წარმატების შესახებ

ესე-მოტივატორი


რამდენი ხანია, არ შევხედრივართ, ჩემო კარგებო! მომენატრა წერა თქვენთვის, ჩემთვის, სიამოვნებისათვის. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მხარს უჭერთ ამ ჯგუფის არსებობას, იზიარებთ იდეებს, გამოთქვამთ მოსაზრებებს, ერთვებით მსჯელობებში. ღმერთმა სიმტკიცე, მიზანსრაფვა, გამბედაობა, საკუთარი თავის რწმენა და ბრწყინვალე შედეგები არ მოგაკლოთ. ჩვენ აქ, ჯგუფში და დედამიწაზე, ვართ რათა ერთმანეთს რაღაცით შევუმსუბუქოთ წუთიერი დაღლილობა, სასოწარკვეთილება, მივცეთ ერთმანეთს გასაღებები მარტივი ცხოვრებისეული საიდუმლოებების…
რამეთუ ყველა თავისებურად ვართ პილიგრიმი, ვინც წმინდა მიწას დაეძებს და სულის სიღრმეში გაცილებით მეტი და მეტი იცის, ვიდრე გამოუთქვამს.
მიუხედავად იმისა, რომ თემის ლოგიკური წყობა ითხოვს საუბარს კვლავაც ფსიქოლოგიურ საბოტაჟზე, მინდა ცოტა დაგასვენოთ ამ ფრანგული “ჩლიფინისაგან” და შემოგთავაზოთ საკითხი, რომელიც ყველას გვიყვარს, თუმც დიდად ვერ ვხვდებით, როგორ გვაწუხებს ეს ყველაფერი, როგორ მჭიდროდ ეშაფოტის მარყუჟივით გვეხვევა ხორხზე იგი. ამ საკითხზე საუბარს, რამდენიმე დღის წინ შეგპირდით. შესაძლოა ბატონმა ფსიქოლოგებმა სხვა გრამატიკილ-სემანტიკური ფორმა შემოგვთავაზონ მოცემულ საკითხზე მსჯელობისათვის; მანამდე კი შემოვიფარგლოთ, საკმაოდ ნათელი და გასაგები ფრაზით – “საკუთარი თავის მიღება”. ეს არ არის უბრალოდ სიყვარული საკუთარი თავის მიმართ, უაზრობაა არსის ასეთი ნაუცბადევი უტრირება. “საკუთარი თავის მიღება” – უფრო ღრმა იდეაა, ვიდრე “სიყვარული” ზოგიერთის წარმოდგენაში და მეტადრე  “ლექსიკონში”. მასზე  ფსიქოლოგიის მრავალმა ქურუმმა კარიერა მოიწყო და აღიარება მოსტაცა ადამიანებს. მეცნიერები დიდი ხალხია, დამეთანხმეთ. ისინი იღებენ რაღაცას პოეტური, აღტაცების სამყაროდან, მიაქვთ ეს ზომების, რიცხვების, თეორიების სამყაროში, იბრძვიან, რომ უარყონ პოეზია, ირაციონალიზმი, გრძნობები, ირეალური და ყველაფერი ამით ნებსით თუ უნებლიეთ ამკვიდრებენ ადამიანის იდუმალების და სიდიადის იდეას. ადამიანის ემოციები იმდენად საკვირველი რამაა, რომ მათ წინაშე ყველა და ყველაფერი ფერმკრთალდება. ადამიანის უნარი არარაობიდან გახდეს ზეკაცი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ეს არსება ღმერთსაც კი საოცარი ძალით უყვარს. ასე რომ ვეცდები დღეს ვიყო ისეთივე პოეტური, როგორც უფალი, როდესაც ჰქმნიდა დედამიწას და პირველკაცს ძერწავდა.
ჩემი მოწოდებაა – მიიღეთ საკუთარი თავი უპირობოდ, ყოველგვარი ქების, შეფასებების, შედარებების, სტატისტიკების, წახალისების, აღიარების, მატერიალური აქსესუარების გარეშე – რაც ხართ ტანისამოსის გარეშე. ჩათვალეთ, რომ უკვე მკვდარი ხართ და თქვენზე ტირის ყველა ახლობელი. იტირეთ მათთან ერთად, რომ ვერ აფასებდით ყველაფერს, რაც გაგაჩნდათ. იპოვეთ, შეიგრძენით სადღაც იქ, სადაც ვერავინ წარმოიდგენს, ვიღაც თავჩიქუნდრული უცნობის სილუეტი, რომელიც გრძნობს სულიერ ობლობას, რომ თქვენ უფალთან იქნებით უკვე და ის ვეღარ გნახავთ სხვანაირად უკუეთუ უფალში იცხოვროს…(უბრალოდ დამაფიქრებელი მეტაფორაა –  სამყაროს სიყვარულაზე თქვენდამი).
გული კაცისა უფრო მეტია ვიდრე ეს შედარებები, რაც მოგვაკრეს ჟამთასვლაში, როცა ვაბიჯებდით დედამიწის გულს.
თქვენი სული უფრო მეტს გრძნობს ვიდრე გამოგიხატიათ და გსურდათ. თქვენი აზრები უფრო დიდია, ვიდრე ვისმეს შეუძლია ირწმუნოს. თქვენ სამყარო ხართ ვიღაცისთვის და უფრო დიდი სამყარო უფლისათვის.
შეხედეთ თქვენს ხელისგულს, ხაზებს, ნაჭდევებს ამ ხელისგულზე. ამბობენ ქირომანტები აქ ბედის ხაზებს პოულობენ. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც დაგეწერათ თქვენს მისიის განაცხადში. ყოველი უმცირესი ნაწილაკი თქვენი სხეულის, თითოეული უჯრედი ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, არ გაწუხებთ და მხოლოდ თქვენთვის, თქვენს კეთილდღეობას ეწირება პირდაპირი მნიშვნელობით – მიდის ამ ქვეყნიდან, რომ ახალს დაუთმოს ადგილი. მიდის, რათა თქვენი ბედნიერი ყოფა გაგრძელდეს, თქვენს სახეზე სიხარულის სინათლე სუფევდეს. ყოველი უჯრედის ყოფა ეს არის ვაჟკაცობის, სიმამაცის, სიბრძნის ზეიმი…
ყოველი კარი, რომელსაც თქვენ აღებთ და კეტავთ, მენტალური და ფიზიკური, დაგილოცავთ მოგზაურობას ათასობით სამყაროში, რეალობაში, რომლებიც ჩვენ ძალიან ძალიან რეალური გვგონია.
აბა თუ გახსოვთ თქმულებები და მითები – ტორფის ჭაობებში, მიწიდან ამოსული ცეცხლი, ცეცხლმოკიდებული გოგირდოვანი წყაროები ძველ ადამიანებს სავსებით რეალურად, დაფიცებამდე ეგონათ ცხრათავიანი გველეშაპი. დღეს მეცნიერებამ მოარჯუა ეს უღმერთო გველეშაპი და უკვე ბუნებრივ აირს ვიყენებთ გაზქურაზე საკვების მოსამზადებლად. სინამდვილეში, რეალობა გამარტივდა. ზღაპრები შეიცვალა ცოდნით და პრაქტიციზმით. მაგრამ მიდრეკილება ყველაფრის გაზღაპრებისაკენ, დრამატიზირებისაკენ არ გამქრალა. ადამიანის პარადიგმა იბრძოლოს რაღაცის დასამარცხებლად არ გამქრალა. ამიტომ იგი მონდომებით ქმნის მტრის ხატს, ცხრათავიან გველეშაპს, კუდიანებს თავის შიგნით. და ეძებს დროს, როცა ამ დუშმანს გარეთ გამოდევნის და დაუწყებს ღია და დაუფარავ განადგურებას. და მანამ, სანამდე ეს მტერი “იქმნება”, ხდება გენერაცია ხატისა,
კაცის სიძულვილს საზღვრები ეკარგება და მას ავიწყდება რა სათნო ძალამ შექმნა.
პიროვნება თვითონ ხდება ის ძალა, რასაც ებრძვის, რისი ამოძირკვაც სურს.
ეს არის ერთერთი ფუნდამენტური შეცდომა კაცის ძისა – მას ჰგონია, რომ ბოროტების დამარცხება შესაძლებელია ბოროტებით. მაგრამ ორსახოვან, ბიპოლარულ სამყაროში მხოლოდ კაშკაში ახშობს წყვდიადს, ცოდნა – უმეცრებას, და მხოლოდ სიყვარული – ანგრევს ყველანაირ საზღვრებს, შეზღუდვებს, პირობებს, პირობითობებს, ტაბუებს, ვინაიდან არის ყველა ინსტინქტის გვირგვინი, დიადემა, რომელსაც მხოლოდ თავისუფალი ადამიანები ირგებენ.
სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლინებაა მიღება, დანებება, შეგუება, დიალოგი უფალთან, ცეკვა სიცოცხლესთან. რამდენი შერიგება მინახავს საკუთარ თავთან! რამდენ ადამიანს უტირია ჩემს თვალწინ, გაუსწორებია რა თვალი საკუთარი წარსულისათვის; იმისთვის, რაც ახლა ხდება მის სიცოცხლეში! როგორი ლამაზია ზოგი ადამიანის უხმო თანხმობა, მორჩილება იმაზე, რა გამოცდასაც აძლევს უფალი, რათა მიიყვანოს იგი დიდ ჭეშმარიტებასთან, აპოვნინოს “არიადნას ძაფი” და გამოსავალი ლაბირინთიდან.
როდესაც იძახი “აღარ შემიძლია!” (გამოთქმა, რომლის შეინაარსში არ გადაგარწმუნეს ბავშვობაში), ეს გაწვება მძიმე ტვირთად და შენი როლის, უღიმღამო და დამამარცხებელი როლის, მძევალი ხდები. არ დაგავიწყდეს, ადამიანო, ქართველო და ყველა ეროვნების, შენ ყველაფერი შეგიძლია – საუბარია მხოლოდ დროზე, მონდომებაზე, ენერგიაზე, ფულზე და მოთმინებაზე. შეხედე შენს სულიერ მდგომარეობას, იქიდან, როცა დაიწყე ამ სტატიის კითხვა და მოხვედი აქამდე. რა ცოტა უნდა “შენს აზრზე” მოყვანას, მობილიზაციას, სტიმულირებას, სიხარულს. და რომ გიცნობდე ახლოს იმდენ არსებულ პოზიტიურ თვისებას ვიპოვიდი შენში, უსიტყვოდ შემიყვარებდი. შემიყვარებდი იმიტომ, რომ მე დაგიმტკიცე, მოგეცი დასტურები – რომ შენს არსებობას აზრი აქვს, რომ შენშიც და შენში არის (!) ღვთიური და მშვენიერი. იმდენ სფეციფიკურ ინდივიდუალურ თვისებებს ვიპოვოდი შენში, რომ ერთი კვირა ნეტარების ღიმილი არ მიგატოვებდა. უფრო მეტიც, ჩემო კარგო მეგობარო, გაჩვენებდი გზებს, როგორ უნდა დარჩე კაცი ძლევამოსილი – კაცი, რომელიც სიცოცხლეს ხედავს ერთ მშვენიერ მოგზაურობად. მას არ აკვირვებს ინდოეთის საშინელი სიღატაკე და ამის პარმაღზე რაჯების გამაოგნებელი ფუფუნება, უსამართლობა მთელ მსოფლიოში, ტანჯვა და უბედურება, საოცარი სიმდიდრე კუნძულებზე. კაცი-მეომარი, რომელიც ხედავს როგორც სიხარულში, ასევე მჭმუნვარებაში გამოცდას (კარლოს კასტანედა).
შენი მომაჯადოებელი ხმა სულისა და ხორციელი ცას მისწვდება, რამეთუ ყოველი ორი ადამიანი, ვინც შეხვდება დაკავშირებულია გაუმჟღავნებელი ბედისწერით, ორი სიტყვა, რომელიც ერთად წარმოითქმის ფლობს მაგიას, ორი ნაბიჯი უკვე გზა და ცეკვაა, ორი იდეა უკვე მოძღვრებაა!
თუმც საინტერესოა, რომ ორი ადამიანი თვითონ ადამიანშია, ფსიქიკაში, სიღრმეში. ეს არიან მისი მშობლები – პიროვნებისათვის უფლის ელჩიონი დედამიწაზე. მშობლების ცხოვრება, გადაუწყვეტელი კონფლიქტები, აზრები, აზროფორმები, შეწყვეტილი სიხარული, სიყვარული, შეზღუდვები, აკრძალვები, თქმული და ართქმული განცდები დასდევენ კაცს მთელი სიცოცხლე. ამით იხსნება ქრისტეს ცნობილი იგავები და მცნებები მშობლების პირველობის შესახებ. საკუთარ მშობლებთან სიყვარულის, მათი მიღების გარეშე, იშვიათია კაცის ბედნიერება. სიყვარული, რომელიც მათ მოგაკლეს და ვერ მოგცეს ამ გიჟურ სამყაროში, უნდა იმყოფინო ვაჟკაცობა და ღვთიურობა დაუბრუნო მათ. მაშინ მიხვდები, რომ მხოლოდ მათ იციან შენი სულის ყველა მოძრაობა, თუ სიტყვით და გამოხატვით არა, თავიანთ ხორცში, სულში, მეუღლეში, წინაპრებში გრძნობენ ამას. მხოლოდ მათ უნახავთ, როგორ იბადებოდი (რასაც ჰქვია დაბადება), როგორ იზრდებოდი, რა გტკიოდა და გიხაროდა, რას აშენებდი, რა სათამაშოებით თამაშობდი, როგორ ტიროდი და გიხაროდა, როგორ იმალებოდი, როგორ იბადებოდა შენში საპირისპირო სქესის სიყვარული. მაგრამ არ უნდა გააკეთო ეს როგორც მონამ, რომელიც ბორკილებს იბრუნებს ხელებზე. ეს უნდა იყოს ზეკაცის ჟესტი და ზეკაცის სულიერი პროცესი. სულგრძელობა მეფისა, ღვთისა, რომელიც ყოველდღე გვჩუქნის შანსს ვიყოთ მეფეები, მისი ტოლები და არ ეშინია, რომ ამით დაკარგავს რამეს…
თვალები გაახილე და დაინახე ვინ დგას შენს გვერდით. რას გეუბნება მისი ყოფნით არსთა გამრიგე? რას გეუბნება ამ გაზაფხულის სილამაზით ის, ვინც გაძლევს ხედვას, მზერას, აზროვნებას? რას გეუბნება შენი სისხლი, როდესაც ბალახის სურნელი მოაქვს სიოს? რას გეუბნება შენი წარსული, როდესაც კავკასიონს უცქერ? რას გეუბნება ღმერთი, როდესაც სიკვდილზე მოგდის აზრი? რას გეუბნება შენი გული, როდესაც შენი ბავშვობის ხმები გესმის? თუ წამით შეგიძლია ასეთ რაღაცეებზე ფიქრი, შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე ხორცისა და ძვლების ავტომატი!  თუ შენ გესმის, რომ ყველაფერი, რაც ხდება, არ ხდება შემთხვევით, რომ სრულდება რაღაც დიდი ნება და არა რაღაც ქაოსური და გიჟური, შენში შემოდის ძალა. აღქმისა და სწორი აზროვნებისა!
ნურასოდეს ნუ განურისხდები იმას რაც ხდება. უკეთუ ხდება ისე, როგორც უნდა მოხდეს. შენ აკეთებ იმდენს, რამდენიც შეგიძლია, შენ გესმის იმდენი, რამდენსაც საკუთარ თავს უფლებას აძლევ, რომ გაიგო. შენ გააკეთებ იმდენს, რამდენსაც გადაწყვეტ რომ მოიმოქმედო, და თუნდ სურვილი არ გქონდეს ესეც შენი მზაობის საკითხია. საჭირო დროს და საჭირო ადგილზე შენ გააკეთე ის, რაც იცოდი და ამიტომ გეკუთვნის შენდობა. მოვა დრო და ისე იმღერებ და ისეთ ლექსს იტყვი, ადამიანები დამუნჯდებიან…
და ითხოვე სიბრძნე, სილამაზე, სიმშვიდე წუთისოფლისა შფოთისაგან. რამეთუ სიცოცხლე იმდენად ნათელია, იმდენად ბრწყინვალეა, იმდენად შენია… ეჰ, ხშირად ამიტომაც ცდილობ მის ფეხქვეშ გათელვას, შეგინებას. სიცოცხლე ისეთი მშვენიერია – ყველაფერი, რაშიც შრომობ, მუშაობ საკუთარ თავზე, ნაყოფებით გავსებს. შენი სურვილი გახდე უკეთესი და ძლიერი პიროვნული თვისებების პატრონი, თუკი ინდომებ, მალე სრულდება. შენი სხეული ისეთივე სრულყოფილია, როგორც ღმერთის შვილის, ტვინი ზრუნავს შენზე, გული გაწვდის იმდენ სისხლს და გრძნობას, ღვიძლი იმდენ ემოციას რამდენსაც ხარჯავ! რასაც აქცევ ყურადღებას ცხოვრებაში ის ხდება. თუ ადანაშაულებ სამყაროს უსამართლობაში, ნიშნავს რომ ტოტალურად, მათ შორის, საკუთარ თავშიც ამ უსამართლობას ეძებ. და თუ ეძებ – იპოვი. თუ ეძებ სიცრუეს – იპოვი. ყველაფერს იპოვი, თუ მოინდომებ,  – კანიბალიზმს, ინცესტს, გერმაფროდიტს – პიროვნება კაცობრიობის ისტორიის ჰოლოგრამაა. კაცის ბედნიერება სწორედ ის არის, რომ ყურადღების ფოკუსით გამოკვეთოს საკუთარი ღირსებები, გაიხაროს მათით, მოუწყოს თავს ზეიმები, გამოხატოს, გამოხატოს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამოხატოს, ემოციები; ბედნიერი ყოფის საწვავი.
შეხედე შენს ხელს! მას იმდენი კეთილი საქმე გაუკეთებია! იმდენი გზები გაქვს გასავლელი! ჩახედე შენს თვალებს! მათ იმდენი სიცოცხლე უცხოვრიათ! შენ ხარ შენთვის უფლის ყველაზე დიდი საჩუქარი.
ეს ენერგია, რომელიც დაუბრკოლებლად სჩქეფს შენს მოძრაობებში.
ეს აზრები, რომლებიც ლეკვებივით ებრძვიან ტვინში ერთმანეთს.
ეს სწორი წინადადებები, შვილები, მოფერებები.
თუ შენ არა, მაშ ვინ? ვინ არის საუკეთესო? ვინ არის შენთვის შენი თავის შემცვლელი?
იცოდე, რომ არ იყო, არ იქნები.
არაფერი აღარ იქნება.
შენთვის, ყოველ შემთხვისათვის.
და რომ იყო, უბრალოდ უნდა უყურო იმას, რაც ხდება შენში და შენს გარეთ. ამას გულისხმობდა გოეთე ფაუსტში “შეჩერდი, წამო, რა მშვენიერი ხარ!”
ყოველი წამი ამ დედამიწაზე შენი გამარჯვებაა!
დამარცხებები უბრალოდ არ არსებობენ!
თუ არ გჯერა, შეხედე მთვარეს, მის დარბაისლობას. თუ არ გჯერა, ჰკითხე ბრძენკაცებს. გამარჯვება, დამარცხება, ჩავარდნა, ტრაგედია, უბედურება – ჩვენ მოვიგონეთ, რომ არ ვიტიროთ, არ განვიცადოთ და ყველაფერი სიტყვებს დავაბრალოთ.
თუ შენ გრძნობ შენს გზას, ყველაფერს, ცუდსა და კარგსაც, მიზნისაკენ მიჰყავხარ. რამეთუ შენ ერთადერთი ხარ, როგორც უფალი და სანამ დროა მიიღე საკუთარი თავი, როგორც ყველაზე პირველი დასტური უზენაესი ძალის არსებობისა.

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 153,604 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: