მოთხრობები (2006 - 2015)

თავისუფალი მსოფლიო


ბესლანის პირველ სკოლაში გადარჩენილთა სულიერ სიძლიერეს ეძღვნება
…ძუძუთა ბავშვის ენა წყურვილისაგან სასას ეკრობა, ბავშვები პურს ითხოვენ, მაგრამ არავინ აძლევს… 
ძველი აღთქმა, იერემიას გოდება 4:4 
 
 ოფისში მე და ჯიმი ვართ. თან კახურ ღვინოს ვწრუპავთ. ჯიმი სასიამოვნო გარეგნობის გერმანელი ახალგაზრდაა. მას დიდად არ მოსწონს ტანინის გემო ღვინოში, თუმცა ამ ნივთიერების არსებობა სასმელში ნიშანია, რომ ღვინო გლეხურია და ნამდვილი კახური წესით დაყენებული. ასაკთან ერთად ასეთი ღვინო სულ უფრო და უფრო მიზიდავს.
ჩვენ ვსაუბრობთ სიცოცხლეზე, მშვიდობაზე, სიყვარულზე, თავისუფლებაზე. ჯიმი ჩემზე უკეთ ფლობს ინგლისურს და სათქმელსაც ადვილად ამბობს.
– It’s a fact, that the world has never been as free as it is today. (ფაქტია, რომ მსოფლიო არასოდეს ყოფილა ისეთი თავისუფალი, როგორიც ახლაა!)
– Do you think so, Jim? (შენ ასე ფიქრობ, ჯიმ?)
საკმაოდ მიჭირს დისკუსიაში შევება ჯიმს ინგლისურ ენაზე. მაგრამ ჩემში აღიმართება პროტესტის გრძნობა ამ თითიდან გამოწოვილი იდეის მიმართ.
ვის ეყოფა სიმამაცე ამტკიცოს, რომ მსოფლიო არასოდეს ყოფილა ასეთი თავისუფალი, როგორიც ახლაა? ვის? მე თავს ავარიდებდი ასეთი ნაჩქარევ დასკვნებს. იქნებ უფრო მარტივად ვთქვათ – მსოფლიო არასოდეს ყოფილა ისეთი უსუსური, როგორიც ახლაა! ჯიმს, ამ ევროპელ იდეალისტს, ამ ყველაფერს ვერც გავუმხელ და ვერც ავუხსნი; თქვენ კი, ძვირფასო მკითხველო, რატომაც არა?
ადამიანები იმდენად ძლევამოსილნი გახდნენ, რომ განიზრახეს მარსის დაპყრობა, მაგრამ ჯერაც ვერ ამოუხსნიათ ჯოკონდას ღიმილის საიდუმლო. ლეონარდოს ეს ლამის საკრალური მიმიკა გვაიძულებს აღტაცებაში მოვიდეთ და ამოვვარდეთ აწმყო დროიდან. რა არის ამ ღიმილში უფრო მეტი: სათნოება თუ ადამიანური თავგასულობის იდუმალი დაცინვა?
ჯოკონდა, არსება, რომელმაც დიდი ხანია შემოქმედს აჯობა უკვდავებაში!
ამ ტილოზე, სადღაც ჯოკონდას ზურგს უკან, დაკვირვებული თვალი შეამჩნევს მდინარე არნოზე გადაჭიმულ ხიდს. არნო – იტალიის წყალუხვი მდინარეა, ჩაედინება ლიგურიის ზღვაში. რამდენიმე ადგილას ნაოსნობისათვისაც ვარგისია, ხოლო ფლორენციაში არნომ სახელი დამაქცეველი წყალდიდობებით გაითქვა. ქალაქი რომ შემდგომი სტიქიური უბედურებებისაგან გადაერჩინა, ლეონარდო და ვინჩიმ დააპროექტა და საკუთრივ ფლორენციაში რამდენიმე ბრწყინვალე ხიდი ააგო, მაგალითად, არისტოკრატიული პონტე-ვეკიო. მონა ლიზას ტილოზე აღბეჭდილი ხიდი მრავალი მკვლევარის სადაო საგანია. თუმცა ძირითადი მოსაზრებები მაინც არეცოში, იტალიის „ოქროს“ ქალაქში, აშენებულ უბრალო ქვის ხიდზე მიგვანიშნებს. სადღეისოდ ამ ისტორიულ არქიტექტურულ ნაგებობის ექსპლუატაციაში ავტომობილისტებისათვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. აქ მორიგეობით, ხან ერთი და შემდეგ უკვე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს სატრანსპორტო ნაკადები. ეს იმისათვისაა მოფიქრებული, რომ ხიდი, რაც შეიძლება ხელუხლებელი და მინიმალური ზიანის მდგომარეობით გადასცენ შთამომავლებს. თვით სივრცე მოაჯირებს შორის იმდენად მცირეა, რომ აქ ძნელად ეტევა ორი მსუბუქი ავტომობილი.
ავტობუსში, რომელიც ზანტად მიგორავს ჩვენს წინ არეცოს ხიდზე, იმყოფებიან ბავშვები რუსეთის დელეგაციიდან. ისინი ჯერ მშვიდად უყურებენ მდინარეს და შემდეგ ხტებიან სავარძლებიდან და იტალიელ მძღოლს ყიჟინით აყრუვებენ. ბავშვებმა მდინარეში არხეინად მოცურავე იხვები დაინახეს, რომლებიც ხან ტალღებზე სრიალებენ, ხანაც წარმოუდგენელ პირუეტებს აკეთებენ, თითქოს სინქრონული ცურვის შეჯიბრის მონაწილეები ყოფილიყვნენ. ეს ტერიტორია სახელმწიფო ნაკრძალია. აქ ათწლეულების განმავლობაში სასტიკად იდევნება ნადირობა და თევზაობა. მკაცრი ზომების გატარების შედეგად არეცოს შემოგარენში ფრინველი და ნადირი იმდენად გამრავლდა, რომ ბუნების დაცვის სამსახური იძულებულია ახლომდებარე მთებიდან ისროლოს ცარიელი ჭურვებით მცირეკალიბრიანი ზარბაზნებიდან, რათა ცხოველები ისევ ტყეში შერეკოს. ირმები, მგლები, მელები, კურდღლები, კვერნები და ციყვები გამოდიან საცხოვრებელ პუნქტებში – და ხან ავტომობილების მსხვერპლი ხდებიან, ხან აღწევენ სამრეწველო რაიონებში და იქ იწამლებიან. ადამიანთა სიახლოვეში ნადირი სიკვდილისთვისაა განწირული.
ავტობუსი შედის რონდინე ციტადელე-ს ტერიტორიაზე. აქ ძველი ციხის ნანგრევებია, შუასაუკუნოვანი დასახლების ნაშთები. ამ მადლიან მიწა-წყალზე კათოლიკურმა ეკლესიამ დააფუძნა უცნაური სტუდენტური საცხოვრებელი. სრულიად იტალიის საქველმოქმედო ორგანიზაციებმა რონდინეში შეკრიბეს დაპირისპირებული სახელმწიფოების დევნილი ახალგაზრდობა. ამ კომპლექსში მცხოვრები ჭაბუკები უზრუნველყოფილნი არიან საკვებითა და თავშესაფრით, მათ ეხმარებიან უმაღლესი სასწავლებლის ქირის დაფარვაში.
ხვალ საერთაშორისო ფორუმის გახსნა იგეგმება. ელოდებიან სხვადასხვა დელეგაციების წარმომადგენლებს პლანეტის თითქმის ყველა „ცხელი წერტილებიდან“.
დაბლა, საკუთრივ იქიდან, საიდანაც რონდინე ციტადელე იწყება, ხვალინდელი გამოსვლებისა და პრეზენტაციებისათვის მომზადებულია მოედნები და პავილიონები. თიხნარი მოსწორებულია და დამუშავებული ქვა-ღორღით, ყველა და ყველაფერი მზადაა რთული და საპასუხისმგებლო დღეებისათვის.
ვიცი – და აქ-იქ, სხვადასხვა ადამიანები ახმოვანებენ ჩემს ფიქრებს – იტალია არ ამოიწურება რონდინეთი. იტალია რონდინე არ არის.
მაგრამ აქ იმდენი საყვარელი, გრაციოზული და ექსპრესიული იტალიელი ქალბატონია, ცოცხალი და ხმაურიანი იტალიელი ყმაწვილი, რომ თავს არც კი იწუხებ კითხვით – სად არის იტალია?
მასპინძლებს მაღლა მივყავართ იმ შენობის მიმართულებით, სადაც სტუდენტები ცხოვრობენ. შენობის უკან ტერასებად გაშენებულია მოედნები. აქედან მდინარე არნოს საოცარი სილამაზის ხედები და მთებს შორის გადაჭიმული უზარმაზარი თანამედროვე სარკინიგზო ხიდის პანორამები იშლება. ამ ადგილას არნო განსაკუთრებით ფართე და მშვენიერია. ყოველ ნახევარ საათში გრუხუნით დადის ჩქაროსნული მატარებული რომი – არეცო.
ამ ფანტასტიური ადგილებით დატყვევებულები ვერც ვგრძნობთ, როგორ გადის ერთი დღე – შეხვედრების, გაცნობების, ღიმილის, სიხარულის – იმ ადამიანური განცდების, რის გამოც ვცხოვრობთ, უფრო სწორედ რის გამოც გვსურს ცხოვრება.
…მეორე დღეს ჩემი შეჩერება შეუძლებელია. ერთი დელეგაციიდან მეორესთან გადავდივარ – ვეცნობი, ვყვები საქართველოს შესახებ და ყველგან ერთი და იგივე კეთილგანწყობას ვხვდები. რატომღაც ბოსნიელი მუსულმანები არიან ჩაკეტილები და მოღუშულები. ვახერხებ დიალოგზე წამოვიყვანო მილა, ქერათმიანი გოგონა, ყოფილი ბალერინა, სრულყოფილი ტანადობით და სამართებლის პირივით ბასრი მზერით. მასთან ერთად განვიხილავთ გასული საუკუნის 90-იანი წლების ბალკანური ომების პერიპეტიებს. ბოსნიელთა სხვა მანდილოსნები ეროვნულ სამოსებში არიან გამოწყობილები და სახით ბოშებს მაგონებენ. ზოგადად, ბოსნიელები, რაღაცით წააგავენ აგრეთვე პალესტინელებს, რომელთა ხმამაღალი ხორხისმიერი ბგერების კანონადა სულ ყურში დგას.
ამ მსუბუქ კომუნიკაციებთან ერთად მინდა გავესაუბრო ვისმეს, უფრო „ნაცნობსა“ და „ახლობელს“. მივემართები რუსეთის დელეგაციის პავილიონების მხარეს. რუსეთი ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკებით არის წარმოდგენილი. აქ უცნაური მდუმარებაა. მცირე სცენის საფეხურებზე ქალია ჩამომჯდარი. რამდენიმე ბავშვი მის გარშემო შემოკრებილა და თამოშობს. მასწავლებლის ცრემლებითა და დარდით ამოშანთულ თვალებით ვხვდები –  ეს ისინი არიან!
მასწავლებელი არ ტირის, თუმცა იგრძნობა, რომ მისი ტანჯვა უსაზღვროა. ბავშვების ნაწილი ერთბაშად დგება და ფეხბურთის სათამაშოდ მიდის, თუმცა პატარა ბესლანელები ადგილებზე რჩებიან და სულ რაღაცას განიხილავენ და იხსენებენ.
–         თქვენ ოსი ბრძანდებით? – ვეკითხები მასწავლებელს. – თქვენ იქ… იყავით?
–         კი. – მპასუხობს იგი მშრალად.
ათი წლის ბიჭუნა დაძაბული სახით ყვება იმ საშინელი მოვლენების ამბებს.
–         … ხოლო იმ მაღალმა გაიყვანა კაცი და მერე იმისებმა ჰკითხეს, რა უყავიო…?
–         ის წვერებიანი კიდევ სულ ყველას დაჰყვიროდა და ერთი ფანჯრიდან გადააგდო…
მასწავლებელი პასუხობს ჩემს კითხვებს, თითქოს ჩემსა და მას შორის რაღაც უხილავი და სქელი ბურუსი ჩამოწოლილა.
–         ვერაფრით ვახერხებ დავარწმუნო, რომ წავიდნენ სათამაშოდ. სულ ერთი და იგივეზე საუბრობენ. ცოტა დრო რომ გაივლის, ისევ იმავე თემას უბრუნდებიან… ეს ხომ ბავშვები არიან. და ვეღარ თამაშობენ. ვერ თამაშობენ…
ბავშვებს კიდევ ხუთი წუთი ვუსმენ, მაგრამ არაფრის გაგება ან, უფრო სწორედ, დაჯერება არ ძალმიძს. კიდევ უხერხულობას ვგრძნობ ჩემივე საკუთარი ცნობისმოყვარეობისაგან; თუნდაც ჩემი უსუსური სურვილისაგან რამით დავეხმარო და ვტოვებ, უფრო სწორედ გავრბივარ ამ ადგილიდან, დამშვიდობების გარეშე. ქალი იმდენად შეპყრობილია საკუთარი უბედურებით, რომ ჩემი დამშვიდობება არაფრისმთქმელად მეჩვენება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია.
„ღმერთო! რა არის ჭეშმარიტება?“ – ვკითხულობ ხმამაღლა.
ტრაგედიების სერიები, რაც თანდათან გადაიქცევა მოთხრობებად და ისტორიებად, ტელეჟურნალისტების ენისსატეხებად… ჩვენ მარტოები ვრჩებით, რომ დავძლიოთ წარსულის გაკვეთილები. ვერავინ დაგვეხმარება ახალის შეცნობის მომენტში. და მხოლოდ მაშინ გვესმის მარტოობისა და უცნობლობის დაუძინებელი ტკივილის ხრიალი…
მეტად არ მინდა ამ სახეების გახსენება, დანაშაულის ამ გამჭოლი გრძნობის ატანა და მივდივარ, თითქმის მივცოცავ აქედან იქითკენ, სადაც არავინ მიცნობს. ვუბრუნდები ჩვეულებრივ სახეებსა და თვალებს, რომელთაც არ უნახავთ დასახიჩრებული სიცოცხლე.
მეშინია საკუთარ თავს გავუმხილო, რომ ნებსით თუ უნებლიეთ შევეხე საკუთარი უსუსურობის არემარეს. უფრო მეტიც, შევიჭერი ტოტალური ადამიანური უსუსურობის სამფლობელოში. როცა იღუპება ყველაზე ახლობელი ადამიანი, იგივე შენ თვითონ, და არაფერი არ ძალგიძს – თუნდ ოდნავ მაინც შეუმსუბუქო ტანჯვა და ვარამი, სიკვდილისწინა წამება.
განვაგრძობ რონდინეს სტუმრებთან ურთიერთობას. ვგრძნობ, რომ ვერ ვმშვიდდები. სულ ვეძებ ამ ბავშვებს მზერით… იმავდროულად თავს ვარიდებ კითხვებს: „როგორ დაგვემართა ასეთი რამ?“, „როგორ დავუშვით ასეთი რამ?“. საშინლად მაწუხებს სურვილი რაღაც მოვიმოქმედო. რაღაც მაინც! გულში გრძნობა დაუსრულებელი არარაობის  მშლის ნაწილებად. ძილის წინ ვფიქრობ, რისთვის მოგვცა უფალმა ამდენი ძალა – ნუთუ მხოლოდ იმისათვის, რომ წაგვართვას იგი იმ წუთში, როდესაც ეს ძალა ესოდენ აუცილებელია?
დილით გონებაში სურათს ვუღებ „ჯოკონდას“ ხიდს. მზე კოტრიალობს საკუთარ სხივებში. ადამიანები ისე მიეჩვივნენ მზეს, რომ იხსენებენ მის შესახებ მხოლოდ ამინდის პროგნოზის გამოშვებებში. დაავიწყდათ, რომ უნდა ვანათებდეთ, როგორც მზე.
იყო, როგორც მზე!
იყო მზე!
გუშინდელი ბავშვების შესახებ არანაირი იდეები თავში აღარ მომდის და მგონია, რომ ყველაფერმა უკვე ჩაიარა. ეს კოშმარი იყო, ახლა კი გათენდა და მეც გამომეღვიძა. ვიღებ გადაწყვეტილებას ვიფიქრო მხოლოდ სასიამოვნოზე.
დღისით ჩემთან მოდის ლუდმილა ვლადიმიროვნა, იტალიაში რუსეთის ყოფილი ელჩის მეუღლე. მე იგი პირველ დღეს გავიცანი ლავერნაში. იმ მონასტერში, სადაც ბერობდა წმინდა ფრანცისკი და პირველი ორი წლის განმარტოების შემდეგ სტიგმატები გაუჩნდა.
ლუდმილა ვლადიმიროვნა სამოცს მიღწეული კეთილშობილი ქალბატონია; მრავალი კარგი საქმე უკეთებია და საზოგადოებრივ ასპარეზზეც ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით. იგი მსუბუქად მეხება და მეუბნება:
–         ახალგაზრდა, თქვენი დახმარება მჭირდება…
–         დიახ. რა უნდა გავაკეთო?
–         ოთხ საათზე, მეორე პავილიონში უნდა ვაჩვენოთ ფილმი ბესლანზე. იქნება შეხვედრა მონაწილეებთან. გთხოვთ, შეაგროვეთ მსურველები, იქნება თქვენი დელეგაციიდანაც ვისმეს სურდეს მობრძანება?
–         კარგი, ლუდმილა ვლადიმიროვნა. ყველანაირად ვეცდები.
მე ვიცი, რომ ქართული დელეგაცია დიდი ხანია გაიფანტა არეცოს მაღაზიებში. ყველას განსხვავებული ინტერესები აქვს. ზოგი წავიდა ფლორენციაში, ზოგიც – რომში. ზოგმა თავისი ვალდებულება მოიხადა, გამოვიდა რა აფხაზეთის პრობლემის ანალიზით. თვითონ მეც, ორი დღის შემდეგ მაქვს მოხსენება საქართველოს ეკონომიკური მდგომარების შესახებ. ამიტომ დიდად აგიტირებით თავს არ ვიწუხებ.
ქართული დელეგაციიდან მარტო მე მივდივარ შეხვედრაზე. ჩვენება პავილიონიდან სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთ დარბაზშია გადატანილი. კედელზე ორგანიზატორებმა წინასწარ დაამონტაჟეს ფართოფორმატიანი მონიტორი. თანდათან იკრიბებიან  მონაწილეებიც. მოდის დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ბატონი ჯენკინსი. მოდის მისი მეუღლე, იტალიელი ქალბატონი მაურიცია და თავად ლუდმილა ვლადიმიროვნა. სამგლოვიარო განცდით კედელთან ზურგით დგებიან ის ჩემი ნაცნობი მასწავლებელი და ორი ოსი ქალბატონი, რომელთა ოჯახების წევრებიც დაიღუპნენ სკოლაში. მოვიდნენ ბიჭები ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკებიდან, რომლებიც ახლა იტალიაში სწავლობენ და რონდინეში ცხოვრობენ: ორი ჩეჩენი, ორივე შამილი, ინგუში მაგომედი, ერთი ქალი ჩეჩნური დელეგაციიდან და მოსკოველები, რომლებსაც რონდინეში პირველად ვხედავ. აგრეთვე გვესწრება რამდენიმე იტალიელი.
ვჯდები კუთხეში, რათა რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მივიპყრო. აღარც მახსოვს, რომ ლოყაზე მწვანე საღებავით იეროგლიფი მაქვს მოხატული – იტალიელმა გოგონამ დამიტოვა კეთილგანწყობის ეს ნიშანი – შეიძლება ასე ამ შეხვედრაზე გამოჩენა არცაა ეთიკური.
ყველა გაშეშებულა, თითქოს  ოთახში მიცვალებულია დასვენებული.
–         მგონი, ყველა აქ ვართ. არავის აღარ ველოდებით. დავიწყოთ… – უხალისოდ ამბობს ლუდმილა ვლადიმიროვნა. – ბიჭებო, ჩართეთ დისკი.
მოველი, რომ ფილმში იქნება ბესლანის სისხლიანი ისტორიის აღწერა და მთელი არსებით ვიძაბები. თუმც ეს სულ სხვა რამაა. ეროვნული მუსიკაა, ხან დუდუკის ჰანგები, ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმღერები და ასეთი მუსიკის თანხლებით – სკოლაში დაღუპული ბავშვებისა და დიდების ფოტოები.
ღმერთო ჩემო! ბავშვები! ასეთი ლამაზები! ბავშვები… ბავშვები… ბავშვები… ბავშვები…
წარმოვიდგენ ამ ბავშვების შიშის ზარს!
დედების განცდებს, რომელთაც ვერ შეძლეს შვილებისათვის იმედის მიცემა!
წარმოვიდგენ გამანადგურებელ სულიერ ტრამვას იმ მამების, რომელთაც ვერ შეძლეს შვილებისათვის ბოროტება აეცილებინათ. წარმოვიდგენ მათ დამსხვრეულ რაინდობას, გათელილ ვაჟკაცურ საწყისს, რომ ვერ გამოიყვანეს შვილები ამ სასაკლაოდან.
ოსეთის მხარის წარმომადგენლები გოდებენ. ამ უბედური ადამიანების დანახვაზე ვგრძნობ, რომ მეც მევსება თვალები ცრემლებით. სახეს დაბლა ვწევ, რომ არავის ვაჩვენო ჩემი შინაგანი თანაგრძნობა, რომ არავის ვეჩვენო სენტიმენტალური.
ჩემში იღვიძებს მოუშუშებელი დარდი იმ ასეულობით ათასი ქართველის წილ, ოდესღაც შეძლებულებისა და ხელგაშლილების, აფხაზეთიდან ლტოლვილების, დღეს რომ სარჩო-საბადებელს აკლავენ თავს. ვხედავ საკუთარ თავსა და ადამიანებს, ხალხს, ვინც ვხდებით მსხვერპლი სისუსტისა და ღალატის იმათგან, რომელთაც ჩვენვე მივაბრძანებთ ხოლმე ხელისუფლების საჭესთან.
ჩრდილოეთკავკასიელი ბიჭებიდან არავის არ ეცვლება სახე. მხოლოდ მათი თვალები თითქოს ფერფლით ივსება. ჩეჩნებს, ალბათ, გუშინდელი კონფერენცია აგონდებათ, სადაც მათი წარმომადგენლები ჩეჩენი ერის გენოციდის შესახებ ყვებოდნენ…
ფილმის ჩვენება სრულდება და დარბაზში სამარისებური სიჩუმე ისადგურებს. გარედან იტალიელი ახალგაზრდების ხუმრობები, კისკისი და ბედნიერი ინტონაციები გაისმის.
მაგომედი რთავს მონიტორს და პლეერს. ქალები ცდილობენ შეიკავონ ტირილის სპაზმები. არავის არ სურს დაარღვიოს მდუმარება და ოდნავ მაინც დაამსხვრიოს ეს საშინელი ჩაფიქრებულობა.
ბოლოს ვიღაც ტაქტიანად ეკითხება ოს ქალბატონებს:
–         თქვენ შეგიძლიათ საუბარი? თქვენ გსურთ ვისაუბროთ?
–         კი-კი. ჩვენ გ ვ ი ნ დ ა ვისაუბროთ! – იძახიან ისინი ერთხმად.
–         კი, ჩვენ გვსურს! – იმეორებს ახალგაზრდა ქალი, ხმადაკარგული, დამახასიათებული ოსური აქცენტით.
ეს ნიშნავს: „კი, ჩვენ გვსურს ცხოვრება. ჩვენ გვსურს გამოსვლა იმ ჯოჯოხეთიდან“…
შემდეგ  მიმდინარეობს ბესლანის მოვლენების ანალიზი. საუბარი რუსულად მიმდინარეობს და მაგომედი იტალიურად თარგმნის. ბატონი ჯენკინსიც აუღელვებლად ისმენს, ის ხომ „ცივი ომის“ დროის მრავლისმნახველი, გამოწრთობილი დიპლომატია.
„ოსი ხალხი ვერ იგებს რატომ გააკეთეს ასეთი რამ ჩეჩნებმა და ინგუშებმა?“. „რა შუაში არიან ბავშვები, თუნდაც ეს ყოფილიყო მტრობა, როცა მსგავსი რამ არც ყოფილა?’
ეს არის საუბრის ძირითადი ლეიტმოტივი.
ჩეჩნები და ინგუშები იძაბებიან. მაგომედის გამომეტყველებაში იგრძნობა ძალით შეკავებული აღშფოთება. ჩეჩნებიც ლაკონურად გვიხსნიან, რომ არავინ მათი ხალხიდან ასეთ რამეს არ დაუშვებდა.
ჩემგან მარჯვნივ მჯდომი ახალგაზრდა ქალბატონი ითხოვს სიტყვას და ახლაღა ვიგებ, რომ ის ჩეჩენია. ის აქტიურად ჟესტიკულირებს და ვრცლად საუბრობს თანაგრძნობაზე. და იხილავს ბესლანის დღეებს. ახლა, იმ შეხვედრიდან ნახევარი წლის შემდეგ, მისი რამდენიმე დასამახსოვრებელი ფრაზა ჩამრჩა მეხსიერებაში.
–         მე მინდა, რომ იცოდეთ. მე მინდა, რომ ყველა ოსმა იცოდეს, ყველამ იცოდეს, რომ როდესაც სკოლაში მოხდა შეჭრა… – ქალი ღრმად სუნთქავს, რომ ხმა შეინარჩუნოს. როდესაც მარხავდნენ ბავშვებს, ყოველ ჩეჩნურ ოჯახში… ყოველ ჩეჩნურ ოჯახში იყო გოდება. არ ყოფილა ოჯახი ჩეჩნეთში, სადაც არ დაიტირეს ბავშვები…
ქალები გულამოსკვნით ტირიან… მხარდაჭერის და იმედის სამყარო უფრო ფართე და მრავალჯერ უფრო უზომო შეიქმნა, როდესაც მტერი საკუთარი აღიარებით მეგობარი გახდა. მაგრამ ახლა ვერავის დაიბრუნებ უკან სიკვდილის სამეფოდან და ამიტომ ეს მხოლოდ წამიერი შვებაა.
მასწავლებელი იხსენებს ბავშვებს, დანარჩენი ქალებიც ყვებიან ტრაგედიის ეპიზოდებს.
–         ვერ წარმოიდგენთ! ბავშვები გვამშვიდებდნენ!.. ბავშვებმა გადაგვარჩინეს!
– სასმელი წყალი არ იყო და საშინელი ჩახუთულობა იყო. ადამიანები იხჩვებდონენ ამ დახშული და მძიმე ჰაერისაგან. მთელი გვალვიანი ზაფხულის განმავლობაში სპორტდარბაზის იატაკი გახურებული იყო. ბანდიტები არავის არ აძლევდნენ წყალს. და როდესაც დასალევი აღარ გვქონდა, ხალხი შარდს სვამდა… იქ იყო ერთი ბიჭი, მეორეკლასელი… როდესაც მეორე დღეს ადამიანები უკვე გონებას კარგავდნენ და დედამისსაც სული შეეხუთა, ბავშვი მიხვდა, რომ დედას ვერაფრით შველიდა… ის ტერორისტთან მივიდა, იმასთან, თავს ვინც გვედგა, და უთხრა:
– აი ხუთი მანეთი მაქვს. დედა გაუშვი. ძალიან ცუდად არის. რაღა გინდა?
ისევ ტირილი და სიჩუმე… რა დაარღვევს ამ გლოვის განცდებს? ნუთუ შეიძლება რამე თქვა?
მაგომედი სიტყვას მისტერ ჯენკინს გადასცემს. ისიც ფრთხილად, ჯენტლმენურად ეხება კავკასიელ ხალხთა უახლესი ისტორიის ზოგიერთ საკითხს. რამდენიმეჯერ იგი ახსენებს საქართველოს და თავის მოძრაობით ჩემს მხარეს მიანიშნებს, რომ მე ქართველი ვარ.
ჯენკინსის შემდეგ უკვე მე წარვუდგენ თავს დარბაზს და ვგრძნობ, რომ დამსწრე საზოგადოება პოზიტიურად რეაგირებს – „ქართველებიც აქ არიან“-ო. ვეკითხები ქალებს, რა იციან იმის შესახებ თუ რატომ დაიწყო შტურმი, რომელმაც, როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოიწვია ასეთი მასშტაბის მსხვერპლი.
ქალბატონები მადლობას უცხადებენ სპეცდანიშნულების რაზმს, რომელმაც მრავალი ბავშვი გადაარჩინა. ათზე მეტი სამხედრო დაიღუპაო ამ ოპერაციის შესრულების დროს. თუმც ვერავინ ვერ მიხსნის რა მოხდა სკოლაში ბოლო დღეს.
–         ეხლა ერთადერთი, რაც გვინდა რომ ვიცოდეთ, ეს სიმართლეა. როგორიც არ უნდა იყოს! სიმართლე! მაგრამ არავის არ უნდა გვიპასუხოს. მთავრობა უარს აცხადებს გვითხრას რატომ მოხდა აფეთქება? და ვინ არის დამნაშავე ამ ყველაფერში? ფაქტიურად, ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში ვერაფრით მივუახლოვდით სიმართლეს. და განწირულები ვართ, რომ ვერც გვესმოდეს ამ ტრაგედიის მიზეზები და ყოველწუთიერადაც ვუბრუნდებოდეთ იმ საზარელ დღეებს…
სიჩუმე და დაკარგული ადამიანური ხმები ერწყმის ერთმანეთს. შეხვედრის მონაწილეები ეკითხებიან მასწავლებლებს ბავშვების ფსიქოლიგიური რეაბილიტაციის შესახებ, დაჭრილების მდგომარეობაზე, რამდენად ზრუნავს და ჩართულია ხელისუფლება ტრაგედიის მსხვერპლთა ცხოვრებაში. პასუხები, ძირითადად, პესიმისტურია. თუმცა ქალები აცხადებენ, რომ კავკასიის ხალხები უნდა შერიგდნენ და რომ ბევრი რამე დედებზეა დამოკიდებული. ისინი ბრძოლის ველზე უნდა გავიდნენ-ო და შეარიგონ მებრძოლები.
ის მასწავლებელი მუშტადშეკრულ ხელს იმპულსურად ცხვირსახოცს უჭერს და ისევ ამ თემას დასტრიალებს.
–         სახელმწიფო დახმარებას დაპირდა ბავშვებს, ოჯახებს და მონაწილეებს. ჩამოვიდა გერმანელ ფსიქოლოგთა ჯგუფი, დიდხანს რაღაცას სწავლობდა, ამბობდნენ, რომ  მკურნალობდნენ. ჩვენ საცდელი ცხოველებივით ვართ. ჩამოდიოდნენ მოსკოვის საუკეთესო ფსიქოლოგებიც. შემდეგ ბავშვებმა გაიარეს მკურნალობის კურსი გერმანიაში… მაგრამ ვერავინ ხომ ვერ გაიგებს რა განვიცადეთ ჩვენ იქ?! ტკივილი რჩება და არსად არ მიდიიის! ხანდისხან მეღვიძება და მგონია, რომ ბავშვები ისევ ჩვენთან ერთად არიან… კი, ფსიქოლოგები ცდილობენ დაგვეხმარნენ, სახელმწიფო – უფრო ნაკლებად. თუმც არაფერი არ გვშველის…
–         თუ რამე გვეხმარება… – ამატებს ქალი დაფიქრებით. – ალბათ, ეს ადამიანები, ურთიერთობები. კეთილი ადამიანები.
ჩვენ კიდევ დიდხანს ვსაუბრობთ და ვთანხმდებით იმაზე, რომ შეხვედრა შედგა და ჩვენ შევძელით გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის სითბო და თანაგრძნობა.
გამოვდივარ დარბაზიდან ნირწამხდარი. ვიცი, რომ შევეჯახე ჭეშარიტებას. ეს გფიტავს და გთრგუნავს, ფერთხავს შენგან მთელ ყალბ და შეთითხნილ შინაარსს.
დაკარგული დავბოდიალობ რონდინეს ბილიკებზე და შემთხვევით გავდივარ ბავშვთა კამერული ორკესტრის პრომენად-კონცერტზე. მაყურებლები არ არიან. იტალიელი მოზარდი განუმეორებლად უკრავს ენიო მორიკონეს მელოდიას ფილმიდან „გაბრიელის ჰობოი“.
ზეცა, მსოფლიო, იტალია, ბავშვები – სიცოცხლის ეს ყვავილები ერთმანეთს გულში იკრავენ. ცა იცავს დედამიწას წვიმით, დედამიწა კი ზეცას – სიცოცხლის ძალით. ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები ცისარტყელებში, უფლის ხელისგულებში და მოთავსებულნი ვართ სამოთხეში, სადაც არაფერია ზედმეტი.
ჩვენ ვკითხულობთ ერთმანეთის ემოციებს და გვეზარება წამით შევაყოვნოთ მზერა ზეცაში. ვიპოვოთ მოჩიტებული ბარტყები ცის კამარასა და ჩვენს შორის. და გავიხსენოთ თითოეული მათგანის სახელი, ვინც გვიხმობს გზად, რომელიც ყოველ ცოცხალ არსებას გასავლელი აქვს. და თუ ვერასოდროს უკვე ვეღარ დავიბრუნებთ საუკეთესოებს, მაშინ ასეთები ჩვენ თავად უნდა გავხდეთ. და თუ ვეღარ გავაცოცხლებთ ჩვენს დაღუპულებს, მაშინ უნდა გავუფრთხილდეთ ცოცხლებს. თუნდაც იმიტომ, რომ ათწლეულის შემდეგ მაინც შეგვეძლოს ამაყად გვეთქვას: „არასოდეს ჩვენს შვილებს არ უცხოვრიათ ასე უსაფრთხოდ, როგორც ახლა!“. და თუ ეს არ მოხდება, აბა რისთვის-ღა ვცხოვრობთ, საერთოდ?

 

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,555 other followers

  • 144,126 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: