წარმატების შესახებ

შექმენი საკუთარი წარმატება – საპრეზენტაციო კურსი


თავი I

Imperare sibi maqsimum imperium
საკუთარი თავის ფლობა – უდიდესი ძალაუფლებაა
(ლათინური ანდაზა)

???????????????????????????????????????ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე ტექნოლოგიურ, ყველაზე აჩქარებულ და საკმაოდ რთულ ეპოქაში. გლობალიზაცია, ახალი აზროვნებითი მოდელები, ცვლილებების დაუოკებელი რიტმი გვაიძულებს ვიმოძრაოთ ადამიანური არსებისათვის განვითარების არაბუნებრივი სისწრაფით, რის გამოც ხშირად ვრჩებით მრავალ უცნობ სიტუაციასთან პირისპირ – ყოვლად შეუირაღებელნი – ცოდნის, ინფორმაციის და უნარ-ჩვევების გარეშე.
(ციტატა სატრენინგო კურსიდან “შექმენი საკუთარი წარმატება”)
და აი მეც, ჩემო ძვირფასო მსმენელო! ჩვენ ამდენ ხანს ველოდით ამ შეხვედრას – მე და თქვენ. მე მოვედი თქვენს ცხოვრებაში, რათა წარმატებისაკენ გაგიძღვეთ. და მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მადლობას გადამიხდით ამ შემოჭრისათვის, რადგან თქვენი სიცოცხლე ეგზომ მკვეთრად შეიცვალა უკეთესისაკენ.
როდესაც ვიყენებ ფრაზას, “ძვირფასო მსმენელო” თვალწინ უნებურად წარმომიდგება საინტერესო ადამიანის სახე. იგი ცნობისმოყვარედ ფურცლავს გაზეთს, ნაკლებგააზრებული იმედით მოძებნოს სიტყვებში, წინადადებებში, ციფრების ნაკადში, სტატიებს შორის ისეთი ინფორმაცია, რომელიც მის არსებობას გარკვეულ აზრს მიანიჭებს, იქნება მოქმედების ნიშანი ან მოწოდება სიმშვიდისა და დაფიქრებისაკენ.
სასარგებლო! – “აი ის, შესაფერისი სიტყვა, რომელიც უნდა გეთქვა” – რატომღაც ჩამესმის თქვენი რეპლიკა. ჩვენ ხომ ყველა და ყველგან დავეძებთ სასარგებლოს, რადგან სამყარო დაიტბორა სინამდვილეში უსარგებლოთი და მას შემდეგ იგი ასეთი შემჭიდროვებული გახდა.
“სასარგებლოს” კი მართლაც რომ მიგნებაა საჭირო, ლამის მონადირეობა გმართებს. უნდა შეაზანზარო საკუთარი თავი, მუდმივად ავითარებდე გონს და ლამობდე შინაგანიდან ღვთიურ ძალას ასხივებდე. ალბათ, ეს ყველაზე სასარგებლო საქმიანობაა, იმასთან ერთად, რომ წვლილი შეგქონდეს საზოგადოებრიობის წინსვლაში.
ჩემს ტრენინგებზე მე ძირითადად ვარწმუნებ მონაწილეებს და ვცდილობ ვზემოქმედებდე მათ მოტივაციაზე, შეუპოვრად შთავაგონებდე სხვადასხვა პოზიტიურ შეხედულებებს. ახლა კი, როდესაც ჩვენი კომუნიკაცია ერთობ შეზღუდულია, მოდით დავიწყოთ რიგი იდეების განხილვა.
ცხოვრებისეული წარმატება! გამაოგნებელი წარმატება! უბრალოდ წარმატება, როდესაც ყველაფერი თითქოს ჯადოსნური ჯოხის მოძრაობით სრულდება! რაოდენ სასურველია ასეთი წარმატება, არა? რაოდენ აქროლადია და მყიფე იგი!. მისი ხელთ შეკავება შეუძლებელია და იგი დროსთან ერთად ადამიანური ყოფის საიდუმლოდ იქცა. თუ ადამიანი წარმატებულია, საზოგადოება მას ერთხმად აღიარებს და მას ცალსახად ესვრიან ვარდებს, სჩუქნიან აპლოდისმენტებს, აღიარებას და……შურს.
ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენ ჩათრეულნი ვართ ამ რბოლაში წარმატებისათვის. ხშირად გვერევა კიდევაც სად იწყება წარმატების ილუზია და სად რეალობა. მატერიალური და არამატერიალური ღირებულებებით გამსჭვალული წუთისოფელი კი, რომლის შუაგულშიც ვიმყოფებით, გვკარნახობს საკუთარ წესებს და საშუალო ადამიანს ეფექტურად უნერგავს და უღვივებს არასრულფასოვნების კომპლექსს. ღირსეულად რომ შეგვაფასონ ჩვენ უნდა გვქონდეს კარგი მანქანა, ნორმალურად უნდა გვეცვას, ხელთ ერთ-ერთი უკანასკნელი მოდელის მობილური ტელეგონი გვეკავოს, უსმენდეთ ცხრასაათიან “კურიერს”, ჭარბად ვშოულობდეთ ფულს და ვიტანდეთ დარტყმებს ბიზნესზე ათასი სხვადასხვა გააფთრებული პროცესის მიღმა, რომლებმაც შეიძლება ერთ წამში ყველა და ყველაფერი თავის გზაზე გააცამტვერონ.
წარმატებულობა! აი, რა გვესაჭიროება, სადაც არ უნდა იყოთ. აუყოლოთ დროს ფეხი – საჯარო სამსახურში, ბიზნესში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, რინგზე. იყოთ წარმატებული და შეგეძლოთ გახადოთ თქვენი თავი წარმატებული იმ სფეროებში, საცა მოგიწევთ საქმიანობა. მაგრამ ერთია გაიაზრო, რომ უნდა იყო წარმატებული და მეორე – რა უნდა აკეთო იმისათვის, რომ იყოთ წარმატებული? წინდაწინვე გეტყვით, რომ ყველაზე მთავარია ჩამოაყალიბო თვისობრივად ახალი აზროვნების და ყოფაქცევის წესი, რომელიც უზრუნველყოფს შინაგან ძალას და მიღწეული შედეგების მდგრადობას, შინაგანი თავისუფლების უფრო მაღალი ხარისხს (ამ თემას ჩვენ კიდევ არაერთხელ შევეხებით მომავალ გამოშვებებში).
მინდა მივმართო ყველას, ვინც ზის ხელდაკრეფით და თავისი სიცოცხლის სასწაულის ახდენას მოელის, სწამს ბედისწერის, იღბლიანობის, აკრიტიკებს პოლიტიკოსებს, აგინებს უფულობას, აძაგებს და სწყევლის რუსებს, მარტოობას და მთელ სამყაროს ადანაშაულებს თავის უბედურებებში.
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, დამეთანხმეთ, რომ წარმატებას თქვენ თვითონ ეწინააღმდეგებით, ამუხრუჭებთ თვით აზრს ამ წარმატების შესახებ, რადგან ეს შრომაა – გონებაზე საკმაოდ იშვიათი ძალის დატანება. ჩვენ კი გავზარმაცდით, გავზარმაცდით გონებით ვიშრომოთ, ჩავატაროთYანალიზი არა მათემატიკური ამოცანების, არამედ შემოქმედებითი, გვქონდეს საქმე წარმოსახვასთან, ინტუიციასთან, საკუთარი თავის რწმენასთან, კომუნიკაბელურობასთან, სტრატეგიულ, თავისუფალ და ლაღ აზროვნებასთან. ჩვენ ხომ დახუნძლულები ვართ აკრძალვებით, კომპლექსებით, შინაგანი ბარიერებით, “ბორკილებით”, ზიზღით საკუთარი თავის მიმართ.
რეალურად, მრავალი მიაგდებს თავის ჭაპანს ნახევარ გზაზე და მხოლოდ გმირები მიაღწევენ კვარცხლბეკს, თუმცა ისიც კი, ვინც შეეცდება იყოს წარმატებული, შეიძენს თავისი ცხოვრებისეული გზის გაგებას და მიიღებს გაცილებით მეტ სიხარულს ვიდრე ის, ვინც “ჩვეულებრივი ადამიანის” სიცოცხლეს ამჯობინებს. სიმართლე გითხრათ, მე არც მჯერა ამ “ჩვეულებრივი ადამიანის” სიცოცხლის. არის სიცოცხლე, როდესაც ადამიანი მთელი არსებით, ლამის ფანატიკურად ცდილობს განვითარდეს და საკუთარ საქმეში იყოს ისეთივე შემოქმედებითი, როგორც უფალი-ღმერთი და არის სიცოცხლე, როდესაც ადამიანი თანდათან და მეთოდურად სპობს საკუთარ თავს. ნება მიბოძეთ შეგახსენოთ აქვე, რომ არ შეიძლება კაცი გახდე მონა, როცა დაბადებული ხარ არისტოკრატად, და არ შეიძლება ხოხვა, როცა ფრენისათვის ხარ გაჩენილი.
ყველგნით გვესმის, რომ ჩვენ გამოუყენებელი პოტენციალის ხალხი ვართ, მაგრამ, რას იტყვით, რატომ არ გვყოფნის ძალა ამ შესაძლებლობების გამოყენებისათვის? როდემდე ვაპირებთ და აპირებთ იცხოვროთ ამ თვითგამანადგურებელი ცნობიერებით? როდემდე ვაპირებთ ჩვენი თავი ვატაროთ ამ ხორცსაკეპში? როდემდე ვაპირებთ სულ მიზეზები ვეძებოთ და მათი\ აღწერას მივდევდეთ?
თუ ჩვენ გვიწერია ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა, ეს იქნება მხოლოდ ერთი გზით – თითოეული ადამიანის, ყველაზე უბრალოს, თვით ‘წარუმატებელის”, “შეუმდგარის” წვლილის შეტანით, მისი დიდი სურვილით შეიმეცნოს თავისი ცხოვრებისეული წარმატების საიდუმლო. ჩვენ ვართ – მარილი მიწის. ჩვენ ადამიანები ვართ ძალა, ჩვენშია ძალა და რადგან იგი მოგვეცა, მაშასადამე, ცოდვაა მისი ასე გაფლანგვა.
როგორც არ უნდა იყოს, თუ გადაწყვეტთ იყოთ უფრო ძლიერი, უკეთესი, უფრო სტაბილური, მარტივი ჭეშმარიტება უნდა გაიგოთ. ადამიანურ სამყაროში ერთადერთი ყველაზე საიმედო მეგობარი და მფარველი გყავთ – თქვენი საკუთარი თავი. და გაგაჩნიათ სამი დიდი რეალობა – თქვენი სხეული, თქვენი გონება, და თქვენი სული. ეს ის მოცემულობებია, რომლებსაც თქვენ გვერდს ვერ აუქცევთ და მხოლოდ მათი სრული ჩართულობით შეძლებთ ხმამაღალი, სასახელო წარმატების მოპოვებას. თუ მოინდომებთ, რასაკვირველია! და არა უბრალოდ მოინდომებთ, არამედ მოინდომებთ მთელი არსებით, და არა უბრალოდ მოინდომებთ მთელი არსებით, არამედ ამ სულისკვეთებით იმოქმედებთ. და რაც ყველაზე რთული გახლავთ – შეძლებთ ამ სულისკვეთების შენარჩუნებას  პიროვნულ ტრიუმფამდე.
თუნდაც სასტიკი წინააღმდეგი იყოთ, უნდა შეიცვალოთ, რათა გადარჩეთ, ჩემო კარგებო, ეს არის კაცის ბედისწერა. დამეთანხმეთ, ხშირად ჩვენი სურვილის მიუხედავადაც ვიცვლებით. ეს მით უფრო მტკივნეულია, როცა ჩვენი შეცვლით, ჩვენი გულგრილობის გამოისობით, დაკავებულია ის, ვისაც დიდად არ ვედარდებით. ძლიერები კი გახდებით მაშინ, როდესაც პრობლემებს, ბედისწერას, არასრულყოფილებას გამოწვევასავით განიხილავთ. და ნუ ვიტყვით, რომ ეს ადვილი არ არის, რადგან იყო სუსტი – ესეც ძალიან ძნელია, დამამცირებელი და მტკივნეულია! წარმოიდგინეთ რამდენი შრომის დახარჯვა გჭირდებათ თქვენი თავი რომ საკუთარ უმწეობაში, უსუსურობაში და არარაობაში დაარწმუნოთ! ძლიერება – ეს გონების საქმეა და არა ფულის და გარემოებების და მრავალი სხვა გასამართლებელი მიზეზის, რაც უხვად შეთხზეთ, რომ თავს მოუბოდიშოთ. ყოველ დღე, ყოველ წუთს თქვენ კარგავთ შესაძლებლობებს, მრავალ შესაძლებლობას, თქვენ ამას ჩემზე კარგად ხვდებით და უკეთ გაიგებთ ცოტა ხანში.
ჯერჯერობით კი მინდა დაგემშვიდობოთ, ძვირფასო მსმენელო. მომავალ შეხვედრამდე და აი პირველი დავალებაც. მოდით იფიქრეთ, სადაც არ უნდა იყოთ – გაჩერებაზე, მინდორში, თათბირზე, მიტინგზე, სერიალის მოცქირალი, მოკლედ ყველგან. ჩაუფიქრდით და პასუხი გაეცით მარტივ, თუმც პროდუქტიულ კითხვას: კონკრეტულად რა გიშლით ხელს მიიღოთ გადაწყვეტილება გახდეთ უფრო ეფექტური და წარმატებული ადამიანი, ვიდრე ხართ?

თავი II

გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ტრენინგების მონაწილეები ხშირად მისვამენ ბუნებრივ და შინაარსიან კითხვას: “საიდან დავიწყოთ?”. “დიახ, სიცოცხლე და წარმატება!” – იძახიან ისინი. – “სიცოცხლე სავსეა შესაძლებლობებით და თუნდ მწარე მარცხიც, მშვენიერი სახელმძღვანელოა მომავალი გამარჯვების მისაღწევად. ჩვენ ისიც კარგად გვესმის, რომ აზროვნება წარმართავს ცხოვრების შოუს და მრავალი მწვერვალის დაპყრობა შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე სწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე. მაგრამ საიდან, როგორ, რანაირად გადავდგათ ეს პირველი სწორი ნაბიჯი? საიდან შევუდგეთ საკუთარი წარმატების მშენებლობას?
ბუნებრივია, ჩვენ… დაგეგმვიდან ვიწყებთ, აზროვნების ხარისხის გაუმჯობესებიდან, თეორიულ ფსიქო-ფილოსოფიური დებულებების შემეცნებიდან, წარმოსახვის აქტივიზაციიდან
“სიტყვასიტყვით” უნდა წარმოისახოთ თქვენი წარმატება, რამეთუ რისი იმედი უნდა ჰქონდეს ადამიანს, ვისაც ეს არ შეუძლოა? მაგრამ დაგეგმვით პროცედურებამდე მაინც არის რაღაც ისეთი, რაზეც გადახტომა ყოვლად დაუშვებელია.
პირველი ნაბიჯი… წინასასტარტო ნაბიჯი… მრავალი ადამიანის ცხოვრებაში რაღაც პერიოდის შემდეგ თავს იყრის ვრცელი და მტკივნეული გროვა მარცხების, განცდების, განხიბვლების და ა. შ. იმდენად მძაფრი, რომ სუნთქვა შეიძლება შეეკრას, დაეკარგოს მადა და, საერთოდ, მიხვდეს… რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. თუმც ეს “მეტის მოთმენა აღარ შეიძლება”, უბრალოდ პათეტიკისათვის ნასროლი წინადადება არ უნდა იყოს. პათეტიკა ცხოვრებაში საკმარისზე მეტია და იგი ხშირად ესთეტიკურიც არის. რას ვგულისხმობ? მომაკვდავი ადამიანი, პირველი თოვლი კავკასიონის მწვერვალებზე, დედისათვის მტირალი ბავში – გრძნობთ, რა არის ამ ყველაფერში საერთო? ჩემი აზრით, დიდი გულწრფელობა! Mრატომღაც მწამს, რომ დიდ გადაწყვეტილებას წინ დიდი გულწრფელობა უნდა უძღოდეს. ყველაზე მეტად, რაც აკლია ადამიანს გადაწყვეტილების მიღებამდე, ეს არის გ-უ-ლ-წ-რ-ფ-ე-ლ-ო-ბ-ა. პიროვნება ხვდება, რომ ის, როგორც და რაგვარად აქამდე უცხოვრია, უკეთებია, უფიქრია, უმორცხვია, ვერ გაუბედავს და საკუთარი თავი შეურაცხყვია – ეს დიდი სიყალბის შედეგი იყო. მთელი მისი წარსული ყოფაქცევა ეს არ იყო ის, რისი გამოხატვაც მას სურდა თავისი არსებით. ის მზე, რომელიც მასში კაშკაშებდა, ის მიმზიდველი ჰანგები, რომელიც მასში მორაკრაკებდა, გამოხატული იყო სულ სხვანაირად. შესაძლოა უფრო “კარგად”, მაგრამ ისე არა, როგორც მის გულს სურდა. მან მოიჭრა ხელები, როცა უარყო, რომ შეეძლო ოცნება, მან აიხვია თვალები, როცა დღენიადაგ სამყაროს სილამაზის ძიება და დანახვა გადაივიწყა, მან თავი დაიმუნჯა, როდესაც სიყვარულის და სიხარულის გამოთქმა თავქარიანობად მიიჩნია. აი ასე, სტერეოტიპიდან სტერეოტიპამდე ადამიანი მივიდა იქამდე, რომ თავი ამოიქოლა კედელში სამყაროსაგან. მოსწრებულად თქვა ერთმა მოაზროვნემ: “როდესაც გგონია, რომ ღმერთმა პირი იბრუნა შენგან, კარგად დაფიქრდი – იქნებ შენ აქციე მას ზურგი?!”
წარმოთქვით ეს სიტყვა, რა ლამაზად ჟღერს – გულწრფელობა! გულწრფელობა საკუთარ თავთან – აი ის წამალი, რომელსაც ვერც ერთ აფთიაქში ვერ იყიდი და რომლის რეცეფთს ვერც ერთი ადამიანი ვერ გასწავლის! შენ დამოუკიდებლად უნდა ჩასწვდე შენს თავში ამას, მოიძიო შენი სულიერი სივრცის ეს არე! რამდენი ქართველი მომკვდარა გულწრფელად ბედნიერი ბრძოლის ველზე! რა დიდებული გულწრფელობით შეუქმნია უცნობ წანაპარ ავტორს ქართული როკვა და “ჩაკრულო”! რა გულწრფელად უხატია ფიროსმანს და წასულა მონღოლეთს დემეტრე თავდადებული! გულწრფელობა დაგვაკლდა, გულითადობა, ჩვენი გულის მოსმენა, სწორება გულზე და არა აზრებზე.
მინდა კითხვა დაგისვა, მეგობარო (ნელ-ნელა გავშინაურდით); რას გაძლევს ეს არაფრისმომცემი თვითგვემა, გამანადგურებელი ზიზღი, შენ ხომ საკუთარი თავისადმი ასეთი მიმართვები და ფიქრი ასეთი ტონით ვიღაცამ გასწავლა? ეს ხომ შენეული არ არის?! რად გინდა ეს უაზრო “არ შემიძლია”, შენ ხომ მრავალი რთული საქმე უკვე გაგიკეთებია – ისწავლე სიარული, სირბილი, ლაპარაკი, თამაში, სიმღერა, ცეკვა? რას გარგებს ეს ყალბი “კომპლექსები”? ადრე თუ გვიან, როდესაც შენ არ იქნები, მათ არავინ აღარ გაიხსენებს, ხოლო ის საქმეები, რომლებიც შენი გასაკეთებელია, დაობლებელი ბავშვებივით ელიან თავინთ შემსრულებელს. დაფიქრდი, რომ ერთადერთი რამ, რაც გჭირდება, ეს არის შენი ნამდვილი ბუნების გამოვლინება. გესაჭიროება იყო პატიოსანი, ანუ გქონდეს პატივი წარმოადგენდე იმას, ვინც ხარ! კი, ჩემო კარგო, სწორედ ეს ნიშნავს იყო პატიოსანი საკუთარ თავთან. არ ითამაშო უკეთესი ადამიანი, ვიდრე ხარ გულის სიღრმეში, არ ეცადო მოეჩვენო საკუთარ თავს უფრო მისაღები პიროვნება. მთელი ეს თეატრი შენს გონებაში გღლის, გაცამტვერებს. წარმოიდგინე რამდენი მიაქვს მას სასიცოცხლო სულიერი და ფიზიკური ენერგია? შენ გჭირდება აუხსნა შენს თავს, რომ ცუდი ადამიანი არ ხარ! რომ ცუდი არ ხარ! რა მარაზმია?! რა უნდა იყოს ამაზე საზარელი და ამაზრზენი?! დროის დიდი ნაწილი იხარჯება არა პიროვნულ განვითარებისათვის, არამედ იმაში, რომ თავს რაღაც აბსურდული დაუმტკიცო, რამენაირად შეანელო მძვინვარე სიძულვილი საკუთარი თავის მიმართ. ალბათ, ამბობ, რომ ზარმაციც ხარ, მაგრამ “…რა მოხდა ასეთი, ჩემზე უფრო ზარმაცებიც არიან?! ზარმაცი ვარ და თავს ზემოთ ძალა არ არის! რა ვქნა, ესაა ჩემი ბუნება…” და რას ფიქრობ რა არის სათავე ამ კომპლექსების? ამპარტავნება, ბატონებო. ამპარტავნება აღიარო შენი სისუსტე. ამპარტავნება დამალო შენი ჩავარდნა.
წადილი მოაჩვენო საკუთარ თავს და ხალხს შენი ძალა თუ ძალის ილუზია ქმნის ამ კომპლექსების მავთულხლართს. მაგალითისათვის, რა გიშლის ხელს მიმართო შესაბამის სპეციალისტს, ლიტერატურას, რელიგიას, თვითგანვითარებას?
მე ტყუილად არ ვახსენე აბსურდი. მრავალი რამ ჩვენს გონებაში მართლაც აბსურდია. მოკლებული გულწრფელობას, სისუფთავეს. როგორც პოეტს უთქვამს: “…სიყალბე, სიყალბე, სიყალბე, სიყალბე ყველგან…” უბრალოდ შეწყვიტე კითხვა და დაფიქრდი – რამდენი ყალბი რიტუალი გაქვს ცხოვრებაში, გამოგონილ-შეთითხნილი პრობლემა, დროის გასაყვანი სადარდებელი, რაღაც “თამაშები”, მოჩმახული “თავსატეხები”, ნერვებისათვის “უნარების ტესტები”. და დასვი მორიგი კითხვა; “ნუთუ ეს ის არის, რაზეც ოცნებობდი ოდესღაც, როცა იყავი ბავშვი?” აბა როგორ წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, ბავშვის გონებაში ამდაგვარი “დახვეწილი” მსჯელობანი? ჩვენ, ვინც ვიძახით, რომ ვართ დიდები (და ავტომატურად რატომღაც უფრო ჭკვიანები?) დღის მნიშვნელოვან ნაწილს ვანდომებთ გვარიან ცოდვას – ამპარტავნებას, საკუთარი ვარგისიანობის თეორიების მტკიცებას, შინაგან ბრძოლას.
ორი ათასი წლის წინათ კი ჩვენ მაცხოვარმა პირდაპირ, უბრალოდ და დაუფარავად მოგვცა ბედნიერების, წარმატების, პატიოსნების ფორმულა:
…იმ დროს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს; 1. “ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?” 2. იესომ დაუძახა ბავშვს და ჩააყენა მათ შუა, 3. და უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, არ შეხვალთ ცათა სასუფეველში. 4. ამრიგად ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სასუფეველში…
ეს ციტატა არ დაივიწყოთ და გეტყოდით, რომ “კომპლექსებთან ბრძოლა” თქვენი ერთერთი საქმიანობაა და მათი მოცილება თუნდაც ამ მიზეზით არ გსურთ – დარჩებით სიტყვის სრული მნიშვნელობით უ-მ-უ-შ-ე-ვ-ა-რ-ი. დაკომპლექსებული ადამიანი მუდმივად ელოდება თავის მომხიბვლელობის დასტურებს გარესამყაროსაგან, მაგრამ მოდით გულწრფელად მითხარით – რაღა მეტი დასტური გჭირდებათ საკუთარი მიმზიდველობის – ცოცხალი
ადამიანი არ ხართ? ადამიანი!..
დავუბრუნდეთ ჩვენი სტატიის მთავარ კითხვას: საიდან დავიწყოთ განვითარება? მინდა გითხრათ, რომ უპირველესყოვლისა უნდა გაარკვიოთ თქვენი გრძნობისა და აზრის გულწრფელობა, ნადმვილად გსურთ თუ არა განვითარება, წარმატებულ ადამიანად გადაქცევა? ეს თქვენი გულითადი, სიღმრისეული და მწველი სურვილია თუ ეს მხოლოდ ჩემს მიერ აღძრული ან სადმე ყურმოკრული მოდური იდეაა? რამდენად დაინტერესებული ხართ საკუთარი თავის რეალიზებაში? რამდენად ძლიერად ხართ დაინტერესებული საკუთარი თავით? ვიმეორებ კითხვას – რამდენად გულწრფელად და სრულად ხართ დაინტერესებული საკუთარი თავით, იმ პიროვნებით, ვისაც წარმოადგენთ? თუ ოდნავ მაინც ხვდებით, რომ ეს დაინტერესება ხელოვნურადაა შექმნილი და თქვენს თავზე მეტად ტელესერიალის შედეგით ხართ დაინტერესებული, ან საქართველოს ბედ-იღბალით (სასწრაფოდ ჩაეწერეთ რომელიმე პარტიაში) ან რაღაც სხვა “კეთილშობილური“ ინტერესებით, ვფიქრობ, ეს სტატია და ვერანაირი კურსი დიდს ვერაფერს გახდება თქვენს დიდებულ ალტრუიზმთან. თუმც ცუდი არ იქნება იცოდეთ, რომ არ არსებობს სამყარო, სიკეთე, სერიალი, სიქველე, საქართველო ჩვენს გარეთ. ყველანაირი ცნება და მოვლენა (საქართველო მათ შორის)Oიბადება და იწყება ჩვენში, იმ სულიდან, რომელიც პირში გვიდგას. ან რა საქართველოს მოვლაზე, რა ეროვნულ გამარჯვებაზეა ლაპარაკი თუUკაცს საკუთარი სულის, გონებისა და სხეულისათვის ვერ მოუვლია, სძაგს ეს ზეციური ჯილდო? არ მწამს ასეთი ქვეყნის შვილისა; არც მისი ზრუნვისა, როდესაც კაცი საკუთარი პიროვნების სრულყოფის ნაცვლად უფრო მეტად სხვის გადაკეთებით და გაუმჯობესებით არის დაკავებული.
მინდა მივმართო კიდევ იმათ, ვისაც ჰგონია, რომ მელანს ვხარჯავ და არ ვაძლევ შესაძლებლობას ბოლომდე ჩაეფლონ სოციალურ აპათიაში. ვთქვათ, თქვენ ხართ ახლა 18-23-25-30-38-46-55-62 ან/და ასე შემდეგ ასაკის. მე შევხვედრივარ ყველა ამ და სხვა მრავალი ასაკის Hომო შაპიენს-ს, რომელიც ერთნაირად აცხადებდა, რომ ძირითადი ბედნიერება მათ ცხოვრებაში დასრულდა და რამე წარმატებულის დაწყება ან მოლოდინი უკვე უაზრობაა.  კი, ჩემო კარგებო, ღმერთმა უწყის, საიდან მოგდით ეს გენიალური იდეები, მაგრამ გაცნობიერებული გაქვთ თუ არა მთელი სიგრძე-სიგანით რა გელოდებათ მომავალში ასეთი დამოკიდებულებით ცხოვრების მიმართ? ვიცი, რომ ნაკლებად; ხშირად სირაქლემას ილეთს იყენებთ ან იმედი გაქვთ, რომ ოდესღაც გაგიმართლებთ, როგორც ლატარეაში. მაგრამ ვაითუ არ გაგიმართლათ და ცხოვრება ისეთსავე რიტმით წავიდა? გიფიქრიათ რა ტკივილია ეს? იმედგაცრუება, გადაულახავი ზიზღი საკუთარი თავის მიმართ, აგრერიგად გაღვივებული შური, როდესაც გინდა არ გინდა შენმა თანატოლებმა გვარიანად გაგასწრეს, ყველა დონის ახლობლის ზემოდან ყურება, (“ჰა, დადის ასე..” – დანარჩენი თქვენი დაამატეთ), გაღიზიანება, გამოუვალი მდგომარეობის სინდრომი, მაგრად “გაბლატავებული” კომპლექსები, უფულობა და რა აღარ!!! გავაგრძელო? მე მგონი, კმარა.
ახლა ვიტყვი სხვა 10-13-18-23-25-30-38-46-55-62 წლის ასაკის ადამიანთა მოსალოდნელ მომავალს, რომლებმაც გაიჩინეს (თუ გააჩნდათ)  უზარმაზარი სურვილი გამხდარიყვნენ წარმატებულები. და არ გეგონოთ, რომ მე ავიღებ და წინა აბზაცში მოყვანილი მდგომარეობების ანტონიმებს დავწერ. იმ ადამიანებს, ვინც ბრძოლა არჩიეს, ელით – გზა. გესმით, გ-ზ-ა! და არა სიცოცხლის დროის გაყვანა. მიყვარს რელიგიური მეტაფორები – ის ადამიანები მოიპოვებენ ღმერთის შვილობას, და არა იქნებიან ღმერთისაგან “დაწუნებული” გამოუსადეგარი მასალა. მათ ელით არაერთი ჩავარდნა, განხიბვლა, ტკივილი, მაგრამ… რა არის სხვაობა? არ დამეხმარებით, ჩემო კრიტიკოსებო? მათ ცხოვრებაში იქნება გრძნობები, სიხარული, ფეიერვერკი, ტრიუმფი, აღიარება, აზარტი, მიღწევები და რაც მთავარია, სიკვდილის დათრგუნვა, საკუთარი თავის შეცნობა, ეს უდიდესი სიამოვნება. იქნება მატერიალური კეთიდღეობაც, როგორც გამოვლინება სულიერი თავისუფლების და ხელგაშლილობის ხარისხის, იქნება ხანგრძლივი ჰარმონია ადამიანებთან, სიცოცხლესა და შემოქმედთან.
ახლა კი არჩევანი თქვენზეა. გაარკვიეთ, ჩემო კარგებო, რამდენად ძლიერად და წრფელად გინდათ წარმატება. ეს აზრია თუ სურვილი, ეს სულიერი მოთხოვნილებაა თუ უბრალოდ საგაზეთო-შესაქცევი საგანი? გაარკვიეთ, რომელში ზემოაღწერილ მდგომარეობებიდან გსურთ, რომ აღმოჩნდეთ. თუ ფიქრობთ, რომ მე გავაზვიადე და შევამუქე უარყოფითი სიტუაცია, შეგიძლიათ მიმართოთ ასაკში შესულ “შეუმდგარ” ან “უბედურ” ადამიანებს. არ დაიმორცხვოთ, მათგან მრავალ საგულისხმო ისტორიას მოისმენთ. იცნობთ საკუთარ თავებს, უფრო სწორედ თქვენს აზრებს და იქნებ თქვათ, რომ მარტონი არ ხართ ამ ქვეყანაზე, იქნებ ბედისწერის პირველობაც აღიაროთ ადამიანთა ცხოვრებაში და ცოტა ხნით კიდევ გადადოთ ბრძოლა. გადაწყვეტილება თქვენზეა და თუ იტყვით, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია (დაგვიანებულია, დაღლილი ხართ და ა. შ.) ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გქონიათ. ის კი, ვინც მზად არის ამ მშვენიერი მოგზაურობისათვის, მას ველი სრული აღკაზმულობით შემდეგ სტატიის ფურცლებზე.
და იცოდეთ, ჩვენ გავიმარჯვებთ.
ნებისმიერ შემთხვევაში.

თავი III

წერა უფრო ძნელია, ვიდრე საუბარი ტრენინგის მონაწილეებთან. იქ “ბითუმად” ვიყენებ არავერბალიკის მთელ არსენალს, რომ მაქსიმალურად დამაჯერებელი და შთამბეჭდავი ვიყო (მოხდენილად ჩაიცვი, ხმა არეზონირე მკერდში, ხელები ამოძრავე პოლიტიკურ მოღვაწესავითJ). აქ კი, ერთადერთი საშუალება მოახდინო რაიმე ეფექტი ეს “ფონტებია”, თან თითოეული თავისებურად აღწევს მსმენელის ცნობიერებაში. ზოგი ყურადღებას უფანტავს, ზოგი – აღაშფოთებს, ზოგი – ინდიფერენტულ განწყობილებაზე აყენებს. სამაგიეროდ, როცა მკითხველის თვალები სტრიქონებს გასწვრივ დასრიალებენ, – ოო, თუ ეს მატარებელი ადგილიდან დაიძრა, – ჩათვალე იგი შენია, და რაც გსურს, ის შეგიძლია აკეთო მის სულსა და გულთან. მოეფერო, გაამწარო, ააფრინო, ქვესკნელში დაანარცხო, გრძნობები გადაკვანძო, მეფედ აკურთხო და მოანანიებინო განვლილი ცხოვრება. კარგია, და უფრო მეტიც საოცარია, თუკი შეძლებ მკითხველთან ისეთივე შეხმატკბილებულობის მიღწევას, როგორსაც რეალში სასიამოვნო მოსაუბრესთან ან მომღერალთან ნატიფ სიმღერაში ახერხებ. განსაკუთრებით თუ მკითხველი მოუთმენლად მოელის შენთან ყოველ  შეხვედრას და გიწევს საუბარი ტეტ-ა-ტეტ, პირისპირ, შუბლით შუბლთან, გულით გულთან. თუ შეგიძლია კარგად წერა, გაქვს შანსი წარმატებულად დასაქმდე კანცელარიაში, სამდივნოებში, ჟურნალისტიკაში, ოღონდ მწერლობა მეტად შრომატევადი პროცესია ამ ცოფიან სამყაროში. ამიტომ უნდა წერო დინამიურად და გამოცანებით, გირჩევთ ეძებოთ ჩვენს გამოშვებებში საუგუნებო გამოცანები, ჩემო კარგებო.
ალბათ, ზოგი მკითხველი ცოტა გაღიზიანდა ასეთი რიტორიკული პრელუდიით: “ამდენი ხანია ველოდებით რაიმე სერიოზულ იდეას, და ჯერ ვერც მოგვისმენია, თანაც მიდის ეს იწილო-ბიწილო, რა არის კარგი, რა არის ცუდი. წყლის ნაყვა! დავიღალეთ! მთელი თავი მოვანდომეთ განზოგადებულ მსჯელობას “საიდან დავიწყოთ” და არ დაგვიწყია? მოწყალეო ხელმწიფეო (მიყვარს ეს მიმართვა), არ გვეტყვით ბოლო-ბოლო, საიდან, საიდან, რანაირად დავიწყოთ?”
კარგი დასაწყისი ნახევრადმოგებული ბრძოლააო – უთქვამთ ძველ მხედართმთავრებს. ამიტომ ჩვენ კარგად და ხარისხიანად უნდა შევუდგეთ წარმატების გამოქანდაკებას. თუმც მანამდე უნდა შექმნათ თქვენეული წარმატების საფეხურებრივი მოდელი, უფრო სწორედ “ესკიზი”, როგორ ხედავთ თქვენს წარმატებას? თუ ვერაფერს ხედავთ, ეს ხედვა უნდა ჩამოაყალიბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატების “საწვავი” ნაადრევად გამოგელევათ და სადღაც ჩიხში გაჩერდებით. საკმაოდ დიდი დრო უნდა დაუთმოთ მიზნის და შედეგების დადგენას, რომლის მიღწევაც გსურთ. წარმატებები, გამარჯვებები განსხვავდებიან თავისი მასშტაბებით, რაობით, მიღწევადობით, მიმზიდველობით. ამის გამო თქვენი აღწერილობა იმდენად ზუსტი და კონკრეტული უნდა იყოს თითქოს უკვე მასში ხართ, ცხოვრობთ ამ გარემოში და განიცდით აღტაცებას საკუთარი შესაძლებლობებით და საერთოდ იმყოფებით საუკეთესო ემოციურ მდგომარეობაში. საჭიროა დეტალურად აღიწეროს სამიზნე ფიზიკური, ემოციური, ფინანსური, სულიერი, ოჯახური მდგომარეობები. უნდა გაირკვეს დასაუფლებელი  უნარ-ჩვევები, რელიგიური აღმსარებლობა, სოციალური წრე, შეხედულებების და პრინციპების ერთობლიობა, რაშიც გინდათ, რომ იცხოვროთ. Eვიმეორებ, რომ ეს აღწერილობა უნდა იყოს დაწვრილებითი და მეტად კონკრეტული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმდენად რეალური, რომ სული შეგეკრათ ამ განცდისაგან; მღელავარებისაგან, რომ ბედნიერება, თუU წარმატება (უწოდეთ რარიგ გნებავთ) ხელის გულზე და გულის გულში გაქვთ. მოკლედ, მთელი აზრი ის არის, რომ შეიქმნათ, გაიჩინოთ, მოთხაროთ, გამოიგონოთ, გაიხსენოთ, მისცეთ თავს უფლება და ირწმუნოთ ის, რომ წარმატება უკვე არის, აქვს ადგილი თქვენს მომავალში და თქვენს ცნობიერებაში. იმეგობრეთ, ჩემო კარგებო, თქვენს მომავალთან, ნუ ერიდებით და ნუ გეშინიათ მისი, და ამასთანავე ნუ უყურებთ ამრეზით თქვენს……აწმყოს. ახლა წყდება მომავალი, ახლა განსაზღვრავს ხვალეს, ახლა გვაქვს მოქმედების და არჩევანის თავისუფლება, ახლა ვართ – ყოფიერება ხომ ახლანდელ დროს გულისხმობს! და იმ ადამიანს ვისაც შეუძლია “აქ და ახლა” ყოფნა, დეპრესია არ ემუქრება. შეეცადეთ, ზიზღით და იძულებით არ გააკეთოთ იმ მიზნების ფორმულირება, რომლის მიღწევაც გსურთ. ეს დამოკიდებულება შეიძლება ნებსით თუ უნებლიეთ შეიპაროს თქვენი წარმატების პორტრეტში და მომავალში საკმაოდ გვარიან უსიამოვნებებს გადაგყაროთ. უბრალოდ ისიამოვნეთ ხატვით, ვერბალური ჩამოყალიბებით, ანალიზით იმ წარმატების, რომლის მიღწევა საამაყოა, ტკბილი, ნამდვილად შესაძლებელი და თქვენს სიცოცხლეს შინაარსით დაგიტვირთავთ. მიიღეთ სიამოვნება იმისაგან თუ როგორ იბადება თქვენს წარმოსახვაში თქვენი პირადი მომავალი, როგორ იხსნება აზროვნება, როგორ იკვეთება ახალი გამოწვევა და სიცოცხლის ცეცხლი და შთაგონება. ისიამოვნეთ, იმით, რომ ხართ განსხვავებული და დააფიქსირეთ მომენტი, საიდანაც სიცოცხლე რადიკალურად იცვლება – თქვენ იღებთ ვალდებულებას, რომ შეცვალოთ ცხოვრება. ყოველი გეგმა ხომ  ვალდებულებას წააგავს?! განურჩევლად იმისა შესრულდება თუ დარჩება ფურცელზე, ეს არის მიმართულება, გეზი, მისწრაფება და ამით თავისთავად პატივსაცემია.
იმედია ამ აღწერილობას ენერგიას და თავდადებას არ მოაკლებთ, ბოლოს და ბოლოს საქმე თქვენ გეხებათ! მაგრამ ზღაპრული სიზუსტით აღწერილი მიზანიც კი არაფრისმთქმელია თუ იგი არ არის მიბმული რაზე? დროზე, ჩემო კარგებო, დროზე. დამეთანხმებით, რომ მიზნის მისაღწევად, დაგჭირდებათ რაღაც დრო; ერთი, სამი, ხუთი და ა. შ, წელიწადი. თუ მიზანს ხვალვე განახორციელებთ მაშინ, ან ღმერთი ყოფილხართ, ან მიზანი კი არა, რაღაც უბრალო საქმის შესრულება დაგისახავთ. დრო ეს ის ფასია, რომელსაც ადამიანი თავის იდეების განსხეულებისა და მიღწევისათვის იხდის. თქვენ კარგად უნდა საზღვრავდეთ რა დროის დასახარჯად ხართ მზად ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად. და იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც საკმარისად დიდია, რომ იყოს შთამაგონებელი და სულისჩამდგმელი, გქონდეთ საკმარისი დროითი სივრცე. მიზნის დროითი საზღვრის წინ გადმოწევას შეიძლება მიზნის შეუსრულებლობა და შედეგად გულგატეხილობა მოჰყვეს. დროის ჩარჩო უნდა კარგად იყოს განსაზღვრული. არ შეიძლება ზედმეტად ფართო დროის მანძილი, ამ შემთხვევაში მიზანი კარგავს ენერგეტიკას და ხიბლს, არც შეიძლება დროის მონაკვეთის შეკვეცაც, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკის გადაწვა, ფუსფუსი, გადატვირთვა და მტკივნეული ჩავარდნა, განცდა იმისა, რომ პიროვნება ვერ ფლობს სიტუაციას.
მინდა გითხრათ, რომ დასავლეთში კორპორაციული თუU პირადი გეგმების შექმნა – ეს არის საკმაოდ დრამატული და საინტერესო ანალიტიკური საქმიანობა, რომელიც მრავალ ადამიანს აჭმევს პურს. ამიტომ თუ რაღაც თავიდან ვერ გამოდის არ შეშინდეთ, პირადი გეგმის შექმნის პროცესში წააწყდებით მრავალ წინააღმდეგობრივ აზრს საკუთარ თავში, დაინახავთ როგორ ომობენ თქვენში ცნობიერების ნაწილები, იგრძნობთ წარმატების რამდენად დიდი მოწინააღმდეგე ხართ პირადად თქვენ და როგორ უშლით ხელს აზროვნებით თუ არასწორი ყოფაქცევით საკუთარ ელემენტარულ განვითარებას. დაგეგმვის მეთოდები და ილეთები მეორადია. ყველაზე მთავარი თქვენი სულისკვეთება, შეუპოვრობა, ლაღი აზროვნება და გადაწყვეტილებაა.
დაბოლოს, ნებისმიერ  კარგი გეგმა იმყოფება პერმანენტული ცვლილებების პროცესში. ამიტომ ვერავინ შექმნის სტატიკურ, უძრავ, უცვლელ იდეალურ გეგმას. ნუ შეგაშინებთ და შეგაჩერებთ ტერმინები, რათა ჩამოაყალიბოთ სიცოცხლის ათ-თხუთმეთწლიანი გეგმა. აიღეთ კალამი და შეუდექით ამ საქმეს. მერწმუნეთ, დაგეგმვა არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება საზოგადოდ გააკეთოთ საკუთარი თავისათვის.

თავი IV

კიდევ ერთხელ ვიმედოვნეთ, დაგეგმვის პროცესმა გაგიტაცათ, ძვირფასო მეგობრებო და შეუდექით ამ მნიშვნელოვან საქმიანობას. ვინც ეს არ გააკეთა, გთხოვთ ნუ დაელოდებით სამყაროს დასასრულს, ჩინეთის სრულ აზვირთებას, ბარაკ ობამას ფიცის მიღებას, ახალ წელს, ორშაბათს და ა. შ. უბრალოდ დაფიქრდით და დასახეთ როგორ გინდათ იცხოვროთ უახლოესი თხუთმეტი-ოცი წელი? ან თუნდაც მთელი სიცოცხლე. ჩემზე უკეთ უწყით, რომ სწორ ფიქრსა და აზროვნებას ჯერ არავისათვის მოუტანია ცუდი შედეგი. გეგმის შექმნა გულისხმობს და ნათელყოფს, თქვენს სიმამაცეს და თავისუფლებას, რადგან ამ ნაბიჯით ადასტურებთ, რომ ხართ ა-დ-ა-მ-ი-ა-ნ-ი! ანუ ხართ თქვენი პირადი რეალობის შემოქმედი; არა მსხვერპლი და სათამაშო სხვადასხვა საზოგადოებრივი სოციალ-პოლიტიკური ძალების ხელში. თქვენ დამოუკიდებლად იკაფავთ გზას წარმატებისაკენ და არ ელოდებით სანამ ვინმე პერსპექტიული პოლიტიკოსის კამათელზე საბოლოოდ დუშეში დაჯდება.
თავისუფალი, სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანების რაოდენობა და საზოგადოებრივი განვითარება პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია: თუკი მათი რიცხვი იზრდება –  საზოგადოებაც პროგრესირებს, თუკი ხდება პირიქით – მართვადი ადამიანების რიცხოვნება მატულობს ან ჭარბობს – მაშინ ქვეყანა ტერორის უკუნში ეშვება. თავისთავად შინაგანი თავისუფლება ეს არის პიროვნული განვითარების ძირითადი რესურსი, რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდის არსებობის ყველა ასპექტზე – აზროვნებაზე, გარეგნობაზე, მოქმედებაზე. როგორც ყველა სუსტადგანვითარებულ საზოგადოებებში ჩვენთანაც მუდმივად ხდება ცნებებით მანიპულირება – ტერმინების და მათი განმარტებების აღრევა. მინდა ვთქვა, რომ ყბადაღებეული უზნეობის და აღვირახსნილობის ცნობა თავისუფლებად ეს დანაშაულის ტოლფასი მოვლენაა. არ მიმაჩნია მიზანშეწონილი იყოს ისეთი განცხადებების გაკეთებაც, როგორიცაა ვთქვათ: “აი, რა მოგვიტანა თავისუფლებამ!”, “ახალგაზრდობა მთლად გათავხედდა ამ თავისუფლების შედეგად!” ან “გადაგვარდა ხალხი, არ შეიძლება ამდენი თავისუფლების მიცემა”.
ამბობენ, როდესღაც იყო მონობა, ფეოდალიზმი, პირვეულყოფილი-თემური წყობილება, ბელადების მოძალება. მაგრამ ერთადერთი რამ, რითაც საქართველო გადარჩენილა ეს არის თავისუფალი, ლიდერული, წარმატებული ადამიანების სიმრავლე და მათი ბრწყინვალება და გამჭრიახობა. როგორც ისტორიკოსს განათლებით, მე ღრმად მწამს, რომ ისტორიას პიროვნებები ქმნიან და არა ხალხები. დიადი პიროვნებების  ხედვის განხორციელებაა ის, როგორც ვცხოვრობთ დღეს. “ხალხი” – ეს საკმაოდ იდეალისტური და სპეკულაციური ტერმინია, პიროვნება კი არის ის, ვისაც შეუძლია ჰქონდეს და გამოხატავს ნებას. მოსე, ალექსანდრე მაკედონელი, ბუდა, იულიუს კეისარი, იესო ქრისტე, კარლოს დიდი, კოლუმბი, ნაპოლეონი, სტალინი – ისტორიის მსვლელობაში ამ პიროვნებების როლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზოგიერთი ხალხის, რომელიც მხოლოდ დახვეწილ არქეოლოგიურ გათხრებში შეიძლება აღმოჩნდეს. პიროვნება არის ის, ვინც უყვარს ღმერთს, ისტორიას, დროს, ადამიანს, საზოგადოებას, ეშმაკსაც კი. პიროვნებაში ვლინდება ღვთიური ძალები რთულ ისტორიულ პერიპეტიებში და სწორედ პიროვნული ძალა იზიდავს ანდამატივით და რაზმავს ზოგჯერ მკაცრი, ხშირად მობილიზაციური სულისკვეთებით მომხრეებს ისეთი გრანდიოზული მშენებლობებისათვის, როგორებიც იყო; ქეოფსის პირამიდა, ვერსალი, “ემფაერ-სთეით-ბილდინგი”, სუეცის არხი, ბამი, გვირაბი ლამანშის ქვეშ, და ა. შ. რაც უფრო დიდი პიროვნულობა ძევს ადამიანში, მით უფრო დიდია მისი შანსები საზოგადოებრივი დამკვიდრებისათვის. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ საზოგადოებამ, ქვეცნობიერად თუUგააზრებულად, იცის რა პიროვნების როლის პრიმატი მსოფლიო ისტორიაში, ყოველმხრივ ცდილობს თავისუფალი პიროვნებების რაოდენობების იძულებით რეგულირებას. ეს გამოიხატება მუხრუჭების და შემაკავებლების მთელი სისტემების შექმნით, პირდაპირი თუ შენიღბული აგრესიით ასეთი ადამიანების წინააღმდეგ. საზოგადოება იყენებს ისეთ სარეგულაციო იარაღებს, როგორც შური, დაცინვა, ურწმუნოება, საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირება, ცილისწამება, ავტორიტეტის შელახვა, ძალების ბალანსირება და ბლოკირება. ამასთან დაკავშირებით მახსენდება მაჰათმა განდის  გამონათქვამი: “…თავიდან შენ იგნორირებას გიკეთებენ, მერე დაგცინიან, მერე გებრძვიან და შემდეგ შენ იმარჯვებ…”.
წარმატებული ადამიანი და პიროვნება ვერ დარჩება სხვის ჩრდილში და ვერ გადააბარებს საკუთარ ბედ-იღბალს იერარქიით ზემდგომს. მაგრამ ამასთანავე უნდა ვთქვა, რომ პიროვნება ვერ შედგება შესაბამისი უნარ-ჩვევების, ხასიათის, ცოდნის, განვითარების, ბრძოლის და გამარჯვებების გარეშე. საამისოდ აუცილებელია გარკვეული ტიპის სისტემა, სკოლა, მასწავლებლები, მხარდაჭერა, რომლის მიღწევის პირველ საფეხურად მესახება სწორედ პირადი ცხოვრებისეული გეგმა, სადაც თავმოყრილი იქნება სრული ინფორმაცია თქვენი შესაძლებლობების, ძლიერი მხარეების შესახებ, თქვენი პიროვნების ანალიზი, რესურსები და მათი ხელმისაწვდომობა – ზოგადად ძლიერ პიროვნებად გადაქცევის მოდელი (სასურველია შექმნათ რამდენიმე ალტერნატიულიც). მაგალითად, დაფიქრდით და მიპასუხეთ, რამდენი საფეხურის გავლა დაგჭირდებათ თქვენი პიროვნების სრულ “გაფურჩქვნამდე”?
ამ პროცესის განხორციელებისას ეფექტურია მასწავლებლის, კონსულტანტის, ექსპერტის, ფასილიტატორის ყოლა. თუ თქვენ არ მიგიღიათ მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში, დასაწყისში საკმაოდ გაგიჭირდებათ და გეგმის ნაცვლად გამოგივათ დიდი საქმეების ვეება ჩამონათვალი, რომელიც ჯერ შეგაშინებთ, მერე გამოიწვევს აგრესიას და დაცინვას და ნარნარით გადავა დახარჯული შრომის გაბიაბრუებაში.
ჩათვალეთ, რომ ამასობაში ეშმაკი დაგეუფლათ…
სიზარმაცე, ეჭვები, ურწმუნოება – აბა ეშმაკი სხვა რანაირად წარმოგიდგენიათ?! ეს უხუცესი ბატონი ნიჭიერად იყენებს ადამიანის არცოდნას და გადაამუშავებს ამ ნაკლოვანებას უარეს ნაკლში –  უვიცობაში. უკანასკნელს შეერევა ამპარტავნება და ჯამში ვიღებთ იმას, რომ გვაქვს “მკვდარი წერტილი”, რომლიდანაც საქმე ვერაფრით იძვრება და ხდება ისეთი რაღაცეები, სადაც ჩვენი ნება და სურვილი მინიმალურია.
XX საუკუნის დიდი მოაზროვნე გურჯიევი ამბობს, რომ თუ კაცი ტყვეობაშია – თავიდან მან ღრმად უნდა გააცნობიეროს, რომ ციხეში იმყოფება, შემდეგ უნდა გაარკვიოს იმ პირების ვინაობა, ვინც გააღწიეს ციხის კედლებიდან, გარეთ იმყოფებიან, ფლობენ იარაღებს და ცოდნას და შეუძლიათ დაეხმარნენ ტუსაღს გაქცევაში. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, გურჯიევის აზრით, არიან მანქანები, ხმაურიანი, მართვადი ავტომატები, რომლებიც ხდებიან საკუთარი თუ სხვისი პროგრამების შემსრულებლები და საკმაოდ შორს არიან იმისაგან, რასაც შექსპირმა “ბუნების გვირგვინი” უწოდა. მართლაც, იშვიათი ადამიანი აცნობიერებს, რარიგ ძლიერად არის დატყვევებული მავნე ჩვევების, ნეგატიური აზროვნებისა და პროგრამებისაგან, ყოფაქცევითი შაბლონებისაგან, რომლებიც ზღუდავენ მის პოტენციალს და ნიჭს და, ფაქტობრივად, აქცევენ მას პლანეტის რიგით, არაფრით გამორჩეულ ერთიექვსმემილიარდედად. იშვიათი ფიქრობს იმის შესახებ თუ რაოდენ ჩაფლულია იგი ყოველდღიურობის ჟამურში და წყალწაღებულივით ხან ხავს ეჭიდება, ხან სერიალს, ხან პოლიტიკას, ხან “სვეჟ” ჭორებს, ხან საკუთარ თავის ჩეხვას – “..აქ საერთოდ რა მინდაო..”.
ადამიანს ყოველთვის აქვს შანსი დადგეს ფეხზე, ისაუბროს ღმერთთან, შექმნას საკუთარი თავი. ეს ხდება საკუთარი პიროვნების გამოღვიძების გზით – მეტი რესურსის, ძალის, სინათლის აღმოჩენით. სამყარო უსაზღვროა და ღმერთის შესაძლებლობები  – ამოუწურავი. როცა თქვენ დებთ ერთ აგურს თქვენი წარმატების მშენებლობაზე, უზენაესი ასი ათას დებს, თუ თქვენ გულწრფელად გინდათ იყოთ უფრო ბედნიერი – ახალი ნათელი და მომხიბვლელი ადამიანები და შესაძლებლობები შემოდიან თქვენ ცხოვრებაში. წარმატების ზომა თქვენი რწმენის ზომაზეა დამოკიდებული. სრულდება ის, რისაც გწამთ. მრავალი რამ, თუ არა ყველაფერი, ჩვენს გარშემო ჩვენი რწმენის შედეგია. თუ გვწამს, რომ არ ვართ საკმარისად კარგები, არ გვყოფნის ნიჭი, არ გვყოფნის ძალა, რესურსები ეს ყველაფერი, არ გაგიკვირდეთ, არ გვექნება. ვიმეორებ, რაც გწამთ, ის ხდება თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება მკრეხელობადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გწამთ, რომ  კარგი ხართ (კეთილი, ხელგაშლილი, თავისუფალი, ლაღი, კეთილშობილი) მით უფრო კარგი გინდათ, რომ იყოთ, ამ დროს თავს უბრალოდ უფლებას ვერ მისცემთ იყოთ სხვანაირი. თუ გწამთ, რომ მთლად კარგი არ ხართ, მაშინ თავს უფრო ადვილად შეუნდობთ ღალატს, სხვადასხვა მავნე ჩვევებს, არასრულფასოვნების კომპლექსს და ა. შ.
იცოდეთ, რომ რწმენა აყალიბებს რეალობას, უფრო ზუსტად კი რწმენა ქმნის პიროვნებას, მის შინაგან სტრუქტურას და შემდეგ უკვე პიროვნება ქმნის სრულიად ახლებურ რეალობას. თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავზე ზემოქმედება იმის და მიხედვით თუ რას აქცევთ რწმენის საგნად.
დასასრულს მინდა გითხრათ, რომ ბიბლიის მიხედვით, რწმენა ნიშნავს უხილავის რეალურად აღიარებას. იგივეა კარგი გეგმის შექმნა, სადაც თქვენ ვაჟკაცურად იღებთ პასუხიმსგებლობას, რომ გწამთ:
თქვენ დადგამთ იქ აღწერილ მომავალს!
ჩვენი სიცოცხლე – ულამაზესი მოგზაურობაა, და იმდენად აზარტული გამოცანებით სავსე, რომ მათი ამოხსნა უხვად გაჩუქებთ სასიამოვნო წუთებს.
ცალი თვალით მაინც რომ დაგანახათ რა დონის პიროვნება შეგიძლიათ გახდეთ განურჩევლად სქესის, ასაკის და რასის, მჯერა, რომ სამუდამოდ დაკარგავთ “მოსვენებას” და უმალ თქვენი ევერესტის დასაპყრობად დაიწყებთ სამზადისს.
არ გამოგრჩეთ, თქვენი რწმენა ქმნის თქვენს რეალობას.

თავი V

საშუალო სიმაღლის მთის მწვერვალიდან ორი ადამიანი გადმოჰყურებს გადაშლილ ველს. ერთი ხედავს მხოლოდ ჭალას, მინდვრებს, ვენახებს, ბაღებს. მეორე ამ მიდამოში ხედავს გზების ქსელებს, მოზრდილ შენობებს, ქუჩებს, მანქანების ნაკადებს, ზოგადად კარგად განვითარებულ ქალაქს. ერთი პოლიტიკოსი ხედავს ბრბოს, მეორე იქვე – იმპერიას, ზოგი უზარმაზარ, ხმაურიან ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანას, ზოგი მის ნაცვლად – პერსონალურ კომპიუტერს ყოველ ოჯახში.
ხედვა! აი, რა აქცევს პიროვნებებს გამორჩეულად. ვისაც ჰყოფნის სიმამაცე ჰქონდეს ყველაზე შორსმიმავალი და თამამი ხედვა, მან შეიძლება “გიჟი”-ს ან გენიის იარლიყიც დაისაკუთროს. ხედვითი ლიდერობა არის ყველაზე მიმზიდველი და ამოუცნობი ფორმა კაცობრიობის ისტორიაში. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია შესთავაზო შენს გუნდს და თანასაზოგადოებას გზა უკეთესი მომავლისაკენ, გზა უფრო ეკონომიური, დინამიური აღმავლობისა. თუმც ხედვის ჩამოყალიბებას ჩვენ შემდგომ სტატიებში კიდევ შევეხებით, მანამდე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ პოპულარულ კითხვას, რომელიც ჩნდება ჩემს ტრენინგებზე: “საიდან ამ ყველაფრის ძალა?”. ძალა ვიაზროვნოთ, დავინტერესდეთ, დავინახოთ, დავგეგმოთ, დავიწყოთ სვლა, მივილტვოდეთ, წავიქცეთ და ავდგეთ და გავნაგრძოთ გზა, ძალა გავიმარჯვოთ და გაგვიხარდეს ეს წარმატება. საიდან ამ ყველაფრის ძალა? ის ძალა, რომელიც დღეს რეალურად არ არის? როდესაც ხედავ, რომ ქვეყანაში აწინაურებენ “გვარიშვილობით”, როდესაც ამდენი არასრულყოფილებაა საზოგადოებაში, აწყდები ამდენ წინააღმდეგობას და თითქოს შველა არსაიდან არ ჩანს. საიდან უნდა ავიღოთ ეს ძალა, რომელსაც ვერც შიგნით და ვერც გარეთ ვერ ვგრძნობთ? საიდან? როგორ?
უჰჰჰ!!! მეც შევცბი ოდნავ, რამდენი უარყოფითი რამის გახსენება შეიძლება! ცუდის დანახვა და დაფიქსირება ჩემი ერთ-ერთი პროფესია იყო, როდესაც ვწერდი პუბლიცისტურ-პოეტურ თხზულებებს. გეთანხმებით, რომ ძალიან ძნელია და მტკივნეული რამის გაკეთება, თუკი ენერგეტიკული დისბალანსი გაქვთ; აგეკვიატათ წარუმატებლობა, ჩავარდნები, უფულობა და გამოსავალს ამ ყველაფრიდან თითქოს ვერ ხედავთ, თითქოს ის არ არსებობდეს. ვინ მოიგონა და არია ეს ადამიანის ბუნება, ამდენი გადასვლები ადამიანთა ზნეში და ხასიათში, ასეთი არამდგრადობა?! ღმერთო, მინიმალური ძალა მაინც მიბოძე ამ ყველაფერს გავუმკლავდე; ერთად დამაწვა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.
უძლურება და უსუსურობა – ეს ძირითადად გრძნობები და შეგრძნებებია, რომლებიც ფსიქოანალიზის თანახმად საბავშვო და პერინატალურ პერიოდში იდებენ სათავეს. ისინი განსაკუთრებით მომძლავრდებიან სტრესის და პოსტსტრესულ პერიოდში. მიმდინარე ფსიქოლოგიური ტრამვები წარმოადგენენ ძირითადი ცენტრალური ტრამვის გადამღერებას, დუბლირებას და ვარიაციას, თუმც განცდის ძალით არ ჩამოუვარდებიან. ცენტრალური (პირველადი) ტრამვა შეიძლება იყოს დედისაგან  მიტოვების შიში, მამის აგრესია ბავშვის წინააღმდეგ, დაუცველობა უცხო პიროვნების დაუფარავი ძალადობის წინაშე, ჩაციკვლა სამყაროს ცქერაზე ბავშვის “ქვემოდან-ზემოთ” პოზიციიდან და ა. შ. ვიმეორებ, რომ უმწეობა და უსუსურობა ეს გრძნობებია, რომელთა მნიშვნელოვანი თავისებურაბაა რეალობასთან კონფლიქტი. გრძნობები წარმოადგენენ ინფორმაციის დამუშავების გარკვეულ დონეს, რომელიც არ არის რეალობა, განსხვავდება რეალობისაგან და, როგორც პალიტრის ფერები, ჰქმნის რეალობის განსხვავებულ სურათს. ანუ გრძნობებით ადამიანი ხატავს თავის სინამდვილეს და, შესაბამისად, როგორც ნახატი არ არის რეალობა, ასევე გრძნობები არ გვაძლევენ რეალობაზე ამომწურავად ზუსტ წარმოდგენას. უფრო შორს წავიდეთ და ვთქვათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ის მოდელი, რომლითაც ხდება გრძნობებიდან მიღებული ინფორმაციის გადამუშავება. აზრები ამახინჯებენ რეალობას. აზროვნება აყალიბებს რეალობას. რას ვგულისხმობ ამით? მოვიყვან კონკრეტულ საინტერესო მაგალითს.
რამდენიმე დღის წინ, თელავის ერთ-ერთ ექსპერიმენტალურ ჯგუფის თითოეულ მონაწილეს ტრენინგის დროს, როგორც წლის შედეგების შეჯამება, მივეცი დავალება დაეწერათ 2008 წლის 20 პირადი წარმატება. მუშაობა ვერ წავიდა, მონაწილეებს თავიდან საკმაოდ გაუჭირდათ თუნდაც სამი-ოთხი წარმატების დასახელება. განვლილ წელიწადში ისინი ეძებდნენ გრანდიოზულ მიღწევებს და გულგატეხილობით აცხადებდნენ, რომ არაფერი მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში არ ყოფილა. “ეს იყო ერთფეროვანი წელი, ნუ ხუთი, მაქსიმუმ შვიდი პატარა გამარჯვება”.
საბოტაჟი იყო პირველი, რაც ვიგრძენი მათ დამოკიდებულებაში, მაგრამ  თანდათან უმრავლესობამ მოჰკიდა ხელი კალამს და დაიწყო წერა. მართალია, საქმე დიდი წვალებით მიიწევდა წინ, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ისინი ეძებდნენ რაღაც პოზიტიურს. თანაც თქვენი მონა-მორჩილიც ეხმარებოდა ვარიანტების შეთავაზებით. როდესაც მოვიდა დრო წარმოედგინათ საკუთარი მიღწევების ნუსხა, მხოლოდ ოთხმა შეძლო ამ ოცეულის დასრულება. ყველამ კი აღიარა, რომ მიუხუდავად აგვისტოს ომისა, ეს იყო საკმაოდ წარმატებული წელიწადი მათ ცხოვრებაში. საკმაოდ წარმატებულიო. გესმით!
რა დასკვნებს გააკეთებდით ამ მცირე ამბიდან?
ის, რომ ადამიანები ვერ ხედავენ საკუთარ მიღწევებს, ამ აღმოჩენამ გამაოგნა, როდესაც ერთხელ ეს გავაცნობიერე. ისინი ნამდვილი ბრმები არიან ამ თვალსაზრისით. მათი მხედველობა იმდენად დამახინჯებულია, ავადსახსენიებელი პერფექციონიზმი იმდენად ძაბავს შინაგანად, რომ მათ არაფრად არ მიაჩნიათ მცირე სიხარული, პატარა სიძნელის გადალახვა, სიცილის საღამო და სხვა. მათ ჰგონიათ, რომ თუ დღე არ გაატარეს ბრითნი სპირსთან ან ბენ აფლეკთან, თუ არ დაარიგეს ჭკვაზე ქვეყნის პრეზიდენტი ან არ დაისვენეს ზაფხულში მაიამი-ბიჩზე და სხვა, იმ წელიწადს უაზროდ ჩაუვლია. თუ მიხვდით, იდეა-ფიქსი, რომ წარმატება უნდა იყოს სკანდალური, ხოლო თვითონ პიროვნება ლამის ზელიდერი – ეს ერთბაშად ხაზს უსვამს თქვენს სიცოცხლეს და აზრს აკარგვინებს ყოველგვარ ძალისხმევას. შედარებითი აზროვნება და საკუთარი სიხარულის მასშტაბის დაკნინება, უგულუბელყოფა, მოვლენების არასწორი შეფასებები – აი, თქვენი ენერგიის დამთრგუნველები. აი საიდან კარგავთ იმ ძვირფას ენერგიას, რომელიც ასე არ გყოფნით საქმის წამოსაწყებად, საკუთარი პატივისცემის დასამკვიდრებლად. საიდან შეიძლება გქონდეთ წარმატება, თუკი ლამაზად გატარებული დღე, მეგობრისთვის გაწეული დახმარება, მანქანის მართვის შესწავლა და ასეთი არც თუ მცირე პირადი მიღწევები არარად მიგაჩნიათ, და ფოკუსირებული ხართ იმ ტვირთზე, რომელიც შეგემქმნათ პრობლემების გადაუწყვეტელობის გამო. ენერგოდეფიციტი იქმნება არასწორი აზროვნებით, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ გამომდინარეობს თქვენი აზროვნების ნირიდან. თუ თქვენი აზროვნება, რომელიც ჩამოყალიბდა მშობლების, სოციალური წრის გავლენის შედეგად, ორიენტირებულია პრობლემების ძიებაზე, პრობლემები არ მოგაკლდებათ. აზროვნების ერთერთი კანონი ცხადყოფს, რომ მსგავსი იზიდავს მსგავს. პესიმისტური აზროვნება კონცენტრირდება საკითხის “გაპრობლემებაზე”; არა გადაწყვეტილების გამონახვაზე, არა. უბრალოდ პრობლემათა კრიტიკული მასის ფორმირებაზე, რომელიც ამართლებს თქვენს უმოქმედობას. თუ პრობლემები მცირერიცხოვანი იქნება, თქვენ არ იქნებით საკმარისად დაცული შინაგანი კრიტიკოსისაგან. ამიტომ გაუცნობიერებლად ხდება უსაშველო რაოდენობის პრობლემების შეთხზვა და გენერირება, რითაც ხერხდება უდანაშაულობის განცდის უზრუნველყოფა, და სხვა მანკიერი თვისებების ადვოკატირება. ნეგატიური აზროვნება არის თავდაცვითი რეაქცია. ამ დროს ადამიანის მოტივაცია მოუგვარებელია, იგი არ ერკვევა საკუთარ მიზნებში, რაობაში, მისიაში, ცხოვრებისეულ მოწოდებაში, მამოძრავებელ იდეებში. მისი სიცოცხლე თვითდინებაზეა მიშვებული. რასაკვირველია, ასეთი ცხოვრების წესი მოითხოვს ძლიერ იდეურ ბაზას, რომელიც მყარდება სწორედ პესიმიზმით, ცხოვრებისეული შესაძლებლობების უარყოფით, და ნეგატიური მომენტების ჰიპერბოლიზაციით. თუ ზარმაცმა ან აპათიაში მყოფმა პიროვნებამ არ მოიშველია ასეთი ყოფაქცევითი მოდელი, ბუნებრივია, მის წინაშე დადგება უფრო მაღალი დონის აზროვნების, ანალიზის, მოქმედების, გრძნობების დაშვების აუცილებლობა. იგი უნდა დაუპირისპირდეს სიმართლეს, რომელიც აცხადებს, რომ პიროვნება უნდა შეიცვალოს, გარისკოს, აიღოს თავის თავზე მეტი და მეტი პასუხისმგებლობა, გამოათავისუფლოს გულის ფიცრის ქვეშ ამომწყვდეული შიშები, გააკეთოს ბევრი რამ ისე, მორალური და ფინანსური საზღაურის გარეშე, თვალი გაუსწოროს საშინელ ტკივილისმომგვრელ საკუთარ არასრულყოფილებას და სხვა.
შიში! აი პირველი მტერი და ენერგიის ქურდი. შიში იმისა, რომ თქვენ არ გეყოფათ ძალა რაიმეს მიაღწიოთ და ასეთივე არასრულყოფილი დარჩებით, უბრალოდ გააშიშვლებთ ხალხის წინაშე თქვენს ხარვეზებს და იქვე უსუსურ წადილს მათი გადალახვის. შიში იმისა, რომ ხალხი დაგცინებთ. საზოგადოებრივი აზრის შიში! ოჰ, რა ძლევამოსილება აქვს მას! მაგრამ თუნდაც მას თავი დააღწიოთ შინაგან სასტიკ კრიტიკოსს რაღას უზამთ? მას როგორ მოათვინიერებთ? ის ხომ ყოველ ნაბიჯზე გყავთ ჩასაფრებული? და ქვას ქვაზე არ ტოვებს თქვენი ყოფაქცევის განადგურებაში. მას იშვიათად მოსწონს თქვენი ელემენტარული მოქმედებაც კი. ის არ დაგინდობთ მაშინაც კი თუ გარედან სხვები ოვაციებს გიძღვნიან. მისი დაკმაყოფილება თითქმის შეუძლებელია. ან რა თავის მოწონებაზეა საუბარი? ის აუღებელი ციხესიმაგრესავით აღმართულა თქვენს სულსა და გულში. აი, ჩემო კარგებო, ვის მიაქვს კიდევ თქვენი ჯადოსნური სასიცოცხლო ენერგია. და თქვენც, ოღონდ მისი უხეში ხმა ჩაახშოთ, ემორჩილებით, თავს უხრით, ნებდებით, და იძახით, რომ არაფერი სიცოცხლეც არ გაქვთ (ეს რა სიცოცხლეა! ეს რა, სიცოცხლეა? ესაა სიცოცხლე? :). და არც არაფერი წარმატებებისათვის არ მიგიღწევიათ. “ცუდი, ცუდი, ცუდი, ცუდი, ცუდი, ძირითადად მხოლოდ ცუდი იყო ჩემს ცხოვრებაში. აბა ჩემი სოცოცხლეც სიცოცხლეა და რომელი ბედნიერი მილიონერის სიცოცხლეც?”. ბუნებრივია, ადამიანი რომელსაც ჰგონია, რომ ცხოვრებაში გაცილებით მეტი ცუდი დღეები ჰქონდა, დამთრგუნველი ემოციების ქვეშ იქნება მოქცეული. ის იქნება ცრუ დეტერმინისტული ფილოსოფიური ამოცანების გადაწყვეტაში. მისთვის მთელი სამყარო იქნება არ მოძრავი პროცესები და დინებები, არამედ სტატიკური “მკვდარი” საგნები. სახლი, ხე, ტილო, კაცი, მანქანა, კატა, ტელეფონი. ის ვერ გრძნობს სასწაულს ამ საგნების არსებობის, ამ საგნების ფერებს, შინაარს, სუნს, მათ დამოკიდებულებას მის პირად ცხოვრებასთან. ასეთი ადამიანისათვის სიცოცხლე იქნება ერთი გაშეშებული, ძლიერი ტკივილისმომგვრელი ნეგატივი. ის ვერ დაინახავს, რა გრანდიოზული მოძრაობის ნაწილაკები ვართ თითოუეული ჩვენთაგანი. მისი ტკივილი არის სულის კივილი დიდი ტყულის შესახებ. ანდა იმის შესახებ, რომ პიროვნება ცდილობს შეაჩეროს, გათელოს, უარყოს სიცოცხლე, რაც არავის, საერთოდ არავის არ ძალუძს ამქვეყნად. სიცოცხლე, რაგინდ მტკივნეული არ უნდა იყოს იგი, ვერ იქნება ცუდი. რადგან შეფასება “ცუდი”, დააკვირდით, არის ეშმაკის საუცხოო იარაღი. და იმ რეაქციებით, რომელსაც ამჟღავნებს პესიმისტური ადამიანი, შეიძლება ამოვიცნოთ ეშმაკის ხელი. უმოქმედობა, სიზარმაცე, ეს მინიატურული სიკვდილი, უსუსურობა, აპათია, დეპრესია, ფობიები, ჰიპერკრიტიციზმი, დათრგუნულობა – ეს ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ ადამიანს აეკრძალა დაინახოს საკუთარი ბედნიერება და წარმატება, რომელიც მას აპრიორი გააჩნია. რა წარმატება?
საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობა, აზროვნების და წერა-კითხვის უნარი. თუ არ თვლით, ჩემო კარგებო, რომ ეს წარმატებაა? თქვენ უმადურობისაგან მოგიწევთ განკურნება. და, აი სწორედ აქ მივედით პირველ ეტაპამდე, საიდანაც შესაძლებელია დაიწყოთ ენერგიის დაბრუნება საკუთარ ცხოვრებაში. მადლიერება!
შოპენჰაუერის აზრით, კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტრაგედიას წარმოადგენს, ფიქრი იმაზე, რაც მას არ აქვს ხელთ, და იმის დავიწყება, რასაც იგი ფლობს ამჟამად. მადლიერება ულამაზესი გრძნობაა, რომელიც შეგიძლიათ გაიჩინოთ. მადლი იმ მადლის წილ, რომელიც მოგეცა ცხოვრებაში, ყოველი მარცვლისათვის, მიზერული ნაწილაკისათვისაც. მადლიერების გრძნობის დამკვიდრებით ცხოვრებაში თქვენ ხდებით საკუთარი ყოფის ბატონ-პატრონი, თქვენ აღარ ხართ მარიონეტი იმ ღირებულებების კარუსელში, რომელიც გაშვებულია ნივთების სამყაროს მიერ – დიდება, ვილა, მანქანები, ესკორტი, საბანკო ანგარიშები, მოგზაურობები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ფეშენებელური ავეჯი, ნოხები, ავზები და სხვა. თქვენ არ აძლევთ უფლებას ნივთებმა და საგნებმა გაგხადონ მათზე დამოკიდებული. თქვენ აცნობიერებთ, რომ რაც გაგაჩნიათ, მატერიალური თუ სულიერი, ეს ნამდვილად არის საგანძური, მშვენიერი საჩუქარი. თქვენ იცით, რომ საკუთარი პიროვნული ძალის მეოხებით მალე უდიდეს დოვლათს შექმნით. ახლა კი ძალიან კარგად აცნობიერებთ, რომ უკვე განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე მოგეცათ მრავალი შანსი და შესაძლებლობა, მრავალი დასტური იმისა, უზენაესი რომ თქვენზე ზრუნავს.
რათა კარგად დაინახოთ, რისთვის უნდა იყოთ მადლიერი  – აწარმოეთ წარმატების რვეული. აქ ჩაწერეთ ყველანაირი უმცირესი თუU უდიდესი წარმატება, რომელიც გადაგხდენიათ იქიდან, საიდანაც თავი გახსოვთ დღეის ჩათვლით. შეეცადეთ ჩაუღრმავდეთ ყოველ წელიწადს და იპოვოთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობის სასიამოვნო და წარმატებული შემთხვევა. მშობლების ქება, სკოლაში მიღებული “ხუთიანი”, აღტაცება ცეკვის რეპეტიციის დროს, ლაშქრობა, პროექტი, სილამაზის აღქმის გაძლიერებული განცდა. მოკლედ, ყველა-ყველა წვრილმანი, წამებიც კი. ცხოვრებაში, ხომ უმნიშვნელო წამები არ არსებობს. არ დაიზაროთ ამის გაკეთება და დროც არ დაზოგოთ. რაც უფრო დაწვრილებით შეასრულებთ ამ დავალებას მით უფრო მიხვდებით რა ბედნიერი, როგორი კურთხეული ადამიანი ყოფილხართ. მთელი ფოკუსი არა უბრალოდ პოზიტიურზე, არამედ სწორ აღქმაზე გადავა. იმაზე, რომ წარსულში თქვენ მოგეცათ ყველაფერი, რაც გჭირდებოდათ. თუ თქვენ ეს ყველაფერი სათანადოდ არ გამოიყენეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა.
სავარჯიშოს მეორე ნაწილი კი ასეთი იქნება. გამოიმუშავეთ ახალი ჩვევა, ვიმეორებ, გამოიმუშავეთ ჩვევა დააფიქსიროთ თქვენი ყოველდღიური წარმატებები. მოისროლეთ სიზარმაცე და ჩაწერეთ განვლილი დღის თითოეული მიღწევა, ყველაზე პატარა და “უმნიშვნელოც” კი. ჩაწერეთ დღის არანაკლებ ხუთი, და სასურველია მეტი წარმატება – ლოცვა, დილის ვარჯიში, კარგად მოყოლილი ანეგდოტი, დროულად აღებული ხელფასი, თვალის ჩაკვრა ლამაზ გოგონას მისამართით და რაც თქვენ მოგწონთ და გნებავთ. იპოვეთ მეტი, მეტი და მეტი ფერები თქვენს სიცოცხლეში. იგი ხომ მართლაც უდიდესი საოცრებაა, განურჩევლად იმისა, იღებთ მას თუU ჯიუტად ვერ ამჩნევთ.

თავი VI
(2009 წლის მოლოცვა)

ხან ისეთი დაღლილი ვარ, ვერც კი წარმომიდგენია, რამ შეიძლება დამძრას ადგილიდან. მინდა ყველაფერი მივაგდო და “ჩვეულებრივი” ადამიანის ცხოვრებას დავუბრუნდე. ჩვეულებრივად ვიზარმაცო, ვიდგე ქუჩაში, ღვინოში ჩავახრჩო ჩემი სევდა, ვაგინო ცხოვრება და ყველანაირი ყოფილი თუ ახლანდელი ხელისუფლება, საერთოდ არაფერი არ ვაკეთო და მხოლოდ დავაკვირდე, დავაკვირდე დავაკვირდე. ამდენი შრომა ზურგს უკან და გაცილებით მეტი – წინ! რა არასახარბიელო პერსპექტივაა, არა?!:) ხან გამიელვებს აზრი, რომ ვაითუ სიკვდილმა ყველაფერი მოასწრაფოს – ამდენი გეგმა, ჩანაფიქრი, დაწყებული საქმე, წარმატებები. ხშირად ცრემლები მომადგება ყელს, ვაწყდები რა ჩემს საქმეს, რომელსაც ესოდენ დიდი ჯაფის შემდეგ კვლავ აკლია დახვეწილობა. რამდენი უძილო ღამეები, სწორი გათვლების წყალობით განხორციელებული მიზნები და ისევ ბრძოლა სხვადასხვა მიმართულებით, გაუგებარ მოწინააღმდეგესთან, შინაგან საბოტაჟთან, “ჩვეულებრივობასთან”.
ხან ისეთი დაღლილი ვარ, მინდა დავუბრუნდე ყოფილ ასე “ტკბილ” და მაცდურ წარუმატებლობას, დავიხიო უკან და დავცინო ყველაფერს, თითქოს ყველაფერი პროფანაცია იყო. ყოველ შემთხვევისათვის ამდენს მაინც არ ვწვალობდი. და ამდენი რისკის ქვეშ არ ვაგდებდი თავს. ვემალებოდი საფრთხეებს და პრობლემებს და მათ თვითონ არ ვეძებდი. ვიყავი მშვიდად და შეუწუხებლად. დღე იწელებოდა და არ მიჰქროდა ტყვიის სიჩქარით, გარშემომყოფთ მიამიტად ვთვლიდი კარგ ადამიანებად, წინ მაქსიმუმ ერთი დღით ვიყურებოდი და ვიყავი ასე სათამაშო მავანთა გადაწყვეტილების ტალღებში.
ხან ისეთი დაღლილი ვარ, ვერანაირი სიმღერა ვერ გამომდის, ხმა მიწყდება და არ მემორჩილება. ეს სულით მცემს (სიმღერა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ცოტა დროში გადავდე, სანამ ჩემს ჯგუფს ან ბენდს შევქმნი). აზრები ჯანყს აწყობენ და გონებაში დათარეშობენ. “რისთვის ეს ყველაფერი? რას გაძლევს ეს თავდაუზოგავი შრომა? ერთბაშად ამდენ ფრონტზე ბრძოლა, ამდენი გადასამუშავებელი ნაკლოვანებები, სტრატეგიები, რომლებიც მუდმივად უნდა დახვეწო და გააუმჯობესო?”
იქნებ ჯობდეს ვიყო ისეთი, როგორც ყველა? არ მინდოდეს ბევრი და ვკმაყოფილდებოდე იმით, რაც მეძლევა. თავი არ გამოვყო ჩემი სამალავიდან და უბრალოდ ვჭამდე, ვსვამდე, ვქეიფობდე, უყურებდე “კურიერს”, “ველურ კატას” (“სანამ დამკლავენ!” – რაღაც საფერმე საქონლის ანალოგია მომდის თავში), არ ვდარდობდე ხვალინდელ დღეზე, არც ვიყო ამ უკიდეგანო ფილოსოფიაში, უფრო ლმობიერი ვიყო სიზარმაცის მიმართ და პრობლემებს ჩემს თავში არ ვეძებდე. გარეთ აგერ რამდენნი არიან, ვისი ბრალიც არის ჩემი პრობლემები! ჩამოთვლაც კი დამღლის. უჰ, საიდან აღარ შეიძლება მოვყვეთ – უცხოპლანეტელები, მასონები, აშშ, რუსეთი, მსოფლიო საფინანსო კრიზისი, ჩვენი პრეზიდენტი, მშობლები,  ანტიეროვნული პრივატიზაცია, საზიზღარი ხალხის სიმრავლე, არასახელმწიფოებრივი ცნობიერება, ქართული ნაციონალური სენი – კორუფცია და რა აღარ!
ხო, ჩემო ძვირფასო მსმენელო, ასეთი რაღაცეებიც ხანდახან მჭირს. და ჩემს აზროვნებაში უტიფრად შინაგანი “დივერსანტი” ერევა. სარგებლობს დაღლილობით, ფიზიკური უმოძრაობით, ემოციური გადატვირთვით, “გაჭედილი” საქმეებით.
თუმც, რაც მეამაყება  არის ის, რომ დაღლილობა მთავრდება, ემოციები მშვიდდება და მყოფნის ძალა და სიმამაცე ყოველ დღე თავიდან ვიბრძოლო უკეთესობისათვის უფრო თავისუფალი პიროვნების დასამკვიდრებლად.
მე მაქვს ოცნება, რომ ერთ დღეს ჩემს გეგმებს ავასრულებ. ამასთანავე დავეხმარები ჩემი საზოგადოების, ქვეყნის სხვადასხვა ადამიანებს თავიანთი თავის რეალიზებაში, ხოლო ამისათვის განკარგულებაში მექნება მრავალი მატერიალური და სულიერი რესურსი. ეს ოცნება იმდენად ძლიერია და შთამბეჭდავი, რომ ვიცი – ჩემი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. ვინმემ რომ იცოდეს რა შრომის ფასად ჯდება ეს ყველაფერი და რა დიდი სიამოვნებაა საკუთარი თავის პოვნა, თუნდაც დროის მცირე ხანს?
ახლა კი, ცოტა დაგასვენებთ სტატიების პრესისგან და ერთობ შევცვლი თემატიკას. ჩვენგან მარადისობაში მიმავალ 2008 წელს შეიძლება აღარ მომეცეს შესაძლებლობა მივუმატო ამ ციკლს კიდევ რამდენიმე სტრიქონი. ამიტომ აქვე მიიღეთ ჩემი მოლოცვები.
მინდა გითხრათ, რომ თქვენი გულშემატკივარი ვარ: თქვენი წარმატებების, მიღწევების – წარუმატებლობებზე კი გული მწყდება. მაგრამ არც ის გამიკვირდება თუ თქვენგან ოდესმე მოვისმენ მრავლისმთქმელ რეკომენდაციებს და მითითებებს.
ჩემო ძვირფასო მკითხველებო, გილოცავთ დამდეგ 2009 წელს. მინდა გისურვოთ, რომ განვლოთ იგი, როგორც სრულფასოვანმა პატრონებმა თქვენი ყოფისა. იყოთ არქიტექტორები, დიზაინერები, მშენებლები თქვენი წარმატებების. გიხაროდეთ ყოველი წუთი და დღე, რასაც იცოცხლებთ. მინდა, რომ იყოთ მკვლევარები სიცოცხლის და არა საკვლევი ობიექტები, იბრძოდეთ და თხემით ტერფამდე გწამდეთ, რომ “ის მაინც ბრუნავს”. იცოდეთ და გწამდეთ, რომ ღმერთს ადამიანი დამარცხებისათვის არ შეუქმნია და იმასთან შედარებით, ვინც შეგიძლიათ გახდეთ, ემბრიონულ მდგომარეობაში იმყოფებით.
მინდა, რომ 2009 წელმა მოგიტანოთ დიდი-დიდი სიცოცხლისუნარიანობა. მინდა იცოდეთ, რომ პირადად თქვენს ამქვეყნად მოვლინებაში რაღაც ძალიან ღრმა აზრია ჩადებული და მისი შეუსრულებლობით დიდ ცოდვას სჩადით. მინდა იცოდეთ, რომ რასაც უფრო მეტ შრომას დახარჯავთ, მით უფრო დიდი შესაძლებლობები, ენერგია მოგეცემათ, გაგეღებათ კარები მენტალური და ფიზიკური.
გისურვებთ, რომ 2009 წელს ამოხსნათ პირადული შებოჭილობების ძირითადი საიდუმლოებანი და მიიღოთ გადაწყვეტილება არასოდეს, არასოდეს არასოდეს არ  დაუბრუნდეთ დაცემულობის, თვით-განადუგურების სულიერ მდგომარეობას. გაიაზრეთ, რამდენი ადამიანი შეიძლება გააბედნიეროთ თქვენი თავდაჯერებულობით, შინაგანი მუხტით, ძლიერებით და რამდენიმე უძვირფასესი ადამიანი დაამწუხროთ უგუნებობით, დეპრესიით.
ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, ყველა პასუხი თქვენშია და მინდა გისურვოთ, ჰპოვოთ ეს პასუხები. ჰპოვოთ ბედნიერება,  ჰპოვოთ ადამიანები, რომლებიც აქცევენ თქვენ ცხოვრებას სიმფონიად სიხარულის, სილამაზის, მშვენიერების, სილაღის.
აგრეთვე გისურვებთ გადააქციოთ თქვენი ყოფა სამოთხედ. არ დაიდარდოთ თუ რამე ამ სურვილებიდან არ ახდა. იცოდეთ და გწამდეთ, რომ მთავარი ცხოვრებაში მცდელობა, ღწვა და მისწრაფებაა. ეს აძლევს სიცოცხლეს აზრს. მხოლოდ ასე შეგიძლიათ თქვათ 2009 წლის დეკემბერს, რომ გაიარეთ ლამაზი და დაუვიწყარი წელიწადი.
დაე იყოს ასე!
 

თავი VII

თქვენ გახდით მოგზაური, მგზავრი. მიატოვეთ მამული და შეიქმენით  მომთაბარე, ნომადი. არ არსებობს ძალა, რომელსაც ძალუძს თქვენი შეყოვნება. ადგილიდან ადგილზე, სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან მეგაპოლისში თქვენ მიდიხართ. ახალი სახლები, ადამიანები, წესები, კერები, დიდებული აღიარება. თქვენში ჯერჯერობით მხოლოდ აჯანყებული მებრძოლია. გადაწყვეტილების მიღება თავიდან ადვილი იყო და ამ სიადვილით საკმაო მანძილი განვლეთ. თუმც პირველსავე სოფელთან მიხვდით, რომ რაღაც ვერ არის საქმე ისე კარგად, როგორც გეგონათ. რაღაც არ გამოგდით, რაღაც მუდმივად გიფუჭდებათ, ჩანაფიქრები გეშლებათ, ადამიანებს სხვანაირად ესმის თქვენი ნათქვამი და იგი ირიბად მიდის. თქვენი სიკეთე განიმარტება, როგორც ეგოცენტრიზმის გამოვლინება, სიხარული, როგორც ინფანტილიზმი. ადამიანები ამბობენ, რომ თქვენ უცნაური ენით საუბრობთ. ზურგს უკან არც თუ სახარბიელო ზედმეტსახელებით გნათლავენ, გაჯავრებენ და მტიკვნეული პაროდირების საგანი ხდებით. თქვენ ვერ იგებთ ამ დიდი გარე საბოტაჟის მიზეზს. რა სჭირს სამყაროს? რა გჭირთ თქვენ? რაშია სათავე ამ უბედურებების? თქვენ ხომ სულ სხვა რამეს მოელოდით ამ მოგზაურობის დასაწყისში, სხვა სივრცეებს, სხვა გამარჯვებებს, სხვა მასშტაბებს და სხვა ფრენას. თქვენ გეგონათ, რომ გაუგებდით ყველას და ყველაფერს. თქვენ გეგონათ, რომ მოაწონებდით თავს ყველას და ყველანაირს. და რას ხედავთ? ანგარიშგაუწეველი, საცოდავი და ნაძირალაც კი თქვენთან ქედმაღლობას თამაშობს, ჭკვას გასწავლით და თითქოს ცა გექცევათ თავზე. რა მოხდა? სად უშვებთ შეცდომას?
ერთობ საინტერესო ვითარებაში აღმოჩნდით, ჩემო ძვირფასებო. პირველი რასაც გირჩევდით, ეცადეთ თქვენ თვითონ დამოუკიდებლად გაერკვეთ მიმდინარე გაუგებრობებში. მხოლოდ ამის შემდეგ მოუბრუნდით ჩემს რეკომენდაციებს და გაითვალისწინეთ ისინი. აპრიორი, თქვენი შეგიძლიათ გადალახოთ ნებისმიერი ბარიერი, ამოხსნათ ნებისმიერი ამოცანა, დაეუფლოთ ნებისმიერ უნარ-ჩვევას. საქმე ეხება მხოლოდ დროს, ენერგიას, ემოციურ და სულიერ სიღრმეს, მოთმინებას და წადილის ძალას. რჩევები, კონსულტაციები, მასწავლებლები და ა. შ. გვესაჭიროება ცხოვრებისეული გზის გასამარტივებლად, “ეკონომიურობისათვის”, ჩვენი სასიცოცხლო მარგი ქმედების კოეფიციენტის გასაუმჯობესებლად. აბა, როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც თავს იმტვრევს შიდა წვის ძრავის საიდუმლოს აღმოსაჩენად, მაშინ როდესაც კაცობრიობამ ლამის უკვე რეაქტიული ძრავები მოიბეზრა?
მოდით წინა აბზაცებში დაწყებულ დელიკატურ გარემოებებს მივყვეთ კვალდაკვალ. ალბათ, ყველას გსმენიათ სიტყვა “კომუნიკაცია”? ქართული “ურთიერთობა” (ან, გნებავთ ურთიერთქმედება), მგონი, იმდენად კარგად ვერ გამოხატავს “კომუნიკაციის” რაობას. ფაქტიურად, თანამედროვე ქართულ ენაში ანალოგი დატვირთვის, რომელიც მოდის ამ სიტყვაზე  ინგლისურ და სხვა უცხო ენებში, არ არის. ამიტომ მოხდა ამ სიტყვის პირდაპირი დასესხება ინგლისურიდან, ისევე როგორც კომუნიკაციური პროცესისათვის დამახასიათებელი ტერმინებისა: “მესიჯი” (გზავნილი), ქონთენთი (კომუნიკაციის შემადგენლობა).
თანამედროვე ამერიკელი მოტივატორი-ტრენერი ტონი რობინსი ამბობს: “…ჩვენი ცხოვრების ხარისხი ჩვენი კომუნიკაციის ხარისხია.” ამით ის ხასგასმით აღნიშნავს იმ უდიდეს როლს, რომელსაც თამაშობს და თამაშობდა კომუნიკაცია ადამიანის ცხოვრებაში. შეიძლება გავიდეს დღე, თვეები, წლებიც კი და პიროვნება არც დაფიქრდეს თუ როგორი კომუნიკატორია იგი სინამდვილეში. რამდენად აწყობილი ურთიერთობები აქვს მას საზოგადოებასთან, გარე სამყაროსთან, ბუნებასთან, მოვლენებთან? როგორი ურთიერთობები აქვს საკუთარ თავთან? რა კომუნიკაციური სტრატეგიები გააჩნია სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში? რანაირად მართავს იგი მოვლენებს? როგორ იღებს სამყაროდან იმას, რაც სურს და რისკენაც მიისწრაფვის? როგორ ახერხებს საკუთარი მისიის, მიზნების, სულიერი მოწოდების გახმოვანებას, აღმოთქმას? როგორ იღებს და განმარტავს გარესამყაროს მესიჯებს? როგორ და რამდენად სწორად აგზავნის საკუთარ გზავნილებს, რამდენად აღქმადია მის მიერ გადაცემული ინფორმაცია?
დასაბამიდან დღემდე კომუნიკაცია წარმოადგენს იმ უბრალო ცოდნას, რომლის დაუფლებაც და პრაქტიკული შესწავლა სასიცოცხლო საგანს წარმოადგენს. მის გარეშე წარმოუდგენელია არა მხოლოდ წარმატებული დასაქმება, მეგობრობა და ოჯახის შექმნა, მის გარეშე ძნელი წარმოსადგენია ბედნიერება და განცდა იმისა, რომ ცოცხალი ხარ. ჩვილი ბავშვი ტირილით და ყვირილის საშუალებით აცნობებს დედას, რომ მშიერია, ისევე როგორც უფრო ადრე, მუცლადყოფნის დროს, იმპულსური მოძრაობებით – რომ არსებობს და კმაყოფილია. პრაქტიკულად ნებისმიერი ჩვენი მოქმედება არის კომუნიკაცია, ან საკუთარ თავთან ან სამყაროსთან. ჩვენ მუდმივად ურთიერთვქმედებთ. მარტო ჩვენს ორგანიზმში წამში მიმდინარეობს ათასობით პროცესი (მეტაბოლიზმი, სისხლის მიმოქცევა, ნეირონების წარმოქმნა, ჰორმონალური სისტემის ფუნქციონირება, ნერვული რეაქციები და სხვა), რომელთა წარმართვა გარესამყაროდან მიღებული საპასუხო სიგნალების შედეგებზეა დამოკიდებული.
ჩვენ ვმართავთ კომუნიკაციას და წარმატებული კომუნიკაცია გვმართავს ჩვენ, მოაქვს რა პოზიტიური განცდები, სიხარული და სასიამოვნო აღელვება. კომუნიკაცია გვაძლევს ადამიანებთან და მთლიან სამყაროსთან შეკრულობის აღტაცებულ გრძნობას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია პიროვნული დაკმაყოფილებისათვის. თუ რაღაც გამოდის და გამოგვდის კარგად, ეს ისევ და ისევ არა მხოლოდ შრომის წყალობით, არამედ იმის, რომ ჩვენ შევძელით შესაბამის საზოგადოებამდე ან საკუთარი ცნობიერების ნაწილამდე ნამოღვაწარის მიტანა, მისი მნიშვნელოვნობის დემონსტრაცია, ჩვენი გზავნილის ფორმირება, “შეფუთვა”, როგორც იტყვიან დღეს.
თქვენს ადგილზე, მე გამიჩნდებოდა კითხვა; “თუ კომუნიკაცია ბავშვსაც შეუძლია და ასეთი თანდაყოლილი ფენომენია, მაშ რა შესწავლა-ღა გვესაჭიროება?”. გეთანხმებით, თითქმის ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია სასიგნალო სისტემები, ადამიანს კი – გაცილებით უფრო დახვეწილი; საკმარისია გავიხსენოთ პანტომიმა, მორზეს ანბანი, ცეკვები, სამეტყველო ენა, ჩრდილების თეატრი, ჰიპნოზი და სხვა. როგორც ყველაფერი რასაც ვსწავლობთ, კომუნიკაცია შეიძლება იყოს ცუდი, კარგი და საუცხოო.
კომუნიკაცია თქვენი საზოგადოებრივი აღიარების დასაწყისია, ამიტომ ჩათვალეთ, რომ თუკი რაღაც არ ან ვერ გამოგდით ეს თქვენი კომუნიკაციური უნარ-ჩვევების სრულყოფის აუცილებლობის ნიშანია. მაგალითად, შეიძლება გავიწყდებათ, რომ ამ სამყაროში მარტო თქვენ არ ცხოვრობთ, ან პირიქით, გავიწყებდათ, რომ თქვენც ხართ ამ სამყაროს და ღმრთის შვილი. შესაძლოა, არ გყოფნით სითამამე წარმოჩნდეთ და ჩამოაყალიბოთ აზრი და ბოლოს და ბოლოს იგი რაღაც უგვანო იდეაში ამოყოფს თავს. შესაძლოა, გძაბავთ ვიღაცის ფიზიონომია და ამას დაუფარავად გამოხატავთ შიშის ან სიძულვილის სახით. შესაძლოა, გსურთ გააკეთოთ რაღაც სასიამოვნო თქვენს წინაშე მდგომი ადამიანისათვის და ეს იმდენად მოხდენილად არ გამოგდით, როგორც ფილმებში გინახავთ, ხოლო ნაყოფი თქვენი სიკეთის არ გეჩვენებათ ტკბილად. შესაძლოა, თქვენს ხმას აკლია სიღრმე, რომელიც იმ წუთში ესაჭიროება ვითარებას, და ემოციურობა, რომელიც ასე ამშვენებს ჩვენს ყოფას. შესაძლოა, გადამწყვეტ მომენტში, თქვენი გზავნილი კარგავს სიმტკიცეს და ადექვატურობას, თქვენი მიმიკა ხდება რეზინისებრი და სხეული გვერდიდან საკმაოდ სასაცილო სანახაობას წარმოადგენს. შესაძლოა, თქვენს ჟესტიკულაციას აკლია უშუალობა, თვალები დარბიან, როგორც ორბიტას მოწყვეტილი თანამგზავრები, წინადადებები ითხოვენ მეტ გააზრებულობას, ხოლო მოქმედებები – სილაღეს. (როგორც გვეუბნება ერთი ამბობენ: “იფიქრე, როგორც მოქმედების ადამიანმა და იმოქმედე ისე, როგორც დაფიქრებულ ადამიანს სჩვევია”). შესაძლოა საუბრის დროს არც შეგიმჩნევიათ და იღებთ ნაკლებადესთეტიკურ პოზას, მიმართავთ გაუცნობიერებელ მოძრაობებს, ეჭრებით მოსაუბრეს/ეებს “მახვილგონივრული’ რეპლიკებით, იცმევთ რაღაც უცნაური ფერების, შეხამების და ფორმების ტანისამოსს, ისხამთ იატაკქვეშ დამზადებულ მტრისათვის განკუთვნილ სუნამოების დიდ დოზებს და ასხმული გაქვთ ოქროს აქსესუარებების კილოგრამები, იყენებთ წიგნებიდან ან ილიას დროინდელი გაზეთებიდან ამოკითხულ, უკვე დრომოჭმულ ფრაზეოლოგიას, რის გამოც თქვენი კომუნიკაციური პარტნიორები მალე მთქნარებას იწყებენ ან თქვენთან ურთიერთობის ყოველგვარ ინტერესს კარგავენ.
არის კიდევ მრავალი და მრავალი ნიშანდობლივი გარემობა, თუმც თუ რომელიმე ზემოჩამოთვლილიდან გეცნოთ, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დაიწყოთ მუშაობა თქვენს კომუნიკაციაზე. იფიქრეთ და ვერბალურად მოახდინეთ ფორმულირება იმისა, როგორ და რა სახით, რა დამოკიდებულებით გინდათ იურთიერთოთ გარესამყაროსთან? რა პიროვნული იმიჯის ფორმირება გსურთ? ჩამოაყალიბეთ იგი სიტყვიერად. ნუ დაერიდებით ეპითეტებებს და ჰიპერბოლებს. (წარმოსახვა ხომ ადამიანის ყველაზე დიდი იარაღია). რა რეაქციებს და ასოციაციებს გინდათ იწვევდეთ ხალხში? რა მესიჯი გინდათ გაუშვათ საზოგადოებაში და რა გაუცნობიერებელი ინფორმაცია მიაწოდოთ ადამიანებს? რა იდეები? რა გინდა რომ მათ თქვენზე იფიქრონ? როგორ გინდათ, რომ ადამიანები გიღებდნენ და აღგიქვამდნენ? … თქვენ კი თქვენის მხრივ როგორი უნდა იყო საამისოდ? სახით, ჩაცმულობით, სხეულით, ენით, ხმით, მოძრაობებით, მზერით, აზრებით? რა გიშლით ხელს, რომ მიაღწიოთ თქვენ მიერ დადგენილი იმიჯის მდგომარეობას? და იფიქრეთ, კიდევ, როგორია თქვენი მისალმება. მართალია, ეს უკვე მეორე საფეხურია ჩვენი კომუნიკაციის (კომუნიკაცია დანახვის შემდეგ), მაგრამ ყველაზე იდუმალი. იფიქრეთ, რამდენნაირი ინტონაციით შეგწევთ უნარი თქვათ: “გამარჯობა”! ან “მე შენ მიყვარხარ!”
და ბოლოს.. მიპასუხეთ; როდის აპირებთ დაიწყოთ ეს ცვლილებები:|)?

თავი VIII

“რა ტანი აქვს! რა ტანი!” – გაიგონებთ ვიღაცის დაუფარავი აღფრთოვანების ფრაზას.
“კი! ეჰ! მართლა კარგი ტანი აქვს…” – დაეთანხმებით თქვენ, ხან დროს სევდამორეული, თუკი არ მოგწონთ თქვენი სხეულის მდგომარეობა.
რა აღარ დაწერილა ადამიანის სხეულზე, რამდენი დითირამბები არ ყოფილა ძველი ეგვიპტური კულტურიდან დაწყებული, აღორძინებით, ბიოენერგეტიკით თანამედროვე კულტურიზმის და ფითნესის ჩათვლით. ყველა მიმდინარეობა კი თანხმდება ერთ რამეზე – ჯანმრთელი ადამიანისათვის სხეული მისი სავიზიტო ბარათია. სხეული არ არის არც ცოდვის და არც პრობლემების ბუდე, როგორც ქადაგებდა თავის დროზე ინკვიზიცია. ვფიქრობ, პირიქით, თავად ამდაგვარი აზრი არის მეტად ცოდვისმომგვრელი. განა შეიძლება რაიმე ბედნიერებაზე საუბარი თუ ადამიანი არ არის ჯანმრთელი, აწუხებს შეუჩერებელი ტკივილები და სხეულისაგან მხოლოდ მტანჯველი ემოციები გააჩნია?
ჩვენთვის, უბრალო მოკვდავებისათვის, სხეულიდან მოდის ყოფიერების განცდა და სხეული გვანიჭებს მრავალ სასიამოვნო შეგრძნებას. სხეულის საშუალებით ადამიანი ახორციელებს თავისი ჩანაფიქრებს და მოქმედებს. სხეული გვაძლევს ჩვენი რაობის განცდას, დაკმაყოფილებას, გრძნობებს – რაც პალიტრაა ჩვენი სიცოცხლის. საკუთარ სხეულთან უკმაყოფილებას, დაპირისპირებას და ომს, მის დაუფასებლობას მოსდევს ჯანმრთელობის გაუარესება, ავადმყოფობები. სხეულში გიზგიზებს სულის კერა, და სხეულის გული – გული წარმოადგენს უნიკალურ ორგანოს, რომელიც არა მხოლოდ ტუმბავს სისხლს მთლიან ორგანიზმში, არამედ უპირველესყოვლისა არის ირეალურთან კავშირის ცენტრი და ატარებს ადამიანური ყოფის მოკლე და გრეძლვადიან ემოციურ მეხსიერებას.
სათუთი კავშირი ფსიქიურ პროცესებსა და სხეულს შორის ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყო ცნობილი. იმას, რომ აქ კარგად გამოიხატება ზიარი ჭურჭლების პრინციპი ოდითგანვე იყენებდნენ ბრძენკაცები და ამ მეთოდებს წარმატებით ნერგავდნენ ხალხური თუ ორთოდოქსალური მედიცინის პრაქტიკებში. აბა დააკვირდით, თუ ხართ მჭმუნვარებაში, სასოწარკვეთილებაში, უიმედოდ იკავებთ ერთ გარკვეულ პოზას, რომელიც ხასიათდება სტატიკით, ნერვული პროცესების შენელებით, აღქმის დაქვეითებით, ე. წ. დოუნთაიმის მდგომარეობით. თქვენი სხეული ბუნებრივად გამოხატავს თქვენს სულიერ განცდებს.
საკმარისია, თავს ძალა დაატანოთ და რაღაც სრულიად საპირისპირო გააკეთოთ – დაიწყოთ მკვეთრი სპორტული მოძრაობები, სირბილი, საცეკვაო ილეთები, იხტუნაოთ, სწრაფად აირბინოთ კიბის საფეხურებზე, მოიხსნათ ნერვული სპაზმები და ენერგიის ბლოკირება სხეულის სხვადასხვა არეებში, – თქვენი სულიერი მდგომარეობა ერთბაშად შეიცვლება. ბუნებრივია, აზრი, რომელიც გაწუხებთ, არსად არ წავა, მაგრამ მას უკვე საქმე ექნება არა თქვენს სხეულთან, არამედ თქვენს გონებასთან. როგორც იძახდა ერთი სახელგანთქმული ათლეტი; “როდესაც საუბარია მარცხზე, პირველი ეცემა სული, და შემდეგ უკვე – სხეული.”
ზემოთქმული ცხადყოფს, რომ  საკუთარ ფსიქოლოგიაზე ზემოქმედება შესაძლებელია პირველ რიგში სხეულზე ზემოქმედებით. როცა წეხართ, წამომჯდარი ხართ, ან იმყოფებით ინერტულ და მოშვებულ მდგომარეობაში თქვენ უფრო მოწყვლადი ხართ სხვადასხვა მავნე იდეისათვის, რომელიც შეიძლება შეისრუტოთ ტელევიზორიდან, ვიღაცის მონაყოლიდან და სხვა. როდესაც თქვენი ენერგეტიკა გადმოსჩქეფს თქვენი თვალებიდან, ხმიდან, ელექტრიზებული ჟესტიკულაციიდან თქვენთან დაპირისპირებას და თქვენს კოდირებას ბევრი ვერ გაბედავს.
დადექით სარკის წინ და შეხედეთ თქვენს თავს. თუმცა მანამდე ჯერ უბრალოდ გაიაზრეთ ის იმიჯი, რომელიც წარმოდგენილი გაქვთ წარმოსახვაში თქვენს შესახებ. თქვით “მე” და გაიხსენეთ ვინ არის იგი. შეადარეთ ის, ვისაც ეძახით “მე”-ს და ის, ვინც სარკიდან გიყურებთ. რა განსხვავებებს ამჩნევთ? რომელია უკეთესი და რომელი უარესი? იცოდეთ, რომ თქვენ ვერ იქნებით იმაზე კარგი, ვიდრე საკუთარი თავი წარმოგიდგენიათ. სიყვარული საკუთარი თავის მიმართ, რომელსაც უმღერენ სელფ-ჰელფის და სელფ-მენეჯმენტის მიმართულების ყველა მწერალი და მიმდევარი, არის სიყვარული, პირველ რიგში, სხეულის მიმართ, სიყვარული თხემით ტერფამდე, ყველაზე “მახინჯი” და შეუხედავი ადგილის მიმართ, რაც ფიქრობთ, რომ გაქვთ თქვენს სხეულში. ადამიანებს შეცდომით ჰგონიათ, რომ გარშემომყოფნი გვაფასებენ იმით თუ როგორ შევნიღბავთ და არ დავანახებთ ჩვენს ნაკლოვანებებს, ფიზიკურს თუ სულიერს.
არა, გარშემომყოფთ ჩვენთვის უთუოდ არ სცხელათ, დამიჯერეთ, მათ საკუთარი ნაკლოვანებები ახრჩობენ და ძირს სცემენ. მაგრამ, მერწმუნეთ, მათ აღაფრთოვანებთ თუU ისინი დაინახავენ როგორ მსუბუქად მოეკიდებით იმას, რომ შეიძლება არ ხართ ბრიუს უილისი, არ დაგაბედათ გამჩენმა სინდი კროუფორდის ფეხები და ხალი. საზოგადოება გვაფასებს იმის მიხედვით, რამდენად შეგვწევს ძალა მივიღოთ საკუთარი თავი და საკუთარი რეალობა.  ადამიანისათვის კი ყველაზე დიდი რეალობა მისი სხეულია. სასწაული, სასწაული, უფლის ძალის სასწაული გამოვლინება, რომელიც შობს ახალ სიცოცხლეს და შესწევს უნარი აქციოს მრავალთა სიცოცხლე აყვავებულ ბაღად სწორი სიტყვით, ყოფაქცევით, მიზანმიმართულობით და, რაც მთავარია, დისციპლინით.
სხვისი სხეულის ნატვრა არაფრისმომცემი საქმიანობაა და წყლის ნაყვა. გონიერი კაცი შეეცდება საკუთარი ტანი აქციოს მართლაც სიცოცხლის ტაძრად. გაუფრთხილდეს, ხელი შეუწყოს, შეისწავლოს და აღზარდოს. ჯობია გამოიმუშაო უფრო რაციონალური მიდგომა, ვიდრე მიილტვოდე უაზრო და განუხორციელებელ ფანტაზიორობისაკენ და ოხვრით იძახდე, რომ ასეთი სხეულის მიღწევა წარმოუდგენელია, ხოლო ყველა კინოვარსკვლავი პლასტიკური ქირურგის ხელით არის აწყობილი. გირჩევდით გადახედოთ კვების, სუნთქვის, წყლის მიღების და ძილის ჩვევებს.
კვება წარმოადგენს საიდუმლოს, რომელიც ზღვარს ავლებს ადამიანსა და ნადირს შორის. დამოკიდებულება მისაღები საკვების მიმართ, რიტუალი, ლოცვა კვების წინ განაწყობს ორგანიზმს საკვები ნივთიერების უფრო მაღალი ათვისებისაკენ. ყველას გსმენიათ, რომ მნიშვნელობა გააჩნია არა საკვების რაოდენობას, არამედ მისი ათვისების დონეს. ამავე დროს გარკვეული საჭმელი ან საჭმელების კომბინაცია, განურჩევლად მათი საგემოვნო თვისებებისა უბრალოდ ერთიათად აქვეითებს თქვენს ენერგეტიკას, ამუხრუჭებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას (ღორის ხორცი და სხვა). საკვების მიღების ნირით შეიძლებათ ამოვიცნოთ ადამიანი, მისი შინაგანი სამყარო, ხორციელი დრტვინვა.
ეცადეთ ფრთხილად მოეკიდოთ ყოველგვარ დიეტებს, არ დაიწყოთ ექსპერიმენტირება შიმშილობასთან და ა. შ. საწყის ეტაპზე საკმარისი იქნება უბრალოდ ისწავლოთ პაუზის დაჭერა და სიმშვიდის ორ-სამწუთიანი ინტერვალის შენარჩუნება საკვების მიღებამდე. გაიაზრეთ რამდენ ადამიანს უშრომია, რომ ამ პროდუქტს თქვენამდე ასეთი სახით მოეღწია. რა დიდი ძალა გმფარველობთ, რომ მოგეცეთ ეგზომ დახვეწილი პური არსობისა. გააცნობიერეთ, რომ ეს სხეულები თქვენი სასიცოცხლო ენერგიის წყაროდ, თქვენსავე უჯრედებად იქცევა მალე – ანუ თქვენად გახდება. საკვების მიღება, მართლაც, იდუმალებაა და მისი ერთნაირად გადასანსვლა არაფერ კარგზე არ მეტყველებს და არც იმდენი კარგი არაფერი მოაქვს.
სხეულის თითოუელი უჯრედით შესწირეთ მადლობა ღმერთს ამ შესანიშნავი საჭმლისათვის. მოერიდეთ არაორგანულ შაქარს, ზედმეტ მარილს, გაუგებარი წარმოშობის ნახევარფაბრიკატებს, ისინი ადვილად შეიძლება გახდეს თქვენში დეპრესიის ან ფსიქოლოგიური სტრესის ჩამრთველები. მეტი ბუნებრივი პროდუქტი, მეტი ვიტამინი გულისხმობს უფრო მაღალ ზრუნვას საკუთარ ჯანმრთელობაზე. კვებითი ჩვევების აღზრდით და ოპტიპიმიზაციით თქვენ შეგიძლიათ საკუთარი პიროვნების და სულიერების დისციპლინირება (ქრისტიანობაში ასეთად გვევლინება მარხვა, იოგაში კი – სამკურნალო შიმშილობა). სწორი კვება არა მხოლოდ აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის და შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, არეგულირებს ორგანიზმში დანალექი ცხიმების, ხოლო სისხლძარღვებში – ქოლესტერინის მოცულობას.
სწორი კვება ზემოთქმული პროცესებიდან გამომდინარე აგრეთვე არეგულირებს თქვენს ფიზიკურ იერსახეს. ადამიანს, რომელმაც იცის და მისდევს საკვების მიღების სწორ პრინციპებს, აქვს უკეთესი ფიგურა, უფრო კარგად გამოიყურება, აქვს მშვიდი და გაწონასწორებული გამომეტყველება, თავდაჯერებულობა.
შიმშილის გრძნობასთან დიალოგი კი გაჩვენებთ თქვენს ხასიათს, აყალიბებს თქვენში შეურიგებელ მებრძოლს და ამსხვრევს კიდევ ერთ უცნაურ და ცოტა არ იყოს მავნე ჩვევას, თითქმის აკრძალვად ქცეულ, ბავშვობაში ჩაბეჭდილ ცრურწმენას – “რათა თავი კარგად იგრძნო მეტი უნდა ჭამო”. ეს იდეა იმდენად მონდომებით არის ამოტვიფრული ხალხის ცნობიერებაში, რომ საკვების მიღება ნერვიულობის დროს ლამის პანაცეად იქცა. საკმარისია უბრალოდ განერვიულდეს და ადამიანი მსუნაგად ეცემა საჭმელს.  ან, გნებავთ, თუ უხარია – მომენტალურად იწყებს ჭამას. გახდა ექვსი საათი და განურჩევლად იმისა გშია თუ არა – მიდიხარ და ჭამ. ეს არის ყველაზე მცდარი აზრი და მისი აღმოფხვრა წარმატებული ადამიანის საწყისი საფეხური უნდა იყოს. იფიქრეთ რა გიბიძგებთ ჭამისაკენ, აზრი თუ სურვილი? პატივი ეცით შიმშილის ინსტინქტსა და მოთხოვნილებას, ნუ გაანადგურებთ მას იდეებით, როგორც ერთ დროს გაახერხეს ეს თქვენზე მზრუნველებმა. თუ არ გშიათ, ესე იგი ორგანიზმს ჯერ საკვები არ ესაჭიროება და საკუთარ ენერგეტიკულ რეზერვებს იყენებს. ნუ შეჭამთ “ხათრით” ან თხოვნით, ეს დიდი სისულელეა, მოყოლებული იმ დროიდან, როცა ამ პროგრამას თქვენზე ახორციელებდნენ. ორგანიზმმა გარშემომყოფებზე უფრო უკეთ იცის, როდის გჭირდებათ “გარედან შველა” და როდის დასვენება, მონელება და მსუბუქი კუჭ-ნაწლავი. არ მგონია სიმსუბუქე ორგანიზმში მოსაბეზრებელი ყოფილიყოს.
გავაგრძელოთ ეს თემა და გეტყვით – არ დაიზაროთ და ამ დღეებშივე მიმართეთ სპორტულ დარბაზებს. “რატომ დარბაზებს და არა სახლში?” – მკითხავთ თქვენ. – “სახლშიც კარგად ვვარჯიშობ.” არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. თუმც სპორტულ სექციას, დარბაზს აქვს რიგი უპირატესობების;
•             გამოცდილი სპეციალისტი, მწვრთნელი, რომელიც მოგაწვდით ზუსტ მითითებებს. მისი ავტორიტეტულობა და მიღწევები დაგეხმარებათ უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდოთ თქვენი სხეულის ხელახალი ფორმირების პროცესებს და არ ივარჯიშოთ, როგორც დარბაზებში ბოლთის-მცემელები იტყვიან “ჩემთვის ვვარჯიშობ!”.
•             კომუნიკაცია. აქ შეხვდებით თქვენს მსგავსს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საკმარისი ნებისყობა და მოტივაცია დრო დაუთმონ საკუთარი სხეულის გასრულყოფილებას. მათთან ურთირთობაში თავს იჩენს ცოტა კონკურენცია, გამოწვევა, თანამოაზრეობა, საკუთარი მიგნებების გაცვლა-გამოცვლა, მეგობრობა. კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და საკუთარი სოციალური ქსელის განვითარებისათვის სპორტული  წრეების ნაცნობები საუკეთესოები არიან. დამიჯერეთ აქ მრავალი, მართლაც, ჯანსაღი ადამიანის მონახვას შეძლებთ.
•             დისციპლინა. დარბაზში სიარული მიგაჩვევთ დისციპლინას, რომელიც ნებისმიერ საქმის წარმატებისათვის ესოდენ აუცილებელია.
 
 

თავი IX

ქალი და მამაკაცი, დედა და მამა, ინტუიცია და ანალიზი…
ღმერთო, რამდენი რამაა ამ ქვეყანაზე შეუცნობელი, მაგრამ არაფერია იმაზე იდუმალი, ვიდრე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა. რამდენი რამე ითქვა პირველი ადამიანიდან დღემდე და რამდენი კიდევ შეიქმნება! ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ბიპოლარული სამყაროს მოსახლენი და ეს არის ჩვენი ბედისწერა. რამდენი შეპირისპირების მოწმე ვართ.
ქალი – მამაკაცი, შავი – თეთრი, ყინული – ცეცხლი, რბილი – მყარი, ჩრდილოეთი – სამხრეთი, მინუსი – პლიუსი, ღამე – დღე, სიკვდილი – სიცოცხლე, მთვარე – მზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ წინა თავებში სიცოცხლე ბრძოლაა ურწმუნოებასთან – გონებასა და სულში უფრო ეფექტური რწმენითი კონსტრუქტების დაგეგმვის და დანერგვის პერმანენტული პროცესები. აგრეთვე სიცოცხლე არის სქესობრივი ბალანსის შენარჩუნების და განვითარების გზა. ფიზიკური სქესი ადამიანში ყალიბდება მის ფსიქოლოგიურ სქესზე (ცნობიერების სქესობრივი იდენტიფიკაცია) ადრე, ჩასახვიდან რამდენიმე კვირაში. თუმც ამ ორი კატეგორიის გაერთიანება ხდება წამყვანი ფაქტორი ადამიანის შემდგომ ცხოვრებისეულ კონფლიქტებში. სქესი აყალიბებს გარკვეულ მოთხოვნებს პიროვნების წინაშე – მის როლებრივ რეპერტუარს, რაც აღზრდის შედეგად იხვეწება. მარტივად რომ ვთქვათ, სქესი განსაზღვრავს რა როლი უნდა შეასრულოს ადამიანმა ცხოვრებაში.
პიროვნების წარდგინება და წარმოდგენა  მისი სქესის გარეშე პრაქტიკულად ანადგურებს პიროვნების ზოგადი სურათის დიდ ნაწილს. სქესი პიროვნების იმდენად ძლიერი მახასიათებელია, რომ მისი ანალოგის მოძებნა ცხოვრებაში თითქმის შეუძლებელია. სქესის განცდის დაკარგვა ან მისი აქტუალობის დაქვეითება იწვევს მრავალ ფსიქოლოგიურ პრობლემას და პიროვნებას ფიზიკური სნეულების კლანჭებში გადაისვრის. თითოეულ სქესს გააჩნია თავისი სოციალურად აპრობირებული როლები, რომელთა ცოდნაც აძლევს ადამიანს შესაძლებლობას მეტ-ნაკლებად უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი საზოგადოებაში.
პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც მამაკაცი დომინირებს, ტიპიურ მამაკაცურ თვისებებად ითვლება: სიმამაცე, ხასიათის სიმტკიცე, მბრძანებლურობა, ფიზიკური ძალა,                აგრესიულობა, სისასტიკე, სიფიცხე, სითამამე, მომთხოვნელობა, თავდაჯერებულობა, სხარტი ლოგიკური აზროვნება და სხვა მსგავსი. ხოლო ქალის თვისებებადLითვლება; ქალურობა, პასიურობა, სიმშვიდე, სინაზე, ალერსიანობა, მიმნდობობა. სიცივე,  სიმორცხვე, დამყოლობა, გუმანი.
თანამედროვეობის ცხოველმა სოციალ-ეკონომიკურმა პროგრესმა და სრულიად ახლებური ფორმაციის დამკვიდრებამ გაამძაფრა გასულ საუკუნეში მომხდარი სქესობრივი რევოლუცია და მას ტიპიური როლებრივი რევოლუცია მოაყოლა. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიხატა ქალთა შემოჭრით მამაკაცთა როლებრივ რეპერტუარში. რეალობა ის არის, რომ თუ საქართველოში ქალი ადვილად ატარებს ექსპერიმენტებს მამაკაცურ როლებთან, თვისებებთან და ერგება მათ, მამაკაცს ქალური რეპერტუარის ათვისება უფრო უჭირს. პირველყოვლისა მამაკაცის ყოფაქცევის გაცილებით უფრო ძლიერი ტაბუირებიდან და ქალური როლების მამაკაცისათვის გამოუსადეგარობიდან გამომდინარე. ვთქვათ, თუ ქალს თავისი სოციალური აქტუალუზაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად შეიძლება გამოადგეს მაღალი სოციალური აქტივობა, ინიციატიურობა, სითამამე და დაუნდობლობა კონკურენტებთან და ა. შ., მამაკაცს ისეთი სპეციფიკური ქალური თვისებების გაზიარებამ, როგორებიცაა პასიურობა, სინაზე, სიმორცხვე, თავმდაბლობა და მეტადრე ქალურობა, შეიძლება მოუტანოს მისი, როგორც პიროვნების ძლიერი კრიზისი და სოციალური დეზადაპტაცია.
ახლა უკვე არავის არ უკვირს ქალი ხელმძღვანელი საწარმოში (მაშინ როდესაც ამ პროცესის მიზანმიმართული სტიმულირება საზღვარგარეთიდან ხდება), რომელიც მბრძანებლობს მამაკაცთა დიდ ჯგუფს. თუ კავკასიაში ქალი არ მოიაზრებოდა ეფექტურ ხელმძღვანელად უახლოეს წარსულში, დასავლეთში დიდი ხანია გადალახეს ეს სტერეოტიპი და ქალი განიხილება, როგორც თანაბარი და ხშირად უფრო მისაღები ალტერნატივა ამა თუ მაღალი პოზიციისათვის. მახსოვს ერთ-ერთი საუბრის დროს ჩემს ამერიკელ მეგობართან ქალები მოვიხსენიე ჩვენთვის ჩვეული ფრაზით “სუსტი სქესი”. ჯოს იმდენად ნეგატიური რეაქცია აღმოხდა ამ ჩემს აზრზე, რომ ცოტა არ იყოს სახტად დავრჩი.
–              რა სუსტიო! რის სუსტი! – შემყვირა მან. – არ შეიძლება ასე თქმა. ეს შეურაცხყოფაა ქალების..
–              რა შეურაცხყოფა? – გავიკვირვე მე ცოტა არ იყოს.
–              კი. აბა რა?! – არ ცხრებოდა ჯო. – როგორ შეიძლება ქალებზე ასე საუბარი. ეს ხომ მათი დამცირებაა. ეს ხომ მათი სრული განადგურებაა და შეურაცხყოფაა. სრული…ქალების უფლებების სრული დარღვევა.
რასაკვირველია, მერე ჩემი ინგლისურენოვანი მჭევრმეტყველება Aამუშავდა იმისათვის, რომ ეს ჩვენი კლარა ცეტკინის მამაკაცი კოლეგა დამერწმუნებინა, რომ არაფერი შეურაცხმყოფელი არც მე და არც ფრაზის უცნობ ავტორს განზრახვად არ გვქონია. თუმც იგი ისევე ერთგულად იცავდა ქალის “შელახულ” უფლებებს, როგორც ერთ დროს მართინ ლუთერ კინგი ილაშქრებდა შავკანიანების ჩაგვრის წინააღმდეგ.
–              ეცით, სოსო?! – იძახდა ის ძლიერი ამერიკული აქცენტით (მიხვდით, ალბათ, ის გულისხმობდა “იცით, სოსო!”). – რაც უფრო დიდია ქალის თავისუფლება, მით უფრო ძლიერია დემოკრატია და თავისუფალია საზოგადოება.
მსჯელობა ჯოს ამ დებულების შესახებ წაგვიყვანდა ძალიან-ძალიან შორს. ფაქტი კი ის არის, რომ დასავლური თანასაზოგადოება, რომელსაც გააჩნია გაცილებით უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო მდგრადი სოციუმი, უსაფრთხოების სისტემა, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროცესების მართვის და წარმოების გამოუქვეყნებელი ან ცნობილი მეთოდოლოგია ნელ-ნელა არყევს ჩვენი საზოდოების საყრდენებს, რათა დაამკვიდროს აქ შედარებით “სტაბილური” სამოქალაქო ფასეულობები, რომლებიც იქ, დასავლურ არეალში, ეფექტურად მუშაობს. მართალია, განსხვავებული კულტურების გზაჯვარედინზე ჩამოყალიბებულ საქართველოს გააჩნია საკმაოდ მაღალი ალღო და აღქმადობა ახლისა, მაგრამ სქესების როლთა რეპერტუარის აღრევა იმდენად შეუნიღბავად წავიდა და განპირობებული იყო უფრო ეკონომიკური ტემპებით და არა სოციალური მოწიფებულობით, რომ მამრობითი სქესი სინამდვილეში ვერ მისდევს მოვლენათა ამ მძლავრ დინამიკას. ამასთანავე ძირითადი შეტევა დაგეგმილად მიმდინარეობს მამრობითი სქესის პოზიციებზე, რათა მოხდეს მისი ბუნებრივი აგრესიულობის ნეიტრალიზაცია.
ქალური ტიპის თვისებების განვითარება საზოგადოებას უფრო ნაკლებად კონფლიქტურს და თავისთავად უფრო ადვილად მართვადს გახდის. ამისკენ არის მიმართული და ამაზე მიუნიშნებს ქვეყანაში მიმდინარე საკმაოდ არასასიამოვნო პროცესები;
1.            მცირე და საშუალო ბიზნესის შეგნებული წაუხალისებლობა (ბიზნესის განვითარება, მოგეხსენებათ, წარმოადგენს პიროვნებაში მებრძოლური და გონის თვისებების განვითარების საუკეთესო საშუალებას).
2.            მამრობით საზოგადოებაში “კაი-ბიჭური” მენტალიტეტის შეგნებული დაშვება ისრუტავს მოზარდ და უკვე საკმაოდ ზრდასრულ თაობებასაც; აჩვევს მას რაღაც ჩარჩო-სუბკულტურას, პარაზიტარიზმს, მანიპულირების და კაცის გაწირვის ტექნიკებს. აქ ძალიან დიდია სიკვდილიანობის შემთხვევები.
3.            ზოგადი დესტრუქციული სოციალური პროცესები (ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ჰომოსექსუალიზმის ლამის ჭეშმარიტების რანგში აყვანა, ხელოვნური უსარგებლო ღირებულებების ფორმირება მედიის საშუალებებით და სხვა)
4.            დემოკრატიული ინსტიტუტების მოჩვენებითი განვითარება
5.            მოუმწიფებელი ახალგაზრდების (“გრძნობების თაობის”) ტოტალური დაწინაურება საზოგადოებაში, წინა თაობების სასტიკი სოციალური დეზადაპტაციის ხარჯზე.
6.            განვითარების ზოგადად არამდგრადი სისტემა
7.            ეროვნული იდეოლოგიის დეფიციტი
8.            ქალების საყოველთაო დაწინაურება (ყოველ მეორე-მესამე საწარმოში, ორგანიზაციაში ქალი ან ქალთა მენეჯმენტია).
9.            ისტერია ქალთა უფლებების ირგვლივ (რაც თითიდან გამოწოვილი პრობლემაა იმ ქვეყანაში, რომელიც ვალებში იხჩვება და რეალურად ეკონომიკა არ გააჩნია).
ასეა თუ ისე, რადგანაც საქართველოში ამუშავდა საზოგადოებრივი დაკვეთის მანქანა, მალე უფრო მრავლად გაჩნდებიან სადღეისოდ შედარებით უჩვეულო სახეები: მამაკაცური ხასიათის ქალები, ქალური ხასიათის მამაკაცები, ზეაგრესიული მამაკაცები, ზეპასიური ქალები, ბისექსუალები და სხვა. მთლიანად მამაკაცთა სქესი დაიხევს უკან პლანზე თუ გავითვალისწინებთ როგორი გაცხოველებით ხდება ქალთა სქესის მიერ უმაღლესი განათლების მიღება. ეს თანაფარდობა გვიჩვენებს იმ წილებს, რომლებიც გვექნება უახლოეს მომავალში ჩვენს საზოგადოებაში – ქალური და მამაკაცური.
თუ გახსოვთ, ძვირფასო მსმენელო, მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულებში და ოცდამეერთეს დასაწყისში გლობალიზაციამ შეპარვით შემოიტანა პიროვნების როლის პრიმატი ეროვნულზე. ამ იდეების თანახმად პიროვნების ფსიქოსოციალური კომფორტი უნდა გაზრდილიყო ეროვნული ტრადიციების და ღირებულებების მინიმიზაციის ხარჯზე. პიროვნებისათვის უნდა ყოფილიყო უფრო ნაკლები ტრადიციონალური შეზღუდვა და ტაბუ, უფრო მეტი სექსუალური და რელიგიური თავისუფლება; ნაკლები მიჯაჭვულობა ეროვნულ იდენტურობასთან და საკუთარი თავის უფრო მეტად რაიმე ზეიმპერიის ნაწილად აღქმა. საწყისი განზრახვის მიხედვით, ეროვნულობა აღარ იქნებოდა ისეთი მაღალი კატეგორიის ღირებულება, როგორც სამოქალაქო უფლებები და ეკოლოგიური წონასწორობა. ამის მართებულობას განსაკუთრებით გაამწვავებს ახალი ეკონომიკური რეალიები (ახალი ეკონომიკური აზროვნება და სივრცეები) და ბუნებრივი კატაკლიზმები.
რაც შეეხება დღევანდელობას, წარმატებული ადამიანი, ქალი თუ მამაკაცი, აცნობიერებს, რომ ცხოვრება აიძულებს მას არ დათრგუნოს საკუთარ თავში ორივე სქესისათვის დამახისათებელი თვისებები და ისინი სხვადასხვა სიტუაციების შესაფერისად რაციონალურად, ზედმეტი კრიტიკული გარჩევების გარეშე გამოიყენოს. ცალსახად ერთი სქესის თვისებების უარყოფა კი მიუთითებს ადამიანის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე. ნებისმიერი ადამიანი წარმოადგენს ორი საპირისირო სქესის და ბუნების არსებათა ერთობლივ ნაყოფს – შენაერთს, თუ შეიძლება ითქვას. არც თუ იშვიათად სწორედ ეს უდევს საფუძვლად ადამიანთა მოდგმის დაუსრულებელ შინაგან წინააღმდეგობრიობას და პიროვნულ კონფლიქტებს. ყველაზე კარგად ადამიანები მაგალითებზე სწავლობენ და ყველაზე დასამახსოვრებელ ცხოვრებისეულ მოდელებს მათთვის, რასაკვირველია, მშობლები წარმოადგენენ. მოვლენაზე რეაგირების ტიპის შესწავლა ძირითადად მშობლებისაგან ხდება. მათგანვე კრიტიკის გარეშე შეთვისებული გვაქვს ქალის და კაცის “კონსტიტუციები”, უფლებები, სქესოროლებრივი რეპერტუარი.
იმ როლებზე დაკვირვება და შესწავლა, რომელსაც ცხოვრებაში ძირითადად ვასრულებთ, ჩვენი ყოფიერების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. თუკი ეს არაადექვატური როლია აუცილებელია გავარკვიოთ მისი დადებითი შინაარსი, რა აქვს მას კარგი, სარგებელი? რისთვის აითვისა იგი ფსიქიკამ? რა დანიშნულება ჰქონდა? ამის შემდეგ უნდა მოხდეს უკეთესი და უფრო ეფექტური ცხოვრებისეული როლის შეთხზვა, ტესტირება, მორგება, და შემოტანა. როლის დანერგვას ცხოვრებაში შეიძლება მოყვეს საკუთარი გაუცნობიერელი შინაგანი საბოტაჟი ან გარემოს მხრიდან მიუღებლობა, რაც იქნება შესანიშნავი მასალა თვითკვლევისათვის.
დასასრულს, მინდა გითხრათ, რომ მსუბუქად შეხედეთ სტატიაში გამოთქმულ ზოგიერთ თამამ ვარაუდს. საერთოდ კი იცოდეთ, რომ საქართველოში მომდევნო ათწლეულებში ქალებს ექნებათ დასაქმების მშვენიერი შესაძლებლობები. ხოლო ძლიერ და წარმატებულ მამაკაცებს, საზოგადოებაში უფრო მეტად ვიდრე წინათ ფასი დაედებათ, ხოლო ქალების თვალში მათი ხიბლი, როგორც შედარებით დეფიციტური ხილის, პროპორციულად გაიზრდება.

თავი X

უმრავლესობას კაცთაგან აინტერესებს ერთი რამ, თუმც კითხვა ხშირად საპირისპიროდ ისმის; “ყველას ხომ არ შეუძლია იყოს ლიდერი? ეს ხომ რჩეულების ხვედრია? აბა, რანაირად შეუძლია მონობაში გაზრდილ კაცს გახდეს ლიდერი?” “ან როგორ მოახერხებს ვინმე უბრალო ტიპი აიღოს საკუთარ თავზე ძლიერი გუნდის წინამძღოლობა?” “საინტერესოა, რამ მოიტანა ლიდერობის თემისადმი ასეთი ცხოველი ინტერესი უკანასკნელ წლებში მსოფლიოსა და, კერძოდ, საქართველოში?’
სახელმწიფოსათვის, რომელიც ამერიკული დემოკრატიის მოდელს ნერგავს საზოგადოებაში, აქვს რთული მისია, ჰარმონიაში მოიყვანოს დემოკრატია ტრადიციულ ქართულ ფასეულობებთან, გადააბიჯებინოს ერს დრომოჭმულ აკრძალვებზე და იმავდროულად არ შელახოს წმიდათაწმიდა. ამის პრაქტიკულად განხორციელებას სჭირდება მთელი პლეადა ეფექტური და ნიჭიერი ლიდერების, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს საზოგადოების რეფორმირებასა და პროგრესს დაუკავშირებენ. შექმნიან მიღწეული შედეგების შენარჩუნების მდგრად მექანიზმს, წამოიწყებენ შეუქცევადი განვითარების სოციალ-ეკონომიკურ პროცესებს და ქართველ ხალხს ახალ, აქამდე მოუაზრებელ ჰორიზონტებს გაუხსნიან. საქართველოს პრობლემები უამრავი აქვს, მათზე შეიძლება და აუცილებელია მუშაობა.
ეს არის ჩვენი აღთქმული მიწა, ეს არის საქართველო და მისი დაწინაურებით უნდა იყოს დაკავებული თითოეული ლიდერი. სხვა საქართველო, ცნობილი სიმღერისა არ იყოს, არ არის! და მანამ, სანამდე შევეცდებით ვიპოვოთ ჩვენი საზოგადოებრიობის მანკიერებანი, ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება ქვეყნის მოღონიერება, როგორ დავდოთ აგური კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად, გადარჩენისა და გაძლიერებისათვის, გეოპოლიტიკური ამოცანების და ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად.
ლიდერები გვესაჭიროება საზოგადოების ყველა დონეზე – კაშკაშა ქარიზმატული ლიდერები, რომლებიც თავის გზას იწყებენ სოფელში, თემში, პატარა ჯგუფებში, გადიან პიროვნული განვითარების მრავალ სტადიას და შეუძლიათ არა მხოლოდ ხელისუფლების ნგრევისაკენ მოწოდება და წყობილებების მოსპობა, არამედ სახელმწიფოს ყველაზე ძლიერი შტოების მართვა და რეალური ალტერნატიული განვითარების მოდელების შეთავაზება. თემს, სოფელს, უბანს, ქალაქს – ყველას ესაჭიროება ლიდერი, გუნდის დამაგვირგვინებელი პერსონა. მიუხედავად მაღალი ინტელექტუალური და ემოციური პოტენციალის, საქართველოს ყოველთვის გააჩნია ნამდვილი ლიდერების პრობლემა. აქ ძალიან მკაფიოდ ჩნდება “შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს” პრინციპი. პატარა საზოგადოება, რომელშიც მაღალი შიდაკონკურენციაა, პირდაპირ უმკლავდება ხალხურ ლიდერებს, რომელთა რაოდენობა ნულისაკენ მიისწრაფვის და ახლო მომავალში წითელ წიგნში შეიძლება თამამად შევიტანოთ. ამასთანვე დაბალეფექტური ადამიანების სიჭარბე ამოქმედებს საზოგადოებრივი რეგულირების ისეთ მექანიზმებს, როგორიც არის შური. წარმატებული და თავისუფალი ადამიანი დაბალეფექტური ადამიანისათვის პირად მტერს წარმოადგენს, ვინაიდან მთელი არსებით არის მისი ანტიპოდი, უარყოფა, საფრთხე.
სახელმწიფოს ყველა დონეზე მიმდინარეობს ლიდერების ბლოკირება, არ გვაქვს ნიჭიერი, გახსნილი და ლაღი პრიოვნებების დაწინაურების ეროვნული სტრატეგია.
საქართველო, როგორც თანამედროვე სახელმწიფოებრივი პროექტი, მარცხს განიცდის საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით. უფრო დიდი უფსკრული გველოდება თუ ნიჭიერი ადამიანები არ გამოვლენ თავიანთი ნიჟარებიდან და არ შეაზანზარებენ ყველა საფუძვლებს უძველესი ქართული ფობიის – ძლიერი კაცის ფობიის. საქართველოს უბედურება ნიჭიერი ადამიანების სიმრავლე კი არ არის, როგორც ამას საქართველოს ვაი-აპოლოგეტები აცხადებენ. უბედურება დაწინაურების ანტიეროვნული პრინციპებია, ხელისუფალთა შიშები, მონური ფსიქოლოგია, არარსებული ეროვნული იდეოლოგიაა, რომლის წიაღშიც წესით უნდა დაიბადნენ ახალი ქართველი გმირები. სწორედ ასეთი ეროვნული იდეოლოგიის ჩამოყალიბება იქნება გადამწყვეტი საქართველოს გადარჩენისათვის მომავალი ათწლეულების გადაკვეთაზე, როდესაც გეოპოლიტიკაში მოხდება კარდინალური ცვლილებები და ერთის ნაცვლად, მოგვევლინება ოთხი ზესახელმწიფო. რა უნდა დაუპირისპიროს საქართველომ საკუთარ დემოგრაფიული დეპოპულაციას, რუსეთ-თურქეთის მზარდ მარყუჟს საქართველოს გარშემო? ირანის მომავალ გაძლიერებას?
ლიდერებისათვის იმდენი თემა და საფიქრალი არსებობს საქართველოში, რომ მიმდინარე პოლიტიკური გარჩევები და გაუგებრობა უბრალოდ ასტეროიდის გაელვებაა ვარსკვლავიანი ღამის ბნელეთში.
“შეიცან თავი შენი” Aასეთი წარწერა არსებობდა დელფოს აპოლონის ცნობილ ტაძარზე. ლიდერისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საკუთარი თავის და რეაქციების ზედმიწევნითი ცოდნა. იგი სრულყოფილად უნდა ფლობდეს მოლაპარაკებათა ხელოვნებას, საკუთარი თავის მოტივირების, წახალისების, დაყოლიება-აყოლიების, მობილიზების, პიროვნების დიაგნოსტირების,  გუნდზე გავლენის მოხდენის უნარებს. დღეს ყოველ მეორე ადამიანს ლამის მიაკერონ ლიდერის იარლიყი, რაც სცემს ამ გრანდიოზული მოვლენის ფასეულობას. ლიდერობა ჯერ საკუთარი თავის ლიდერობიდან იწყება. კაცი ვერ ჩაითვლება ლიდერად თუ ჯერ საკუთარი პრობლემებისათვის ვერ მოუვლია. ხოლო ვიღაცამ მოიყვანა, დასვა სავარძელში და უთხრა “მართეო”. ეს ტიპიური ფუნქციონერია. ლიდერის წარმატებული მოღვაწეობა გამოიხატება მისი შინაგანი სამყაროს სრული გადმოცემით თავის გუნდზე და ორიგინალური ხედვის შეკოწიწებით გუნდის და საკუთარი საჭიროების საფუძვლებზე. ხედვა ეს ის ბრწყინვალე საშუალებაა, რითაც ყველაზე სუსტ და ნაკლებად მომხიბვლელ ადამიანსაც კი შეუძლია აიყოლიოს ხალხის მასები. უბრალო ადამიანებს ყოველთვის აინტერესებთ რა მოხდება ხვალ, ზეგ, ათი წლის შემდეგ, რას უნდა მოელოდნენ. ხომ არ გაჰყრიან მათ პენსიაზე გასვლის შემდეგ ქუჩაში ან გარდატეხების დროს მათი მთელი სიცოცხლის დანაზოგს უნამუსოდ ჩაყლაპავენ.
ყველა ლიდერი მოდის გარკვეული ხედვის გაცხადებით, ზოგს შეუძლია იმდენად ჭკვიანური, მისთვის სპეციფიკური და იმავდროულად მეტად დემოკრატიული ხედვის შეთავაზება, რომ საკუუნეების შემდეგაც კი მისი იდეები ცოცხლობს და გავლენას ახდენს სახელწიფოს პროგრესზე, ზოგისთვისაც ხედვა მხოლოდ მომხრეთა ცნობიერებით მანიპულირების შესაძლებლობაა. ნებისმიერ შემთხვევაში ხედვა გაძლევთ საშუალებას აიმაღლოთ პირადი კონკურენტუნარიანობა საზოგადოებაში და საპატიო რეპუტაცია დაიმკვიდროთ.
ახლა კი სტატიის საწყის კითხვას მივუბრუნდეთ; ყველას შეუძლია გახდეს თუUარა ლიდერი? პასუხი ასეთი მექნება. ლიდერი შეუძლია გახდეს ყველას…ოღონდ თუ პიროვნება მთელი ენთუზიაზმით საკუთარ თავზე მუშაობს. მხოლოდ მუშტად შეკრული დისციპლინა, ლაზერის სხივად ფოკუსირებული ნებისყოფა, დაუდეგარი სურვილი აძლევს ადამიანს ყოფიერების მწვერვალზე მოხვედრის შესაძლებლობას. სხვა გზა არ არსებობს: შეცდომები, დაცემები და კვლავ ფეხზე დადგომა, ისევ დაცემა და ისევ ადგომა, რამეთუ ვინც დაეცა და არ ადგა ცოცხალი აღარ არის. ლიდერობა მეტად კონკურენტული სფეროა ამიტომ ლიდერობის კანდიდატებს მარტოოდენ საკუთარი თავის გამოწრთობა კი არა, თავის კონკურენტებთან ასპარეზობაც მოუწევთ. ალბათ, იცით, რომ ათას ბინძურ თუ სუფთა საბრძოლო ხერხს იყენებენ ამ ბრძოლებში. ლიდერობა ძალზედ რთული და ამავე დროს საოცრად მიმზიდველი გზა არის. მას, როგორც ზღვას, ბევრი ადამიანი ჩაუთრევია თავის ტალღებში, რომელნიც “უგზო-უკვლოდ” დაიკარგნენ. მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შესწევს უნარი იკისროს ლიდერობა, მოახდინოს უნიკალური ხედვის, მისიის, გრძელვადიანი პროგრამის გენერირება და ამ პროცესების წარმართვა, მასების სტიმულირება, ხალხის მიძინებული ენერგიების გამოღვიძება და გარკვეული კურსით მათი დალაშქვრა.
რა სიტყვებითაც არ უნდა აღვწეროთ, ლიდერის ყველაზე თავზეხელაღებული იდეების გატანაში პიროვნული ხიბლი და ქარიზმა თამაშობენ განსაკუთრებულ როლს. მომაჯადოებელ პიროვნულ თვისებათა ერთობლიობა ლიდერს ხშირად ეხმარება. მაშინ, როდესაც მას არ აქვს რაიმე განსაკუთრებული წინადადება თავისი აუდიტორიისთვის იგი ოსტატურად იყენებს თავის პიროვნულ ხიბლს. თავისი კარიერის მსვლელობაში წარმატებულ ლიდერს სიმძიმის ცენტრი გადააქვს ხან იდეასა და ხან საკუთარ პიროვნულ შარმზე და ამდენად ახდენს სწრაფ საზოგადოებრივ ზრდას. ერთადერთი საზომი ლიდერის ეფექტურობისა არის მისი საზოგადოებრივი აღიარება, “სამომხმარებლო მოთხოვნა” მასზე. აუდიტიორიის პაირ-დამუშავების ვერანაირი ძვირადღირებული კამპანიები ვერ გასტანს დიდხანს, ისინი საჭიროებენ მუდმივ გადახალისებას, მილიონიან ინვესტიციებს და სხვა. დღეს, როდესაც მასმედიამ მოახდინა ლიდერის იმიჯმეიკინგის სადავეების მონოპილიზირება, საქართველოში სულ უფრო მცირდება ბუნებრივად დაწინაურებული ლიდერების რაოდენობა. მათი ჩანაცვლება, როგორც ხალხური და ბრძოლისუნარიანი ლიდერებისა, ხდება სხვადასხვა სასელექციო პროგრამებით გაპიარებული ადამიანებით, რაც მტკივნეულად აისახება არა მხოლოდ ქვეყნის აწმყოზე, არამედ მის მომავალზეც.

თავი XI

ერთხელ მეგობრის ოჯახში შემდეგი სახალისო დიალოგის მოწმე გავხდი:
–              დედა, დინოზავრი ღრუბლებს სწვდება? დე, სწვდება?
–              გიო, გეხვეწები დედიკო, ჭამე-რა.
–              დე, დინოზავრი ღრუბლებს სწვდება? დე, ღმერთი ცაშია? ჰა, დე, ღმერთი ცაშია? ნათიას ილიამ თქვა, ღმერთი დინოზავრს მოკლავსო. გაიგე დე? თუ დინოზავრი ცას მისწვდა, მოჰკლავსო…
არ ვიცი, რა იფიქრეთ რისთვის დამჭირდა ამ ეპიზოდის გახსენება, მაგრამ, ვიმედოვნებ, გჯერათ, რომ არ ვაპირებ გარჩევას – მოკლავს თუ არა ღმერთი დინოზავრს თუ ეს უაკანსკნელი ცას მისწვდა. ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არ მგონია ეს სადმე ადამიანებით დასახლებულ პუნქტის ახლოს მოხდეს. ამასთანავე თანამედროვე ტექნიკა ისე წინ წავიდა, რომ ადამიანები ღმერთს არც დააცდიან და საწყალ დინოზავრს თვითონვე მოუღებენ ბოლოს. თუ არ გჯერათ ჰკითხეთ დედამიწის უშველებელ, მაგრამ უწყინარ ძუძუმწოვრებს – წყნარი ოკეანეს ვეშაპებს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, ადამიანი ყველაზე დიდი მტაცებელია.
ახლა კი, რაც შეეხება ამ თავში განსახილველ საკითხს; მინდა გესაუბროთ ცოდნაზე. კი, ნამდვილ ცოდნაზე, ღირებულ ცოდნაზე, ცოდნაზე, რომელიც აბრუნებს დედამიწას. შესავალშივე ტრადიციულად კითხვა: რა იცით ცოდნის შესახებ?  რა არის ცოდნა?
მე, მაგალითისათვის, სპონტანურად წამომეწია ცნობილი კომუნისტური ფრაზა: “ცოდნა – იარაღია”. ან თუნდაც “კაცმა, რომელმაც იცის და არ აკეთებს, სინამდვილეში არ იცის”.
იცით, ჩემო კარგებო, როდესაც კაცი იწყებს წარმატების გამოჭედვას, არ მოვერიდები ამ გამოთქმას, ადრე თუ გვიან ის აწყდება სრულიად ახალი, გაცილებით უფრო მაღალი დონის ცოდნის დაუფლების საჭიროებას. ერთი და ორი შეხედვით, გამოსავალი თითქოს არ არის და არსით ჩანს. პიროვნება შესულია ჩიხში და ვერანაირი ძალისხმევა ვერ ჰყოფნის მდგომარეობის გადასალახავად. ხელთ არსებული მეთოდიკა მოძველდა და აღარ ამართლებს, ახალს არ ყოფნის დამუშავება და ფუნდამენტურობა, რესურსები ამოწურულია, სამუშაოთა სიმრავლე გულისგამგმირავად დიდია, ხოლო ადამიანები, ვისაც შესწევთ ძალა და გონი რამის კარნახის, გარემოცვაში არ მოიაზრებიან. პლუს ამას დაუმატეთ ნერვიული დაძაბულობა. ვინც რაც უნდა ისა თქვას, ესაა მე მგონი, ჭეშმარიტების მომენტი. გადაწყვეტილების მიღების საათი… როგორ და რა სტრატეგიითაც არ უნდა იღებდეთ გადაწყვეტილებებს, – ინტუიციის თუ ანალიზის საშუალებით, უნდა გახსოვდეთ ერთი რამ – სიცოცხლის ყოველი ახალი დონე გულისხმობს ახალ, თითქმის დაფარულ ცოდნას, ღირებულებების გადახალისებას. მოვიტან ორ მარტივ მეტაფორას.
ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როდესაც ფიქრობთ, რომ ბევრი რამ იცით (თუ არა ყველაფერი:) ცხოვრებისეული კანონების შესახებ. და უეცრად თქვენდა გასაკვირად გხვდებათ პიროვნება, ვინც იმდენად ზუსტ და მოსწრებულ აღნიშვნებს იძლევა სიცოცხლეზე, ხალხზე, მოვლენებზე, რომ თქვენ პირღია რჩებით. უბრალოდ გაოგნებული ხართ ჯერ ამ კაცის ზოგადი ერუდიციით, მერე ცხოვრებისეული ცოდნით, პრაქტიციზმით, პროცესების, მოვლენათა ურთიერთკავშირების, საგანთა არსის წვდომით, დეფინიციებით და, შესაბამისად, რჩევებით, უნარით სრულიად განსხვავებული, აბსტრაქტული ტერმინების შეწყობისა და სწრაფი ოპერირების. თქვენ გიზიდავთ მისი გახსნილი აზროვნების შესაძლებლობები, ალტერნატივების შექმნის და მოდელირების თვისებები, მის აზრთა თავისუფალი ნაკადი. აი ეს ადამიანი თქვენთვის წარმოადგენს იმას, რასაც მე ვუწოდებ, თვისობრივად უფრო მაღალი დონის ცოდნის მატარებელს, ისევე, როგორც თქვენ ხართ უფრო მაღალი დონის ცოდნის მატარებელი იმ ვიწრო თვალსაწიერის ფარისეველთან შედარებით, რომელსაცG საკმაოდ ბანალური შეხედულებები გააჩნია ისტორიის, ადამიანების, იდეების სამყაროს შესახებ. ეს ყველაფერი თქვენ ხომ დიდად გაცვეთილ და უსახურ ინფორმაციად მიგაჩნიათ, რაც გადაიზრდება დამოკიდებულებაში თავად პიროვნების მიმართ.
მეორე მეტაფორა მათთვისაა, ვისაც უთამაშია მრავალდონიანი კომპიუტერული თამაშები ან ჰქონია მიღწევები სპორტში, შემსრულებლობაში, ცეკვაში და ასე შემდეგ. ყოველთვის როდესაც ადიხართ თამაშის მორიგ დონეზე, არჩევთ ახალ ნაწარმოებს, უფრო რთულ ცეკვას, სასიმღერო პასაჟს, მაშინ გონება აცხადებს პროტესტს, რადგან ეჩვენება, რომ ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია. ფიგურალურად რომ ვთქვათ, ეს წააგავს იმ ცნობილ ვითარებას, როდესაც ჰენრი ფორდმა, რომელსაც მხოლოდ სამი კლასის განათლება ჰქონდა, თავის ინჟინრებს დაავალა შეექმნათ რვაცილინდრიანი ძრავი. იმ პერიოდისათვის ეს ყოვლად შეუძლებელი ამოცანა იყო – ჩაეტიათ ერთ მანქანაში რვა ცილინდრი. სამი წელი ინჟინრები თავის ბოსს სკეპტიკურ ანგარიშებს აბარებდნენ; “ეს შეუძლებელია! ვერ გამოვა! ვერ!” ფორდი აუღელვებლად ეუბნებოდა; “მე მინდა, მაშასადამე, გამოვა!”. არ დავიწყებ იმ შედეგის აღწერას, რომელიც მოჰყვა ფორდის შეურიგებლობას, იგი თქვენთვის ისედაც კარგადაა ცნობილი.
რთული მიზნის განხორციელების წინაშე მდგარი ადამიანის აზროვნება განიცდის დისკომფორტს, მისი ჩვეული აზროვნებითი პატერნები (შაბლონები) ზედატვირთვით მუშაობენ, რადგან ახალი სიტუაცია ახლებურ პატერნს ითხოვს, რომელიც გონებაში ჯერ არ მოიპოვება. ძველი წესით მიმდინარე პრობლემას ვეღარ ამოხსნი, მაგრამ ყოველი ახალი უნდა ძველიდან აღმოცენდეს. თუ ადამიანი განაგრძობს ძიებას, მისი სული და ცნობიერება ეჩვევა ევრისტიკულ სულიერ მდგომარეობას, შიგნიდან თუ გარედან გადაწყვეტილების შემოსვლის მოლოდინს. ყველასათვის კარგად ცნობილმა თომას ედისონმა 10000 (!) ცდა ჩაატარა მანამ, სანამდე ელექტრული ნათურის მუშაობის პრინციპი აღმოაჩინა, თუმც მას არასოდეს უთვქამს, რომ ის 9999 ცდა მარცხი და ჩავარდნა იყოო. კომპიუტერული თამაშების მოთამაშემ შეიძლება კომპიუტერის კლავიატურა ან ჯოისტიკი გაცვითოს, სანამ იპოვის ახალ დონეზე გადასვლის სისტემას. მუსიკოსი დღეში რვა-ცხრა, შეიძლება მეტი საათის განმავლობაში რუდუნებით და შესაშური მოთმინებით ამუშავებს საშემსრულებლო ტექნიკას, რათა მისი ქვეცნობიერება მიეჩვიოს ახალ მოთხოვნებს, შექმნას ახალი ყოფაქცევითი პროგრამები და სრულ ავტომატიზმზე შეასრულოს ისეთი ნაწარმოები, რომელიც ჩვეულებრივ მოკვდავებს არც დაესიზმრებათ.
ავიღოთ საომარი მოქმედებების შემთხვევები. თუ შეგიძლიათ გამცეთ პასუხი, რა არის უფრო მაღალი ხარისხის ცოდნა მებრძოლისათვის, რომელიც 15-16 საათს ატარებს ბრძოლაში, უწყვეტი ცეცხლის პირობებში?
რა თქმა უნდა, მტრის განადგურება და თავად გადარჩენა – აი ორი ძლიერი მიზანი, რაც ეხმარება ჯარისკაცს არ გახდეს ჭარბი ადრენალინის და შემთხვევითი დაუდევრობის მსხვერპლი.
მისთვის უფრო მაღალი დონის ცოდნაში იგულისხმება უფრო მაღალი და დახვეწილი, რაფინირებული, ეკონომიური, დინამიური ინფორმაცია: ფიზიკურ მომზადებაზე, ოპერატიულ-ტაქტიკური მოქმედებების, დაზვერვის საშუალებების, მტრის განზრახვების შესახებ, ფსიქოლოგიური კონცენტრაციაზე, ნებისყოფაზე, დისციპლინაზე, ექსტრემალურ პირობებში თვითრეგულაციაზე და სხვა. ამისათვის პროფესიონალი სამხედრო მთელი კარიერის განამვლობაში ემზადება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასმული ამოცანის თანახმად მისი ქვეცნობიერი აკეთებს საომარი მოქმედებებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების პროგრამირებასა და სისტემატიზაციას. ამიტომ ომში წასული უმეცარი ადამიანი ხშირად მალევე ხდება ბრმა ტყვიის ან მსუბუქი შეტევის მსხვერპლი. მოხალისესთან შედარებით პროფესიონალი მეომარი ფლობს თვისობრივად უფრო მაღალ დონის ცოდნას – მას პრაქტიკულად და თეორიულად განუხორციელებია არაერთი, ჩვეულებრივი ადამიანისათვის შეუძლებელი დავალება და ამ ორომტრიალიდან ცოცხალი გამოსულა. გარდა ამისა პროფესიონალს აქვს უნარი ახალ სიტუაციაში მოახდინოს შესაბამისი პროგრამის გენერირება, რასაც მშვიდობიან ყოფაში შემოქმედებით მიდგომას ვუწოდებთ.
არც ვიცი, რატომ წავიდა ჩვენი საუბარი საბრძოლო თემებისაკენ. ალბათ, იმიტომ რომ მინდა გითხრათ, ყველა ადამიანი გარკვეულწილად მებრძოლია ცხოვრებაში და პირველი თვისება, რაც უნდა გააჩნდეს, თუ არ გააჩნია, შვას და აღზარდოს, – უდიდესი შეურიგებლობა საკუთარი მავნე ჩვევების მიმართ. კი, ძვირფასო მკითხველებო, ჩემი აზრით, მთელი ეს თხზულება ღირს ამ აბზაცში გამოთქმულ წინადადებად – შეურეგებლობა არასრულყოფილებასთან მოგცემთ ყველაზე დიდ ენერგიას. შეურიგებლობა, მეგობრებო! კარგად შეისისხლხორცეთ ეს Aაზრი. ის, რომ არასდიდებით არ დანებდებით და დაამარცხებთ თქვენს მავნე ჩვევებს.
“რა ბრძოლაზეა საუბარი?” – მეკითხებიან ტრენინგებზე. საინტერესო კითხვაა, თუმც მანამდე სხვა კითხვას განვიხილავდი. რა არის მავნე ჩვევები? მოდით მოვახდინოთ იმ მტრის, იმ ქაჯების, დემონების იდენტიფიცირება, რომელთანაც მოგიწევთ შერკინება. თუ მეტისმეტ პრიმიტივიზმში არ ჩამომართმევთ ეხლავე შეგახსენებთ. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება თქვენი ყურადღების ცენტრში ერთი ან ორი მათგანი უკვე იმყოფება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მიუხედავად ამისა თქვენს სიცოცხლეს დასდევს მავნე ჩვევების და ყალბი ცრუიდეების მთელი შლეიფი. ასე რომ, თქვენის ნებართვით, დავიწყოთ.
1.            “ოპერატიული” რეაგირება სიტუაციაზე (“ავარდნა” – როგორც ამას უწოდებენ ჟარგონზე)
2.            ნეგატიური რეაგირება ნებისმიერ სიტუაციაზე, განურჩევლად მისი მნიშვნელობისა. სიტუაციის “გაპრობლემება”, მასში შესაძლებლობების ძიების სანაცვლოდ.
3.            შიში. სადაც საკითხი არ ეხება თვითგადარჩენას, შიში ყველგან მავნე მანიპულირების ჩვევადაა ქცეული.
4.            მოწევა
5.            ალკოჰოლური სასმელების უზომო მიღება
6.            ნარკოტიკები
7.            ღორმუცელობა
8.            ონანიზმი
9.            სიზარმაცე – ფიზიკური და აზროვნებითი.
10.         მოუწესრიგებელი თაიმ-მენეჯმენტი – გვიან ადგომა, საქმეების და მათი მნიშვნელობების აღრევა. ცხოვრების ქაოტიზაცია.
11.         “ფანტაზიორობა”, არ აურიოთ ეს წარმოსახვაში ან ოცნებაში. აქ ნაგულისხმევია ყოვლად უსარგებლო, არარსებული და შეთხზული, არაფრისმომტანი, არაფრისმთქმელი, არაფრისმომცემი მოვლენების გონებაში პროდუცირება, მათზე დარდი, ყურადღების დათმობა, რეალობიდან გაქცევა, რეალობაზე ფოკუსირების სანაცვლოდ.
12.         “რეალობიდან გაქცევა” და მოსაუბრის პიროვნების უგულუბელყოფა
13.         ფსიქოლოგიური პოზიცია  – “ესეც წავა”, “რაც არის ეს არის”, ან “რაცა ვარ, ესა ვარ-რა!”. საქმის სახელდახელოდ გაკეთება – თუმც ეს ჩვევა სიზარმაციდან და დაბალი მოტივირებულობიდან მომდინარეობს.
14.         დანაშაულის გრძნობა. საკუთარი თავის მუდმივი დადანაშაულება იმაშიც, რაც არ გაგიკეთებიათ.
ამ ჩვევების თუნდაც ნაწილობრივი გადალახვა და მათთან დაპირისპირება მოგცემთ იმას, რაც მე მიმაჩნია უფრო მაღალი დონის ცოდნის შეთვისებად. მიიღებთ  ინფორმაციას იმაზე თუ როგორ მუშაობს თქვენი და ზოგადად ადამიანის ფსიქიკა, გამოამზეურებთ თვითმანიპულირების მექანიზმებს. დაინახავთ რა ძალები გმართავენ, რა გამუხრუჭებთ გახდეთ საკუთარი წარმატების აღმაშენებელი. საკუთარ თავს მიაჩვევთ აზრს და აჩვენებთ ვინ არის აქ ბატონი, განამტკიცებთ პატივისცემას საკუთარი პიროვნების მიმართ. ყველაფერ ამასთან ერთად გონებიდან ამოყრით და ამოძირკვავთ იაფფასიან, უღიმღამო იდეებს, მეტაფორებს, შედარებებს, რომლებიც ასეთივე ადამიანად გაქცევთ.
როგორც თქვა მარკუს ავრელიუსმა: “ადამიანი არის ის, რასაც ის ფიქრობს”.

თავი XII

ვენი, ვიდი, ვიცი. ასე აღწერა სახელოვანმა იულიუს კეისარმა თავისი ერთ-ერთი დიდებული გამარჯვება – ფარნაკეს ომი. იმდენად ლაკონურად, რომ ორი ათას წელზე მეტია “მივედი, ვნახე, დავამარცხე” ფრთიანი გამოთქმაა, მაშინაც როდესაც უმრავლესობამ აღარც უწყის ან აღარც ახსოვს რა იყო ფარნაკეს ბრძოლა, აქვთ თუ არა რაიმე კავშირი ალექსანდრე მაკედონელსა და გაიუს იულიუს კეისარს ერთმანეთთან, ჩვენს ცხოვრებასთან, მსოფლიო ცივილიზაციასთან და სხვა. ეს არის შემთხვევა, როდესაც გამარჯვებული ადამიანი თავისი გამარჯვების ნაყოფის წყალობით უფრო დიდ გამარჯვებას მოიპოვებს, როდესაც გამარჯვებას უფრო “გამარჯვებულად” აქცევს, აჰყავს იგი უფრო მაღალ რანგში. თუკი ნებისმიერ დამარცხებაში იმალება ტოლფარდი გამარჯვების მარცვალი, მაშინ რისი თქმა-ღა შეიძლება თვით გამარჯვებაზე? მინდა გითხრათ, რომ ყოველი წარმატება მოიცავს საკუთარ თავში უფრო დიდი, ლამის წარმოუდგენელი მასშტაბის გამარჯვებას. ნიჭიერი ადამიანები ამას ხედავენ და ხვდებიან. მათ იციან, როგორ უნდა გააკეთონ თავიანთი მაქსიმუმი იმ წუთში, როდესაც ზენიტში იმყოფებიან. იციან, როგორ უნდა გამოწურონ ბოლომდე თავიანთი ვარსკვლავური წამი: როგორ იყოს კვარცხლბეზე დგომა არ მხოლოდ ყოყლოჩინობა ან შედგომა დანომრილ ფიცარნაგზე.
თუ დამიჯერებთ ამ დიდებისაკენ მიმავალი კურსის მეთოდიკა არც ისეთი რთული ასახსნელი და გადმოსაცემია. ისწავლეთ საკუთარი თავისათვის უბრალო კითხვის დასმა: “ნუთუ ეს ყველაფერია რისი გაკეთებაც შემიძლია ამ წუთში?” ან “კიდევ, კიდევ, კიდევ რისი გაკეთება შემიძლია ამ წუთში, რომ ჩემი საქმე უფრო დახვეწილი იყოს?” არ შეეპუოთ ერთ პასუხს და ერთ კითხვას. რაც უფრო მეტი საინტერესო კითხვის დასმის და პასუხის გაცემის ნებისყოფა შეგწევთ, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ გახდეთ წარმატებული ადამიანი.
მიუხედავად იმისა, რომ ფეიერვერკივით ბრწყინვალე ნამდვილ წარმატებამდე ჯერ კიდევ შორია, მინდა გითხრათ შემდეგი.
ჩემო ძვირფასო მსმენელო, ჩვენ ბევრ სერიოზულ საკითხს შევეხეთ, პირადად თქვენ კი გეყოთ სიმამაცე თვალი გაგესწორებინათ ჭეშმარიტებისათვის, რომელიც ხშირად მტკივნეულია და აუტანელი. ჩვენს მიერ განხილული თემების აღწერილობაში ჩაიდო მინიშნებები, რომლებიც თუკი დაუბრუნდით ამ მასალებს, ყოველთვის ახლებურად შეგეფეთებათ და დაგეხმარებათ იაროთ გამართულად, როგორც იტყვიან, შვიდმილიანი ნაბიჯებით.Yჩვენი კი დაგვრჩა სულ რამდენიმე აკორდი ამ ფინალურ ნაწილში, და მოგვიწევს ნელ-ნელა დაუშვათ დაკაპიწებული სახელოები, როგორც სასცენო ფარდები და გავიდეთ საქმის ბოლოში. უკანასკნელი ფრაზები, ბოლო დარიგებები, ბოლო რეკომენდაციები, უკანასნკნელი რჩევები და ცოტა მწყინს კიდეც, რომ ჩვენი შეხვედრები ასე სწრაფად მთავრდება. ისინი ჩემთვის კარგი შესაძლებლობა იყო გავმხდარიყავი უფრო დისციპლინირებული და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. დავისახე და შევასრულე ამოცანა – დამეწერა თორმეტნაწილიანი საპრეზენტაციო მასალა ჩვენი სატრენინგო კურსისათვის “შექმენი საკუთარი წარმატება”. იგი უახლოეს დროს ქართულ პრესაში გამოჩნდება.
ამით მოვახერხე სამი რამ. პირველ რიგში, მჯერა, რომ ხარისხიანად გავაკეთე კეთილი საქმე. მეორე, შევასრულე ამოცანა ჩვენი ბიზნეს-ცენტრის პროგრამა-მინიმუმიდან. და მესამე, გავაკეთე ეს საკმაოდ დაძაბული გრაფიკის პირობებში, სულ ერთ თვეში. ასე რომ, თქვენთან ერთად, ვისაც გეყოთ მოთმინება მოსულიყავით ამ სტრიქონებამდე, მეც მეკუთვნის რაიმე ჯილდო. თუმც შემოვიფარგლები იმით, რომ დავიტრაბახებ – Vენი, ვიდი, ვიცი.
თუკი იკითხავთ რა დავამარცხე, დაუფიქრებლად შეგაგებებთ ჩემს გამზადებულ პასუხსაც. დავამარცხე სიზარმაცე და იმ აზრთან დაკავშირებული ინერტულობა, რომ “დიდი ხანია არ მიწერია ქართულად და ცოტა არ იყოს გამიჭირდება”. თუნდაც ამით ვარ ძალზედ კმაყოფილი, რომ შევატორტმანე ჩემი მიძინებული უნარები. თვით სწორი და სიტყვაკაზმული ქართული ენა კი სულსა და გულში დიდ ძალას შთამინერგავს.
რა შემიძლია გითხრათ, რაც აქამომდე არ მითქვამს? მართლა არ მინდა ისე გამომშვიდობება, რომ რაღაც ძალზედ მნიშვნელოვანი გამომრჩეს. ეს მნიშვნელოვანი კი თვალსა და ხელს შუა ფერმკრთალდება. შემიძლია კიდევ მოგაწოდოთ უამრავი ფაქტი ან დარიგება, სავარჯიშოები და თამაშები. მაგრამ მთელი ეს სისტემა შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენი ტრენინგების მეშვეობით, სადაც ინტერაქტიული პროცესი და “დასწრების ეფექტი” უფრო გააღრმავებს თქვენს წვდომას სხვადასხვა ფსიქოფილოსოფიურ საკითხებში. ახლა უბრალოდ მინდა შეგახსენოთ რაოდენ მნიშვნელოვანია გამარჯვებული ადამიანის პოზიცია, ეს უძვირფასესი სულიერი მდგომარეობა, რომელსაც ეშურება დიდი და პატარა. იპოვეთ თქვენს თავში გამარჯვების აღტაცება და ყოველთვის ატარეთ გულით ხსოვნა მის შესახებ. ასე მოახერხებთ ამ პოზიციის პროეცირებას გარესამყაროზე.
არსებული მავნე, გამანადგურებელი ჩვევების გასანეიტრალებლად შექმენით მთელი რიგი ახალი  მებრძოლური ჩვევების – ადრე გაღვიძება, დილის ლოცვა და გამამხნევებელი ვარჯიში, დღის დაგეგმვა გენიალური კითხვის ჭრილში: “როგორ შეიძლება ვაქციო სწორედ ეს დღე ყველაზე მშვენიერად ჩემს/კაცობრიობის ისტორიაში?” .
დაიმკვიდრეთ ზნედ გამარჯვებული ადამიანის ჩვევები; იყავით ლაკონური თქვენს გამარჯვებებში და მათ აღწერისას. მოიპოვეთ გამარჯვება ისე ელვისებურად, რომ სხვები მოხედვას ვერ ასწრებდნენ.
აღაფრთოვანეთ ადამიანები თქვენი შეუპოვრობით და გადამდები ენთუზიაზმით. მიიღეთ გადაწყვეტილება, იმოქმედეთ და გაიმარჯვეთ. მოქმედებაში გამოიხატება ადამიანი და არა აზრებში. მოქმედებები ეს ის დელტაა, სადაც ყველა ცხოვრებისეული მდინარე და შენაკადი იყრის თავს – თქვენი გამოცდილება, აღზრდა, განათლება, პიროვნული თვისებები, ტემპერამენტი და სხვა.
მიიღეთ საკუთარი თავი, შეუნდეთ საკუთარ თავს ცოდვები და “ცოდვები”, ისწავლეთ პატიება ჯერ საკუთარი თავის, მერე სხვა ადამიანების. თუ წყენა ან შური გაწუხებთ, მაშინ, როგორც მათემატიკა ან სხვა რომელიმე ზუსტი მეცნიერება, ისე ისწავლეთ ამ განცდებისაგან გათავისუფლება.
თუ რამე ვერ გამოდის იცოდეთ, რომ მოცემულ პრობლემაში უფრო სიღრმისეული ჩანაფიქრია ჩადებული და ასეთი გასაჭირის ამოსახსნელად გონებაში ყოველთვის ატარეთ კითხვა: “რას მასწავლის ეს სიტუაცია?”. იყავით მოსწავლე, ბავშვი და გრძნობათა ყველა ორგანოს საშუალებით სწავლობდეთ სამყაროს, გულით კი ეძებდეთ პასუხებს თქვენს კითხვებზე.
ეძიებდეთ და იპოვეთ ღვთიური, და განიცადეთ სიხარული, რომ ხართ უჯრედი უსაზღვრო ძლიერების, რაც ევლება სამყაროს. ნუ დაელოდებით, რომ რაღაც მოხდეს. ახლა, ახლა, ახლავე დაიწყეთ თქვენი თავის შექმნა. ახლავე შეიყვარეთ საკუთარი თავი, გაიხსენეთ რა მშობლები გყავთ, რა მშვენიერ მიწა-წყალზე ცხოვრობთ, გაიხსენეთ რა მზე დაგნათებთ ყოველდღე. ნუ ელოდებით კატალიზურ მოვლენებს ცხოვრებაში, ეს მცდარი და არამომგებიანი სტრატეგია. იგი ზარმაცი ადამიანების საშუალებაა. თქვენ ხომ რამდენიმე ნაბიჯით უკვე წინ ხართ და ალპინისტივით, რომელმაც აღმასვლა დაიწყო, უკან ვეღარ დაბრუნდებით, სანამდე მწვერვალს არ დალაშქრავთ.
ვამთავრებ რა ამ ციკლს, მიჩნდება ასეთი საამო ფანტაზია, რომელიც უეჭველად რეალობად გადაიქცევა.
ახლო თუ შორეულ მომავალში, სადმე კონფერენციაზე თუ მეგობართა წრეში, ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, მე და თქვენ, ხელს ვართმევთ ერთმანეთს და ვუღიმით.
მე გეკითხებით: “როგორ ხართ, ჩემო მეგობარო?” ან “როგორ მიდის თქვენი საქმეები?”.
ხოლო თქვენ ისე, როგორც სჩვევიათ გამარჯვებულ ადამიანებს, დინჯად და აუჩქარებლად მპასუხობთ:
–              მივედი, ვნახე, დავამარცხე.
გფარავდეთ ღმერთი!

თქვენი ერთგული
სოსო მიქელაძე

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 153,604 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: