მოთხრობები (2006 - 2015)

მომლაპარაკებლები


ზუსტად აღარ მახსოვს როდის მოხდა ეს ამბავი. ოდესაში დაუვიწყარი ვიზიტის წინა დღეს, თუ მაშინ, როდესაც პირველად ჩავერთე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებისათვის ფილმების ჩვენების პროექტში. ორივე ძალიან საინტერესო მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში – ერთი ტვინისა, ჭკუის, ვოკალის აწყვეტის ხანა, როდესაც თავი რამის რობერტ პლანტი ან კლაუს მეინი მეგონა – მერე რა, რომ უფრო მცირე მასშტაბით კარაოკე „უტიოსოვი“-ში ან რესტორან „შავ ზღვაში“. ციხის პროექტმა კი მაგრძნობინა, რომ ისევე, როგორც ყოველწუთიერად ქვესკნელში ვართ ცალი ფეხით, ასევე ყოველ ძეხორციელს დამოკლეს მახვილივით ციხის აჩრდილიც თავზე დაჰფარფატებს. ქვეყანაში, სადაც ორმაგი სტანდარტია სტანდარტი, ნამდვილად გარანტირებული არ ხარ, რომ პენიტენციალური სისტემის გარემონტებულ კედლებს შენ გვარ-სახელით არ დაამშვენებ…
ოდესური დღეები მაინც არაორდინარული რამაა. იქ განსაკუთრებით ერთმა მეგობარმა (კოდური სახელწოდებით – გიორგი) გვაასახელა. იმით, რომ დიდი ქარიზმით იბრწყინა ელიტარულ ოდესურ კლუბ „პალადიუმში“. ნოემბრის დასაწყისი იყო და ქალაქში მძვინვარებდა ღორის გრიპი, რომელიც თითქოს ჩვენს ჩაბრძანებას ელოდა და ხელ-ფეხი და ყველა შტამი და შტანდარტი გაშალა.
კლუბის მრავალი სტუმარი ცხვირ-პირახვეული დადიოდა, გიორგი კი დაძრწოდა მარტოხელა მგელივით მაგიდებს შორის და კლუბის კოხტა ქალბატონებს გალანტურად ეცნობოდა.
–         ბლა-ბლა-ბლა-ბლა-ბლა-ბლა!
–         ბლა!
–         ბლიააად! – (ეს იყო გიოს ჩვეული გამოსამშვიდობებელი ფრაზა!)
მთელი ოდესის წიწკვობა და „ვზროსლები“ „ჰელოუინს“ ზეიმობდა და მრავალი კლუბი გადაჭედილი იყო. პროგრამაში ჩასმული იყო გრანდიოზული გროტესკულ-სიურეალისტური დადგმები.
ღამის კლუბი „პალადიუმი“ აპოკალიფსს წარმოადგანდა, რაზეც მოიწვია უკრაინის საუკეთოსო შოუ-რეჟისორი. მაგრამ გიოსთვის ამ ესთეთიკურ-კულტურულ ელემენტებს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მთელი გასული დღე უყურებდა გრიპით გარდაცვლილებისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო გადაცემებს და უკვე რიგიანად იყო „დაბოლილი“ სიკვდილის თემატიკით.
თავდაპირველად იგ ერთ, მარტოდ მჯდომ გოგონას მიადგა და ყბედობაში ჩათრევა მოინდომა. არ ვიცი ისეთი რა უთხრა იქ – „გოგლი-მოგლი პატარა გოგო“ თუ რა, – მაგრამ შორიდანვე შევამჩნიე, რომ ქალს ენა ჩაუვარდა.
მალე ამ გოგოს ბიჭიც მოუვიდა და გიორგის ჩაეძია:
–         ეჰ, ჩუვაკ, რა გინდა?
გიომაც არც აცია არც აცხელა: „შენ რაღა გინდა აქო?“
–         ჩემი ცოლია, ბიჭო!
რაზეც დიდებული გიო არ დამებნა და გოგოს მიუბრუნდა:
–         ეს მართლა შენი ქმარია?“
–         „კი ჩემი ქმარიაო!“ – გოგოს უკვე წარმოედგინა, რომ გვარიან ცემა-ტყეპას არ ასცდებოდნენ.
კაცურმა კაცმა პასუხად მკერდზე მუშტის დარტყმებით დაახალა:
„ბიჭო, მე კიდევ იცოდეთ, რომ ქართველი ვარ!“ გაიგე!!!
–         კი, გავიგეთ-ო!
და გიორგი გაეცალა არემარეს. (ნუ დაახლოებით ბაში-აჩუკის ალუზიას ვხედავ აქ!).
სიმართლე გითხრათ, გიოს იდუმალი ფრაზის აზრი დღესაც ვერ დავადგინე…
იყო ერთი მაგარი მომენტი იმ ოდესის ვოიაჟში, რაც არ შემიძლია არ გავიხსენო, მიუხედავად იმისა, რომ თხრობის ძირითადად მოვლენას ცოტა დავშორდებით. ეხლა, ასეთ მონადირე ქართველის არქეტიპად მე გიორგი ვახსენე. თორემ კლუბში შესვლისთანავე გახურებული, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ქართველების ხროვა,  ვანდალების ულმობელი კოჰორტასავით დავერიეთ მომხიბვლელი ოდესელი ქალების ამორფულ დინებებს.
რა თქმა უნდა, როცა მშიერი ხარ, ვერ დაპურდები. როცა ღაღადებ, ყურადღებას ვერ ეღირსები!
თან ოდესელი ქალები, როცა ხედავდნენ ამ ნაკვერჩხლებივით მთრთოლვარე ქართულ თვალებს, არავინ გაიმეტებდა ჯეროვან სულიერ საკვებს ჩვენთვის. ბიჭები დაწანწალებდნენ კლუბის უზარმაზარ ფოიეში, როგორც იურული პერიოდის დინოზავრები. ჰარიქა  უკვე მეათე წრეზე შევხვდით ერთმანეთს, ხან რომელ იარუსზე, ხან რომელზე. თითო-ოროლამ ვიღაც გაიცნო, ზოგმა ვერც გაიცნო და რევანშისტული განწყობილების ბოღმა ახრჩობდა. მაგრამ მთლიანობაში არაფერი რეალური არ ხდებოდა.
ამასობაში კი კლუბის სცენაზე რაღაც არნახული და არსმენილი შოუ მიდიოდა. ჯერ ოდესის სამოდელო სახლის ლამაზმანები გაშიშვლდნენ და მაღალი ჩექმებით სეირნობდნენ პოდიუმზე. მერე წავიდა წმინდა სიგიჟე: რაღაც ავატარებით, ზომბებით, აფრიკელებით, ტრანსვესტიტებით, კუდიანებით და კომბინეზონებში შემოსილი ორმეტრიანი ტიპებით, რომლებსაც შუბლებზე უზარმაზარი რქები ჰქონდათ, რობოტებით, პეპელა-ქალებით და კაციჭამიებით. ბოლოს ჩინელებმა და ზანგებმა კუბოც კი გამოიტანეს. კუბოდან ჯექსონი და „თრილერიდან“ მისი ზომბების გუნდი ამოვიდა და ცოტა შეყუჩებული „დქცქ-დქცქ“ ახალი ჟინით აგიზგიზდა…
ასე იყო თუ ისე, ბევრი აღარ აკლია შოუს, ხალხი რამის რეკავს (სასწრაფოში არა)… მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი ამაოდ! ქართულ მონდომებულ თვალებს ვერაფერი ჩააქრობს. სადაც გაიხედავ, ჩასაფრებული მგელოლომოზავრებივით ქართულ ლაზერებს ასხივებენ დაუღალავად და შეუსვენებლივ დაძრწიან ქართველი ახოვანი ჭაბუკები. ბოლოს არაქათგამოცლილი რამდენიმე ყმაწვილი უკან ბრუნდება და სკამზე ჩამოესვენება. ეგრევე მიდის რამდენიმე „ასიანი“ ვისკი, რომ ცოტა თავდაწვიწყებას მიეცეს მარცხთა სიმრავლე. გონება გაითიშოს, კავკასიური შებოჭილობა განქარდეს და ახტუნებულ-ატაცებული ცნობიერება დამკვიდრდეს…. ვისკი, არაყი, ვისკი, რომი…
მუსიკა უკრავს, ვგონებ, 1000 დეციბელზე; სულ ცოტაც და ჩემი ყურები გადმოაფურთხებს ნიჟარებს, ლოკოკინებს, ვესტიბულარულ აპარატს, მეორე ყურს და ლამის ჩემს გვერდში მჯდომ ადამიანებს. მიუხედავად მიღებული ალკოჰოლისა, ერთმანეთს გაოგნებული და დაკნინებული სახეებით ვუყურებთ. ჩვენ ხომ ძირითადად ოფისის პატარა და წკმუტუნა არსებები ვართ და უღიმღამო ობივატელურ ცხოვრებას ვეწევით. იუპიტერები და ეს თავზარდამცემი განათება რაღაც დანტეს მოგზაურობას მაგონებს ჯოჯოხეთში. ამასთანავე უკვე 40 საათია თავად მე ვარ უძილო და მზად ვარ ნება მივცე ჰალუცინაციებსა და სინამდვილეს ერთმანეთს ჯიგარში ჩაეხუტნენ.
დაბუნდული მზერით ვამჩნევ, რომ ჩვენს მაგიდას მაღლიდან პერიოდულად დაკუჭული ხელსაწმენდები ეცემა. და ამის კვალდაკვალ, ამ მხეცურ ხმაურში მესმის (!) მამაკაცის განწირული, გულამოსკვნილი ხრიალი. ვგრძნობ, რომ ჩემი ბრაზი ჟელესავით იწელება და მას მისდევს ჩემი თვალებიც. მაღლა აივანზე ვხედავ გაგას, ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს, თსუ-ს ახალგაზრდა პროფესორს, იურისტს, ადამიანთა უფლებების დამცველს, რომელიც გაშმაგებული ბღავის – რამის ხელსაწმენდებს ხმის იოგებიც მიაყოლოს და სუფრაზე ჩამოგვიფხვნას. მის სახეს სასაკლაოს საშინელებათა მოწმის შეძრწუნება ემჩნევა!
–         გიარგიიიიეეეეეეეეეეეეეეეე! გიარგეეეეეეეეე! ჩჩქაააერარარარარარაარრა!!! გიააარგგგგეეეი!
გიორგი თავზარდაცემული წყდება ადგილს და თავქუდმოგლეჯილი მიჰქრის მეგობრის დასახმარებლად. იცის, რომ ლუციფერის ამ პატარა სამთავროში, გაგა, უთუოდ, რაღაც შარში გაება.
გაგა ხელს ავლებს გიოს და ორივე ერთად სწრაფად მიიწევენ სადღაც კლუბის სიღრმეში. თუმც, ვატყობ თუ იმედი მაფიქრებს ასე, ცოტა მოშვებული ნაბიჯით მიდიან მეგობრები.
ორი ქართული ახმახი საცოდავად ეკურკურება მთელს შენობაში, ვგონებ,  ყველაზე შეუხედავ გოგონებს…
–         „ნახე, რა გოგო უნდა გაჩვენოო“! მეთქი კლავენ და სცემენ და „რა გოგო უნდა გაჩვენოო“?!! ვაიმეე! ჭედავს ეს ხალხი! – ხარხარებს უკანდაბრუნებული დამარცხებული გიორგი. – ეგ ვისთან მიმიყვანაააააააა! ბიჭოოოო! „რა გოგო უნდა გაჩვენოოოო“!!!
ოდესის ისტორიები ბევრი მაქვს თქვენთვის მოსაყოლი, ძვირფასო მკითხველო. თუმც ამ ჩანაწერს მეორე გმირიც ჰყავს. ჩემი მეგობარი ლადო, რომელიც კურიოზების კუთხით არაფრით არ ჩამოუვარდება თუ არ აღემატება გიოსა და გაგას.
ის დრო იყო, რაღაც საქმეები მოვაგვარე და სანამდე ჩემი რეისი იქნებოდა – გადავწყვიტე დავკავშირებოდი ბავშვობის ახლობელ მეგობარს, წარმატებულ ბიზნესმენს ლადო ***ს.
ნუ ლადოზე რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, წამოახედო და აწერინო შექსპირს, ბრეხტსა და სოფოკლეს, ათამაშო ლოურენს ოლივიეს, რობერტ დე ნიროს თუ ჩაპლინს, მაინც ლადოს ორიგინალურობას და გიჟურ ამბებს ვერ გადმოსცემ სრულფასოვნად. ქართული ეკონომიკის ეს ღვაწლმოსილი ვეშაპი,  გამოირჩევა რიგი უნარ-ჩვევებით – მაგალითად, აქვს ბულდოგის „პრიკუსი“, თუ კბილის ქვეშ სარფიანი საქმე ჩაიგდო. მისთვის მაშინვე იკარგება დროის, სივრცისა და ენერგიის განზომილებანი. ლადომ იცის თბილისის ყველა საუნის ასავალ-დასავალი, ფასები, რეიტინგები, ნაშობა და ა.შ. ყველასთან და ყველაფერთან, რაც მოძრაობს იგი საოცრად კომუნიკაბელურია, თითქმის არაფერი არ სწყინს და არც გამოხატავს. ის გულითადად დაგეხმარება მოძებნო სასურველი ქალბატონი, თუმც ამაყად და დაუფიქრებლად აცხადებს, რომ „ფულზე არ ჟიმაობს“. საკმაოდ დაბრძმედილი, დასაოჯახებელი ლადოსათვის იდეა-ფიქსი ბევრი ფულის შოვნაა და მთელი მისი არსება გადატვირთულია ბიზნეს-იდეებით: დაწყებული საბჭოეთის დროინდელი „მამალოების“ ყალიბების შოვნით და ამ წარმოების აღდგენით, ბორდელების ამუშავებით და, მეორეს მხრივ, ლათინური ამერიკიდან ქალების შემოყვანით დასრულებული. როცა ლადო გელაპარაკება გრძნობ მისი გასხივოსნებული და კონცენტრირებული გონის მთელ ძლევამოსილებას. ის პირიდან გტაცებს იდეებს, მზად არის რამეში მომენტალურად დაგსაქმოს ან მიგაგზავნოს ვინმე ბიზნესმენთან ახალი ამბის ან საინტერესო პროგნოზის გამოსაწველად. გესტაპოს მაღალჩინოსანივით ლადო სულ ფილტრავს და კრეფავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, მეგობრობს ათასი ჯურის ხალხთან, თბილისში ლამის ყველა ქუჩა იცის, და შეუძლია, როგორც თვითონ ტრაბახობს, მძ…რიც კი გაყიდოს. საერთოდ, თბილისში ლადოსთან ერთად გასეირნება ერთი სრული ცხოვრებაა. ვერ გაიგებ სად, როდის რა ვითარებაში აღმოჩნდები. მახსოვს, როგორ მიჰყავდა მოტყუებით ერთი ირანელი ბიზნესმენი გოგირდის აბანოებში, მერე ორივემ თავი ამოყვეს რომელიღაც რესტორანში პარლამენტის დეპუტატების სუფრაზე. აი ასეთ კაცთან მომიწია გაფრენამდე საღამოს გატარება.
ლადო საკუთარი ავტომობილით მეტრო „ახმეტელთან“ მობრძანდა. მას ვიღაც ნაცნობი ახლდა, რომელმაც სთხოვა გაეყვანა იგი ლილოს ბაზრობაზე. რადგან ნებისმიერ თხოვნასა და საქმეს ლადო განიხილავს, როგორც „მე“-ს ძლიერ გამოწვევას, ამიტომ  ყოფით სიტუაციებში იგი უმეტესწილად ავანტიურისტულ გამოსავალს ამჯობინებს. აქაც მან არჩია, რომ ეს ნაცნობი კაცი  გლდანიდან ლილოში „აბიეზდნოით“ გაეყვანა.
გზად ხდება რიგი ნაკლებად საინტერესო ამბების, რაც ძალზედ დამახასიათებელია ლადოსათვის. მაგალითად, „აბიეზდნოის“ მთავარი მონაკვეთი გაშმაგებული რემონტის პროცესშია და მთელს გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობის გამო მტვრის ისეთი ღრუბლები დაცურავს, რომ 5 წუთის განმავლობაში ხილვადობა ათიოდე მეტრს არ აღემატება. როცა საგზაო საფარი ასფალტში გადადის, ლადო მანქანას ავტოსტოპით მოგზაურ ქალს უჩერებს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ალხანა ჩალხანას შეხვდა – წყვილი მალე იმდენად უცენზურო დიალოგს აწყობს, რომ მე, რომელსაც არცთუ ურიგო გამოცდილება მაქვს ზოგიერთ რეკორდსმენ პირმყრალ მძღოლებთან ურთიერთობისა, ასეთი გახსნილი საუბარი ცოტა არ იყოს მეხამუშება. ქალი ჰპირდება ლადოს „პატარა გოგონების გამოყვანას“. ნეტავი თუ დაკვირვებიხართ, რომ ეს ტერმინი ძალიან მოსწონთ ოცდაათს გადაცილებულ ქართველ მამაკაცებს – „პატარა გოგონების გამოყვანა“.  ჩემი აზრით, თავს უმტკიცებენ, რომ ხვადი ისევ ხვადობს,  ასაკში შესული უფრო მშვენდება, ხოლო მისი ქარიზმის შარავანდედში კი ლივლივებენ დაპყრობილი ქალების თავები…
ლადოს თხოვნით ლილოს ბაზრობაზე შევდივართ, სადაც ლადო ჯინსს არჩევს. გამყიდველი გოგონა, იშვიათი მომხიბვლელობის, ნატიფი ღიმილის და უბრალო ქცევის პატრონია. თუმც გინესის რეკორდების წიგნში შესატანი ლьо-ებით გვეუბნება:
– ჩემი საქონელьი არაა, მე გამყიდველьი ვარ უბრაльоთ. თბილისელი კი არა, მთიული ვარ. ბოლьоს რომელьჲ ჯენსი უნდა აიღოთ?!“
–                     ნომერი, ტელეფონის ნომერი ჩამაწერინე! – გაუდის ლადოს, რომელმაც კარგად იცის შანტაჟის აუციльებლობა მოლაპარაკებების წარმოების პროცესში.
წამოსვლისას იგი სიყვარულьით გადასძახებს გამყიდველს: „ეეე, დაგირეკავ!“.
ესაა გამოვლინება იმ მომენტისა, როდესაც ლადომ მოიწადინა საქმეები გადაედო ცოტა ხნით მაინც  და უფულльоოდ ეჟიმავა.
ლილოს შემდეგ სადღაც „ვასმოი პოლკის“ ბაზრობასთან ავტომობილის ნაწილისათვის ვჩერდებით. გზად ლადო წაბლის შთამბეჭდავ რაოდენობას უღებს ბოლოს, ხოლო ნაჭუჭებს ფანჯრიდან პირდაპირ გზატკეცილზე ისვრის და თან მარიგებს:
–         გადაყარე, გადაყარე ფანჯრიდან! მიდი, რას ინახავ?! მერე ისევ მანქანაში უნდა დამიყარო მაინც!
ვარკეთილიდან კიდევ ორ თუ სამ პუნქტი ვლაშქრავთ და ბოლოს ლადო მეტისმეტად სერიოზული ხდება. ადგილი აქვს რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევას!
–         ერთ ადგილზე უნდა მიგიყვანო. ეე, მისმენ?! შენი ტელეფონი ხომ იღებს სურათებს?! სურათი უნდა გადაუღო?
–         რას უნდა გადავუღო?
–         გაიგებ. იქ რომ მივალთ… მთავარია, ტელეფონი ხომ იღებს სურათებს? კარგად იღებს?
–         კი, რა ვიცი, ნორმალურად.
–         ვსიო, უბრალოდ სურათი გვინდა.
სადღაც ელიავას ბაზრობის ზემო უბანში ლადო მანქანას დიდი მაღაზიის წინ აჩერებს. ვიცი რა, რომ კიდევ ერთ საეჭვო წამოწყებაში უნდა გამხვიოს, დაეჭვებული მკაცრად ვეკითხები.
–         ეს რა ადგილია?
–         ეს არის, რაც არის! მთელი თბილისის ელიტა… ტორტებისა და ნამცხვრების მაღაზია. ყველაფერი, რაც გინდა… ნახავ… – და ლადო ხელის მტევანს იქნევს.
მერე იგი წარბს მაღლა ეწევა და წამიერი შეყოვნების შემდეგ ავტორიტარულად დასძენს:
–         ეხლა… შენ ხმა არ ამოიღო. მე ვეტყვი, რომ ხელოსანი ვარ, დურგალი. შენ „პროსტა“ ტელეფონი წამოიღე.
–         მე რაღას წამოვიდე? მოდი-რა შენ წაიღე ტელეფონი და შენვე გადაიღე…
–         – წამოდი რა, რა უნდა აკეთო მანქანაში?! თანაც გაერთობი. წამო-წამოდი!
–         რით უნდა გავერთო?
–         წამო-რა. კაცი არა ხარ?!
ლადოს კაპრიზებს წინ ვერ დაუდგები. ამიტომ მეც მივდევ მაღაზიაში დასაკლავად გამზადებული ხბოსავით.
მაღაზია იკავებს დაახლოვებით 200 მ2 ფართობს და მისი ინტერიერი წარმოადგენს საოცარ სანახაობას. ბავშვობაში ასეთი მაღაზიიდან, ალბათ, აღარც გამოვიდოდი. ტორტის ფორმები – ვარდები,  გვირილები, ბრჭყვიალები, ფორმები, შპაგები, გამომცხვარი ნატურალური მოცეკვავე კაცუნები, შეყვარებული წყვილები, ცხოველები, რომლებითაც შეგიძლია ნამცხვარი ან ტორტი მორთა. ათასი ფერი და ფორმა, თეფშები, ლანგრები, სერვიზები, სამზარეულოს ხელსაწყოები, სამარილეები, საწვნეები, სანელები, შაქრის პუდრები, „კანფეტტი“, წინსაფრები, წიგნები, კატალოგები, რაც შეუცვლელია მოყვარული თუ პროფესიონალი მზარეულისათვის. ყველაფერი მოხდენილი და დახვეწილია. როგორც იტყვიან, სულო და გულო!
ლადო მიეშურება მაღაზიის მეპატრონესთან. მასში ზეწამოიმართა პროფესიონალი ბიზნესმენი. იგი უხმობს მომლაპარაკებლის მთელ ოსტატობას და ცოტა ხანში ისე მიჰყავს საუბარი, რომ მფლობელი მის მიმართ საგრძნობი ინტერესით განეწყობა.
–         მე და ჩემს მეგობარს, ქალბატონო, გვაქვს ხის დამამუშავებელი სახელოსნო. საამქრო-რა. და ვამზადებთ  სამზარეულოსათვის საჭირო ხის ნივთებს. აი, ვთქვათ, ქალბატონებისათვის გვაქვს განსაკუთრებული კოლექცია. ყველაფერი გვაქვს ასორტიმენტში… თქვენთანაც შემოვიტანთ, თუ შევთანხმდებით. ხე-მასალა უმაღლესი ხარისხის, ნატურალური, ფასებიც ისეთი იქნება, რომ ორივესათვის ხელსაყრელი იყოს. ხარისხი არანაკლებია ამ თურქული საქონლის… ან, არ მინდა ვთქვა, და რა შედარებაა?! თანაც ჩვენი მოწოდება იქნება სისტემატური და ავეწყობით მომხმარებელზე-რა. ეხლა უბრალოდ გვინდა, რომ სურათი გადავიღოთ იმისა, რაც ეხლა აქ გაქვთ…
–         კარგით, კარგით… – ამბობს მფლობელი. ეს ფაშფაშა დედაკაცი, უდაოდ, ხშირად სწყალობს საკუთარი მაღაზიის საქონელს.
იგი ბრუნდება საწყობის განყოფილებისაკენ და ხმამაღლა იძახის:
–         – რამ-აააზ, მოდი აბა. ამ ბიჭებს მიხედე ერთი…
ამ დროს ჩვენ მივეშურებით იმ დახლისაკენ, სადაც სამზარეულოს ხის ნაწარმის მთელი არსენალია წარმოდგენილი. ცოტა ხანში ჩვენსკენ ერთი ახალგაზრდა, ათლეტური აღნაგობის, მაღალი მამაკაცი მოდის. იგი გვიახლოვდება და მშვიდი ინტონაციით გვეკითხება:
–         გისმენთ. რა გნებავთ?
ლადოს რა დააბნევს და კახურ-თბილისურ-ბიზნესმენური პირდაპირობით ეუბნება.
–         იცი, რა არის, ძმაო. ცომის საბრტყელებლები მაინტერესებს და სურათები მინდა გადავუღო.
–         ცომის საბრტყელებლებს სურათი გადაუღო?
–         ხო, რა მოხდა?!
–         არც არაფერი. ცომის საბრტყელებლები გინდათ? – რამაზის მშვიდი სახე ცოტა იცვლება. – რომლები?
–         აი, ეგ უკვე შენ უნდა მითხრა. ნუ ეს პატარები, მაგალითად, მაჩვენე ერთი…
რამაზი მიგვიძღვის დახლისაკენ, რომელსაც საბრტრყელებლების მთელი არმია ამშვენებს.
–         აი, რომ შემოვიტანო-რა, ხო ხვდები… მე ვამზადებ, მწარმოებელი ვარ, მე და ამ კაცს სახელოსნო გვაქვს. შენ გვითხარი, რომელი გაიყიდება? – კითხულობს ლადო.
–         რა, გითხრათ?! ეს პატარები უფრო მოსწონთ,  საერთოდ… კაია, რა. ხელში უკეთ ჯდება. ზომებშიც კაია.
–         ანუ ეს პატარები გავამზადო?
–         იცი-რა… რას გეტყვი! მოდი აი ეს პატარები ჯობია.
–         როგორ?
რამაზი ყურადღებით ჩახედავს ლადოს თვალებში და ჩვეულებრივად ეუბნება:
–         მოდი, აი ეს პატარები გამიკეთე…
–         როგორ? – ეკითხება ლადო, ვითომ ვერ ესმის რამაზის ბოლო წინადადება.
–         აი, ასეთი გამიკეთე. – ეუბნება რამაზი.
–         აი, ეს? – ეკითხება ლადო, და ხელში იღებს ერთ-ერთ საბრტყელებელს.
–         ხო-ხო… აი ასეთი მაინც უნდა გამიკეთო, რომ მაწყობდეს! – პასუხობს რამაზი და აჩვენებს მკლავის სიგრძის ნახევარს, იდაყვამდე.
თავი მგონია ქუჩური ღადაობის მონაწილე და ძლივს ვიკავებ სიცილს. მაგრამ რამაზი იმდენად სერიოზულად ლაპარაკობს – უკვე ვეღარ მესმის, ეს კაცი არატრადიციული ორიენტაციის არის თუ თავის საქმეზე მეტისმეტად შეყვარებული.
–         აბა როგორი? – არ ეშვება ლადო.
–         აი, ნუ ამაზე დიდი არ მინდა-რა… – იძახის რამაზი.
–         და დიდი რომ იყოს რა? არ შეიძლება? – ლადოს ცნობისმოყვარეობა აქ პიკს აღწევს.
–         ვერა-რა, ხალხს დიდი აღარ უნდა…
–         ანუ რამდენი, ორი მტკაველი გაგიკეთო?
–         აი, ხო ხვდები, სიგრძე უნდა ისეთი მისცე, რომ მუშაობაში ხელი არ დაიღალოს! მე აქანე, ელიავაზე, საცხობი მქონდა… ხაჭაპურის ცომში ასეთი უნდათ ყველაზე ძალიან…
–         ხო, გასაგებია. ანუ სადღაც მაჯის სიგრძე?
–         აი, უყურე, რამხელა? ამხელა! აი! – რამაზი ჩვენს თვალწინ ერთი ათჯერ ზომავს საკუთარ მკლავს მწველი სურვილით გვაჩვენოს რამხელა უნდა… ეს ავადსახსენიებელი ცომის საბრტყელებელი.
–         მოკლედ ერთი ოცი სანტიმეტრი-რა…
რამაზი გულგატეხილად ოხრავს.
– მოიცა!
იგი მიემართება სალაროსაკენ და უჯრაში ჩხრეკის შემდეგ პოულობს იქ 30 სანტიმეტრიან სახაზავს.
–         აი, უყურე… 25 სანტიმეტრს ნუ გადააცილებ-რა. ოღონდ არც ამაზე პატარა. დამიჯერე.
–         ესე იგი დიდი არ გვაწყობს?! – კითხულობს ლადო და ფიქრებში იფლობა. – აი, ის, დიდი მაგალითად, აგერ 50 სანტიმეტრია. ის რისთვის-ღა არის?
–         ეგ, აი დიდი ცომი და ტორტები სადაც არის, საკონდიტროებს მიაქვთ-რა, ძირითადად. იმას დიდი ძალა უნდა…
–         ხო, ამას უყურე! – მომმართავს ლადო სრული სერიოზულობით, ხელში იღებს რა გრძელ საბრტყელებელს. – რამხელაა, არა?! ვეტყვი და სურათები გადაუღე….
–         ჰმმმმ.. – ვერაფერს ვეღარ ვეუბნები, ვიცი რომ სიცილი უდნა წამსკდეს.
–         ხო-რა, დამიჯერე… – ეუბნება რამაზი და მეც მათვალიერებს. – გამიკეთე 25 სანტიმეტრი და ხალხიც კმაყოფილი იქნება და შენც… თან ერთი რამე გაითვალისწინე…
–         რა-რა? – ინტერესდება უფრო მეტად ლადო, იმედით რომ მნიშვნელოვან დეტალს დასტყუებს მოსაუბრეს.
–         აი ასეთი სისქისა უნდა გამიკეთო. აი ხელში უნდა ჩაჯდეს კარგად.
რამაზი საჩვენებელი და დიდი თითით აკეთებს რკალს.
–         მიცქირე… აი! აი! აი ეს არ უნდა დაიღალოს… – რამაზი ხელისგულებს ერთმანეთს უსვამს. – ხელი არ უნდა დაეღალოს მუშას, თორემ მე „ატვეჩაი“ ვერ ვიქნები. მაჯაში არ უნდა დაიღალოს მზელავი. მაჯაში უნდა ჩაჯდეს-რა. ხო იცი, მზელავის მთელი ხელობა მაჯის ძალაა?!
ორი ზრდასრული მამაკაცი, თითქოს ორივე ნორმალური ორიენტაციის, ერთი მაინც დანამდვილებით, დგას და არკვევს, ვინ ვის რა ზომის, რა სისქის და რა ფორმის… საბრტყელებელი… უნდა გაუკეთოს და ეს იმდენად უშფოთველად ხდება, რომ იტყვი – უკვდავო პსიქოანალიზო, სექსუალურობა ჭეშმარიტად პოლიმორფიულია!
კონსულტანტი ხელში იღებს საბრტყელებლის სახელურს და დემონსტრატიულად ატრიალებს მას ჩვენს თვალწინ.
–         აი, ხო ხვდები? არა, ხო ხედავ?! ამუღამებ?! კარგად უნდა მოჯდეს ხელში. მოდი-მოდი-მოდი, ესეც გაზომე-რა. მერე არ შეგეშალოს. და პატარა არ გამიკეთო…
თავად ვარ ბიზნეს-კონსულტანტი და სხვას რომ მოეყოლა ასეთი მარკეტ-კონსულტაციების შესახებ – არასდიდებით არ დავიჯერებდი. ეს უფრო „შაბათის-შოუ“-ს წინასწარ დადგმულ  ან „კომედი-კლაბი“-ს სკაბრეზულ ხუმრობებს წააგავს. ვიტყოდი, ავტორი განზრახ სატირულად აზვიადებს მოვლენებს.
არადა რამაზი თამამად საუბრობს სიგრძეზე და სისქეზე, თითქოს საბრტყელებლის გარდა დედამიწის ზურგზე არაფერს არ აქვს ეს განზომილებები. თითქოს ჩვენი სამყაროს მთავარი ელემენტი ცომის საბრტყელებლები იყოს. თითქოს მოლეკულა ატომების კი არა, ცომის საბრტყელებლებისაგან შედგება!
–         ფორმასაც მიაქციე ყურადღება… გამიგე! არც ძაან წვრილი არ მინდა.. ესეც ღლის ხელს ბევრი მუშაობის დროს, როცა „ზაკაზია“… აი აქ სისქე უნდა იყოს კაი, აქ კი „პლავნად“ უნდა  დაწვრილდეს… მოდი რა, ესეც გაზომე. გეუბნები, სისქეც! გაზომე!
–         ხო არა, ვხვდები… ვხვდები, აბა რა! – იძახის ლადო ღრმად ჩაფიქრებული. არისტოტელეც კი ფიქრწაღებული და ფორმალური ლოგიკის შექმნისას არ იქნებოდა ასეთი. ფორმის პრობლემამ დაადუმა სამეწარმეო აზრის ეს ტიტანი.
–         ყველაფერს გათვალისწინება უნდა… – ასკვნის რამაზი. – მე რად მინდა, გამიკეთო ამ სისქე, მერე არავის არ მოეწონოს და ასე იდოს ჩემთან?..
–         შენა… სურათებს გადავუღებთ-რა.
–         – კი, გენეცვალე… წამოდით იქითაც გვაქვს კიდევ საბრტყელებლები… და სამარილეები. ხის კოვზები, მოსარევები და…
რამაზი პარკეტზე აწყობს საბრტყელებლებს, რომლებსაც მე რიგრიგობით სურათებს ვუღებ. თავი განგსტერული სერიალის ფოტოგრაფი მგონია. დაპატიმრებული ეჭვმიტანილების სურათებივით გამომდის. ლადო მონდომებით შლის და აწყობს თავისი საქმიანობის სამიზნე ობიექტებს.
–         ხელოსანმა ხომ უნდა იცოდეს რაზე ველაპარაკები! ეგრე რა გამოვა? ბრმად რომ ავუხსნათ? არა-არა. გადაუღე, გადაუღე… გადაუღე ამას? – ლადო საბრტყელებლებს იღებს უზარმაზარი ტაშტიდან. – ამ საპურეებსაც გადავუღებ-რა, ძმა?
–         დიაღ! – აუღელვებლად პასუხობს რამაზი და მანქანამდე გვაცილებს. შემდეგ ის ღრმა კეთილგანწყობით ეუბნება ლადოს:
–         გაფიცებ, სიგრძე არ შეგეშალოს! 25 სანტიმეტრი!!! მალე მომაწოდე და ისეთი გამიკეთე, როგორც გითხარი!
–         კაი, კაი! – ართმევს ხელს ლადო და მანქანაში ჯდება.
–         ეს რა იყო? – ვეკითხები მას. – მართლა აპირებ ამ საბრტყელებლების გამოშვებას? ან რა მოგება უნდა ნახო? ან რად გინდა, საერთოდ? ან ეს რა დიალოგები იყო „გაკეთებაზე“?
ლადო მიყურებს ისე, თითქოს შეურაცხადისაგან რაღაც უცხოპლანეტური ტიტინი მოესმა. ნესტოები ებერება და იოგივით ჰაერის დიდ ჭავლს აფრქვევს ცხვირიდან.
–         ეეე, ინფორმაცია მართავს სამყაროს! ფოტოები ხომ გადაიღე? მთავარი ეგ არის!

 

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 154,265 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: