლად პირველი თვითონვე ამარცხებს თავს, ვითარცა მშობელი, რომელიც შვილს კომპანიაში თამამად ნათქვამი სიტყვისათვის დაუნდობლად სჯის.
თვითშებოჭვის მომენტები კარგად ვლინდება, როდესაც ტრენინგის მონაწილეებთან ვიწყებთ “ტრაბახის” სავარჯიშოს. მონაწილეთა უმრავლესობა (95 – 99 %) იბნევა და ერთბაშად ავიწყდება, რომ თითოეული მათგანი პიროვნებაა, რომელსაც აქვს რაღაც მიღწევები, მებრძოლური თვისებები და იკაფავს გზას კიდევ უფრო წარმატებული ცხოვრებისაკენ. ვითარებას ისიც ამძაფრებს, რომ მონაწილე ხვდება აუდიტორიის წინაშე, რომელზეც უნდა მოახდინოს ზეგავლენა საკუთარი გამოსვლით; ანუ ქვეტექსტის და სხეულის ენის დონეზე უნდა გამოაცხადოს, რომ თვითონ არის ამ აუდიტორიის საუკეთესო და უძლიერესი პერსონა და აქედან გამომდინარე აქვს უფლება მოითხოვოს, რომ მისი ნება უწინარესყოვლისა დაფასდეს. ნიშანდობლივია – მას, ვისაც ნამუშავარი აქვს ადამიანებზე გავლენის თვალსაზრისით (მენეჯმენტი, ბიზნესი, მსახიობობა, კრიმინალური სამყარო, “კაი-ბიჭობა” და სხვა კატეგორიები), არ უჭირს ამ სავარჯიშოს შესრულება და ლამის ნეტარებას იღებს ამით. მაგრამ აქვე გავიმეორებდი, რომ ასეთი ხალხი იშვიათია; კარგ შედეგად ითვლება ერთი ათ მონაწილეში. რა თქმა უნდა ასეთი პიროვნებები იოლად ყვებიან თავის გეგმებზე, ხასიათზე, თვისებებზე, ცხოვრებაზე და იმაზე თუ როგორი მაგრები და რამდენად უნიკალურები არიან! ურიგო არ არის დავამატო ისიც, რომ მივეჩვიე ასეთი პიროვნებების ოდიოზური მონოლოგის შეწყვეტას, რათა ტრენინგი მათი ბენეფისი არ გახდეს ხოლმე. მათთვის ტრაგედიას არ წარმოადგენს არც ის გარემოება, რომ იყვნენ პირველები და არც საკუთარი სურვილი იმბრძენებლონ, მართონ ადამიანები და პროცესები. ასეთმა პიროვნებებმა ან გადალახეს შებოჭილობები ან ნაკლებად ჰქონდათ დაბლოკილი ძალაუფლების ინსტინქტი. აღსანიშნავია, რომ ბევრი მსგავსი ადამიანი მხოლოდ ამ სურვილის წარმოჩენით იფარგლება და ძალიან უჭირს რეალური ძალაუფლების მოთხოვნა და შემდეგ შენარჩუნება-განვითარება. დომინირება მაინც ერთჯერადი მოვლენა არ არის, არამედ მდგრადი და გამძლე მექანიზმია. თუ ძალაუფლების ინსტინქტი არ დაგვირგვინდა შედეგიანი მოქმედებებით, შეიძლება ჯამში შურიანი, გაბოროტებული ან შეუმდგარი ადამიანი მივიღოთ, რის ნაკლულობას ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ განიცდის.
“ტრაბახის” სავარჯიშოს მაგალითზე უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ ადამიანების დიდი ნაწილი მოქმედებს თვითგადარჩენის ინსტინქტის ზეწოლის შედეგად. მხოლოდ მაშინ, როდესაც ემუქრება საფრთხე ან სხვა გამოსავალი აღარ ღცება. პროაქტიურობა, რომელიც ახასიათებს ბიზნეს-პირებს, ხელისუფალთ, პოლიტიკოსებს და ლიდერებს, საშუალო მოქალაქისათვის ცოტა არ იყოს წარმოუდგენელი რამაა. მით უმეტეს იმ ქვეყანაში, სადაც ინიციატივა თითქმის ყოველთვის უხეშად ისჯებოდა, ისჯება ან იგნორირებულია პირდაპირი ან ირიბი მეთოდებით. შეგიძლია ჩაატაროთ დაკვირვება და ყოველ შემხვედრ ნაცნობს ცხოვრების დაგეგმვის აუცილებლობის შესახებ გაესაუბროთ, რაც ახასიათებს სტრატეგიულად მოაზროვნე პიროვნებებს. უმთავრესად მოისმენთ ასეთ რეპლიკებს – “რა დაგეგმვა, რას ლაპარაკობ?! ამ ქვეყანაში ვერაფერს ვერ გათვლი!”.
“მსხვერპლი”-ს ფსიქოლოგიური ტიპაჟი ქმედითად მუშაობს მოსახლეობის ცნობიერებაში, რადგან აქედან ადვილია სხვადსხვანაირი ტრანსფორმაცია – უპასუხისმგებლო ბრბოდან დაწყებული “მანიპულატორით’ დასრულებული. უპასუხიმგებლო ადამიანისათვის ყველაზე უფრო კარგად მომუშავე სტრატეგია მაინც მანიპულაცია ხდება. ჯერ მიმდინარეობს საკუთარი თავის მოტყუება, მერე სხვისი და მწვერვალში ფორმირდება ილუზია, რომ შესაძლებელია ხელისუფლების მოტყუება (აიღეთ, ვთქვათ ჭეშმარიტებად აღიარებული მითი იმის შესახებ, რომ მოქალაქე 5 წელიწადში უნდა მიბრძანდეს საარჩევნო ურნასთან და მერე არჩეულმა ხელისუფალმა ეს ხუთი წელი ტვინი უნდა იტ…ას მის პრობლემებზე:. სასაცილოა? არადა განახათ ხალხი რა თავდადებით მიემართება საარჩევნო უბნებში!).
შინაგანი თავისუფლება, რომელზეც ჩვენ ამდენს ვსაუბრობთ, სწორედ ძალაუფლების ინსტინქტის გახსნაზეა დამოკიდებული, თავისუფლებაზე, გამოაცხადო შენი უფლება ჩაერიო ქვეყნის ცხოვრებაში, აიღო ძალაუფლება საკუთარ ხელში და შეცვალო შენი ქვეყანა, საზოგადოება და ხალხი ისე, როგორც შენ მიგაჩნია მართებულად. ბუნებრივია, როდესაც ადამიანში მარტო თვითგადარჩენის ინსტინქტი მუშაობს, პრინციპი – “არ შემექმნას პიროვნული პრობლემები, არ გამოვიწვიო ვინმეს რისხვა, არ შევიდე დაპირისპირებაში” – რთულია კაცმა რამე წარმატებაზე იოცნებოს. როგორც წესი, ახალგაზრდა თაობაში არსებული მძაფრი პროტესი სწორედ ძალაუფლების ინსტინქტიდან მოდის და შეიძლება ჩაითვალოს მოცემული ინსტინქტის გედის სიმღერად. მაგრამ ის, ვინც ფლობს რეალურ ძალაუფლებას, ახერხებს ამ ინსტინქტის სათავისოდ გამოყენებას და ამ ჟინის მიმართვას პირადი მიზნების მიღწევისათვის. მხოლოდ იშვიათი ახალგაზრდები ახერხებენ ამ ინსტინქტის შენარჩუნებას და არა სუბლიმირებას სხვადასხვა დექსტრუქციული ყოფაქცევაში – პათოლოგიური აგრესია, კრიმინალი, ოჯახური დესპოტიზმი, “პატარა კაცის კაპრიზები” და ა. შ.
თითქმის ყველანაირ საზოგადობაში ადამიანს მაინც იმისდა მიხედვით უწევენ ანგარიშს და სცემენ პატივს რამდენად:
• საჭიროა/აქვს გარკვეული კავშირები, კომპეტენტურობა, პროდუქტიულობა
• მომთხოვნია/საფრთხისშემქმნელია.
რამდენჯერ მომისმენია ორაზროვნად გაჟღერებული გამოთქმა, განსაკუთრებით გარკვეული ძალაუფლების მქონე პირებისაგან – “წესიერი/პატიოსანი ადამიანია”. ეს ნიშნავს, რომ კაცი საფრთხეს არ წარმოადგენს, არ გააჩნია საკმარისი მუხტი, მიმწოლობა, ძალაუფლებისათვის ბრძოლის მტაცებლური ჟინი, საკუთარი ინტერესების გატანის დაუოკებელი მოთხოვნილება. ეს ადამიანი არ უქმნის საფრთხეს გავლენიან პირებს და ამიტომ ისინი სუბიექტური თვალსაზრისით თვლიან პიროვნებას “წესიერად” ან “პატიოსნად”. სხვა სიტყვებით ადამიანი, რომელიც არ არის მათი კონკურენტი ძალაუფლებისათვის ბრძოლაში, ავტომატურად მოიაზრება “კარგ” ადამიანად, თუმც არაა გამორიცხული, რომ ამ კაცის თავში კოხტად ანიმირებული სადისტური სცენები იშლება. ასეთი კარგი ადამიანებით საშუალება, რომ მიეცეს, ნებისმიერი ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიას სრულიად დაასახლებდა (ძალაუფლება მაინც არის ქვემდგმომების მზაობაა შეასრულონ ზემდგომის სურვილი). და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი “კარგი” ადამიანებისაგან შეიძლება ჩამოყალიბდნენ სწორუპოვარი ნაცისტები, როგორც ეს თავის დროზე მოახერხა ჰიტლერმა და ფილოსოფოსების ერი ფაშისტების ერად აქცია. მოსახლეობის დათგრგუნული ინსტინქტები ხელისაფალთა ყველაზე კარგი სამუშაო მასალაა.
ინსტინქტის ბლოკირება მაინც აკრძალვების მაღალი დახვეწილობის სისტემების შემოღებით ხდება. ყველა საოციალურ სტრუქტურაში პირველი წესი/აკრძალვა სხვადასხვა ვარიაციებით საერთო იდეამდე დადის.
ხელმძღვანელი/მამა/დირექტორი/პრეზიდენტი/უხუცესი/ფიურერი/მეფე არის ხელუხლებელი. შენ (შენმა წინაპრებმა) აპრიორი აღიარე/მან შეგქმნა ასეთად/ამ თანამდებობაზე მოგიყვანა და მისი ძალაუფლება ხელშეუხებელია.
ყოველი აკრძალვის იქით დგას კარგად მოფიქრებული ღირებულება, შეხედულება, რომელიც ეშმაკურად არის გადახლართული ადამიანის საბაზო მოთხოვნილებებთან (იხ. მასლოუს პირამიდა), მათ შორის კომფორტისა და უსაფრთხოების მოთხოვნილებებთან. პიროვნების გონებაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების ნებისმიერი მცდელობა ასოციირებული უნდა იყოს უძლიერეს დისკომფორტის და შიშის განცდასთან. უფრო მეტიც, ეს უბრალოდ ასოციაციები კი არ უნდა იყოს, არამედ მთელი კომპლექსი მტკივნეული განცდების სხეულის დონეზე, ტოტალური უსუსურობის შეგრძნება, სიკვდილის, საზოგადოებრივი განკვეთის და სხვა პანიკისმომგვრელი შიშები.
ადამიანის ფსიქოლოგიაში საუკუნეების განმავლობაში ასევე წარმატებულად არის ინტეგრირებული უდიდესი ისტორიული იარაღი – დანაშაულის გრძნობა, რომელიც ფესვგადგმული ოიდიპოსის კომპლექსსა და სექსუალური ინსტინქტში, აცამტვერებს ადამიანის ენერგეტიკას. ასე რომ თვითონ პიროვნების აზროვნებითი მოდელი ამუხრუჭევს საკუთარ თავს ძალაუფლებისაკენ ლტოლვაში და ქმნის წანამძღვრებს სისტემატურად გაექცეს ესოდენ მნიშვნელოვან ფენომენს.
დასასრულს მინდა ზოგადად შევეხო ძალაუფლების ინსტინქტის გათავისუფლების პროცესებს. ეს თემა ყოველთვის ტაბუირებული იყო და ნებისმიერი მცდელობა მისი გახსნის იწვევდა ხელისუფალთა უკმაყოფილებას და თავდასხმებს. დღეს იგი სასწავლო-საგანმანათლებლო ბიზნესის წარმოების საშუალებაა და ისევ ისე რჩეულთა ხვედრია. ბუნებრივია, ბევრი რამე ამ საკითხებიდან არც უნდა გახმოვანდეს ეთიკური მოსაზრებების გამო. გურჯიევი, ბრეხტი, შტაინერი ამ ინსტინქტის გათავისუფლებასა და მართვას შრომატევად და ხანგრძლივ სავარჯიშოებს ანდომებენ. სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების სკოლებიც ასევე აღვიძებენ ამ ინსტინქტს დროში გაწელილი თვითგვემების, ინსტინქტების გამძაფრებასა და ტკივილთან მუშაობით. ამასთანავე არ ავიწყვდებად მეომარს გარკვეული დოზით აკრძალვები მაინც შენარჩუნონ ქვეცნობიერებაში (კარგი მაგალითია ამისათვის ჩრდილო კავკასიის ბოევიკურ-ექსტრემისტური მოძრაობები).
ნებისმიერი ძალაუფლება იწყება საკუთარი თავზე ძალაუფლების აღებით. ანუ შინაგანი მავნე (თვითგანადგურებისა და თვითდათრგუნვის) პროგრამების ლიკვიდაციით. გავიხსენოთ, როგორ ხდებოდნენ უბრალოდ მთავრები მეფეებად აბსოლუტური ძალაუფლებით? ტრადიცია გვიჩვენებს, რომ ჯერ ისინი პირდაპირი მნიშვნელობით სამბრძანებლოს ტერიტორიაზე არსებულ მეტოქეებს იცილებდნენ. და შემდეგ უკვე აერთიანებდნენ ქვეყანას საკუთარი სკიპტრის ქვეშ.
სწორედ ასე უნდა მოიქცეთ პიროვნება შინაგან სამყაროში. ფაქტობრივი პიროვნული განვითარება გულისხმობს საკუთარ თავში ძირითადი მოწინააღმდეგეების ნეიტრალიზაციას, საკუთარი თავზე ძალაუფლების ხელში აღებას. მეტაფორულად ჩვეულებრივ მოქალაქეს დღეს ისევ მშობლის (მამის) არქეტიპი მართავს.
აკრძალვებთან დაკავშირებული შეხედულებები, მავნე ჩვევები, სუბპიროვნებები, მოღალატე იდეები, თვითდამთრგუნველი აზრობრივი ფორმები გველების გუნდივით, მუმლივით ეხვევიან პიროვნების ძალაუფლების ინსტინქტს, ამ შინაგან ბერმუხას. ამიტომ ძალაუფლების ინსტინქტის მცირედი გათავისუფლებაც კი დიდ შედეგებს იძლევა და უფრო მეტ შანსს აძლევს პიროვნებას დადგეს საკუთარ ფეხებზე ყველაზე დიდი რეალობაში – დედამიწაზე და ადამიანებთან.
კიდევ ერთხელ თანამიმდევრობით რა ეტაპები უნდა გაიაროს პიროვნებამ ძალაუფლების ინსტინქტის გამოთავისუფლების გზაზე. სასურველია ეს განხორციელდეს კონსულტანტის ან ფსიქოთერაპევტის მხარდაჭერით. შემდეგი თანამიმდევრობით ღრმად უნდა დამუშავდეს რამდენიმე მოდული:
ენერგეტიკა – ფსიქოთერაპია – ფსიქოტრენინგი
1. ენერგეტიკის მოწესრიგება. სპეციალური ვარჯიშები ფიზიკური ბლოკების მოსახსნელად. რეკომენდირებულია ათლეტიზმი, სტატიკური სავარჯიშოებით, აგრეთვე ჭიდაობა ან რამე წმინდა საბრძოლო, ხელჩართული. კვებითი რეჟიმის მოწესრიგება და ენერჯაიზერების მიღება.
2. ფსიქოთერაპიული სეანსები ძალაუფლების თემებთან დაკავშირებით. რა არის ძალაუფლება პიროვნების წარმოდგენაში? აქვს თუ არა სურვილი ფლობდეს ძალაუფლებას? როგორი ვიზუალური წარმოდგენა აქვს ამ ფენომენის შესახებ? რატომ არ უნდა იყოს ძალაუფლებით აღჭურვილი პირი? ყველაზე პირველი შემთხვევები ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისა, ამის საფუძველზე სოციუმიდან წამოსული სასჯელები და ტაბუები. ადამიანებთან ურთიერთობის ტიპები.
• კონფლიქტი. კონფლიქტების მართვის უნარი. პიროვნების მიერ კონფლიქტის წარმართვის ხერხები, როგორც საშუალება საკუთარი მიზნების მიღწევისა. კონფლიქტის მართვის ტექნოლოგიზაცია. კონფლიქტის თავის არიდება, ან აპრიორი კონფლიქტში დამარცხებულად თავის გამოცხადების დივიდენდები.
• შიშები. შიშის როლი პიროვნების ცხოვრებაში. პოზიტიური და ნეგატიური, რეალური და შეთხზული. შიშისაგან გამოსვლის პრეცედენტები. შიშის ენერგიტიკის ტრანსფორმაცია და პიროვნების სასარგებლოდ გამოყენება.
3. წარმოსახვის და კრეატიულობის განვითარება. ბრეინშტორმინგები, ყურადღების აქტივიზაცია, ვიზუალიზაცია, რომელიც აღვიძებს ენერგეტიკას.
4. “საველე გასვლები”. რეალობაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებული მარტივი სავარჯიშოები. “ტრაბახი”, თვითპრეზენტაცია, რთული საქმის დავალება სხვისათვის, სუბექსტრემალური გასართობები. მოქმედებები, რომლებიც გამოგარჩევენ სხვებისაგან და აძლიერებენ პიროვნული უნიკალურობის განცდას.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 144,088 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: