წარმატების შესახებ

შექმენი საკუთარი წარმატება – 2 (9)


Clock-Watches“დრო! დრო! დრო! დრო! – ყვირის ყელთან ორთქლმომდგარი ჩაიდანივით ციფერბლატზე სრიალით გადაღლილი წუთების ისარი. და ყვირის უცერემონიოდ, ხშირად უზრდელად, რათა გამოგვაფხიზლოს იმ საუკუნო ძილისაგან, რომელსაც ბევრი ადამიანი მკვდრის რანგში გადაჰყავს.
ცოცხალი მკვდარი! ვინაც არის სოფელში და სოფლისათვის არაფერს მოიმოქმედებს. (თუმც არიან ისეთებიც, რომლებსაც ერთი ქედი თუ მოუხარე მზად არიან თხემიდან ტერფამდე შეგცვალონ, მოგირგონ, გადაგაგვარონ თავის ყაიდაზე და ამას შენთვის გაღებული ამაგი დაარქვან).
დრო რომ არ ყოფილიყო ასეთი დაუნდობელი, კაცობრიობაც არ იქნებოდა ასეთი ბობოქარი, ცეცხლიანი, ქარტეხილიანი. სიზარმაცეს და თვლემას არ ექნებოდა საზღვარი და განვითარების ტემპი. ან რა ტემპი უნდა ყოფილიყო თუ დრო არ იქნებოდა?
ბევრს განგვიცდია – დროის რაღაც შუალედში თითქოს რაღაც ცხოვრებისეულ აღმოჩენას ვაკეთებთ და გვგონია, რომ ალღო აუღეთ ყოფიერებას. თუმც რეალურად ეს მხოლოდ ფრაგმენტებია მონუმენტალური ბარელიეფის, რომელსაც დღენიადაგ ვაგებთ. სინამდვილეში ვართ მარტოსულები, ჩვენი “ამერიკის” ძიებაში მოხეტიალე „კოლუმბები” და „კოლუმბიელები” – არა ნარკობარონები, უბრალოდ, ზღაპრულის მონატრებით გადაღლილი მგზავრებ.
ყოველდღიურ შეხვედრებზე ნაცნობებს, მეგობრებს, ახლობლებს ვეკითხები რა თემაზე დაგაინტერესებდათ წაგეკითხათ სტატია, წიგნი და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის კონკრეტულად რა აინტერესებს, რისი გაგება სურს, რა მოსწყვეტს მის თვალს ყოველდღიურ მონოტონურობას. ძირითადი პასუხები მშრალი და არაფრისმთქმელია. და ისევ მე მიხდება დავაკვირდე და ამოვიცნო, ვის რაზე უფართოვდება თვალის გუგა, ვინ რაზე აბრუნებს თავს, მორბის კისრისტიხევით ახლის მოსასმენად.
განა ცოტაა ასეთი თემები? არ მგონია, თუმც დაზუსტება რატომღაც გაჭირდება.
ყველაფერს მაინც ემოციურობა განაპირობებს, რომელიც ყველა რჯულის და წესის ადამიანს ანდამატივით იზიდავს, რადგან ემოციები ყველაზე გასაგები და დემოკრატიული ენაა, ოდესმე განვითარებულთაგან დედამიწის ზურგზე. ვერ დარჩები გულგრილი, როდესაც ადამის ძეს ნოსტალგია აწუხებს, როდესაც მიჯნურები წმინდა სიყვარულისათვის იბრძვიან, როდესაც უბრალო პიროვნება რაღაცა ჯგუფის კეთილდღეობისათვის თავს სწირავს, როდესაც ღალატი და ერთგულება მკლავჭიდელებივით ერთმანეთს მაჯას უსინჯავენ. და ძნელია დარჩე არხეინად, როდესაც ვიღაცას სასოწარკვეთილება იპყრობს. როდესაც უსუსურობამ და გულგატეხილობამ თითქოს კაცს სიცოცხლის ფრთები ჩამოათალეს, ბრძოლისუნარიანობა დაულეწეს და პიროვნების სულიერი სიმშვიდის შტურმი მარტოობამ დააგვირგვინა.
ძნელია ასეთ სანახაობას უცქირო: კაცის ბეჭები ყრუ კედელს მიებჯინა, მისი გული ანგელოზს უჭირავს, ხოლო საზარელი სიჩუმე თვითგანადგურების ყაშყაშით წყვდიადის საზარელ ბანებს ამცნობს. “მარტო ხარ! მარტო! “და არავის არ სჭირდები!” “ნახე?! სულ არავინ!” “ყველამ მიგატოვა!” ყველამ! ყველამ მიგატოვა!“.
ერთი ლირიული გადახვევა. გუშინ მეგობრის ბებო დავკრძალეთ და ბოლოს, როდესაც მიწას ვაყრიდით, კაცური ხელები გვაკლდა. ძალ-ღონით სავსე მკლავები, რომლებიც დაუღალავად მიაყრიდნენ მიწას პირდაღებულ საფლავს. ვინც ვიყავით, ვიდექით და მთელი გულით ვაყრიდით მიწას ცხონებულის კუბოს. არ ვიცი, ამ სცენაზე გამახსენდა თუ რა იყო, მაგრამ გონებაში წამომივიდა აზრი იმის შესახებ, როგორ მარხავდნენ მოცარტს საერთო საფლავში, როგორ უქნევდნენ ნიჩაბს. მაშინ როდესაც სულ რამდენიმე დღეში მთელი პრაღა ფეხზე დაუდგება ამ ფენომენალური მუსიკალური პოეტის და მოაზროვნის ხსოვნის კონცერტს. რას ფიქრობდნენ ის მესაფლავეები, როდესაც მოცარტს აყრიდნენ მიწას. მოცარტს! რას ფიქრობდნენ, როდესაც გენიოსი ასე უგზო-უკვლოდ ქრებოდა?! და რას ვფიქრობთ ჩვენ, როდესაც ვიღაცის სასოწარკვეთილებას უვლით გვერდს და ვაგრძელებთ ცხოვრებას?
“დრო! დრო! დრო!” – ყვირის ხელში წამზომმომართული მისი უდიდებულესობა დრო. იცის კარგად, რომ ყველა მასთან მივესვენებით, ყველა მისი მორჩილია – შავთვალება და მხიარული, მდიდარი და ოშო რაჯნიში, ყოველი; ერისკაციც და არამზადაც.
და სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ დრო აჩქარდა, წლები დღეებივით უმისამართოდ გადის. გვესმის, რომ სიყვარულმა შარმი დაკარგა, რაც ადამიანმა მთვარეს დააბიჯა, დაიწყო კლონირება, მოხდა სექსუალური, უფრო სწორედ, გენდერული რევოლუცია. ვინ ვართ ჩვენ ამ ორომტრიალში? სად ვართ ჩვენ? რანი ვართ ჩვენ? უბრალო ადამიანები, ჭანჭიკები თუ შემოქმედები, იარაღები თუ შეიარაღებულნი? “ვინ “თუ “რა” ვართ? გვაქვს თუ არა შანსი? თუ ეს მითია და ყველაფერი წინა მიზეზით არის განპირობებული და მოსახდენს ვერ გავექცევით?
…მე ვსვამ კითხვებს არა აბზაცის შესავსებად! მე ვსვამ კითხვებს გამოსაღვიძებლად, ადამიანთა გამოსაფხიზლებლად. როგორც მაცხოვარი იძახის: “…34 ნუ გგონიათ თითქოს მიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი”. (მათეს სახარება, თავი X).
ძილი, თუ თვლემა, ბანგი, ჰალუცინოგენური თუ ვირტუალური რეალობა ჩასაფრებულია ყოველ კუთხეში, საათის ყოველ მეოთხედში. გაღვიძება ძნელია, ძილში დაკარგვა და გაქრობა-გაუჩინარება კი – ადვილზე ადვილი. და როცა ვიღაც გაღვიძებთ, ეს შემთხვევით არ ხდება, ისევე როგორც არაფერი სხვა არ ხდება შემთხვევით. იცოდეთ, რომ რიგი მოვლენების შემდეგ ძილი ცხადში შოკურ ტკივილს იწვევს, რადგან ამ ძილით ბევრი გარეშე არაკეთილისმოსურნე ძალა სარგებლობს.
ხშირია სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის შემთხვევები, როდესაც დრო და დინება იმ კაცის ერთი დიდი იარა ხდება, ვინც დროულად არ გამოიღვიძა.
სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა თანამედროვე სამყაროში არც ისეთი ძნელი და წარმოუდგენელია; ყოველდღე რაღაც ხდება, მძვინვარებს, ინგრევე, ფეთქდება, იცვლება, აღიგვება პირისაგან მიწისა, გვბრალდება და გვწყდება. სასოწარკვეთილებაზე არანაკლებ მძლავრია ჩვენი შემზღუდველი რწმენები (beliefs) – რვაფახა, რომელმაც თავისი უმძლავრესი საცეცები დიდი ხანია ჩაავლო სიცოცხლისა და სხეულის ყოველ მნიშვნელოვან ნაწილს და ისრუტავს ჩვენს საციცოცხლო ენერგიას.
რას ნიშნავს ეს ნახევრადმეცნიერული სიტყვა – შემზღუდველი „რწმენები“? საუბარია გარკვეულ იდეებზე, რომელიც პიროვნებას აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიაჩნია, სწამს მათი უტყუარი ფაქტივით და აქსიომასავით. მაგალითად, პირობითად გავიხსენოთ ერთი-ერთი ასეთი მოსაზრება: “წესიერი ქალი სახლიდან გარეთ საღამოს შვიდ/რვა/ცხრა/ათი საათის შემდეგ მარტო არ უნდა გადიოდეს!” (რა ალტერნატივა რჩება ქალს, ეგ უკვე სხვა დისკუსიის თემაა). უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ასეთი აზრების გამზიარებელი ქალისათვის გარეთ გასვლა საღამოს საათებში პატიოსნების განადგურების ტოლფასი ხდება. იგივენაირად ამ „რწმენამ“ შეიძლება იმ მამაკაცის ტრაგედიას დაუდოს სათავე, ვისაც შესისხლხორცებული აქვს ეს იდეა და შემთხვევით აღმოაჩენს, რომ საყვარელი ქალი დღის ამ შუალედში სახლიდან სადღაც გავიდა.
მაგრამ ეს არის ის მოსაზრება, რომელიც უბრალოდ აისბერგის სათავეში იკალათებს, მის ძირში კი, ანუ პიროვნების მრწამსის საფუძველში, მართლაც ფუნდამენტური იდეები ძევს, რომელთა გაცნობიერება, უთავისუფლებს კაცს უდიდეს სულიერ ენერგიას და უხსნის გზას უფრო სხარტი აზროვნებისაკენ და, შესაბამისად, დიდი ცხოვრებისეული წარმატებისაკენ. ამ საფუძველში ჭვრეტიტ შეიძლება გავიგოთ რა არის პიროვნების საბაზო იდეები, მისი მოტივები, მოქმედების ამოსავალი მოსაზრებები.
ფსიქოლოგიურ საძირკველში ჩასვლის ტექნიკა არც იმდენად რთულია, საჭიროა რუდუნებით ჩაძიება ერთი და იგივე ან მსგავსი კითხვების სერიით. ერთი კითხვის ტექნიკა აძლევს პიროვნებას საშუალებას აამოძრაოს შემოქმედებითი რეზერვები, და ქვეცნობიერების ოკეანეში დაიჭიროს ოქროს თევზი, რომელმაც პასუხების პასუხი იცის.
შესანიშნავ კითხვებს მიეკუთვნება: “რატომ მჯერა მე ამის?“ “რას მაძლევს მე ეს იდეა?” – ეს არის კონცენტრირებული შეტევა ერთ წერტილში, საიდან შეიძლება ქვეცნობიერის ჩაკეტილ ბუნკერში შეღწევა. ნიმუშისათვის ქვემოთ მოცემულია დიალოგი, რომელიც საკუთარ თავთან მსჯელობის დროს შეიძლება განვითარდეს. წარმოიდგინეთ, რომ გჯერათ შემდეგი რამის – ჯობია სხვამ „გადაგიაროთ“ თავზე, მაგრამ თქვენ აქტიურ მოქმედებაზე არ გადახვიდეთ, რადგან თქვენ კეთილი ადამიანი ხართ (თუ ეს იდეა თქვენთვის უცხოა, უბრალოდ წარმოიდგინეთ ადამიანი, ვინც მსგავსი შეხედულებებით ცხოვრობს). ადამიანი, რომელიც აცხადებს და თავის თავსაც უტყდება, რომ “არ შემიძლია შეტევაზე პირველს გადასვლა!” თუ კეთილი აღარ ვიქნები, მიიღე მხედველობაში, რომ შეიძლება დავისაჯო!”
მაშ ასე…დავიწყოთ.
„- არ შემიძლია შეტევაზე პირველს გადასვლა. არ შემიძლია!
– რას გაძლევს ამ აზრის ასე, ამ სახით დამკვიდრება შენს ფსიქოლოგიაში?
– მეტი კომფორტი, მეტი უსაფრთხოება, ნაკლები დაძაბულობა ფსიქიკისათვის, თანაც ბოლოს კარგი ადამიანი გამოვდივარ. ისე კიდევ საკუთარ თავს “კარგობა”შეიძლება ვერ დაუმტკიცო.
– რას გაძლევს ეგ ცნებები: “კარგობა”, “უსაფრთხოება”, “კომფორტი”, “ნაკლები დაძაბულობა”?
– შეიძლება არც ვარ მზად კონფლიქტებისათვის, არ მყოფნის იარაღები, “არმია”, მომზადება?
– რატომ არ ხარ მზად კონფლიქტებისათვის და არ გყოფნის “საბრძოლო იარაღები”?
– არ ვიცი რატომ. არ მინდა კონფლიქტი. მეშინია კონფლიქტის. მეშინია დამარცხების. წინდაწინვე ვიცი, რომ დავმარცხდები. წინდაწინვე ჩაპროგრამებული ვარ მარცხზე.
– რატომ?
– რა ვიცი, არ ვაძლევ ჩემს თავს რწმენის უფლებას. გამარჯვების დაჯერების უფლებას.
– რატომ? რას გაძლევს ასეთი სტრატეგია?
– არ ვენდობი ჩემს არსებას, ჩემს ძალებს, უნარებს… და არ მივიწევ იმისაკენ, რასაც ვერ მივწვდები.
– ვიმეორებ კითხვას – რატომ? რას გაძლევს ასეთი სტრატეგია?
– გამარჯვების რწმენა – დიდი პასუხისმგებლობაა. არ მინდა. მაშინ უნდა თავს ჯაფა დავაყენო, ჯანი დავტანჯო. და რომ არ გამოვიდეს? რომ დავმარცხდე? მარცხები უფრო მეტი იყო ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე გამარჯვებები.
– რატომ ფიქრობ ასე?
– იმიტომ, რომ მარცხები მიდგას სულ თვალწინ და სულ მახსენებენ თავს. როგორც კი რამე ახალი და განვითარებითი მომინდება.
– რატომ?
– არ მინდა მარცხების დავიწყება. არ მსურს მათი დავიწყება. ჩავიციკლე მათზე. არ მინდა იმ „ადამიანის“ მიტოვება ვინც წარსულში დამარცხდა, ვინც „იქ“ დარჩა. მინდა მასთან დარჩენა… და მისი თანაგრძნობა.
– რატომ გინდა „იქ“, წარსულში დარჩენა? რას გაძლევს ასეთი სტრატეგია?
– იმ ადამიანს არ აქვს მოშუშებული ძველი ჭრილობები, ახლაც ვერ ინელებს და ახლა სჭირდება შველა. ამიტომ ომისათვის მზად არ არის, მისი დამარცხება ძალიან ადვილი იქნება.
– რატომ აქვს იმ პიროვნებას მოუშუშებული ჭრილობები?
– მან არ იცის, როგორ გააკეთოს ეს, როგორ უმკურნალოს ჭრილობას.
– რატომ არ იცის?
– არ უსწავლებიათ და თვითონ არ უსწავლია ჭრილობის მოშუშება, პოსტტრამვული რეაბილიტაცია. და პიროვნებასაც არ უცდია ამ ტრამვისათვის თვითონ ემკურნალებინა.
– რას აძლევს პიროვნებას ეს უყურადღებობა საკუთარი ჭრილობების მიმართ?
– ის იმ ავადმყოფის მდგომარეობაში დგება, რომელმაც თითქოს შედარებით უმტკივნეულო პოზა აღმოაჩინა და არანაირად გატოკება არ სურს, შიშით უარესი ტკივილი არ დაემართოსო. ტკივილი მართავს მას.
– რატომ მართავს ტკივილი ამ პიროვნებას?
– ის პირველი ტკივილები ძალიან ძლიერი, თავზარდამცემი, მოულოდნელი და გამანადგურებელი იყო.
– რატომ იყო ის პირველი ტკივილები ასეთი ძლიერი?
– იმიტომ, რომ ბევრი ილუზიები ჰქონდა და, შესაბამისად, დაუცველზე დაუცველი იყო.
– დღეს რატომ რჩება ის წარსულის პიროვნება კვლავაც წარმმართველი და განმსაზღვრელი მრავალი თანამედროვე სასიცოცხლო პროცესის? რას გაძლევს იმ დაჭრილი პიროვნების პრობლემების მუდმივად წინა პლანზე გადმოტანა და არა უბრალოდ განკურნება? როგორ შეიძლება მოხდეს თანამედროვე პიროვნების მიერ იმ ტრამვების მოშუშება?“

დააკვირდით რა მოხდა?! საიდან სად მოვედით! მსჯელობით, კვანძების გახსნით, ერთი მარტივი კითხვის მუდმივი გამეორებით; აღმოჩნდა, რომ თავის არიდება აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის დაკავებაზე მოდის იქიდან, რომ ფსიქოლოგიურად ტრამვირებულია შინაგანი პიროვნება, “მე”-ს ერთი ნაწილი. და ეს ნაწილი რეალურ პიროვნებას წარსულიდან მუდმივად თავს ახსენებს, უგზავნის “SOS”-ის სიგნალებს. იგი რეგულარულად ამუხრუჭებს რეალურ პიროვნებას, სთხოვს რა:
• დახმარებას და ცვლილებების წარმართვას;
• დამატებითი რესურსების მოძიებას;
• მეტი ტოლერანტორებას წარსულის მარცხებისადმი;
• სრულფასოვან ზრუნვასა და სიყვარულს;
• გარკვეული ბარიერის გადალახვაში დახმარების აღმოჩენას;
• სინამდვილესთან დაახლოვებასა და ადაპტაციას;
• სინერგიული ფსიქოლოგიური სიმრთელის ჩამოყალიბებას;
• სითბოსა და გრძნობების გამოვლენას.
ჩვენ, ადამიანები, ხშირად ვერც ვასწრებთ ბოლომდე გავიაზროთ და ავითვისოთ მიმდინარე მოვლენების შინაარსი, მაშინ ტრამვატული სიტუაციების შედეგები, როგორც ნაღმის ნამსხვრევები, მომავალში გვეწევა და გვაწუხებს ხოლმე. ამიტომაც ფსიქოლოგიური და ეზოთერიკული სკოლები კლიენტებსა და მოსწავლეებს გარდასულ დღეთა თავგადასავლებში ურჩევენ დაბრუნებას. ურჩევენ დაშალონ წარსული ნაწილებად, ეპიზოდებად, „შეარემონტონ“ ზოგიერთი უბნები, გადაასწორონ სცენარები, შემდეგ ისე ააწყონ, რომ აღარაფერზე არ იფიქრონ და უბრალოდ დატბკნენ შედეგებით. შედეგები კი ხშირად მართლაც ფანტასტიურია!

ასეა თუ ისე, ნებისმიერი წარმატება უნდა აიგოს მყარ საძირკველზე, მოწესრიგებულ შინაგან სამყაროზე. როდესაც ადამიანს საკუთარი თავი არ მიუღია, საკუთარ იარებთან არ უსაუბრია, სულიერი ტკივილი უგულუბელყო, მისი ძალა და გავლენა მოჩვენებითია. იგი კაცს ჰგავს სახარების ერთ-ერთი იგავიდან, ვინაც სახლი ქვიშაზე ააგო. რარიგ შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს მთელი მისი ზედნაშენი, პატარა შეტორტმანების შემდეგ იგი ხუხულასავით ჩამოიშლება.
ამიტომ ვსაუბრობ ამდენს საკუთარი თავის მიღებაზე, საკუთარი თავის პატიებაზე, მონანიებაზე საკუთარი თავის წინაშე, საკუთარი ფასეულობის გაცნობიერებაზე, შინაგანი ტკივილებისაგან გამომზეურებაზე და განკურნებაზე. ეს არის საძირკველი წარმატებისა – მყარი, ჯანსაღი და მრთელი შინაგანი სივრცე.
“…24. ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. 25 მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს. ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული…”
(მათეს სახარება, VII)

“დრო! დრო! დრო! დრო!” – გავეშებით დაგყვირით დრო. და თქვენ გეძახიან სახლში, გიგზავნიან შეტყობინებას მობილურ ტელეფონზე, გწერენ წერილს. ცდილობენ როგორმე, როგორმე მოგწყვიტონ ფიქრებს საკუთარი სულიერი გამარჯვებების შესახებ.
ბოლო ჯამში არჩევანი თქვენზეა; ესაუბროთ ღმერთს და იფიქროთ წუთისოფელზე თუ ესაუბროთ წუთისოფელს და იფიქროთ ღმერთზე.
აშენეთ თქვენი ცხოვრება კლდეზე.
© SM, სოსო მიქელაძე, ნარკვევების სერია „შექმენი საკუთარი წარმატება – 2“

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 144,086 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: