მოთხრობები (2006 - 2015)

აღიარა-აღიარა!


იცი რას გეტყვი, ძმაო, და ამას ბევრი ახსნა და მტკიცება არ უნდა… თელავი სულ კოლორიტებით იყო სავსე… – იძახის ჩემი მხიარული მოსაუბრე. თანამშრომლები მას გიორგევიჩს ეძახიან. – აი, მაგალითად, ნ***ჩი, იყო ასეთი კაცი თელავში, ეხლა კი თბილისში ცხოვრობს… ერთხელ, ესე 20 წლის იქნებოდა, მთვრალი იყო და მოედანზე თავისი მანქანით, კაი გაწკეპილი „ნოლ-ადინი“ ჰყავდა, მხოლოდ „ზადნით“ დადიოდა ნახევარი საათი. უბრალოდ წარმოიდგინე, ნახევარი საათი, ბიჭოოო! იმ გამგეობის წრეზეც, ტირიფთანაც „ზადნით“ და სულ „ზადნით“! წარმოიდგინე-რა, რამხელა ფანტაზია ჰქონდა! მეორე დღეს კისერი კი გაუშეშა ასეთმა ამბავმა, მაგრამ ხომ გააკეთა ეს კაცობა, ხომ დათესა ეს დაუვიწყარი ისტორია… ქალებს კერავდა ბლომად, მაგრამ უნდა „გამძღარიყო“-რა. თვითონ იძახდა, არც იქით, არც აქეთო-რა, სანამ ფხიზელი ვარ, ვერაფერი გამომდისო. როცა დალევდა, ვერა, ვერ იცნობდი-რა!
ეხლა  რა ხდება… რა უნდა გითხრა. ნ***ჩი, ანუ ჩვენი გიგა-რა, მაგაზე კი არ ვყვები, ჩემზე უნდა მოგიყვე რა ხდებოდა. ერთი რაღაც გამახსენდა და არ შემიძლია არ მოგიყვე… გიგაც ამ ამბავში პატარაზე გარეული იყო… თელავის ინსტიტუტი, ნუ მაშინ ინსტიტუტი იყო… ჰქონდა, სამხედრო კათედრა. გაივლიდი, მერე ერთთვიანი სამხედრო საოფიცრე შეკრება და „ზღურთუნ“, ხდებოდი უმცროსი ლეიტენანტი. იქიდან – გინდა პოლიციაში, სამხედროზე და საცა გინდა… საჯარო სამსახურში, ხომ იცი, რომ პრესტიჟულია სამხედრო გამოვლილი პირი, იმ მთავრობის დროსაც და ახლაც და სულ ასე იქნება, მგონი.
მოკლედ, ეხლა ზუსტად გეტყვი, ეს იყო ოთხმოცდათექვსმეტი წლის ზაფხული, დღეც კი მახსოვს 17 ივნისი. ძაან მაგრად მახსოვს ის პერიოდი… მეტყვი საიდან? გიპასუხებ – სადღაც სუფრაზე გავატარე წინა საღამო, კაი ვიქეიფე, თან ვნაღვლობდი, თან გულს ვიმაგრებდი. მერე მთელი ღამე ჩემს ქალთან ვიყავი… მაგარი ქალი იყო, ეჰჰჰ! ტიროდა და დარდობდა ჩემს წასვლაზე. ჩვენ ვერასოდეს ვეღარ შევხვდებითო. ეჰ, რა სულელები ვიყავით! რა ვერ შევხვდებით, კაცო? სულ ერთი თვით მივდიოდით, მეტი კი არა…
მეორე საღამოს კი ეგრევე, ჰერიო, ბიჭებო, ჯარში სამხედრო შეკრებაზე… მივდიოდით მარნეულის რაიონის სოფ. შაუმიანში. იქ იდგა მოტომსროლელთა ბატალიონი, სადაც უნდა გვემსახურა მთელი ეს პერიოდი… ერთხანს ნომერიც კი მახსოვდა იმ ბატალიონის, რა ძალა მედგა და რას ვიზეპირებდი იმ შვიდციფრა ნომერს?! ახალგაზრდობაში რამდენ უაზრო საქმეს აღარ გააკეთებ!
შენ გეხსომება, მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო ეგეთი გენერალი – ვარდიკო ნადიბაიძე. ბატალიონის მეთაურები „მამა როზას“ ეძახდნენ. აზრზე ხარ? ვარდიკო, კაცი იყო! ხოო… მოკლედ, გავემზადეთ, მთელი ინსტიტუტის მეოთხე კურსის ბიჭები და მიგვაცილებენ მშობლები თელავის სარკინიგზო სადგურიდან და იქიდან მივემგზავრებით ჯარში. ზოგს – მამა, ზოგს – დედ-მამა, ზოგს – ცოლი, პაპა-ბებია და ნათესაობა და რა ვიცი ვინ აღარ აცილებს და საერთოდ გვაცილებს… ქალებს თვალებზე ცრემლები ადგათ, მამები და კაცები რაღაცას ვითომ ხუმრობენ. აბა ესენიც ხომ განიცდიან, ეგონათ შვილებს ჯარი აარიდეს და ჩვენ კი „ზღურთუნ“ და თავი გვიკრეს ამ შეკრებაზე. რა გითხრა, თავი მეგონა, აი როგორ გითხრა, აი სტალინგრადში, გაგანია ომში როცა აცილებდნენ ჩვენს წინაპრებს… ეს ხალხმრავლობა, ეს ხვევნები, მიძახებები, ეს ცოლ-შვილები, ეს გულის გამაგრებები. გიგაც, ნ***ჩიც  იყო და ბევრი კაი თელაველი ბიჭიც. ესეთი გრძნობა მქონდა, რაღაც საშინელ ადგილას მივდივართ-მეთქი. თან ეს დენიკინის დროინდელი მატარებელი, ხომ საერთოდ-რა!!!
რამის მეც მეტირებოდა! აი, დაფიქრდი, უბრალოდ აზრზე მოდი, რად გვინდოდა მატარებელი თბილისამდე?! რაში გვჭირდებოდა მატარებელი, რომელიც ჰა-ჰა 20 კმ საათით მიდიოდა? თელავიდან-თბილისამდე 15 საათი ვიარეთ… საღამოს 6-ზე ძლივს-ძლივს დავიძარით, ყველა სოფელთან და ნასახლართან აჩერებდა მემანქანე და დილის 7-ზე როგორღაც ჩავაღწიეთ თბილისში. რად გვინდოდა, ბიჭოოო, ეს ჩემისა, ეს მატარებელი? ჰო, ეხლა მეცინება, მაგრამ მაშიიინ?! განა რა? ავტობუსი არ იყო? მარშრუტკა არ იყო?!!! დასაწოლი არ იყო იმ მატარებელში და ფეხზე, თან უძილოდ! ბიჭოოო, ვაიმეე! მოკლედ, დაიტანჯნენ ჩვენი ქორ-ბიჭები! გზაშიც, სადღაც შაშიანში თუ ვაზისუბანში, ვიღაც გიჟი ამოვიდა და რაღაც სულ „ჭედავდა“. მერე ცუდად გახდა და გზადაგზა გულს ირევდა და ყვიროდა „მერება ვარ ხმალაძე. რამე პრეტენზია გაქვთ?!“. ბოლოს გასასვლელში წაიქცა და იქვე დაიძინა…
ახლა აღარ მოვყვები რა ტანჯვა გვარგუნა ამ ხელმძღანელობამ… ჯერ ხომ ჩაგვიგყვანა მე -11-ე ბრიგადაში, ეს გაუბედურებული, უძილოდ მყოფი ახალგაზრდობა… ლანდებივით დავლასლასებდით ისანში და ვუყურებდით იქ პატარა ცემა-ტყეპა რომ აეტეხათ ბრიგადაში ჯარისკაცებს. ჩვენ კი დათიშულები ვიყავით უძილობით – ზოგი იქვე მიწაზე, ბალახზე წვებოდა და იძინებდა…, ზოგი ეყუდებოდა ძმაკაცს, ზოგი რა, ზოგი რა…
„აი მალე, მოვა მალე, მოვა ტრანსპორტი“-ო. მაშინ ვთქვი, ესენი არიან მეთქი ორგანიზატორები??? ეს არის ორგანიზება? როგორც იქნა და დილის შვიდზე ჩასულებს ავტობუსი მოგვიყვანეს 11 საათზე…
როგორც იქნა, დავიძარით. რაღაც ათა პაპის დროინდელ „ლაზში“ ჩაგვსხეს. შევუდექით გზას თუ არა, ნუ არ მისული მარნეულამდე, რომელიღაც აღმართზე ავტობუსი გაფუჭდა… ჭკვიანი კაცი ამას წინასწარვე მიხვდებოდა, რომ შორს ასეთი ავტობუსი ვერ წავიდოდა.
ჩამოვიშალეთ დაბლა… ყველამ დააძრო სახლიდან წამოღებული საჭმელი, ქათამი იყო, ყველი, ცოტა ჭაჭის არაყი, ვის რაც გვქონდა. ერთი რომ არ მოგატყუო სამი საათი იქ გავიჭედეთ: სანამდე თბილისში გაბრუნდნენ და „ზაპჩასტი“ მოიტანეს. მგონი „რემენი“ გაუწყდა თუ რავი, გახსენებაც აღარ მინდა…
ბუნება, იყო, ჩრდილი, იქაც კი გამოვიძინე ერთი ნახევარი საათი, თუმც… ნუ, მოკლედ, ეს არ არის მთავარი. როგორც იქნა, ტანჯვა-წამებით, ჩავედით ამ ჩვენი ნაწილის დისლოკაციის ადგილში, სოფ. შაუმიანში. გზაში ერთი „თათარი“ ბიჭი იყო. იმით გვართობდა, რომ აზერბაიჯანულად გვასწავლიდა გინებებს. ყველანაირი ლანძღვა, სასქესო ორგანოების დასახელებები, აი ჩხუბში რომ ჯიგრიანად მიაძახებ კაცს და სანამდე გაიგებს, შენ თვითონვე გაგეცინება აზრითაც და იმითაც, როგორ ჟღერს აზერბაიჯანულად ეს სიტყვა. რავი ათასი უხამსობა გვასწავლა იმ დალოცვილმა.
ისე იყო თუ ასე, რის ვაი-ვაგლახით მივედით ნაწილში და ჩასვლისთანავე ყველამ შეცვალა ჩვენს მიმართ დამოკიდებულება. დაგვაწყეს პლაცზე და რაღაც ახსნა განმარტებები მოგვცეს, „ჩინები“ დაგვირიგეს – ოცმეთაურები, მოადგილეები, ზამპოლიტი, ასმეთაურის მოადგილე და რაღაცეები, აღარც მახსოვს. ვიძახი, გიჟები არიან, ამხელა წოდებებს რას არიგებენ-თქო თან სულ ათ წუთში მოაყომარეს ყველაფერი. მთლიანობაში კი ვერ გაიგებდი მაინცდამაინც რა უნდოდათ. თვითონ ჩვენი მეთაურებიც კაი დაბნეულები ჩანდნენ. ერთი ბიჭი ესევე დააჯდა ავტობუსს და უკან გაჰყვა. არ მოეწონა კაცს სიტუაცია – „სად მაქვს ამ რეჟიმის და ამათი თავი“-ო. ჩვენც ერთმანეთს ვუთხარით, ნაწილის ჯარისკაცებს არაფერი არ დავუთმოთ და თუ ჩხუბი იქნება უკან არაფერზე დავიხიოთ – მოწინააღმდეგეს ჯგუფურად დაუხვდეთო. მეთაურებმაც დაინახეს და გაიგეს ეს ყველაფერი, იქ მოწყობის დროს რაღაც „იაზვური“ გადალაპარაკებები ჩვენს და ადგილობრივებს შორის. ახალგაზრდების ეს აგრესიული განწყობილება საშიში იყო-რა, ესე არ არის, ძმაო? და მეთაურებმაც საჩქაროდ  გაგვარიდეს პლაცს, საერთოდ იქაურობას. საჯაროდ, სახალხოდ გამოგვიცხადეს ეს უბედურება, კარანტინის რეჟიმი, მოგვათავსეს რაღაც უზარმაზარი კორპუსის, ეგრეთწოდებული კაზარმის მეოთხე სართულზე. კაი ახლადგარემონტებული კუბრიკი და დერეფნები დაგვხვდა-რა. გეფიცები, ნაღდად რჩეული ჯარის ნაწილისათვის, ხომ ვნახეთ მერე ის საწყალი ადგილობრივები რა პირობებში მსახურობდნენ! „თქვენთვის ვინახავდით“-ო – გვეუბნებოდა ბატალიონის მეთაური.
ისე, რაც მართალია – მართალია, ყველანაირი პირობები იყო შექმნილი ჩვენს დასახვედრად. უცებ გეტყვი, რა მდგომარეობა იყო. ნუ ის უკვე მოგახსენე, რომ კარანტინში ვიყავით და შესაბამისად უნდა გვქონოდა მინიმუმზე მინიმუმი კონტაქტი ნაწილის პირად შემადგენლობასთან. საჭმელი – ცალკე, ტუალეტში სიარული – ცალკე, პირის გაპარსვა – ცალკე, ყველაფერი – ცალკე, „დაჟე“ წყლის დალევაც – ცალკე. და რადგანაც წყალი არ მოდიოდა, წყალს ჩვენი ბიჭები ეზიდებოდნენ მეოთხე სართულზე „ვედრებით“. წყალი რომ არ იყო, გასაგებია, რომ ტუალეტიც არ იმუშავებდა. დალუქული იყო სართულზე ტუალეტები! ამიტომ, როგორც კი კარანტინი გავიდა, და საშუალება მოგვეცა დავიწყეთ ერთ მშვენიერ ახლომდებარე მინდორში ვიზიტები, და ცოტა ხანში ამ მინდორს, ხასხასა ბალახით გაწყობილ მინდორს, გეფიცები-რა, ულამაზესი იყო, „კურსანტების მინდორი“ უწოდეს… სუნის მიხედვით, რა თქმა უნდა. ჰოოო…, ანუ, ხომ ხვდები, ნორმალური ტუალეტი არ იყო. არც კაზარმაში, საერთოდ მთლიან კორპუსში ტუალეტი არ იყოოო!! ბიჭოო, სადღაც კი იყო ერთი უბედური, აყროლებულზე აყროლებული ორკაციანი ხის ნაგებობა… ვითომ ტეხავს ამაზე საუბარი, მაგრამ აბა წაიკითხე ერთი რემარკი, როგორ აღწერს ტუალეტის ამბავს ერთ თავის რომანში…
საბანაოდ ჩავდიოდით პატარა ხევივით მდინარეზე. სიგანე ერთი ათი მეტრი ჰქონდა, მოედინებოდა კაი მწვანეში და მდელოებში, დინება კი იყო საშუალო, მაგრამ წყალი, ჰა და ჰა, მუხლებამდე იყო. ყველაფერი იმ პატარა მდინარეში ხდებოდა. ვიბანდით, ტანსაცმელს ვრეცხავდით, ვისვენებდით. მოკლედ კაი მაიმუნობა იყო. მაიმუნობა! ხო, რა, აბა ის რა იყო? მაიმუნებივით ვიდექით ეს ახალგაზრდები, ვისაპნებოდით სირცხვილდაკარგულები და გავწვებოდით ხოლმე ამ კოჭებამდე წყალში. ეხლა რომ ჰკითხო, ასეთი სიძნელეები გამოიარა ქართულმა ჯარმაო და ისეთი სიძნელეები. და ვინ გამოატარა? არ ვიცი, რა გითხრა, არ ვიცი!!! ის ვიცი, რომ იმ მდინარეში ერთი სული გვქონდა ვინ ჩადგებოდა დინების უფრო ზემო წერტილში. სხვათაშორის ამაზე რამდენიმე ბიჭიც კარგად აგორავეს და მიტყიპეს… როგორია, სამი კაცი ნაბან წყალში, რომ შენ იბანავებ! ჰააა???
ხო, კიდევ ჩემო, კარგო, ბევრი იყო იქ გველი და ათასნაირი საზიზღარი ქვეწარმავალი. ჩამოცხა, ენით ვერ აგიღწერ ისე. ჰოდა ხან დამლაგებელი წააწყდებოდა გველს, ხან რომელი ჯარისკაცი, ხან ოფიცერი, ხან ჩვენი კურსანტი. ერთხელ ვიღაცამ კაი მკლავის სისხო და ერთ მეტრის სიგრძის ცოცხალი გველხოკერა დაიჭირა. სულ სისინებდა ეს გველი, ზოგი შიშით, ზოგი სიმწრით, შხამი ხომ მაინც არ ჰქონდა. ერთმა ჩვენმა ნაგიჟარმა კურსელმა დაავლო ამ გველს ხელი და დაარბენინებდა მთელს კუბრიკში. წყნარი საათი იყო გამოცხადებული და დაქანცულ თელაველ კურსანტებს ტკბილად ეძინათ. ახლა შენ წარმოიდგინე – ჩაგთვლიმა, გესიზმრება მშობლიური კერა, აყვავებული ბაღ-ვენახები და ქუჩები ქალაქისა, ზოგს ცოლი და შეყვარებული, პირველი მასწავლებელი  და უცებ გაღვიძებს სისინი და სახესთან გველის მუშტისოდენა თავია და ენა აქვს ბოლომდე გამოყოფილი… პირველად ვნახე, რას ნიშნავს კედლებზე სირბილი და თავზარდამცემი შიში, რას მიქვია! ხალხს ქოჩორი გაუთეთრდა მომენტალურადა!
ჰო, ეხლა, გარდა ამისა შემდგომში გვასწავლიდნენ განგაშის დროს მოქცევას და „ადიალებით“ ფანჯრები როგორ უნდა შეგვენიღბა. გესმის ხომ? შეტევა თუ იქნებოდა  მტრისა ან ავიადაბომბვა გამოცხადდებოდა, შუქშენიღბვა უნდა გვცოდნოდა. ვერაფრით ვერ ვისწავლეთ, გეფიცები; ვერც ავტომატის ორმოც წამში დაშლა-აწყობა, ვერც შუქშენიღბვა, ვერც შეტევაზე გადასვლა „ვაშა“-ს ძახილით, ვერაფერი. ბოლოს გულგატეხილებმა თქვეს, თქვენგან მაინც ვერაფერი დადგებაო. დროში ხომ ვერც ერთხელ ვერ ჩავეტიეთ, თანა ამასთან ვარჯიშების დროს ზოგს სანამდე გონში ჩააგდებდი, მართლა გაგვჟუჟავდნენ. ბოლოს საწოლების მეორე სართულებზე ცოტა მკვირცხლი ბიჭები დააწვინეს – ძაან ვინც არ ხვრინავდა და მალე ეღვიძებოდა. თუმც სწავლებების დროს და „ადიალების“ ფანჯარაზე დაფარების დროს ერთი დაბლა გადმოვარდა და ხელი იტკინა.
ხო, მოკლედ გამიგრძელდა, ეს ჯარის ისტორიები, ყველას თავისი მოსაყოლი ექნება. გამიგრძელდა და ცოტა გადავამლაშე კიდევაც. ეხლა რა იყო, რას გიყვებოდი? გამახსენე ერთი! კაი-კაი, გამახსენდა…
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, კარანტინის პირველი დღეებია. აგვიყვანეს მეოთხე სართულზე, გამოგვკეტეს და მარტო საჭმელად ჩამოვდივართ სასადილოში. უკვე გითხარი, რომ ტუალეტი სართულზე გაუქმებულია, წყალი არ არის და დაბლა უნდა ჩამოხვიდე. აზრზე ხარ? მეოთხე სართულიდან დაბლა უნდა ჩამოხვიდე და ერთ სამას-ოთხას მეტრში, აყროლებულ ხუხულასავით ტუალეტში უნდა წახვიდე? რომელიც შესვლაზე თუ არ დაინგრა, შეიძლება კარგმა გაჭინთვამ გადაიყოლოს. პატარა ბუნების ვალის მოცილება რომ მოინდომო სადღაც გადაკარგულში უნდა წახვიდე… ნუ არ ვიცი, ამას რა ჰქვია! თანაც, ჩვენში რომ ვთქვათ, საქმე არაფერია გასაკეთებელი, ბიჭები დაწანწალებენ უსაქმურად… თან წვიმს, რომც გაგიშვან გარეთ ვერაფერს გააკეთებ. ხელმძღვანელობა ხან ფორმებს არიგებს, ხანაც ეს ჩვენი მეთაურები ბოლო ხმაზე ღრიალებენ.
არ გინდა ახალგაზრდების დისციპლინაში ჩასმა ჯარის ბაი-ბურში რომ არ არიან, თანაც იციან, რომ ერთთვიანია ეს შეკრება და მალე წავლენ-წაეთრევიან აქედან? ნუ, „კაროჩე“, საღამოა ბანძზე ბანძი. გვეუბნებიან ეს მეთაურები:
„არ დაიძინოთ, ეხლა კიდევ უნდა მოვიდეს ფორმა და ყველა ფეხზე იყოს!“.
ჩვენც დავდივართ ამ დერეფნებში, დაუშვებს წვიმა, აახმაურებს ყველაფერს, ჩვენ ისევ გავდივართ-გამოვდივართ. საჭმელი შევჭამეთ, საწოლები და ლოგინები მოვიწყეთ, „ტუმბუჩკებში“ განვათავსეთ ჩვენი ნივთები და რაც გვქონდა წამოღებული სახლიდან. მაგრამ ახლა ტუალეტში გვინდა. რა ვქნათ, ვეტყვით ხელმძღვანელებს, ტუალეტში გაგვიშვითო, გვეუბნებიან – „არავინ არ გატოკდება აქედან“, ან კიდევ „ვინმე ოფიცერი უნდა გამოგყვეთ“. ხომ გესმის, რომ იქ ჩხუბი და რამე აყალ-მაყალი არ მოგვივიდეს ადგილობრივ ჯარისკაცებთან. ან კიდევ გვეუბნებიან – უნდა მოწყობა გავაკეთოთ მალე კუბრიკშიო და ყველა აქ იყავითო. ასე რომ, ტუალეტი არავინ ახსენოთო.
ბოლო-ბოლო, ძმაო, ტუალეტში მომინდა და აღარ ვიცი რა ვქნა. გავდივარ წინ და უკან. მხვდება ნ**ჩი და ვეუბნები (მე ხომ ვიცი მაგის მოხერხების ამბავი) ასეთი პრობლემა მაქვს-თქო, მიჭირს-თქო ძალიან. ნ**ჩიც მეუბნება:
„მერე ბიჭო, რას გაბეჩავდები ხოლმე, წადი აგერ იმ ცაერილ ოთახში ადი ფანჯარაზე გამოხსენ და იქიდან მია..სიო.“
ვა, ყოჩაღ-მეთქი შენს მოფიქრებას. წავედი, შევიპარე ოთახში, სინათლეები ჩავაქრე, ავძვერი რაფაზე, მოვეფარე ჩარჩოს. თან დიდი ნაძვები იყო ამ შენობასთან… და გადაუშვი იქიდან. წვიმდა, და წვიმის ხმა ფარავდა ყველანაირ ხმას… ეხლა რა გითხრა იცი, ზოგი წვიმის ხმაში პოეზიას ნახულობს. ჩემთვისაც პოეზია იყო, რომ კარგად და ლამაზად მოვიცილე ბუნების ვალი.
ჩამოვედი, გამოვედი. ისევ დავდივარ კუბრიკში, ბოლთას ვცემ. გავალ ბოლომდე, გამოვტრიალდები უკან. და ასეა ის დანარჩენი ოთხმოცი კაციც. დადის წინ და უკან, მარჯვნივ, მარცხნივ; წვიმაა, ხმაური და ხანდისხან ბიჭების ხორხოცი. აი, ყველაფერ თავი დაანებე, და უბრალოდ წარმოიდგინე: გუშინ-გუშინწინ კაი ქალთან გაატარე ღამე, კოტრიალობდი, ნებივრობდი, ეხუტებოდი, ეხლა კიდევ სადღაც, ვერ გაიგებ სად ქვეყნის დასალიერში ხარ, ბჟუტავს ერთ 50 ვოლტიანი ნათურა და ვიღაც „ვერზილა-სერჟანტები“ დატანტალებენ და ძალად „ჯარისკაცობენ“, კაცობენ და გვპირდებიან, რომ ხვალიდან „ტ..ნა და შიმშილი“ დაიწყება. მოკლედ, გატეხილში ვართ რა. ზოგი სახლიდან წამოღებულ საგზალს მიეტანა უაზრო ნერვიულობით და ჭამს და ჭამს…
მე კიდევ ამ წვიმის ერთიანი ხმისაგან თუ წვეთების ჩხრიალით, თუ უსაქმურობით, თუ რა არის არ ვიცი, გამეხსნა ეს შარდის ბუშტი და მთელი ამბავი და ისევ ტუალეტში მინდა. გაგიჟებას ვარ-რა! მაგრად მინდა ტუალეტში! ახლა ისიც კარგად ვიცი, რომ მეთაურთან მისვლას აზრი არ აქვს.
ბოლოს, რაც არის ეგ არის-მეთქი! წავედი ისევ იქ. ჩემებურად ავედი ნელ-ნელა ამ ახალგარემონტებული ფანჯრის რაფაზე, ისევ სინათლე ჩავაქრე, გამოვხსენი ფანჯარა, ისევ ამოვეფარე ჩარჩოს და ისევ გადავაჩხრიალე. დაბლა კი მესმის, რომ ვიღაცეები დადიან, მაგრამ წვიმა კაი „აუდიომასკიროვკას“ უწევს მეოთხე სართულიდან წნევით დაშვებულ ჭავლსა…
ჩამოვხტი ფანჯრიდან, ჩავიტანე, გამოვედი იმ ცარიელი ოთახიდან და ოდნავ დამშვიდებული სახით დავდივარ დერეფანში. ერთის მხრივ მაინც დაწყნარებული ვარ. ხომ იცი, სანამ მართლა პრობლემა არ გამოგიჩნდება, ყველა წვრილმანი მართლა პრობლემა გგონია?! არ დაკვირვებიხარ? წყნარად ვარ, ვცდილობ შევეგუო ამ სვე-ბედს, ამ უაზრობაში რომ გადმომაგდო ღმერთმა.
ვახ, უცებ მესმის, ანუ ვხედავ-რა, რომ დაიწყო ერთი დიდი ალიაქოთი. მეთაურები ახმაურდნენ, გარეთაც რაღაც ყიჟინაა, რომ იტყვიან, ატეხილი, და უცებ ჩვენმა ოცმეთაურებმა დასჭექეს – განგაშიაო. „კურსანტების ასეული, ყველა პლაცზე“. საჩქაროდ! „ვა, რა ხდება – ვიძახი – რაღაც ვერ არის საქმე რიგზე!“. რა განგაში ამ მშვიდობის ჟამს? ნუ, ყველა, ვისაც რა გვეცვა, გავიქეცით ამ პლაცზე.
რას ვხედავ? მთელი ბატალიონი, ერთი სამასი ორმოცდაათი, თუ მეტი არა, ჯარისკაცი მოწყობილია ამ დიდ მოედანზე, ანუ პლაცზე. ისეთი წყობაა, გაგიჟდები! ეგეთი რამე სამამულო ომის პარადზეც კი არ მინახავს. ჩვენც, ეს თელაველი კურსანტები, როგორც იქნა დავლაგდით. სიჩუმეა, იმის დედა ვატირე, ბუზის დაკოღოს ბარტყების გაფრენის ხმას გაიგებ!
ბატალიონის მეთაური რაღაც უჟმური, აი სასტიკი, სახით ბრძანებებს იძლევა.
ვკითხულობთ: „რა ხდება, რა ხდება?“
არავინ არაფერი არ იცის! შევშინდით, მეტი რომ აღარ შეიძლება. მეც ცოტა არ იყოს „იზმენა“ ავიკიდე. ნეტა რა უნდა იყოს-თქო? ცოტა კი მეფიქრება, იმ გადაჩხრიალების ბრალი ხომ არ არის მეთქი, მარა კარგად მახსოვს, რომ მოვეფარე, სინათლეც ჩავაქრე და კაი საიდუმლო ვითარებაში, ფარულად გადავაჩხრიალე. თითქოს კვალი დავფარე ყველაფრისა.
კაროჩე, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, მალევე გამოდის ბატალიონის  მეთაური წინა პლანზე. დანა პირს არ უხსნის, ისეთი სახით დგას, მგონია ახლა გაზის კამერაში უნდა გავგზავნოს. სიჩუმეა არნახული, და რავი, არსმენილი, რომ იტყვიან.
–         მე ახლა, გავხდი, საშინელი ფაქტის მოწმე!
ამ სიტყვებზე ჩემს გულთან სიკვდილის ქარმა ჩაიშხუილა, გეუბნები რა, ზუსტად ესე იყო. ზუსტად, ეს შეგრძნება მქონდა – უკვე ვიცოდი, რაც უნდა ეთქვა.
–         ისე ვარ გამწარებული, შეურაცხოფილი, დამცირებული! – განაგრძობს და დაგვყვირის ბატალიონის მეთაური, წოდებით მაიორი. – არ ვიცი, როგორ უნდა გადამიაროს ამან! სად აღარ ვარ ნამსახურები. ნაომარი ვარ ავღანეთში, აფხაზეთში. ვიბრძოდი სამაჩაბლოში. ჩემი ხელით რამდენი ძმა გამომიყვანია ალყიდან! და ესეთი რამე არსად მინახავს. მტრისგანაც კი არ მინახავს! ჩემს ჯარისკაცს, რომ გაეკეთებინა, ამ მარჯვენით ტყვიას დავაჭედებდი. მე და ჩემი მოადგილე ვდგავართ აქეთ მხარეს, ვსაუბრობთ, როგორ მოვემზადოთ მინისტრის ჩამოსვლისთვის და რას ვხედავ, კურსანტების სართულზე ვიღაც გადმოდგა და ფანჯრიდან პირდაპირ გადმოაფსა.
–         ბიჭოოოოოოოო!!! ვინ იყო? ვინ იყო??? ბიჭოოოოოოოო!!! – ჩვენს კურსანტებში რაღაც აღშფოთების ტალღამ გაირაა. ეხლა ხო აზრზე ხარ მე რა დამემართა.
–         სანამდე ხელს დავადებ, თვითონ გამოვიდეს! – აგრძელებს განწირული ხმით ღრიალს ეს ჩვენი ბატალიონის მეთაური. – თუ იმის კაცობა ჰყოფნის, რომ ამ გმირთა ბრიგადას ზედ გადმოა…სას, ის კაცობაც ეყოს, რომ გამოვიდეს და აღიაროს აი აქ, მთელი ბატალიონის წინაშე. პირობას ვდებ, მე თვითონ პირველი ვაპატიებ. მაგრამ… მოვკლავ, ჩემი ხელით დავახრჩობ, თუ არ გამოვა ეხლავე. თანაც ვიცი, კარგად ვიცი, ვინც არის. გამოვიდეს და კაცურად აღიაროს და სახალხოდ ბოდიში მოიხადოს მთელი ბატალიონის წინაშე.
–         ბატონო მეთაურო… შეიძლება გკითხოთ? – შეჰბედა ჩვენმა ასმეთაურმა. – რომელ მხარეს იყო? ან იქნება ჩვენი სართული არ იყო…
–         თქვენი სართული, იყო, გიორგი! თქვენი! და ეს კურსანტი უნდა სათანადოდ დავსაჯოთ. ვერსად ვერავინ ვერ წავა აქედან, სანამდე ეს უნამუსო არ გამოვა და არ აღიარებს! ერთი როგორ უნდა მეოთხე სართულიდან გადმოფ…მა!
გაავზნეუბულია მაიორი. და მეც აღარ ვიცი რა ვქნა. პირდაპირ კაცურად გავიდოდი და ვიტყოდი – მე ვარ-თქო. მაგრამ იმ გამხეცებულ ბატალიონის მეთაურს, რომ ვხედავდი, და ამ ხუთას კაცს… რომლებსაც სეირის ყურება სურდათ! რას გახვალ? სად გახვალ? როგორ გახვალ და იტყვი „აი სწორედ მე ვიყავი, მინდოდა და გადმოვაჩხრიალე!“. როგორია – გამოდი ამდენი ხალხის წინაშე და უთხარი „ზედ თავზე დაგაფსით, აი ასეთი ხოში მქონდა!… რა ვიცი, რა გამოსვლა, ისეთმა შიშმა ამიტანა, მერჩია ქვეშ ჩამე…სა…
მოკლედ, დგას მთელი ჩვენი ასეული, და მეც ვდგავარ მათთან ერთად და ვნერვიულობ. მეთაურები დგანან და ჩხუბობენ, ჩვენც ვდგავართ, ერთმანეთს ვეკითხებით და ვუყურებთ: „ვინ იყო?“, „ვინ იყო?“. ხმას არავინ არ იღებს. ეს ჩვენი მეთაურები გაიყვანენ ბატალიონის უმცროს მეთაურებს და რაღაცეებზე ხმამაღლა ბჭობენ. ასმეთაური იღრინება – „მოიცა თქვენ რა უნდა გიყოთ!“.
–         ეს რა გამიკეთეთ, ბიჭო. თავი მომჭერით საქვეყნოდ! ჩამოხვიდოდით დაბლა… ვინ გიშლიდათ?
არ ვიცი, რა მოგახსენო, ეხლა რატომ აჭიკჭიკდნენ სხვანაირად. და მანამდე რა წინ გვეღობებოდნენ. თუმც იმ წუთში ისე ვნერვიულობდი, ყველაფერი ამერ-დამერია, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
ამასობაში ჩვენი მწყობრი ცოტა აიშალა და ნერვებაწეწილს ნ**ჩი გადამეყარა. ამას რა ანაღვლებდა, ყველა სიტუაციიდან სუფთა გამოდიოდა ბავშვობიდანვე და ეხლაც, გეუბნები, არანორმალურად იკრიჩებოდა. მეც, სასოწარკვეთილებისაგან, რა ვქნა და გული გავუხსენი.
„ბიჭო, ძმაკაცი არ ხარ, მე ვარ. წეღან რომ მასწავლე და უნდა გავიდე-მეთქი, ჩემი გულისათვის ამდენი ხალხი ასე ხომ არ იდგება მთელი ღამე პლაცზე? „მოვფსი, მოვფსი, კაცი ხომ არ მომიკლავს?!“
ნ**ჩი არხეინად მპასუხობს:
–         ე, ტუტუც! ცოტა აზრზე მოდი და დამიწყნარდი. ვინმემ დაგინახა ჩვენებიდან? იმათიდან? არა… ჰოდა ხმა არ ამოიღო. ეხლა ჩაწყნარდებიან ესენიც. დაიკიდე!
ნ**ჩის ამ თავდაჯერებულმა ტონმა ცოტა კი დამამშვიდა, მაგრამ არაფერი არ შეცვალა. ვითარება თავისით ხომ არ განიმუხტებოდა?
ბატალიონის მეთაური უფრო ძალიან იყო განრისხებული. ჯერ ერთი რომ მის ზეწოლაზე არავინ არ გამოსულა და ამით მისი ძალაუფლება ხალხის თვალში ჩაფლავდა. მეორე კიდევ, ის რაც გასდიოდა თავის ჯარისკაცებთან, ჩვენთან, რასაც ჰქვია, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. თელაველ კურსანტებზე, ეს ფსიქოლოგიური, რომ იტყვიან, ძალადობა ვერ სჭრიდა, რადგან უბრალო სამოქალაქო პირები ვიყავით; არც ფიცი გვქონდა მიღებული და არც მისი არანაირი ხელქვეითები არ ვყოფილვართ. ამიტომ მაიორმა მალე შეურაცხყოფების ახალი რაუნდი შემოგვთავაზა. ყველა ქართველი გმირი ახსენა, თუ ვინმე იცოდა. არავინ არ გამოტოვა. რა ვიცი, მგონი, ფარნავაზ მეფიდან თავის ბატალიონის დაცემულ მეომრებამდე ყველა ვაჟკაცით გვანამუსებდა და გვანადგურებდა. თითქოს, ის გმირები ტუალეტში არ დადიოდნენ.
„თქვენაო ისინი შეურაცხყავით“-ო, „ზედ გადაუარეთ“-ო, ან „საიდან მოდიხართ, თქვე საცოდავებო“-ო, „ან ამ ცხოვრებაში რა გინდათ“-ო. ჩვენს ბიჭებსაც ყელში ამოუვიდათ იქ დგომა და დაიწყეს:
–         ბიჭო, ვინც იყავით, თქვით-რა! რა გახდა? როდემდე ვიდგეთ ასე? ეს ხომ არ ვიქნებით მთელი ღამე?
იმდენი იყვირა ამ ბატალიონის მეთაურმა, იმდენი იბრაზა და ცოფები აფრქვია, ისეთი შიში ჩაუნერგა თავისებს, რომ ეს მასიური შიში, ხომ იცი ბრბოში შიში რა სწრაფად ვრცელდება, ჩვენც გადმოგვეცა. ბოლოს ჩვენმა მეთაურებმა სთხოვეს, რადგან შეიძლება ეხლა ვერც ვათქმევინოთო, მოდი ავიყვანთ კურსანტებს და ჩვენ თვითონ გავარკვევთ ვინ იყო და ეგრევე მოგახსენებთო…
როგორც იქნა ბატალიონის მეთაური დაითანხმეს. წაგვიყვანეს ახლა მაღლა… ახლა იმათ დაიწყეს მორალის კითხვა.
–         ვინ გააკეთეთ ეს? ეხლა ხომ ისინი აქ აღარ არიან?! თქვით! ამხელა სირცხვილი, ვინ გვაჭამა!!!
ცხადია, რაც არ უნდა ელაპარაკათ ჩვენს თელაველ მეთაურებს, იმ მართლა მეთაურ მაიორზე ძლიერი გამოსვლა ვერ ექნებოდათ. ჯერ ერთი ჩვენი ადგილობრივი სამხედრო კათედრიდან იყვნენ და ყველას ზეპირად ვიცნობდით. რამდენიმე მათგანისათვის ჩათვლა-გამოცდების დროს ფულიც მოგვიგროვებია, ბევრთან ვძმაკაცობდით და ეს ჰონორი და პათოსი ყალბი იყო… ასეთი დრო იყო, ძმაო. თან თელაველები იყვნენ და გუმანით ვიცოდით, რომ არ გაგვწირავდნენ.
ბოლოს მიხვდნენ, რომ გამოძიების აღიარებითი მეთოდი ვერ გაჭრის და ასე გვითხრეს.
–         ეხლა ყველა დაწვებით და დაიძინებთ მშვიდად. სინათლეს ჩავაქრობთ, და მერე ის, ვინც ჩაიდინა ეს – ჩუმად გამოვიდეს. ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ არაფერი არ იქნება. გპირდებით…
გაიცა ბრძანება „გასაყრისი“. დავწექით! მაგრამ, ვაი, რომ გული მიმიწევს უთხრა, რომ შემეშვან, დაგვასვენონ, იმიტომ, რომ ვიცი, არ დაგვანებებენ თავს. თან ეს ბიჭებიც მეცოდებიან. თან მრცხვენია, როგორ გავაკეთე ასეთი რამე! ისიც მრცხვენია ვაღიარო, რომ მოუთმენლობით მომივიდა! ის აზრიც მაცოფებს – რატომ უნდა ჩავვარდე ამათ ყბაში?! აღარ ვიცი, რა გავაკეთო. კი დავწექი, მაგრამ ვწრიალებ საწოლში, ვწრიალებ, რა მომასვენებს?! გამოსავალს ვერ პოულობ, აი ასე ვარ. ვიძახი, რაღა მე დამემართა მეთქი, არ მერჩია მომეთმინა… ან სულაც ჩამეფსა!
მესმის დერეფნიდან როგორ ატარებენ მეთაურები დაკითხვებს, ერთი გაჰყავთ, მეორე შემოჰყავთ. სიბნელეა და ვერ გაიგებ ვინ დადის, რა უნდათ, რას დახეტიალობენ ამ სიბნელეში. ნეტავ რა სტადიაში არიან საერთოდ?
და უცებ მესმის ერთ-ერთი ჩვენი კურსანტის ხმა, „ტუმბუჩკასთან“ ვინც მორიგეობს:
–         აღიარა, აღიარა!!!
ბიჭები, რომლებსაც ვითომ სძინავთ, ხტებიან საწოლებიდან ერთი საერთო კითხვით:
–         ვინ აღიარა? ვინ იყო? ბიჭო, ვინნნ?
– არ აქვს ამას მნიშვნელობა, დაიძინეთ. – ჩხუბობს ასმეთაური. – ერთმა უკვე აღიარა. დაისვენეთ, დაიძინეთ ყველამ!
რა გითხრა, ძმაო. მაშინ მივხვდი, რა ყოფილა ბედნიერება! არა, მართლა გეუბნები. მაშინ მივხვდი, რომ ბედნიერება, თურმე შვება ყოფილა… გეუბნები რა! მე ასე დავასკვენი, მას შემდეგ! ბედნიერება შვებაა!
ცოტა ხანში ეს ამბავი კედლის გაზეთის კარიკატურულ შარჟშიც ასახეს, ღადაობდნენ და ხუმრობდნენ. თუ როგორ იდგა ჯარისკაცი და მეოთხე სართულიდან აჩხრიალებდა. მაგრამ რა იცოდნენ, რომ მაგ ამბავს მეორე საინტერესო დეტალიც ჰქონდა. ზუსტად იმ დროს, შენობის მეორე მხრიდანაც, ფანრჯრიდან, თითქოს კაი გამართული ფანტანი ყოფილიყოს, სხვა კურსანტი, ანუ მე, ვაჩხრიალებდი… ყველგან სიმეტრია არის საჭირო! მაააშ, ძმაო!

 

Advertisements

About sosomikeladze

I was born to change the world!

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

კონსულტაციები/ქოუჩინგი

პუბლიკაციების არქივი

შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა მიიღო შეტყობინებები ბლოგზე არსებული სიახლეების შესახებ

Join 4,838 other followers

  • 154,265 ნახვა

ჩემს შესახებ (“ებაუთ მე”)

“Я знаю, я действую” (цикл аудиороликов “Дружим с жизнью”)

“Gogo Gogoni” (2016 წლის ზაფხულის ჰიტი)

“გილოცავ, გილოცავ”

“ტანგო პირველი სიყვარული”

ბლოგის შესახებ

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail: sosomikeladze@gmail.com;
Skype: ronini2375

%d bloggers like this: